უბიწოდ ჩასახვის დოგმატის შესახებ

უბიწოდ ჩასახვის დოგმატის შესახებ

”ჭეშმარიტი დიდებითა და ღირსებით შემოსილი ქალწული დედოფალი მეტად აღარ საჭიროებს რაღაც ცრუ დიდებას”   ბერნარდ კლერვოსკინი

ზოგიერთებს ასოციაციით ერთმანეთში ერევათ რომის ეკლესიის სწავლება ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის უბიწო ჩასახვის შესახებ და იესო ქრისტეს ქალწულის მიერ განუხრწნელად მუცლადღების დოგმატი. ამათგან პირველი რომაული კათოლიციზმის მიერ ახლად შემოღებული სწავლებაა, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულის შობას ეხება, მაშინ, როცა მეორე, ქრისტიანული სარწმუნოების საყოველთაო საუნჯე — თავად იესო ქრისტეს შობას მიემართება, ”რომელიც ჩვენთვის და ჩვენისა ცხონებისათვის გარდამოხდა ზეცით და ხორცი შეისხა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცდა”. უბიწო ჩასახვის შესახებ ცრუ სწავლება თავის დასაბამს XIII საუკუნის დასასრულს იღებს, როდესაც დასავლეთის გარკვეულმა სასულიერო წრეებმა ყოვლადწმინდა ქალწულისადმი განსაკუთრებული პატივის მიგება დაიწყეს.

 

ეს სწავლება პაპ პიუს IX-ის მიერ ”ღვთივგანცხადებულ ჭეშმარიტებად” გამოცხადდა 1854 წლის 8 დეკემბერს — ”მოტუ პროპიო” ანუ კრების მოწვევის გარეშე. ეს ახალი დოგმატი მიღებულ იქნა იმ განზრახვით, რომ განედიდებინათ ყოვლადწმინდა ქალწული, რომელიც, როგორც უფლის განკაცების ჭურჭელი, ჩვენი გამოსყიდვის თანამონაწილე შეიქნა. ამ სწავლების მიხედვით, ის თითქოსდა განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობდა, ანუ ჩასახვისთანავე თავისუფალი იყო პირველქმნილი ცოდვისაგან. თითქოსდა მას მიეცა განსაკუთრებული მადლი უფლისაგან, რითაც მაცხოვრის მიერ აღსრულებულ გამოსყიდვის ღვაწლამდეც ის უკვე გამოსყიდული იყო; და თითქოსდა ეს მადლი მას მიენიჭა მისი ძის მომავალი დამსახურების წინასწარ განჭვრეტის გამო. იმისათვის, რომ ხორცი შეესხა და ”სრულყოფილი კაცი” გამხდარიყო, ღვთაებრივ სიტყვას სრულყოფილი ბუნება ესაჭიროებოდა, რომელიც არ იქნებოდა ცოდვით წაბილწული. ამიტომ ის ჭურჭელი, რომლისგანაც მაცხოვარი თავის კაცობრივ ბუნებას მიიღებდა, წინასწარ განწმენდილი და ყოველგვარი ბიწისაგან თავისუფალი უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, რომაელ ღვთისმეტყველთა აზრით, გაჩნდა აუცილებლობა იმისა, რომ ყოვლადწმინდა ქალწულს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ბუნებრივად იყო ჩასახული, ანუ ისე, როგორც ყოველი ადამიანური ქმნილება, მინიჭებოდა განსაკუთრებული პრივილეგია, ანუ განყენება ადამის შთამომავლობისაგან და გათავისუფლება პირველქმნილი დანაშაულისგან, რომელიც კაცთა მოდგმისათვის საერთოა. მართლაც, ახალი რომაული დოგმატის მიხედვით, ყოვლადწმინდა ქალწული თითქოსდა ჯერ კიდევ დედის წიაღში ეზიარა ცოდვითდაცემამდელი ადამიანის მდგომარეობას.

მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა დედა ღვთისას და ზეციურ სულებზე მაღლა აყენებდა (”უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა), არასოდეს დაუშვია დოგმატი უბიწო ჩასახვის შესახებ (ყოველშემთხვევაში, იმ მნიშვნელობით მაინც, რომელსაც მას რომის ეკლესია ანიჭებს). განსაზღვრება ”პრივილეგია, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიენიჭა მისი შვილის მომავალი ღვაწლის გათვალისწინებით” მართლმადიდებლურ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. მან არ შეიძლება მიიღოს ეს უკიდურესი იურიდიზმი, რომელიც აქარწყლებს ჩვენი გამოსყიდვის ჭეშმარიტ ხასიათს და მასში ხედავს მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს განყენებულ ღვაწლს. თუკი ყოვლადწმიდა ქალწულს გამოსყიდვის შედეგებით შეეძლო ესარგებლა ქრისტეს გამომსყიდველი ღვაწლის აღსრულებამდეც, მაშინ, რატომ არ შეიძლებოდა ეს პრივილეგია გავრცელებულიყო სხვა ადამიანებზეც, მაგალითად ქრისტეს წინაპრებზე, ადამის ყველა შთამომავალზე, მათზე, ვინც თაობიდან თაობამდე ამზადებდნენ ადამიანურ ბუნებას იმისათვის, რომ იგი ღვთის სიტყვას მიეღო მარიამის წიაღში.

 

ამგვარი ვარაუდის აბსურდულობა სრულიად თვალნათელია: კაცობრიობა სარგებლობს განსაკუთრებული ”სასამართლო დადგენილებით” — ცოდვით დაცემის მიუხედავად, იგი წინასწარ არის გამოხსნილი და მაინც ელის ქრისტეს მიერ აღსასარულებელ გამოხსნის ღვაწლს. ის, რაც აბსურდულად გვეჩვენება ქრისტემდელი კაცობრიობის მიხედვით, არანაკლებ აბსურდულია, როცა საქმე ერთ ადამიანს ეხება: იმისათვის, რომ გამოსყიდვის ღვაწლი მთელი კაცობრიობისათვის აღსრულებულიყო, თითქოსდა, საჭირო იყო, მისი წინასწარი აღსრულება კაცობრიობის ერთი წევრისთვის — ყოვლადწმიდა ქალწულისათვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საყოველთაო გამოსყიდვისათვის საჭირო იყო, რომ იგი აღსრულებულიყო მანამდეც, რათა ერთ ადამიანს წინასწარ ესარგებლა მისი ნაყოფით. შეიძლება შეგვეკამათონ, რომ ასეთი რამ მართებულია, როცა საქმე ეხება ისეთ განსაკუთრებულ ქმნილებას, როგორიცაა ყოვლადწმიდა ქალწული, რომელიც განკუთვნილი იყო უფლის განხორციელებისა და, აქედან გამომდინარე, მის მიერ აღსრულებული გამოსყიდვის ღვაწლისათვის. გარკვეულწილად ეს ასეცაა: ქალწული, რომელმაც უბიწოდ შვა სიტყვა, ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი, არ იყო ჩვეულებრივი ქმნილება. მაგრამ განა შეიძლება ჩასახვისთანავე სრულებით განვაყენოთ იგი ადამის მოდგმის დანარჩენი ნაწილისაგან. მისი იზოლაციით ნუთუ არ ჩნდება საშიშროება იმისა, რომ გაუფასურდეს კაცობრიობის მთელი ისტორია ქრისტემდე, გაუქმდეს თვით ძველი აღთქმის მნიშვნელობა, მესიის მოლოდინი, კაცობრიობის თანდათანობითი მომზადება სიტყვის განხორციელებისათვის? მართლაც, თუკი განხორციელება განპირობებული იყო მხოლოდ პრივილეგიით, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიენიჭა ”მისი ძის მომავალი ღვაწლის მიზეზით”, მაშინ მესიის ამქვეყნად მოვლინება კაცობრიობის ისტორიის ნებისმიერ სხვა მომენტში შეიძლება აღსრულებულიყო. უფალს ხომ თავისი განგებულებით, რომელიც მხოლოდ მის ღვთაებრივ ნებაზე იყო დამოკიდებული, ნებისმიერ დროს შეეძლო შეექმნა უბიწო ჭურჭელი თავისი განკაცებისათვის, თუკი უგულებელყოფდა ადამიანის თავისუფალ ნებას დაცემული სამყაროს სვე-ბედში. თუმცაღა ძველი აღთქმის ისტორია სულ სხვას გვასწავლის: ”აბრაამის ნებაყოფლობითი მსხვერპლი, იობის ვნებანი, წინასწარმეტყველთა ღვაწლი, დაბოლოს, რჩეული ერის მთელი ისტორია მისი აღმავლობითა და დაცემებით არ იყო მხოლოდ ქრისტეს პირველსახეთა კრებული, არამედ ადამინის თავისუფლების განუწყვეტელი გამოცდაც.

 

ამგვარად, მთელი ბიბლიური ისტორია ცხადდება, როგორც კაცობრიობის მომზადება ღვთის განხორციელებისათვის, იმ ”ჟამის სისასვსეში”, როცა ანგელოზი გაიგზავნა მარიამთან, რათა მოესმინა კაცობრიობის თანხმობა იმაზე, რომ სიტყვას ხორცი შეესხა: ”ეჰა, მხევალი ღვთისა: იყოს სიტყვისაებრ შენისა”.

 

XIV საუკუნის ბიზანტიელი ღვთისმეტყველი ნიკოლოზ კავასილა ხარების განმარტებისას ამბობს: ”ხარება იყო არა მხოლოდ მამის, მისი ძალისა და მისი სულის, არამედ ყოვლადწმინდა ქალწულის ნებისა და რწმენის ღვაწლიც. რომ არა ყოვლადუბიწოს თანხმობა, მისი რწმენის მონაწილეობა, ეს განზრახვა ისევე აუსრულებელი დარჩებოდა, როგორც მაშინ, თუ მასში მონაწილეობას არ მიიღებდა თავად ყოვლადწმინდა სამება. იესო ქრისტე მხოლოდ უფლისმიერი განსწავლისა და დარწმუნების შემდეგ ირჩევს მას დედად და შეისხამს მისგან ხორცს, რომლის მირთმევაც თავად ქალწულს სურს მისთვის. ზუსტად ისევე, როგორც თვითონ ნებაყოფლობით განხორციელდა, სურდა, რომ დედასაც თავისუფლად და საკუთარი სურვილით ეშვა იგი”.

 

ყოვლადწმინდა ქალწული უფლის მიერ კაცობრიობის დანარჩენი ნაწილისაგან იზოლირებული რომ ყოფილიყო იმ პრივილეგიით, რომ თითქოსდა წინასწარ მიენიჭა კაცობრიობის ცოდვითდაცემამდელი მდგომარეობა, მაშინ ღვთაებრივი ნებისადმი მისი ნებაყოფლობითი თანხმობა, მისი პასუხი გაბრიელ მთავარანგელოზისადმი ისტორიულ კავშირს დაკარგავდა იმ ქმედებებთან, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში ხელს უწყობდნენ კაცობრიობის მომზადებას მესიის მოსვლისათვის. მაშინ გადაწყვეტილი იქნებოდა ძველი აღთქმის სიწმიდის მემკვდირეობითობა, რომელიც თაობიდან თაობაში გროვდებოდა, რათა დასრულებულიყო ყოვლადწმინდა ქალწულის, მარიამის პიროვნებაში, რომლის სიმდაბლეს უნდა გადაელახა უკანასკნელი ზღურბლი, რომელიც კაცობრიობის მხრიდან შესაძლებელს გახდიდა ჩვენი ცხონების ღვაწლის აღსრულებას.

 

უბიწო ჩასახვის დოგმატი, როგორც ის რომის ეკლესიამ ჩამოაყალიბა, წყვეტს ”ღვთის მართალი წინაპრების” იმ წმიდა მემკვიდრეობითობას, რომელიც თავის საბოლოო მწვერვალს ”ecce ancilla domini”-ში (”ეჰა მხევალი ღვთისა”) ჰპოვებს. ისრაელის ისტორია კარგავს თავის აზრს, ადამიანის თავისუფალი ნება კი თავის მნიშვნელობას, თავად ქრისტეს განკაცება, რომელიც თითქოსდა ღვთის განგების ძალით განხორციელდა, იძენს “deus eqs maxinas” მოვლენის ხასიათს, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში შემოიჭრა. ამგვარია ნაყოფი ხელოვნური და განყენებული სწავლებისა, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულის განდიდების სურვილით ართმევს მას შინაგან ღრმა კავშირს კაცობრიობასთან და როცა ანიჭებს პირველქმნილი ცოდვისაგან პრივილეგიას, ამცირებს მისი მორჩილების მნიშვნელობას ღვთაებრივი მახარებლის მიმართ. მართლმადიდებელი ეკლესია უარყოფს რომაულ-კათოლიკურ განმარტებას ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის შესახებ, თუმცა განადიდებს ყოვლადწმიდა ქალწულს, მის ”უბიწოებას”. წმიდა ეფრემ ასური (IV ს.) ამბობ: ”შენ, უფალო, ვითარცა დედა შენი, თანაბრად წმიდა ხართ: შენ — ბიწის, დედა შენი კი — ცოდვის გარეშე”. მაგრამ როგორ შეიძლება ეს აღსრულდეს იურიდიული ჩარჩოების გარეშე, უბიწო ჩასახვის დოგმატის იურიდიული ჩარჩოების გარეთ?

 

უწინარეს ყოვლისა, უნდა განვასხვავოთ პირველქმნილი ცოდვა, როგორც დანაშაული ღვთის წინაშე, რომელიც, ადამიდან დაწყებული, საერთოა მთელი კაცობრიობისათვის და ცოდვა, ბოროტის ძალა, რომელიც დაცემული კაცობრიობის ბუნებაში ვლინდება. სწორედ ასევე უნდა განვასხვავოთ მთელი კაცობრიობისათვის საერთო ბუნება და ჰიპოსტასი, რომელიც ყოველ ადამიანს საკუთარი აქვს. ყოვალდწმინდა ქალწულისათვის პირადად უცხო იყო რაიმე ბიწი, რაიმე ცოდვა, მაგრამ თავისი ბუნებით, ადამის სხვა შთამომავლებთან ერთად, ატარებდა პასუხისმგებლობას პირველქმნილი ცოდვის გამო. ეს საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ცოდვა, როგორც ბოროტის ძალა, რჩეული ქალწულის ბუნებაში არ ვლინდებოდა, ვინაიდან იგი თაობათა განმავლობაში თანდათანობით განიწმიდებოდა მისი მართალი წინაპრების მიერ და მადლის მეშვეობით დაცული იყო ჩასახვისთანავე. ყოვალდწმიდა ქალწული დაცული იყო ყოველგვარი ბიწისაგან, მაგრამ არ იყო თავისუფალი პასუხისმგებლობისაგან ადამის დანაშაულისათვის, რომელიც დაცემულ კაცობრიობაში მხოლოდ ქრისტეს მიერ შეიძლებოდა გაუქმებულიყო. წმიდა წერილში საღვთო შემწეობისა და დედის წიაღშივე განწმენდის სხვა მაგალითებიც არსებობს: დავითი (ფს. 70,6), იერემია (იერ. 1,5), იოანე ნათლისმცემელი (ლკ. 1,41). ამ მნიშვნელობით მართლმადიდებელი ეკლესია უძველესი დროიდან დღესასწაულობს ყოვლადწმიდა ქალწულის მუცლადღების დღეს, ისევე როგორც წმიდა იოანე ნათლისმცემლისას. ამის შესახებ უნდა აღინიშნოს, რომ რომაული დოგმატის მიხედვით, იოაკიმესა და ანას მიერ ყოვლადწმიდა ქალწულის ჩასახვის შემთხვევაში არსებობს განსხვავება ”აქტიურ” და ”პასიურ ჩასახვას” შორის. მათ შორის პირველი არის ბუნებრივი, მშობლების მიერ განხორციელებული ხორციელი აქტი, მეორე კი მხოლოდ საქორწინო კავშირის შედეგია. დოგმატის მიხედვით, ”უბიწო ჩასახვის” შინაარსი ყოვლადწმიდა ქალწულის ჩასახვის მხოლოდ პასიურ ასპეტქს მიეკუთვნება.

 

მართლმადიდებელი ეკლესია ხელოვნურად არ განასხვავებს ”აქტიურ” და ”პასიურ ჩასახვას”. განადიდებს რა ყოვალდწმიდა ქალწულისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის მუცლადღებას, ის მოწმობს მათი შობის არაჩვეულებრივ ხასიათს, ის თაყვანსცემს მშობელთა უბიწო კავშირს, ამავე დროს, მათი ნაყოფის სიწმიდეს. ყოვლადწმიდა ქალწულისათვის, ისევე როგორც იოანე ნათლისმცემლისათვის, ეს სიწმიდე არ წარმოადგენს უბიწოების რაღაც აბსტრაქტულ პრივილეგიას, არამედ ადამიანური ბუნების რეალურ ცვლილებას, რომელიც მადლის მეშვეობით თანდათანა განიწმინდა და ამაღლდა წინარე თაობებში. ჩვენი ბუნების ეს შეუჩერები აღზევება, რომელიც განხორციელებული ძე ღვთისას ბუნება უნდა გამხდარიყო, გრძელდება მარიამის ცხოვრებაშიც. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება ადასტურებს მის განუწყვეტლივ განწმედას, იმას, რომ მას ღვთაებრივი მადლი იცავდა ყოველგვარი ცოდვის სიბილწისაგან. ყოვლადწმიდა ქალწულის განწმედა უფლის მისაღებად ხარების მომენტში დასრულოდა, როდესაც სულიწმიდამ მას მიანიჭა უბიწო ჩასახვის ტვირთვის უნარი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით — ძე ღვთისას უბიწო ჩასახვისა, რომელიც ძე კაცისად შეიქმნა.

ავტორი:  ვლადიმერ ლოსკი

 

 

თარგმნა ნათია თარაშვილმა

გაზეთი ”საპატრიარქოს უწყებანი”, № 45, 2003 წ.