ნარკომანის აღსარება
დახეთ ყმაწვილებს; ჩვენ სისულელით დახუნძლულ მათ კარზე ვაკაკუნებდით, ჯოჯოხეთის ყველაზე ბნელ დარბაზებში; დახეთ ყმაწვილებს; ჩვენ ცხვირწინ კარები მოგვიჯახუნეს; სად იყვნენ ისინი? ჩვენს ზურგს უკან…
იან კერტისი
ერთი ქილა ლუდი და სქეიტი
1980 წლის მაისში ჯგუფ ჟოყ დივისიონ -ის მომღერალმა და კომპოზიტორმა იან კერტისმა ამერიკაში თავის პირველ დიდ ტურნეში გამგზავრების წინ მანჩესტერში (ინგლისი), საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო. იმავე დღეს ამერიკაში, ვაშინგტონის შტატში წმიდა ელენეს ვულკანმა ამოხეთქა, ერთი ახალგაზრდა კი მოემზადა სკოლის გამოსაშვები საღამოსა და იმ აურზაურისთვის, რადაც სულ მალე ცხოვრება უნდა გადაქცეოდა…
გამოსაშვები საღამოს მეორე დღეს სან-ხოსეს (კოსტა-რიკოს დედაქალაქი) მიმართულებით, ჩრდილოეთ კალიფორნიაში სქეითბორდინგის `მეკის~ საძებნელად გავეშურე. წინა მოგზაურობებისას უკვე გავიცანი სან-ფრანცისკოელი პანკები. აქ, სან-კარლოსის ბულვარში მდებარე სასტუმრო `ჰოლიდეი-ინ~-ში ვარცხნილობა შევიცვალე და პანკი გავხდი.
ახალგაზრდა, სუფთა და უმწიკვლო ვიყავი. უარი ვთქვი `დაძაბულ გზაზე~, რასაც კოლეჯში ჩაბარება და სამსახურის შოვნა სჭირდებოდა და უარყოფილობის ტკივილი ახალგაზრდა თაობის აღგზნებული მრისხანებით ჩავანაცვლე. სანამ ჩემი მეგობრები ფიქრობდნენ, რომელ კოლეჯში ჩაებარებინათ, გავავწყვიტე, `თავბრუდამხვევად მეცხოვრა და ახალგაზრდა მოვმკვდარიყავი~.
მომდევნო 2 წელი პატარა ქალაქში გარშემო მყოფ ადამიანებთან ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფების გაცვლა-გამოცვლაში გავატარე. ამას საზოგადოებისგან სრული გაუცხოება მოჰყვა. ტკივილის ჩასახშობად ნარკოტიკების მიღებას მივყავი ხელი. ახლა ზიანს ვეღარავინ მომაყენებდა…
1982 წლის შემოდგომაზე პორტლენდისკენ გავეშურე, თან 40 ქილა `კემპბელის~ სუპი და 40 დოლარი გავიყოლე. ეს ქალაქი ჩემთვის აღმოჩენა გახდა: აქ ბევრი ახალგაზრდა თავის ნებაზე ცხოვრობდა. პირველად ვიგრძენი, რომ მიმიღეს! თუკი მართლაც ნეგატიურები ვიყავით, ეს ჩვენი გარემომცველი სისულელის _ რეიგანომიისა და გამალებული შეიარაღების ანარეკლი გახლდათ. ჩვენ ამოვირჩიეთ საუკეთესო იქიდან, რაც 50-იანი, 60-იანი და 70-იანი წლების პანკ-შემსრულებლებს ჰქონდათ და ეს ყველაფერი ქუჩას _ ყმაწვილებს დავუბრუნეთ. მატარებლებიდან გადმოხტომა, სალექარში ჩაყვინთვა, ლუდის მოპარვა, მხოლოდ რომანტიკული ტრადიციები იყო. საკუთარი თავის ტალახში ამოსვრა და გათელვა მიმზიდველად გვეჩვენებოდა. არც საკმაოდ ხანგრძლივი შუალედები გვქონდა იმაზე დასაფიქრებლად, რომ ასეთი ყაიდის ნიჰილიზმი ჩვენს სულსა და ხორცზე დამღუპველად მოქმედებდა.
1982 წელს ერთ-ერთ ადგილობრივ როკ-ჯგუფში `ინდუსტრიალ`-ს ვუკრავდი. პორტლენდის სამხრეთ-აღმოსავლეთში ვცხოვრობდით. ირგვლივ მხოლოდ კლდეები გვერტყა. ყოველ შაბათ საღამოს ნამდვილ კონცერტს ვატარებდით. ჩვენს შეკრებებზე პორტლენდისა და სიეტლის საუკეთესო როკ-ჯგუფები,ზოგჯერ სან-ფრანცისკოელი და ლოს-ანჟელესელი მუსიკოსებიც კი ჩამოდიოდნენ.
ერთ საღამოს ზედ ჩვენი სახლის წინ პანკების აურზაური და ჩხუბი ატყდა. ამ დროს ადგილობრივი `ჰარდკორების~ ჯგუფი _ `ფოისონ იდეა~ _ კონცერტისთვის აპარატურას ამონტაჟებდა. უცებ გარაჟი, რომელშიც ვცხოვრობდი, ვიღაცამ ააფეთქა. ცეცხლოვანი ბურთი ჰაერში 75 ფუტის სიმაღლეზე აიწია. როცა ალი შენობასაც მოედო, ჯგუფის აპარატურის გადასარჩენად სახლში შევცვივდით. მხოლოდ ერთი ქილა ლუდისა და სქეითის გადარჩენა შევძელი. ეს ნივთები ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.
1983 წელს ზედიზედ მეორედ მოვიგე ჩრდილო-დასავლეთის ჩემპიონატი ვერტიკალურ სქეითბორდინგში, ჩემთვის შესაძლებლობების მწვერვალს მივაღწიე. როგორც წესი, სქეითზე ნარკოტიკის გავლენის ქვეშ მყოფი დავსრიალებდი, რადგან ფხიზელი ამას კარგად ვერ ვახერხებდი. სან-ფრანცისკოელი სქეითბორდისტების ჯგუფში მიმიწვიეს და ზაფხულის ბოლომდე იქ ვცხოვრობდი. სან-ფრანცისკოს შეკრებებს `მწვანე~ პერიოდი ედგა _ ის-ის იყო, ყალიბდებოდა. პანკური როკ-ჟურნალი _ `მახიმუმღოცკ-ინ-ღოლლ» ახალი გახსნილი იყო, სქეითბორდისტების ჟურნალი _ `თჰრასჰერ» უკვე იზრდებოდა და ფართოვდებოდა. მაგრები ვიყავით _ მეკობრეების ერთგვარი მოგზაური ბანდა გახლდით. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეები იყო…
დასასრულის დასაწყისი
დასავლეთში დავბრუნდი და სიეტლს მივაშურე. მოძრაობა `გლემი~ განმტკიცდა, მუსიკის ტემპი იკლებდა, კურტ კობეინმა კი მოძრაობა `გრანჯ~-ის კონტურები უკვე ჩამოაყალიბა. სწორედ აქ მივიღე პირველი ცხოვრებისეული გამოცდილება, როგორც ნარკომანმა.
ერთ საღამოს ჩემს საცხოვრებელ ბინაში მეგობარი შემოიჭრა. მას ადგილობრივი აფთიაქი გაექურდა და სედატივების, ბარბიტურატებისა და ნარკოტიკების სამი მოზრდილი შეკვრა მოიტანა. სულ რამდენიმე წამით დავფიქრდი, თუ რა ხდებოდა ჩემს თავს და მას ჩემთვის ნემსის გაკეთების ნება მივეცი. მთელ სხეულში სითბომ დამიარა და მომეჩვენა, რომ ზეცაში ვიყავი. შემდეგ გავითიშე…
დილით გონს მოსულს მეგობარმა მითხრა, რომ კინაღამ გამოიჭირეს, მე კი დოზა ზედმეტი მომივიდა. ძალზე ღრმად რომ არ ჩამძინებოდა და არ მოვმკვდარიყავი, მან აბები დამალევინა და ავტობუსის გაჩერებაზე წამათრია.
მომდევნო კვირა ერთ დაბინდულ ლაქად მომეჩვენა _ მოკლე ჩართვასავით. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ერთი ქილა ლუდის მოსაპარად მაღაზიის ვიტრინა ჩავტეხე და ზედ მაღაზიის წინ გამოვთვერი.
ციხის კამერაში ლორწოთი სავსე ცხვირით გამომეღვიძა _ ეს `ნარკოტიკული შიმშილი~ იყო, რომლის ახლოს გაცნობაც მომიწევდა. ახლა ერთ რამეზეღა შემეძლო ფიქრი _ როგორ მეშოვა ნარკოტიკი.
1984 წლის დასაწყისში დასავლეთი სანაპირო იაფფასიანი `ბერკლი~-ს მჟავითა და მაღალი ხარისხის მექსიკური ჰერონი ~ჩივა~-თი იყო სავსე.სამი თვის განმავლობაში `მჟავის~ ყოველდღიური გამოყენებით ნარკოტიკების გამოკვლევის პროცესი დავასრულე. ფერდობზე ჩამოვჩოჩდი და ყოველდღიურად ჰეროინ `ჩივა~-ს ვიღებდი. სწორედ ამ დროს პორტლენდის პოლიციის დეპარტამენტში კორუმპირებულ პოლიციელთა რეორგანიზაციის პროცესი სრულდებოდა და საერთოდ არ აკონტროლებდნენ, რა ხდებოდა ქალაქის მიყრუებულ ადგილებსა და ჯურღმულებში.უკვე ჩვეულებრივი სანახავი გახდა, როგორ იკეთებდნენ ნარკოტიკს`კოუჩ-სტრიტელი~ ნარკომანები ზედ ტროტუარზე ან გაჩერებული მანქანის სახურავზე…
სამ კვარტალში ასობით მოვაჭრე ჩამწკრივებულიყო და პორტლენდელ ახალგაზრდებზე ნარკოტიკებს ყიდიდნენ. იმ ზაფხულს ბევრი ბიჭი ძალზე სწრაფად გაიზარდა. ზოგიერთი მომდევნო წელს ვერც მოესწრო.
ჩემი პირველი `ღმერთი~
1985 წლის მარტში, ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებით დამძიმებულმა, რაშიც დღეში თითქმის 100 დოლარი გვეხარჯებოდა, პირველად ვითხოვე დახმარება.
ეს ორიგონის სანაპიროზე მდებარე `ძველი სკოლის~ დახმარების ცენტრი იყო,რომელსაც ნიუ-იორკელი ყოფილი მეძავი და ნარკომანი ინახავდა. ჩემი კონსულტანტი გახდა ბრგე ახალგაზრდა იტალიელი, რომელიც გადამეტებული რადიკალიზმის გამო `ჰელლ`ს ანგლეს»-დან გამოაგდეს. ის არაერთი მკვლელობის გამო სასიკვდილო განაჩენს ელოდებოდა, როცა უეცრად აღმოჩნდა ანევრიზმა, რომელსაც ჭკუიდან გადაჰყავდა. 10-წლიანი სამაგალითო ყოფაქცევისა და სიფხიზლის გამო შეიწყალეს და გაათავისუფლეს.ახლა ნარკომანთა დახმარების ამ ცენტრში სხვებს ეხმარებოდა. აქ გავეცანი პირველად `მადლს~. ვერ გავითავისე `საღვთო საგანი~, რომელსაც `თორმეტი საფეხურის~ პროგრამა ეფუძნება. ამიტომ მან თავისი მაგიდიდან რიყის ქვა მომცადა მითხრა, რომ ეს მისი პირველი `ღმერთი~ იყო. ის თან უნდა მეტარებინა და გამომეყენებინა, როგორც ჩემი `უმაღლესი ძალა~, ანუ მისთვის ღმერთივით თაყვანი მეცა.
ცენტრის დატოვების შემდეგ სანაპიროზე გადავედი და დურგლობასა და სერფინგს შევუდექი. მითუმეტეს, რომ `პირადი~ ღმერთის გარეშე დამთრგუნველ სიცარიელეს ვგრძნობდი და ზაფხულის დასასრულს კვლავ ნემსზე დამოკიდებული აღმოვჩნდი. მომდევნო წლის დასასრულს დღეში კვლავ 100 დოლარის ნარკოტიკები მჭირდებოდა, მაგრამ მოვახერხე და პორტლენდში სქეითბორდინგისთვის საჭირო ინვენტარის მაღაზიის გასახსნელად სესხი მოვიპოვე. ერთ დროს ეს ჩემი ოცნება იყო, რაც თავადვე სწრაფად დავანგრიე, რადგან მაღაზიის სალაროში ხშირად ვძვრებოდი. ბიზნესის წარმოება ჩემს პარტნიორს მივანდე და კვლავ დახმარება ვითხოვე. სქეითბორდის მაღაზიას უზარმაზარი წარმატება ჰქონდა (რაც ჩემი დამსახურება სულაც არაა!) და ჩრდილო-დასავლეთ პორტლენში მთავარი `მსროლელი~ გავხდი.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჭკუა ვიხმარე და 8 თვის განმავლობაში ნარკოტიკი აღარ გამიკეთებია, ამ `უმაღლეს ძალას~მაინც აქტიურად ვეწინააღმდეგებოდი. ორ ქალაქს შორის მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში ვცხოვრობდი და შარდის ყოველდღიურ ანალიზსა და კონსულტაციებს შორის დავეხეტებოდი. ბოლოს და ბოლოს უკან დავბრუნდი, მაგრამ სანამ გონს მოვიდოდი, ხელში ისევ ნემსი მეჭირა.
ჰეროინი ჩემი ცხოვრებაა
ჩემი ცხოვრება ანკესზე წამოგებულს ჰგავდა, მაგრამ ნარკოტიკისგან მისი გამოცალკევება შეუძლებელი იყო.რამდენიმე თვის განმავლობაში წამალს ვიკეთებდი და ამ დროისთვის ძალზე `ამტანი~ გავხდი. შემეძლო, დღეში რამდენიმე ასეული დოლარის ნარკოტიკი გამეკეთებინა და იმავდროულად, `ფორმაშიც ვყოფილიყავი~ ისე, რომ ვერავის ვერაფერი შეემჩნია. ბოლოს და ბოლოს, როცა ჯანმრთელობა შემერყა, ჩემმა ბიზნეს-პარტნიორმა მიმატოვა. მითხრა, რომ ვუყვარვარ, მაგრამ ჩემი თვითმკვლელობის ყურება არ სურს. ის საუკეთესო მეგობარი იყო და მისი წასვლა ძლიერი დარტყმა აღმოჩნდა.
მაღაზიაში მომუშავე ბიჭები პატივს მცემდნენ, მაგრამ ხვდებოდნენ, რომ წამლის კეთებას თავს არ დავანებებდი და ჰეროინი ჩემი ცხოვრება იყო…
სამი თვის შემდეგ მაღაზიის სალაროდან 30 ათასი დოლარი ავიღე და ბოლოს და ბოლოს გავკოტრდი. მაღაზია გავყიდე და სრულიად უსახსროდ დავრჩი. უფულო და წამალზე დამოკიდებული მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდი.
ნარკოტიკების ჩვეულებასთან საბრძოლველად კრისტალური მეტადონის მიღება დავიწყე და ბოლოს სტაფილოკოკით დავავადდი. კეთროვანს დავემსგავსე: მთლიანად წყლულებითა და ფუფხით დავიფარე. მეგობრის სახლში ვიმალებოდი და `თავის დანებებას~ ვცდილობდი. მხოლოდ ჰეროინზე `შემჯდარმა~ იცის ის საშინელი ტკივილი, რისი გადატანაც უწევს ასეთ ადამიანს. კრუნჩხვები, ღებინება და გულისრევა ნარკოტიკული `შიმშილის~ დამახასიათებელი საშინელი სიმპტომებია. ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ მეთერთმეტე ღამეს შევძელი დაძინება.
ფინიშისკენ სწრაფვა
სამი კვირის შემედგ სამყაროს დავუბრუნდი და აღმოვაჩინე, რომ მეგობრების უმეტესობამ ზურგი მაქცია. გადავწყვიტე ჩემს მშობლიურ პატარა ქალაქში დავბრუნებულიყავი. მშობლები მუდამ ცდილობდნენ ჩემს დახმარებას და ჩემი ნარკოდამოკიდებულების შესახებაც იცოდნენ. შინ 6 თვე ვიცხოვრე და ვცდილობდი, უბრალოდ, `ფსკერზე დამეყვინთა~.მითუმეტეს, რომ ამ პატარა, ყრუ ქალაქში, აღმოსავლეთ-ვაშინგტონური `უდაბნოს~ ცენტრში შევხვდი რამდენიმე ემიგრანტ ფერმერს მექსიკური `ჩივა~-თი. ეს საუკეთესო იყო იმ ყოველივეს შორის, რაც აქამდე გამესინჯა.
რამდენიმე დღის განმავლობაში ისე `ავიწყვიტე~, რომ უფრო მეტი ჰეროინის საშოვნელად დედას საკრედიტო ბარათებიც კი მოვპარე. ქალაქში დაბრუნება და `ფინიშთან მიღწევა~ გადავწყვიტე. პორტლენდში კვლავ დავუკავშირდი ძველ მეგობარ ნარკოდილერს და ერთ ყოფილ `სქინჰედს~ (დაჯგუფება, რომლის წევრებიც აგრესიულად არიან განწყობილნი გარკვეული ეთნიკური ჯგუფების მიმართ), რომელთან ერთადაც ვმკურნალობდი.
ეს `სქინი~ დემონს ღმერთივით ეთაყვანებოდა და ყველაზე უფრო გადარეული გიჟი იყო მათ შორის, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. ქუჩაში გადამყიდველის კუთვნილ ნარკოტიკს ვყიდიდი, ჰეროინის პაკეტებს პირით დავატარებდი. პოლიციას რომ ჩემი აყვანა დაეპირებინა, მათ გადავყლაპავდი, რათა ტუალეტში წასულს ნარკოტიკი კვლავ დამებრუნებინა. ერთხელ სამმა ახმახმა ქუჩის კუთხეში ყელზე დიდი მექსიკური დანა მომაბჯინა. ისინი მოკვლით მემუქრებოდნენ, თუ საქონელს არ გადმოვაფურთხებდი. სიკვდილისთვის მთლად მზად არ ვიყავი და დავემორჩილე. გადამყიდველი ასობით დოლარის ღირებულების საქონლის დაკარგვამ ის გაანაწყენა, რომ დოპინგის გარეშე დამტოვა.
ჩემი მეგობარი `სქინი~ბინებს `ასუფთავებდა~ და საკმაოდ კარგი კავშირები ჰქონდა მოპარული ჟღარუნების შემსყიდველებთან.მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში 20-30 სახლი `გავასუფთავეთ~, წამოღებულ ოქრო-ვერცხლს გადავადნობდით ხოლმე, რომ სასურველი `ნაღდი~ ფული მიგვეღო. დანაშაულის გრძნობა ძალზე მაწუხებდა, მაგრამ მას ჩვენი ავადმყოფური ჩვეულებები ახშობდა. ერთხანს დღეში 500 დოლარის წამალს ვიკეთებდით _ ეს დოზა ცხენსაც კი მოკლავდა! შეგნებულად სულ უფრო და უფრო მეტს ვიკეთებდი და ვიმედოვნებდი, რომ ბოლოს და ბოლოს, ტანჯვისგან გავთავისუფლდებოდი.
ბოლოს პოლიციამ პირადად მომაკითხა უკვე რამდენიმე თვე გვეძებდნენ. სასამართლოს მოლოდინში მეტადონის კეთების ნება მომცეს და გირაოთი გამათავისუფლეს. ავტომატ-ტელეფონიდან დედას დავურეკე და ვუთხარი, რომ ორიოდე წლით საოლქო ციხეში და შესაძლოა კოლონიაში გაგზავნაც კი მემუქრებოდა.
სწორედ ამ დროს ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი მეგობარი გვეწვია (უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში პირველად). მან დედა ანუგეშა და უამბო საეკლესიო სათემოს შესახებ ალიასკაზე, რომელსაც ჩემი დახმარება შეეძლო. გამგზავრება არ მინდოდა, მაგრამ არჩევანი არ მქონდა. მსაჯულმა გადაწყვიტა, რომ ალიასკაზე გამგზავრება მკურნალობად ჩამეთვლებოდა და სასამართლომდე გამათავისუფლა.
თავს ისე ვაჩვენებდი, რომ ახლა სწრაფად ვერ `გამოვძვრებოდი~ და მეტადონთან ერთად ჰეროინსაც ვიკეთებდი.ეს ძლიერი და საშიში ნაზავია. ჩემი მეგობარი `სქინჰედიც~ მეტადონზე იჯდა და ჰეროინისთვის თავის დანებებას ცდილობდა.როცა შეიტყო, რომ წამალს ისევ ვიკეთებდი, შემომეხმიანა და ტუჩი ცხვირამდე ამახია. მითხრა, რომ ძალიან წუხდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ დავუტოვე. მან საავადმყოფოში წამიყვანა და ცოტა ხნის შემდეგ ჰეროინის დიდი დოზით დაბრუნდა, რომელიც იქვე, საავადმყოფოს პალატაში გავიკეთეთ.
ტუჩის გაკერვის შემდეგ საავადმყოფო დავტოვე და ბარგის ჩალაგება დავიწყე. მამაჩემი ეჭვობდა, რომ შესაძლოა მგზავრობა ვერ გადამეტანა და პორტლენდში ჩამოვიდა, რომ ალიასკაზე ჩემთან ერთად გამოფრენილიყო. 20 დოლარი ვთხოვე.მან შეგნებულად მომცა ისე, რომ არც უკითხავს, რისთვის მინდოდა…ჰეროინის უკანასკნელი პაკეტი მივიღე და თავს ძალზე მშვიდად ვგრძნობდი. მადლობა ღმერთს, მეტი ფული აღარ მქონდა, თორემ აუცილებლად გავიკეთებდი ზედმეტ დოზას. უკან დასაბრუნებელი ყველა ხიდი დავწვი და პორტლენდი დავტოვე…
`დიდი სახლი~
საღამოს რეისით ანკორიჯში ჩავფრინდით. ჯერ კიდევ `კაიფში~ ვიყავი. მართლმადიდებლური სათემოსკენ მიმავალ გზაზე მანქანაში გამოვფხიზლდი. ადრე იქ კათოლიკური დედათა მონასტერი იყო, ახლა კი მართლმადიდებლური სათემოს ცენტრი გახდა.
მეორე დღეს ჩემთან და მამასთან ორი მღვდელი მოვიდა და ერთად საუზმობა შემოგვთავაზეს. ახალგაზრდა მღვდელი ძალიან ალერსიანი და თბილი იყო. მას სულ არ ეზიზღებოდა მის წინ მყოფი დაცემული ადამიანი. ასაკოვანი მღვდელი სათემოს წინამძღვარი და განსაკუთრებული ადამიანი იყო. საუზმისას საუბრის დროს ღებინება დამეწყო. ამ კოშმარის გადატანა უკანასკნელად მიწევდა…
წინამძღვარი გამუდმებით მეკითხებოდა: `აქ რატომ ვარ? მინდოდა თუ არა აქ ჩამოსვლა? ოდესმე მწამდა ღმერთის?~ ძირითადად მამაჩემი საუბრობდა, რადგან მე საამისოდ ძალა არ მყოფნიდა. იმ დილას ჩემს ოთახში ასვლისას ვფიქრობდი, რომ ეს ადამიანი ნამდვილად მომწონდა. ის ტყუილად როდი ლაყბობდა: მისი ყოველი სიტყვა გამიზნული იყო. ყველა ჩემს ნაცნობ ქრისტიანთა შორის ის პირველი იყო, რომელიც მართლაც ცოცხალს ჰგავდა.
ამის შემდეგ 6-7 დღე ჩემი ოთახიდან არ გამოვსულვარ, ჯოჯოხეთური ტანჯვა გამოვიარე. უცნობ ადგილას მარტოდ მყოფი ქუჩიდან შემოსული ხმებითაც კი ვერ ვინუგეშებდი თავს. გამაყრუებელი სიჩუმე გამეფებულიყო! ჩემთან ახალგაზრდა ქალბატონი შემოვიდა და პატარა ჯვარი მომცა, რომ `ამის~ გადალახვაში დამხმარებოდა. ბოლოს და ბოლოს ჩამეძინა…
გამოღვიძებულმა აღმოვაჩინე, რომ სიცხეს, კრუნჩხვასა და ცხელებას გაევლო. შემოდგომის მზიანი დღე იდგა… და მე ცოცხალი ვიყავი! დარწმუნებული არ ვიყავი, რომ კრუნჩხვის ყველა შემოტევა უკვე წარსულს ჩაბარდა, თუ ერთი კიდევ დარჩა და თვითმკვლელობის აზრმა გამიელვა.
პირველი ლოცვა
`დიდ სახლში~ მცხოვრები ადამიანები ჩემზე ზრუნავდნენ, მაჭმევდნენ და მესაუბრებოდნენ. მათი თანაგრძნობით თავზარდაცემული ვიყავი.ამასთან ერთად ისინი ღმერთზე საუბარს ან ჩემს მოქცევას არ ცდილობდნენ. გადაწყდა, რომ იმ სამი თვის განმავლობაში, რაც აქ უნდა გამეტარებინა, ამ მიწის მფლობელთან ვიმუშავებდი, რადგან `დიდი სახლის~ უფროსი ჯერ კიდევ ის იყო. ეს ალერსიანი და ყურადღებიანი ადამიანი ყველაზე გულმოდგინედ შრომობდა, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი. პირველი სამუშაო დღის დასასრულს დავიღალე და ჩემს გონებაში რამდენიმე გეგმა მომწიფდა. პორტლენდში დავუკავშირდი ჩემს დილერს, რომელიც მცირეოდენი ნარკოტიკის გადმოგზავნაზე დამთანხმდა. ამას ორი დღე დასჭირდებოდა…
მომდევნო საღამოს სახლის ყველა ბინადარი ჰოკეის მატჩზე წავიდა. `დიდი სახლის~ სასტუმროში მარტო ვიყავი და ალიასკის მშვენებით ვტკბებოდი. თავს მშვიდად და უშფოთველად ვგრძნობდი, მაგრამ ნარკოტიკული `შიმშილი~ არ მასვენებდა და თავს არ მანებებდა.სასმელი მოვიძიე, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. სახლში ქრისტესა და მისი წმიდანების ხატები მიმზერდნენ. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მითვალთვალებდნენ…
უცებ შიშის ძლიერი ტალღა მომაწვა. თითქოს 10 წლის მანძილზე არგანცდილი შიში მეყსეულად დამიბრუნდა. თავი პატარა, უმწეო და სავსებით დადამბლავებული მეგონა.შუაღამე ახლოვდებოდა, ირგვლივ არავინ იყო.დედას დავურეკე და საწოლიდან წამოვაყენე. ვტიროდი და ვეუბნებოდი, რომ სიკვდილი მინდოდა. ის მაწყნარებდა და მანუგეშებდა, ცდილობდა დავეყოლიებინე, რომ მუხლებზე დამეჩოქა და მასთან ერთად მელოცა. ყურმილი დავაგდე, სახლიდან გამოვვარდი და ეკლესიას მივაშურე. მუხლებზე დავემხე და ღმერთს მივმართე: `თუ აქ ხარ, შიშისა და ტკივილისგან მიხსენი.~ შიში ისევე სწრაფად გაქრა, როგორ უეცრადაც გაჩნდა. სიმშვიდის შეგრძნება დამეუფლა და დიდხანს ვიწექი ეკლესიის იატაკზე.
შემდეგ ეკლესიიდან გამოვედი.აივანზე ვიდექი და ქრისტეს სახლის მშვენიერებას ვუმზერდი. მას შემედგ, რაც ჭმუნვას შევეპყარი და სევდას მივცემოდი, ეს ერთადერთი მომენტი იყო, როცა ღმერთს ჩემთან მოსვლა ძალუძდა და მე მისას შევისმენდი. ქვითინი ამივარდა, სიცოცხლეში პირველად ვმადლობდი უფალს, რომ ესოდენ ვუყვარდი.
უზარმაზარი ფრინველი
ამ შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე დედაჩემს ეზმანა, რომ ასფუტიანი ფრთების მქონე ფრინველმა მასა და ჩემს დას მინდორში გადაუფრინა. ის ჯერ ემუქრებოდა, შემდეგ კი მათ წინაშე მოიდრიკა და ფრთებით იფარავდა. შემდეგ ამ ფრინველმა დედას უთხრა, რომ კარგად ვიქნებოდი.
რამდენიმე თვის შემდეგ ბინების ქურდობის დამატებითი ბრალდებები წამიყენეს და საოლქო ციხეში ჩასაჯდომად პორტლენდში დავბრუნდი. სასამართლოში უწინაც არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ქრისტიანი ვიყავი და არა ბედკრული ნარკომანი.
შიში გამუდმებით თან მდევდა, მაგრამ ღმერთიც მუდამ ჩემ გვერდით იყო.ნარკოტიკებით მაცდუნებდნენ, მაგრამ არ ვნებდებოდი. ჩემს საკანში მსხდომნი დამცინოდნენ, ბიბლიიდან ფურცლებს ხევდნენ და მისგან თვითმფრინავებს აკეთებდნენ.გარედან ყოველდღიურად წერილებს მწერდნენ და მართლმადიდებელი მღვდლები მნახულობდნენ, რაც ჩემთვის დიდი თანადგომა იყო. შინაგანად გამუდმებით ვგრძნობდი მაცხოვრის მყოფობას.ახალი ბრალდებები გამოსასწორებელ კოლონიაში ორ ხუთწლიან ვადას მიქადდა.
სასამართლო დარბაზში შესულმა შაოსანი მღვდლები დავინახე. მათი თხოვნა ალიასკის ეკლესიაში ჩემ გაშვებაზე დააკმაყოფილეს. ხუთწლიანი პირობითი გამოსასწორებელი ვადა და 28 000 რესტიტუცია (ზარალის ანაზღაურება) მომისაჯეს. კიდევ ერთხელ თუ ავიშვებდი, ციხეში სრული ათი წლის ვადის მოხდა მელოდა. ღმერთს ვმადლობდი მისი დიდი და მდიდარი წყალობისთვის.
მაცხოვნებელი შთაფლვა
1989 წლის აღდგომის წინ, დიდი შაბათის წინა დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მიმიღეს. ნათლისღების საიდუმლოთი ჩემი უწინდელი ცხოვრების ცოდვათაგან განვიწმინდე. სიხარული, რომლის ჩაკვლასაც მუდამ ვცდილობდი, ახლა სრულყოფილი გახდა.
მას შემდეგ განვლილი წლების მანძილზე ნარკოტიკს ერთხელაც არ გავკარებივარ. ეს შესაძლებელი გახდა არა `თორმეტი საფეხურის~ პროგრამისა და თანამედროვე ფსიქოლოგიის მზაკვრობის წყალობით, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის ძველ, არაამქვეყნიურ ცხოვრებაში შთაფლვით (რამდენადაც ძალმიძდა).
`სასუფეველმა აღმამაღლა, ოდეს შევიცან იგი მასზე ფიქრისას. დამავიწყდა ჩემი საბრალო სახელები, რამეთუ მან თავისი კეთილსურნელებით დამაურწყა. თითქოს მე მე აღრ ვიყავი, რამეთუ მან გამამდიდრა თავისი ბუნების უსაზღვრო მრავალფეროვნებით~ (ღირსი ეფრემ ასური).მხოლოდ უფლისა ჩვენი იესო ქრისტეს საღვთო მადლითა და მთელი კაცთა მოდგმის მიმართ მისი ამოუწურავი სიყვარულით ვსულდგმულობ დღემდე. ვმადლობ წმიდანებს, რომელთა შუამდგომლობაც ყოველდღიურად იხსნის ჩვენს სულებს. ალიასკაზე 26 სექტემბერს წმიდა იოანე მახარებლის ხსენების დღეს ჩამიყვანეს. მის სახელზეა ნაკურთხი ტაძარი, სადაც ღვთისკენ მოვექეცი. მართლმადიდებლური ტრადიციით წმიდა იოანეს სიმბოლო არწივია. ვფიქრობ, სწორედ ის იყო უზარმაზარი ფრინველი, რომელმაც დედაჩემი ანუგეშა. 6 დეკემბერი წმიდა თომა მოციქულის ხსენების დღეა _ მოციქულისა, რომელმაც მაშინვე როდი ირწმუნა ქრისტეს აღდგომა.ეს ჩემი მოქცევის დღეა და მეც თომა მქვია. განსაკუთრებულად მიყვარს ეს წმიდანები, რომელთა ლოცვაც ღმერთს ესათნოება: წმიდა იოანესადმი, რომელსაც ბავშვები უზომოდ უყვარს და წმიდა თომასადმი, რომელიც თითოეული ჩვენგანივით ეჭვობდა. ეს ძველი წმიდანები ის ნაწილნი არიან `მეამბოხეთა~ მემკვირეობისა, რომელიც დღემდე გრძელდება. ისენი ნამდვილი `რადიკალები~ არიან, რომელთა ცხოვრებასაც შეგვიძლია მივბაძოთ და ამოვავსოთ ის სიცარიელე, რომელიც დღეს გვშთანთქავს.
ჩვენ შეგვიძლია `ნემსისა და კოვზის~ გზას გავყვეთ და დავასრულოთ მსგავსად ჯონ სანდერსისა, რომელიც ახალი ორლეანის სასტუმროს იატაკზე დოზის გადამეტებით მოკვდა. შეგვიძლია, გავუყვეთ
სასოწარკვეთილების ბილიკს, რომელმაც კურტ კობეინი (რომელიც ამა სოფლის დიდებასა და ბედნიერებას ვერ გაუმკლავდა) სიეტლში ტრაგიკულ დასასრულამდე მიიყვანა. ანდა ძალგვიძს მივყვეთ გზას ჯვრისა, რომელიც მოწამეთა სისხლითა და მოსაგრეთა ღვაწლით განბრწყინვებულა.
წმიდა მოციქულნო იოანე და თომა, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის!
ტომასი
`თჰროუგჰცლოსედ დოორს~// თHE OღთHODOX ჭOღD. Vოლ. 31. Nო 4 (183),
ჟულყ-Aუგუსტ. 1995. პ. 190-199.