ეწინააღმდეგება თუ არა ხატთაყვანისცემა მეორე მცნებას — მართლმადიდებელისა და პროტესტანტის დიალოგი

ეწინააღმდეგება თუ არა ხატთაყვანისცემა  მეორე მცნებას — მართლმადიდებელისა და პროტესტანტის დიალოგი

-გამარჯობა დავით, როგორც შევთანხმდით  დღეს ერთ-ერთ საკამათო საკითხზე ვაპირებთ საუბარს,  ანუ თემა არის ხატთაყვანისცემა და მეორე მცნება.  ხომ ასეა?

-კი ლაშა, ჩემთვის, როგორც პროტესტანტისთვის ძალიან საინტერესოა ხატთაყვანისცემის სასარგებლოდ რა ბიბლიური არგუმენტები აქვს მართლმადიდებლობას. ბიბლიაში ვკითხულობთ:

გამოს. 20:4-6:

„4 არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.   5 თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეთა მესამე და მეოთხე თაობას, 6 და წყალობის მყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა მრავალ ათასეულ თაობებისათვის.“

 

და ასევე მეორე.რჯ4:15-19:

15 მტკიცედ გეჭიროთ თქვენს სულებში, რაკი არ გინახავთ არავითარი სახე იმ დღეს, როდესაც უფალი გელაპარაკებოდათ ხორებზე შუაგული ცეცხლიდან,  16 რათა არ წახდეთ და არ გაიკეთოთ ქანდაკება, ხატი რაიმე კერპისა, რომელიც გამოხატავს კაცს ან ქალს, 17 რომელიმე პირუტყვისა, რაც მიწაზეა, ხატი ყოველი ფრთოსანი ფრინველისა, რაც ცაში დაფრინავს,  18 ხატი ყოველგვარი ქვეწარმავლისა მიწაზე, ხატი ყოველგვარი თევზისა, რაც წყლებშია მიწის ქვეშ.  19 რათა, როცა აღაპყრობთ თქვენს თვალებს ცისკენ და იხილავთ მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს, მთელ ციურ ლაშქარს, არ შეცდეთ, თაყვანი არ სცეთ მათ, არ ემსახუროთ მათ, რადგან უწილადა ისინი უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ყველა ხალხს მთელ ცისქვეშეთში.

-ამ ბიბლური ტექსტების თანახმად, ჩვენ პროტესტანტები მივიჩნევთ, რომ ხატთაყვანისცემა ეწინააღმდეგება მეორე მცნებას და წარმართულ კერპთაყვანისცემის პრაკტიკას უწყობს ხელს.  მეორე მცნება კრძალავს კერპის გაკეთებას, ხოლო (რჯ.4:15-19;), თანახმად აკრძალულია ქალის და კაცის, ნებისმიერი ცხოველის გამოსახულება გაკეთება და მათი თაყვანისცემა.  მართლმადიდებელი ხატმწერი კი მოგეხსენებათ, რომ ქალსაც გამოხატავს და კაცსაც- მართლმადიდებელი მორწმუნეები ხატს ემთხვევიან, იჩოქებენ, ლოცულობენ და თაყვანს სცემენ მას. ეს ხომ მეორე მცნების პირდაპირი დარღვევაა ლაშა?

— დავით თქვენ იცით, რომ მეც 12 წლის განმავლობაში პროტესტანტი ვიყავი და ვფიქრობდი რომ მართლმადიდებლები კერპთაყვანისმცემლები იყვნენ, მაგრამ როდესაც წავიკითხე მართლმადიდებლური სწავლება ხატთაყვანისცემის შესახებ მივხვდი, რომ ვცდებოდი.  ახლა შევეცდები შენს შეკითხვაზე პასუხი გაგცე.

მეორე მცნება და ყველა აკრძალვა ძვ. აღთქმაში ეხება კერპის გაკეთებას და არა ზოგადად ხელოვნებისა და რელიგიური გამოსახულებების დახატვას ან გამოსახვას.  მიუხედავად მეორე მცნებისა ღმერთი ეუბნება მოსეს

გამოს.25: 9 „ყოველივე, როგორც მე გიჩვენებ შენ სავანის ნიმუშად ყოველი მისი ჭურჭლის ნიმუშად, ეგრე გააკეთე“.

შემდგომ უფალი ეუბნება მოსეს რომ ფარდაზე გამოსახონ ქერუბიმები გამოს.26:31.

ქერუბიმი ხომ სულიერი ზეციური არსებაა, მისი გამოსახვა რატომ დაუშვა უფალმა? და საერთოდ გამოდის, რომ რელიგიური გამოსახულებების შექმნა არ აუკრძალავს უფალს. მეთანხმები დავით?

-გამოდის რომ არ აუკრძალავს.

-გეთანხმები.

-სავანესთვის, საწმიდარისთვის, სხვადასხვა ნივთებისა და რელიგიური გამოსახულებების შესაქმნელად უფალმა კონკრეტული ადამიანები თავისი სულით და სიბრძნით დააჯილდოვა.  ამის შესახებ ვკითხულობთ:

გამოს.31:1-10:

1. და უთხრა უფალმა მოსეს: 2 “აჰა, მე მოვუხმე სახელით ბეცალელს, ძეს ხურისა, ძისა ურისა, იუდას ტომიდან. 3 და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნითა და ყოველგვარი ხელოვნებით, 4 ოსტატობით რომ შეძლოს ოქროზე, ვერცხლსა და სპილენძზე მუშაობა.  5 მოსაოჭველი ქვების გათლა და ხეზე კვეთა, რათა შეასრულოს ყოველგვარი ხელოვნება.  6 და აჰა, მე მივეცი მას აჰოლიაბი, ძე ახისამაქისა, დანის ტომიდან, და ყოველი ბრძენის გულს მივეცი მე სიბრძნე. და მათ გააკეთონ ყოველი, რაც მე გიბრძანე შენ:  7 საკრებულო კარავი და კიდობანი მოწმობისა და თავსარქველი, რომელიც მასზეა, და ყოველი ჭურჭელი კარვისა. 8 და ტაბლა, და მისი ჭურჭელნი და წმიდა სასანთლე მთელი მისი ხელსაწყოებით, და სამსხვერპლო საკმევლისა.  9 და სამსხვერპლო სრულადდასაწველისა მთელი მისი ხელსაწყოებით, და საბანელი და მისი კვარცხლბეკი.  10 და სამსახურებელი შესამოსელნი, და წმიდა სამოსელნი აარონ მღვდლის და მის ძეთა შესამოსელნი მღვდლობის გასაწევად.“

და ასევე გამოს.35:30-35; გამოს.36:1-2;

მეფეთა წიგნიდან ვიცით, რომ რელიგიური გამოსახულებებით მდიდარი იყო სოლომონის მიერ  აშენებული ტაძარიც (3 მეფ. 6 თავი).  სხვათა შორის თავის სასახლეში ქერუბიმების გამოსახვა სოლომონს არ დაუვალებია ხელოსნებისთვის (3მეფ.7თავი),  რაც იმას ადასტურებს, რომ რელიგიური გამოსახულებები ძველ აღთქმაში ჩვეულებრივი ხელოვნებისგან განსხვავდებოდა.  მოკლედ ბიბლიაში, კერძოდ ძველ აღთქმაში, დაშვებულია რელიგიური გამოსახულება. მეთანხმები ამაში დავით?

— კი გეთანხმები, მაგრამ შენი არგუმენტები ყველა ძველი აღთქმიდან არის ლაშა.

— დავით, ვიცი რომ იცი, მაგრამ მაინც მინდა შეგახსენო, რომ მეორე მცნებაც ძველი აღთქმიდან მოდის. კარგია, რომ უკვე უშუალოდ და შენობით ვლაპარაკობთ, ეს ოფიციალურობას განტვირთავს.

— კი მართალია ლაშა, მეორე მცნება ძვ. აღთქმიდან არის  და რა თქმა უნდა შენობით ჯობია ლაპარაკი.

-მაშ ასე, გავაგრძელოთ. ერთი სიტყვით მეორე მცნება არ ნიშნავს  გამოსახულებების- როგორც ასეთის, სრულიად აკრძალვას, რადგან თვითონ ძვ. აღთქმაშივე ვხედავთ, რომ რელიგიური გამოსახულებები და ნივთები უფლის ბრძანებით იქმნებოდა. თქვენც, პროტესტანტებსაც ხომ გაქვთ საბავშვო ბიბლია, სადაც ქრისტე, ანგელოზები და ბიბლიური პერსონაჟებია გამოსახული?

-დიახ ასეა.

-ახლა თუ იმ მნიშვნელობით მივიღებთ მეორე მცნებას, როგორც ეს პროტესტანტიზმს ესმის, მაშინ საბავშვო ბიბლიაშიც არ უნდა იყოს ქრისტეს და ანგელოზების სურათი, იმიტომ, რომ მეორე მცნების პირველი ნაწილია არ გაიკეთო კერპი , არ გამოსახო და  შემდეგ  თაყვანი არ სცე. პროტესტანტული ლოგოკით რომ ვიმსჯელოთ, გამოდის რომ პროტესტანტებიც არღვევენ მეორე მცნების პირველ ნაწილს, ანუ სურათებს გამოსახავენ საბავშვო ბიბლიაში. რას იტყვი ამაზე დავით?

— ჩვენ იმ სურათებს არ ვცემთ თაყვანს ლაშა.

— არ სცემთ თაყვანს, მაგრამ ხომ გამოსახავთ, რატომ არღვევთ მეორე მცნების პირველ ნაწილს?

— ლაშა, ვფიქრობ რომ საბავშვო ბიბლიაში დახატული სურათები არ არის მეორე მცნების დარღვევა.

— ვიცი რომ არ არის დავით, მაგრამ პროტესტანტების ლოგიკით არის, რადგან მათ  „მანიაკალურ ბიბლიიზმს“ თუ მივყვებით, ზუსტად ამ შინაარსით  უნდა გავიგოთ მეორე მცნება.

— ლაშა ეს გასაგებია, მაგრამ რატომ სცემთ თაყვანს მართლმადიდებლები ხატებს? უფალი მხოლოდ თავის თაყვანისცემას გვასწავლის, თქვენ კი თაყვანს ქმნილებებსაც სცემთ.

— ჯერ ერთი მართლმადიდებლური სწავლებით ხატისადმი თაყვანისცემა არ არის გაიგივებული იმ მგზნებარებასთან და თაყვანისცემის იმ მნიშვნელობასთან, (პრაკტიკასთან), რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. ხატისა და წმინდანის თაყვანისცემით უფლის თაყვანისცემის ჩანაცვლება არ ხდება.  ჩვენ პატივს მივაგებთ წმინდანებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში  უფალს არ უტოლებთ მათ.  ხატისა და წმინდანის თაყვანისცემა გულისხმობს იმ ღვაწლისადმი პატივისმიგებას, რომელიც მათ უფლის გზაზე სვლით განახორციელეს. ერთ მაგალითს მოვიყვან ძვ. აღთქმიდან 4მეფ.2:15 „და შორიდან დაინახეს იგი იერიხოს წინასწარმეტყველთა ძეთ და თქვეს: «ელიას სული გადმოვიდა ელისეზე.” და მიეგებნენ და მიწამდე თაყვანისცეს.“ წინასწარმეტყველთა შვილები თაყვანს სცემენ ელისე წინასწარმეტყველს, განა ამით უფალს განუდგენენ, განა ქმნილების თაყვანისცემის ცოდვა ჩაიდინეს, როგორ ფიქრობ?

— არა, არ შეუცოდავთ.

— ფსალმუნში დავით მეფე აღნიშნავს,  რომ თაყვანს სცემს წმინდა ტაძარს:

ფს. 5: 8 “ხოლო მე შენი უხვი წყალობით მოვალ შენს სახლში, ვეთაყვანები შენს წმიდა ტაძარს — შენდამი შიშით“.

ფს. 137: 2 “თაყვანს ვცემ შენს წმიდა ტაძარს, და ვადიდებ შენს სახელს შენი წყალობისა და ჭეშმარიტების გამო, რადგან განადიდე მთელ შენს სახელზე მეტად სიტყვა შენი“.

-როგორ ფიქრობ, ტაძრის-როგორც შენობის თაყვანისცემა , ნიშნავს კერპთთაყვანისცემას?

-არა, არ ნიშნავს, იმიტომ რომ ეს უფლის სახლია.

— კი ბატონო.  როდესაც ჩვენ პატივს მივაგებთ ხატებს, წმინდანებს, ტაძარს და ა.შ.  ეს არ ნიშნავს, რომ უფლის ნაცვლად მათ ვცემთ თაყვანს. გასაგებია ხატთაყვანისცემის ლოგიკა?

— კი გასაგებია, მაგრამ წმინდა წერილი არ გვასწავლის, რომ მოციქულებს, მის მოწაფეებს და ზოგადად ქრისტიანებს წმინდანთა ხატები უნდა დაეწერათ და მათი ცხედრის ნაწილები  შეენახათ, რათა თაყვანი ეცათ მათთვის. ამაზე რა პასუხსი გაქვს?

— დავით წმინდა წერილი არ გვასწავლის, რომ სურათებით ილუსტრირებული საბავშვო ბიბლია უნდა გამოვცეთ, მაგრამ ამას ხომ აკეთებენ  პროტესტანტები?

—   აკეთებენ.

— უფალმა იესო ქრისტემ არც ერთ მოციქულს არ დაავალა,  რომ მისი ამაღლების შემდეგ ახალი აღთქმა დაეწერათ.  ხომ ასეა?

— კი ასეა.

— აბა რატომ დაწერეს ახალი აღთქმის ავტორებმა სახარება და წერილები?

— სულიწმინდის შთაგონებით დაწერეს .

— მართლმადიდებლური სწავლებით ხატწერაც სულიწმინდის შთაგონებით ხორციელდება.  სულიწმინდა მყოფობს ეკლესიაში, ანუ ქრისტეს სხეულში და მისი ხელმძღვანებლობით იმართება ქრისტეს ეკლესია. ახლა დავუბრუნდეთ შენს კითხვას. ხატწერაზე უკვე  გაგეცი პასუხი, ახლა წმინდანთა  ნაწილების თაყვანისცემაზე ვისაუბროთ. მათდამი თაყვანისცემა  ადრეული ეკლესიიდან იღებს სათავეს. ცნობილია, რომ რომის იმპერიაში ქრისტიანები იდევნებოდნენ, მათ სასტიკად ექცეოდნენ  და  სიკვდილით სჯიდნენ.  ცოცხლად დარჩენილი ქრისტიანები შეძლებისდაგვარად პატივით კრძალავდნენ მოწამეებს.  ზოგ შემთხვევაში მხეცების  მიერ დაგლეჯილი ქრისტიანის ნაწილებსაც ააგროვებდნენ და საპატიოდ ასაფლავებდნენ. ცნობილია ეგნატე ღმერშემოსილის  და სხვა მრავალი მოწამის სიკვდილით დასჯის ფაქტი.  ასევე დევნის  გამო ქრისტიანები იკრიბებოდნენ კატაკომბებში, სადაც მათი მოწამე თანაქრისტიანები იყვნენ დაკრძალული და აქედან ჩაეყარა საფუძველი წმინდანთა თაყვანისცემის ღვთისმოსავ ტრადიციას.  ერთ მაგალითს გეტყვი: ადამიანი ომშია და თავისი მეუღლის სურათს კოცნის;  ეს ღალატია?

— არა ღალატს არ ნიშნავს, ეს უფრო ომში მყოფი კაცის თავისი მეუღლის მიმართ სიყვარულის გამოვლენაა. გარკვეულწილად გასაგებია წმინდანთა თაყვანისცემის მოტივები,  მაგრამ აი წმინდანისადმი  ლოცვას  ბიბლიური თვალსაზრისით  რა გამართლება აქვს  ლაშა?

— დავით, წმინდანებისაგან ჩვენ მეოხებას ვითხოვთ. ისინი უკვე ზეციური ეკლესიის წევრები არიან ჩვენ მიწიერ ეკლესიაში ვართ, აქ დედამიწაზე. თუ დედამიწაზე მყოფი ქრისტიანები ვლოცულობთ ერთმანეთისთვის და უფალი გვისმენს, მით უმეტეს მოუსმენს მათ, ვინც უკვე ცათა საუფეველში  მასთან იმყოფებიან.

— ლოგიკა გასაგებია, მაგრამ წმინდა წერილით თუ დასტურდება ,რომ იქ სასუფეველში ლოცულობენ?

— კი დასტურდება, გამოცხადების წიგნიდან:

გამოცხ. 6:9-10

9„როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს ქვეშ დავინახე სულები დახოცილთა ღვთის სიტყვისათვის და მოწმობისათვის, რომელიც მათ ჰქონდათ.  10 დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: “ხელმწიფევ, წმიდაო და ჭეშმარიტო, როდემდე არ განიკითხავ და არ იძიებ შურს მიწის მცხოვრებლებზე ჩვენი სისხლისათვის”.

ამ ტექსტში აშკარად ჩანს, რომ მოწამეობრივად გარდაცვლილთა სულები ღაღადებენ ღმერთის წინაშე და სთხოვენ უფალს, რომ მან  შური  იძიოს  დედამიწაზე დარჩენილ იმ ადამიანებზე, რომლებმაც ისინი აწამეს და მოკლეს. რადგან წმინდა წერილში არის ზეცაში მყოფი ქრისტიანების ლოცვის ფაქტი, ამ შემთხვევაში ისინი საკუთარი თხოვნით მიმართავენ  უფალს, ლოგიკურია რომ ეს სულები ჩვენთვისაც ილოცებენ.

— საინტერესოა. გამოცხადების წიგნი ბევრჯერ წამიკითხავს, მაგრამ ამ კუთხით არ მიფიქრია მაგ ტექსტზე.

— ასევე მთავარი რამ ავიწყდებათ პროტესტანტებს, რომ ქრისტე არის შუამავალი მამა ღმერთსა და ადამიანს შორის:

1ტიმოთ.2:5 „ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი — კაცი ქრისტე იესო“,

-დავით, ყურადღება მიაქციე, პავლე ამბობს, რომ შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის არის  კაც -იესო ქრისტე.  აქ ბერძნული სიტყვა “antropos”,ი ქართულად ნათარგმნია როგორც „კაცი“, რაც ადამიანს ნიშნავს.  პავლე მოციქული ხაზს უსვამს, რომ ქრისტე, როგორც ადამიანი შუამდგომლობს ადამიანისთვის.

— გასაგებია. მოკლედ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყეველებაში ცოტა გავერკვიე. თორემ მთლად წარმართული მეგონა ეს მიმდინარეობა. სასუფეველში, რომ ლოცულობენ ჩვენთვის გავიგე, მაგრამ აქ თქვენ გარდაცვლილებისთვის, რომ ლოცულობთ, ეს ბიბლიის რომელი ტექსტით დასტურდება?

— ეს  მაკაბელთა წიგნიდან დასტურდება (რომელიც არაკანონიკურია). მოდი წავიკითხოთ ეს ბიბლიური ტექსტი

2.მაკაბელთა12:44-45  „44 ბრძოლაში დაღუპულთა აღდგომის იმედი რომ არ ჰქონოდა იუდას, ზედმეტად და ამაოდ მიიჩნევდა იგი მიცვალებულთათვის ლოცვას. 45 იმედი ჰქონდა, რომ ღვთისმოსავობაში გარდაცვლილთ დიდებული საზღაური მოელის. წმინდაა და ღვთიურია ასეთი ფიქრი. ამიტომაც მოიტანა მაკაბელმა მკვდართათვის გამოსასყიდი მსხვერპლი ცოდვათაგან მათ სალხინებლად“.

—  ეს ციტატა არაკანონიკური წიგნიდანაა. მე როგორც პროტესტანტი კანონიკურად და ღვთივსულიერად ძვ. აღთქმის მხოლოდ 39 წიგნს ვაღიარებ.

—  დავით მართალი ხარ, ხელაღებით ვერ ვიტყვით,რომ არაკანონიკური წიგნები

ღვთივსულიერია, მაგრამ როგორც ეკლესიის მიერ შეწყნარებულია, როგორც საღვთისმეტყველო წყარო.  მაგ. მათეს სახარების განმარტებაში იონე ოქროპირი ციტირებს არაკანონიკური წიგნიდან.

— ეგ როგორ ლაშა?! თუ არაკანონიკურია ე.ი არ არის საღვთისმეტყველო წყაროდ გამოსაყენებელი.

— ახლავე აგიხსნი.  ძვ.აღთქმის წიგნებმა, რომელიც არაკანონიკურად არის ცნობილი,ეს სტატუსი,  იმიტომ მიიღო, რომ მათი ებრაული დედანი დაიკარგა (2,3 ეზრა; ტობითი; ივდითი; სიბრძნე სოლომონისა; სიბრძნე ზირაქისა; ეპისტოლე იერემიასი; ბარუქ წინასწარმეტყველი; 1,2,3,4, მაკაბელთა;), ხოლო ამ წიგნების უმრავლესობა შემორჩა სეპტუაგენტაში LXX, ანუ სამოცდაათი სწავლულის თარგმანში, რომლებმაც ჩვ. წ. აღრიცხვამდე II-III საუკუნეში, ალექსანდრიაში ძვ.აღთქმა  ებრაულიდან ბერძნულ ენაზე თარგმნეს. ამ თარგმანით სარგებლობდნენ მოციქულები, როდესაც ებრაულის არ მცოდნე ებრაელებს და პროზელიტებს უქადაგებდნენ.  პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ  2 წერილში მთელ წერილს ღვთივსულიერს უწოდებს, თუმცა არაკანონიკურს ღვთივსულიერად არ მიიჩნევს ეკლესია(2ტიმოთ.3:14-17).   მოდი ეს ტექსტიც წავიკითხოთ, პროტესტანტებმა ეგ ციტატა ზეპირად იცით, მაგრამ მაინც წავიკითხოთ

2ტიმოთ.3:14-17

„14 შენ კი იდექ იმაზე, რაც გისწავლია და რაც გირწმუნია, ვინაიდან იცი, ვისგან გისწავლია. 15 რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება სახსნელად ქრისტე იესოს რწმენით.  16 მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. 17 რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“.

— ცნობილია რომ ტიმოთეს მამა ბერძენი იყო, დედა კი ებრაელი  (საქმ.16:1 „ჩავიდა დერბეს და ლუსტრას. და, აჰა, იქ იყო ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე, იუდეველი მორწმუნე დედაკაცისა და ბერძენი მამის შვილი,“.   მოკლედ ტიმოთე მამით ბერძენი და დედით ებრაელია. პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ ტიმოთემ ბავშვობიდან იცოდა წმ.წერილი. რასაკვირველია აქ ძვ. აღთქმაზეა საუბარი, რადგან ჯერ ახალი აღთქმა დაწერილი არ იყო, ყოველ შემთხვევაში მთლიანად და მით უმეტეს 27 წიგნად დაკანონებული. ახალი აღთქმის კანონი ცალკე თემაა და ამაზე სხვა დროს ვილაპარაკებთ. ახლა კი მთავარი რაც მინდა გითხრა დავით ისაა, რომ ტიმოთე ზუსტად სეპტუაგენტას კითხულობდა, რადგან ბერძენი იყო. პავლე მას უკრძალავს არაკანონიკური წიგნების  წაკითხვას, რომელთა დედანი ებრაულ ენაზე არ შემორჩა(2,3 ეზრა; ტობითი; ივდითი; სიბრძნე სოლომონისა; სიბრძნე ზირაქისა; ეპისტოლე იერემიასი; ბარუქ წინასწარმეტყველი; 1,2,3,4, მაკაბელთა;).

— ლაშა ეს ძალიან საინტერესოა.  გამოდის ძვ. აღთქმის არაკანონიკური წიგნები, რომლებიც სეპტუაგენტაში არის, საღვთისმეტყელო წყაროდ გამოიყენებოდა ეკლესიის მიერ?

— დიახ ასეა. კარგი ახლა დავუბრუნდეთ ხატთაყვანისცემის საკითხს, ცოტა გადავუხვიეთ ამ თემას, მაგრამ ეს შენი კითხვების გამო მოხდა, თუმცა ეს საკითხები ერთმანეთთან  კავშირშია. კიდევ გაქვს კითხვა ხატთაყვანისცემასთან დაკავშირებით?

—  მაინტერესებს, რას ეფუძნება მართლმადიდებლობაში ქრისტეს ხატის შექმნა?

-რას და იმას, რომ როგორც ახალ აღქმაში წერია ქრისტე- მამა ღმერთის ხატებაა:

კოლას.1:15 „ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა“; 

2.კორინთ. 4: 3-4   „3 და თუ ჩვენი სახარება დაფარულია, დაღუპულთათვის არის დაფარული, 4 ურწმუნოთათვის, ვისაც ამ საუკუნის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათთვის არ ებრწყინა სახარებისეულ ნათელს ქრისტეს დიდებისა, რომელიც უხილავი ღვთის ხატია.“

ებრ.1:3  „იგია დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანაბეჭდი, რომელსაც ყოველივე უპყრია თავისი ძალის სიტყვით. როდესაც მან ჩვენი ცოდვების განწმედა აღასრულა, დაჯდა დიდების მარჯვნივ მაღალთა შინა.“

იოანეს სახარებაში ქრისტე ამბობს: იოან.14:9  „ეუბნება მას იესო: “რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა. როგორღა ამბობ, მამა გვაჩვენეო?“

ერთი სიტყვით ქრისტეს განკაცებით, ლოგოსი ანუ სიტყვა- ღვთის ძე, სამების ერთ-ერთი ჰიპოსტასი გახდა-შეხებადი და მატერიალური, რადგან მან რეალურად მიიღო ადამიანური ბუნება: იოან.1:14 „14      სიტყვა ხორცი იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე. და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მამისაგან მხოლოდშობილისა.“

ამაღლების შემდეგაც ქრისტე არის 100% ღმერთი და 100% ადმიანი: 1ტიმოთ.2:5 „ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი — კაცი ქრისტე იესო“.

და ვინაიდან ის ადამიანიცაა, მისი ხატის წერა შესაძლებელია.

-ლაშა ე.ი ხატმწერი ხატავს ქრისტეს მხოლოდ  როგორც ადამიანს და არა ღმერთს, ღვთის ძეს, რადგან ღმერთი სულია და ხორციელი  თვალისთვის მისი დანახვა შეუძლებელია, თუ რა თქმა უნდა ღმერთი არ მოინდომებს, რომ ადამიანმა ხორციელი თვალითშეძლოს მისი დანახვა. მე იმის თქმა მინდა, რომ ხატმწერი ხატავს ქრისტეს ადამიანურ ბუნებას და როდესაც თქვენ მართლმადიდებლები თაყვანს სცემთ იესოს ხატს, ფაქტიურად ქმნილებას სცემთ თაყვანს და არა ღმერთს.

-არა დავით. მიუხედავად იმისა რომ ღმერთი, ანუ ღვთის ძე ხილვადი  მხოლოდ განკაცების შემდეგ გახდა, ხატმწერი წერს ქრისტეს პიროვნებას და არა რომელიმე მის ერთ ცალკეულ ბუნებას. ასე პასუხობს  თეოდორე სტუდელი  ხატთმებრძოლებს.

— გასაგებია ლაშა, მაგრამ როგორ შეიძლება ქრისტეს განკაცების ხატზე გამოხატვა, ეს ფაქტიურად შეუძლებელია.  პავლე წერს 1ტიმოთ.3:16 „უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცში, გამართლებულ იქნა სულში, დანახულ იქნა ანგელოზების მიერ, ნაქადაგები იქნა წარმართებში, მიღებულ იქნა სოფელში რწმენით და ამაღლდა დიდებაში.“ ანუ პავლეს სიტყვების თანახმად ღმერთის, ღვთის ძის განკაცება არის უცილობლად დიდი საიდუმლო, რაც ადამიანისთვის ბოლომდე ძნელად გასაგებია და განკაცებული ლოგოსის- ღვთის ძის ხატის წერა, მით უმეტეს აბსურდია.

-მე უკვე აგიხსენი, რომ ხზტმწერის მიერ ქრისტეს პიროვნება იწერება და არა რომელიმე მისი ცალკეული ბუნება.  და კიდევ, ხატმწერი ქრისტეს ხატის დაწერით ამომწურავად ვერ გამოხატავს ღვთის ძის განკაცების საიდუმლოს.იგივე შეგვიძლია ვთქვათ სახარებაზე, ღვთისმეტყველებაზე. განა რომელიმე სახარება ან მოციქულთა წერილი ხსნის ბოლომდე ქრისტეს განკაცების საიდუმლოს და საერთოდ ღმერთს?

-არა, ვერ ხსნის.

— და მეორე შეკითხვა დავით; რომელი თეოლოგი იტყვის, რომ მის საღვთისმეტყველო ნაშრომში ამომწურავად და გასრულებულად არის ღვთის ძის განკაცება ახსნილი და განმარტებული?

— ვერც ერთი ვერ იტყვის.

— კარგია რომ შევთანხმდით. ახლა დროა საბოლოო დასკვნამდე მივიდეთ. ე.ი ღთის ძის განკაცების საიდუმლო ბოლომდე დაუწერელი და გამოუთქმელია, ანუ განკაცების ადეკვატური ხატწერა  და ასევე ადეკვატური სიტყვიერი ახსნა-განმარტებაც შეუძლებელია. თუ განკაცების გამოუხატველობის საფუძველზე უარყოფილია ხატი, მაშინ გამოუთქმელობის საფუძველზე უნდა უარყოფილ იქნას ყოველგვარი საღვთისმეტყველო ნაშრომი. ეს ჩემი სიტყვები არ არის. ცნობილი საეკლესიო ისტორიკოსი ვ.ვ. ბოლოტოვის სიტყვების პარაფრაზია.

— გასაგებია. ასეთი პასუხი გარკვეულ წილად მაკმაყოფილებს. მაგრამ კიდევ მაქვს შეკითხვები.

— მკითხე.

—  როგორც მართლმადიდებლობა აღნიშნავს ძველ აღთქმაში არის თუ არა გამოსახულებისადმი თაყვანისცემის ან პატივისმიგების ფაქტი, რომელსაც უფალი არ ასამართლებს?

— კი როგორ არა. სპილენძის გველი, რომლის გაკეთებაც უფალმა უბრძანა მოსეს:

რიცხვ.21:8-9 „8 და უთხრა უფალმა მოსეს: “გააკეთე შენთვის გველი და დაამაგრე იგი დროშაზე, და ყოველი დაგესლილი, ვინც მას შეხედავს, ცოცხალი დარჩება.”  9 და გააკეთა მოსემ სპილენძის გველი, და დადო იგი დროშაზე. და თუ დაგესლავდა გველი კაცს და შემდეგ შეხედავდა იგი სპილენძის გველს, ცოცხალი რჩებოდა.“

და უფალი ეუბნება მოსეს რომ გააკეთის გველი, მიუხედავად აკრძალვისა, რომელიც მეორე მცნებაშია და მეოე.რჯ.წიგნშია:

მეორე.რჯ4:15-18:

15 მტკიცედ გეჭიროთ თქვენს სულებში, რაკი არ გინახავთ არავითარი სახე იმ დღეს, როდესაც უფალი გელაპარაკებოდათ ხორებზე შუაგული ცეცხლიდან,  16 რათა არ წახდეთ და არ გაიკეთოთ ქანდაკება, ხატი რაიმე კერპისა, რომელიც გამოხატავს კაცს ან ქალს, 17 რომელიმე პირუტყვისა, რაც მიწაზეა, ხატი ყოველი ფრთოსანი ფრინველისა, რაც ცაში დაფრინავს,  18 ხატი ყოველგვარი ქვეწარმავლისა მიწაზე, ხატი ყოველგვარი თევზისა, რაც წყლებშია მიწის ქვეშ.

აშკარაა, რომ გამოსახულების აკრძალვას პედაგოგიური დანიშნულება ჰქონდა და არა აბსოლუტური. თუმცაღა რელიგიური გამოსახულებისადმი პატივის მიგება უფლისადმი თაყვანისცემას არ ენაცვლება და არ გულისხმობს გამოსახულების გაღმერთებას. ამაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ მოსეს მიერ სპილენძის გველის გაკეთების კონტექსტის განხილვისას აუცილებელია ამის გათვალისწინება.

-კი ასეა.

 

-დავით, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კინაღამ გამომრჩა. სხვათა შორის ქრისტე ნიკოდემოსთან საუბარში, ამ სპილენძის გველზე ლაპარაკობს, როგორც თავისი ჯვარზე სიკვდილის სიმბოლოზე ან წინასახეზე:

 იოან.3:14 „როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა.“

იოანე ოქროპირი განმარტავს იოან.3:14 და აზუსტებს, რომ ქრისტე აქ ჯვარს გულისხმობს.

-კი ლაშა, პროტესტანტებსაც ასე ესმით,მაგარამ მე კიდე მაქვს კითხვა და დავამთავროთ.

-კი ბატონო.

— ლაშა, წმინდანთა თაყვანისცემის საფუძველზე კი ილაპარაკე და ზოგადად გავიგე მისი არსი და მნიშვნელობა, მაგრამ მე კითხვა გამიჩნდა ხატებისა და წმინდანთა ნაწილების მეშვეობით სასწაულებრივ  განკურნებასთან დაკავშირებით.  რას ეფუძნება ეს სწავლება თუ პრაქტიკა?

— დავით ძვ. აღთქმიდან დავიწყებ.

მოსე კვერთხით ახდენდა სასწაულებს. უფალი ეუბნება მოსეს:

გამოსვ.4:17  „და აიღე ხელში ეს კვერთხი, რომლითაც სასწაულებს მოახდენ.” რა, განა არ შეეძლო ღმერთს კვერთხის გარეშე მოეხდინა სასწაული?შეეძლო, მაგარმ ასე დაუწესა მოსეს.

ასევე სამარხში გადაგდებული ცხედარი ელისეს ძვლებს რომ შეეხო,  ის აღდგა.

უკვე ბევრი ვილაპარაკე სპილენძის გველზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ უფალი  დაგესლილ ხალხს ამ გველის მეშვეობით კურნავდა:  რიცხ.21:9 „9 და გააკეთა მოსემ სპილენძის გველი, და დადო იგი დროშაზე. და თუ დაგესლავდა გველი კაცს და შემდეგ შეხედავდა იგი სპილენძის გველს, ცოცხალი რჩებოდა.“

4მეფ.13:20-21 „20 და მოკვდა ელისე და დამარხეს იგი. და მოაბის მოთარეშენი დაეცნენ ქვეყანას წლის დამდეგს. 21 ერთხელ ვიღაც კაცს მარხავდნენ და აჰა, როცა დაინახეს მოთარეშენი, ჩააგდეს ეს კაცი ელისეს სამარხში, და როგორც კი შეეხო კაცი ელისეს ძვლებს, მყისვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა“.

ელია წინასწარმეტყველის მოსასხამით უფალი ახდენს სასწაულს:

ელია თვითონ იყენებს თავის მოსასხამს 4მეფ. 2:8  „და აიღო ელიამ თავისი მოსასხამი, დაგორგლა და დაჰკრა წყალს, შუა გაიპო წყალი და ორივენი ხმელეთზე გავიდნენ“.

ელისე- ელიას მსახური და მოწაფე იყენებს ელიას მოსასხამს 4მეფ.2:12-14    „12       და უყურებდა ელისე და ეძახდა: «ჩემო მამავ, ჩემო მამავ, ისრაელის ეტლო და მისო მხედრობავ!” და მეტად აღარ დაუნახავს იგი. და ხელი ჩაავლო თავის სამოსელს და ორად გახია.  13 და აიღო მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, გაბრუნდა და იორდანეს ნაპირზე ჩამოჯდა. 14 და აიღო ელიას მოსასხამი, მას რომ დაუვარდა და დაჰკრა წყალს და თქვა: «სად არის უფალი, ელიას ღმერთი?” და დაჰკრა წყალს და შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა.

უფალი აღთქმის კიდობანის მეშვეობით ახდენდა სასწაულებს:

2მეფ.6:6-7 „ 6         და როცა ნაქონის კალოსთან მივიდნენ, ხელი შეაშველა ყუზამ ღვთის კიდობანს, რადგან გადახარეს ხარებმა.  7 და აღიგზნო უფლის რისხვა ყუზას მიმართ და იქვე დასცა იგი ღმერთმა ამ სითამამისთვის, და იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან.“

ამ შემთხვევაში სასწაული დადებითი ხასიათის არ არის, მაგრამ  მაინც სასწაულია.

იესო ნავეს ძეს დროსაც მოხდა სასწაული უფლის კიდობანის მეშვეობით:

იესო.ნავ.ძე 3:15-16   „15და როგორც კი კიდობნის მტარებლები იორდანეს მიადგნენ და კიდობნის მტარებელი მღვდლების ფეხები ჩაიდგა წყლის ნაპირზე — ხოლო იორდანე მკათათვეში თავის ნაპირებზე გადმოდის,- 16 შეჩერდა ზემოდან მომდინარე წყლები და ერთ კედლად აღიმართა, კარგა შორს ქალაქ ადამადან, რომელიც ცართანის გვერდითაა; და ყარაბას ზღვისაკენ, მარილოვანი ზღვისაკენ, მიმდინარე წყლები სრულიად გაიპო, და ხალხი იერიხოს პირდაპირ გადავიდა.“

— გავიგე ლაშა. ახლა უკვე ვხდები ახალი აღთქმიდან რა სახის ტექსტებს მოიყვან არგუმენტად. პეტრეს ჩრდილზე, უფლის სამოსელს რომ ეხებოდნენ და იკურნებოდნენ. სწორად გაგიგე?

-კი, ეგრეა. და მაინც მინდა რომ ა.აღთქმიდანაც წავიკითხოთ.

უფლის სამოსელი კურნავს:

მარკ.6:56 „სადაც არ უნდა შესულიყო, დაბებში, ქალაქებში თუ სოფლებში, დასხამდნენ თავიანთ სნეულებს მოედნებზე და ევედრებოდნენ, რომ სამოსლის კალთაზე შეხების ნება მაინც მიეცა მათთვის. ვინც კი ეხებოდა, იკურნებოდა კიდეც“.

პეტრეს ჩრდილი კურნავს:

საქმ.5:15-16  „15 ისე რომ, ავადმყოფები ქუჩაში გამოჰყავდათ და საკაცეებზე და საწოლებზე აწვენდნენ, რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაფენოდა რომელიმე მათგანს. 16 ბევრნი მოდიოდნენ იერუსალიმის გარშემო ქალაქებიდანაც, მოჰყავდათ სნეულები და უწმიდური სულებით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ.

პავლეს სხეულიდან აღებული ხელსახოცებით და წელსაკრავებით  უჩვეულო სასწაულები ხდება:

საქმ.19:11-12 „11 ხოლო ღმერთი უჩვეულო სასწაულებს ახდენდა პავლეს ხელით. 12 ისე რომ, ავადმყოფებს მისი სხეულიდან აღებულ ხელსახოცებსა თუ წელსაკრავებს ადებდნენ და ბოლო ეღებოდა მათ სნეულებებს, და ავი სულები გამოდიოდნენ მათგან“.

დავით, ძვ. და ახალ აღთქმაში უამრავი სასწაულია. მოკლედ, ხატებისა და წმინდანთა წმინდა ნაწილების საშუალებით უფალი სასწაულებს რომ ახდენს  ამაში არაბიბლიური არაფერია. მეთანხმები?

-კი გეთანხმები.

-დავით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მინდა ვთქვა სასწაულებთან დაკავშირებით. მართლმადიდებლობისთვის საწაული არ არის ჭეშმარიტების კრიტერიუმი და რწმენა სასწაულს არ უნდა ეფუძნებოდეს, მაგრამ როდესაც უფალი ავლენს თავის წყალობას და კურნავს ადამიანს ხატის, ზეთისცხების, წმინდანის წმინდა ნაწილის მეშვეობით და ა. შ., ეს სრულიად ეთანხმება წმინდა წერილს და ეკლესიის გამოცდილებას.

-ძალიან კარგი საუბარი გამოგვივიდა ლაშა.

— მეც ასე ვფიქრობ. აბა დროებით< მომავალ შეხვედრამდე.

-ნახვადის ლაშა…..

ავტორი: ლაშა ბართია