მართლმადიდებლობა და პროტესტანტიზმი

მართლმადიდებლობა და პროტესტანტიზმი

კამათი მატერიისა და ენერგიის შესახებ

მართლმადიდებლობასა და პროტესტანტიზმს ყველაზე მეტად წმიდა გარდამოცემისადმი დამოკიდებულება განასხვავებს. წმიდა გარდამოცემა კი, თავის მხრივ, წარმოადგენს პრინციპულ დებულებას — ფიგურირებს თუ არა იესო ქრისტეს ამაღლების შემდგომ ისტორიაში და თუ ფიგურირებს, — როგორ?

პროტესტანტული სწავლებით, ქრისტემ ისტორიაში არაუმეტესი კვალი დატოვა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ნიჭიერმა რელიგიურმა მქადაგებელმა. მისი ძირითადი საქმიანობა, მათი აზრით, ზეცაში მოხდა და არა დედამიწაზე.

პროტესტანტული სწავლების თანახმად, ზეცაში იესომ, როგორც შუამდგომელმა და შუამავალმა, დაარწმუნა მამა, რისხვა წყალობით შეეცვალა. ღმერთი აღარ არის განრისხებული ჩვენი ცოდვების გამო და არც გვსჯის, რადგან, პროტესტანტების აზრით, იესო ქრისტეს გამომსყიდველმა მსხვერპლმა აიძულა იგი, მიიჩნიოს, რომ ღვთაებრივი სამართალი „დაკმაყოფილებულია“ და ადამიანები შენდობილად გამოცხადდნენ. ანუ, პროტესტანტული ლოგიკით, ქრისტემ შეცვალა არა ადამიანები (ისინი, როგორი ცოდვილები და მოკვდავნიც იყვნენ, ასეთებადვე დარჩნენ), არამედ მამა ღმერთის ადამიანებისადმი დამოკიდებულება. მათი აზრით, აქ, დედამიწაზე არაფერი შეცვლილა. ადამიანები ქრისტეს სიკვდილმა, მის მიერ გაღებულმა მსხვერპლმა ისევე გააოგნა, როგორც ადრე ისინი სოკრატეს სიკვდილით იყვნენ გაკვირვებულნი. მათ შეიყვარეს ქრისტეს სწავლება თითქმის ისევე, როგორც უწინ, მაგალითად, მიიღეს ბუდას მოძღვრება და მადლიერნი არიან ქრისტესი ისევე, როგორც მილიონობით ადამიანი მადლიერია მოსესი…

მაგრამ ქრისტეს აღდგომა პროტესტანტების მიერ გააზრებული არ არის. ქრისტეს ჯვარცმამ გამოიღო ნაყოფი: მან დააკმაყოფილეა მამა. ხოლო აღდგომა მაცხოვრის ღვთაებრიობის მარტოოდენ მტკიცებად რჩება. პროტესტანტული სწავლებით, ქრისტეს აღდგომას, პედაგოგიურის გარდა, სხვა ეფექტი დედამიწის ისტორიაში არ ჰქონია და საყოველთაო აღდგომის ჟამამდე ქრისტესმიერ ძლევა სიკვდილზე — ნაყოფს არ გამოიღებს. მათი აზრით, მარტოოდენ ქრისტეს მსხვერპლი ნიშნავდა რაღაცას და ამით თითქოს რაღაც შეცვალა სამყაროში. პროტესანტული სამყაროსათვის უფრო მნიშვნელოვანია ჯვარცმა, ვიდრე აღდგომა; მას უფრო მეტად აქვს ქრისტეს სიკვდილის განცდა, ვიდრე მაცხოვრის აღდგომისა.

მართლმადიდებლობა მიიჩნევს, რომ ქრისტემ ადამიანებს მისი მსახურების ყველა ნაყოფი უბოძა: მოძღვრებაც, გამომსყიდველი მსხვერპლიცა და აღდგომაც. და ჩვენ შეგვიძლია ყოველივე ამის თანაზიარნი ვიყოთ, შეგვიძლია არა მხოლოდ ვუსმინოთ ქრისტეს, არამედ მასთან ერთად ვეცვათ ჯვარს და აღვდგეთ. „ჩვენ, რომელნიც მოვკვდით ცოდვისათვის, კვლავ როგორღა ვცხოვრობთ მასში? ან, იქნებ, არ იცით, რომ ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით? და მასთან ერთად დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით, მამის დიდების მიერ, ასევე ჩვენც განახლებულ სიცოცხლეში ვიარებოდეთ. რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით თანაშეზრდილნი ვართ მასთან, აღდგომითაც მას ვემსგავსებით“ (რომ. 6,2-5).

ქრისტე სრულიად გვიძღვნის საკუთარ თავს. მაგრამ იგი მხოლოდ ღმერთი კი არაა, არამედ — ღმერთკაცია. მამა გიორგი ფლოროვსკის ფორმულას, — „მოციქულებმა გადასცეს ეკლესიას, ხოლო ეკლესიამ მოციქულების მემკვიდრეთა საშუალებით მიიღო არა მარტო სწავლება, არამედ სულიწმიდის მადლი“, — პროტესტანტები გონივრული მსჯელობის შემდეგ, ალბათ, დაეთანხმებიან. მაგრამ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება უფრო რთულია. ჩვენ ვამბობთ, რომ იესო ქრისტე — ღმერთკაცია. იგი „ონტოლოგიურად დანათესავებულია ჩვენთან“ და იგი ჩვენ არა მარტო თავის ღვთაებრიობას, არამედ კაცურ ბუნებასაც გვიძღვნის.

ღვთისმეტყველებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია: ამაღლდა თუ არა ქრისტე სხეულით, თუკი დედამიწაზე დარჩა ეკლესია, რომელიც ქრისტეს სხეულს წარმოადგენს? დეკანოზ სერგი ბულგაკოვისა და მღვდელ დიმიტრი სტანილოეს პასუხი ასეთია: „ზეცა, რომელზეც იესო ქრისტემ თავისი სხეული აღამაღლა, მისტიურად ეკლესიის ცენტრალურ ნაწილს, ანუ საკურთხეველს ემთხვევა… ასევე ღმერთკაცის ამაღლებით კაცობრივი ბუნება იქნა ამაღლებული“.

მაგრამ ქრისტემ არა მარტო მიიღო კაცობრივი ბუნება (მარად ქალწული მარიამისაგან) და აღამაღლა იგი სამების წიაღში, მან აგრეთვე დაგვიბრუნა იგი ფერნაცვალი, განკურნებული და აღდგომილი.

აღდგომის ნაყოფი ადამიანებს ეძლევათ. წმიდა გარდამოცემაში გაშლილია ქრისტეს ორივე ბუნება: არა მარტო მისი სწავლებაა განმარტებული, არამედ, წარმოჩენილია ქრისტეს ღვთაებრივიცა და კაცობრივი ბუნებაც.

წმიდა გარდამოცემის საშუალებით ხდება ქრისტეს აღდგომილი და განღმრთობილი კაცობრივი ბუნების ასახვა, ქრისტეს მიერ გამოხსნილი კაცობრიობის გამრავლება. წმიდა კვიპრიანე კართაგენელი ამბობს: „ქრისტემ მოისურვა გახდეს ის, რაც ადამიანია, რათა ადამიანსაც შესძლებოდეს გახდეს ის, რაც არის ქრისტე“.

I. მიზანი ქრისტესი არის არა ის, რომ ადამიანებს საკუთარი თავი გააცნოს, არამედ, რათა შეცვალოს ყოველი ჩვენთაგანი. და როგორღაა ეს შესაძლებელი, თუკი ქრისტე არ არის ჩვენს შორის? როგორ შეიძლება ქრისტეს გარეშე საკუთარ თავში შეუშვა და დაავანო უფალი? ქრისტესთან თანაზიარების გარეშე ეს შეუძლებელია.

წმიდა გარდამოცემა, როგორც ონტოლოგიური აქტი, რომელიც ქრისტეს მიერ ადამიანს ფერისცვალების მადლს და მასთან თანაზიარებას ანიჭებს, — განა შეიძლება დაიტიოს წიგნებში? ის, რაც გააკეთა ქრისტემ, სიტყვებით გამოუთქმელია, ანუ არც შეიძლება გავრცელდეს სიტყვიერად. ე.ი. ქრისტიანობის შემდგომი ცხოვრებაც შეუძლებელია დავიყვანოთ „ბიბლიურ შტუდიებამდე“. წმიდა გრიგოლ ნოსელი მოციქულთა მემკვიდრეობის შესახებ წერდა: „ქრისტიანობა ღვთისადმი მიმსგავსებაა“. შორეულ პალესტინაში ოდესღაც მომხდარი ამბების მოთხრობას არ ძალუძს ადამიანებზე მსგავსი ეფექტის მოხდენა, ეს მხოლოდ ქრისტეს ცხოველ სიტყვას შეუძლია.

II. ადამიანს რომ შეეძლოს გახდეს ის, რაც იყო ქრისტე, მას უნდა მიეცეს საშუალება საკუთარ თავში დაუშვას კაცური ბუნების ის ფერისცვალება, რომელიც ქრისტეში მოხდა. წმიდა გარდამოცემის ძირითადი დანიშნულება მღვდელი დიმიტრი სტანილოეს აზრით არის ის, რომ ადამიანებს უქადაგო ქრისტეს კაცური ბუნება, რომელიც უკვე გამოხსნილია ქრისტეს მიერ, რომელმაც უკვე განვლო სიკვდილის კარიბჭე და შემუსრა იგი.

სულიწმიდის მოქმედება, რომელიც წმიდა გარდამოცემის ონტოლოგიურ არსს შეადგენს — ესაა კონკრეტულ ადამიანში, კონკრეტულ დროსა და სივრცეში იმის განხორციელება, რაც ქრისტეს მიერ მთელი კაცობრიობისთვის შესრულდა. სულიწმიდის მიერ ვიღებთ ჯვარცმის გამომხსნელ ნაყოფს. ი.კონგარის სიტყვებით: „გარდამოცემა — ესაა ყოველივე ის, რაც ჩვენ მოგვეცა, რაც ახალ აღთქმაში ცხოვრება შევძლოთ“. მაგრამ ახალი აღთქმა ქრისტეს სისხლშია… და შეუძლებელია იცხოვრო ახალი აღთქმის სულით, თუკი არ ეზიარები ქრისტეს სისხლსა და ხორცს.

იმისათვის, რომ ქრისტიანობა ისტორიაში რჩებოდეს და ადამიანებში მოქმედებდეს, ქრისტე არ უნდა გვტოვებდეს, მისი ღმერთკაცობა უნდა მკვიდრობდეს ადამიანებში, რათა განგვკურნოს და მარადიულობას გვაზიაროს.

აქ გადის უმთავრესი გამყოფი ზოლი, რომელიც პროტესტანებს მართლმადიდებლებისაგან ჰყოფს. სწორედ აქ ვაწყდებით იმ მართლმადიდებლურ რწმენას, რომელიც ყველაზე მეტად აღაშფოთებს პროტესტანტებს და რომელიც მათ ნამდვილ წარმართებად წარმოაჩენს. თავის მხრივ, პროტესტანტებში ამგვარი რწმენის უარყოფა მართლმადიდებლებს აიძულებს დასვან საკითხი — ქრისტიანები არიან კი პროტესტანტები? ხომ არ არის პროტესტანტიზმი რეალური ქრისტიანობის ჩანაცვლება მარტოოდენ სიტყვებით მის შესახებ? ნუთუ შესაძლებელია ცხონება ისეთ თემში, რომელიც სიტყვით ადიდებს უფალს, ხოლო საქმით კი გამუდმებით ებრძვის სამყაროში უფლის რეალურ არსებობას?

ჩვენს შორის განსხვავება მარტოოდენ წესჩვეულებებში არ არის. ჩვენი ძირითადი კამათის საგანია — დამოკიდებულება მატერიისა და ენერგიისადმი. შეუძლია თუ არა ხორციელ ბუნებას განიმსჭვალოს ხელთუქმნელი ნათლით? შესაძლებელია თუ არა, რომ უფალი ასხივებდეს და მსჭვალავდეს თავისი ნათლით მიწიერ რეალობას?

რელიგიის ისტორიაში მორწმუნე კაცობრიობისათვის ეს საკითხი ზოგადი რწმენის საგანს წარმოადგენს — დიახ, შესაძლებელია. სულიერ ენერგიას ძალუძს, განმსჭვალოს და ფერი უცვალოს მატერიალურ საგნებს. სწორედ იმიტომ, რომ ესაა ზოგადსაკაცობრიო რწმენა, იგი მარტო მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს არ ახასიათებთ, მას წარმართებიც კი იზიარებენ. ეს რომ შენიშნეს, პროტესტანტები დიდ სამწუხარო ცდომილებაში ჩავარდნენ, რომელიც ხშირად მავანთა საერთო სენია — თუკი რაიმე აქვს ჩემს მტერს, ეს თავისთავად ცუდია და ამიტომ დაუშვებელია მქონეს მეც. ასე მოსდის, მაგალითად, ზოგიერთ მართლმადიდებელსაც, როცა იხილავს რა, რომ ტელევიზიასა და სხვა საინფორმაციო საშუალებებს აქტიურად იყენებენ ანტიქრისტიანული მიზნებისათვის, — ასკვნის, რომ თავისთავად ყველა საინფორმაციო საშუალება სატანურია და მართლმადიდებლობის სიწმიდის დასაცავად საჭიროა, დავამსხვრიოთ ტელევიზორები და კომპიუტერები.

რადგანაც იმაზე, რომ მატერიალური სამყარო ღიაა სულიერი ენერგიის მისაღებად ეგვიპტელებიც, ინდოელებიც, შამანებიც, ჯადოქრებიცა და ოკულტისტებიც საუბრობდნენ, პროტესატნტებმა დაასკვნეს — ანალოგიური რწმენა მართლმადიდებლებსა და კათოლიკებში წარმართობის გამოძახილია და ამიტომ მათ მიიჩნიეს, რომ საეკლესიო წესჩვეულებანი სხვა არაფერია, თუ არა ოკულტურ-წარმართული ცერემონიები, რომლებიც ჭეშმარიტად სულიერი ქრისტიანისათვის საძაგელია.

პროტესტანტების ხედვით, სიწმიდე არა ონტოლოგიური, არამედ ფუნქციონალურია. მართლმადიდებელთათვის „წმიდა“ უწინდარეს ყოვლისა, ნიშნავს თანაზიარებას მასთან, რომელიც არის ყოვლადწმიდა ერთარსი სამება, ანუ ნიშნავს კურთხეულსა და ღვთაებრივი ენერგიით აღვსილს. პროტესტანტებისთვის „წმიდა“ ნიშნავს ისეთ სიტყვას, რომელიც რელიგიურ აზრთა და გრძნობათა გამოსათქმელად გამოიყენება. პროტესტანტთათვის სიწმიდე გამოხატავს ადამიანის დამოკიდეუბლებას საგნისადმი და არა ღვთაებრივი ენერგიის არსებობას მასში. ლუთერისა და კალვინისათვის, ცვინგლისა და ჰობსისათვის რომელიმე ადგილისა თუ ხატის წმიდად აღიარება გულისხმობს მათ ამოღებას საყოველთაო ხმარებიდან: სიტყვის -„წმიდა“ არის გულისხმობს არა რაიმე ძალის იქ რეალურად ყოფნას, არამედ მარტოოდენ ახლებულ დამოკიდებულებას ადამიანისა მის მიმართ იმის გამო, რომ ესა თუ ის ნივთი მას უფალს მოაგონებს. ამ ლოგიკით, ლუთერისთვის სანათლავ ემბაზში წყალი არაფრით განსხვავდება ბაგაში ჩასხმული წყლისაგან; „წყალი წყალია და სანათლავშიც წყალი სულაც არ არის უკეთესი ხარისხის იმასთან შედარებით, რასაც სვამს ძროხა“. და საერთოდ, ლუთერისა და კალვინის სამყაროში არ არსებობს სპეციალური „საკრალური“ წერტილი არც სივრცეში და არც დროში, რადგანაც საკრალურია ყოველივე. სამყაროს ამ სურათში არ არის ონტოლოგიურად უფრო კეთილშობილური, ყოფიერების საძულველი სიმდაბლე…

მართლმადიდებლობა სამყაროს სხვაგვარად შეიგრძნობს. თუმცა ჩვენ გვწამს, რომ მადლის ერთადერთი წყარო უფალია და ჩვენც მივიჩნევთ, რომ მარტოოდენ უფალს ძალუძს სასწაულების მოხდენა. ჩვენც გვესმის „პირობითობა“ ხატების წოდებაში — სასწაულთმოქმედი. წმიდა თეოფანე დაყუდებული ამბობს: „რატომაა, რომ ზოგიერთი ხატი სასწაულთმოქმედი ხდება? იმიტომ, რომ ასე ნებავს უფალს.

სასწაულთმოქმედება არავისზე არ არის დამოკიდებული ღმერთის გარდა. ეს ძალა არც ხატებშია და არც მლოცველებში, არამედ ღვთის წყალობაში. აი, როგორ შეუძლია ყოველივეს მფლობელ ღმერთს, რომ ყოველი ნივთი თავისი წყალობის იარაღად აქციოს…

სასწაულთმოქმედი ხატები თავად სასწაულთმოქმედების ძალით შემოსილნი კი არ არიან, არამედ ღმერთს ნებავს სასწაული მათი საშუალებით მოავლინოს რწმენის გასაღვივებლად“ (წმიდა თეოფანე დაყუდებული).

პროტესტანტული დოქტრინის გაცნობისას, უწინარეს ყოვლისა, გვიჩნდება კითხვა: თუკი საეკლესიო საიდუმლოებანი მარტოოდენ უფლისადმი ჩვენი დამოკიდებულების გამოხატულებაა, მაშინ რატომ მოხდა წინადაცვეთის შეცვლა ნათლობით? „უფლისადმი სუფთა სინდისის აღთქმა“ უფრო კარგად დასამახსოვრებელი იქნებოდა, თუკი იგი დაუკავშირდებოდა წინადაცვეთის ტკივილსა და სისხლის დათხევას და არა წამიერ შთაფლვას სანათლავ ემბაზში.

გარდა ამისა, ბიბლიიდან კარგად გვახსოვს, თუ როგორ იყენებს უფალი მიწიერ მატერიას ღვთაებრივი სასწაულების აღსასრულებლად. მაცხოვარს შეეძლო განეკურნა ბრმადშობილი მხოლოდ სიტყვით. მაგრამ უფალი სხვაგვარად მოიქცა: „…მიწაზე დაანერწყვა, ნერწყვით ტალახი მოზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას“ (იოანე 9,6).

ასევე უფლის ანგელოზიც სილოამის ცხვართასაბანელში სნეულებს არა მარტო ღვთის ნების გამოცხადებით, არამედ „წყლის ამღვრევით“ კურნავდა.

ქვეყნიერება ადამიანის დაცემის გამო (და არა საკუთარი ნებით), დაშორდა უფალს, ჩაიძირა ამაოებაში და დაექვემდებარა ხრწნას, დაშლასა და სიკვდილს — „რადგან ქმნილებს თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ სასოებით“ (რომ. 8,20). მაგრამ იგი მოელის გათავისუფლებას. იგი მზადაა, აუჯანყდეს ხრწნადობის ბორკილებს, რომლითაც შეკრულია. დედამიწა მზადაა, აიჭრას ცად, რათა გაქრეს დაშორება ცასა და მიწას შორის…

„უმალ ცა და მიწა გადაივლის, ვიდრე ერთი წერტილი ამოვარდება რჯულიდან“ (ლუკა 16,17). „სიტყვა განხორციელდა“. ნუთუ ხორცმა ეს ვერ შეიგრძნო? ნუთუ ქვეყნიერებისათვის არაფერი შეცვლილა იმის შედეგად, რომ შემოქმედმა ხორცი იტვირთა? „სიტყვა განხორციელდა“, თან ისე, რომ იგი იყო „…მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე…“ (იოანე 1,14). ნუთუ ამის შედეგად ხორცს არ შეემატა არც სიცოცხლე, არც ჭეშმარიტება, არც მადლი?

ნუთუ ქრისტეს სხეული წმიდა იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებისთვის ღვთის სიტყვის გაგების საშუალებას წარმოადგენდა. ნუთუ ქრისტეს სხეული არ იყო მადლშემოსილი და ღვთაებრივი ენერგიით განმსჭვალული? ნუთუ პროტესტანტებს ძალუძთ რაიმე ამგვარის თქმა?

და თუკი პროტესტანტები მკრეხელობენ იმის უაყოფით, რომ ქრისტეს სხეული თანაზიარია სულიერი ენერგიებისა, მაშინ მათთვის ისიც დაუშვებელია, რომ უფალი მადლით შემოსავდა მატერიალური სამყაროს სხვა ნაწილებსაც.

პროტესტანტული წარმოდგენით, მამა ღმერთმა ისარგებლა ძის განხორციელებით იმისათვის, რომ შეეცვალა ადამიანებისადმი თავისი დამოკიდებულება. მართლმადიდებლური მრწამსით, სახარების არსი იმაშია, რომ უფალი შეიჭრა ქმნილების წიაღში, რათა სამყარო მასთან განუყოფელი გაეხადა, და რათა დაცემულ ხორცს აღარ ეუცხოვა სიტყვა ღვთისა. თავისი მარადიულობით შემოქმედი იცავს სამყაროს სიკვდილისა და სიცარიელისაგან, უღმრთოებისაგან, რომელიც შემოვიდა ქვეყნად ანგელოზთა და კაცთა დაცემის გამო.

უფალმა სძლია ხრწნას და სიკვდილს. ხორცი ადამიანისა ჯერ ფერისცვალების ცეცხლს, ხოლო შემდეგ ხრწნადობის ყინვას განიცდის. მაგრამ უფალს ძალუძს, არარსებობიდან კვლავ აღადგინოს იგი და შთაბეროს მას სული სიცოცხლისა.

თავის სხეულს ღმერთკაცისა წმიდა ზიარების საშუალებით უფალი უწილადებს ყველას, რათა ისინი ძედ ღვთისად იქმნენ. ღვთაებრივი ენერგიით განმსჭვალული სხეულები იმისათვის გვეძლევა, რომ ჩვენი სხეულებიც გახდნენ თანაზიარნი აღდგომის უხრწნელებისა.

პირველ ქრისტიანთა ცნობიერებაში ზიარების საიდუმლო მჭიდროდ უკავშირდება აღდგომისას. გნოსტიკური სწავლებით, მარტოოდენ სულებს ძალუძთ გადასვლა იმქვეყნიურ სამყაროში, ხოლო ხორცს განადგურება მოელის. ქრისტიანთა აღდგომისადმი სასოება განმარტებას საჭიროებდა: კერძოდ, რას შეუძლია მარადიულობის უნარი შესძინოს მატერიას, რომელიც არ იქნება ხელისშემშლელი ღმერთთან თანაზიარობაში?

ადამიანს თავად არ შეუძლია საკუთარი სულის ცხოვნება და მით უფრო სხეულისა. თავისი ძალისხმევით ადამიანს არ აქვს უნარი მიაღწიოს მარადიულობას. მარადიულობა ჩვენ ზეციდან უნდა გვებოძოს. მას ღებულობს არა მარტო სული, არამედ სხეულიც. „… კაცი მთლიანად განვკურნე“ (იოანე 7,23) — ქრისტეს ეს სიტყვები კარგად ახსოვდათ პირველ ქრისტიანებს და ამიტომ ქადაგებდნენ არა იმდენად სულის უკვდავებაზე, რამდენადაც ადამიანში სულისა და ხორცის სრულ განკურნებაზე, ანუ მკვდრეთით აღდგომაზე.

სხეულს ძალუძს აღდგომა, მას გააჩნია ამის უნარი, იგი არ უნდა განქარდეს სამუდამოდ. მაგრამ სხეულს უკვდავება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს, თუკი ის მაცხოვრის მიერაა განღმრთობილი. უფალი და შემოქმედი ჩვენი „გარდამოხდა ზეცით, …და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს-ზე, და ივნო, და დაეფლა. და აღსდგა … და კვალად მომავალ არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკვდართა“ და მეორედ მოსვლის ჟამს აღადგენს გახრწნილ სხეულებს.

წმიდა ირინეოს ლიონელი ამბობს: „ჩვენი სწავლება ეთანხმება ევქარისტიულ სულს და ევქარისტიაც, თავის მხრივ, ადასტურებს სწავლებას“ („მწვალებლობათა წინააღმდეგ“ 4,18,5). რომელ ქრისტიანულ სწავლებას ადასტურებს ევქარისტია? უწინარეს ყოვლისა, ევქარისტიის პრაქტიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული აღდგომის დოგმატთან: „რამეთუ, ვითარცა პური მიწიდან მოწეული, მასზედ ღვთის მადლის მოხმობით, მაცხოვრის ხორცად გარდაიქცევა, ორი ნივთიერებისაგან შემდგარი — მიწიერისა და ზეციერისაგან; ასევეა ჩვენი სხეულებიც, წმიდა ზიარებით უხრწნელებისა და აღდგომის იმედიც შემოდის“ („მწვალებლობათა წინააღმდეგ“ 4,20,2).

წმიდა ირინეოს ლიონელის ღვთისმეტყველებაში შეიმჩნევა კოსმოლოგიური ასპექტი, რომელიც სრულიად უცხოა პროტესტანტული ღვთისმეტყველებისათვის. წმიდა ირინეოს ლიონელის მიხედვით, სასმისი ღვინით უფალმან მის მიერვე შექმნილ მატერიალურ სამყაროდან აიღო და კურთხევის ძალით იგი თავის სისხლად აქცია; და გვასწავლა ახალი აღთქმის უსისხლო მსხვერპლშეწირვა, რომელიც ეკლესიამ მოციქულთაგან მემკვიდრეობით მიიღო („მწვალებლობათა წინააღმდეგ“ 4,17,5). წმიდა ირინეოს ლიონელის აქცენტი აგნოსტიკურია: ქრისტე მატერიალურ სამყაროს ბოროტი დემიურგის ბუდედ არ მიიჩნევს.

და თუმცა წმიდა ირინეოსი ხშირად ამბობს, რომ ზიარება არის თანაზიარება სულიწმიდასთან და ღვთის სიტყვასთან, რაც სავსებით თავსდება ევქარისტიის პროტესტანტულ ეგზეგეზის ფარგლებში, მაგრამ მისთვის მაინც სრულიად უცხოა ცალსახა სპირიტუალიზმი. „წმიდა ბარძიმში ჩასხმულ, მიწიდან მოწევნილი ნაყოფის წვენს მან თავისი სისხლი უწოდა, რომლითაც იგი ჩვენს სისხლს აპოხიერებს, ხოლო პურს მიწიდან მოწეულს, მან თავისი სხეული უწოდა, რომლითაც განამტკიცებს ჩვენს სხეულებს. ხოლო როდესაც ღვინოსა და პურზე ღვთის სიტყვით სულიწმიდა გარდამოდის, იგი მაცხოვრის სისხლად და ხორცად იქცევა. და ამ ქმიდა ზიარებით მტკიცდება და ძლიერდება ჩვენი ხორცის არსება; და როგორ ამბობენ მწვალებლები, რომ სხეული არ ხდება თანაზიარი მარადიული ცხოვრებისა, თუკი სხეული მაცხოვრის სისხლითა და ხორცით საზრდოობს და მისი წევრი ხდება? წმიდა მოციქული პავლე ამბობს: „…მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი“ (ეფეს. 5,30), და ამას ამბობს არა რომელიმე სულიერ და უხილავ ადამიანზე, — რადგან „სულს არც ძვალი და არც ხორცი გააჩნია“ — არამედ ჭეშმარიტი ადამიანის შესახებ, რომელიც შედგება ხორცის, ნერვებისა და ძვლებისაგან და ეს სხეული საზრდოობს ღვინით, რომელიც „არს სისხლი უფლისა და პურით, რომელიც არს ხორცი უფლისა“… ევქარისტიით ნასაზრდოები ჩვენი სხეულები, მიწაში დაფლულნი და გახრწნილნი, აღსდგებიან, ოდეს სიტყვა ღვთისა მათ მოუწოდებს, რათა ჩვენ ვიხილოთ, რომ მისი ძლიერებით და არა ჩვენი ბუნებით, გვაქვს ჩვენ მარადიული სუფევა“ („მწვალებლობათა წინააღმდეგ“ 5,2,2-3).

წმიდა ირინეოს ლიონელისგან განსხვავებით, პროსტესტანტული დენომინაციები უარყოფენ ლიტურგიის რეალობას. მათთვის „პურის განტეხა“ — მარტოოდენ მოგონებაა „საიდუმლო სერობისა“. ბაპტისტური დოგმატიკის სახელმძღვანელო გვამცნობს: „არ ვაღიარებთ პურისა და ღვინის ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაქცევის საიდუმლოს და არ ვიზიარებთ შეხედულებას, თითქოს მორწმუნენი არა ღვინითა და პურით, არამედ ქრისტეს ჭეშმარიტი სისხლითა და ხორცით ეზიარებიან“. პროტესტანტთა უმრავლესობისათვის ზიარება საცხოვნებლად კი არა, — საიდუმლო სერობისა და ქრისტეს ვნებათა მოსაგონებლად სრულდება.

საკვირველია, რომ პროტესტანტები, რომელთაც, ერთი მხრივ, სწამთ, რომ ადამიანს თავად არ შეუძლია სულის გადარჩენა და მას მხოლოდ მადლი აცხონებს; მეორე მხრივ კი — საეკლესიო საიდუმლოთა გაგებაში გონებაშეზღუდულ აქტივისტებად იქცევიან. საეკლესიო საიდუმლოებებში მარტო ადამიანის მოქმედებას ხედავენ. პროტესტანტული ხედვით: ნათლობა — ჩვენი აღთქმაა უფლისადმი, პურის განტეხა — ქრისტეს მოგონება…

და სადღაა თავად უფლის მოქმედება? თუ ეკლესიაში ყოველთვის მხოლოდ ჩვენს მოგონებებზე, მადლიერებასა და აღთქმებზე დაფუძნებული მოქმედებები სრულდება?

ზიარების პროტესტანტული გაგება, როგორც „სიმბოლოსი“ და „მოსაგონებლის“ — მკრეხელური ჩანაცვლებაა: ონტოლოგიისა — ფსიქოლოგიით, ღვთაებრივისა — ადამიანურით.

ბაპტისტებისთვის ზიარების საიდუმლო არა უფლის, არამედ კაცთა მიერ სრულდება. იგი მარტოოდენ სიმბოლოა, რომლის დახმარებით ადამიანები უბრალოდ თავიანთ მოგონებებს აცოცხლებენ და „რელიგიურ“ ემოციებს აღძრავენ. მათი სწავლების თანახმად, „არც ნათლობაში და არც საიდუმლო სერობაში მადლის განსაკუთრებული გამოვლინება არ შეინიშნება“. ეს პატიოსნად ნათქვამი სიტყვაა. ეს ჭეშმარიტებაა. მაგრამ რატომ განაზოგადებენ? თუკი პროტესტანტულ ფსევდოსაეკლესიო ქმედებებში, მათივე აღიარებით „არ შეინიშნება მადლის განსაკუთრებული გამოვლინება“, — განა მათ საკმარისი საფუძველი აქვთ მიიჩნიონ, თითქოს ეს მთელ ქრისტიანულ სამყაროზე ვრცელდება?

მახსოვს ჩემი ნათლობა (19 წლის ასაკში). უფრო მადლმოსილი და ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა. მახსოვს ზოგიერთი აღსარებიდან და წირვიდან მიღებული სიხარული… თუმცა, მე რა მოსატანი ვარ. იხილეთ მამა იოანე კრონშტადტელის დღიური — „ჩემი ქრისტესმიერი ცხოვრება“ და გასაგება გახდება, რომ პროტესტანტებმა „თეატრალურ წარმოდგენათა“ საკუთარი გამოცდილება ზოგადქრისტიანულად არ უნდა მიიჩნიონ.

მართლმადიდებლური ლიტურგია ხელთუქმნელია. „შენი შენთაგან, შენდა შემწირველნი“ — ეს სიტყვები აღებულია სოლომონის ლოცვიდა ტაძრის კურთხევისასა. სოლომონი ტაძრის საფუძველში დაუმუშავებელ ქვებს აწყობდა, რადგან შეუძლებელია ეკლესია ადამიანურ საფუძველზე იდგეს. და ლიტურგიაზეც „წინამდებარე ძღვენი კაცთა ხელით ქმნილი არ არის. ის, ვინც შექმნა ისინი სერობაზე, თავად მოქმედებს. ერთი და იგივეა მაკურთხეველიც და გარდამქმნელიც“ (წმიდა იოანე ოქროპირი. 82-ე საუბარი მათეს სახარების მე-5 თავზე).

ჩვენთან სრულდება ლიტ-ურგია და არა ანთროპო-ურგია; ანუ თანამსახურება უფალთან და არა მარტო ადამიანის მსახურება. მორწმუნე მადლობას სწირავს უფალს და გამოთქვამს სურვილს ქრისტესთან შეერთებისა. თავის მხრივ, მაცხოვარი იქვე, ახლავე მოგაგებს იმ ძღვენს, რომელიც მაშინ იხმიეს მოციქულებმა. „ახლა კვლავ იმ მსხვერპლს ვწირავთ, რომელიც გოლგოთაზე შეიწირა და რომლის აღსრულებაც არასდროს შეწყდება“ (წმიდა იოანე ოქროპირი. მე-17 საუბარი. ებრაელთა მიმართ ეპისტოლის მე-3 თავზე). მაგრამ გოლგოთაზე ქრისტემ თავად შესწირა თავი და თუკი ჩვენს ტაძრებში იგივე მსხვერპლშეწირვა სრულდება, — ე.ი. ჩვენ მხოლოდ ხელს ვაშველებთ ბარძიმს, რომელსაცს უფლის ტახტის წინაშე თავად ქრისტე აღმართავს.

მეუფება, სადაც ლიტურგია აღესრულება, ესაა „მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა“ (სწორედ ამ სიტყვებით იწყება მართლმადიდებლური ლიტურგია). ამ მეუფების შემოსასვლელში, საღმრთო ლიტურგიის დასაწყისში, როდესაც კვეთა მთავრდება, როცა უკვე შეკრებილია და მომზადებული მრევლის მიერ შეწირული უსისხლო მსხვერპლი, დიაკონი მწირველი მღვდლისადმი დაბალი ხმით წარმოთქვამს: ჟამი არს უფლის მსახურებისა… ანუ ჟამი, როდესაც მსახურებას უფალი იწყებს…

აი, როგორ იხსენებს საღმრთო ლიტურგიას ბანაკში გადასახლებული მართლმადიდებელი მღვდელი, ანატოლი ჟურაკოვსკი: „საკურთხეველში დაბრუნება ახლა უკვე არა მარტო განუხორციელებლად მეჩვენება, არამედ ოცნების ზღვარს მიღმა. „არა ღირს ვარ“ — შემოიჭრა ცნობიერებაში. დავითის მსაგავსად, ახლა სიწმიდის შეხებასაც კი ვერ გავბედავდი, არამედ შორიდანვე ვემთხვეოდი მიწას, რომელზეც სიწმიდეა დაბრძანებული. ღმერთო! როგორ ენატრება სულს საღმრთო ლიტურგია!“ (მღვდ. ანატოლი ჟურაკოვსკი. პარიზი, 1984, გვ.127,150).

ბაპტისტები „სიმბოლურ რიტუალს პურის განტეხისა“ იშვიათად აღასრულებენ. მათ მსახურებაში ქადაგებას გაციელბით უფრო დიდი მნიშვნელობა ეთმობა, ვიდრე „საიდუმლო სერობის მოგონებას“. ბაპტისტები უსასრულოდ განეშორნენ ძველქრისტიანულ ცხოვრების წესს. ძველ ეკლესიაში, როგორც ცნობილია, ყოველდღიური ზიარება აუცილებლობად იყო მიჩნეული. მართლმადიდებელ ეკლესიაში ქადაგება მარტოოდენ მისიონერულ და დამრიგებლურ ხასიათს ატარებს. პროტესტანტებმა თავიანთ ღვთისმეტყველებაში, სულიერ და ეკლესიურ ცხოვრებაში დაკარგეს ევქარისტიული განზომილება.

პროტესტანტულ მსახურებაში „პურის განტეხა“ მწუხარებით არის აღსავსე: ეს მაცხოვრის უკანასკნელი სერობაა. შესაბამისად, მას მწუხარე საგალობლები ახლავს და ასეთივე შინაარსის ქადაგება. მართლმადიდებელი ქრისტიანითვის ლიტურგია — სასიხარულო ჟამისწირვაა, მცირე აღდგომაა. შემთხვევითი არაა, რომ მართლმადიდებლურ ლიტურგიაში არ იგალობება სინანულის საგალობლები, — მარტო სიხარულია. ჩვენ მაცხოვრის ჯვარცმის მოგონების მწუხარებაში კი არ ვრჩებით, არამედ მაცხოვრის სისხლისა და ხორცის ზიარების სიხარულით ვივსებით. ზიარების შემდგომ კი მღვდელმსახური ყოველთვის სააღდგომო ლოცვებს წარმოთქვამს: „ნათელი ქრისტესი ვიხილეთ…“.

სიხარულით შევნიშნავ, რომ სერიოზულ პროტესტანტულ ლიტერატურაში უკვე აღიქვამენ მართლმადიდებელ ეკლესიაში წირვაზე განცდილ ქრისტეს აღდგომის სიხარულს, წმიდა ზიარების გამომხსნელ მადლს და სავსებით პოზიტიურად აფასებენ. მოვიყვანთ ერთ-ერთ მაგალითს:

„აღმოსავლურ ეკლესიაში სწორედ ქრისტეს აღდგომა მიიჩნევა გამომხსნელ ძალად — Par excellence. მელბურნის კონფერენციაზე (1980 წ.) IV სექციამ თავდაპირველად ამგვარი სახელწოდება მიიღო: „ჯვარცმული ქრისტე ბრძოლაში იწვევს ადამიანთა ძალაუფლებასა და ძალადობას“, მაგრამ კონფერენციის მართლმადიდებელმა მონაწილეებმა ამგვარი ფორმულირება გააკრიტიკეს, რის შედეგადაც იგი ასე შეიცვალა: „ჯვარცმული და აღდგომილი ქრისტე ბრძოლაში იწვევს ადამიანთა ძალაუფლებასა და ძალადობას“. მართლმადიდებელთა ჩარევა სავსებით დროული და მართებული აღმოჩნდა. უფალ იესო ქრისტეს ჯვარცმას აღდგომის გარეშე აზრი ეკარგება. მოციქულთა მისიონერული ქადაგების უპირველესი თემა ქრისტეს აღდგომის ხარება იყო; ხარება: გამარჯვების, ძლევის, იმედისა და სიხარულის, უფლის მიერ მტრის შემუსვრის, მასზე საბოლოო გამარჯვების პირველი ნაყოფია. აი, ამ სიხარულსა და გამარჯვებაში მორწმუნენი უფლის თანაზიარნი ხდებიან. აქედან მომდინარეობს აღმოსავლეთის ეკლესიის სწავლება თეოზისის ანუ განღმრთობის შესახებ, რაც არის „უხრწნელი ცხოვრების“ საწყისიც. ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ წმიდა კლიმენტი რომაელთან.

ქრისტეს აღდგომის მადლი ყოველივეს მსჭვალავს, აღდგომის ძალით აწმყოს ფერისცვალება ხდება, რა რიგ უძრავი და შეუცვლელიც არ უნდა გეჩვენოთ იგი. ეკლესია მოწოდებულია, იცხოვროს აღდგომისმიერი ფერისცვალებით“ (დ. ბოში. „მისიონერთა გარდაქმნები“. 1997, გვ.575).

აღსანიშნავია, რომ პატრისტიკაში ლიტურგია „მომავალ საუკუნეთა საიდუმლოდაა“ წოდებული. პროტესტანტული მიდგომა, რომელიც „პურის განტეხაში“ მარტოოდენ „მოგონებას“ ხედავს, — რწმენას წარსულში კეტავს. მართლმადიდებლური ტრადიციონალიზმი კი მომავალში იჭრება. მართლმადიდებლურ წირვაზე მღვდელმსახური იხსენებს არა მარტო უფლის ჯვარს, დაფლვას, სამი დღის შემდეგ აღდგომას, არამედ დიდებით მის მეორედ მოსვლას. ეს კი უკვე მომავლის მოლოდინია! შესაძლოა, ეს იმიტომ ხდება, რომ ლიტურგია მარადიულობასთან გვაახლოებს, ის კი დროის მიღმაა. ლიტურგია — ჩვენი მომავლის იმედია. მართლმადიდებლური ლიტურგია დიდებით მეორედ მოსულ უფალ იესო ქრისტეს მიგვაახლოებს (წმიდა ტრაპეზის აღმოსავლეთით, მაღალდასაჯდომელთან დაბრძანებულია მაცხოვრის ხატი „ყოვლისა მპყრობელი“, რომელიც იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას განასახიერებს. ლიტურგიის შესრულების დროს ღვთისმსახური ლოცვებს სწორედ ამ ხატის წინაშე აღავლენს). პროტესტანტულ მსახურებაზე აღსრულებული „პურის განტეხა“ კი წარსულით ცხოვრობს, ჯვარცმულ ქრისტეს გლოვობს, ისე თითქოს აღდგომა არც მომხდარა.

თუკი ზიარება მხოლოდ „სიმბოლოა“, როგორ ავხსნათ აბილიტინელ მოწამეთა საქციელი? დიოკლიტიანეს დევნის დროს აბილიტინსი (ქალაქი აფრიკაში) ქრისტიანები აწამეს. სასამართლოზე მათ განაცხადეს, რომ იცოდნენ იმპერატორის მიერ მათთვის მიჩენილი მსტოვრების შესახებ. მათ ისიც იცოდნენ, რომ ერთად შეკრების შემთხვევაში აუცილებლად შეიპყრობდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ, მაგრამ იმდენად ენატრებოდათ წმიდა ზიარება, რომ გადაწყვიტეს, აღარ დამალულიყვნენ, მიიწვიეს მღვდელი, რომელმაც შეასრულა საღმრთო ლიტურგია და აზიარა ისინი. ნუთუ ისინი „პურის განტეხის“ „მოსაგონებლად“ ეწამნენ?! ნუთუ ასე ძალიან ქადაგება მოენატრათ?! რა თქმა უნდა, არა. ისინი თავად უფალ იესო ქრისტესთან თანაზიარებისთვის ეწამნენ.

როგორ ახსნიან პროტესტანტები წმიდა კვიპრიანე კართაგენელის საქციელს? როდესაც იგი თავის მოსწავლეებს შეაგონებს, ვაჟკაცურად აიტანონ დევნა და არ უარყონ უფალი: „-გახსოვდეთ წმიდა ზიარება, მაცხოვრის სისხლსა და ხორცს რომ მიიღებთ, მისი მადლი დაგიფარავთ და თქვენი მოთმინებისთვის მისგან ზეციური გვირგვინების ღირსი გახდებით“ (წმიდა კვიპრიანე კართაგენელი. 48-ე წერილი).

და თუკი, როგორც პროტესტანტები ამტკიცებენ, ზიარება მარტოოდენ „მოგონებაა“, ნუთუ წმიდა კვიპრიანე თავის მოსწავლეებს მოუწოდებს სიკვდილისაკენ „მოგონებების ხსოვნით“?

როგორ ახსნიან პროტესტანტები პავლე მოციქულის პოზიციას, რომელიც ყოველი უბედურების წყაროდ უღირსად ზიარებას მიიჩნევდა. მათ შორის ქრისტიანთა სნეულებებსა და სიკვდილსაც კი? (იხ. 1კორ. 11,28-30). პავლე მოციქულს პროტესტანტების მსგავსად, ზიარება მხოლოდ „სიმბოლოდ“ რომ მიეჩნია, ნუთუ იგი ასე რადიკალურად შეაფასებდა უღირსად ზიარებას?

პროტესტანტულ დოგმატთა ღვთისმეტყველების სახელმძღვანელოში „ეკლესიის მისიის“ შესახებ წერია:

„როგორია ეკლესიის მისია? რა უნდა აკეთოს ეკლესიამ?

ა) ადიდოს ღმერთი.

  1. ჩვენ ვადიდებთ უფალს, თაყვანს ვსცემთ მას;
  2. ვადიდებთ ღმერთს ლოცვით;
  3. ვადიდებთ ღმერთს კეთილმორწმუნე ცხოვრებით

ბ) სწორი რჩევა-დარიგება უნდა მისცე საკუთარ თავს. ეკლესიის წევრთა რჩევა-დარიგებანი არის ქრისტეს სხეულის შექმნა. საჯარო საეკლესიო ღვთისმსახურებს იგივე მიზანი აქვთ.

გ) უნდა განიწმიდო შენი თავი… პირველი ეკლესია გვთავაზობს საეკლესიო დისციპლინის განხორციელების მაგალითებს. წმიდა წერილში ნათქვამია, რომ სასჯელს ექვემდებარება მწვალებლობა, განხეთქილება, უზნეობა და ა.შ.

დ) უნდა აღზარდო ეკლესიის წევრები… ეკლესიამ უნდა განახორციელოს განსაკუთრებული პროგრამა თავისი ახალგაზრდა და ხანდაზმული წევრების აღსაზრდელად…

ე) საჭიროა მისიონერული მოღვაწეობა, ქადაგება…

ვ) მსოფლიო ასპარეზზე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც განმანათლებელი ძალა. მორწმუნეებს ვამცნოთ, თუ რა მოეთხოვებათ მათ უფლისაგან და ვაუწყოთ ცოცხალი სიტყვა…

ზ) ყველანაირ სიკეთეს ხელი უნდა შევუწყოთ. მორწმუნემ მხარი უნდა დაუჭიროს ისეთ წამოწყებებს, რომლებიც ცდილობენ, სასიკეთოდ იმოქმედონ საზოგადოების სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ საგანმანათლებლო მდგომარეობაზე“.

ყოველივე ზემოთჩამოთვლილი პროტესტანტულ ცნობიერებაში მოიაზრება, როგორც ეკლესიის ამოცანა. უნდა ვაღიაროთ, რომ მსგავს ამოცანას ისახავს ნებისმიერი ფილოსოფიური წრე. მაგალითად, პლატონის თანამოაზრეთა საზოგადოება. ოღონდ, ქრისტეს სახელის ნაცვლად, მათთან პლატონი ფიგურირებს, სახარების ნაცვლად — პლატონის დიალოგები. ეს მიზნები იმდენად ცხადი და მარტივია, რომ ნებისმიერ საზოგადოებას ხელეწიფება მათი განხორციელება. აღსანიშნავია, რომ მწვალებლობათა გაკიცხვის მოწოდებაც უკვე გვიანდელ პლატონიზმში ჩნდება. გარდა ამისა, თავისი მოსწავლეებისა და მოქალაქეთა ზნეობაზე კონტროლს პლატონი აუცილებლობად მიიჩნევდა.

ნუთუ ეკლესიას არ აქვს სხვა ფუნქციები, გარდა იმისა, რომ იყოს ინფორმაციული და პროგრესული?

პროტესტანტ ღვთისმეტყველთა აზრითა და თვალთახედვით, ეკლესიამ არ უნდა აიღოს თავის თავზე კურთხევის უფლება. იგი მარტოოდენ ქრისტეს შესახებ უწყებით უნდა შემოიფარგლოს. მან ქრისტეს სხეულში არ უნდა მოიცვას მთელი სამყარო. ამგვარად, პროტესტანტები ეკლესიის კოსმიურ დანიშნულებაზე უარს ამბობენ. ფაქტობრივად, ეს არის პროტესტანტების ცივი პასუხი და თავიდან მოცილება მათ დენომინაციაში სულის ცხონების იმედით მისულლი მორწმუნისადმი: — ჩვენ ვერაფერს მოგცემთ.

„ვინაიდან ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას, რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ სასოებით, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის. ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით ჩვენს თავში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას“ (რომაელ. 8,19-23).

პროტესტანტული სწავლება არაფერს ჰპირდება ადამიანის სხეულს, მსოფლიოს, კოსმოსს. ყოველივე მხოლოდ გონებისთვისაა: „შეიტყვეთ ქრისტეს შესახებ“. შესაძლოა, ამ მხრივ პროტესტანტიზმის ინდუიზმთან შედარებაც არ იყოს უადგილო: დე, თქვენი ატმანი ბრაჰმანს შეუერთდეს, სხეული კი კარმის ნაგავსაყრელში რჩება. რაც შეეხება ქვეყანაზე უფლის განხორციელებას, ფერისცვალებას, აღდგომასა და სულიწმიდის გარდამოსვლას, პროტესტანტული ლოგიკით, — ადამიანის შინაგან სამყაროზე ყოველგვარი გავლენის მიღმა რჩება. სწორედ ასეა: ადამიანი ხომ ხორცშესხმული სულია და არა მარტოოდენ სული. „არსება, რომელმაც უფლისგან მიიღო გონება და განსჯის უნარი — ადამიანია და არა მარტო სული“ — წერდა ჯერ კიდევ III საუკუნეში ადრექრისტიანული ღვთისმეტყველი ათენაგორა. III საუკუნის ბოლოს კი იგივე ბიბლიურ ჭეშმარიტებას აცხადებს წმიდა მეთოდე ოლიმპელი: — ჭეშმარიტი გაგებით ადამიანად იწოდება არა სული უსხეულოდ ან სხეული სულის გარეშე, არამედ სულისა და სხეულის ერთობით მიღებული ადამიანური ბუნება.

რას სთავაზობს პროტესტანტული დენომინაცია დაცემულ კაცობრიობას? ის კაცური ბუნების მთლიანობას ვერ აძლევს „პურს არსობისა“. სულს იგი სახარების თხრობას სთავაზობს, სხეულის კი — არაფერს. ასევე ვერაფერს სთავაზობს პროტესტანტიზმი მთელ სამყაროსაც.

ეკლესიის გააზრება მართლმადიდებლურად სულ სხვაგვარია. საინტერესო და საგულისხმოა სულთმოფენობის ხატის იკონოგრაფია. სწორედ სულთმოფენობაა ეკლესიის დაბადების დღედ მიჩნეული. ხატზე ნახევარწრეში მჯდომი მოციქულებია გამოსახული, მათ ქვემოთ შავი თაღია, რომელშიც შარავანდედიანი მოხუცი გვირგვინოსნის ფიგურაა განთავსებული. მას ხელთ მანდილი აქვს, რომელსაც ამშვენებს წარწერა: „O Kosmos“. ეს ალეგორიის იშვიათი სახეა იკონოგრაფიაში. ეს სწორედ მოციქულ პავლეს სიტყვების ილუსტრირებაა: კოსმოსი, მთელი სამყარო საპყრობილეშია დატყვევებული. იგი დატყვევებულია არა თავისი ცოდვების გამო და არა თავისი ნებით, ამიტომაც როგორც ამაოებასა და ხრწნილებისაგან პირვანდელი თავისუფლების ნიშანი — მასზე სამეფო გვირგვინია გამოსახული. მას არ დაურღვევია ღვთის ნება და ამიტომ, შარავანდედი, როგორც სიწმიდისა და უფალთან ერთობის ნიშანი მას არ აქვს წართმეული. მას ხელთ მანდილი უპყრია, რაც ბიზანტიური ეტიკეტის თანახმად სიწმიდესთან მიახლების მზადყოფნას ნიშნავს. მრავალ ბიზანტიურ ხატზე წმიდანებს სწორედ მანდილმოხვეული სახარება უპყრიათ ხელთ. მსოფლიო მოელის ხსნას, მზადაა მისთვის. სამყაროში განმათავისუფლებელი ნათლის ეს პირველი სხივები სულთმოფენობის დღიდან მოციქულთა მოქმედებით და ეკლესიის მეშვეობით იჭრება.

პროტესტანტთა აზრით, მატერიალურ სამყაროს ღვთაებრივი ენერგიით განმსჭვალვა არ შეუძლია. პრტესტანტულ დენომინაციაში კურთხევის წესი არ სრულდება. პროტესტანტული სახელმძღვანელო ყველაზე მეტად იმით გვაოცებს, რომ მისი ავტორის რწმენით, ეკლესიაში, როგორც ქრისტეს სხეულში, ქრისტეს მყოფობა არ იგულისხმება, არამედ ესაა მარტოოდენ მოთხრობა მისი ცხოვრების შესახებ.

არ შეიძლება ქადაგება და სწავლება მისტიურ რეალობას აღემატებოდეს. მართლმადიდებლური ლიტურგია მხოლოდ სახარების კითხვით არ შემოიფარგლება: მწირველი კითხულობს სახარებას, აღავლენს უფლისადმი ლოცვებს, რომლითაც მრევლს ქრისტეს მსახურებასა და მის გამომხსნელ მსხვერპლზე შეახსენებს. ამის შემდეგ იგი ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულებას იწყებს. პროტესტანტებმა კი დატოვებს კათაკმეველთა ლიტურგია და გააუქმეს მართალთა ლიტურგია — ანუ ის ძირითადი, რომლის შესამზადებელ საფეხურსაც წარმოადგენს პირველი ნაწილი. ეს იგივეა, რაც მოიმოქმედეს ძველმოწესეებმა: მათ შეინარჩუნეს ღვთისმსახურების სადღეღამისო წრე, რაც არის მხოლოდ გზა ლიტურგიისკენ, ხოლო მიზანი გააუქმეს… არსობრივად, პროტესტანტიზმის რაციონალისტური მიმდინარეობები აღორძინებენ უძველესი გნოსტიციზმის ერთ-ერთ სახეობას. რელიგია ქადაგებამდეა დაყვანილი და ამითვე შემოიფარგლება.

მართლმადიდებლობა ქრისტიანებს ცოცხალ სიტყვასთან აზიარებს: აწვდის სიტყვიერ საზრდოს წმიდა წერილის მოსმენით და შემდეგ ევქარისტიულ საზრდოს სთავაზობს. პროტესტანტიზმში კი მხოლოდ პირველი გზაა მიღებული.

თუკი ზიარება მხოლოდ სიმბოლურია, ხომ არ იკარგება სიმბოლიზმში სახარების აზრი? ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში რომ ვერ ვხვდებოდით ქრისტეს და ვერ ვუერთდებოდეთ მას ონტოლოგიურად, მაშინ სახარება მხოლოდ წინასწარმეტყველება იქნებოდა, ხოლო ქრისტე — წინასწარმეტყველი და არა მაცხოვარი.

ამაღლებულმა ქრისტემ დაგვიტოვა არა მხოლოდ სიტყვა ღვთისა და სულიწმიდის მადლი, არამედ ღმერთკაცობის სრული სისავსე. აღდგომილი ქრისტე ჩვენ შორისაა.

ამიტომ საკმარისი არაა, უბრალოდ მოუთხრო ადამიანებს ქრისტეს შესახებ და არ უჩვენო მათ სასუფევლის კარი, კარი რომელიც არაა დახშული, რომლისკენაც მივყავართ საღმრთო ლიტურგიას და რომელშიც შესასვლელად გვამზადებს ეკლესია წმიდა ზიარებით. „…აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია“. აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: „ყველამ შესვით აქედან, ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად“ (მთ. 26,26-28).

სწორედ ამით განსხვავდება ეკლესიის შესახებ სწავლება ყველა სხვა სწავლებისაგან, იგი კონკრეტულად, ფიზიკურად თავისი ობიექტის თანაარსია. ქრისტეს მიერ ხდება ფერისცვალება ჩვენში. „…ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართებს შორის, რაც არის ქრისტე თქვენში, დიდების იმედი, რომელსაც ვქადაგებთ ჩვენ, რათა შევაგონოთ ყოველ ადამიანს ყოველგვარი სიბრძნე, რათა ყოველი კაცი წარვადგინოთ სრულქმნილად ქრისტე იესოში“ (კოლ. 1,27-28). ამაში სჩანს ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი უწყება: „ქრისტე არს თქვენში“; და კიდევ ის, რომ ეს არის „საიდუმლო“, „რომელსაც ვქადაგებთ ჩვენ, რათა შევაგონოთ ყოველ ადამიანს“, — მათ შორის პროტესტანტებსაც.

ავტორი: დიაკვანი ანდრია კურაევი

თარგმნა მარიამ გაგუამ
თბილისი, 2004 წ.

წყარო: www.orthodoxy.ge