ეჭვის შესახებ

ეჭვის შესახებ

მინდა გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები მეცნიერებისა და რწმენის სფეროში ეჭვის არსებობის შესახებ. ეს ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან თავად მივიღე სამეცნიერო განათლება და დიდხანს ვიყავი ექიმი. დღეს კი მოძღვარი ვარ. ახლა სწორედ ეჭვების შემოქმედებით მხარეზე მინდა გესაუბროთ-როგორც მორწმუნის, ასევე მეცნიერის ცხოვრებაში.

ეჭვის შემოქმედებითი მხარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთისთვის-რწმენის, მეორისთვის კი- სიცოცხლის მეცნიერული და ფილოსოფიური გამოკვლევის სფეროში. ხშირად მორწმუნეებს აფრთხობს ეჭვი. მათ ეჩვენებათ, რომ დაეჭვება-ეს უკვე ღალატია. სინამდვილეში იგი ძალიან შორსაა მისგან, ეჭვი მაშინ უჩნდება ადამიანს, როცა მისი მსოფლმხედველობის ცალსახოვნება და ერთფეროვნება ახალ ფაქტს ეჯახება-ფაქტს, რომელიც თვალწინ გადაუშლის ცხოვრების შინაგან თუ გარეგან გამოცდილებას. ადამიანი უნდა ჩაეჭიდოს ეჭვს, როგორც შინაგანი, გონებრივი და სულიერი ზრდის ერთ-ერთ ყველაზე ქმედით საშუალებას. დაეჭვება სულაც არ ნიშნავს ჭეშმარიტება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო; ეს ნიშნავს,- დაეჭვდე ჭეშმარიტებაზე ზედმეტად შემოფარგლული საკუთარი წარმოდგენებით. და ასეთ ურთიერთობაში ყველა ადამიანი (იქნება ის მატერიალისტი თუ მორწმუნე), რომელიც უარზეა, განაგდოს ერთხელ მიღებული მცდარი წარმოდგენები, ერთი მხრივ, — ეჭვის შიშით მუდამ კანკალებს; მეორე მხრივ კი- ვერასდროს გადალახავს თავის შეზღუდულობას.

როცა მეცნიერმა, მკვლევარმა, ყველა მოცემულ ფაქტზე დაყრდნობით თეორია ან ჰიპოთეზა ააგო, თუ იგი კითილსინდისიერი ადამიანია, მეცნიერების პროგრესი სურს და არ ფიქრობს საკუთარი სახელის დიდებაზე, მაშინვე ჯანსაღად მიიღებს კრიტიკას თავის მსოფლხედვასა და ჰიპოთეზასთან დაკავშირებით, რათა შემდეგ უფრო ნაყოფიერად განაგრძოს კვლევა. მისთვის ახალი ფაქტების მოპოვების მიზანი სწორედ ისაა, რომ საკუთარი თეორიებისადმი ეჭვი გამოიწვიოს, ანუ რამდენად შეესაბამება ეს ფაქტები არსებულ მსოფლმხედველობას. და როდესაც ამ ფაქტებს პოულობენ, მეცნიერი სიხარულით უღრმავდება მათ, რადგან როცა ინგრევა პირველი ჰიპოთეზა, იხსნება ახალი,- საგნებზე, უფრო ჭეშმარიტი წარმოდგენის შემქმნელი საბუთები. ამ მხრივ მეცნიერის ეჭვი ზუსტად ისეთვე შემოქმედებითია, როგორც მორწმუნის ეჭვი და პირიქით: რადგან ეჭვის საგანი, რომელიც ზოგჯერ მორწმუნის სულში შედის, სულაც არ არის ღმერთი და ჭეშმარიტება, არამედ მათზე შეზღუდული წარმოდგენები. და აი, ამიტომ ეჭვი წარმოადგენს სულიერი ზრდისა და ხილული თუ უხილავი სამყაროს შეცნობის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შემოქმედებით ძალას.

 

ავტორი: ანტონ სუროჟელი