მოძღვარს უნდა ესმოდეს, რომ მამათმავლობა მხოლოდ ცოდვა არ არის. ცხადია, ჰომოსექსუალიზმი უმრავლეს შემთხვავაში ადამიანის აღვირახსნილობის, დაცემის, გარყვნილების გამოვლინებაა, რომელსაც იგი საკუთარი ვნებების ამგვარი არაბუნებრივი გზით დაკმაყოფილებისკენ მიჰყავს. მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს ამგვარი ლტოლვა შესაძლოა გაუჩნდეთ, როგორც მათგან დამოუკიდებელი რამ. სექსუალური ორიენტაციის გაუკუღმართება ბავშვობის ასაკიდან უამრავ მიზეზს შეუძლია გამოიწვიოს.
ადამიანს, რომელიც მამათმავლობას არ მისდევს, მაგრამ ამგვარი ლტოლვა გააჩნია, ჩვენს დროში ცხოვრება უაღრესად უძნელდება. განსაკუთრებულად უჭირთ მათ ურთიერთობა ეკლესიის მსახურებთან, რომელნიც შესაძლოა ვერ ერკვეოდნენ ფსიქიატრიის, ფსიქოანალიზის, ფსიქოლოგიის და სექსოლოგიის საფუძვლებში. ამგვარი ადამიანისთვის შვება იქნება ისეთი მოძღვრის პოვნა, რომელსაც ესმის, რომ ჰომოსექსუალური ლტოლვა მისი გარყვნილების შედეგი არ არის. რომელმაც იცის, რომ ამგვარ ადამიანებთან მუშაობა განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს.
პირველ ყოვლისა, მოძღვარი უნდა შეეცადოს შეასმინოს ამ ცოდვისაკენ მიდრეკილს, რომ მისი ლტოლვა ადამიანური ბუნების ნაკლოვანების შედეგია, რომლითაც იგი გაჩნდა ამ სამყაროში. ყოველი ჩვენგანი ატარებს თავის თავში გარკვეული სახის ნაკლოვანებას. ზოგიერთს ის მკვეთრად აქვს გამოხატული, ზოგს კი — ნაკლებად. მავანი ფსიქიურ ავადმყოფად იბადება: ერთს შიზოფრენია აქვს, მეორე მიდრეკილია დეპრესიისაკენ. ისეთებიც არიან, ვისაც დაბადებიდანვე აქვთ ალკოჰოლისადმი განსაკუთრებული ლტოლვა. არსებობენ დიაბეტისადმი მიდრეკილი ადამიანები. ეს ყოველივე ნაკლოვანების შედეგია.
ყველა ჩამოთვლილი დაავადება განუკურნებელია. დიაბეტი – განუკურნებელია. ალკოჰოლიზმიც თითქმის განუკურნებელ სნეულებათა რიგს განეკუთვნება. თუმცა შეიძლება ამ სნეულებათა დაკონსერვება. მათთან ბრძოლა შესაძლებელია, თუკი იცი, როგორ წარმართო იგი. ასევე სექსუალურ ლტოვასა და იდენტიფიკაციის გაუკუღმართებაც ადამიანური ბუნების ცოდვით დამახინჯების შედეგია.
აუცილებელია გვესმოდეს, რომ აგვარი ადამიანის შველა შესაძლებელიცაა და აუცილებელიც. თუმცა, ფსიქიატრიის დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებით. მოძღვარმა ამ შემთხვევაში გამოცდილ ფსიქოლოგებთან, ფსიქოთერაპევტებთან უნდა იმუშაოს, რომლებიც შეძლებდნენ ადამიანის ორიენტაციის შეცვლას.
დღესდღეობით ადამიანები, რომლებიც ჰომოსექსუალიზმისადმი მიდრეკის რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან, უაღრესად იტანჯებიან. XVII-XIX საუკუნეებში ეს თემა ტაბუირებული გახლდათ. ამიტომ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა ამ მიდრეკილებით დაიბადნენ, შეეძლოთ არ განევითარებინათ ეს ცოდვა საკუთარ თავში. ტაბუირებულობის გამო ამ მიმართულების ფიქრებს იგი ახშობდა თავის თავში.. მრავალი ჰომოსექსუალისტი სავსებით ნორმალურად ცხოვრობდა, ქმნიდა ოჯახებს და ვერც კი წარმოედგინა, რომ ამგვარი პრობლემა ჰქონდა.
თანამედროვე საზოგადოებაში ტაბუ მოიშალა და ეს ადამიანები სოციალურად დაუცველნი აღმოჩნდნენ. მათ არწმუნებენ, რომ ჰომოსექსუალიზმი ნორმაა და სთავაზობენ განივითარონ ეს მიდრეკილებები, რაც მათთვის პიროვნული კატასტროფის ტოლფასია, რადგან პიროვნება ვერ იტანს ძალადობას საკუთარ თავზე. ეს იგივეა, რომ ვთქვათ – დიაბეტი ნორმაა. თუკი დიაბეტით დაავადებული არ შეებრძოლება საკუთარ ავადმყოფობას, მას გარდაუვალი ფიზიკური სიკვდილი მოელის. მამათმავალს კი ამ შემთხვევაში ზნეობრივი სიკვდილი ემუქრება.
ჰომოსექსუალიზმის რეაბილიტაციის თემას კათოლიკეები ამუშავებენ, მაგრამ ჩვენთან ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. თუკი ჩვენ, ასე გამოუცდელნი, მამათმავლებთან ურთიერთობას იმ აზრით დავიწყებთ, რომ ისინი გახურებული შანთებით უნდა დავწვათ, მაშინ ვერაფერს გავხდებით, რადგან ამგვარ ადამიანს ეკლესიაში მოსვლა შეეშინდება.
არ არის აუცილებელი სპეციალურად განიმარტოს ჰომოსექსუალიზმი, როგორც ცოდვა. უბრალოდ უნდა მივანიშნოთ, რომ იგი ისეთივე ცოდვაა, როგორიც მრუშობა, როგორც უმანკოების კანონის ნებისმიერი დარღვევა. მრუშობაში ხომ ყოველგვარი უკანონო ურთიერთობა მოიაზრება. თუკი ადამიანი საკუთარ თავში განავითარებს მას, იგი მრუშობის სასიკვდილო ცოდვაში იქნება მხილებული. მაგრამ მისთვის, სხვა შეცდომილთაგან განსხვავებით, გაცილებით რთული იქნება ამ ცოდვისაგან განშორება, ბევრად დაუმძიმდება ბუნებრიობაში დაბრუნება, რადგან მან სწორედ ბუნების წინააღმდეგ ჩაიდინა ცოდვა.
ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილ ადამიანს ისევე სჭირდება დახმარება, როგორც მრუშობის ვნებით შეპყრობილთ ეხმარება ეკლესია: უნდა დავეხმაროთ უმანკოების დაცვით და უწესო ოცნებებისაგან თავის შეკავებით.
უფრო სერიოზული რეაბილიტაციისათვის ფსიქიატრიული დახმარებაა საჭირო, მაგრამ როგორ, ეს მე არ ვიცი. ამგვარი გამოცდილება ჩვენ არ გაგვაჩნია – მოძღვარნი, რომელთაც ეს პრობლემა აღელვებთ, კერძო გმირობის რანგში გაიაზრებენ მას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
თუკი ჩემთან ამგვარი პრობლემით მოვა ადამიანი, მეეჭვება დახმარება შევძლო. მოსულან ჩემთან აღსარებაზე, მოუნანიებიათ და მიუხედავად იმისა, რომ ვეცადე, რაც შემეძლო, კეთილგანწყობა და მოძღვრისეული ზრუნვა გამომეჩინა მათ მიმართ, მერე აღარ დაბრუნებულან. ასე რომ, ეკლესიაში მოსვლის მოსურნე ჰომოსექსუალისტების დახმარება დღემდე ურთულეს პრობლემად რჩება.
დეკანოზი ალექსი უმინსკი