ქრისტეს ორი ნება

ქრისტეს ორი ნება

მე-6 საუკუნეში ზოგიერთი ღვთისმეტყველი იმის შესახებ ლაპარაკობდა, რომ ქრისტში უნდა გვეღიარებინა ორი ბუნება, მაგრამ არა დამოუკიდებელი, არამედ ერთი „ღმერთკაცობრივი ქმედების“ მქონე, ერთი ენერგია; აქედან გამომდინარეობს მწვალებლობის სახელწოდებაც-მონოენერგიზმი. VII საუკუნის დასაწყისისთვის ჩამოყალიბდა კიდევ ერთი მიმდინარეობა-მონოთელიტობა, რომელიც ქრისტეში ერთ ნებას აღიარებდა. ორივე მიმდინარეობა უარყოფდა ქრისტეს ორი ბუნების დამოუკიდებლობას და ასწავლიდა მისი ადამიანური ნების სრულ შთანთქმას ღვთაებრივი ნებით. მონოთელიტურ შეხედულებას იზიარებდა სამი პატრიარქი: ჰანორე რომაელი, სერგი კონსტანტინოპოლელი და კვიროს ასექსანდრიელი. ისინი იმედოვნებდნენ, კომპრომისის გზით შეერიგებინათ მარლთმადიდებლები მონოფიზიტებთან.

VII საუკუნის შუაპერიოდში მონოთელიტების მთავარი მამხილებლები იყვნენ კონსტანტინოპოლელი ბერი, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი და პაპი მარტინი,-რომის კათედრაზე ჰონორის მემკვიდრე. წმინდა მაქსიმე ასწავლიდა ქრისტეში ორი ენერგიისა და ორი ნების არსებობის შესახებ: „ქრისტე, არის რა ბუნებით ღმერთი, სარგებლობდა ნებით, რომელიც ბუნებით იყო ღვთაებრივი და მამისეული, რამეთუ მას და მამას ერთი ნება აქვთ. ხოლო არის რა ბუნებით ადამიანი, იგი ასევე სარგებლობდა ბუნებრივი ადამიანური ნებით, რომელიც ოდნავაც არ ეწინააღმდეგებოდა მამის ნებას“. ქრისტეს ადამიანური ნება, თუმც ჰარმონიაში იმყოფებოდა საღვთო ნებასთან, იყო სრულიად დამოუკიდებელი. ეს განსაკუთრებით ჩანს მაცხოვრის ლოცვის მაგალითზე გეთსიმანიაში: მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ ( მათე 26,39) ასეთი ლოცვა შეუძლებელი იქნებოდა, ქრისტეს ადამიანური ნება რომ მთლიანად შთანთქმულიყო ღვთაებრივი ნებით.

ქრისტეს ჭეშმარიტი აღმსარებლობის გამო წმინდა მაქსიმე მკაცრ სასჯელს ეწია: მას ენა ამოგლოჯეს და მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს. იგი გადასახლებაში გარდაიცვალა ისევე, როგორც პაპი მარტინი. მაგრამ 680-681 წლებში კონსტანტინოპოლში გამართულმა VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაამტკიცა წმინდა მაქსიმეს მოძღვრება: „ ვქადაგებთ… რომ მასში (ქრისტეში) არის ორი ბუნებრივი ნება ანუ სურვილი, და ორი ბუნებრივი ქმედება განუყოფლად, უცვალებლად, განუშორებლად, შეურევნელად. ეს ორი ბუნებრივი ნება ერთი მეორის საპირისპირო არ არის… მაგრამ მისი ადამიანური ნება… ექვემდებარება საღვთო და ყოვლადძლიერ ნებას“ როგორც სრულყოფილი ადამიანი, ქრისტე თავისუფალ ნებას ფლობდა, მაგრამ ეს თავისუფლება არ ნიშნავდა მისთვის არჩევნის შესაძლებლობას კეთილსა და ბოროტს შორის. ქრისტეს ადამიანური ნება თავისუფლად ირჩევს მხოლოდ კეთილს-და არანაირი კონფლიქტი მასსა და საღვთო ნებას შორის არ არსებობს.
ამგვარად ცხადდებოდა ეკლესიის საღვთისმეტყველო გამოცდილებით საიდუმლო ქრისტეს ღმერთ-კაცობრივი პიროვნებისა-ახალი ადამისა და მსოფლიოს მაცხოვრისა.

 

ავტორი: მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი