„თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე – მისი ასოები. ღმერთმა ეკლესიაში დაადგინა პირველად მოციქულები, მეორედ მქადაგებელნი, მესამედ მოძღვარნი, შემდეგ კურნებათა ნიჭების მქონენი, შემწენი, მმართველნი, სხვადასხვა ენებით მოლაპარაკენი. ყველა მოციქულია? ყველა მქადაგებელია? ყველა მოძღვარია? ყველას სასწაულთმოქმედება აქვს? ყველას აქვს კურნებათა ნიჭი? ყველანი ლაპარაკობენენ ებით? ყველანი განმარტავენ? ესწრაფე თუ მაღლეს ნიჭებს და მე გაჩვენებთ ყველაზე აღმატებულ გზას.(1კორ.12:27-31).“
პროლოგი
გლოსალალია არის ენებზე ლაპარაკისა და ლოცვის პრაქტიკა ნეოპროტესტანტულ კონფესიებში: ორმაცდაათიანელებში, ქარიზმატებში, ევანგელისტებში და სხვა მათ მონათესავე დენომინაციებში.მათი სწავლებისა და პრაქტიკის მიხედვით ეს არის უცხო, ზებუნებრივი, სულიერი, გონებით გაუგებარი, წმ. სულის მიერ ბოძებული ახალი ენა- ნიჭი. ეს სულიერი ენა, ლინგვისტური (ქართული, ინგლისური, ფრანგული და სხვ.) ენა არ არის. ენებზე ლაპარაკისა და ლოცვის ნიჭის მთავარი დანიშნულება და ძირითადი ფუნქცია ქრისტიანის მიერ საკუთარი თავის სულიერად აღშენებაა. ეს ფენომენი კამათისა და პოლემიკის საგანია თვით ნეოპროტესტანტთა რიგებშიც. მაგ. ბაპტისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გლოსალალია არ არის ღვთისგან და არაფერი საერთო არ აქვს ქრისტიანობასთან. არაიან ბაპტისტები, რომლების აზრით გლოსალაია ერთ-ერთი ნიჭია და აუცილებელი არ არის ყველა ქრისტიანს ქონდეს. ისინი კი, ვინც გლოსალალიას იზიარებენ და აქვთ ეს “ნიჭი“ ამბობენ, რომ ეს წმინდა სულით ნათლობის დამადასტურებელი ნიშანია და თუ ქრისტიანი ენებზე არ ლაპარაკობს, ან არ ლოცულობს ის არ არისწმინდა სული მონათლული. თუმცა ზოგიერთი ვინც ენებზე ლაპარაკობს და ლოცულობს მიიჩნევს, რომ ეს ერთ-ერთი ნიჭია და წმინდა სულით ნათლობის დამადასტურებელი ნიშანი არ არის. საინტერესოა,რომ ნეოპროტესტანტებისთვის „მხოლოდ წმ. წერილია(Sola scriptura)” ავტორიტეტი და მიუხედავად ამისა,ისინი ურთიერთგამომრიცხავ მოძღვრებას ასწავლიან. მხოლოდ წმ. წერილის გამოყენება ვერ გადაჭრის ამ საკითხს, რადგან ბიბლია განმარტებას საჭიროებს და ყველა კონფესიას საკუთარი მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი ინტერპრეტაცია აქვს. აქ აუცილებელია გლოსალალიის ფენომენის განხილვა პატრისტიკისპრიზმით, რათა დანახულ იქნას საკითხის სინამდვილე და ობიექტური ანალიზი და დასკვნა გაკეთდეს, რადგან ეკლესია არის „..ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი“ (1ტიმ.3:15) და მოძღვრებითი საკითხი აუცილებლად მისი გამოცდილების წიაღში და ფონზე უნდა იქნას შემოწმებული და გაცრილი. მარკ.16:17; საქმ.2:1-13; საქმ.10:44-48; საქმ.19:1-7; რომ.8:26-27; 1კორ.12:10;1კორ.14 -ეს არის ახალი აღთქმის ტექსტები, რომელსაც ეფუძნება გლოსალალიის მოძღვრება და პრაქტიკა ნეოპროტესტანტებში (ორმოცდაათიანელები, ქარიზმატები, ევანგელისტები და სხვ.).ახალი აღთქმის აღნიშნული ტექსტებიდან ყველაზე საკამათო და დისკუსიის გამომწვევი არის 1კორ.14 თავი, რომელსაც ეფუძნება ორმოცდაათიანელების, ქარიზმატების, ევანგელისტებისა და ყველა იმ კონფესიის წევრის პოზიცია ვინც მიიჩნევს, რომ ენებზე ლაპარაკი და ლოცვა, იგივე გლოსალალია არ არის ლინგვისტური ენა. ამ სტატიაში მოცემული საკითხი, ძირითადად განხილულ იქნება, აღნიშნული ტექსტის (1კორ.14) წმ.მამების განმარტების საფუძველზე. საერთოდ ვერიდები სტატიისა და ოფიციალური ნაშრომის პირველ პირში წერას, მაგრამ როგორც ყოფილი ქარიზმატი, ორმოცდათიენელი და ბაპტისტი რომელიც 12 წელი ვიყავი ნეოპროტესტანტი, მკითხველს წარვუდგენ განხილვის საგნის არა მხოლოდ თეორიულ მხარეს, არამედ პრაკტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე გაკეთებულ დასკვნებს. მე „ვლაპარაკობდი და ვლოცულობდი“ არალინგვისტურ ენებზე, მაგრამ საკითხის შესწავლის შემდეგ უარვყავი ეს გამოცდილება, როგორც ცრუ სულიერი პრაქტიკა და ცრუ მოძღვრება. რა თქმა უნდა ვაცნობიერებ, რომ ნეოპროტესტანტებს, რომლებიც ახლაც „ლოცულობენ და ლაპარაკობენ“ არალინგვისტურ ენებზე დისკომფორტს და პროტესტის განწყობას შეუქნის ეს სტატია. მოცემულ სტატიაში გაეცემა პასუხი შემდეგ კითხვას: გლოსალალია, ანუ ენებზე ლოცვა და ლაპარაკი მართლა არალინგვისტური ენებია და ის არის, რაც ორმოცდაათიანელებისა და ქარიზმატების პრაქტიკაშია, თუ ეს ლინგვისტური ენებია? აუცილებელია ეს ნიჭი ყველა ქრისტიანს ქონდეს? იყო თუ არა გლოსალალიის პრაქტიკა წარმართებში და სხვადასხვა ფსევდოქრისტიანულ კულტებში? რა შედეგი გამოიწვია ნეოპროტესტანტებში გლოსალალიამ? რა სულიერი ნაყოფი აქვს გლოსალალიის პრაქტიკას პირადად ადამიანის ცხოვრებაში?
შინაარსი
- γλωσσα[1] — ტერმინის მნიშვნელობა— გლოსა ნიშნავს ენას, რომელზეც საუბრობს ადამიანი, ლაპარაკს, და ასევე სხეულის ორგანოს, ნაწილს[2] ნიშნავს.
მაგ.იაკობ მოციქული თავის ეპისტოლეში იყენებს ამ სიტყვას, რომლითაც სხეულის ორგანოს, ნაწილს აღნიშნავს: “ასევეა ენაც. პატარა ასოა და ბევრს იქადის.(იაკ.3:5)“. ცხადია რაც არ უნდა ჩავეძიოთ სიტყვის ეტიმოლოგიას მისი ნამდვილი მნიშვნელობა განისაზღვრება კონტექსტით, ანუ წიაღით, გარემოებით, რომელშიც კონკრეტული ტერმინია გამოყენებული. გათვალისწინებული უნდა იყოს ლიტერატურული, კულტურული და თეოლოგიური კონტექსტი. როგორც უკვე აღნიშნულ იქნა გლოსალალიის საკითხი რთული და საკამათოა და აქ იკვეთება ორი ძირითადი პოზიცია:
- ეს არის ზებუნებრივად ღვთის სულისგან მოცემული ნიჭი უცხო ენებზე, ლინგვისტურ ენებზე ლაპარაკისა, სახარების ქადაგებისთვის — მართლმადიდებლური სწავლება. ზუსტად ამ პოზიციის სისწორე იქნება დასაბუთებული სტატიაში.
- ეს არის ზებუნებრივად ღვთის სულისგან მოცემული არალინგვისტური ენა, რომელზეც ქრისტიანი ლაპარაკობს და ლოცულობს საკუთარი თავის აღსაშენებლად. ასევე ეს ნიჭი წმ. სულით ნათლობის ნიშანია. თუ ქრისტიანი არ ლაპარაკობს და არ ლოცულობს ენებზე ის არ არის წმ. სულით მონათლული — ორმოცდაათიანელებისა და ქარიზმატული კონფესიის სწავლება.
„ყველანი ლაპარაკობენ ენებით(1კორ.12:30)?“
სანამ განხილულ იქნება გლოსალალიის ლინგვიისტურობისა და არალინგვისტურობის ასპექტი, საჭიროა დასაბუთდეს, რომ არ არის აუცილებელი ეს ნიჭი ყველა ქრისტიანს ჰქონდეს. პავლე მოციქული წერს „სხვადასხვაგვარია ნიჭი, მაგრამ სული ერთია. მსახურებანიც სხვადასხვაგვარია, უფალი კი ერთია. მოქმედებანიც სხვადასხვაგვარია, ხოლო ღმერთი ერთია, რომელიც ამოქმედებს ყველაფერს ყველაში. თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ. რადგან ერთს, სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს – ცოდნის სიტყვა, იმავე სულით. ზოგს რწმენა და ზოგს – კურნებათა ნიჭი იმავე სულით. ზოგს – ძალთა მოქმედება, ზოგს – წინასწარმეტყველება, ზოგს – სულების გარჩევა, ზოგს – სხვადასხვა ენები და ზოგს – ენების განმარტება. ხოლო ყოველივე ამაში ერთი და იგივე სული მოქმედებს, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს, თავისი ნების მიხედვით. რადგან როგორც სხეული ერთია, მაგრამ მრავალი ასო აქვს და სხეულის ყველა ასო, თუმცა ბევრია, ერთ სხეულს ქმნის, ასევეა ქრისტეც(1კორ.12:4-12).“ შემდეგ პავლე განაგრძობს „თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე – მისი ასოები. ღმერთმა ეკლესიაში დაადგინა პირველად მოციქულები, მეორედ მქადაგებელნი, მესამედ მოძღვარნი, შემდეგ კურნებათა ნიჭების მქონენი, შემწენი, მმართველნი, სხვადასხვა ენებით მოლაპარაკენი. ყველა მოციქულია? ყველა მქადაგებელია? ყველა მოძღვარია? ყველას სასწაულთმოქმედება აქვს? ყველას აქვს კურნებათა ნიჭი? ყველანი ლაპარაკობენ ენებით? ყველანი განმარტავენ?ესწრაფეთ უმაღლეს ნიჭებს და მე გაჩვენებთ ყველაზე აღმატებულ გზას. (1კორ.12:27-31).“
აქ მოყვანილი პავლე მოციქულის სიტყვებიდან ჩანს, რომ ენებზე ლაპარაკი ერთ-ერთი ნიჭია და ის ყველას არ აქვს, რადგან „…ყოველივე ამაში ერთი და იგივე სული მოქმედებს, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს, თავისი ნების მიხედვით (1კორ.12:11).“ რა თქმა უნდა იყვნენ და არიან ეკლესიაში ქრისტიანები, რომლებსაც რამოდენიმე ნიჭი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველას აუცილებლად უნდა ქონდეს ენებზე ლაპარაკის, ლოცვის და მასწავლებლობის ნიჭი და ა.შ.
მიუხედავად პავლე მოციქულის მოძღვრებისა (1კორ.12), ორმოცდაათიანელებისა და ქარიზმატების სწავლების მიხედვით, ყველა ქრისტიანი აუცილებლად უნდა ლაპარაკობდეს და ლოცულობდეს ენებზე, რადგანაც ეს მორწმუნეობის ნიშანი და მისი წმ. სულით ნათლობის დამადასტურებელი ნიჭია. – საკმარისია პავლესთან ერთად დასვას კითხვა ყველა ქრისტიანმა „ყველას აქვს კურნებათა ნიჭი?ყველანი ლაპარაკობენ ენებით? ყველანი განმარტავენ?(1კორ.12:30)“, და პავლესთან ერთად გასცეს პასუხი: არა.
- გლოსალალიის ნამდვილი მნიშვნელობა — 1კორ.14
ცხადია ბიბლია განმარტებას ექვემდებარება, თუ ეს ტექსტი წმ. გარდამოცემის მიღმა განიმარტება და წმ. მამების ინტერპრეტაცია არ იქნება გათვალისწინებული შეიქმნება ვითარება, რომლზეც პეტრე მოციქულმა გააფრთხილა ქრისტიანები:
„…როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ პავლემაც მოგწერათ მისთვის მინიჭებული სიბრძნით, როგორც ლაპარაკობს იგი ამის შესახებ ყველა წერილშიც, რომლებშიც ზოგი რამე ძნელად გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი,სხვა წერილების მსგავსად, ამახინჯებენ საკუთარი თავის დასაღუპად(2პეტრ.3:15-16).“
პეტრე მოციქული აფრთხილებს ქრისტიანებს, რომ პავლეს წერილებში ზოგი რამ ძნელად გასაგებია და უმეცრები და უმტკიცოები, ანუ ვინც არ არის განმტკიცებული, ამახინჯებენ პავლე მოციქულის სიტყვებს.ეს ერთი აუცილებელი პირობა, რაც უნდა გათვალისწინებულ იქნას პავლეს წერილებთან მიმართებაში და ზოგადად წმ. წერილთან მიმართებაში, ხოლო მეორე „ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები. იცოდეთ, რომ უფრო დიდ მსჯავრს მივიღებთ,(იაკ.3:1)“, რასაც წერს იაკობ მოციქული.
მესამე კი ეპისტოლეს კონკრეტული დანიშნულების ასპექტია, ანუ ნებისმიერი ეპისტოლე იწერებოდა გარკვეული მიზეზის გამო და ეს აუცილებელი პირობაა, რათა გასაგები გახდეს მისი რთული ტექსტის ნამდვილი მნიშვნელობა.როგორც გორდონ დ. ფი წერს, ეპისტოლეს განმარტების პრობლემის უმრავლესობა გამოწვეულია წერილის ოკაზიონალური [კონკრეტული შემთხვევა] დანიშნულების გამო, რადგან მოციქულთა წერილები არ არის მათი თეოლოგიის სრული ნაშრომი.[3] გლოსალალიის ქაოტური პრაქტიკის პრობლემა არსებობდა კორინთოს ეკლესიაში და აღნიშნულ საკითხს ზუსტად ამ მიზეზის გამო განიხილავს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ 1 წერილში.
მეოთხე არის ეკლესიის სულიერი გამოცდილება, ამ შემთხვევაში წმ. წერილის განმარტება წმ. გარდამოცემის წიაღში, რომელიც ეკლესიამ დაიცვა და შეინახა უცვლელად და წმინდად — ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ჭეშმარიტი მოძღვრების კრიტერიუმი თვით ეკლესიის კრებსითობაა, რაც წმ. მამების სულიერი გამოცდილების ერთობლიობას გულისხმობს, ამიტომაც განვიხილავთ გლოსალალიას მათ მიერ ბიბლიის განმარტების მიხედვით.
„რადგან, ენით მოლაპარაკე ადამიანებს კი არ ელაპარაკება, არამედ ღმერთს, რადგან არავის ესმის მისი. სულით ლაპარაკობს ის საიდუმლოებებს(1კორ.14:2).“
კორინთელთა მიმართ 1 ეპისტოლედან აქ მოყვანილი მუხლი საფუძველია გლოსალაიის ეზოტერული თეოორიის მომხრებისთვის, რომლების განმარტებითაც თითქოს პავლე წერს არალინგვისტური ენების ნიჭის შესახებ, რომლის ფუნქცია მასზე მოლაპარაკე და მლოცველი ქრისტიანისთვის საკუთარი თავის აღშენებაა. ერთი შეხედვით ასეც ჩანს, თუ ამ მუხლს სიტყვასიტყვით, კონტექსტიდან ამოღებულს განმარტავს მკითხველი. აღსანიშნავია, რომ კრებსითად ეკლესიას მისი ისტორიის არცერთ პერიოდში, არასოდეს განუმარტავს და უსწავლებია ორმაცდაათიანელთა და ქარიზმატთა მოძღვრების მსგავსად, რომლის მიხედვითაც 1კორ.14:2-ში იგულისხმება არალინგვისტური ენები, როგორც უკვე აღნიშნულ იქნა. ამ შეხედულების საპირისპირო მტკიცებულებას ვხდებით საეკლესიო მოღვაწეებისა და წმინდა მამების განმარტებებში, სადაც გლოსალალია არის ლინგვისტურ ენებზე ლაპარაკის ნიჭი.
ნეტარი თეოდორიტე კვირელი წერს, რომ პავლე აქ ამხილებს კორინთელებს პატივმოყვარეობაში. ენების ნიჭი მიეცათ მქადაგებლებს, რადგან მრავალი ადამიანი სხვდასხვა ენაზე მეტყველებს და როდესაც მქადაგებელი მივა ინდოელებთან, სკვითებთან, რომაელებთან, ეგვიპტელებთან, ამ ხალხს სახარების მოძღვრებას მათ ენაზე უქადაგებს. ამიტომ ზედმეტი იყო კორინთელების მხრიდან, რომ ელაპარაკათ აღნიშნულ ენებზე, რადგან მათ არ იცოდნენ ეს ენები[4]. ამიტომ ღმერთს კი ესმოდა, რასაც ისინი ამბობდნენ, მაგრამ მსმენელისთვის არანაირი სარგებელი არ მოქონდა.
იოანე ოქროპირი იგივე აზრისაა და აღნიშნავს, რომ კორინთელები ამპარტავნებაში იყვნენ ამ ნიჭის გამო და მიიჩნევდნენ მას უდიდეს ნიჭად, რადგან ენებზე ლაპარაკის ნიჭი თავიდან მოციქულებს მიეცათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ენებზე ლაპარაკის ნიჭი სხვა ნიჭზე უპირატესია. ქრისტიანებს, იმიტომ უბოძა უფალმა ეს შესაძლებლობა, რომ ისინი უნდა წასულიყვნენ ყველგან [საქადაგებლად], სახარებლად და როგორც ბაბილონის გოდოლის აშენებისას ერთი ენა დაიყო მრავალ ენად, ასევე მოციქულების დროს ერთი და იგივე ადამიანს შეეძლო ღვთის სულის შთაგონებით ირანულ, რომაულ, ინდურ და მრავალ სხვა ენაზე ელაპარაკა. პავლე თითქოს ამცირებს ამ ნიჭის მნიშვნელობას და ანახებს, რომ ეს ნიჭი უპირობოდ სასარგებლო არ არის „რადგან არავის ესმის მისი(1კორ.14:2)“, მაგრამ სიტყვებით„სულით ლაპარაკობს ის საიდუმლოებებს(1კორ.14:2)“, კვლავ აღამაღლებს ამ ნიჭს, რომ ზედმეტი, უსარგებლო და ფუჭად მოცემული[5] არ ეგონოთ. თეოფანე დაყუდებულის აზრით, ამ სიტყვებიდან გამომდინარეობს შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ სხვებს არ ესმით ენების მნიშვნელობა, ნიჭის მფლობელი „სულით ლაპარაკობს საიდუმლოებებს(1კორ.14:2)“.[6]აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თეოფანე დაყუდებულის აზრით, ეს ლინგვისტურ ენებზე ლაპარაკის ნიჭი იყო და არა ეზოთერული და გაუგებარი. ის ძირითადად თეოდორიტე კვირელისა და იოანე ოქროპირის განმარტებას ეყრდნობა.[7]
კორინთოში ეს ენები არ იცოდნენ და განმმარტებლის არ არსებობის შემთხვევაში, მისი პრაქტიკა მსმენელისთვის სარგებელის მომტანი არ იყო.
პავლე მოციქული განაგრძობს:
„ენით მოლაპარაკე თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს(1კორ.14:4)“
ისმის კითხვა: თუ ეს უფლისგან საქადაგებლად მოცემული ლინგვისტური ენებია, მაშინ როგორ აშენებს მასზე მოლაპარაკე და მლოცველი ადამიანი საკუთარ თავს? — ეფრემ ასური განმარტავს: იმით აღაშენებს ქრისტიანი მხოლოდ საკუთარ თავს [ლინგვისტურ ენაზე ლაპარაკით და ლოცვით], რადგან ხვდება და იცის, რომ ღვთის სულისგან მიეცა ეს ნიჭი, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს ღვთის ეკლესიას აღაშენებს.[8] როგორც თეოფანე დაყუდებული აღნიშნავს, ზოგს მიაჩნდა, რომ ენებზე მოლაპარაკეს თვითონაც არ ესმოდა ნათქვამის მნიშვნელობა, მაგრამ როგორ აღაშენებდა ასეთი ადამიანი საკუთარ თავს, თუ არ ესმოდა საკუთარი ნათქვამის? — ამ კითხვას თეოფანე პასუხობს ი.ოქრპირის სიტყვებით, რომელიც ამბობს, რომ მოციქული ლაპარაკობს იმ ქრისტიანებზე, რომლებმაც იცოდნენ ენების ნიჭით რასაც ლაპარაკობდნენ, მაგრამ სხვებისთვის გადაცემა არ შეეძლოთ [გადაცემის უნარი არ ქონდათ].[9]
და მაინც, როგორ და რატომ აღაშენებს ქრისტიანი საკუთარ თავს ლინგვისტურ ენებზე ლაპარაკითა და ლოცვით?- კორინთოს ეკლესიაში ყველამ იცოდა ბერძნული, ეს მათი სალაპარაკო ენა იყო და საეკლესიო მსახურებაზე, სადაც მიმდინარეობს ქადადგება ეკლესიის წევრების საკომუნიკაციო ენაზე, არ არის საჭირო და აუცილებელი, რომ გამოყენებული ყოფილიყო ენების ნიჭები, რომლებიც უცხოელებისთვის საქადაგებლად ეძლეოდა ქრისტიანს. ამიტომ, თუ ქრისტიანი მიუხედავად აუცილებლობისა, მაინც დემონსტრაციულად იყენებდა ეკლესიაში ენებზე ლაპარაკის ნიჭს, ის არანაირ სარგებელს არ აძლევდა თავის სულიერ ძმას და დას, არამედ მარტო საკუთარ თავს, რადგანაც მხოლოდ უფალს ესმოდა ამ საუბარის მნიშვნელობა. ამრიგად ხდებოდა ნიჭის გამოყენება არადანიშნულებისამებრ. თუ ქრისტიანს სურს, რომ უცხო ენებზე ლაპარაკით სარგებელი მოუტანოს ეკლესიას, პავლე მოციქული ეუბნება:
“ამიტომ ილოცოს ენით მოლაპარაკემ იმისათვის, რომ განმარტებაც შეძლოს(1კორ.14:13)“
განმარტების ნიჭი საჭირო იყო იმისათვის, რომ უცხო ენაზე ნალაპარაკევი განმარტებულიყო ბერძნულ ენაზე. სულის ნიჭები ასეთი იყო: ერთს ეძლეოდა ენები, მეორეს ენების განმარტება, ისე რომ ერთმანეთი სჭირდებოდათ ენით მოლაპარაკესა და განმმარტებელს, ხოლო ეკლესიას ორივე ესაჭიროებოდა — ეფრემ ასური.[10] ითხოვე, ამბობს მოციქული, რომ მან, ვინც ენების ნიჭი მოგცა, მოგცეს განმარტების ნიჭიც, გადმოცემის უნარი [ანუ იმის, რაც გესმის და ვერ გადასცემ სხვას, ან საერთოდ არ გესმის},რომ ეკლესიას მოუტანო სარგებელი, ეკლესია აღაშენო — თეოდორიტე კვირელი.[11]ამ მუხლს, იოანე ოქროპირი ასე განმარტავს: პავლე მოციქული ასწავლის, რომ მათზეა[მორწმუნეზე] დამოკიდებული განმარტების ნიჭის მიღება:“ამიტომ ილოცოს ენით მოლაპარაკემ [იმისათვის, რომ განმარტებაც შეძლოს (1კორ.14:13)]“, გამოიყენოს ის რაც მის ძალაუფლებაშია [ლოცვა]. რადგან თუ გულისხმიერებით ითხოვ მიიღებ. მაშ ასე, ითხოვე, რომ გქონდეს არა მხოლოდ ენებზე ლაპარაკის ნიჭი, არამედ მისი განმარტებისაც, რომ მოუტანო სარგებელი ყველას [ეკლესიას] და არ მოამწყვდიო ნიჭი, მხოლოდ საკუთარ თავში.[12] იმისათვის, რომ ენებზე ლაპარაკის ნიჭი ეკლესიის აღსაშენებლად გამოყენებული იყოს, აუცილებელია განმარტების ნიჭი.
„რადგან, როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, ჩემი გონება კი უნაყოფოა(1კორ.14:14)“.
როგორც ი.ოქროპირი აღნიშნავს, პავლე მოციქულს, საუბარი მიყავს იქითკენ, რომ ადამიანი განმარტების ნიჭის გარეშე[რომელსაც არ ესმის სიტყვები უცხო ენებისა, რომელზეც მეტყველებს],უსარგებლოა საკუთარი თავისთვისაც, რადგან გონება უნაყოფოა. თუ ვინმე ლაპარაკობს სპარსულად ან სხვა უცხო ენაზე და არ იცის მნიშვნელობა, არ ესმის, ასეთ შემთხვევაში, ის უცხოა საკუთარი თავისთვისაც. ადრე ბევრი ქრისტიანი არსებობდა, რომელსაც ენებზე ლაპარაკთან ერთად ქონდა ენებზე ლოცვის ნიჭი; ისინი ლოცულობდენენ, მათი ენა წარმოთქვამდა ლოცვას სპარსულად ან რომაულად ,მაგრამ გონებას არ ესმოდა მნიშვნელობა. ამიტომაც ამბობს „რადგან, როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს(1კორ.14:14)“, ანუ ნიჭს, რომელიც მომეცა, ენას ამოქმედებს, მაგრამ „ჩემი გონება კი უნაყოფოა(1კორ.14:14)“. რა არის უკეთესი და სასარგებლო, როგორ უნდა მოიქცე, ან რა უნდა სთხოვო ღმერთს? — ის, რომ ილოცო სულით, ანუ ნიჭით და გონებითაც. ამიტომაც ამბობს „მაშ, რა ვქნათ? – ვილოცებ სულით და ვილოცებ გონებითაც; ვიგალობებ სულით და ვიგალობებ გონებითაც(1კორ.14:15). ამით პავლე ამბობს, რომ ენა უნდა მეტყველებდეს და ენით ნათქვამში გონება უმეცრებაში არ უნდა რჩებოდეს. თუ ეს არ იქნება, შეიძლება გაურკვევლობა, დაბნეულობა მოხდეს: „რადგან, თუ სულით ადიდებ, როგორ იტყვის ამინს შენს მადლობაზე უმეცართაგანი ვინმე, თუ არ ესმის, რას ამბობშენ? თუმცა შენ კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვა არ შენდება(1კორ.14:16-17).“ პავლეს საუბარი მიყავს თავისი მიზნისკენ და გულისხმობს ეკლესიის აღშენებას [მორწუნეების აღშენებას]. პავლეს სიტყვების აზრი ესაა: თუ შენ „კეთილად სწირავ მადლს(1კორ.14:17)“ უცხო ენაზე და არ იცი რას ამბობ და არ შეგიძლია განმარტება უმეცარი[ის ვისაც არ ესმის ენა, რომელზეც მეტყველებ] ვერ გეტყვის: ამინ. შემდეგ პავლე უფრო ლმობიერად ლაპარაკობს, რომ არ ეგონოთ, თითქოს მოციქული ძალიან აკნინებს ენების ნიჭს და როგორც ზევით ითქვა, ასეთი კაცი „ადამიანებს კი არ ელაპარაკება, არამედ ღმერთს, რადგან არავის ესმის მისი. სულით ლაპარაკობს ის საიდუმლოებებს (1კორ.14:2)“,«თავის თავს აშენებს(1კორ.14:4)“, აქაც სთავაზობს კორინთელებს ნუგეშს: „შენ კეთილად სწირავ მადლს“, — რადგან ღვთის სულის შთაგონებით ლაპარაკობ, მაგრამ ის ვინც ვერაფერს გებულობს, არ იცის ნათქვამის მნიშვნელობა, დგას ისე, რომ არ ღებულობს დიდ სარგებელს.[13]თეოფანე დაყუდებული პავლეს სიტყვებს პარაფრაზირებას უკეთებს და წერს, რომ ერმანეთთან საუბრობენ ერთენოვანი ხალხი, ხოლო თქვენ [კორინთელები] თქვენებს შორის ლაპარაკობდთ, არც კი იცით რა ენაზე და ამით თქვენც უცხო ხართ მათთვის და ისინი თქვენთვის.[14]„მაშ, რა ვქნათ? – ვილოცებ სულით და ვილოცებ გონებითაც; ვიგალობებ სულით და ვიგალობებ გონებითაც(1კორ.14:15). — თეოდორიტე კვირელის განმარტებით, სულს მოციქული [ენებზე ლაპარაკის] ნიჭს, ხოლო გონებას- ნათქვამის განმარტებას, ახსნას უწოდებს. ვინც ლაპარაკობს უცხო ენებზე გალობით, სწავლებით, ლოცვით, ან თვითონ უნდა განმარტოს ნათქვამი მსმენელის აღსაშენებლად,ან სხვა უნდა ყავდეს დამხმარედ, ვისაც განმარტების ნიჭი აქვს.[15]„ხოლო თუ არ არის განმმარტებელი, მაშინ გაჩუმდეს ეკლესიაში და ელაპარაკოს თავის თავს და ღმერთს (1კორ.14:28)“- პავლე მოციქულის სწავლებით, განმარტების არ არსებობის შემთხვევაში, ენების ნიჭის გამოყენება ეკლესიაში არ უნდა ხდებოდეს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათავალისწინებით ხაზი უნდა გაესვას ქარიზმატებისა და ორმოცდაათიანელების მიერ გლოსალალიის არასახარებისეულ მოძღვრებასა და პრაქტიკას:
- ორმოცდაათიალელებისა და ქარიზმატების სწავლებით, ენებზე ლაპარაკი და ლოცვა არ არის ლინგვისტური ენები, ხოლო წმ. მამების მოძღვრების მიხედვით ეს ლინგვისტური ენებია.
- ორმოცდაათიანელებისა და ქარიზმატების სწავლების მიხედვით, ყველა ქრისტიანი აუცილებლად უნდა ლაპარაკობდეს და ლოცულობდეს ენებზე, რადგანაც ეს მორწმუნის ნიშანია და მისი წმ. სულით ნათლობის დამადასტურებელი ნიჭია. — ამ ცდომილებაზე პავლე პასუხობს: „ყველა მოციქულია? ყველა მქადაგებელია? ყველა მოძღვარია? ყველას სასწაულთმოქმედება აქვს? ყველას აქვს კურნებათა ნიჭი? ყველან ლაპარაკობენ ენებით?ყველანი განმარტავენ?(1კორ.12:29-30)“ — არა.
- ორმოცდაათიანელებისა და ქარიზმატების კრებებზე, თითქმის ყოველ მსახურებაზე გლოსალალიის, ანუ ენებზე ლაპარაკისა და განმარტებების გარეშე ლოცვის პრაქტიკა ხორციელდება. ეს წმინდა წერილის დარღვევაა, რადგან პავლე წერს: „ხოლო თუ არ არის განმმარტებელი, მაშინ გაჩუმდეს ეკლესიაში და ელაპარაკოს თავის თავს და ღმერთს (1კორ.14:28).“
- გლოსალალია ინდუიზმში, ბერძნულ წარმართულ რელიგიაში, ანიმისტურ და ფსევდოქრისტიანულ კულტებში
აშშ-ს რელიგიის ენციკლოპედიის თანახმად გლოსალალია, [როგორც არალინგვისტური ენა] ნახსენებია ინდუისტურ წიგნებში- ვედებში ჩვ.წელთ აღრიცხვამდე 1000 წელს და ასევე პატანიალი სუტრა იოგისა და ტიბეტური ლამაიზმის ტანტრისეულ წყაროებში.[16] ცნობილი ფილსოფოსი პლატონი ნაშრომში იონი, ანალოგია და ტიმეოსი, საუბრობს ექსტაზური ენების შესახებ, რომლის პრაქტიკას ახორციელებდა ქალაქი დელფის წინასწრმეტყველი ქალი, ასევე ქურუმი ქალი დოდონა და სიბილა. ეს იყო გლოსალალიის რელიგიური პრაქტიკის მაგალითი ძველ საბერძნეთში. პალტონი ასევე ლაპარაკობს მისნების გაუგებარ ენებზე მეტყველების შესახებ, რომელსაც ნათელმხილველი ქალები განმარტავდნენ. ბერძენი ისტორიკოსი პლუტარქე წერს, რომ მისი სიცოცხლის პერიოდში ნათელმხილველი ქალი ქალაქ დელფიდან ლაპარაკობდა გაუგებარ ენებზე, რომელსაც თარგმნიდნენ განმმარტებლები. ისინი ყოველთვის ნათელმხილველ ქალთან იმყოფებოდნენ.[17]ჩარლზ რ. სმითი აღნიშნავს რომ ჩვ. წელთ აღრიცხვით 180 წ ცელსიუსი წერდა გლოსალალიის არსებობაზე მისი დროის გნოსტიკოსებს შორის და რომ ლუკიანე სამოსატელიც (120-198ჩვ. წელთ აღრიცხვით) ლაპარაკობს ასეთი ფენომენის არსებობაზე სირიული ქალღმერთის იუნოს თაყვანისმცემლებში.[18]ცნობილია გლოსალალიის პრაქტიკა აფრიკულ წარმართობაში, ინდონეზიაში, იაპონიაში, ესკიმოსებში, ხანტებში, იაკუტებში და ზოგიერთ სუფისტური ისლამის კონფესიაში. რაც შეეხება ფსევდოქრისტიანულ კულტებს გლოსალალიის პარქტიკა იყო მონტანიზმში (2-საუკუნე ჩვ.წ აღრიცხვით), ხლისტებში(17-საუკუნე; რუსეთი), ინგლისელ კვაკერებში(17-საუკუნე), ინგლისელ შეიკერებში(18-საუკუნე), მორმონიზმში(19-საუკუნე; აშშ), ღთის შვილებად წოდებულ სექტაში(20-საუკუნე; აშშ).[19] ცხადია მოცემულ სტატიაში ყოველი აღნიშნული კულტი და კონფესია არ იქნება განხილული, მაგრამ აუცილებელია მოკლედ შევეხოთ მონტანიზმს, რომელიც ადრეული ქრისტიანობის წიაღში გაჩნდა და როგორც „უცხო“ და „ახალი“ მოვლენა, ქრისტიანული მოძღვრებისა და პრაქტიკის თვალსაზრისით ერესად იქნა შერაცხული ეკლესიის მიერ.
ევსევი კესარიელის საეკლესიო ისტორიაში მონტანიზმის შესახებ ვკითხულობთ:
«მათ ახალ წინააღმდეგობასა და ეკლესიაში ახლანდელი განხეთქილების მწვალებლობის წარმოშობას შემდეგი მიზეზი ჰქონდა. ამბობენ, რომ ფრიგიის მისიაში არის რაღაც სოფელი, სახელად არდაბავი. იქ ვინმე ახალმოქცეულმა, სახელად მონტანმა, ასიაში გრატუსის პროკონსულობის[38] დროს პირველობის უზომო სიყვარულით, სულის წადილში თავისი თავისკენ შესასვლელი გზა მოწინააღმდეგეს (ე. ი. სატანას — მთარგ.) დაუთმო და ამ სულისგან შეპყრობილ იქნა, მოულოდნელად გონება დაკარგა და განკვირვება დაეცა. აღტაცებაში მყოფმა დაიწყო ლაპარაკი და უცნაურად მეტყველება, და დასაბამიდან ეკლესიის გადმოცემისა და მონაცვლეობის მიხედვით ჩვეულების საწინააღმდეგოს წინასწარმეტყველებდა. ამავე დროს მათგან, რომლებიც უსმენდნენ ამ ცთომილ გამონათქვამებს, ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ იგი აღძრული იყო ეშმაკისგან სიცრუის სულით და აშფოთებდა ხალხს; ისინი კიცხავდნენ მას და უკრძალავდნენ საუბარს, შეახსენებდნენ უფლის მიერ გაკეთებულ გარჩევას და მის გაფრთხილებას, რომ ცრუწინასწარმეტყველთა მოსვლისაგან ფხიზლად დაგვეცვა თავი. მაგრამ ისინი თითქოს სულიწმინდით და წინასწარმეტყველების მადლით აღძრულნი და არანაკლებ თავდაჯერებულნი ივიწყებდნენ უფლისმიერ გარჩევას [სულებისას] (იხ. მათ. 7,15), მოუწოდებდნენ გონების დამაზიანებელ და დამაკნინებელ, და ხალხის მაცთუნებელ სულს მის მიერ მოჯადოებულნი და მოტყუებულნი, ისე რომ დადუმება აღარ შეეძლოთ. ეშმაკმა რაღაც ხელოვნებით, უფრო კი ბოროტი ხელოვნების ასეთი ხრიკით განიზრახა ურჩთა დაღუპვა და მათ მიერ დაუმსახურებლად პატივდებული აქეზებდა და აღაგზნებდა ჭეშმარიტი რწმენის წინააღმდეგ მათ დაძინებულ აზროვნებას. ასე აღძრა ვიღაც ორი ქალი და აღავსო ცრუ სულით, რათა ემეტყვე-ლათ უგუნურად, უჯეროდ და უცნაურად, ზემოხსენებულის მსგავსად. მათ, რომლებიც მას შეხაროდნენ და თავდაჯერებით იყვნენ აღვსილნი, სული აკურთხებდა და ბერავდა დიდი აღთქმებით. ზოგჯერ კი როდესაც ვარაუდით განსჯიდა, დამაჯერებლად უპირისპირდებოდა მათ, რათა ეფიქრათ, რომ მამხილებელი იყო (მცირედნი იყვნენ ფრიგიელთაგან მოტყუებულნი). როდესაც კათოლიკე და ცის ქვეშ [მყოფი] მთელ ეკლესიის გმობას ასწავლიდა მზვაობარი სული, რამეთუ ცრუწინასწარმეტყველების სული მასში ვერ პოულობდა ვერც პატივს და ვერც შესასვლელს; რადგან მას შემდეგ, რაც ასიის მორწმუნეები მრავალგზის ასიის მრავალ ადგილას შეიკრიბნენ ამ მიზნით და გამოიკვლიეს ახალი მოძღვრება, იგი გამოაცხადეს უწმინდურად და უარყვეს მწვალებლობა, ამგვარად განდევნეს ეკლესიიდან და აუკრძალეს თანაზიარება»[39].“[20]
ამ ციტატიდან ჩანს, რომ „უცნაურად“, „უგნურად“, „უჯეროდ“ მეტყველება ეკლესიამ არ მიიღო, როგორც წმ. სულით შთაგონებული ლაპარაკი, არამედ ეკლესიამ უარყო მისთვის უჩვეულო ფენომენი და ამ გამოვლინების წყაროდ ბოროტი ძალები დაასახელა.
ევსევი კესარიელი, იპოლიტე რომაელი და ტერტულიანე წერენ, რომ მონტანი და მისი მიმდევარი წინასწარმეტყველი ქალები ექსტაზში შედიოდნენ და ლაპარაკობდნენ გაუგებარ ენებზე.[21]
- ორმოცდაათიანელები და ქარიზმატები — გლოსალალიისა და სულიერი გამოვლინების მსგავსება მონტანიზმთან და წარმართულ კულტებთან.
რა სული მოქმედებს მათ პირად ცხოვრებაში და მსახურებაზე
ეს ძალიან გავს ორმოცდაათიანელებისა და ქარიზმატების გლოსალალიის პრაქტიკას. ქარიზმატებმა მონტანსა და მის მიმდევრებსაც გადააჭარბეს, რადგან უბრალოდ გაუგებარ ენებზე ლაპარაკსა და ტრანსში შესვლას არ დასჯერდნენ და ამ ყველაფერს დაურთეს „წმინდა სიცილი“, რომელიც უაზრო ხარახარითა და ხითხითით ვლინდება და ამას უწოდებენ წმინდა სულის მოქმედებას.[22]ხელდადებით, შეხებით ექსტრასენსული „ლოცვით“ ძირს დაცემა (პირდაპირი მნიშვნელობით) და „სულის სიმშვიდეში“ ყოფნა.[23] ამის მასწავლებლები და პრაქტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ ყველაფერს “ღვთის სული“ აკეეთებს. სასწაულებისა და ნიშნების ძიება და მათი გამოვლინება სულიერ ამაღლებულ მდგომარეობად, ჭეშმარიტების კრიტერიუმად არის მიჩნეული. წმინდა წერილის მიხედვით კი „…ბოროტი და მოღალატე თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა(მათ.12:39).“ ცრუ მასწავლებლები და ცრუ წინასწარმეტყველებიც მოახდენენ სასწაულებს: „ბევრი მეტყვის იმ დღეს: ‘უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს? და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?’მაშინ მე განვუცხადებ მათ: ‘მეარასოდეს გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო!(მათ.7:22-23)“.
მე უკვე ვთქვი, რომ როცა ნეოპროტესტანტი ვიყავი მივიღე გლოსალალიის გამოცდილება და10 წლის განმავლობაში ვახორციელებდი პირად ცხოვრებაში უცხო ენებზე „ლოცვასა და ლაპარაკს“. პირველი რაც უნდა აღინიშნოს ამ ეზოთერულ პრაქტიკასთან მიმართებაში, არის მასზე დამოკიდებულება. ადამიანი ემოციურად ძალიან დამოკიდებული ხდება გლოსალალიაზე: უნდა განიცადო ეგრეთწოდებული „თანდასწრება“,“სითბო“, „სიხარული“, „ტრანსის მდგომარეობა“ და ეს ყველაფერი ბუნებრივ, ნორმალურ და სულიერ მდგომარეობად გეჩვენება. მეორე მომენტი არის ის, რომ გლოსალალიის პრაქტიკა იწვევს ენდორფინულ ნარკომანიას, ანუ ძლიერ მოთხოვნილებას ჰიპერ სიხარულისა და ემოციური მდგომარეობისა, ეს ფიზიოლოგიური, მშვინვიერი სურვილი და კონდენციაა. მესამე, გლოსალალიის პრაქტიკას თან ახლავს, ხილვები, წინასწარმეტყველება, ყვირილი, კივილი, და მრავალფეროვანი უცნაური ხმების გამოცემა. რაც ყველაზე დამაფიქრებელია გლოსალალიის შემოწმება, ანუ ღვთისგანაა ის თუ ეშმაკისგან, არასოდეს ხდება ორმოცდაათიალებსა და ხარიზმატებში. „თუ მიიღე“, მშვენიერია, უნდა ილოცო, ილაპარაკო და არ იზრუნო განმარტების ნიჭზე, რომელიც ძალიან იშვიათია(ორმოცდაათიანელებში და ქარიზმატებში) და თუ მოიძებნება ვინმე, ვისაც „აქვს განმარტების ნიჭი“, მისი ნიჭის სინამდვილეც, შემოწმებას ვერ და არ ექვემდებარება. აღსანიშნავია ის თვითკმაყოფილებაც, რომელშიც იმყოფება „ენებზე მოლაპარაკე და მლოცველი“ ადამიანი, რადგან ის მიიჩნევს თავს წმინდა სულით მონათლულულ ქრისტიანად, ხოლო ვისაც არ აქვს „გლოსალალიის ნიჭი“ ის ქრისტიანი არ არის და შესაბამისად არც წმინდა სულით მონათლულია. პროტესტანტიზმში და ნეოპროტესტანტიზმში ხიბლის ცნება არ არსებობს და არც არის ვინმე დაინტერესებული, რომ დაადგინოს ასეთი პრობლემა, ან ზოგადად მაინც დაუშვას ფსევდოსულიერი მდგომარეობის შესაძლებლობა საკუთარ ცხოვრებაში. ორმოცდაათიანელებსა და ქარიზმატებში გლოსალალია არის ის ნიჭი, რომელიც აუცილებლად ყველა ქრისტიანს უნდა ქონდეს. რატომღაც არაპროპორციული რეალობა შეინიშნება, რადგან „წმინდა სულმა“ მათ რატომღაც იშვიათი გამონაკლისით მისცა„სიბრძნის სიტყვა,ცოდნის სიტყვა, კურნებათა ნიჭი, ძალთა მოქმედება, სულების გარჩევა, ენების განმარტება (1კორ.12:8-10).“ მათთან დომინირებს გლოსალალია და ეს ეწინააღმდეგება ქრისტეს სხეულის- ეკლესიის პრინციპს, სადაც ყველა წევრს აქვს თავისი ნიჭი და ფუნქცია: „ხოლო ყოველივე ამაში ერთი და იგივე სული მოქმედებს, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს, თავისი ნების მიხედვით. რადგან, როგორც სხეული ერთია, მაგრამ მრავალი ასო აქვს, და სხეულის ყველა ასო, თუმცა ბევრია, ერთ სხეულს ქმნის, ასევეა ქრისტეც(1კორ.12:11-12).“
„ამგვარად, მათი ნაყოფით იცნობთ მათ (მათ.7:20)“ — განხეთქილების სული
როგორც უკვე ითქვა, ორმოცდაათიანელებისა ხარიზმატების მოძღვრების თანახმად ენებზე ლაპარაკი და ლოცვა ნიშანია იმისა, რომ ადამიანში წმინდა სული მყოფობს და მოქმედებს და რომ ადამიანი წმინდა სულით არის მონათლული. ეს სწავლება დიდი განხეთქილების, ურთიერთ დაპირისპირებისა და სიძულვილის მიზეზი გახდა ბაპტისტებსა და ორმოცდაათიანელებს შორის.
ივან ეფიმოვიჩ ვორონაევი, ყოფილი ბაპტისტი, რომლის ნამდვილი სახელი არის ნ.პ ჩერკასოვი გაემგზავრა აშშ-ი და იქ მიიღო გლოსალალიის გამოცდილება(სახელი და გვარი გამოიცვალა აშშ-ი გამგზავრების მიზნით). შემდეგ როდესაც ის ოდესაში დაბრუნდა მან დაიწყო ბაპტისტებისა და სახარებისეული კონფესიების რიგებში ახალი მოძღვრების გავრცელება (გლოსალალიის მიღების აუცილებლობის სწავლება) რაც განხეთქილებასა და დაყოფას იწვევდა ნეოპროტესტანტებში. ბაპტისტებმა ამ პრობლემას ბევრი სტატია მიუძღვნეს, რომელიც კრებულის სახით არის გამოცემული და 285 გვერდს მოიცავს. ამ სტატიებში კარგად არის აღწერილი გლოსალალიით გამოწვეული განხეთქილების ნაყოფი და შედეგი.[24] პავლე მოციქული ასწავლიდა რომაელ ქრისტიანებს: „შეგაგონებთ, ძმებო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ნასწავლი გაქვთ, და შეაქციეთ მათ ზურგი(რომ.16:14).“ ცხადია, რომ განხეთქილება არ შეიძლება იყოს სულიერი და კეთილი ნაყოფის მაჩვენებელი და შესაბამისად არც ის მოძღვრება, რომელიც მას იწვევს.
ეპილოგი
სტატიის დასასრულს უნდა ითქვას, რომ ეკლესიის სწავლებით გლოსალალია ლინგვისტურ ენებზე ლაპარაკის ნიჭია, რომელიც ღვთის სულით ქრისტიანებს სხადასხვა ერში სახარების საქადაგებლად მიეცათ. აუცილებელი არ იყო ეს ნიჭი ყველა ქრისტიანს ქონოდა.
გლოსალალიის, როგორც არალინგვისტური ენების პრაქტიკა და ეზოთერული ფენომენი ქრისტეს ეკლესიისთვის უცხოა და არ არის ღვთის სულისგან შთაგონებული. გლოსალალიის ეზოთერული პრაქტიკა არსებობდა წარმართულ რელიგიებში და ფსევდოქრისტიანულ კულტებში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ის არ იყო მიღებული ქრისტეს ეკლესიაში. გლოსალალიის ეზოთერული პრაქტიკა ხიბლში ყოფნაა. გლოსალალიის პრაქტიკამ და სწავლებამ განხეთქილება და დაპირისპირება გამოიწვია ნეოპროტესტანტებში.
აშკარაა, რომ გლოსალალია როგორც არალინგვისტურ ენებზე ლაპარაკისა და ლოცვის ფენომენი, აბსოლუტურად არაქრისტიანულია.
სტატიის ავტორი, ლაშა ბართია.
მობ: 599 704 705; 555 444 822;
გამოყენებული ლიტერატურა და ინტერნეტ რესურსი:
- Блаженный Феодорит Кирский. Толкование на четырнадцать Послании святого апостола Павла. – М.:Сибирская Благозвоница, 2013г. – 704с.
- Позиция, сборник статей. И.С. Проханов, И.В.Каргель и другие видные представители Евангельского-баптистского братство. Ирпень, 2001г- 285с.
- Порублёв Н.В.Феномен глоссалалии. Мельбурн, Австралия, Сентябр 1995г.- 72с.
- Греческо-Русский словарь Нового Завета/ перевод Краткого греческо-английского словаря Нового Завета Баркли М. Ньюмана. Российское библейское общество, М.: 2006, 240с.
- Гордон Д. Фи, Дуглас Стюарт. Как читать Библию и видеть всю её ценность. Издательство «Логос», 1993,216с.Переводсанглийского (HowtoReadtheBible for all Its Worth: A Guide to Understanding the bible. Copyright 1982, The Zondervan Corporation, Grand Rapids, Michigan).
- И.Златоуст. Толк. На 1Кор.http://bible.optina.ru/new:1kor:14:01#svt_ioann_zlatoust
- Ефрем Сирин. Толк. 1Кор. http://azbyka.ru/otechnik/Efrem_Sirin/tolkovanie-na-pervoe-poslanie-k-korinfjanam/14
- Феофан Затворник. Толк. На 1 Кор. http://azbyka.ru/otechnik/Feofan_Zatvornik/tolkovanie-na-pervoe-poslanie-k-korinfjanam/6_3_1
- http://www.biblezoom.ru/
- ბენი ჰინი. https://www.youtube.com/watch?v=tX_wB5E2kGE— Benny Hinn Prays for Pastors & Ministers — POWERFUL!!!!!!! First Time Released!!!
- ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია — მეხუთე წიგნი, თავი xvi. http://www.library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=395%3A2011-07-25-12-07-04&catid=35%3A2009-12-29-11-31
კენეთ ჰეიგინი, გლოსალალია და „წმინდა სიცილი“. https://www.youtube.com/watch?v=7aq_lcTXbVU — Kenneth E Hagin — Campmeeting — 1997 — 072197 Learning to Flow with the Spirit of God.avi;კენეთ ჰეიგინი, გლოსალალია და „წმინდა სიცილი“. https://www.youtube.com/watch?v=nL8VCbxWs3k — Kenneth E Hagin St Louis 1997 — Holy Ghost — Laughter
[1]http://www.biblezoom.ru/ Варианты перевода:1100, γλῶσσα язык (1. орган тела.; 2. речь, наречие).
Словарное определение:γλωσσα , аттический, атический диалект γλωττα η.
[2] Греческо-Русский словарь Нового Завета/перевод Краткого греческо-английского словаря Нового Завета Баркли М. Ньюмана. Российское библейское общество, М.: — 2006, 51с.
[3]Гордон Д. Фи, Дуглас Стюарт. Как читать Библию и видеть всю её ценность. Издательство «Логос», 1993, переводсанглийского (How to Read the Bible for all Its Worth:A Guide to Understanding the bible.Copyright 1982, The Zondervan Corporation, Grand Rapids, Michigan), 40с.
[4]БлаженныйФеодоритКирский. Толкование на четырнадцать Послании святого апостола Павла. – М.:СибирскаяБлагозвоница, 2013г. – 275с.
[5]И.Златоуст. Толк. На 1Кор.http://bible.optina.ru/new:1kor:14:01#svt_ioann_zlatoust
[6]Феофан Затворник. Толк. На 1 Кор. http://azbyka.ru/otechnik/Feofan_Zatvornik/tolkovanie-na-pervoe-poslanie-k-korinfjanam/6_3_1
[7]Феофан Затворник. Толк. На 1 Кор. http://azbyka.ru/otechnik/Feofan_Zatvornik/tolkovanie-na-pervoe-poslanie-k-korinfjanam/6_3_1
[8]Ефрем Сирин. Толк. На 1 Кор. http://azbyka.ru/otechnik/Efrem_Sirin/tolkovanie-na-pervoe-poslanie-k-korinfjanam/14 — „только самого назидает тем, что узнает, что он удостоен даров Духа, а кто пророчествует, тот всю Церковь Божию назидает.“
[9]Иоанн Златоуст. Толк на 1 Кор. http://bible.optina.ru/new:1kor:14:04
[10]Ефрем Сирин. Толк. На 1 Кор. http://azbyka.ru/otechnik/Efrem_Sirin/tolkovanie-na-pervoe-poslanie-k-korinfjanam/14
[11]Блаженный ФеодоритКирский. Толкование на четырнадцать Послании святого апостола Павла. – М.:СибирскаяБлагозвоница, 2013г. – 277с.
[12]И. Златоуст.Толк. На 1Кор. http://bible.optina.ru/new:1kor:14:13
[13]И. Златоуст. Толк. На 1Кор. http://bible.optina.ru/new:1kor:14:10#svt_ioann_zlatoust
[14]Феофан Затворник. Толк. На 1 Кор. http://azbyka.ru/otechnik/Feofan_Zatvornik/tolkovanie-na-pervoe-poslanie-k-korinfjanam/6_3_1
[15]Блаженный ФеодоритКирский. Толкование на четырнадцать Послании святого апостола Павла. – М.:СибирскаяБлагозвоница, 2013г. – 277-278с.
[16]Порублёв Н.В. Феномен глоссалалии. Мельбурн, Австралия, Сентябр 1995г.- 5с. (ПорублёвН.Вцитируетиз: Glossalalia, EncyclopediaofReligionVol. 5. NewYork: MacmillanPublishingHouse,1987. -563).
[17]Порублёв Н.В. Феномен глоссалалии. Мельбурн, Австралия, Сентябр 1995г.- 5-6с. (ПорублёвН.Вцитируетиз:Richard C.Scwab, Let the Bible Speseak ….About Tongues. Grand Repids, Michigan: Kregel Publications, 1983. -4).
[18]ПорублёвН.В. Феноменглоссалалии. Мельбурн, Австралия, Сентябр 1995г.- 6с. (ПорублёвН.Вцитируетиз: Charles R.Smith, Tongues in Biblical Perspective referred to in Richard C.Scwab, Let the Bible Speseak ….About Tongues. Grand Repids, Michigan: Kregel Publications, 1983. -5)
[19]ПорублёвН.В. Феноменглоссалалии. Мельбурн, Австралия, Сентябр 1995г.6-16с
[20]ევსებიკესარიელისსაეკლესიოისტორია — მეხუთეწიგნი, თავი xvi. http://www.library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=395%3A2011-07-25-12-07-04&catid=35%3A2009-12-29-11-31
რუსულ ენაზე მკითხველისთვის:http://azbyka.ru/otechnik/Evsevij_Kesarijskij/tserkovnaja-istorija/5_16
[21]Порублёв Н.В. Феномен глоссалалии. Мельбурн, Австралия, Сентябр 1995г. -8-9с.
[22]კენეთ ჰეიგინი. https://www.youtube.com/watch?v=7aq_lcTXbVU — Kenneth E Hagin — Campmeeting — 1997 — 072197 Learning to Flow with the Spirit of God.avi;
კენეთ ჰეიგინი. https://www.youtube.com/watch?v=nL8VCbxWs3k — Kenneth E Hagin St Louis 1997 — Holy Ghost — Laughter
[23]ბენი ჰინი. https://www.youtube.com/watch?v=tX_wB5E2kGE— Benny Hinn Prays for Pastors & Ministers — POWERFUL!!!!!!! First Time Released!!!
[24]Позиция, сборник статей. И.С. Проханов, И.В.Каргель и другие видные представители Евангельского-баптистского братство. Ирпень, 2001г. – 285с.
ავტორი: ლაშა ბართია