ჩვენი აკადემიის კედლებში ჩატარებულმა სემინარმა დაგვანახა, რომ მისი ყველა მონაწილე ერთმანეთს ეთანხმება მთავარ საკითხში: ლიტურგიული კურთხევის შემდგომ პური და ღვინო ქრისტეს ჭეშმარიტი და რეალური სისხლი და ხორცი ხდება. თუმცა იმ საკითხში, თუ რა იგულისხმება, როცა უფალი იესო ქრისტეს ისტორიული და ევქარისტიული სხეულის იგივეობაზე ვლაპარაკობთ და სახელდობრ, რა უზრუნველყოფს ამ იგივეობას, შეხედულებები გაიყო.
სემინარმა გვიჩვენა, რომ დისკუსიები სერიოზულ საღვთისმეტყველო პრობლემებზე მხოლოდ კომპეტენტური ადამიანების მცირე შემადგენლობით უნდა ტარდებოდეს. სხვაგვარად იქმნება ატმოსფერო, სადაც რაიმე დადებითი შედეგის მიღწევა ძნელია.
ვინაიდან სემინარის მონაწილეებიდან ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ კურთხევის შემდგომ წმინდა ძღვენი ქრისტეს ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი ხდება, შეხვედრის ამოცანა იმის გარკვევამდე იქნა დაყვანილი, თუ როგორ გავიგოთ მომხდარი ცვლილება, თუკი ემპირიულად (ჩვენი გრძნობებისთვის) პური და ღვინო ძველებურად რჩება.
პირველი თვალსაზრისი დაიყვანებოდა გარდაქმნის (transsubstantiatio) დოქტრინამდე ანუ პურისა და ღვინის არსის შეცვლა მათი აქციდენციის შენარჩუნებით. ამ თვალსაზრისმა მთელი რიგი კითხვები და შენიშვნები გამოიწვია. აღვნიშნავ ზოგიერთ მათგანს.
1. ეკლესიამ მთელი ათას ხუთასი წლის განმავლობაში სწავლება გარდაქმნის შესახებ არ იცოდა: წმინდა მამებს აზრი პურის ღვინისა და წყლის მატერიალური ბუნების გაქრობისა და მათი შეცვლის შესახებ არასოდეს გამოუთქვამთ.
2. რით განსხვავდება შემოთავაზებული სწავლება კათოლიკურისგან? ხომ არ არის აქ ის ნატურალიზმი, რომელთან დაკავშირებითაც ა.ს. ხომიაკოვმა ერთი მღვდლის საშინელების გამომხატველი წამოძახილი გადმოსცა: „ეგ როგორ, ნუთუ მათ (კათოლიკეებს) ჰგონიათ, რომ ქრისტეს ხორცს (გასტრონომიული გაგებით–მთარგმნელი) ეზიარებიან?“[1]
3. რის საფუძველზე ამტკიცებენ, რომ პურისა და ღვინის არსი ხორცისა და სისხლის არსით იცვლება, ამასთან არამარტო ნიშან–თვისებების (აქციდენციების) გამოვლენის გარეშე, არამედ ძველი ნიშან–თვისებების შენარჩუნებითაც?
მეორე შეხედულება იმაში მდგომარეობდა, რომ ევქარისტიის საიდუმლოში პურისა და ღვინის რაღაც ვირტუალური და თვისებების არმქონე[2] არსის შეცვლა კი არ ხდება ხორცისა და სისხლის არსზე, არამედ სიტყვა ღმერთის მიერ წმინდა ძღვნის შეწყნარება საკუთარ თავთან ისეთივე „შეურწყმელი“, „განუყოფელი“ და „განუშორებელი“ შეერთებით, როგორც ეს საღმრთო განკაცებაშია, რის ძალითაც ისინი ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაიქმნებიან, მაგრამ ევქარისტიული ძღვნის ეს შეწყნარება ხელახალი განკაცება კი არ არის, არამედ მისი საბოლოო მიზნის, მთელი ქმნილების სრული განღმრთობის (რომ. 8, 21), პროცესის განხორციელების რეალური აქტია. რადგან უკვე განკაცების ჟამს „ადამიანის ბუნებასთან შეერთებით შემომქმედი ღვთის სიტყვა მთელს ქმნილებას შეუერთდა.“[3]
და ამით სათავე დაუდო მათ იმ სრულყოფილ შეერთებას, როცა იქნება „ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა“ (1 კორ. 15, 28). ქრისტიანებიც ზიარებით, მართლაც, პირველნი მაღლდებიან ძის ღმრთეებასთან შეერთების ამ სისრულეში.
აქედან გასაგები ხდება, თუ რატომ ანაცვლებდნენ ხშირად წმინდანები სიტყვებს „ხორცი“ და „პური“, „სისხლი“ და „ღვინო“, როცა ევქარისტიის შესახებ საუბრობდნენ.[4] „და რადგან ერთ პურს ვეზიარებით, ამიტომ ყველა ქრისტეს ერთ ხორცად და სისხლად ვიქცევით და ვინაიდან ქრისტეს ერთი სხეულს შევადგენთ, ერთმანეთის სხეულის ნაწილებადაც ვიქეცით.“[5] იოანე დამასკელიც სწორედ ასე წერდა: „ . . . მათი (პურისა და ღვინის) მეშვეობით ქრისტეს ღმრთაებრიობის თანაზიარნი ვხდებით“[7], ღმრთაებრიობისაო და არა ქრისტეს სხეულის არსისა, ვინაიდან (ქრისტეს) სხეულის არსი „ყველას სხეულებთან საერთოა.“[8]
მთელი რიგი ძველი მამების (მაკარი ეგვიპტელის, იოანე ოქროპირის, იოანე დამასკელის, სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის, გრიგოლ პალამასი და სხვა მამების) გამონათქვამები წმინდა ძღვენთა გარდაქცევის(преложение) შესახებ ეჭვებს არ გვიტოვებენ, რომ ისინი ამგვარად უნდა გვესმოდეს.
XIX-XX საუკუნეების ცნობილი ღვთისმეტყველები გადაჭრით გამოდიოდნენ გარდაქმნის დოქტრინის წინააღდეგ. მაგალითად პატრიარქი სერგი სტაროგოროდსკი, მთავარეპისკოპოსი ფილარეტ ჩერნიგოველი, მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი, არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი, დეკანოზი სერგი ბულგაკოვი, დეკანოზი ვასილი ზენკოვსკი, დეკანოზი გიორგი ფლოროვსკი, დეკანოზი იოანე მეიენდორფი, დეკანოზი ლივერი ვორონოვი, დეკანოზი ნიკოლოზ აფანასიევი, დეკანოზი ალექსანდრე შმემანი, დეკანოზი ვიტალი ბოროვოი, პროფესორი ნ.დ. უსპენსკი, პროფესორი ხრისტოს იანარასი და სხვები.
ამგვარად, წმინდა მამებისეული სწავლება წმინდა ძღვენთა გარდაქცევის შესახებ დასავლური რაციონალისტური ღვთისმეტყველების ორივე უკიდურესობისთვის თანაბრად უცხოა.
სწავლება გარდაქცევის შესახებ ერთის მხრივ შეუთავსებელია გარდაქმნის წმინდად განსჯისმიერი კათოლიკური იდეისა, რომელსაც ევქარისტია ერთი მატერიალური არსის მეორედ გარდაქმნის მოქმედებამდე დაჰყავს.
მეორეს მხრივ, სწავლებას გარდაქცევის შესახებ არაფერი აქვს საერთო პროტესტანტების შეხედულებასთან ევქარისტიაზე, რომელიც მათ ესმით, როგორც საიდუმლო სერობის გახსენება ან როგორც ქრისტეს მყოფობა ძღვენში მხოლოდ ზიარებისას (impanatio).ორივე შემთხვევაში პური და ღვინო მოკლებულია მთავარს: მათ განუყოფელ და განუშორებელ შეწყნარებას ქრისტეს ღმრთეების მიერ, რომელთან ერთობაც ევქარისტიულ ძღვენს ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და სისხლად აქცევს. ისღა შეგვიძლია, რომ დავეთანმოთ ჩერნიგოვის ეპისკოპოსის აზრს: „ პაპისტებისა და პროტესტანტების კამათებმა (რომელთაგან პირველები ფიქრობდნენ, რომ საკითხი მათი ბარბაროსული სიტყვით „transsubstantiatio“ გადაეწყვიტათ, უკანასკნელები კი ასევე სიტყვით „in et coexistentia, impanatio”) საქმით დაგვანახა, რომ ამდენი შრომისა და კამათის შემდგომ საკითხთა გადასაწყვეტად არაფერი ითქვა. დავითა და კამათით ერთ რამეს მიაღწიეს: მტრობას, რაც ქრისტეს სერობის სულისთვის ესოდენ საძულველია.“[9]
1. „მართლმადიდებლური აღმსარებლობა“ სწორედ ამას მოითხოვს: „ვინაიდან ადამიანის ბუნება მოუხარშავი ხორცის ჭამას ერიდება, ამასთან კი საჭიროა, რომ ქრისტეს ხორცისა და სისხლის მიღებით ადამიანი ქრისტეს შეუერთდეს, ამიტომ იმისთვის რომ ადამიანმა, რომელსაც ასეთი საკვები სძულს, ეს შეერთება არ უარყოს, ღმერთი, მისი შემწყნარებლობით, თავის ხორცსა და სისხლს მორწმუნეებს საჭმელად და სასმელად პურის და ღვინის საფარველქვეშ აძლევს.“ აღმოსავლური კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის მართლმადიდებლური აღმსარებლობა. შეკითხვა 107
2. წმინდა ბასილი დიდი წერდა: „თუკი შეეცდები, რომ გონებით მიწას მოაცილო მასში მყოფი თითოეული თვისება, მიხვალ არაფრამდე. რადგან თუკი წაართმევ სიშავეს, სიცივეს, სიმძიმეს, სისქეს და თვისებას, რომელიც მიწის გემოზე მოქმედებს, ან კიდევ სხვა რამეს, რაც მასში ვხედავთ, მაშინ ჩვენს წინაშე აღარაფერი დარჩება.“ (საუბრები ექვსი დღის შესახებ).
3. ღირსი იოანე დამასკელი. სიტყვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობაზე.
4. წმ. იოანე ოქროპირი. 24–ე საუბარი კორინთელთა მიმართ პირველ წერილზე.
5. ღირსი იოანე დამასკელი. მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა. წიგნი 4. თავი 13.უფლის წმინდა და ყოვლადწმინდა საიდუმლოებების შესახებ.
6. იქვე
7. იქვე
8. წმ. ათანასე დიდი. სიტყვა ღმერთის განკაცების შესახებ.
9. მთავარეპისკოპოსი ფილარეტი (გუმილიოვი). მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება. ტ. 2. ჩერნიგოვი. 1865.
მოსკოვის სასულიერო აკადემიის დამსახურებული პროფესორი ალექსეი ილიას ძე ოსიპოვი