ჩვენ გარკვეული არჩევანის წინაშე ვდგავართ ან-ან: ღმერთი და უკვდავება, ან არაფერი. ამ დილემის თავისებურ გადაწყვეტილებას ჩვენ ვპოულობთ არგუმენტში, რომელიც პასკალის სანაძლეოს სახელით არის ცნობილი.
ეს არგუმენტი პარადოქსალურად, სახუმაროდაც კი შეიძლება ჩაითვალოს ის ესადაგება იმ სალონურ ათეიზმს, რომელიც პასკალის დროს გავრცელებული იყო საფრანგეთის მაღალ საზოგადოებაში. სინამდვილეში ღრმა და სერიოზული პრობლემაა დამალული. ადამიანის სიცოცხლე თამაშს ჰგავს, სადაც ჩვენ წინაშე გადაშლილ სხვადასხვა შესაძლებლობებზე ვდებთ ფსონებს. რაზე უნდა დავდოთ ცხოვრებისეული ფსონი-ღმერთსა და რელიგიაზე თუ უღმრთოებაზე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პასკალი თავის საყვარელ მეცნიერებას-მათემატიკას იყინებს. ის ამ საკითხის გადაჭრას ალბათობის თეორიის დახმარებით გვთავაზობს. იგი თვლის, რომ ალბათობით ერთნაირად დასაშვებია ღმერთის არსებობა — არსარსებობის საკითხი. მათემატიკურად რომ ავხსნათ, ნახევარი შანსი არსებობის და ნახევარი არ არსებობის. მოდით პირველი ფსონი არსებობაზე დავდოთ და ვნახოთ, რა შეიძლება მოვიგოთ ან დავკარგოთ ამ შემთხვევაში. დაკარგვით ვერაფერს ვერ დავკარგავთ ( ვკარგავთ ნულს), მაგრამ ვიგებთ ყველაფერს — მომავალი ცხოვრების უსასრულობას, ნეტარებას, უკვდავებას.
ახლა მეორე შემოთავაზებაზე დავდოთ ფსონი — ათეიზმზე. ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ წავაგებთ, რადგან ფერფლად და არარაობად ვიქცევით; ამავდროულად ვერც მოვიგებთ, რადგან არაფერი — ნული, შენაძენი არ არის. ნათელია, რომ ყველა შემთხვევაში ფსონის დადება ღმერთის არსებობაზე სჯობს და არა ათეიზმზე. რას კარგავთ თქვენ, კითხულობს პასკალი, თუ თქვენ ქრისტიანობის გზას აირჩევთ და ღმერთის არსებობას და უკუდავებას აღიარებთ? განა არის რამე ამ გზაში ცუდი ? — თქვენ ერთგული, პატიოსანი, მშვიდი, მადლიერი, ადამიანებისადმი კეთილგანწყობილი, გულწრფელი, ნამდვილი მეგობრები გახდებით. თქვენ არ იქნებით ხორციელი სიამოვნებებისკენ მიდრეკილი — განა სხვა სურვილები არ გაგაჩნიათ? გარწმუნებთ, თქვენ ამით მხოლოდ მოგებული დარჩებით. ამ სახუმარო ელემენტის სერიოზულობა იმაშია, რომ ყველა მოაზროვნე ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომელი ცხოვრებისეული მიზანი აირჩიოს, ამაზეა დამოკიდებული მისი შემდგომი ცხოვრების წესი, ბედი და ხასიათი. თუ არაფრის წინაშე აღმოვჩნდი უნდა მოგიწოდოთ: „დალიეთ და ჭამეთ მეგობრებო აწ და მარადის!“ მე ჩემი საქმე არაფერზე ავაგე- ამბობს აბსოლუტური ათეისტი შტირნერი. — იმ ქვეყნიური არ არსებობს, ცარიელი აჩრდილია.-ამ შემთხვევაში ყველაფერი დასაშვებია, ყველა სურვილი და ყოველგვარი დანაშაული. არ არსებობს არანაირი აკრძალვა და არც წმინდა და ღირებული არსებობს. თუ მე ღმერთს და მის სამყაროს ვღებულობ, მაშინ ჩნდება ვალდებულება, სიყვარული, რწმენა და იმედი. პირადად პასკალისთვის არანაირი სანაძლეო არ არსებობდა, მისთვის ეს საკითხი გადაწყვეტილი იყო რელიგიურ- მისტიური განცდით და გულის ლოგიკით. მაგრამ ამაზე საუბარი სალონებში არ შეიძლება!