ლოცვა და ღვთისმეტყველება

ლოცვა და ღვთისმეტყველება

წმინდა მამები ლოცვას უწოდებენ „ჭეშმარიტ ღვთისმეტყველებს“. „თუ შენ ღვთისმეტყველი ხარ, მაშინ ჭეშმარიტად ილოცებ, და თუ ჭეშმარიტად ლოცულობ, მაშინ ღვთისმეტყველი ხარ“ (ამბა ევაგრე) ეკლესიის მამებისათვის ღვთისმეტყველება არასოდეს ყოფილა „უხილავი ღმერთის“ შესახებ განყენებული თეორია: ის იყო ღმერთთან პირადი შეხვედრის ძიება. ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება გვასწავლის არა „ღმერთის შესახებ“, არამედ იმას, რაც- „ღმერთშია“. ის არ განიხილავს ღმერთს, როგორც უცხო ობიექტს, არამედ საუბრობს მასთან, როგორც პიროვნებასთან. ქრისტიანული ღვთისმეტყველება ლოცვითია და ცდისეულია. ის თავის თავს უპირისპირებს შიშველ უმადლო „მეცნიერებას“. „ფილოსოფობა ღმერთის შესახებ არ შეიძლება ყველასათვის, დიახ! ის არ არის ყველასათვის… ეს შეუძლიათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი თავი გამოსცადეს, ცხოვრება ჭვრეტელობაში გაატარეს და, უწინარეს ყოვლისა-განიწმინდნენ ან, ყოველ შემთხვევაში, უკვე შესდგომიან სულისა და სხეულის განწმედას… ღვთისმეტყველებას მაშინ შევძლებთ, როცა შინაგანი სიმშვიდე დაგვეუფლება და გონებით არ ვიტრიალებთ გარეგანი საგნების ირგვლივ“,- ამბობს წმინდა ღმვდელმთავარი გრიგოლ ღვთისმეტყველი.

ლოცვაც არ წარმოადგენს სპონტანურ და თვითნებურ გონებრივ ღვაწლს- ისიც ღვთისმეტყველებაზეა დაფუძნებული. ეკლესიას სწამს, რომ სწორი დოგმატური ცნობიერების გარეშე შუძლებელია სრულფასოვანი ლოცვა: დოგმატების დამახინჯებას ლოცვის დამახინჯებამდე მივყავართ, როგორც ამას გვიჩვენებს ეკლესიისგან განდგომილი მრავალრიცხოვანი სექტების არაერთი მაგალითი. ქრისტიანი, თუნდაც ის განმარტოებით ლოცულობდეს, მაინც ეკლესიის წევრია: პირადი ლოცვა შესაძლებელია მხოლოდ თემთან კონტექსტში. არავინ არის ცალკეულად ქრისტიანი, არამედ მხოლოდ როგორც სხეულის ნაწილი. განმარტოებითაც კი, „სენაკში“, ქრისტიანი ლოცულობს როგორც გამოსყიდული საზოგადოების, ეკლესიის წევრი“ (დეკანოზი გიორგი ფლოროვსკი). პირადი ლოცვა განუყოფელია ღვთისმსახურებისაგან და წარმოადგენს მის გაგრძელებას. ქრისტიანის მთელი ცხოვრება ლიტურგიაა, რომელსაც ის თავის გულში აღასრულებს და სწირავს წმიდა სამებას- მამას, ძეს და სულიწმიდას.

ყველა რელიგია შეიცავს თავის თავში ლოცვის ამა თუ იმ ფორმას. ბევრი საერთოს პოვნა შეიძლება ყველა რელიგიის ლოცვით პრაქტიკის შორის. მაგალითად, არსებობს ცნობილი პარალელები იესოს ლოცვასა და ღმერთის სახელის მოხმობას შორის ისლამში. ასევე, ქრისტიანობაში გონიერი გულისხმისყოფის პრაქტიკისა და იოგას მედიტაციას შორის. მაგრამ იესოს ლოცვაში მთავარი ის კი არ არის, რომ ის წარმოადგენს მრავალგზის, განუწყვეტელ  განმეორებას, რომ აღესრულება გონების სიმყუდროვეში, გვეხმარება ყურადღების მოკრებაში, და ასე შემდეგ, მთავარია- ვის მიემართება ლოცვა, ვის სახელს ვუხმობთ. „იესოს ლოცვა არ არის მხოლოდ კონცენტრირების ან მოდუნების დამხმარე საშუალება. ეს არ არის „ქრისტიანული იოგას“ რაღაც სახეობა, „ტრანსცენდენტალური მედიტაციის“ სახესხვაობა ან „ქრისტიანული მანტრა“… იოგასგან განსხვავებით, ის არის მოწოდება, რომელიც სხვა პირს- ღმერთს მიემართება, ღმერთს, რომელიც განკაცდა, იესო ქრისტეს, ჩვენს პირად მაცხოვარსა და გამომსყიდველს… იესოს ლოცვის კონტექსტი უპირველესად არის რწმენა. იესოს სახელით მოწოდება ნიშნავს, რომ იმას, ვინც ამ ლოცვას წარმოთქვამს, სწამს იესო, როგორც ძე ღვთისა და მაცხოვარი“.

სწორედ ამით განსხვავდება ერთმანეთისაგან ქრისტიანული და არაქრისტიანული ლოცვები: ქრისტეს მორწმუნე ლოცულობს ქრისტეს წინაშე და ქრისტესმიერ. ის ასევე ლოცულობს ქალწული მარიამის წინაშე, როგორც ღვთისმშობლის წინაშე; წმინდანების წინაშე, როგორც მისი მოწმეების წინაშე.

პავლე მოციქული ამბობს, რომ ქრისტიანთა გულებში სულიწმიდა ლოცულობს მამა-ღმერთის წინაშე, და შეჰღაღადებს: აბბა!მამაო!(გალ. 4,6). ქრისტიანული ლოცვა არის გულის შიგნით ღმერთის ხმაზე მიყურადება, მისი შელმენა. თვითონ ადამიანი კი არ ლოცულობს, არამედ ღმერთი ლოცულობს მასში: „ რად უნდა ბევრი ლაპარაკი ? -წერს ღირსი გრიგოლ სინელი, — ლოცვა არის ღმერთი, რომელიც იქმს ყოველივეს ყველაში, რამეთუ ერთია ქმედება მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომელიც ყოველივეს იქმს ქრისტე იესოს მიერ“.

თუკი ლოცვა არის სამების ქმედება (ენერგია) „ქრისტეს მიერ“ მაშინ რა უნდა ჰქონდეს საერთო ასეთ ლოცვას არაქრისტიანულ ლოცვასთან?

ქრისტიანობა კი აღიარებს, რომ არცაღა არს სახელი სხუაი ცასა ქუეშე… რომლითამცა ჯერ-იყო ცხოვრებაი ჩუენდა (საქ. 4, 12) . ჭეშმარიტი ღვთისმეტყველი ის არის, ვისაც სწამს სამება-ღმერთი და განხორციელებული ჭეშმარიტება-იესო ქრისტე, ძე ღვთისა. ჭეშმარიტი ღვთისმეტყველი ჭეშმარიტად ლოცულობს, ხოლო არაჭეშმარტი ღვთისმეტყველი არაჭეშმარიტად ლოცულობს იმიტომ, რომ ჭეშმარიტების გარეთ იმყოფება.

 

                                           ავტორი: მიტორპოლიტიილარიონ (ალფეევი)