ხშირად გვსმენია მუსლიმებისგან, რომ ისლამი მშვიდობის რელიგიაა. დღევანდელი რეალობა კი საპირისპიროს გვაჩვენებს. დღეს ისლამურ ქვეყნებში მრავალ ქრისტიანს კლავენ და ხოცავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქრისტიანები არიან. რაც შეეხება მუსლიმების უფლებებსა და თავისუფლებას სხვა ქვეყნებში, უნდა ითქვას, რომ მათ აქვთ მეჩეთები, არვინ ავიწროებთ და მშვიდად და კომფორტულად გრძნობენ თავს აშშ-ი, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ინდოეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და ასეც უნდა იყოს. თუ მცირე დარღვევებს აქვს ადგილი,რაც ცხადია დემოკრატიულ ქვეყნაში არ უნდა ხდებოდეს, ხელისუფლება და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები აგვარებენ ამ საკითხებს. არვისთვის არ შეიძლება სარწმუნოების აკრძალვა და მისი რელიგიური, თუ ეთნიკური ნიშნით დევნაც მიუღებელია. ქრისტიანებს კი დევნიან,კლავენ სირიაში, არაბეთში, ირანსა თუ პაკისტანში. ქრისტიანების დევნა ხორციელდება ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაშიც, სადაც ისლამი უმრავლესობის რელიგიაა. ამა თუ იმ რელიგიის კრიტიკა ძალიან მტკივნეული და სათუთი საკითხია, მაგრამ ამის გარეშეც არ შეიძლება. ისტორიას უამრავი ფაქტი აქვს შემონახული ისლამურ და ქრისტიანულ სამყაროს დაპირისპირებასა და ომზე. იმ დროს ეს თეოკრატიული და მონარქიული წყობით და პოლიტიკით იყო განპირობებული და იმის თქმა, რომ მხოლოდ მუსლიმები ხოცავდნენ ქრისტიანებს არაკორექტული იქნებოდა, რადგან არც ქრისტიანული დასავლეთ და აღმოსავლეთ რომის იმპერია აკეთებდა ნაკლებს. ისტორია ადასტურებს,რომ პოლიტიზირებული და იდეოლოგიზირებული რელიგია, თეოკრატიულ რეალობაში ხალხის მართვისა და დამონების საშუალებად იყო გამოყენებული. ისტორია ცივილიზებული სამყაროს სისასტიკესაც ადასტურებს. ყველასათვის ცნობილია, რომ მეოცე საუკუნეში ორი მსოფლიო ომი იყო და ეს რაციონალიზმისა და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის პირობებში მოხდა. ასევე არც თუ დიდი ხნის წინ იყო ვიეტნამის, ავღანეთის, და ბოსნიის ომები, უფრო ადრე კი ხიროსიმა და ნაგასაკი. ოცდამეერთე საუკუნეში თუმცა მცირე, მაგრამ ომი იყო საქართველოში და არის უკრაინაში. ომების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, ეს ისტორიული და თანამედროვე რეალობაა. ფაქტი ისაა, რომ ადამიანმა ვერ შექმნა ისეთი წყობა და სისტემა, რომელიც მას ომისგან დაიცავდა. როგორც ქრისტიანი ვიტყვი, რომ იდეალური სისტემის შექმნა ადამიანს თავის დაცემულ რეალობაში არ შეუძლია. ეს მცირე გადახვევა იყო მთავარი თემიდან იმისთვის, რომ მკითხველისთვის ამ სტატიაში მხოლოდ ისლამური სახელმწიფო არ წარმოჩინდეს სისატიკის სინონიმად.
ახლა რაც შეეხება ქრისტიანების დევნასა და დახოცვას ისლამურ სამყაროში, არის ეს სისატიკე? — რა თქმაუნდა არის. მუსლიმების პოზიცია,რომლებიც ქრისტიანებს კლავენ, დაახლოებით ასეთია: ჩვენ სადაც არ უნდა ვიცხოვროთ, აშშ-ი, ევროპაში, რუსეთში, კავკასიაში თუ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, უნდა გვქონდეს მეჩეთების აშენების , იქ მსახურების ,ისლამის გავრცელების და ისლამური სასწავლებლების გახსნის უფლება, მაგრამ ქრისტიანებს პირიქით, ისლამურ ქვეყნებში არ უნდა ქონდეთ ყოველივე ამის და საერთოდ ქრისტიანად ყოფნის უფლება. და თუ ქრისტიანები მაინც გაბედავენ დაემართებათ ის, რაც დღეს მოსდით, ჩვენ მათ სრული სისატიკით ვაწამებთ და გავწყვიტავთ. მე მყავს მუსლიმი მეგობრები და ახლობლები, მაგრამ არც ერთ მათგანს არ გაუკრიტიკებია ის, რაც დღეს ისლამის სახელით ხდება. ამ სტატიის მიზანი არ არის მოუწოდოს ქრისტიანებს, რომ მათ ქვეყანაში მკვიდრ მუსლიმებს ისევე მოექცნენ, როგორც ისინი ექცევიან ქრისტიანებს სირიაში- არავითარ შემთხვევაში. ისლამური სამყარო სერიოზულად უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რა ხდება მათთან და მათ საზიანოდ რა სავალალო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა. აგრეთვე დასავლეთი და ყველა დემოკრატიული ქვეყანა ამ პრობლემის მოგვარების პროცესში აქტიურად და ყოველგვარი ცივილური ბერკეტის გამოყენებით უნდა ჩაერთოს, რათა აღიკვეთოს ადამიანების განადგურება. ცხადია თეორიულად ამ საკითხზე მსჯელობა ადვილია.
ბევრი ჭკვიანი და გავლენიანი ადამიანი ფიქრობს გამოსავალზე და ალბათ ზომებიც მალე იქნება მიღებული. ბოლოს, როგორც ქრისტიანი დავაკონკრეტებ, ნებისმიერი ქრისტიანის პასიურობა და დუმილი აღიქმება გულგრილობად, სიყვარულის და თანაგრძნობის უქონლობად . ცნობილია, რომ ქრისტიანებს არსებობის პირველი სამი საუკუნის განმავლობაში დევნიდნენ. წმინდა წერილშიც ნათქვამია: „და ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება (2ტიმ.3:12)“, მაგრამ იგივე პავლე წერს : „ამრიგად, უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებთ, ჰყოთ ვედრებანი,ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისათვის, მეფეებისა და ყველა მბრძანებლისათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით (1ტიმ.2:1-2)“. ცნობილია, რომ პავლე იყენებდა თავის უფლებებს, როგორც რომის მოქალაქე (საქმ.16:37-39; საქმ.22:24-29). იუსტინე მოწამე წერდა იმპერატორ ანტონინესა და რომის სენატს , ცდილობდა დაერწმუნებინა ისინი ქრისტიანების დევნის უსაფუძვლობაში და დევნის შეწყვეტას სთხოვდა. მოკლედ არც ქადაგება და არც მორალის წაკითხვა არ არის ამ სტატიის მიზანი, უბრალოდ როგორც ერთ-ერთი რიგითი ქრისტიანი ჩემ აზრს ვაფიქსირებ ამჟამად დევნაში მყოფ ქრისტიანებთან დაკავშირებით და ვისაც როგორ შეუძლია , ისე შეეცადოს მათ დახმარებას:ლოცვით და მოქმედებით. ვფიქრობ ქრისტიანებს არ გვაქვს პასიურობის უფლება და უფრო მეტიც- ქრისტიანები არ ვართ მოწოდებული პასიურობისთვის.
ავტორი: ლაშა ბართია 2015წ, 17 აპრილი.