საუბარი «იეჰოვას მოწმეებთან»

საუბარი «იეჰოვას მოწმეებთან»

ერთ საღამოს ჩემ ქალიშვილთან ერთად ვსეირნობდი და შემთხვევით იეჰოვას ორ მოწმეს გადავაწყდი, რომლებიც ქუჩაში გამვლელებს აჩერებდნენ. მათთვის გვერდის ავლა ვერ შევძელი და აი რა გამოვიდა….

მე: გამარჯობა ! თქვენ „იეჰოვას მოწმეები“ ბრძანდებით?

ისინი: დიახ.

მე: თუ წინააღმდეგი არ იქნებით ერთ კითხვას დაგისვამთ. ამიხსენით რატომ თვლით, რომ მხოლოდ თქვენი კონფესიაა ჭეშმარიტი? უკლებლივ ყველა ქრისტიანული ეკლესია ხომ იგივეს ამტკიცებს. ყველა ჭეშმარიტი მორწმუნე სწავლობს ბიბლიას და ცდილობს ქრისტიანულად იცხოვროს.

ისინი: ჩვენ არ ვეცნობით სხვა კონფესიებს, ჩვენ ხალხს სამეფოს შესახებ ვაუწყებთ და მოვუწოდებთ თავად გაეცნონ ბიბლიას.

მე: მეთანხმებით, რომ ბიბლია არც მარტივი და მითუმეტეს არც ერთგვაროვანი წიგნი არ არის?

ისინი: არის ცხადი(ადვილად გასაგები) მუხლები და ისეთიც, რომელიც განმარტებას საჭიროებს.

მე: ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა იცით, რომ ბიბლის თავდაპირველი ტექსტები ძველ ივრითსა და კოენე ბერძნულ ენაზეა დაწერილი. ასე რომ, ამ ძველი ტექსტების სხვადასხვაგვარად გააზრება არის შესაძლებელი. თავს იჩენს ორაზროვნება და არა ერთგვაროვნება, ამიტომაც იქმნება განსაზღვრული ინერპრეტაციის ამორჩევის აუცილებლობა.

ისინი: გეთანხმებით.

მე: „იეჰოვას მოწმეები“ ბიბლიის მისეული თარგმანით ხელმძღვანელობენ, რომელიც რიგი ტრადიციული გამოცემებისაგან მკვეთრად განსხვავდება. შესაბამისად ამ თარგმანის ავტორებმა კონკრეტული განმარტება აირჩიეს. დარწმუნებული ხართ, რომ მათი განმარტება პირველწყაროების ადეკვატურია? მაგ. იოანეს სახარების ავტორი ნამდვილად გულისხმობდა იმას, რისი გადმოცემაც იეჰოვას მოწმეებმა თავისი „ახალი ქვეყნიერების“ თარგმანში სცადეს-(იოანე 1:1) -ანუ როცა „ღვთის სიტყვა“ პატარა ასოთი აღნიშნეს? ( ქართულ ვერსიაში დიდ ასოების არ ქონის გამო მას ღვთაებრივი უწოდეს)

ისინი: ჩვენ წმ. წერილს მთლიანობაში ვსწავლობთ და გაუგებარ მუხლებს სხვა ტექსტებს ვადრით. ჩვენ წმ. წერილის სხვადასხვა ადგილებიდან ვრწმუნდებით, რომ ძე ღვთისა ღმერთი არ არის და ამიტომაც ვიძლევით ასეთ განმარტებას.

მე: კარგი, მაგრამ იქნებ თქვენ უკვე არასწორად თარგმნილ, დამახინჯებულ ტექსტებს ადარებთ? ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჰარმონიული სურათი იქმნება, მაგრამ ის მოჩვენებითია. ანუ თითქოს გამოსახულება ირიბ სარკეში ირეკლება.

ისინი: შეუძლებელია ბიბლია თავის თავს ეწინააღმდეგებოდეს და ამიტომაც ჩვენ ძველ და ახალ აღთქმას ერთმანეთს ვადრით.

მე: ანუ გამოდის, რომ თქვენ რეალობას მისი აჩრდილით იაზრებთ და არა პირიქით? პავლე მოციქული ხომ ყველაფერს, რაც ქრისტეს შობამდე იყო აჩრდილს უწოდებდა (კოლ 2:17) რა არის თქვენთვის უპირატესი, რეალობა თუ მისი ანარეკლი?

ისინი: ჩვენთვის გააზრებაა უპირატესი…

მე: მაგრამ გააზრება რის შედეგად მოდის? სხვა სიტყვებით თქვენ ახალი აღთქმის ძველი აღთქმის პრიზმიდან გაგებას გვთავაზობთ, როცა ტრადიციული ქრისტიანები საპირისპირო პრინციპით ხელმძღვანელობენ.

ისინი: ბიბლია ჰარმონიული წიგნია! მე: მართალია, მაგრამ თავად ბიბლიაში ხომ ვკითხულობთ: (იოანე 1:16,17) ანუ ჭეშმარიტების სისავსის შეძენა მხოლოდ ახალ აღთქმაშია შესაძლებელი, და ამიტომ აღვიქვამთ ძველ აღთქმას ახალი აღთქმის პრიზმიდან. ეს ასევე ნიშნავს, რომ ახალ აღთქმაში გამხელილია, ის რაც რჯულში არ იყო ცნობილი.

ისინი: გეთანხმებით. მაგრამ მოციქულ იოანეს არ შეეძლო ეგულისხმა, რომ ძე იეჰოვას სწორია, რადგან იესო მამასთან მიმართებაში ყოველთვის იმდაბლებდა თავს და მთელ დიდებას მამას უძღვნიდა.

მე: მართალია.მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი მხოლოდშობილი ძე თავისი ღვთაებრივი ბუნებით მამის თანასწორი არ იყო. პავლე მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ: «მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა.» (ფილიპ 2:7) სხავათაშორის ფრიად მნიშვნელოვანი ქრისტოლოგიური ტექსტი: «რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა.» (ფილიპ 2:6) თქვენი „ახალი ქვეყნიერების“ თარგმანში კი:” თუმცა ის ისე არსებობდა, როგორც ღმერთი, ფიქრადაც არ მოსვლია მიტაცება, ანუ ღვთის თანასწორად ყოფნა.” აბსოლიტურად სხვა აზრის მატარებელია. ოდესმე ეს ტექსტი დედანთან შეგიდარებიათ?

ისინი: არა, რადგან ჩვენ გვყავს სწავლული ძმები, რომელთაც ეს ყველაფერი შეისწავლეს და განსხვავება ვერ ჰპოვეს.

მე: მაპატიეთ, მაგრამ მე არ მაინტერესებს თქვენი ძმები- მე თქვენ მაინტერესებთ! მე თქვენთან ვსაუბრობ და არა მათთან.

ისინი: მე არ მაქვს საფუძველი არ ვენდო ჩვენს თარგმანს, რადგან 14 წელია დღითიდღე ვრწმუნდები, რომ „იეჰოვას მოწმეები“ ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები არიან.

მე: და რა არის ასეთი რწმენის მიზეზი? ზუსტად ვიცი რომ ეს სწავლების და არგუმენტების დამსახურება არ არის.

ისინი: მე მათი ქრისტიანული ცხოვრების წესმა და სიყვარულმა დამარწმუნა ამაში, მაგრამ რა თქმა უნდა სწავლებასაც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია.

მე: მოდი შევთანხმდეთ, რომ თავდაპირველად არა არგუმენტებმა, არამედ ემოციებმა და შთაბეჭდილებებმა დაგარწმუნეს, ხოლო ლოგიკამ გავლენა მოახდინა მას შემდეგ, რაც თქვენ ორგანიზაცია შეიყვარეთ.

ისინი: გეთანხმებით.

მე: ალბათ იცით,რომ იგივეს თქმა შეუძლიათ ბაპტისტებს, ადვენტისტებს და მარლთმადიდებლებსაც.

ისინი: მხოლოდ ჩვენ ორგანიზაციაშია ასეთი სიყვარული და საქმენი…

მე: რატომ ფიქრობთ ასე? მე ბევრი მეგობარი და ნაცნობი მყავს სხვა კონფესიებიდან და ამიტომაც ვერ დაგეთანხმებით.

ისინი: გაიხსენეთ, ვინ იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის დროს? ყველა-„იეჰოვას მოწმეების“ გარდა!

მე: ისევ და ისევ ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ არც ბაპტისტები, ადვენტისტები და ორმოცდაათიანელები არ იბრძოდნენ. ასე რომ, ეს არაფერს ამტკიცებს. და კიდევ, განა ქრისტიანობა-პირველ რიგში ჭეშმარიტებას არ ნიშნავს? დიახ, თქვენ შეიძლება გქონდეთ კეთილი საქმენი, მაგრამ ეს „იეჰოვას მოწმეებს“ ავტომატურად ჭეშმარიტების მატარებლებად ვერ გახდის.

ისინი: მაშინ რატომ ხდება, რომ ჭეშმარიტების მატარებლები არა ქრისტიანულად იქცევიან: იბრძვიან და კლავენ?

მე: პირველ რიგში, როგორც ავღნიშნე, ყველა არ იბრძვის და არ კლავს. და მეორე, პოლიციის და ჯარის გარეშე საზოგადოება ვერ იარსებებდეს. მეთანხმებით?

ისინი: სრული ჭეშმარიტებაა. პავლე მოციქულმა ბრძანა, რომ ღმერთი უშვებს „უმაღლეს ხელისუფლებას“ და წესრიგის დაცვა კეისრის მოვალეობაა. თავად ჩვენ იარაღს ხელში არ ვიღებთ, მაგრამ გადასახადებს მოწესრიგებულად ვიხდით.

მე: ანუ გამოდის, რომ თქვენს მაგივრად სხვა აკეთებს ბინძურ სამუშაოს, თქვენ კი სუფთები რჩებით?

ისინი: არა, ასე არ არის, პირველი ქრისტიანებიც არ იღებდნენ ხელში აირაღს.

მე: საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში ხართ: თქვენ ცოდვად მიიჩნევთ იმას, რაც თვით უფალმა დააწესა? მოციქულმა ხომ ბრძანა (რომ. 7 თავი) წარმოუდგენელია უფალმა დაგძრახოს იმისათვის, რის გარეშეც ამ სამყაროს არსებობა შეუძლებელია.

ისინი: უფალი არ განიკითხავს კეისარს, თუ ის ძალაუფლებას კანონის ფარგლებში იყენებს.

მე: მაშინ რატომ თვლით ჯარსა და პოლიციაში მსახურებას მიუღებლად?

ისინი: იმიტომ, რომ სამხედრო ფიცს დებს და ვალდებული ხდება შეასრულოს ყველა ბრძანება, მათ შორის დანაშაულებრივიც! ჯარისკაცმა გენერლისთვის თავი უნდა გაწიროს!

მე: მაპატიეთ, მაგრამ თქვენ რაღაც უცნაური შეხედულება გაქვთ სამხედრო სამსახურსა და ფიცზე. ოდესმე ფიცის ტექსტს გაცნობიხართ?

ისინი: მე ჯარში არ მიმსახურია.

მე: ამიტომაც ლაპარაკობთ იმას, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. სინამდვილეში სამხედრო ვალდებულების არსი ადამიანის-მოყვასის სამსახურშია. სამხედრო მოსამსახურის მოტივაცია მოყვასის დაცვა და ბოროტების აღკვეთაა. რა თქმა უნდა ხშირად ჯარს ბოროტად იყენებენ და პოლიციასაც საშინელი ქმედებების ჩადენა შეუძლია, ამიტომაც მიეცა ქრისტიანს სინდისი, რათა სიკეთე და ბოროტება განასხვაოს ერთმანეთისაგან. ქრისტიანი მებრძოლი ვალდებულია უარი თქვას დანაშაულებრივი ბრძანების შესრულებაზე.

ისინი: ბიბლია ასწავლის, რომ სამყარო ბოროტებაშია ჩაძირული. ეშმაკი ზეგავლენას ახდენს პოლიტიკოსებზე, რომლებიც ჯარს თავისი მიზნებისთვის იყენებენ. ეს არის ჩვენი ნეიტრალიტეტის მიზეზი.

მე: გამიჭირდება დავეთანხმო თქვენ ლოგიკას. ეს იგივეა არ წახვიდე ბაზარში იმიტომ, რომ იქ შეიძლება მოგატყუონ. პირველი ქრისტიანები მსახურობდნენ რომის არმიაში და იმპერიას იცავდნენ ბარბაროსებისაგან. მაგრამ როცა საქმე დანაშაულებრივ ბრძანებაზე მიდგებოდა, მაგ. როგორიცაა წარმართულ კერპეპზე მსხვერპლშეწირვა, ისინი უარს აცხადებდნენ და ამის გამო მოწამეობრივად აღესრულებოდნენ. ჩემი აზრით ეს მეტად ქრისტიანული და თანმიმდევრული პოზიციაა.

 

ავტორი: გრიგოლი სვეტლოვი