ლოცვა გარდაცვლილთათვის

ლოცვა გარდაცვლილთათვის

წესის აგების მსახურებაში არის სიტყვები, რომლებიც წარმოითქმის თოთქოსდა გარდაცვლილის პირით: „ყოველნი მხედავთ მე წინაშე თქუენსა უხმოდ, და უსულოდ მდებარესა. ჰსტიროდეთ ჩემთვის, ძმანო და მეგობარნო, მოყუასნო და მეცნიერნო, რამეთუ გუშინ თქუენ თანა მზრახუელვიყავ, და მეყვსეულად მოიწია ჩემ ზედა ჟამი სიკუდილისა. აწ უკუე მოვედით ყოველნი მოყუასნი ჩემნი და ამბორსმიყავთ მე უკანასკნელთა ამბორის ყოფითა, რამეთუ ამიერითგან თქუენ თანა არღარა ვიდოდე, არცა ვჰზრახვიდე. მსაჯულისა მივალ, სად იგი არა არს თუალღება. რამეთუ მონა და უფალი ერთბამად წარჰსდგებიან, მეფე და მხედარი, მდიდარი და გლახაკნი, კაცად-კაცადნი, გინა თუ იდიდოს, გინა თუ სირცხვილეულ იქმნას. არამედ ვითხოვ ყოველთაგან და გევედრები, დაუცხრომელად ევედრენით ჩემთვის ქრისტესა ღმერთსა, რაითა არა განგდებულ ვიქმნე ცოდუათაებრ ჩემთა, ადგილსა სატანჯუელისასა. არამედ რაითა დაწესებულ ვიქმნე, სადა იგი არს ნათელი ცხოვრებისაი“.

გარდაცვლილთათვის ლოცვის შესახებ შესანიშნავად აღნიშნავს დოსტოევსკი თავისი ნაწარმოების გმირის, ზოსიმე ბერის პირით: „ყოველთვის, როცა შეგიძლია, იმეორე შენს გულში: „უფალო, შეიწყალე ყოველი, შენ წინაშე დღევანდელ დღეს წარდგომილი“. რამეთუ თითოეულ ჟამს და თითოეულ წამს ათასობით ადამიანი ტოვებს თავის ცხოვრებას დედამიწაზე და მათი სულები უფლის წინაშე წარდგინდებიან. რამდენი მათგანი გავიდა ამქვეყნიდან უჭირისუფლო, ყველასაგან დავიწყებული, დარდითა და წუხილით, არავისგან შებრალებული… და აი, შეიძლება ქვეყნის სხვა კიდიდან უფალთან აღვიდეს მისთვის შენი ლოცვა, თუნდაც არც შენ იცნობდე მას და არც ის- შენ. რამდენად მანუგეშებელი იქნება მისთვის, უფლის წინაშე შიშით წარდგომილისთვის იმის შეგრძნება, რომ მისთვისაც არის ვიღაც მლოცველი, რომ დაშთომილ არს ქვეყანად ადამიანური არსება, რომელსაც ისიც უყვარს. ღმერთიც სულგრძელ გადმოგხედავთ ორივეს, და თუკი შენ ესოდენ შეიბრალე იგი, მაშინ რაოდენ უფრო შეიბრალებს მიუტევებს მას შენი მეოხებით“

გარდაცვლილთათვის ლოცვა ეკლესიის უძველესი ტრადიციაა, საუკუნეებით განწმედილი. ხორცთან გაყრის შემდეგ ადამიანის სული გადის ხილული სამყაროდან, მაგრამ ის არ ტოვებს ეკლესიას, არამედ მის წევრად რჩება, და მიწაზე დარჩენილთა ვალია- ილოცონ მასზე. ეკლესიას, ეჭვგარეშეა, სწამს, რომ ლოცვა ამსუბუქებს ადამიანის სიკვდილის შემდგომ ხვედრს და, რომ უფალი იწირავს ლოცვებს არა მარტო გარდაცვლილი მართლებისათის აღვლენილთ, არამედ -ტანჯვაში მყოფ ცოდვილთათვისაც. განსაკუთრებული ძალისაა ლიტურგიის ლოცვები: „ ქრისტეს წმინდა მსხვერპლშეწირვა, ჩვენი მაცხონებელი მსხვერპლი, დიდ სარგებელს ანიჭებს სულებს სიკვდილის შემდეგაც კი, რაც განპირობებულია იმით, რომ მათი ცოდვები შეიძლება მიტევებულ იყოს მომავალ ცხოვრებაში,-ამბობს წმინდა მღვდელთმთავარი გრიგოლ დიდი.- ამიტომ გარდაცვლილთა სულები ზოგჯერ ითხოვენ, რომ მათთვის ლიტურგია აღსრულდეს“.

ცნობილია შემთხვევები, როდესაც გარდაცვლილები ეცხადებოდენენ ცოცხლებს- ძილში ან ცხადში- და სთხოვდნენ ევქარისტიულ მოხსენიებას. მე-19 საუკუნის ბოლოს ერთ მღვდელმონოზონს ძილში გამოეცხადა წმინდა მღვდელთმთავარი თეოდოსი ჩერნიგოველი ( მღვდელმონოზონი ამ დროს მის წმინდა ნაწილებთან იჯდა) და სთხოვა, ლიტურგიაზე მოეხსენებინა მისი მშობლები-მღვდელი ნიკიტა და მარიამი. „როგორ  შეგიძლია შენ, ჰოი, წმინდა მღვდელთმთავარო, ითხოვო ჩემი ლოცვები, როდესაც შენ თვითონ დგახარ ზეციური საყდრის წინაშე?..“- ჰკითხა მღვდელმონოზონმა. „დიახ, ეს მართალია, -უპასუხა წმინდა მღვდელთმთავარმა თეოდოსიმ,-მაგრამ ლიტურგიაზე მსხვერპლშეწირვა ჩემს ლოცვებზე ძლიერია“ (ამ მოვლენამდე წმინდა თეოდოსის მშობლების სახელები უცნობი იყო, მაგრამ შემდგომში, რამდენიმე წლის შემდეგ, იპოვეს მოსახსენებელი წიგნაკი თვით წმინდა მღვდელთმთავრის ხელით დაწერილი, მღვდელ ნიკიტასა და მარიამის სახელებით).

ლიტურგია არის მსხვერპლი, რომელიც შეიწირება „სამყაროს ცხონებისათვის“, ანუ ცოცხლებისა და გარდაცვლილებისათვის. ლოცვა, რომელსაც მღვდელი კითხულობს ლიტურგიის წინ და მიეწერება წმინდა ამბროსი მედიოლანელს, წარმოადგენს ლათინური ანაფორის ფრაგმენტს. მასში ნათქვამია: „გევედრებით შენ, მამაო წმიდაო, სარწმუნოებაში აღსრულებულთა სულთათვის, დაე, შეეწიოს მათ გამოხსნას, ცხონებას, სიხარულსა და მარადიულ ნეტარებას ეს დიდი კეთილკრძალული საიდუმლო. უფალი ღმერთო ჩემო, მიანიჭე მათ დღეს შენგან ყოვლადსრული ნუგეში, რომელი ხარ პური ჭეშმარიტი, ცხოველი, ზეცით გარდამოსული და მსოფლიოსათვის ცხოვრების მიმცემელი, შენი ყოვლადწმინდა ხორცისაგან, უბიწო კრავისაგან, სოფლის ცოდვების მტვირთველისაგან. დაარწყულე იგინი შენი სახიერების ნაკადით, ჯვარზე განგმირული გვერდიდან გარდამოსულით…“

სულთმოფენობის დღესასწაულის მუხლთდრეკის ლოცვებში არის ვედრება ჯოჯოხეთში პყრობილთათვის, რათა უფალმა განუსვენოს მათ „სოფელსა მას ცხოველთასა სამეუფეოსა ზეცათასა, სამოთხესა საშუებელისასა“. ეკლესიას სწამს, რომ ცოცხლების ლოცვით შეიძლება ღმერთმა შეუმსუბუქოს საიქიო ცხოვრება გარდაცვლილებს- გამოიხსნას ისინი სატანჯველისაგან და მიანიჭოს ცხონება წმინდანებთან ერთად.

შუასაუკუნეების ერთი დასავლური მოთხრობა გვიამბობს მღვდლის შესახებ, რომელმაც სულის მოსახსენიებელი ლიტურგიის აღსრულებისას იხილა ურიცხვი სიმრავლე სულებისა, რომლებიც სატანჯველიდან გამოდიოდნენ „ცეცხლის ურიცხვი ნაპერწკალის მსგავსად, და იხილა, რომ ისინი ზეცად ადიოდნენ ქრისტეს ვნებების დამსახურებით, რამეთუ ქრისტე ყოველდღე შეიწირება მსხვერპლად ცოცხალთა და გარდაცვალებულთათვის“. ეს მოთხრობა გამოხატავს იმას, რაც გარდაცვლილთათვის აღსრულდება ლიტურგიული ლოცვის დროს: სულები თავისფლდებიან ტანჯვისაგან და უერთდებიან ქრისტეს.

ლიტურგიული ლოცვა წარმოადგენს ლოცვა ეკლესიის შვილებისათვის. მაგრამ შეიძლება თუ არა უნათლავთათვის ლოცვა, განსაკუთრებით, თუ ის ეკლესიის გარეთ მოკვდა? წმინდა გარდამოცემაში ამაზე პირდაპირი პასუხი არ არის, თუმცა არსებობს მრავალი ირიბი მოწმობა იმისა, რომ ლოცვა ეკლესიის გარეთ გარდაცვლილთათვის მიიღება ღმერთის მიერ, და ისინი იღებენ შემსუბუქებას და ნუგეშს. „ანბანურ პატერიკში“ მოთხრობილია წმინდა მაკარი ეგვიპტელზე, რომელიც ერთხელ უდაბნოში მიდიოდა და ქვიშაში თავის ქალა დაინახა; შეეხო მას ჯოხით და ჰკითხა: „ვინა ხარ შენ?“ თავის ქალამ უპასუხა: „მე კერპთთაყვანისმცემელთა მოგვი ვიყავი, რომლებიც ამ ადგილებში ცხოვრობდნენ, შენ კი- ამბა მაკარი, ვისაც შინაგან გაქვს სულიწმიდა, იჩენ რა გულომოწყალებას იმათ მიმართ, რომლებიც მარადიულ ტანჯვაში იმყოფებიან და მათთვის ლოცულობ, გარკვეულ შემსუბუქებას იღებენ ისინი“. შემდგომ ამისა, თავის ქალამ უთხრა მაკარის, რომ კერპთაყვანისცემელთა ტანჯვა არ არის ყველაზე საშინელი, რადგან მათზე ქვევით ჯოჯოხეთში იმყოფებიან ის ქრისტიანენი, რომელთაც არ აღასრულეს ღვთის ნება.

სხვა, კიდევ უფრო შემაძრწუნებელი მოთხრობა გხვდება წმინდა გრიგოლ დიოლოღოსის ზოგიერთ ადრეულ ცხოვრებებში, კერძოდ, იმის შესახებ, თუ როგორ „მოინათლა“ იმპერატორ ტრაიანეს სული ჯოჯოხეთში წმინდა გრიგოლის ცრემლებით. ტრაიანე ქრისტიანების მდევნელი იყო, მაგრამ მას ერთი კეთილი საქმე ჰქონდა გაკეთებული (ქვრივს გამოესარჩლა) და ეს ცნობილი გახდა წმინდა გრიგოლისათვის. სიბრალულით აღვსილი, იგი წავიდა ეკლესიაში და მდევნელის სულისთვის იქამდე ილოცა ცრემლებით, ვიდრე არ გამოეცხადა, რომ მისი ლოცვა შესმენილ იქნა. „დაე, ნურავის გაუკვირდება, როდესაც ვამბობთ, რომ იგი ( ტრაიანე) მოინათლა, რამეთუ ნათლობის გარეშე ვერავინ იხილავს ღმერთს, ხოლო ნათლობის მესამე სახე-ეს არის ცრემლებით ნათლობა“, — ამბობს წმინდა გრიგოლ დიოლოღოსის ცხოვრების აღმწერელი. „თუმცა ეს იშვიათი შემთხვევაა, კომენტარს უკეთებს ამ მონათხრობს მღვდელმონოზონი სერაფიმე (როუზი), — მაგრამ ეს შემთხვევა იმედს აძლევს იმათ, რომელთა ახლობლებიც ურწმუნოებაში გარდაიცვალენ“.

დეკანოზი ე.აკვილინოვი 1905 წელს ჟურნალში „»Церковном вестнике» “ წერდა, რომ გარდაცვლილი ლუთერანისათვის აღვლენილი ლოცვა უსიამოვნი იქნება თვით ამ ლუთერანელისთვის, რადგან სიცოცხლეში მას არ სწამდა გარდაცვლილთათვის ლოცვისა; ეს მისთვის გამოუთხოველი (დაუპატიჟებელი) სამსახური იქნება, რამეთუ „სიკვდილის ჟამს ის არ ფიქრობდა მარლთლმადიდებლობაზე მოქცევის შესახებ“. ავტორს მაგალითად მოჰყავს სხვადასხვა კორპორაცია, ასოციაცია,სამეცნიერო და სამრეწველო საზოგადოება, რომლებიც მკაცრად იცავენ თავიანთ კორპორაციულ „საზღვრებს“ და არ უშვებენ, შეაღწიონ იქ გარეშე პირებმა: „ეკლესიის თითოეული წევრი ვალდებულია აღზარდოს თავის თავში ჭეშმარიტი ქრისტიანული, მარლთლმადიდებლურ-ქრისტიანული კორპორაციული სული და არ დაივიწყოს მოყვასისადმი სიყვარულის ვალდებულებასთან ერთად, მკაცრად რომ უნდა ეპყრას ხელთ საეკლესიო დროშა“.

დეკანოს აკვილინოვს შეეპასუხა ვ. სოკოლოვი, ავტორი მოსკოვის სასულიერო აკადემიის მიერ გამოცემული წიგნისა „შეიძლება თუ არა ეკლესიაში ლოცვა სხვა რწმენაში გარდაცვლილთათვის და ვართ თუ არა ვალდებულნი ვილოცოთ“: „ყველა ამ საუბარში ისმის რაღაც უჩვეულო გულქვაობა, რაღაც დაწვრილმანებულ-თავმოყვარეობრივი ზრუნვა იმაზე, რომ როგორმე არ გაუწიო ვინმეს ზედმეტი სამსახური და ამით არ აღმოჩნდე მისთვის თავმოხვეული და დაუპატიჟებელი; მათში სავსებით დავიწყებულია ის, რომ, მიუხედავად აღმსარებლობის განსხვავებულობისა ჩვენ, ყველანი ქრისტიანები ვართ, და ამიტომ, რა კი მოყვასი გვიყვარს, ვალდებულნი ვართ, აღმოვუჩინოთ მათ დიდი დახმარება. გარდაცვლილ ლუთერანებსა და რეფორმატორებს სიცოცხლეში არ სწამდათ გარდაცვლილთათვის ლოცვებისა. მაგრამ მერე რა აქედან? ჩვენ ხომ მარლთლმადიდებელნი ვართ! ჩვენ გვწამს რომ ჩვენს ლოცვას შეუძლია დიდად შეეწიოს გარდაცვლილებს“. ჭეშმარიტი მარლთმადიდებლობა,- ნათქვამია იქვე, სუნთქავს არა კორპორაციული სულით არამედ სიყვარულის, გულმოწყალებისა და ყველა ადამიანის მიმართ სულგრძელების სულით, მათ შორის-მარლმადიდებელი  ეკლესიის გარეთ მყოფთა მიმართაც.

 

ავტორი: მიტორპოლიტი ილარიონ (ალფეევი)