ჩერნობილის ღვთისმეტყველება

ჩერნობილის  ღვთისმეტყველება

კვლავ ჩერნობილს დავუბრუნდეთ. ამ მიდამოებში მცხოვრები ხალხი  არაა დამნაშავე  თავს დატეხილ უბედურებაში, მაგრამ სიკვდილი ჩაუსახლდათ… და აი, გამოჩნდა მკურნალი, რომელიც ეუბნება მათ: „მე შევძელი, მეპოვნა თქვენი ავადმყოფობის წამალი. მე მაქვს თქვენთვის საჭირო ამპულები; მოდით ჩემთან და მათ უფასოდ მოგცემთ“.

    მკურნალი სოფელ პატარა ივანოვკაში გაჩერდა. ეს რომ სოფელ ზემო ივანტეევკის მცხოვრებლებმა შეიტყვეს, ხმამაღლა გააპროტესტეს: „ამ ექიმთან არ ვიმკურნალებთ, იმიტომ, რომ ჩვენთან კი არა, ჩვენს მეზობლებთან შეჩერდა. არც თავად წავალთ და არც ჩვენს შვილებს გავუშვებთ“… ჰო, ქრისტეს საკუთარი დაბადების ადგილად არც კალუგა აურჩევია და არც მდინარე ინდის ნაპირები. მაგრამ შეკითხვა: „ცხონდებიან, თუ არა, ქრისტესთან არმისული ინდუსები?“-ისეთსავე აბსტრაქტულ-მორალისტურ ჟღერადობას იძენს, როგორც შეკითხვა იმის თაობაზე, გადარჩებიან, თუ არა მკურნალის მათთან არშეჩერების გამო განაწყენებული „ივანტეევკელები“. მკურნალი ხომ სასიკვდილო სნეულების ზონაში მივიდა (თუმცა, შეეძლო, ეს არც გაეკეთებინა) და იქ შეჩერდა, სადაც მას პირველი პაციენტები დახვდნენ.

   თუმცა, ისეთებიც გამოჩნდნენ, რომელთაც არათუ ისმინეს, კიდევაც წავიდნენ მკურნალისა და მის თანაშემწეთა სანახავად, მაგრამ ის კი ვეღარაფრით გაიგეს, რა საჭირო იყო ეს ყველაფერი. რატომ საუბრობთ ყველანი საფრთხეზე? თითქოს, არაფერი შეცვლილა, მზეც ძველებურად ანათებს და ყვავილებიც იზრდებიან. დიდი ამბავი, თუ ხანდახან უცნაური გოჭები იბადებიან-მაგისთვის ხომ ვეტერინარები არსებობენ, ჩვენ რისთვისღა ვიმკურნალოთ, ჩვენ ჯანმრთელები ვართ. ჩვენ ოდითგანვე თავად ვმკურნალობდით საკუთარ თავებს, ასე იყო ჩვენი ათადან და ბაბადან და მათ არაფრით სჯობს ეგ ექიმი…  და თქვენი ქრისტე რითი სჯობს ჩვენს „მაჰათმებს“?..

  ზოგიერთი მზად არის, მიიღოს წამალი, მაგრამ ასე ამბობნენ: „ მხოლოდ პირადად ექიმის ხელიდან. მის თანაშემწეთ არ ვენდობით. აი, თავად რომ გამოგვცხადებოდა, ვთქვათ, ნასადილევს, სადღაც საღამოსკენ იქნებ, წამალიც მიგვეღო“…  იოანე მოსხის (ზოგიერთი მოსაზრებით იოანე მესხი; მთარგმნ-გან) „სამოთხე“-ში  („სულიერი მდელო“) მოთხრობილია ბერზე, რომელიც ძალიან წმინდად და უბიწოდ ცხოვრობდა, ლიტურგიის აღსრულების დროს ტრაპეზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს ანგელოზებს ხედავდა. ღმრთისმსახურების წესი მან მწვალებლებისგან შეითვისა. თვითონ ის საღმრთო დოგმატებში ვერ ერკვეოდა, ამიტომაც – არა ბოროტგანზრახულად, არამედ თავისი უბრალოების გამო – ლიტურგიის ლოცვებს შეცდომით ამბობდა და როდესაც ღმრთის განგებით ამ ბერს მიეთითა მართლმადიდებელი დიაკონისაგან, რომ მისი სიტყვები ეწინააღმდეგებოდა ჭეშმარიტ სწავლებას, ამ საყვედურებისა და მხილების დროს ბერმა ანგელოზებს ჰკითხა:

– აი რას მეუბნება დიაკონი. ეს სიმართლეა?

– დაუჯერე მას, ის მართალს ამბობს, – უპასუხეს ანგელოზებმა.

– მაგრამ თქვენ რატომ დუმდით აქამდე?

– ღმერთმა ისე მოაწყო, რომ ადამიანები თვით ადამიანების მიერ უნდა გამოსწორდნენ, –იყო პასუხი.  და აი, ეს ადამიანური ხელები, რომლითაც ჩაწერილია უფლის სიტყვა და რომლითაც ვრცელდება ეს სიტყვა ხალხში, -ზოგიერთს არ მოსწონს, იმრიზებიან.

გამოჩნდნენ ისეთნიც, ვინაც კიდეც ისმინა, კიდეც მივიდა, მაგრამ ყურად არ იღო მკურნალის გაფრთხილება, ვთქვათ, იმის თაობაზე, რომ წამალზე არყის მიყოლება არ შეიძლება. ასეთმა პაციენტებმა საავადმყოფოდან გამოსვლისთანავე უახლოესი დუქნისაკენ გადაუხვიეს: „აბა, ძმებო, გამოჯანმრთელება არ აღვნიშნოთ?!..მკურნალის სადღეგრძელოც უნდა დავლიოთ-წმინდა საქმეა!.. ექთანიც არ დაგვავიწყდეს!..დანარჩენებიც უნდა ვადღეგრძელოთ!.. საბოლოოდ კი მიღებული წამალიც აღებინეს. განა მკურნალია ამაში დამნაშავე? უკან უნდა გამოჰკიდებოდა?

ისეთი ხალხიც მოიძებნა, ვინც წამალსაც ეზიარა და მისი მიღების წესებსაც იცავდა. მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა ამ ხალხის დაყოლიება, რათა თავი შორს დაეჭირათ აფეთქების ეპიცენტრიდან. მათ გამუდმებით ეჩვენებოდათ, რომ ეს ადგილი რაღაცით ძალიან ეგზოტიკური იყო და საერთოდაც, რადიაციის საფრთხე გაზვიადებულად მიაჩნდათ. დღისით რომ ქრისტიანულ ტაძარში მიდიოდნენ, საღამოს შამბალაში მიფრინავდნენ „ასტრალის“ გავლით. მიაკუთვნეს რა მას „კოსმიური იერარქია“, ეს ხალხი პატივს მიაგებდა ქრისტეს, მაგრამ სრულიადაც არ თაკილობდა „ბარაბაშკებთან“ და კოსმოსური ელექტრობის მაღალჩინოსნებთან ურთიერთობას.

და ბოლოს, გამოჩნდნენ ისეთები, განსაკუთრებული მოწიწებით რომ ისმენდნენ ექიმის შეგონებებს და მისი ყოველი ინსტრუქცია ზედმიწევნით ზუსტად დაიხსომეს. ასეთებმა ზეპირად იციან, როგორ უნდა ისარგებლო წამლით, რასთან არის იგი შეუთავსებელი და პირიქით, როგორ შეიძლება მისი უკეთ ათვისება…მაგრამ თავად წამლის გემო ასეთ ხალხს არც კი გაუსინჯავს.

ადამიანთა ბოლო ორ ჯგუფზე საგანგებოდ შევჩერდებით.

რატომ არ შეიძლება ქრისტესმსახურების შეთავსება „კონტაქტიორობასა“ (მედიუმობა) და სხვა ღვთაებათა პატივისცემასთან?

ღვთაების წარმართული ფილოსოფიის თვალსაზრისით, აბსოლუტური რეალობა, უბრალოდ ადამიანური ცნობიერების მიღმა კი არ იმყოფება, მას არაფერი აკავშირებს ადამიანთა   სამყაროსთან. მისგან იერარქიული კიბე ეშვება, სამყაროთა კიბე (ზონების, ემანაციების*, სულების), და ადამიანთა რელიგიური კადნიერებისათვის მხოლოდ ამ კიბის ის უმდაბლესი საფეხურებიღაა წვდომადი, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ჩვენს სამყაროს. ღვთაება შეუცნობადი და მიუღწევადია და შესაბამისად რელიგიური იმპულსიც დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე და უფრო მიღწევადი ინსტანციისაკენ-ღმერთების სამყაროსაკენ არის მიმართული.

ბიბლიის მადლი და სიხარული (როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმის) კი იმაშია, რომ აბსოლუტი (აბსოლუტური გონი, სამყაროს უსასრულო პირველმიზეზი) როგორც საწყისი ყოველგვარი ყოფიერებისა, თავადვეა ადამიანთა სამყაროს შემოქმედი, მისი ხელქვეითი სულებისათვის კი არ დაუვალებია ამის გაკეთება, არამედ თავად განგვიცხადა თვისი სიყვარული ჩვენი სამყაროს შექმნამდე „დაშვებით“ (смирил Себя). მცირე ღმერთებისა და სულებისაგან შემდგარი „ოლიმპიელთა“ მჭიდრო წრე, მრავალ ფენაში რომ ფუთავდნენ წარმართი ადამიანის ცნობიერებას, უბრალო სიტყვებით იქნა განრღვეული: დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ. (დაბ. 1:1) ღმერთი სრულიად განსხვავებულია, ვინემ სამყარო. ღმერთი არ არის კოსმოსი. ღმერთი არ არის ადამიანი. ღმერთი შეუცნობადი და გამოუთქმელია. და მაინც, სწორედ მან შექმნა სამყარო და გაცხადდა მასში. აღმოჩნდა, რომ უმაღლესსა და შეუცნობად ყოფიერებას ვუყვართ ჩვენ და საპასუხოდ, ჩვენც სწორედ ის შეგვიძლია, გვიყვარდეს ( და არა „კოსმიური შუამავალი“) და შეგვიძლია, მივმართოთ მას როგორც პიროვნებას. ადამიანმა აბსოლუტთან „შენობით“ ლაპარაკის უფლება მიიღო.

ქრისტიანობამ მშვენივრად იცის, რომ ღმერთი მიუწვდომელია და მძაფრად განიცდის ამას. „ვერანაირი ბუდისტური ლიტერატურა, ვერანაირი ბერძნული ნეოპლატონიზმი, ვერანაირი შუასაუკუნეობრივი თუ ახალი დასავლური მისტიკა ვერ შეედრება არეოპაგიტიკას ტრანსცენდენტურ* შეგრძნებათა ინტენსივობის მხრივ, -წერს ა.თ. ლოსევი.-ეს რიტორიკა როდია, ეს ერთგვარი მისტიური მუსიკაა, როცა ცალკეული სიტყვების ნაცვლად უკიდეგანო ტრანსცენდენტური ზღვის მიქცევა-მოქცევაღა ისმის… უპირველესად, ჩვენს წინაშე იმდენად ფილოსოფია და ღვთისმეტყველება არაა, რამდენადაც-ჰიმნები, სახოტბედ აღვლენილი. არეოპაგიტიკა სწორედ ამ აღვლენილი ჰიმნებით „ღვთისმეტყველებს“…მეორეც, ეჭვგარეშეა, რომ ეს ხოტბა მიმართულია მხოლოდ პიროვნებისაკენ, -მართალია, სრულიად ტრანსცენდენტური და შეუდარებელი, მაგრამ უთუოდ პიროვნებისაკენ.

ჰიმნთა მთელი ეს უჩვეულოდ დაძაბული მისტიკა შესაძლებელია მხოლოდ რაიმე სახიერების, ხატების წინაშე, თუნდაც უხილავი და მიუწვდომელი, მაგრამ უცილობლად იმ ხატების წინაშე, რომელიც შესაძლებელია, ხილულ იქმნას თვალით და შეგრძნობილ იქნას გულით, რომელიც შესაძლებელია, იყოს ადამიანური ურთიერთობის საგანი და რომელსაც შეუძლია,  შეეხოს ადამიანის პიროვნებას თავისი პირადულ-ინტიმური და მწველი შეხებით. მთლიანად ეს აპოფატიური* მუსიკა ერთგვარად იმ მადლით თრობაა, უხილავი, მაგრამ ინტიმურად ახლობელი პიროვნებისაგან რომ მოედინება, როდესაც ადამიანს ყველანაირი ჰიმნისა და ლოცვის უკმარისობის განცდა აქვს და მხოლოდ გამუდმებული სადიდებლის აღვლენის სურვილიღა რჩება. ეს გრძნობა განსხვავდება ბუდისტური თვითმიძინების წყურვილისაგან უდიდესი მოთხოვნილებით ყოფიერების დადებითი საფუძვლის მიღწევისა, იმდენად დადებითის, რომ ურთიერთობა ჰქონდეს არა საგნების (განურჩევლად მათი სულიერებისა თუ უსულობისა) ბრმად ჩამოყალიბებასთან, არამედ მხოლოდ პიროვნებასთან, რომელმაც უწყის თავი, სხვაც უწყის და უნარი შესწევს გონიერი ცხოვრებისა და ადამიანური ურთიერთობისა. ასეთი გონი უკვე აღარ განიცდის განყენებული ფილოსოფიის საჭიროებას. კატეგორიათა ძიება მისთვის მცირე და მოსაწყენი საქმე ხდება და კოლოსალური ანტინომიურ*-სინთეტიკური მისწრაფებების მქონეს უშუალოდ კატეგორიები სრულიად აღარ აინტერესებს, ის იმდენად უბრალოდ და უშუალო ფორმით ასხამს ხოტბას უმაღლეს ყოფიერებას მთელი მისი ანტინომიებითა და სინთეზებით, თითქოს ეს ანტინომიები არც არსებობდნენ. ნეოპლატონიზმში კი ყოფიერებაში დაფიქსირებული ანტინომიები ბევრად უფრო ცივი და აბსტრაქტულია… არეოპაგიტის აბსოლუტური თვითმყოფადობა, რომელშიც ანტინომიები ფიქსირდება, კი იმდენად ცოცხალი, პიროვნული და საციცხლოდ მდიდარია, რომ ფილოსოფოსის ცნობიერება მასთან მხოლოდ წყნარი და საციცხლო ურთიერთბითღა არის დაკავებული; ისე, რომ მხოლოდ მისგან განზე მდგომს შესწევს უნარი, დააკვირდეს და სისტემატურად განათავსოს შექმნილი ანტინომიები, თავად ფილოსოფოსს კი საამისოდ დრო აღარ რჩება…ფილოსოფიის ისტორიაში იმ სწავლებისა და სისტემის მოძებნა რომ გვეცადა, რომელიც განყენებულ აზრში გახდიდა საცნაურს არეოპაგიტული აპოფატიზმის შინაარს, ალბათ, ნიკოლოზ კუზანელზე მნიშვნელოვან სხვა სახელს ვერ ვიპოვიდით: „უფალო და ღმერთო ჩემო! შემეწიე შენს მძებნელს. მე გიმზერ შენ სამოთხის დასაწყისში და არ ვუწყი, რას ვხედავ, რამეთუ ხილულს ვერაფერ ვხედავ. მხოლოდ ერთი რამ ვიცი: მე ვიცი, რომ არ ვუწყი, რას ვხედავ და ვერასოდეს შევიტყობ. არ ძალმიძს, სახელით მოგმართო შენ, რამეთუ არ ვუწყი, რა ხარ შენ. და ვინმე თუ მეტყვის: ეს, ან ის არის სახელი შენი, უკვე იმიტომ, რომ სახელს განიჭებს, მე ვიცი, რომ ეს ვერ იქნება შენი სახელი. რამეთუ, ამა თუ იმ სახელის არსის  ნებისმიერი განსაზღვრება ის კედელია, რომლის უმაღლესად გიმზერ შენ. თუ ვინმე მოგვცემდა ცნებას, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა შენი წვდომა, ვიცი, რომ ეს არ იქნებოდა ცნება შენს შესახებ, რამეთუ ყოველგვარი ცნება პოულობს საკუთარ საზღვარს სამოთხის მიჯნაზე. და ყოველგვარი სახე და შედარება, რომლის მეშვეობითაც შენ გაგიაზრებდნენ, ვიცი, რომ არ იქნებოდა შენი შესაბამისი სახება… ვისაც სურს, შენ მოგიახლოვდეს, უნდა ამაღლდეს ყოველგვარ ცნებაზე, საზღვარსა და შეზღუდვაზე… შესაბამისად, გონმა არაფერი უნდა უწყოდეს…და წყვდიადში ჩაიძიროს, თუ შენი დანახვა უნდა. მაშინ რაღაა გონების ეს უცოდინრობა, თუ არ განსწავლული არცოდნა? ამიტომაც, ღმერთო ჩემო, შენთან მოახლოებას მხოლოდ ის შესძლებს, ვინც იცის, რომ არაფერი უწყის შენზე“ (ნიკოლოზ კუზანელი. ღმერთის ხედვის შესახებ.13).

ეს ყველაფერი არ არის. ახალი აღთქმით გაცხადდა, რომ ღმერთი ადამიანთა სიყვარულით განკაცდა. უდიდესი სიხარული ქრისტიანობისა იმაშია, რომ ის, ვინც მხსნელად მოვიდა, სწორედ ის არის, ვისაც ოდესღაც შევუქმნივართ. ქრისტეში ჩვენ უკვდავებას ვეზიარებით, ჩვენს დრომდე მოსულს. ვერც ერთი სხვა რელიგია ვერც იოცნებებდა, ამაზე მეტი რამ ეჩუქებინა ადამიანისათვის. სახარებისა და წარმართობის შერიგების ნებისმიერ მცდელობას სწორედ ამ სიხარულის დაკარგვამდე მივყავართ. ქრისტეს სახავენ როგორც მასწავლებელთაგან ერთ-ერთს (პითაგორასა თუ ჯორდანო ბრუნოს დარად).  მაგრამ თუ ის მხოლოდ ადამიანია, თუ ღმერთი არ არის, გამოდის რომ კაცობრიობა ღმერთს არც შეხვედრია.

ნეოწარმართები (ნეოწარმართობა-ქრისტეს შემდგომად წარმართობა) დროგამოშვებით ამტკიცებენ, რომ ქრისტე „ავატარია“ ღვთაებრივი სულისა. მაშინ თავად ღვთაება აღმოჩნდება უპიროვნო და უსახო და გამოდის, რომ ქრისტე ადამიანი არ ყოფილა (რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ის ვერ ევნებოდა და გოლგოთაზე დადგმული „სპექტაკლის“ მიზანი ადამიანებისაგან ცრემლისა და სინანულის „გამოძალვა“ ყოფილა). ზოგიერთი    ნეოწარმართული სკოლა იმასაც ამტკიცებს, რომ ქრისტე ადამიანზე მეტია, მაგრამ ღვთაებაზე ნაკლებია, ისე როგორც „პლანეტარული ლოგოსი“.

მაგრამ თუ ქრისტე ნამდვილად ის არის, რადაც განგვიცხადა (პირველად, დასაბამად იოანე 8, 25) და როგორადაც შეიცნო ის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მაშინ რაღაა საძებნელი სხვა რელიგიებში? თავად ღმერთი, თავად მარადისობა მოვიდა ჩვენთან და ჩვენ კი ცუდად გაგებული ბუდიზმისა და წარმართობის ნაგლეჯებით ვცდილობთ მის „ჩასწორებას?“ თუ როგორ განიხილავს მსგავს ქმედებას თავად ღმერთი, ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდანვე  ნათლად ჩანს-ეს მრუშობაა.

ბიბლიური ფორმულა „მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი…“ (გამოსვლა 20, 2-3) ექსკლუზიური და გამომრიცხავი ფორმულაა.. თუ გამოჩნდა შენს შორის წინასწარმეტყველი ან სიზმართმხილველი და მოგცა რამე ნიშანი ან სასწაული,. და ახდა ეს ნიშანი და სასწაული, რაც გამოგიცხადათ, და გეტყვით: მივმართოთ სხვა ღმერთებს, რომელთაც შენ არ იცნობ, და ვემსახუროთო,ყურს ნუ დაუგდებ ამ წინასწარმეტყველის ან სიზმართმხილველის ნათქვამს, რადგან გცდით უფალი, თქვენი ღმერთი, იმის გასაგებად, გიყვართ თუ არა უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულითა და სულით. (მეორე  რჯული 13, 1-3)

აძლევს რა მოსეს პირველ მცნებას, რომ „ღმერთი ერთია“, უფალი არ გულისხმობს, რომ ამით მოსეს სახელთა ერთგვარ „ეზოთერულ“ საიდუმლოს უმხელს, თითქოს ღმერთი ბევრია და სინამდვილეში ყველა რელიგია ერთსა და იმავე, ერთიან ღმერთზე ლაპარაკობს.

„ერთი ღმერთის“ პანთეისტური* ფორმულა ინკლუზიურია და  სულიერების ყველაზე განსხვავებულ ფორმებს მოიცავს. მოსეს მცნება „ერთიანი“  გულისხმობს „ერთადერთს“:  „სხვა ღმერთები არ არსებობს!“  ბიბლიური ღმერთი იწოდება ერთიანად, რადგან გამორიცხავს სხვა ღმერთების არსებობას; მაშინ, როდესაც თანამედროვე რელიგიური კიჩის „ღმერთი“ „ერთიანად“  იწოდება, რადგან ყველა ღმერთს აერთიანებს.

საერთოდ,  თანამედროვე ინტელიგენციას ბევრი უცნაურობა ახასიათებს. მან არ იცის ბიბლია, არ სწამს მისი, არ სცნობს მის ღვთივშთაგონებულობას და ამასთან, ურყევად სწამს, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ არასწორად გაიგო და დაამახინჯა ბიბლია.

უფრო თავშესაქცევი ის არის, რომ ე.წ.  „რელიგიური შერიგების“ საბაბით აღნიშნული ინტელიგენცია მზადაა, ყველა რელიგია გაანადგუროს-ურელიგიო მორალისტიკად გადააქციოს ისინი. რუსული ინტელიგენციის ამ ბოლო ოცნებას მშვენივრად გამოეხმაურა პუბლიცისტი მ. სოკოლოვი: სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრმა, „გარდაქმნის (პერესტროიკა) მამად“ წოდებულმა, აკადემიკოსმა ა.ნ. იაკოვლევმა, განიმსჭვალა რა ბუდისტური სწავლებით, ადვილად შეძლო ბუდიზმისა და ქრისტიანობის სინთეზი-ეს უკანასკნელი საჭირობისდა მიხედვით გაწმენდილ იქნა მახინჯი დანაშრევებისაგან.  აკად. იაკოვლევის აზრით, თუკი ბუდიზმი თანმიმდევრულად ატარებს არაძალადობის დიად პრინციპს, ქრისტიანობა (ე.ი. ქრისტე) გამუდმებით შორდებოდა ამ პრინციპებს ისეთი ფრაზებით, როგორიცაა „არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“-რამაც სამწუხარო ისტორიული შედეგი მოიტანა. ქრისტიანობასთან  ყველაზე ახლოს მდგომ და მის ყველაზე ჭეშმარიტ იდეალად კი აკად. იაკოვლევი ლ. ტოლსტოის მოიაზრებს, მაშინ როდესაც ტოლსტოის განდგომა ეკლესიის წიაღიდან აშკარა ცოდვაა, ან უკიდურეს შემთხვევაში- ეკლესიის განსაკუთრებული შეცდომა. სიბრძნე უბრალოებაშია. თუკი იდეოლოგიის ყოფილი შეფი გაუტამა ბუდას სწავლებით განიმსჭვალა, ნება მისია. მაგრამ სრულიად გაუგებარია, როდესაც იდეოლოგიის შეფი, რომელიც თავისი ყოფილი სამსახურის რაობიდან გამომდინარე, თითქოს, ვალდებული უნდა იყოს, როგორმე განასხვაოს ქრისტიანობა ბუდიზმისაგან ( სწორედ ამისათვის არსებობდა მეცნიერული ათეიზმის კურსი), იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ და ღირსეულად აღიაროს საკუთარი ბუდისტობა, ბუდას მცირედი შექებით კმაყოფილდება და მაშინათვე ქრისტიანობის განწმენდას იწყებს დანაშრევებისაგან. უბედურება ის კი არ არის, რომ ადამიანს კეთილსინდისიერად არა სწამს ქრისტე-შეუცნობელ არს გზანი უფლისანი-არამედ, ის, რომ სათანადო საფუძვლის გარეშე უწოდებს საკუთარ სწავლებას ქრისტიანულს, რასაც იაკოვლევამდე არანაკლები წარმატებით აკეთებდა გრაფი ლ.ნ. ტოლსტოი.  მიზეზი, სავარაუდოდ, ის გახლავთ, რომ თანამედროვე ინტელიგენტი ქრისტიანობაში, უპირველესად, ეთიკური შემადგენელის ძიებისაკენ არის მიდრეკილი-პოულობს კიდევაც და მშვენიერსა და ამაღლებულად მიიჩნევს. იმედოვნებს რა, რომ ქრისტიანობის მარილი სწორედ ამაშია, როგორც განათლებულ ადამიანს, არ შეუძლია, არ დაინახოს, რომ მსგავსი ამაღლებული ეთიკური პრინციპები… სხვა რელიგიურ სწავლებებშიც მოიპოვება,-აქედან კი ბუნებრივი სწრაფვა იმისა, რომ გამოაცალკევოს ახალი აღთქმისა და სხვა დიადი წიგნების მთავარი საერთო, ე.ი. ეთიკური მცნებები, ხოლო რასაც უშუალო შეხება არა აქვს ბედნიერი ცხოვრების მოწყობის წესებთან (მაგ, ქრისტეს აღდგომა), კეთილმდუმარებას ექვემდებარება- და ყოველივე ამას ჭეშმარიტი ქრისტიანობა ერქმევა სახელად. ქრისტიანული ეთიკა მიმართულია ღმერთთან სრულყოფილი ყოფიერების სისრულის მოპოვებისკენ. ტოლსტოისეული ეთიკა კი მიმართულია ნეტარი არყოფნისაკენ. ქრისტიანთა ღმერთი ის არის, ვინც გამოუთქმელი სიყვარულით უბოძა მათ საუკუნო ცხოვრება. ტოლსტოის ღმერთი კი-ვიღაც ბუნდოვანი შორეთიდან, არავის არაფერს უბოძებს, მხოლოდ საერთო სარგებლობის მითითებებს იძლევა.

ე.წ.  „დამახინჯებებისა“ და „გვიანდელი დანაშრევების“ წარმოშობის დროის საკითხი, რომლებითაც მართლმადიდებლურ ტრადიციას თურმე აუჭრელებია „პირვანდელი ქრისტიანობის“ შეურყვნელი სახე, საკმაოდ მარტივი გადასაწყვეტია ისტორიულ ფაქტებებზე დაყრდნობით.

 ავტორი: დიაკვანი ანდრია კურაევი

 

 

შენიშვნები:

*ემანაცია-რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინი; აღნიშნავს ღვთაებრივი საწყისიდან სამყაროს მთელი მრავალფეროვნების გამოშლას, გამოსხივებას

*ტრანსცენდენტური-transcendens (transcendentis) რაც საზღვარს სცილდება

იდეალისტ. ფილ. შესაძლო ცდის ფარგლებს გარეთ არსებული, შემეცნებისათვის მიუღწეველი.

*   აპოფატიკა-(apophatikos) «უარყოფითი»უხილავობა, შეუცნობლობა, მიუწვდომლობა (იესო ქრისტეს ატრიბუტი).

*  ანტინომია-წინააღმდეგობა ორ ურთიერთგამომრიცხავ დებულებას შორის, რომლებიც ცალ-ცალკე თანაბრად ჭეშმარიტად ითვლება.

* პანთეიზმი-pan და theos

«ყველაფერი» და «ღმერთი»
რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ღმერთს აიგივებს ბუნებასთან, ხოლო ბუნებას განიხილავს როგორც ღვთაების განსახიერებას.