სახარებისეული ქრისტე: ღმერთი და კაცი

სახარებისეული ქრისტე: ღმერთი და კაცი

იესო ქრისტე სახარებაში წარმოჩენილია როგორც რეალური პიროვნება, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანის ყველა თვისება აქვს. იგი იბადება და იზრდება, ჭამს და სვამს, იღლება და სძინავს, განიცდის წუხილსა და სიხარულს. ბევრი დააბრკოლა ამ სახარებისეულმა რეალიზმმა და შეეცადნენ, გარდაექმნათ „ისტორიული ქრისტეს“ სახე და იგი „სარწმუნოების ქრისტესთან“ ან „მორწმუნეთა ქრისტესთან“ დაეპირისპირებინათ-გვერდზე გადაედოთ ყოველივე სასწაულებრივი და „მისტიკური“, რაც კი რამ არის სახარებაში და მხოლოდ ის დაეტოვებინათ, რაც „არ ეწინააღმდეგება ჯანსაღ აზრს“. ასე, მაგალითად, ე. რენანის წიგნში „იესოს ცხოვრება“, ქრისტეს ყველა სასწაული „ფოკუსად“ არის მიჩნეული: მას „ეგონა, რომ აღასრულებდა“ სასწაულებს, თუმცა, რეალურად არანაირი სასწაული არ ყოფილაო. ლ. ტოლსტოი, სახარების კომენტირებისას ენას ილესავს მკრეხელობაში ქრისტეს უთესლოდ ჩასახვასთან, ფერიცვალებასთან, აღდგომასა და ამაღლებასთან, აგრეთვე, ყველა განკურნებასა და სასწაულებთან დაკავშირებით: „სნეული 20 წელი ელოდება სასწაულს. იესომ შეხედა მას და უთხრა: ტყუილად ელოდები აქ ანგელოზისაგან სასწაულს, სასწაული არ არსებობს. გაიღვიძე! აიღე შენი სარეცელი, წადი და იცხოვრე ღვთისნიერად. მან სცადა, ადგა და წავიდა… მე ვიცნობდი ქალბატონს, რომელიც 20 წელი იწვა და მხოლოდ მაშინ დგებოდა, როდესაც მორფინის ნემსებს უკეთებდნენ: 20 წლის შემდეგ, ექიმმა, რომელიც მას ინექციას უკეთებდა, აღიარა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში უბრალო წყლის ინექციას უკეთებდა. გაიგო რა ეს ქალბატონმა, აიღო თავისი სარეცელი და წავიდა“. არსებითად, ტოლსტოი იმდენად ქრისტეს სასწაულებს არ დასცინის, რამდენადაც უარყოფს ადამიანის ტანჯვის რეალობას: ტანჯვის მიზეზი თურმე თავის მოტყუება ყოფილა. ასეთი მიდგომით, განკურნებაც და გამოსყიდვაც, უბრალოდ, ზედმეტი ჩანს: საკმარისია, ადამიანმა საკუთარ თავს შთააგონოს, რომ ჯანმრთელია და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ეგრეთ წოდებული „ისტორიული ქრისტე“ ანუ განთავისუფლებული „მისტიკისა და სასწაულების ნალექისაგან“, უკეთეს შემთხვევაში, როგორც რენანთან, იქცევა ადამიანური ფანტაზიის ქრისტედ-სასიამოვნო (слащавая) სურადათ, რომელსაც ნაკლებად აქვს საერთო რეალურ ქრისტესთან. უარეს შემთხვევაში კი, როგორც ტოლსტოისთან, ყველაფერი სახარებაზე კარიკატურით მთავრდება. ცოცხალ, რეალურ ქრისტეს ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შევიცნობთ, როდესაც მთელ სახარებას, უკანასკნელ ასონიშნამდე, მივიღებთ როგორც საღვთო ჭეშმარიტების გამოცხადებას. სახარება არ არის ის წიგნი, რომლის წვდომა შესაძლებელია ადამიანის გონებით: ის ზეგონებრივი და ზებუნებრივია, თავიდან ბოლომდე სავდეა სასწაულებით და თავად წარმოადგენს სასწაულს. მართლაც, უკვე პირველივე თავები თითოეული სახარებისა, ამოწმებენ ქრისტეს ღმრთეებრიობას, ანგელოზებისა და ეშმაკების არსებობას და ადამიანს აყენებენ არჩევანის წინაშე: ან დამდაბლდეს, დაემოჩილოს რწმენას და ზეგონებრივ საღვთო გამოცხადებას, ან… დახუროს წიგნი, რადგან ის ეწინააღმდეგება „ჯანსაღ აზრს“. მაგალითად, მათეს სახარების პირველ თავში ჩვენ ვკითხულობთ ქრისტეს შობაზე ქალწულისაგან მამაკაცის გარეშე; მარკოზის სახარების პირველ თავში-უდაბნოში ქრისტეს გამოცდისა და ეშმაკთან მისი შეხვედრის შესახებ; ლუკასთან მთავარანგელოზის გამოცხადებისა და ხარების შესახებ; იოანეს სახარებაში- იმის შესახებ, რომ ღვთის სიტყვა არის ჭეშმარიტი ღმერთი და მან ხორცნი შეისხა. ქრისტე სახარების პირველივე თავებიდან გვეცხადება როგორც ღმერთი და, იმავდროულად, როგორც კაცი: ყველა მისი ქმედება და სიტყვა, თუმც ადამიანის ქმედება და სიტყვაა, მაგრამ, ამავე დროს დატვიფრულია ღვთაებრიობის ბეჭდით. იესო იბადება, როგორც სხვა ბავშვები, მაგრამ არა დედაკაცისა და მამაკაცისაგან, არამედ სულიწმიდისა და ქალწულისაგან; ჩვილი მიჰყავთ ტაძარში, როგორც სხვა პირმშონი, მაგრამ მას ხვდებიან წინასწარმეტყველნი და აღიარებენ მასში მესიას; იგი იზრდება და მტკიცდება სულით, ცხოვრობს მშობლების სახლში და გამოცანებით ლაპარაკობს თავისი მამის შესახებ; ის მიდის იორდანეზე ნათლისღების მისაღებად, როგორც სხვა ადამიანები, მაგრამ ნათლისღებისას იმის ხმა მამისა და ჩნდება სულიწმიდა მტრედის სახით; ის იღლება გზისგან, ჯდება ჭასთან და სამარიტელი დედაკაცისაგან ითხოვს სასმელ წყალს, თუმცა არ სვამს და არ ჭამს, როცა მოწაფეებს მოაქვთ საჭმელი და სთავაზობენ; მას სძინავს ნავის ქიმზე, მაგრამ იღვიძებს თუ არა, მაშინვე სიტყვით აწყნარებს გაავებულ სტიქიას; თაბორის მთაზე ევედრება ღმერთს, როგორც ყოველი კაცი, თუმცა ლოცვის დროს ფერისცვალებას განიცდის და მოწაფეებს უჩვენებს თავისი ღვთაებრიობის ნათელს; ის მიდის ლაზარეს საფლავთან და ტირის მისი სიკვდილის გამო, მაგრამ სიტყვებით; ლაზარე, გამოვედ გარე!- მკვდრეთით აღადგენს მას; იესოს ეშინია ტანჯვის და შესთხოვს მამას, თუკი შესაძლებელია, აარიდოს სატანჯველი, თუმცა ემორჩილება მამის ნებას და მზადყოფნას გამოთქვამს, მოკვდეს ადამიანებისთვის; იგი, დასასრულ, იღებს შეურაცხყოფას, დამცირებას და ჯვარცმას, კვდება ჯვარზე როგორც დამნაშავე, მაგრამ მესამე დღეს საფლავიდან აღდგება და თავის მოწაფეებს ეცხადება. სახარება უცილობლად ამოწმებს ქრისტეს ღმერთკაცობრიობას. არის რა ღვთივსულიერი წიგნი, ის, ამასთან, დაწერილია ცოცხალი ადამიანების მიერ, რომელთაგან თითოეული ისე აღწერს მოვლენებს, როგორც თვითონ ხედავდა და აღიქვამდა, ან როგორც თვითმხილველთაგან მოისმინა. წმინდა წიგნების „ღვთივსულიერებაში“ იგულისხმება ერთობლივი შემოქმედება ადამიანებისა და სულიწმიდის-მათი თანამუშაკობა, სინერგია. ოთხი მახარებლის მონათხრობს შორის არსებობს გარკვეული განსხვავება დეტალებში, რაც მოწმობს არა წინააღმდეგობას მათ შორის, არამედ მათ ერთიანობას: მონათხრობები რომ აბსოლუტურად ერთნაირი ყოფილიყო, ეს იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ მათი ავტორები ერთმანეთთან ბჭობდნენ და ერთმანეთისგან იწერდნენ. სახარება — ეს არის თვითმხილველთა მოწმობა, სადაც ყოველი ფაქტი სარწმუნოა, მაგრამ გადმოცემულია ამა თუ იმ კონკრეტული ავტორის თვალთახედვით.

 

ავტორი: მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი