ბოკაჩოს აქვს მოთხრობა ებრაელზე, რომლის მეგობარი ქრისტიანი ცდილობდა მის ქრისტიანობაზე მოქცევას. ებრაელი ქრისტიანობის მიღებისკენ იხრებოდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რომში წასვლა და იქ ეკლესიის სათავეში მდგომი ადამიანების — პაპის და კარდინალების ცხოვრების ნახვა სურდა. ქრისტიანი, რომელიც ებრაელის მოქცევას ცდილობდა, შეშინდა და ჩათვალა, რომ მისმა მცდელობამ ფუჭად ჩაიარა, რადგან ებრაელი ნახავდა რა რომში არსებულ მთელ უმსგავსობას, რა თქმა უნდა, მონათვლაზე უარს იტყოდა. ებრაელი წავიდა და იხილა პაპის კარზე, სასულიერო პირთა შორის გაბატონებული ფარისევლობა, გახრწნილება, მუცელღმერთობა, ანგარება. ამ გამოცდის შედეგი მოულოდნელი გამოდგა. ებრაელი დაბრუნდა და მისი მეგობარი ქრისტიანი შიშით ეკითხება რომაული შთაბეჭდილებების შესახებ, რაზეც სრულიად მოულოდნელი და ძალიან ღრმააზროვანი პასუხი მიიღო. რადგან ქრისტიანულმა რწმენამ მთელ იმ უმსგავსობასთან და სისაძაგლესთან გამკლავება შეძლო, რაც მან რომში ნახა და ამის მიუხედავად გაძლიერდა და გავრცელდა, მაშასადამე იგი ჭეშმარიტი რწმენაა. ებრაელი საბოლოოდ გაქრისტიანდა.
რაც არ უნდა ჰქონოდა მხედველობაში თავად ბოკაჩოს, ამ მოთხრობაში ქრისტიანობის დასაცავი სწორი გზაა ნაჩვენები. ქრისტიანობის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი არგუმენტი თავად ქრისტიანებია. ქრისტიანები აბრკოლებენ მათ, ვისაც ქრისტიანობაზე მოქცევა სურთ. ამ არგუმენტს განსაკუთრებით ხშირად ჩვენს დროში იყენებენ. ქრისტიანობის შესახებ ჩვენი დროის ქრისტიანების მიხედვით მსჯელობენ. ძველ დროში, როცა რწმენა ძლიერი იყო, ქრისტიანობის შესახებ უპირველეს ყოვლისა მისი მარადიული ჭეშმარიტების, მისი მოძღვრების და მცნებების მიხედვით მსჯელობდნენ. ჩვენი დრო კი ადამიანით და ადამიანურით მეტისმეტადაა გაჯერებული. ცუდმა ქრისტიანებმა გადაფარეს ქრისტიანობა. ქრისტიანთა ცუდი საქმეები, ქრისტიანობის მათმიერი დამახინჯება, მათი ძალადობა უფრო აინტერესებთ და თვალშისაცემია, ვიდრე თავად ქრისტიანობა და მისი დიადი ჭეშმარიტება. ჩვენი დროის მრავალი ადმიანი ქრისტიანობის შესახებ ყალბი, გარეგანი, გადაგვარებული ქრისტიანობის მიხედვით მსჯელობს. ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა, მაგრამ მასზე ქრისტიანთა ბოროტების და სიძულვილის მიხედვით მსჯელობენ. ქრისტიანობა თავისუფლების რელიგიაა, მაგრამ მასზე ისტორიაში ქრისტიანთა მიერ ჩადენილი ძალადობის მიხედვით მსჯელობენ.
ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ სხვა რელიგიათა წარმომადგენლები — ბუდისტები, მაჰმადიანები, ებრაელები — ქრისტიანებზე უკეთესები არიან, საკუთარი რელიგიის მცნებებს უკეთესად ასრულებენ. მიუთითებენ სრულიად ურწმუნოებზეც, თვით ათეისტებზე და მატერიალისტებზე რომელნიც ხშირად ქრისტიანებზე უკეთესნი, ცხოვრებაში უფრო დიდი იდეალისტები და მსხვერპლგაღებისათვის უფრო მზადმყოფნი არიან. მაგრამ ბევრი ქრისტიანის უღირსება და სულმდაბლობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ქრისტიანულ მცნებებს არ ასრულებენ, ღალატობენ და ამახინჯებენ მათ. ქრისტიანთა უღირსებაზე ქრისტიანობის ამაღლებულობიდან გამომდინარე მსჯელობენ. როგორ შეიძლება ქარისტიანობის კრიტიკა ქრისტიანთა უღირსების გამო, როცა თავად ქრისტიანებს ქრისტიანობის სიმაღლესთან შეუსაბამობისათვის კიცხავენ. ამგვარი მსჯელობა აშკარად წინააღმდეგობრივია. სხვა რელიგიათა მიმდევარნი არცთუ იშვიათად ქრისტიანებზე უკეთესნი არიან, უფრო კარგად ასრულებენ საკუთარი რელიგიის მცნებებს. ქრისტიანობის განსაკუთრებული სიმაღლის გამო სხვა რელიგიათა მცნებების შესრულება უფრო ადვილია. ბევრად ადვილია იყო მაჰმადიანი, ვიდრე ქრისტიანი. თუ ქრისტიანი ისეთი იქნება, როგორიც სამაგალითო მაჰმადიანი, მაშინ ის იქნება ძალიან ცუდი ქრისტიანი, რომელიც ქრისტეს მცნებებს არ ასრულებს. ცხოვრებაში ყველაზე ძნელი სიყვარულის რელიგიის განხორციელებაა, მაგრამ ამის გამო თავად სიყვარულის რელიგია ნაკლებ ჭეშმარიტი და ამაღლებული სულაც არ ხდება.
ქრისტიანობა დამნაშავე არაა იმაში, რომ მის სიმართლეს ცხოვრებაში არ ახორციელებენ. ქრისტე დამნაშავე არაა იმაში რომ მის მცნებებს არ ასრულებენ. თავისი რწმენის ერთგულ ებრაელებს უყვართ იმაზე მითითება, რომ იუდაიზმის უდიდესი უპირატესობა მისი მცნებების აღსრულებადობაა. ებრაული რელიგია ადამიანის ბუნებასთან უფრო მისადაგებული და განხორციელებადია, მეტად შეესაბამება მიწიერი ცხოვრების მიზნებს და ნაკლებ მსხვერპლს მოითხოვს. ქრისტიანული რელიგია ყველაზე ძნელი და განუხორციელებელი, ადამიანის ბუნებასთან ყველაზე მეტად დაპირისპირებული და მსხვერპლის მომთხოვნია. იუდაიზმის მიმდევარნი ქრისტიანობას მეოცნებე, ცხოვრებაში გამოუსადეგარ და, აქედან გამომდინარე, მავნე რელიგიად თვლიან. ჩვენ ადამიანის ზნეობრივ ღირსებას ხშირად მისი რწმენით და იდეალებით ვაფასებთ. თუ მსოფლმხედველობით მატერიალისტი დადებითი ადამიანია, რომელსაც თავისი იდეისთვის მსხვერპლის გაღება შეუძლია, იგი უკვე გვაკვირვებს თავისი სიმაღლით და მას ნიმუშად სახავენ. მაგრამ ქრისტიანისთვის თავისი რწმენის მოთხოვნების, საკუთარი იდეალის სიმაღლეზე დგომა ბევრად უფრო ძნელია, რადგან მან უნდა შეიყვაროს მტრები, იტვირთოს საკუთარი ჯვარი, გმირულად შეებრძოლოს ამქვეყნიურ ცდუნებებს, რისი ვალდებულებაც არც იუდეველს, არც მაჰმადიანს და არც მატერიალისტს არ აკისრიათ. ქრისტიანობა ჩვენს ცხოვრებას ურთულესი გზისაკენ მიმართავს: ქრისტიანის ცხოვრება თვითჯვარცმაა.
«ხშირად ამბობენ, რომ ისტორიულად ქრისტიანობა ცხოვრებაში ვერ განხორციელდა და ამას ქრისტიანობის საწინააღმდეგო არგუმენტად მიიჩნევენ. ქრისტიანობის კომპრომეტირებას ვახდენთ არა მარტო ქრისტიანები, არამედ — ქრისტიანობის, ეკლესიის ისტორიაც. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ქრისტიანობის ისტორიის შესახებ წიგნების კითხვა მცირედმორწმუნეთათვის შეიძლება ძალზე დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს, რადგან ეს წიგნები მოგვითხრობენ ქრისტიანულ სამყაროში ადამიანური ვნებების და ინტერესების ბრძოლაზე, ცოდვილი კაცობრიობის ცნობიერების მიერ ქრისტიანული სიმართლის შერყვნასა და დამახინჯებაზე, ისინი არათუ იშვიათად ეკლესიის ცხოვრებას სახელმწიფოთა, დიპლომატიური ურთიერთობების და ომების ისტორიასთან ძალზე მიმსგავსებულად აგვიწერენ. ეკლესიის გარეგანი ცხოვრება თვალშისაცემი და ადვილად გადმოსაცემია. მასზე თხრობა ყველასთვის გასაგები ფორმითაა შესაძლებელი. ეკლესიის შინაგანი, სულიერი ცხოვრება, ადამიანის ღვთისკენ მიქცევა, სიწმინდის მიღწევა კი ისე თვალშისაცემი არაა, მისი გადმოცემა ბევრად უფრო ძნელია, იგი ერთგვარად გარეგანი ისტორიითაა გადაფარული. ადამიანები კარგზე უფრო ადვილად ცუდს ამჩნევენ ცხოვრების გარეგან მხარეს უფრო ადვილად აღიქვამენ, ვიდრე შინაგანს. ჩვენ ადვილად ვიგებთ ადამიანთა ცხოვრების გარეგანი მხარის შესახებ — როგორ ვაჭრობენ ან მონაწილეობენ პოლიტიკაში, რანაირად იქცევიან ოჯახურ ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ განა ბევრი ვიცით, თუ როგორ მიმართავენ ღმერთს ლოცვით, რანაირად მიედინება მათი შინაგანი სულიერი ცხოვრება, მათი სულიერი ბრძოლა საკუთარ ცოდვილ ბუნებასთან, რა ურთიერთობა აქვთ ღვთიურ სამყაროსთან? ჩვენ ამის შესახებ ხშირად არაფერი ვიცით და წარმოდგენაც არ გვაქვს იმ ადამიანების სულიერ ცხოვრებაზე, რომლებთან შეხვედრაც გვიხდება ან მხოლოდ მათ შესახებ ვიცით რაღაც, ვინც ჩვენთვის საყვარელი და ახლობელია და ვის მიმართაც განსაკუთრებით ყურადღებიანნი ვართ. ყველასთვის ხილულ გარეგან ცხოვრებაში ცოდვისმიერი ვნებები ადვილად შესამჩნევია. ამ გარეგანი ცხოვრების მიღმა თუ რა სულიერი ბრძოლები, ღვთისკენ აღმაფრენა და ქრისტეს მცნებათა განსახორციელებლად დახარჯული ძალისხმევაა დაფარული, ჩვენ არ ვიცით ან არ გვინდა ვიცოდეთ. ჩვენ მოგვეცა მოყვასის არგანკითხვის მცნება, მაგრამ შინაგანი ცხოვრების გამოძიების გარეშე, გარეგანი საქმეების ან გამომეტყველების მიხედვით მუდმივად განვიკითხავთ მათ. გარეგანი საქმეების, ქრისტიანობის სახის დამამახინჯებელი ადამიანური ვნებების და ცოდვების მიხედვით ქრისტიანული კაცობრიობის ისტორიის შესახებ მსჯელობა არ შეიძლება. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუ რისი დაძლევა მოუხდათ ქრისტიან ხალხებს მათ ისტორიაში, რაოდენ დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რათა საკუთარი ცოდვილი ბუნება, ძირძველი წარმართობა, ოდინდელი ბარბაროსობა და ნახევრადმხეცური ინსტიქტები დაეძლიათ. ქრისტიანობას ისეთი მატერიის გადამუშავება მოუხდა, რომელიც ქრისტიანულ სულისკვეთებას საშინლად ეწინააღმდეგებოდა. ისინი, ვინც სისასტიკისა და ძალადობის ინსტიქტებით იყვნენ აღსავსენი, სიყვარულის რელიგიით უნდა აღზრდილიყვნენ. ქრისტე არა ჯანმრთელთა და მართალთ, არამედ სნეულთა და ცოდვილთა სახსნელად მოვიდა. გაქრისტიანებული კაცთა მოდგმა სნეული და ცოდვილი მოდგმაა. ცხოვრების გარეგანი ორგანიზაცია და ბოროტებაზე ძალისმიერი გზით გამარჯვება ქრისტეს ეკლესიის მოწოდება არაა. იგი ყოველივეს სულიერი ფერისცვალებით, ადამიანის თავისუფლებისა და ღვთიური მადლის ურთიერთქმედების გზით მოელის. ქრისტიანობას, თავისი არსიდან გამომდინარე, არ შეუძლია ადამიანის ბუნებიდან ბოროტების ძალით ამოძირკვა, იგი ადამიანის თავისუფლებას აღიარებს.
სოციალისტ-მატერიალისტებს განსაკუთრებით უყვართ საუბარი იმაზე, რომ ქრისტიანობა დამარცხდა, რომ მან ვერ დაამკვიდრა ღვთის სასუფეველი დედამიწაზე. თითქმის ორიათასი წელია რაც კაცობრიობას მხსნელი და მაცხოვარი მოევლინა, ბოროტება კი კვლავაც არსებობს სამყაროში და კიდეც მატულობს. კაცობრიობა ტანჯვისაგან იკრუნჩხება. ცხოვრებისეული ტანჯვანი სულაც არ შემსუბუქებულან იმის შედეგად, რომ ქრისტემ კაცობრიობა იხსნა. სოციალისტ-მატერიალისტები ღმერთის გარეშე გვპირდებიან იმას, რისი დამკვიდრებაც ქრისტიანობამ ვერ შეძლო: ადამიანთა ძმობას, სოციალურ სამართლიანობას, მშვიდობას, ღვთის სასუფეველს დედამიწაზე (ადამიანებს, რომელთაც არ სწამთ ღმერთი, ზოგჯერ უყვართ იმგვარი გამოთქმების ხმარება, როგორიც არის «ღვთის სასუფეველი დედამიწაზე»). მატერიალისტური სოციალიზმის რეალიზაციის ერთადერთი, ჩვენთვის ცნობილი რუსული გამოცდილება ამ პრეტენზიას არ ადასტურებს. მაგრამ ეს ფაქტი იმ საკითხისთვის გადამწყვეტი არაა. დედამიწაზე სამართლიანობის დამკვიდრების, ბოროტებისა და ტანჯვის აღმოფხვრის მატერიალისტური სოციალიზმისიეული აღთქმა არ გულისხმობს აღთქმულის განხორციელებას ადამიანის შინაგანი თავისუფლების გზით, არამედ ამ თავისუფლებაზე ძალადობის, იძულებითი სოციალური ორგანიზაციის მეშვეობით, რომელმაც ბოროტების გარეგანი გამოვლენა — შეუძლებელი, ხოლო ადამიანი — სათნო და კეთილი უნდა გახადოს. ამაშია მისი უზარმაზარი განსხვავება ქრისტიანობისაგან..
ეგრეთ წოდებული «ქრისტიანობის ისტორიული წარუმატებლობა» გამოწვეულია ადამიანის თავისუფლებით, რომელიც ქრისტეს სიმართლეს ეწინააღმდეგება, ბოროტი ნების წინააღმდეგობით, რომლის გარედან ალაგმვას და სიკეთის იძულებით კეთებას ქრისტიანული რელიგია მართებულად არ მიიჩნევს, რადგან თავად ქრისტიანული სიმართლე თავისუფლებას გულისხმობს და ბოროტებაზე შინაგან, სულიერ გამარჯვებას მოელის. სახელმწიფოს შეუძლია და მოწოდებულიცაა გარეგანი, ძალისმიერი გზით ალაგმოს ბოროტება, მაგრამ ამით შინაგანი ბოროტება და ცოდვა არ მარცხდება. მატერიალისტური სოციალიზმისათვის ეს პრობლემა არ არსებობ. მისთვის მხოლოდ ტანჯვის, სოციალური უსამართლობის და ცხოვრების გარეგანი სოციალური ორგანიზაციის პრობლემა დგას, ხოლო ბოროტების და ცოდვის, შინაგანი სულიერი ცხოვრების საკითხი მისთვის არ არსებობს.
ღმერთს არ სურს ძალადობა და სიმართლის გარეგანი ზეიმი. მას ადამიანის თავისუფლება სურს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი ითმენს ბოროტებას, მას ძალის გამოყენებით არ სპობს და სასიკეთოდ იყენებს. ქრისტეს სიმართლის ძალადობით განხორციელება შეუძლებელია. კომუნიზმს თავისი სიმართლის განხორციელება ძალადობის გზით სურს. იგი იმიტომ უარყოფს სულის თავისუფლებას, რომ თავად სულს უარყოფს და ამით მას თავისი სიმართლის განხორციელება უადვილდება. სულიერი ფერისცვალების გარეშე, რაც ყოველთვის სულის თავისუფლებას გულისხმობს, ძალადობის გზით ღვთის სასუფევლის დამკვიდრება შეუძლებელია. ქრისტიანობა ჯვრის რელიგიაა, იგი ტანჯვის აზრს აღიარებს. ქრისტე მოგვიწოდებს, ვიტვირთოთ ჩვენი ჯვარი, ცოდვილი სამყაროს სიძნელენი. ქრისტიანული ცნობიერებისთვის დედამიწაზე ღვთის სასუფეველის, ამქვეყნიური ბედნიერებისა და სამართლიანობის დამკვიდრება ჯვრისა და ტანჯვის გარეშე, დიდი სიყალბეა, ერთი იმ ცდუნებათაგანია, რომელიც ქრისტემ უდაბნოში უარყო, როცა მას ამქვეყნიური სამეფო (მეუფება ამა სოფლისა) აჩვენეს. ქრისტიანობა ამქვეყნად თავის გარდაუვალ სუფევას და ზეიმს სულაც არ აღგვითქვამს. ქრისტე ეჭვობს კიდეც, რომ მეორედ მოსვლისას რწმენას იპოვის და სიყვარულის შემცირებას წინასწარმეტყველებს. ლევ ტოლსტოი ფიქრობდა რომ ქრისტეს მცნებათა განხორციელება ადვილია და ამისთვის მათი ჭეშმარიტების გაცნობიერება არის საკმარისი. მაგრამ ეს მისი მეტისმეტად რაციონალური ცნობიერების შეცდომა იყო, მისთვის დაფარული იყო როგორც თავისუფლების, ასევე მადლის საიდუმლო. ეს იყო ოპტიმიზმი, რომელიც ცხოვრების ღრმა სერიოზულობას და ტრაგიკულობას არ შეესაბამებოდა. პავლე მოციქული ამბობს: «რადგანაც კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი არ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში» (რომ. 7, 19-20). ესაა ქრისტიანტთა შორის უდიდესი მოწმობა, რომელიც ადამიანის გულის სიღრმეს გვიმხელს. აქედან ჩვენ ვაცნობიერებთ რომ «ქრისტიანობის მარცხი» არის არა ღმერთის, არამედ ადამიანის დამარცხება.
ქრისტიანულმა კაცობრიობამ თავის ისტორიაში ქრისტიანობის სამმაგი ღალატი ჩაიდინა. თავიდან ის ამახინჯებდა და ცუდად ახორციელებდა ქრისტიანობას, შემდეგ სრულიად განუდგა მას და , ბოლოს, რაც ყველაზე უარესია, ქრისტიანობის გმობა დაიწყო ყოველივე იმ ცუდისათვის, რასაც ქრისტიანობის ისტორიაში თვითონ სჩადიოდა. როცა ქრისტიანობას აკრიტიკებენ, სინამდვილეში ეს არის ქრისტიანული კაცობრიობის ცოდვებისა და მანკიერებების, ადამიანის მიერ ქრისტეს ჭეშმარიტებათა შერყვნისა და განუხორციელებლობის კრიტიკა. სწორედ ამ ადამიანური ცოდვების, მანკიერებების და დამახინჯებების გამო განეშორნენ ქრისტიანობას. ადამიანი ჯერ ამახინჯებს ქრისტიანობას, შემდეგ კი ჯანყდება ამ დამახინჯების, როგორც თვით ქრისტიანობის არსის წინააღმდეგ. ქრისტეს სიტყვებში, მის მცნებებში, წმ. წერილსა და გადმოცემაში, ეკლესიის სწავლებაში, წმინდანთა ცხოვრებაში ვერაფერს ისეთს ვერ ნახავთ, რასაც ქრისტიანობას მისი კრიტიკოსები ედავებიან. იდეალური პრინციპი იდეალურ პრინციპს უნდა შევუდაროთ, რეალური ფაქტი — რეალურ ფაქტს. კომუნიზმის დაცვაც შეიძლება იმაზე მითითებით, რომ იგი პრაქტიკაში ცუდად განხორციელდა და შეირყვნა, ისევე როგორც ქრისტიანობა ცუდად პრაქტიკაში ცუდად ხორციელდებოდა და მახინჯდებოდა. კომუნისტები საკუთარი მიზნების განსახორციელებლად სისხლს ღვრიან, ძალადობენ, ცრუობენ. საკუთარი მიზნების განსახორციელებლად ქრისტიანებიც ბევრ სისხლს ღვრიდნენ, ძალადობდნენ და ცრუობდნენ. მაგრამ ამის საფუძველზე კომუნიზმისა და ქრისტიანობას შორის ტოლობის ნიშნის დასმა აშკარა შეცდომაა. სახარებაში, ქრისტეს მცნებებში, ეკლესიის სწავლებაში, წმინდანთა ცხოვრებაში, ქრისტიანობის სრულყოფილ განხორციელებაში თქვენ ნახავთ ღვთის სასუფევლის ხარებას, სიყვარულის თავმდაბლობის, გულის განწმენდის, მოყვასის მსახურების, მსხვერპლგაღებისკენ მოწოდებას და ვერ ნახავთ ძალადობის, ბოროტების, შურისძიების, სიძულვილის, ანგარების ქადაგებას. კომუნიზმის სულისჩამდგმელის — მარქსის თეორიაში, მის იდეოლოგიაში ნახავთ ძალადობის, ერთი კლასის მეორე კლასისადმი სიძულვილის, შურისძიების, ანგარებიანი ინტერესებისათვის ბრძოლისკენ მოწოდებას და ვერაფერს ნახავთ სიყვარულის, მსხვერპლგაღების, თავმდაბლობისა და სულის სიწმინდის შესახებ. ისტორიაში ქრისტიანები ძალადობდნენ კიდეც, სიძულვილსაც თესავდნენ, შურისმაძიებლობდნენ კიდეც, ანგარებასაც ავლენდნენ. ისინი არცთუ იშვიათად ქრისტეს სახელით ინიღბებოდნენ, მაგრამ არასდროს ასეთ შემთხვევაში ქრისტეს მცნებებს არ ასრულებდნენ. ქრისტიანობის მოწინააღმდეგეებს უყვართ იმაზე მითითება, რომ ქრისტიანობის დასაცავად და გასავრცელებლად ქრისტიანები ხშირად სისხლიან ძალადობას მიმართავდნენ. ეს თავისთავად უდავო ფაქტი მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ქრისტიანები ბუნებაგანუწმენდელი და ვნებებით აღსავსენი იყვნენ, რომ საკუთარი დაცემული ბუნების გამო ყველაზე მართალ და წმინდა სწავლებას რყვნიდნენ და ქრისტიანობის სულისკვეთება არ ესმოდათ. როდესაც პეტრემ, იესოს დაცვის მიზნით მახვილი იშიშვლა და მღვდელმთავრის მონას ყური ჩამოათალა, იესომ უთხრა: «ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგან ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება» (მთ. 26, 51-52).
ადამიანის მიერ აღქმული ქრისტიანობის საღვთო ჭეშმარიტება მის ცოდვილ ბუნებასა და შეზღუდულ ცნობიერებაში გადატყდება. ქრისტიანული გამოცხადება და ქრისტიანული რელიგიური ცხოვრება (ისევე როგორც ნებისმიერი გამოცხადება და რელიგიური ცხოვრება) არა მარტო ღვთის, არამედ ადამიანის არსებობასაც გულისხმობს. მართალია ადამიანი ზეგარდამოსული საღვთო მადლის ნათლით ფერისცვალებას განიცდის, მაგრამ თავად ამ ნათელს თავისი სულიერი თვალის მოწყობის თავისებურებების მიხედვით აღიქვამს და საღვთო გამოცხადებას თავისი შეზღუდული ბუნებისა და ცნობიერების დაღს ასვამს.
ბიბლია მოგვითხრობს თუ როგორ ეცხადებოდა ღმერთი ებრაელ ხალხს, მაგრამ ბრაზი, მრისხანება, შურისძიება, ეჭვიანობა, რომელსაც იაჰვე ღმერთი ბიბლიაში ავლენს, ღმერთის შინაგან ბუნებაში არსებულ თვისებებს კი არ წარმოადგენს, არამედ ესაა ებრაელი ხალხის ცნობიერებაში გადატეხილი ღვთის სახე, ღვთის აღქმა იმ ხალხის მიერ, ვისთვისაც ასე დამახასიათებელი იყო მრისხანება, ეჭვიანობა და შურისძიება. ქრისტიანული ჭეშმარიტება ადამიანის მიერ არა მარტო შეზღუდულად აღიქმებოდა, არამედ მახინჯდებოდა კიდეც. მახინჯდებოდა სწავლება ღმერთის შესახებ, რომელსაც არცთუ იშვიათად აღმოსავლელ დესპოტად, თვითმპყრობელ მონარქად წარმოისახავდნენ, ხოლო მოძღვრებას გამოსყიდვის შესახებ წარმოიდგენდნენ სასამართლო გადაწყვეტილებად, რომელსაც ადამიანის მიერ ცოდვის ჩადენით განაწყენებული და განრისხებული ღმერთი იღებდა. ქრისტიანული დოგმატების ასეთ დამახინჯებულ, შეზღუდულ გაგებას ადამიანები ქრისტიანობისგან განდგომამდე მიყავდა. ამახინჯებდნენ ეკლესიის ცნებასაც. ეკლესიას იერარქიასთან, რიტუალებთან, ქრისტიანი მრევლის ცოდვებთან აიგივებდნენ და მასში მხოლოდ გარეგან მხარეს, დაწესებულებას ხედავდნენ. ეკლესიის უფრო სიღრმისეული და შინაგანი, როგორც სულიერი ორგანიზმის, ქრისტეს მისტიკური სხეულის (პავლე მოციქულის განსაზღვრებით) გაგება უკანა პლანზე გადადიოდა და მხოლოდ ზოგიერთისთვის იყო მისაწვდომი. ლიტურგიას, საიდუმლოს გარეგან რიტუალად აღიქვამდნენ და მის მიმარტ დამოკიდებულებას ასეთი აღქმა განსაზღვრავდა. ლიტურგიის სიღრმისეული საიდუმლო საზრისი გარეგანი ქრისტიანებისათვის დაფარული რჩებოდა.ამიტომაც ადვილად განეშორებოდნენ ხოლმე ეკლესიას, აბრკოლებდათ სასულიერო პირტა მანკიერებანი, საეკლესიო დაწესებულებათა ნაკლოვანებანი, რომელნიც მრევლის რწმენის მიმართ გარეგანი და ფარისევლური დამოკიდებულებებით, საჩვენებელი ღვთისმოსაობით მეტისმეტად ჰგავდნენ სახელმწიფო დაწესებულებებს.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ეკლესიას აქვს ღვთიური და ადამიანური მხარეები. ეკლესიის ცხოვრება ღმერთკაცობრივი ცხოვრებაა, იგი ღმრთისა და კაცობრიობის ურთიერთქმედებაა. ეკლესიის ღვთიური საფუძველი მარადიული და უცდომელია, წმინდაა, მისი შერყვნა შეუძლებელია და მას «ვერ მოერევიან ჯოჯოხეთის ბჭენი». ეკლესიის ღვთიური მხარე არის თვითონ ქრისტე, როგორც ეკლესიის თავი, სახარების ზნეობრივი სწავლება, ჩვენი რწმენის ძირითადი საფუძვლები და ეკლესიის დოგმატები, საიდუმლოებანი, სულიწმიდის მადლის მოქმედება ეკლესიაში. ეკლესიის ადამიანური მხარე ცდომილი და ცვალებადია, მასში, თავად ეკლესიურ კაცობრიობაში შეიძლება იყოს დამახინჯებანი, სნეულებანი, დაცემა, ნელთბილობა — ისევე როგორც შეიძლება იყოს შემოქმედებითი მოძრაობა განვითარება, ურთიერთგამდიდრება, აღორძინება. ეკლესიური კაცობრიობის საეკლესიო იერარქთა ცოდვები ეკლესიის ღვთიური არსიდან არ გამომდინარეობს და მის სიწმინდეს ოდნავადაც ვერ აკნინებს. ქრისტიანობა უპირისპირდება ადამიანის ბუნებას, მოითხოვს მის განწმენდას და ფერისცვალებას. ადამიანის ბუნებაც ეწინააღმდეგება ქრისტიანობას და მის შერყვნას ცდილობს. მუდმივად მიმდინარეობს ღვთიურისა და ადამიანურის ურთიერთჭიდილი, რომელშიც ხან ღვთიური განწმენდს ადამიანურს, ხან ადამიანური ამახინჯებს ღვთიურს. ქრისტიანობამ აღამაღლა ადამიანი და მას ადგილი სამყაროს ცენტრში მიუჩინა. ძე ღვთისა განკაცდა და ამით ადამიანის ბუნება აკურთხა. ქრისტიანობა ადამიანს ცხოვრების უმაღლეს მიზანს მიუთითებს, მისი უმაღლესი წარმომავლობისა და დანიშნულების შესახებ უქადაგებს. მაგრამ ქრისტიანობა, მრავალი სხვა მოძღვრებისაგან განსხვავებით, ადამიანის დაცემულ ბუნებას არ ეპირფერება და ადამიანისაგან გმირულ თვითდაძლევას მოითხოვს.
პირველქმნილი ცოდვით დაღდასმული ადამიანური ბუნება ძალიან მცირედის დამტევია. იგი ძლივს იტევს ქრისტიანობის ღვთიურ ჭეშმარიტებას, უჭირს ღმერთკაცის — ქრისტეს მოვლინებით ნამცნობი ჭეშმარიტების გაგება. ქრისტე ღმრთისა და მოყვასის, ადამიანის სიყვარულს გვასწავლის. ღმრთისა და ადამიანის სიყვარული ერთმანეთთან განუყოფლადაა დაკავშირებული — ღმერთის მეშვეობით გვიყვარს ჩვენი მოყვასნი, ძმანი ჩვენნი და მოყვასის სიყვარულში ცხადდება ღმრთის სიყვარული. «თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს და სიყვარული მისი აღსრულებულია ჩვენში» (1ინ. 4,12). ქრისტე იყო ძე ღმრთისა და ძე კაცისა, მან ჩვენ ღმრთისა და კაცის სრულქმნილი ერთობა, ღმერთის ადამიანურობა და ადამიანის ღვთიურობა განგვიცხადა. მაგრამ ბუნებითი ადამიანი ღმერთკაცობრივი სიყვარულის ამ სისრულეს ძნელად აღიქვამს. იგი ჭეშმარიტებას ნაწილ-ნაწილ შეიმეცნებს. ხან უმზერს ღმერთს და ზურგს აქცევს ადამიანს: იგი მზადაა უყვარდეს ღმერთი, ადამიანს კი უსიყვარულოდ, გულგრილად, სასტიკად ექცევა. ასე იყო შუა საუკუნეებში. ხან კი ადამიანისკენ მიიქცევა, მზადაა უყვარდეს იგი და ემსახუროს მას, მაგრამ ზურგს აქცევს ღმერთს და მტრობს თვით ღმრთის იდეას, როგორც ადამიანის კეთილდღეობისათვის მავნეს და მასთან დაპირისპირებულს. ასე იყო ახალი დროის ჰუმანიზმში, ჰუმანისტურ სოციალიზმში. დაანაწევრეს რა ღმერთკაცობრივი ჭეშმარიტება და მოწყვიტეს რა ადამიანის სიყვარული ღმრთის სიყვარულს, ადამიანები თავს ესხმიან ქრისტიანობას და მას სდებენ ბრალს იმაში, რაშიც დამნაშავენი თავად არიან.
ის შეუწყნარებლობა, ფანატიზმი და სისასტიკე, რასაც ქრისტიანები ისტორიაში ხშირად იჩენდნენ, შედეგია ადამიანური ბუნების უუნარობისა, სრულად დაეტია ქრისტიანული ჭეშმარიტება სიყვარულისა და თავისუფლების შესახებ. ადამიანმა ქრისტიანული ჭეშმარიტების მხოლოდ ნაწილი შეითვისა და მასზე შეიშალა, ჭეშმარიტების მთელ სისავსეს კი, ნათლის სისრულეს მხოლოდ მცირედნი ჩაწვდნენ. ადამიანს აქვს ნიჭი ყველაფრის, თვით ყველაზე დიდი ჭეშმარიტების დამახინჯების და საკუთარ ვნებათა იარაღად მისი ქცევისა. თვით მოციქულნიც კი, რომელნიც ღვთიური მოძღვრის სიახლოვეს, იმ ნათელში იმყოფებოდნენ, რომელსაც მისი პიროვნება ასხივებდა, ამახინჯებდნენ ქრისტიანობას, მეტისმეტად მიწიერად, ადამიანურად ესმოდათ ქრისტეს ჭეშმარიტება და ყველაფერში საკუთარი, ებრაული მსოფლმხედველობის შეზღუდულობა შეჰქონდათ.
როდესაც შუა საუკუნეების ქრისტიანობას აკრიტიკებენ, ინკვიზიციის კოცონების, სინდისზე ძალადობის, ფანატიზმისა და შეუწყნარებლობის, ადამიანის მიმართ სასტიკი დამოკიდებულების გამო საყვედურობენ — საკითხს არასწორად სვამენ და, როგორც წესია, საკმაოდ ნათლად არც ესმით რას ამბობენ. შუასაუკუნეების ქრისტიანობის კრიტიკა, რომელიც უდავოა, თუმცაღა ზოგჯერ გაბუქებული ფაქტების კონსტატაციას ემყარება, ქრისტიანობის კი არა, ქრისტიანთა კრიტიკაა. საბოლოო ჯამში ადამიანები საკუთარ თავს აძაგებენ. შუასაკუნეების კათოლიკობას ჰქონდა მცდარი თეოკრატიული პრინციპი რომელიც გულისხმობდა ეკლესიის მოწყობას სახელმწიფოს მოწყობის მსგავსად და პაპებს საერო ძალაუფლებას ანიჭებდა. მაგრამ შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელ სისასტიკესა და შეუწყნარებლობაში დამნაშავე კათოლიკე ეკლესია კი არა, ადამიანის ბარბაროსული ბუნებაა. ეკლესია ამ ბარბაროსული, ანარქიისკენ მიდრეკილი მსოფლიოს ორგანიზებას, მისი სასტიკი ინსტიქტების შერბილებას, მასში ქრისტიანული სულის შთაბერვას ცდილობდა, მაგრამ დაცემული ადამიანური ბუნების მეტისმეტად დიდი წინააღმდეგობის გამო ამას მხოლოდ ნაწილობრივ ახერხებდა
შუასაუკუნეების მსოფლიო ფორმალურად ქრისტიანულად ითვლებოდა, მაგრამ იგი, ფაქტობრივად, ნახევრადქრისტიანული და ნახევრადწარმართული იყო. ამაში ქრისტიანობა არ იყო დამნაშავე, მას მსოფლიოს ძალით გაქრისტიანება არ შეეძლო. თავად საეკლესიო იერარქია მეტწილად მანკიერებებით აღსავსე და ძალაუფლების მოყვარე იყო, ეკლესიის ცხოვრებაში ადამიანური ვნებები შეჰქონდა და არცთუ იშვიათად ქრისტეს ჭეშმარიტებას ამახინჯებდა. მაგრამ ამაში ქრისტეს ჭეშმარიტება კი არ იყო დამნაშავე, არამედ ისევ და ისევ ქრისტიანები. ეკლესიის ღვთიური საფუძველი კვლავაც უცვლელი, შეურყვნელი და კაცთა განმანათლებელი იყო. ქრისტეს სახარებისეული ხმა კვლავაც ოდინდელი სიწმინდით ჟღერდა. ეკლესიის, ქრისტიანობის გარეშე შუასაუკუნეების ბარბაროსული და სასტიკი მსოფლიო სისხლში ჩაიხრჩობოდა, სულიერი კულტურა საბოლოოდ დაიღუპებოდა. ანტიკური, ბერძნულ-რომაული კულტურის უმაღლესი მიღწევები ხომ ეკლესიამ შემოინახა და გადასცა მომავალ საუკუნეებს. შუასაუკუნეების ყველა მეცნიერი, ფილოსოფოსი და კულტურული ადამიანი ხომ ბერ-მონაზონი იყო. ქრისტიანობის გავლენით ჩამოყალიბდა რაინდთა ტიპი, რომელშიც შერბილდა და გაკეთილშობილდა ბარბაროსობა და უხეშობა. თვით შუასაუკუნეების ადამიანის ბუნებითი ბარბაროსობაც კი ჯობდა ზოგჯერ თანამედროვე ცივილიზებული ადამიანის მექანიკურობას.
ასეთია სიმართლე კათოლიკე ეკლესიაზე, მიუხედავად იმისა, რომ თავად ეკლესიის ორგანიზაციასა და საღვთისმეტყველო სწავლებაში მართლმადიდებლური თვალსაზრისით შეცდომები იქნა დაშვებული. მართლმადიდებელ ეკლესიას კი ინკვიზიცია არ ჰქონია, რწმენისა და სინდისის საკითხებში ამგვარი ძალადობისათვის არ მიუმართავს. ფანატიზმი, ძალადობა ჩვენთან ძირითადად სახელმწიფო ხელისუფლებისაგან მომდინარეობდა. მართლმადიდებელი ეკლესიის (მისი ადამიანური მხარის) ისტორიული ცოდვა სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ მეტისმეტ მორჩილებაში მდგომარეობდა. ადამიანური ცოდვები და დამახინჯებანი იყო როგორც კათოლიკე ასევე მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაგრამ ამქვეყნად ქრისტიანობის ნაკლოვანებანი ღმერთის კი არა, ყოველთვის ქრისტიანთა, ადამიანთა ნაკლია. თუ თქვენ არ ახორციელებთ და ამახინჯებთ ჭეშმარიტებას, ამაში დამნაშავე თქვენ ხართ და არა ჭეშმარიტება.
ადამიანები თავიანთთვის თავისუფლებას მოითხოვენ, არ სურთ, ვინმემ სიკეთის კეთება აიძულოს. ღმრთისაგან ბოძებული უზომო თავისუფლების შედეგისათვის კი, ღმერთს სდებენ ბრალს. ვინაა დამნაშავე იმაში, რომ ადამიანის ცხოვრება ბოროტებითაა აღსავსე? ქრისტიანობა და ქრისტეა დამნაშავე? ქრისტეს არასოდეს უსწავლებია ის, რის გამოც აკრიტიკებენ, არ უყვართ და უარყოფენ ქრისტიანობას. ქრისტე რასაც ასწავლის, ადამიანები იმას რომ ახორციელებდნენ, მაშინ ქრისტიანულ სამყაროში აღარ იქნებოდა ყოველივე ის, რის გამოც ქრისტიანობას უჯანყდებიან.
უელსს სადღაც აქვს დიალოგი ადამიანებსა და ღმერთს შორის. ადამიანები ღმერთთან ჩივიან, რომ ცხოვრება სავსეა ბოროტებით და ტანჯვით, ომებით და ძალადობით და ა.შ., რომ იგი აუტანელი ხდება. ღმერთი ადამიანებს პასუხობს: «თუ თქვენ ეს არ მოგწონთ ნურც გააკეთებთ ამას!» თავისი უბრალოებით გასაოცარი ეს საუბარი ფრიად ჭკუისსასწავლებელია.
ქრისტიანობა ბოროტების ძალების საშინელი წინააღმდეგობის პირობებში არსებობს და ის ბნელ სტიაქიაში მოქმედებს. ქრისტიანობას არა მარტო ადამიანური, არამედ ზეადამიანური ბოროტებაც ეწინააღმდეგება. ქრისტესა და მისი ეკლესიის წინააღმდეგ ჯოჯოხეთის ძალები არიან აღმდგარნი. ეს ძალები ეკლესიის გასახრწნელად და ქრისტიანობის შესარყვნელად არამარტო ეკლესიისა და ქრისტიანობის გარეთ, არამედ მის შიგნითაც მოქმედებენ. «გატიალების სიბილწე წმინდა ადგილზე დგას» მაგრამ ამის გამო ეკლესია უწმინდური კი არა არამედ კიდევ უფრო წმინდაა. ადამიანებს რომ სულიერი ხედვა ჰქონდეთ, მაშინ, ალბათ, დაინახავდნენ, რომ ქრისტიანობის შერყვნითა და ღალატით, ქრისტიანობის წყევლაკრულვით იმ ცუდის გამო რაშიც ქრისტიანობა დამნაშავე არ არის, ისინი ჯვარს აცმევენ ქრისტეს. ქრისტე მუდმივად ღვრის სისხლს მსოფლიოს ცოდვებისათვის, მათი ცოდვებისთვის ვინც მას უარყოფს და ჯვარს აცმევს. ადამიანების და მით უმეტეს ადამიანთა შორის ყველაზე უარესების მიხედვით ჭეშმარიტებაზე მსჯელობა არ შეიძლება. ჭეშმარიტებას პირდაპირ უნდა შეხედო და მისგან მომდინარე ნათელი იხილო. ადამიანური ანარეკლის მიხედვით ჭეშმარიტებაზე ცუდი კი არა, საუკეთესო ნიმუშებით უნდა ვიმსჯელოთ. ქრისტიანობაზე უნდა ვიმსჯელოთ მოციქულების და მარტვილების, მოსაგრეების და წმინდანების და არა ნახევრადქრისტიანთა და ნახევრადწარმართთა უზარმაზარი მასის მიხედვით, რომელიც ყველაფერს აკეთებს ქრისტიანობის სახის დასამახინჯებლად.
ქრისტიანულ კაცობრიობას ორი დიდი გამოცდა ხვდა წილად — გამოცდა დევნით და გამოცდა გამარჯვებით. პირველს, გამოცდას დევნით, ქრისტიანებმა გაუძლეს და მოწამეები და გმირები შვეს. ქრისტიანებმა რომის იმპერიის მხრიდან დევნას ქრისტიანობის არსებობის დასაწყისში გაუძლეს და დღესდღეობითაც უძლებენ იმ რეპრესიებს, რომელსაც კომუნისტური რუსეთის ხელისუფლება მიმართავს. ბევრად უფრო ძნელი აღმოჩნდა გამოცდა გამარჯვებით. როდესაც იმპერატორმა კონსტანტინემ ჯვრის წინაშე ქედი მოიხარა და ქრისტიანობა გაბატონებული, სახელმწიფო რელიგია გახადა, მაშინ დაიწყო გამარჯვებით გამოცდის ხანგრძლივი პერიოდი. ეს გამოცდა ქრისტიანებმა ნაკლები წარმატებით ჩააბარეს. ქრისტიანები არცთუ იშვიათად დევნილებიდან მდევნელებად იქცეოდნენ, ამქვეყნიური სამეფოთი და ამქვეყნიური ბატონობით ცდუნდებოდნენ. სწორედ მაშინ დაიწყეს ქრისტიანებმა ქრისტიანობის შერყვნა, რაშიც ქრისტიანობას ადანაშაულებენ. ქრისტიანობა არაა დამნაშავე იმაში, რომ ადამიანებმა ამსოფლად მისი ტრიუმფით გამოწვეულ სიხარულს ვერ გაუძლეს და ეს ზეიმი ქრისტიანობის სახის დამახინჯებად აქციეს. ქრისტე კიდევ ერთხელ იქნა ჯვარცმული მათ მიერ, ვინც დედამიწაზე მის მსახურებად თვლიდნენ თავს და არ ესმოდათ თუ რა სულისანი იყვნენ.
ჩვენი დროის, ქრისტიანობას ძალიან დაშორებული ადამიანები ხშირად თვლიან, რომ ქრისტიანული ელესია სრულყოფილთაგან, წმინდანებისაგან უნდა შედგებოდეს და ეკლესიას იმის გამო გმობენ, რომ მასში ამდენი ცოდვილი და არასრულყოფილი ადამიანი, ამდენი ცუდი ქრისტიანია. მაგრამ ეს ეკლესიის ბუნების ვერგაგება, მისი არსის დავიწყებაა. ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, ცოდვილებისათვის, არასრულყოფილთათვის და დაღუპვის გზაზე მდგომარეთათვის არსებობს. ეკლესია თავისი წარმოშობით ზეციური და საფუძვლით მარადიულია, მაგრამ იგი მიწაზე და დროში მოქმედებს. ეკლესია ღრუბლებში კი არაა დავანებული ცოდვილი, ტანჯვაში ჩავარდნილი სამყაროსაგან მოშორებით, არამედ მისი მიზანია სწორედ ამ ცოდვილი სამყაროს დაეხმაროს, მარადიული ცხოვრებისათვის იხსნას და ზეცამდე აამაღლოს. ქრისტიანობის არსი დროისგან, მიწისგან, ადამიანურისგან დისტანცირებაში კი არ მდგომარეობს, არამედ მარადისობისა და დროის, ზეცისა და მიწის, ღვთიურისა და ადამიანურის შეერთებაში. ეკლესიას დროითისა და ადამიანურის უარყოფა კი არ სურს, არამედ მისი ფერისცვალება და ნათლით ავსება.
ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ეკლესიაში არსებობდა სექტანტური მოძრაობა — ეგრეთ წოდებული მონტანიზმი, რომლის მტკიცებით ეკლესია მხოლოდ სრულყოფილთაგან, წმინდანთაგან უნდა შედგებოდეს და იქიდან ცოდვილთა და არსრულყოფილთა განდევნას მოითხოვდა. მონტანისტებისთვის ეკლესია სულიწმინდის განსაკუთრებული ნიჭების მიმღებ ადამიანთა კრებული იყო. ამგვარად ცოდვილი ქრისტიანული კაცობრიობის უმეტესი ნაწილი ეკლესიის მიღმა უნდა დარჩენილიყო. ჭეშმარიტმა ეკლესიურმა ცნობიერებამ დაგმო მონტანიზმი და ეკლესიის, როგორც ხსნის გზაზე მდგომ ცოდვილთა კრებულის გაგება დაამკვიდრა. წმინდანები ეკლესიის ბურჯნი და საყდარნი არიან, მაგრამ ეკლესია მხოლოდ მათგან არ შედგება. მასვე მიეკუთვნება ცოდვათაგან თავის დახსნის მსურველი, სრულყოფილების სხვადასხვა დონეზე მყოფი კაცობრიობა. მიწიერი ეკლესია ბოროტებასა და ცოდვასთან მებრძოლი ეკლესიაა. ქრისტეს თავად ჰქონდა ურთიერთობა ხარკის ამკრეფებთან და ცოდვილებთან, რის გამოც მას ფარისევლები განიკითხავდნენ. ქრისტეს ეკლესია ქრისტეს უნდა ჰგავდეს. მას არ შეიძლება საქმე მხოლოდ წმინდანებთან და სრულყოფილებთან ჰქონდეს, იგი პირველ რიგში დაღუპვის გზაზე მდგომთათვის უნდა ზრუნავდეს. ქრისტიანობა რომ მხოლოდ სრულყოფილებს და წმინდანებს აღიარებდეს, ფარისევლური ქრისტიანობა იქნებოდა. ყველა მისი ცოდვისა და არასრულყოფილების მიუხედავად, მოყვასის მიმართ თანალმობა, მიმტევებლობა, გულმოწყალება ქრისტიანული სიყვარულის, ქრისტიანული სრულყოფილების გამოხატულებაა. ეკლესიის გმობა იმ მიწიერი ჭუჭყისთვის, რაც მის ისტორიულ გზაზე მიეცხო, ფარისევლობაა. არა მგონია, რომ მგმობელნი თავად იყვნენ ძალიან სუფთა და სრულყოფილნი!
მონტანიზმი ქრისტიანობაში ყალბი მაქსიმალიზმის ნიმუში. ამგვარი მაქსიმალიზმი თავის არაქრისტიანულ ბუნებას ამხელს, იგი სიყვარულის ნაკლებობა და სულიერი ამპარტავნებაა, ყალბი მორალიზმი. მაქსიმალიზმის სიყალბე იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ მაქსიმალურ მოთხოვნებს საკუთარ თავს კი არა, სხვებს უყენებთ. თქვენ სხვა ადამიანებს იმის გამო კიცხავთ, რომ ისინი მაქსიმალურად წმინდანი და სრულყოფილნი არ არიან, თავად კი ამ მაქსიმალური სიწმინდის და სრულყოფილების განხორციელებას ფიქრადაც არ ივლებთ. ისინი, ვინც მაქსიმალურ სიწმინდეს და სრულყოფილებას რეალურად მიაღწია, როგორც წესი, სხვებს არ განიკითხავენ. წმინდანები სხვათა მიმართ ძალიან მიმტევებლები არიან. მაქსიმალური მოთხოვნები პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა წაუყენო და არა სხვებს. ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა, რომელიც საკუთარი თავისადმი მაქსიმალურ სიმკაცრეს და მოთხოვნილებას, მოყვასის მიმართ რბილ, მიმტევებლურ, გულმოწყალე დამოკიდებულებასთან ათავსებს. ხოლო მათ, ვინც ქრისტიანობას ქრისტიანთა გამო გმობს, ქრისტიანობის უმაღლესი მოთხოვნების განხორციელება თავად სულაც არ სურთ და ამის გაკეთებას არც ცდილობენ. ამგვარი განკითხვა თანამედროვე ადამიანებისათვის საკუთარი ღალატის გამართლებას წარმოადგენს. ისინი ცრუ მორალიზმით ინიღბებიან.
ამ თვალსაზრისით ქრისტიანობა მკვეთრად განსხვავდება ტოლსტოვლობისგან, რომელიც განყენებულ მორალიზმს წარმოადგენს. ლევ ტოლსტოი რადიკალურად და მკაცრად აკრიტიკებს ეგრეთ წოდებულ ისტორიულ ქრისტიანობას და ხშირად მისი კრიტიკა ფაქტობრივად სამართლიანია. ტოლსტოი ამბობს, რომ ქრისტიანობა სწამდათ როგორც განყენებული მოძღვრება და ცხოვერბაში არ ახორციელებდნენ მას, არ ასრულებდნენ ქრისტეს მცნებებს. ქრისტიანობა პირადად მისთვის ქრისტეს მცნებებით, მისი ზნეობრივი სწავლებით ამოიწურებოდა, ქრისტიანობის იდუმალი, მისტიკური მხარე კი მისთვის გაუგებარი და მიუღებელი იყო. იგი ფიქრობდა, რომ ყველაფერი ჭეშმარიტების გაცნობიერებაზეა დამოკიდებული, ხოლო გაცნობიერებულის განხორციელება ადვილია. თუ გავიცნობიერებთ ცხოვრების ჭეშმარიტ კანონს ანუ ღვთის კანონს, უკვე ამის გამო მისი განხორციელება გაადვილდება. ტოლსტოი არ ცნობდა ადამიანის თავისუფლებას და ვერ გრძნობდა ადამინის ბუნების სიღრმეში ჩაბუდებულ ბოროტებას. მისთვის ბოროტება ყოველთვის ყალბი ცნობიერების, ცხოვრების მცდარი გაგების შედეგი იყო. ბოროტების წყაროს იგი ცნობიერებაში ხედავდა და არა ნებასა და თავისუფლებაში. ამიტომ მას ბოროტების დასამარცხებლად ღვთის დახმარება, მადლი არ სჭირდებოდა, მისთვის საკმარისი იყო ცნობიერების შეცვლა.
ტოლსტოისთვის იესო ქრისტე მხსნელი და მაცხოვარი კი არა, ცხოვრების დიდი მასწავლებელი, ცხოვრებისეული წესების, ზნეობის მცნებათა მქადაგებელი იყო. ტოლსტოის ქრისტიანობის ცხოვრებაში განხორციელება ადვილი ეჩვენებოდა, მისი აზრით სიძულვილის კანონებით ცხოვრებაზე ადვილი სიყვარულის კანონებით ცხოვრებაა, რადგან ეს მარტივია, სასარგებლო და ჭკვიანური. მისი თქმით, ქრისტე ჭკვიანურ ცხოვრებას ქადაგებდა. ქრისტეს მცნებები რომ არ სრულდებოდა და ქრისტიანობა ვერ განხორციელდა, ამაში დამნაშავე მცდარი საღვთისმეტყველო სწავლება იყო, რომელმაც მთელი ყურადღება ქრისტესკენ, მისი სისხლით მომხდარი გამოსყიდვისკენ, საღვთო მადლისკენ მიმართა. ტოლსტოი უხეშად ესხმის თავის ეკლესიურ ქრისტიანობას. იგი მართალია, როდესაც ქრისტიანობის მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებას, ქრისტეს მცნებათა ცხოვრებაში განხორციელებას მოითხოვს, მაგრამ სასტიკად ცდება როცა ფიქრობს, რომ ამის კეთება ადვილია და ამისთვის სწორი ცხოვრება არის საკმარისი, რომ ეს ქრისტეს, სულიწმინდის მადლის გარეშე არის შესაძლებელი. ტოლსტოი ღვთის მცნებათა შესრულებაში ადამიანისაგან ადვილად ითხოვს მაქსიმუმს და ცრუ მორალურ მაქსიმალიზმში ვარდება. საკუთარი მოძღვრების ცხოვრებაში განხორციელება მისთვის არცთუ ისე ადვილი აღმოჩნდა, ეს მან სიკვდილამდე ვერ მოახერხა, მხოლოდ გარდაცავალებამდე მცირე ხნით ადრე წავიდა ოჯახიდან და სულ რამდენიმე დღით იქცა ყარიბად.
ლევ ტოლსტოის მოძღვრება და მისი ცხოვრებისეული გზა ჩვენი თემისათვის ბევრის მომცემია. ტოლსტოი მთლიანად გმობდა მანამდე არსებულ ქრისტიანობას და მხოლოდ საკუთარ ქრისტიანობას თვლიდა ჭეშმარიტად. იგი ადამიანების უმეტესობას უზნეობის, ფიზიკური შრომის უგულებელყოფის, საკუთრებისადმი მიჯაჭვულობის, ხორცის ჭამისა და თამბაქოს მოწევისთვის კიცხავდა, მაგრამ უძლური იყო საკუთარ ცხოვრებაში განეხორციელებინა ეს ზნეობრივი მაქსიმალიზმი. მისთვის სიყვარული მადლდაკარგულ კანონად და განკითხვის მიზეზად იქცა. ტოლსტოის დიდი კრიტიკული სიმართლე ჰქონდა, მან ბევრი სიმართლე თქვა ქრისტიანული მსოფლიოს, ქრისტაინთა ცოდვებზე. იგი სამართლიანად ამხელდა საზოგადოებისა და კულტურის არაქრისტიანულ ხასიათს, მაგრამ ქრისტაინების, მათი ცოდვების, ნაკლოვანებების და სიმახინჯეების მიღმა მან ქრისტიანობა ვეღარ დაინახა. შინაგან ქრისტიანად ქცევასა და საკუთარ სულში ქრისტეს მიღებაში მას ხელი გონებრივმა ამარტავნებამ შეუშალა. მისთვის ქრისტე მხოლოდ ცხოვრების გარეგან მასწავლებლად დარჩა. ლევ ტოლსტოი გენიალური და ღვთის სიმართლის მაძიებელი ადამიანი იყო. მაგრამ მრავალი ადამიანი, რომელთაც არც ტოლსტოისეული გენიალობა და არც ღვთის სიმართლის მისეული წყურვილი აქვთ, ქრისტიანების გმობასთან ერთად ქრისტიანობასაც ისე გმობენ, რომ ცხოვრების საზრისზე თავად არც დაფიქრებულან და სრულყოფილების განხორციელება არასდროს უცდიათ.
მცდარია აზრი, თითქოს ქრისტეს მცნებათა განხორციელება ადვილი იყოს და ქრისტიანობა იმიტომ არაა ჭეშმარიტი რელიგია, რომ ქრისტიანები საკუთარი რწმენის მცნებებს ცუდად ახორციელებენ. კიდევ უფრო მცდარია ის აზრი, თითქოს ქრისტიანობის მთელი სისრულით განხორციელებას არც უნდა ვცდილობდეთ და ზეციური მამის მსგავსი სრულყოფილებისკენ სწრაფვა საჭირო არაა, რადგან პირველქმნილი ცოდვა ასეთი სრულყოფილების რეალიზების საშუალებას არ მოგვცემს. ზეციური მამის მსგავს სრულყოფილებას, ღვთის სასუფეველს ქრისტიანი ყოველწამიერად უნდა ელტვოდეს. ქრისტიანი მთელი ცხოვრება ამას უნდა ესწრაფოდეს. «ეძიეთ ღვთის სასუფეველი და ყოველივე მოგეცემათ თქვენ.» არ შეიძლება სრულქმნისკენ, ღვთის სიმართლისკენ, ღვთის სასუფევლისკენ ლტოლვის პარალიზება იმ მოტივით, რომ ადამიანი ცოდვილია და ამქვეყნად სრულყოფის მიღწევა შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, შესაძლებელია თუ არა ღვთის სიმართლის ცხოვრებაში მთელი სისრულით განხორციელება, ადამიანი ამისკენ მაინც უნდა ისწრაფოდეს. დაე, მხოლოდ მცირედნი ახორციელებდნენ ქრისტეს სიმართლეს, თუნდაც ზოგი ამას თავის ცხოვრების მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში ახერხებდეს, ამის გამო მისკენ სწრაფვა მაინც არ უნდა შენელდეს. თუ თვით ქრისტიანობის უარყოფაში გადამავალი იმის მუდმივი ყვედრება ადამიანისათვის, რომ ისინი ქრისტიანობას ცხოვრებაში არ ახორციელებენ — თვალთმაქცობაა, ქრისტეს სიმართლის განხორციელებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ სულ ერთია, იგი მაინც განუხორციელებელია — არანაკლები თვალთმაქცობაა. ქრისტეს სიმართლის განსახორციელებელი ძალისხმევა და ღვთის სასუფევლის ძიება სხვა ადამიანების, მოყვასის განკითხვის გარეშე უნდა ხდებოდეს — ესაა ჭეშმარიტი გზა. ქრისტიანობა სრულიად ახალ ეპოქაში შევიდა, როცა ნელთბილი რწმენა და რიტუალური ღვთისმოსაობით შემოფარგვლა უკვე შეუძლებელი იქნება, როცა ქრისტიანები უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდონ საკუთარი ქრისტიანობის ცხოვრებაში მთელი სისრულით განხორციელებას, როცა მათ, თუ ქრისტეს მცნებების ერთგულნი იქნებიან, საკუთარი პიროვნებისა და თვით სიცოცხლის ფასად მოუხდებათ თავიანთი რწმენის დაცვა და ამქვეყნიური ბოროტებისთვის სიყვარულის დაპირისპირება.
ამჟამად ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიაში ხდება საუკეთესო, ყველაზე წრფელი, მგზნებარე, მსხვერპლგაღებისათვის მზადმყოფი, ქრისტეს ერთგული ადამიანების შემოკრება და იმათგან განწმენდა, ვინც გარეგანი, ყოფითი მართლმადიდებლები იყვნენ და თავიანთი რწმენის არსი, მისი მოთხოვნები არ ესმოდათ. შეიძლება ითქვას, რომ მთავრდება ქრისტიანობის წარმართობასთან აღრევის დრო და დგება უფრო წმინდა ქრისტიანობის ჟამი.
ქრისტიანობა გაბატონებული, სახელმწიფო რელიგიად ყოფნამ ძალიან დაამახინჯა. ეკლესია ცდუნდებოდა კეისრის მახვილით, რომელსაც გაბატონებულისაგან განსხვავებული რწმენის მქონე ადამიანებზე ძალადობისათვის მიმართავდა. ამიტომაც მრავალი ადამიანის ცნობიერებაში ქრისტიანობა დევნილთა რელიგიიდან მდევნელთა რელიგიად იქცა. მეტისმეტად ბევრის მიერ ხდებოდა ქრისტიანობის მიღება ნამდვილი განწმენდისა და ფერისცვალების გარეშე, როცა გარეგნული ქრისტიანობა იქცეოდა წარმართული ყოფის საკურთხევლად. მაგრამ დგება ჟამი, როდესაც ისევ იწყება ქრისტიანობის დევნილება და ქრისტიანებს საკუთარი რწმენის დასაცავად მეტი გმირობა, მსხვერპლგაღება, სიმტკიცე და შეგნება მოეთხოვებათ. დგება დრო, როდესაც ქრისტიანობისკენ მიმავალ გზაზე ქრისტიანები აღარავის დააბრკოლებენ.
ქრისტიანული რწმენა, უპირველეს ყოვლისა, ღვთის სასუფევლის და ღვთიური სრულყოფილების ძიებისკენ მოგვიწოდებს, მაგრამ მისთვის უცხოა მეოცნებეობა და უტოპიზმი, ყალბი მაქსიმალიზმი. ქრისტიანობა რეალისტურია. წმინდა მამები ყოველთვის სულიერი სიფხიზლისკენ მოუწოდებდნენ. ქრისტიანული ცნობიერება სრულყოფის გზაზე არსებულ ყველა დაბრკოლებას ხედავს, მან იცის რომ «სასუფეველი ღვთისა იიძულების». ქრისტიანობა მოგვიწოდებს, ყოველთვის ვისწრაფოდეთ შინაგანიდან გარეგანისკენ და არა გარეგანიდან შინაგანისკენ. სრულყოფილი პიროვნული და საზოგადოებრივი ცხოვრების გარეგანი, ძალადობრივი მეთოდებით მიღწევა შეუძლებელია. აუცილებელია, შინაგანი სულიერი ფერისცვალება. შინაგანი სულიერი ფერისცვალება კი აუცილებლობით და იძულებით ვერასოდეს მიიღწევა, იგი თავისუფლებისა და მადლის ნაყოფია. სრულყოფილი ქრისტიანების და სრულყოფილი ქრისტიანული საზოგადოების იძულებითი მეთოდებით შექმნა შეუძლებელია. აუცილებელია ადამიანებისა და ერების ნამდვილი, რეალური სულიერი ცვლილება. ადამიანების მიერ ქრისტიანობის აღსარება და ქრისტიანებად სახელდება სულაც არ ნიშნავს მათ მიერ სრულყოფილების მიღწევას. ქრისტიანული სრულყოფილების ცხოვრებაში განხორციელება უსასრულო და ურთულესი ამოცანაა. ქრისტიანული სრულყოფილების მწვერვალს მხოლოდ ცოტა მოსაგრე თუ აღწევდა.
ქრისტიანთა არასრულყოფილების და ცუდი თვისებების მომიზეზებით ქრისტიანობის უარყოფა პირველქმნილი ცოდვის არსის არცოდნა და ვერგაგებაა. მათთვის, ვინც პირველქმნილი ცოდვა გაიცნობიერა, ქრისტიანობის ღირსებას ქრისტიანთა უღირსება კი არ უარყოფს, არამედ ადასტურებს. ქრისტიანობა ცოდვისგან გამოსყიდვისა და ხსნის რელიგიაა, იგი გვამცნობს ჭეშმარიტებას იმის შესახებ, რომ სამყარო ბოროტებაშია ჩაფლული და ადამიანი ცოდვილია. ზოგიერთი მოძღვრება თვლის, რომ სრულყოფილი ცხოვრების მიღწევა ბოროტებაზე რეალური, ქმედითი გამარჯვების გარეშე შესაძლებელია. ქრისტიანობა ასე არ ფიქრობს. ქრისტიანობა ბოროტებაზე რეალურ, სულიერ გამარჯვებას მოითხოვს. იგი სხვებზე უფრო რადიკალური და მეტის მომთხოვნია.
ქრისტიანობის ისტორიაში ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ძალიან ბევრმა ვინმემ და რამემ მოირგო ქრისტიანობის ნიღაბი, მაგრამ რეალურად მასთან საერთო არაფერი ჰქონდათ. არაფერია სიყალბეზე, თვალთმაქცობასა და ფარისევლობაზე უფრო ამაზრზენი. სწორედ ეს იწვევდა პროტესტებს და ამბოხებებს. სახელმწიფო ქრისტიანულად იწოდებოდა, თავს ქრისტიანული სიმბოლოებით და ნიშნებით იწონებდა, მაგრამ რეალურად ქრისტიანული არ იყო. იგივე შეიძლება ითქვას ქრისტიანთა ყოფაზე, ქრისტიანულ მეცნიერებას და ხელოვნებაზე, ქრისტიანული ეკონომიკასა და სიმართლეზე, მთლიანად ქრისტიანული კულტურაზე. ყველაფერი ქრისტიანულად იწოდებოდა, მაგრამ სახელწოდება შინაარსს არ შეესაბამებოდა. სოციალურ ცხოვრებაში ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაციას და მდიდართა და ამა ქვეყნის ძლიერთა დაცვასაც კი ქრისტიანობის სახელით ამართლებდნენ. ქრისტიანულ სამყაროში მცხოვრები ძველი წარმართი ადმაიანი, რომელშიც ცოდვიანი ვნებები ბობოქრობდნენ, ცხოვრების ქრისტიანული აღმშენებლობისკენ იქნა მოწოდებული. ეკლესია მასზე შინაგანად ზემოქმედებდა, მაგრამ მისი ცოდვილი ბუნების ძალისმიერი გზით შეცვლა არ შეეძლო. ეს იდუმალი, შინაგანი და ძნელად დასაკვირვებელი პროცესია. ღვთის სასუფეველი შეუმჩნევლად მოდის. ქრისტიანულ სამყაროში ბევრი სიყალბე, ფარისევლობა, პირობითობა და რიტორიკა დაგროვდა. ყოველივე ამის წინააღმდეგ ჯანყი ბუნებრივი იყო. არცთუ იშიათად ქრისტიანობის წინააღმდეგ ამბოხება ყოველივე გარეგანის შინაგანისთვის დამსგავსების წრფელი სურვილიდან მომდინარეობდა. თუ შინაგანად არ ხართ ქრისტიანი, მაშინ გარეგანი დემონსტრირება უსარგებლოა. თუ სახელმწიფო, საზოგადოება, კულტურა შინაგანად ქრისტიანული არაა, მაშინ მისი ქრისტიანულად სახელდება სიყალბე და ფარისევლობაა.
ამ პროტესტს თავისი დადებითი მხარეც ჰქონდა — სიყალბის მიუღებლობა და სიმართლის სიყვარული. მაგრამ სიმართლესა და გულწრფელობასთან ერთად, სიყალბის და ფარისევლობის წინააღმდეგ პროტესტის გვერდით ახალი სიყალბე და ფარისევლობა გაჩნდა. არსებული საზოგადოების ცრუქრისტიანობის საფუძველზე იწყეს იმის მტკიცება, რომ თვითონ ქრისტიანობა წარმოადგენს სიცრუეს და ადამიანთა ბოროტება ქრისტიანობას მიაწერეს. ამასთან ერთად, საკუთარი თავი ზნეობის უფრო მაღალ, სრულყოფილ საფეხურზე მდგომად და ჭეშმარიტი მსოფლმხედველობის მპყრობელად მიიჩნიეს. ქრისტიანული ფარისევლობის მაგივრად ანტიქრისტიანული ფარისევლობა ყალიბდება. ქრისტიანობის მოწინააღმდეგენი თვლიან, რომ თვითონ ქრისტიანობაზე უკეთესნი, უფრო განათლებულნი არიან და უკეთესად იციან ჭეშმარიტება. სინამდვილეში ისინი ამა სოფლით მოხიბლული ადამიანები არიან, რომელთაც თვითონ უარყვეს ჭეშმარიტება. ისინი ქრისტიანებზე უარესნი იმიტომ არიან, რომ ცოდვის განცდა დაკარგეს. ნიცშე ქრისტიანობას დაუცხრომელად იმიტომ მტრობდა, რომ მხოლოდ გადაგვარებულ, გარეგან ქრისტიანებს ხედავდა, თვით ქრისტიანობა კი ვერ დაინახა და ვერ გაიგო.
ქრისტიანული სამყარო განიცდის კრიზისს, რომელიც თვით მის საფუძვლებს არყევს. გარეგანი, ფარისევლური, ცრუ, რიტორიკული ქრისტიანობის არსებობა უკვე შეუძლებელი ხდება, მან თავისი დრო მოჭამა. ცხოვრების წარმართული სიყალბისა და რიტუალური ღვთისმოსაობის ნაზავი ვეღარ იარსებებს. დგება ჭეშმარიტი რეალიზმის ერა, როცა აშკარავდება ცხოვრების პირველადი რეალობები და ყოველგვარი გარეგანი საბურველი იხსნება, როდესაც ადამინის სული უშუალოდ დგება სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოს პირისპირ.. გარეგანი ყოფის პირობითობები, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ფორმები, პირობითი გარეგანი მორალი, განყენებული იდეოლოგიური თეორიები უკვე კარგავენ თავიანთ ოდინდელ მნიშვნელობას. ადამიანის სულს თავად ცხოვრების სიღრმეებში შეღწევა, ყველაზე არსებითის და აუცილებლის ცოდნა სურს, ჭეშმარიტებით და სიმართლით ცხოვრება სწყურია.
გადატანილი რყევების შედეგად ჩვენს დროში იშვებიან სულები, რომელთაც უპირველეს ყოვლისა, შეულამაზებელი და შეურყვნელი სიმართლე სურთ. ადამიანი დაღალა სიყალბემ, პირობითობებმა, გარეგანმა ნიშნებმა და ფორმებმა, რომლებიც ჭეშმარიტ რეალობებს ჩაენაცვლებიან. ადამიანის სულს ქრისტიანობის ხილვა მასში ქრისტიანების მიერ შეტანილი სიყალბის გარეშე სურს, მას თავად ქრისტესთან ზიარება სწყურია. ქრისტიანთა გამო ქრისტე დაივიწყეს, მას ვეღარ ჭვრეტენ. ქრისტიანული აღორძინება უნდა იყოს მიბრუნება ქრისტესკენ, მისი ჭეშმარიტებებისკენ, რომელიც ადამიანურ დამახინჯებათაგან და დროის სულისგან თავისუფალი იქნება. პირველქმნილი ცოდვის დაუძლეველობის გრძნობამ არ უნდა მოადუნოს და ამ მსახურებისკენ მიმართული ენერგიის პარალიზება არ უნდა გამოიწვიოს. ქრისტიანობის, ქრისტეს სიმართლის და მისი მცნებების რეალური განხორციელება ადამიანებს ხანდახან მიუწვდომელ, უიმედო ამოცანად ესახებათ. ქრისტიანობა ხომ თვითონ გვასწავლის, რომ ცხოვრებაში მისი განხორციელება მხოლოოდენ ადამიანთა ძალისხმევით შეუძლებელია. ადამიანისათვის შეუძლებელი ღმრთისათვის არის შესაძლებელი. ქრისტეს მორწმუნემ იცის, რომ ის მარტო არ არის, რომ თავად ქრისტეა მასთან და ცხოვრებაში ქრისტეს სიმართლე მან თვით ქრისტესთან, თავის მაცხოვართან ერთად უნდა განახორციელოს.
ავტორი: ნიკოლაი ბერდიაევი
თარგმნა ზაზა იმერლიშვილმა
ჟურნალი ”ემაოსი” №2(5), 2005 წ.