„ბიბლია ეწინააღმდეგება თანამედროვე მეცნიერებას, წიგნიერი ადამიანი ბიბლიას სერიოზულად არ უნდა ეკიდებოდეს, უძველესი მითების ამ კრებულს ხომ დიდი ხნის წინ გაუვიდა ყავლი“-ასეთი მსჯელობა დღეს იშვიათობას აღარ წარმოადგენს. თუმცა რაღა დღეს? საუკუნეზე მეტია, ამას იმეორებენ ადამიანები. რამდენად მართებულია მსგავსი მსჯელობა?
მეტყველება და სახიერება
უპირველეს ყოვლისა, გავარკვიოთ, კონკრეტულად რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ: „ბიბლია ეწინააღმდეგება მეცნიერების მონაცემებს.“ ამ უკანასკნელთ ხომ ძალზედ ბევრი რამ ეწინააღმდეგება, მაგალითად-სასწაული. მაგრამ იგი იმიტომაც არის სასწაული, რომ ბუნების კანონებს არღვევს. ასევე ეწინააღმდეგება მეცნიერულ მონაცემებს პოეზია: მასში ხომ ხშირად არის ლაპარაკი მოსიყვარულე გულზე. ნებისმიერი ფიზიოლოგი კი დანამდვილებით გეტყვით, რომ სიყვარული თავის ტვინის ქერქში მიმდინარე ბიოქიმიური რეაქციების შედეგი გახლავთ და გული აქ არაფერ შუაშია…
მეტყველების პოეტური მანერა ჩვენი ყოველდღიურობისათვისაც კი გახლავთ დამახასიათებელი. ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ დედამიწა სფეროსებრი პლანეტაა, რომელიც ბრუნავს როგორც საკუთარი ღერძის, ასევე-მზის გარშემო. ამისდა მიუხედავად, ბუნებრივ მოვლენებზე ისე ვსაუბრობთ, თითქოს დედამიწა სიბრტყე იყოს და მნათობი მის გარშემო მოძრაობდეს: მზე ჩვენს მეტყველებაში ხან ამოდის, ხანაც ჰორიზონტს მიღმა იმალება, ზაფხულობით უფრო მაღლა ადის და უფრო მცხუნვარეა, მთვარე ხან სავსეა, ხანაც-ნაკლული და ა.შ. ჩვენ იმდაგვარადვე აღვწერთ ასტრონომიულ პროცესებს, როგორც ამას ჩვენი შორეული წინაპრები აკეთებდნენ, მათ კი წარმოდგენა არ ჰქონდათ კოპერნიკის სისტემაზე. გარდა ამისა, მეტყველების გამარტივებულ ფორმებს მივმართავთ შედარებით თანამედროვე მოვლენებზე საუბრისას და შესაბამისად, მათი აღწერის არასწორი (არამეცნიერული) მანერა წინაპართაგან მემკვიდრეობით ვერ გადმოგვეცემოდა. ასე მაგალითად, ჩვენს საუბარში ელექტრობა სადენებში მორბის, იგივე ელექტრობა გაუფრთხილებელ ადამიანს ურტყამს და ა.შ. ჩვენ უამრავ სხვადასხვაგარ მოვლენას აღვწერთ ცოცხალი არსების საქციელის მსგავსად-ასე უფრო მოსახერხებელია. აბა გაიხსენეთ, როგორ ესაუბრება ზოგიერთი ჩვენი ნაცნობი საკუთარ ავტომობილს: გეგონებათ, მის წინაშე მექანიზმი კი არა, ცოცხალი არსება იდგეს, რომელსაც შეგნება, ხასიათი და ჩვეულებები გააჩნია.
სინამდვილეში, ეს ყველაფერი ადამიანთა საერთო თავისებურება გახლავთ- პოეტური ენით ისაუბროს გარესამყაროზე და იმ მოვლენებზეც კი, რომელთა განჭვრეტა გონებით შეუძლია. და აი, ბიბლიაშიც ვკითხულობთ ღმერთის ხელზე, ფეხზე, თვალზე, ყურზე და ცხვირზეც კი, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ბიბლიის ავტორებს სულაც არ უგულისხმიათ, რომ უფალ ღმერთს ადამიანის მსგავსი სხეულის ნაწილები გააჩნია. ეს გახლავთ უფლის ამქვეყნიურ ქმედებათა აღწერის საშუალება-მოსახერხებელი და გასაგები. სწორედ ამგვარი პოეტური აღწერის ხერხად შეგვიძლია, მივიჩნიოთ ბევრი რამ იქიდან, რასაც გარესამყაროს აღწერილობაზე ვკითხულობთ ბიბლიაში: დედამიწა ერთგვარი სიბრტყეა, რომელიც რაღაც მყარზე დგას, ზემოდან ცის თაღი ახურავს და ა.შ. იმ შორეულ ეპოქაში, როცა ბიბლია იქმნებოდა, ადმიანებს დაახლოებით ასეთი წარმოდგენა ჰქონდათ სამყაროზე და მიუხედავად ჩვენი ცოდნისა, რომ ყოველივე ზემოთქმული პირდაპირი გაგებით ზედმიწევნით ზუსტი და სწორი არ არის, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, სამყაროს ხსენებული აღწერილობა მეტაფორად აღვიქვათ, მით უმეტეს, რომ ბიბლია პლანეტის ფორმებზე კი არ გვაწვდის ცნობებს, არამედ სამყაროს შემქმნელსა და მის ჩანაფიქრზე.
ამით, რა თქმა უნდა, ბიბლიის ტექსტის მიმართ სამეცნიერო თვალსაზრისით გამოთქმული პრეტენზიები არ ამოიწურება.
სამეცნიერო თვალსაზრისით
ბიბლიაში აღწერილი მოვლენები ყოველთვის არ ემთხვევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დასკვნებს. აქ უპირველესად, უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდა წერილი არ ყოფილა ჩაფიქრებული როგორც სამეცნიერო ტრაქტატი. უფრო მეტიც, იმ დროისათვის, როცა ბიბლია იწერებოდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები უბრალოდ ჯერ არ არსებობდა და კაცობრიობა არ იცნობდა სამეცნიერო მსჯელობის მთელ იმ სიმკაცრეს, რომლითაც დღეს არის შესაძლებელი ამა თუ იმ მოვლენის ახსნა.
მაგალითად, ბიბლია გვამცნობს საყოველთაო, მსოფლიო წარღვნის ( რომელიც გარკვეული თვალსაზრისით ასევე სასწაულია) შესახებ. იგივეს ადასტურებს ძველად მცხოვრები ხალხების თქმულებები და გადმოცემები, მაგრამ გეოლოგები კატეგორიულად უარყოფენ იმ მოსაზრებას, რომ დედამიწის მთლიანი ტერიტორია ოდესმე წყლით ყოფილიყო დაფარული. ამასთანავე, ძნელად წარმოსადგენია, რომ ნოეს ცხოველთა სამყაროს აბსოლუტურად ყველა წარმომადგენელი აეყვანა კიდობანზე: საამისოდ მას უნდა მოეწყო ექსპედიციები ყველა კონტინენტზე, თავი მოეყარა მილიონობით სახეობისთვის და მოეთავსებინა კიდობანზე (მათ სამყოფ საკვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ).
ყოველივე ზემოთქმულის საპასუხოდ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გამონათქვამი „მსოფლიო წარღვნა“ შეიძლება, გადაჭარბებული იყოს. ყველაფერი გაცილებით უფრო დამაჯერებელი გახდება იმის გათვალისწინებით, რომ იმ ეპოქის ადამიანის თვალსაწიერი საკმაოდ შეზღუდული გახლდათ.მაგ. შეგვიძლია გავიხსენოთ მოგვიანებით მომხდარი ლოკალური კატასტროფა, როდესაც სოდომიდან და გომორიდან გამოქცეულ ლოთის ქალიშვილებს ეგონათ, რომ მათი ოჯახის გარდა მთელი დანარჩენი კაცობრიობა დაიღუპა(დაბად.19;31). მათი სამყარო იმდენად პატარა იყო, რომ მშობლიური მხარის საზღვრებს არ სცილდებოდა.
ზოგადად, ისეთი სიტყვები, როგორიცაა „მთელი“, „ყველა“ და „ყველაფერი“ ხშირად გამოიყენება „ბევრის“ მნიშვნელობით. ეს ჩვენს ყოველდღიურობასაც ეხება („მთელ ფულს სასმელზე ხარჯავს“, „მთელი დღე თოჯინებით თამაშობდა“), და ბიბლიასაც. მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ გამოსვლათა წიგნის რამოდენიმე ეპიზოდი, რომლებშიც აღწერილია, თუ როგორ გაწყდა შავი ჭირისგან „მთელი საქონელი მთელს ეგვიპტეში“ (9;6), შემდგომ ირკვევა, რომ მთელ საქონელზე არ ყოფილა საუბარი, რადგან იმავე საქონელს გამონაყარი უჩნდება (9;10), ამის შემდეგ მთელი პირუტყვი კიდევ ერთხელ იღუპება სეტყვისაგან (9;25) და ბოლოს მოკვდება „ყოველი პირუტყვის პირველმოგებული;“ (11;5). იქნებ ამის მსგავსად მსოფლიო წარღვნაშიც პირდაპირი მნიშვნელობით მთელი მსოფლიო კი არა, დედამიწის გარკვეული ტერიტორიის ძალიან დიდი ნაწილი უნდა ვიგულისხმოთ? მით უმეტეს, რომ ნოეს შთამომავალთა შორის მხოლოდ იმ ხალხს აღმოვაჩენთ, ვინაც ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხების წინაპრებად ითვლებიან — აი ბიბლიის ავტორთა „მთელი მსოფლიო“. არც ამერიკა, არც ავსტრალია და არც აზიის, აფრიკისა თუ ევროპის შორეული რეგიონები მათთვის ცნობილი არ იყო.
რაც შეეხება ევოლუციასა და მასთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობას, მკითხველისათვის ეს ყველაფერი საკმაოდ კარგად უნდა იყოს ცნობილი საიმისოდ, რომ დაწვრილებით შევჩერდეთ მასზე. ბიბლიაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ სამყაროცა და ყოველი სულდგმულიც ამ სამყაროში ღმერთმა შექმნა, მაგრამ-როგორ, ამას აღარ აზუსტებს. ვინ იცის, ეგებ ევოლუცია შექმნის ერთ-ერთი ინსტრუმენტიც კი იყო? საუკუნეზე მეტი გავიდა მას აქეთ, რაც მეფის რუსეთში ჩ. დარვინის წიგნი ცენზურამ აკრძალა და ა.კ.ტოლსტოი მახვილგონივრული ლექსით გამოეხმაურა ამ მოვლენასა და ევოლუციასთან დაკავშირებულ პოლემიკას. ლექსის დედანს თან ახლავს სამოყვარულო დონეზე შესრულებული თარგმანი, რისთვისაც მკითხველს ბოდიშს ვუხდით:
Способ, как творил Создатель — ის, თუ როგორ ქმნიდა ღმერთი
Что считал Он боле кстати — და რას სთვლიდა ის საჭიროდ
Знать не может председатель — არ შეიძლება, იცოდეს
Комитета по печати — თავმჯდომარემ ბეჭდვით საქმის.
ბიბლიის ყველა მკითხველი არ ეთანხმება ასეთ მიდგომას, ზოგიერთისთვის (მათ „ფუნდამენტალისტებს“ უწოდებენ და ეს მოძრაობა პროტესტანტიზმისგან წარმოიშვა.) ბიბლიაში დაწერილი ყოველი სიტყვა უდავო ჭეშმარიტებაა, ამ სიტყვის ზედმიწევნით პირდაპირი გაგებით. თუ ნათქვამია, რომ ღმერთმა სამყარო ექვს დღეში შექმნა, ეს აღიქმება როგორც ექვსი 24 საათიანი მონაკვეთი, ხოლო თუ გეოლოგები და პალეონტოლოგები ამტკიცებენ, რომ მათი მეცნიერული მონაცემების მიხედვით ჩვენი პლანეტის შექმნიდან მასზე ადამიანის შექმნამდე მილიარდობით წელია, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ სამყარო უნდა შექმნილიყო არა როგორც თვისობრივად ახალი, არამედ ერთგვარი „ძველი“ სახით თავისი გეოლოგიური შრეებითა და მათში ჩამარხული უძველესი პალეონტოლოგიური ნაშთებითურთ.
რამდენად მართებულია ესა თუ ის მეცნიერული თეორია პლანეტის შექმნის, მასზე სიცოცხლის და ადამიანური გონების წარმოშობის მექანინიზმებთან მიმართებაში, ეს თავად მეცნიერებმა არკვიონ, ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ბიბლია სამყაროს შემოქმედსა და მის ღვთაებრივ ჩანაფიქრზე მოგვითხრობს.
პიროვნული ფაქტორი
ბიბლიაში არსებულ ზოგიერთ წინააღმდეგობას ვერც მის მიმართ ფუნდამენტალისტური მიდგომა ხსნის. ჯერ ერთი, ბიბლიის სხვადასხვა წიგნებს შორის არსებობს განსხვავებები. ასე მაგალითად, მათესა (1; 1-17) და ლუკა (3; 23-38) მახარობლებს არცთუ ერთნაირი მონაცემები მოჰყავთ მაცხოვრის გენეოლოგიის თაობაზე, დავითისეული აღწერის რიცხობრივი მონაცემები განსხვავდება მეფეთა (2 მეფ 24;9) და ნეშტთა (1 ნეშ 21;5) წიგნებში; მარკოზის (2;26) სახარებაში დავითის ცხოვრების ეპიზოდის თხრობისას მაშინდელ მღვდელმთავარს ქრისტე მოიხსენიებს აბიათარად, ხოლო მეფეთა (1 მეფ 21) წიგნში იმავე მღვდელმთავრის სახელი აბიმელექია, აბიათარი კი მის შემცვლელად მოსჩანს.
გარდა ამისა, განსხვავებები გვხვდება ბიბლიის ტექსტსა და თანამედროვე ისტორიულ მეცნიერებათა მონაცემებს შორისაც. ეს კი უფრო სხვა რამ გახლავთ, ვიდრე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან არსებული განსხვავებები. ეს უკანასკნელნი ზოგადად სამყაროში მიმდინარე პროცესების ახსნას ემსახურებიან, ისტორია კი გვამცნობს, თუ სახელდობრ რა მოხდა კონკრეტულად მოცემულ დროის პერიოდში, ამ შემთხვევაში სიზუსტის სხვა, უფრო მაღალი დონე მოითხოვება. ასე მაგალითად, დანიელ წინასწარმეტყველის (5; 11) წიგნში ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი იწოდება მეორე მეფის-ბალთასარის მამად, მაშინ, როცა ბაბილონური წყაროებიდან დანამდვილებით ვიცით, რომ ბალთასარის მამა და ტახტის უშუალო წინამორბედი ნაბონიდი იყო, ხოლო ნაბუქოდონოსორ II -შორეული და არაპირდაპირი ნათესავი.
ვცადოთ, შეძლებისდაგვარად გავერკვეთ ხსენებულ განსხვავებებში. ჯერ ერთი, დანიელის წიგნის ავტორს შეიძლებოდა, ზუსტად არ სცოდნოდა, რა ურთიერთობები აკავშირებდათ ნაბუქოდონოსარსა და ბალთასარს, ისევე, როგორც ქრისტეს გენეოლოგიის გადმოცემისას მახარობლები შეიძლება, სხვადასხვა წყაროებს დაყრდნობოდნენ. მეორე, დანიელის წიგნის ავტორს შეიძლება, იმ აზრით ეწოდებინა ნაბუქოდონოსორისათვის ბალთასარის „მამა“, რომ პირველი მეორის სახელოვანი წინაპარი და წინამორბედი იყო. რაც შეეხება იესო ქრისტეს გენეოლოგიური ხაზის საკითხს, საკმაოდ დამაჯერებლად მოსჩანს ვერსია იმის თაობაზე, რომ მახარობელთაგან ერთ-ერთი ქრისტეს ბიოლოგიურ წინაპრებზე გვაუწყებდა, ხოლო მეორე-„სოციალურ“ წინაპრებზე: გვაროვნულ წყობაში არსებობს საქორწილო ჩვეულება ლევირატი (ლათ. Levirმაზლი), რომელიც უშვილოდ დარჩენილ ქვრივ ქალს რიგ შემთხვევებში აიძულებს, რიგ შემთხვევებში კი უფლებას აძლევს, ცოლად გაჰყვეს მაზლს და ასეთი ქორწინების შედეგად გაჩენილი ვაჟი გარდაცვლილის შვილად და მემკვიდრედ ითვლება, თუმცა პირდაპირი მნიშვნელობით, რაღა თქმა უნდა, მისი შვილი კი არა, ძმისწულია.
ბიბლიის ხელნაწერების შექმნის პროცესს თუ წარმოვიდგენთ, ხსენებულ უზუსტობებს შეიძლება, სხვა ახსნა-განმარტებებიც მოეძებნოს. ავტორი ქმნის ერთადერთ ხელნაწერს, მისგან კი სხვადასხვა მიზეზთა გამო ასლები კეთდება. ზოგიერთ შემთხვევაში განსხვავებული ტექსტები შესაძლოა, მოგვიანებით ერთ წიგნად გაერთიანებულიყო (ასე მაგალითად, წინასწარმეტყველთა წიგნები აშკარად სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა გარემოებათა გამო წარმოთქმული წინასწარმეტყველებებისაგან არის შედგენილი). ჩვენამდე ამ წიგნმა, ასე ვთქვათ, ასლების ასლებით მოაღწია და სავსებით დასაშვებია, რომ ასლების გადაწერის სხვადასხვა სტადიაზე მასში მცირეოდენი უზუსტობანი გაპარულიყო.
სწორედ ასეთი უნებლიე შეუსაბამობის თვალსაჩინო მაგალითია მეფეთა პირველი წიგნის მე-13 თავი (1 მეფ. 13-1), რომლის რუსეთის საპატრიარქოს წმინდა სინოდალურ თარგმანში, ისევე, როგორც ქართველი მკითხველისათვის უფრო ყურადსაღებ ძველი აღთქმის მცხეთურ ხელნაწერში (მთარგმნ. შენიშვნა) ვკითხულობთ: „შვილი იყო საულ წელიწადისა ერთისა, ვინათგან დაჯდა იგი მეფედ და მეორესა წელსა მეფობისა მისისა ისრაელსა ზედა…“ სინამდვილეში ასეთი თარგმანი საკმაოდ რთული პრობლემისათვის თავის არიდებაა. აქ ავტორი იყენებს სტანდარტულ ფრაზას: ამდენი და ამდენი წლის იყო მეფე ტახტზე ასვლისას, და ამდენი და ამდენი წელი გაგრძელდა მეფობა მისი. მაგრამ, როგორც ჩანს, თავისებურებებით გამორჩეული ძველებრაული ხელნაწერის გადაწერისას ტექსტში დაიკარგა ათეულის აღმნიშვნელი, დარჩა მხოლოდ ერთეულის აღმნიშვნელი და ტექსტის ხსენებულმა ნაწილმა შემდეგი ჟღერადობა შეიძინა: „ერთი წლის ასაკში საული გამეფდა, და ორ წელიწადს მეფობდა ისრაელსა ზედა“. რამდენად სარწმუნოა, რომ საული ასეთ ჩვილ ასაკში გამეფებულიყო? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში აშკარად გადამწერის შეცდომასთან უნდა გვქონდეს საქმე. ძველბერძნულ ხელნაწერებში ეს ადგილი, როგორც წესი, გამოტოვებულია, თანამედროვე მთარგმნელები კი მსგავს ვარაუდს გამოთქვამენ: „31 წლის ასაკში გამეფდა, და 42 წელს მეფობდა ისრაელზე“. რამდენად მართებულია ეს ვარაუდი, ცალკე მსჯელობის საგანია, ყოველივე ზემოთქმული კი ტექსტის უნებლიე დამახინჯების საუკეთესო ნიმუშია.
დროებითი და მარადიული
იმ შემთხვევაშიც კი, თუ შევთანხმდებით, რომ ბიბლიის მავან ავტორს ან გადამწერს სახელები ან ციფრები არეოდა, ამაში არაფერი სკანდალური არ იქნება. ჩვენ გვწამს, რომ ბიბლია ჭეშმარიტებას გვაუწყებს ღმერთზე, ადამიანზე, სიწმინდეზე, ცოდვაზე, სინანულსა და ხსნაზე. წვრილმანი უზუსტობანი კი ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენენ იმ მთავარზე, რასაც ბიბლია გვასწავლის. პირიქით, მათი არსებობა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბიბლიის სახით თვით უფლის მიერ დაწერილი, ერთგვარი სრულყოფილი და ხელთუქმნელი ტექსტი კი არ მიგვიღია ზეციდან, არამედ მას ადამიანები წერდნენ, სულიწმინდის მადლით აღვსილი ადამიანები, რომელთაც საკუთარი ეპოქის შესაბამისი შეხედულებანი ჰქონდათ გარესამყაროზე და რომელთა მეხსიერება ყოველთვის იდეალური და უნაკლო ვერ იქნებოდა. მათი ადამინური ხმა, მათი პიროვნულობა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის — ეკლესიამ მეორე საუკუნეში შეგნებულად უარყო ღვთისმეტყველ ტატიანე სირიელის მცდელობა ოთხი სახარებისაგან შეედგინა ერთობლივი ვერსია, ე.წ. „დიათესარონი“. დიახაც, საჭიროა ოთხი თვითმხილველი, რომლებიც განირჩევიან წვრილმანებში (კეთილგონიერი ბოროტმოქმედის შესახებ მხოლოდ ლუკას (23; 40-43) სახარება მოგვითხრობს), მაგრამ სრულიად ერთნი არიან მთავარში. სწორედ ამგვარად დამოწმებული შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტებად: თუ ოთხი ადამიანი სიტყვა-სიტყვით იმეორებს ერთსა და იმავეს, ჩათვალეთ, რომ მათ პირი შეჰკრეს და ცრუობენ.
ბიბლია და მეცნიერება ერთმანეთისაგან განსხვავებულ საკითხებზე განსხვავებული მიზნებითა და განსხვავებული ენით მეტყველებენ, ამიტომ, შეუძლებელია მათგან სრული თანხვედრა მოვითხოვოთ. ასი წლის მერე, დღევანდელი „მეცნიერების უახლესი მიღწევები“ მოძველებულ და მივიწყებულ თეორიებად გადაიქცევიან, მარადიული ძიების პროცესში კაცთა მოდგმის ცნობისმოყვარე გონება განუწყვეტლივ აღმოაჩენს მეცნიერული თვალთახედვის ახალ-ახალ ჰორიზონტებს.
სიტყვა უფლისა კი არას დაგიდევთ არც პირველი საუკუნის თეორიებს, არც ოცდამეერთე და არც, გნებავთ, ორმოცდამეერთე საუკუნისას (ჩვენ რომ მათი გაცნობის საშუალება მოგვცემოდა, იმასაც კი ვერ გავიგებდით, რაზე იქნებოდა მათში საუბარი). ბიბლია კაცობრიობას მარადიულ ჭეშმარიტებებს სთავაზობს.
ანდრია დესნიცკი
თარგმნა დავით ქოქრაშვილმა