და ისევ ჩერნობილზე. უკვე ვისაუბრეთ ადამიანთა იმ ჯგუფზე, რომელმაც სამკურნალო წამლის მიღების ყველა ინსტრუქცია დაისწავლა, მაგრამ უშუალოდ წამლის მიღება არ სურს. მათი აზრით, თუ მკურნალი არ უჯავრდება პაციენტს, ეს ავადმყოფის გამოჯანმრთელებას მოასწავებს. პროტესტანტებიც ასე თვლიან: მათი აზრით, ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა განისაზღვრება ღმერთის დამოკიდებულებით ჩვენსა და ჩვენი ცოდვების მიმართ. დაკმაყოფილდა რა ქრისტეს მსხვერპლშეწირვით, დაბეჯითებით ცნობილია, რომ ღმერთი უკვე აღარ გვირისხდება და ჩვენს მიმართ ღმერთის დამოკიდებულების ცვლილების შეტყობისთანავე, მსწრაფლ გამოვჯანმრთელდებით და შესაბამისად, გადავრჩებით.
კეთილი. წარმოვიდგინოთ, რომ იმ ინჟინერს ასამართლებენ, ვისი გამოისობითაც მოხდა ჩერნობილის ავარია. დავუშვათ, რაღაც დროის გასვლის შემდეგ მას ამნისტიას უცხადებენ გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. რამდენად შეამსუბუქებს მის მდგომარეობას ფარატინა ფურცელი? ის ხომ საკუთარ თავში ატარებს უმძიმეს სასჯელს თავისი ცოდვისათვის. ის ხომ თავად არის გაჟღენთილი რადიაციით და მომაკვდავს ვერც ერთი სასამართლო და ვერანაირი სააპელაციო ინსტანციები ვეღარ დაიცავს მზარდი და მთელი მისი არსების მომცველი ტკივილისა და უძლურებისაგან.
აღმოსავლურ ქრისტიანობაში, განსხვავებით დასავლურისაგან, რომელიც მიდრეკილია ცოდვით დაცემისა და გამოსყიდვის იურიდიული ტერმინებით აღწერისაკენ, ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობა ორგანულ ტერმინებშია გააზრებული. მართლმადიდებლობაში ცოდვა დანაშაულთან ერთად ავადმყოფობაც არის. „ ცოდვა უბედურთ უფრო გვხდის, ვინემ დამნაშავეთ…“- ამბობდა ღირსი იოანე კასიანე, ხოლო ღირსი ისააკ სირიელი ცოდვილ ადამიანს იმ ძაღლს ადარებდა, რომელიც ხერხს ლოკავს, საკუთარი სისხლის გემოთი თვრება და საკუთარი თავისადმი მიყენებულ ზიანს ვერც კი ამჩნევს. სწორედ ამას შეგვაგონებს აღსარების დროს მოძღვრისეული „ეკრძალე შვილო, ვინაითგან მოხვედ სამკურნალოსა ამას, რათა განიკურნო, და არა განუკურნებელი მართლ—უქუნ—იქცე.“
მხოლოდ იმის განცხადება, რომ ღმერთი აღარ ბრაზობს მასზე, ადამიანისთვის საკმარისი არ არის. მას სიკვდილისაგან რეალური დაცვა სჭირდება, ღმერთით სუნთქვის რეალური შესაძლებლობა ესაჭიროება. ღმერთი როდი იკავებს თავს ადამიანთაგან, ადამიანები განეშორებიან ღმერთს საკუთარი ცოდვებითა და „სულიერი შუამავლებით“. წამალია საჭირო-სიკვდილისაგან მხსნელი წამალი და ასეთი მხოლოდ უკვდავება შეიძლება, იყოს. უკვდავება კი მხოლოდ ღმერთს აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანისაგან ესოდენ შორს მყოფმა ღმერთმა უშუალოდ ადამიანში უნდა იცოცხლოს. ხრწნადი საზრდოსთვის ნუკი ზრუნავთ, არამედ იზრუნეთ საზრდოსთვის, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლედ, და რომელსაც მოგცემთ ძე კაცისა… პური ღმრთისა ის არის, რომელიც ზეცით ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყანას... მე ვარ პური სიცოცხლისა…თქვენმა მამებმა მანანა ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ; ესაა პური, რომელიც ჩამოდის ზეცით, რათა ვინც მას შეჭამს, არ მოკვდეს... პური, რომელსაც მე მოგცემთ, ჩემი ხორცია, რასაც გავცემ ქვეყნის სიცოცხლისათვის... თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. (იოანე 6-27, 33, 51, 53).
ზიარება ქრისტეს სისხლითა და ხორცით- აი, ის ანტიკოსმიური წამალი უკვდავებისა, რომელიც მოგვიტანა მაცხოვარმა. ქრისტე ღმერთმა მოგვიწოდა „უკვდავების სერობაზე“ (კლიმენტი ალექსანდრიელი, სტრომატები 7,3). თავად ქრისტეს მიერ არის დაწესებული მოწაფეთათვის გაცხადების ამგვარი საშუალება, არა მხოლოდ ქადაგებით, არა მხოლოდ ლოცვით, არა მხოლოდ წეს-ჩვეულებით, არამედ ქრისტეს ხორცთან და სისხლთან ზიარების საიდუმლოთი. ვინც ამბობს, რომ საკმარისია საიდუმლო სერობის წაკითხვა და მისი გახსენება, ვისი მტკიცებითაც, თავად უკვდავების წამალი მიუწვდომელია ჩვენთვის-მათ ვერ გაიგეს მაცხოვრის ჩანაფიქრი. ისინი პროტესტანტები არიან.
მათი აზრით, „ერთადერთი, რასაც ადამიანის ხსნა შეუძლია, არის სახარება, იესო ქრისტეთი ხსნისა და გოლგოთაზე გამოსყიდვის სასიხარულო ცნობა. ეკლესიის ამოცანა სახარების ქადაგებაა, რომლის მოსმენაც ადამიანებს გზას უხსნის ხსნისაკენ. ადამიანი წყურვილს წყლის შესახებ ინფორმაციით იკლავს, ნაცვლად თავად წყლისა, პურის სიმბოლოთი იკვებება, ნაცვლად თავად პურისა. ხსნა ქრისტეს რეალური მადლის ნაცვლად „ხსნის ცნობაშია“, „ბი-ბი-სი-ს იერუსალიმის განყოფილების კარგი ამბების საინფორმაციო გამოშვებაშია“.
პროტესტანტი იმ ადამიანს წააგავს, ჯიპით რომ მიდის უდაბნოში და ქვიშის ბარხანთან წყურვილისაგან დაოსებულ მგზავრს დაინახავს, მომხიბვლელი ჰოლივუდური ღიმილით მიდის მომაკვდავთან და წყლის სარგებლობის შესახებ უყვება მას. საამი საათის განმავლობაში ელაპარაკება წყლის შესანიშნავ თვისებებზე, იმაზე, რომ წყლის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია, იმაზე, რომ ადამიანის სხეულის 80%-ს წყალი შეადგენს (თუმცა, შენს შემთხვევაში, ალბათ მხოლოდ 60%-ს), იმაზე, რომ წყალი უნივერსალური გამხსნელია, რომ გაყინვისას მოცულობაში იმატებს და იმაზეც, რომ საჭიროა, წყაროებისა და წყალსაცავების სისუფთავისათვის ბრძოლა… ბოლოს კი ეკითხება: აბა, კიდევ გწყურია? განა, არ გეყო „კარგი ცნობები წყლის შესახებ?“ თავად წყალი გსურს? აი, ზუსტად ეგ არ გვაქვს. ჩვენ „წყლის სიმბოლოს“ ვსვამთ, ჩვენ ხალხს „წყლის შესახებ მოგონებებს“ ვაწვდით. მხოლოდ უბირი მართლმადიდებლები და კათოლიკენი მიიჩნევენ საკუთარ ლიტურღიულ ჭურჭელში არსებულ სითხეს მაცოცხლებელ წყლად, ქრისტეს სისხლად. ჩვენ კი ვთვლით, რომ ქრისტეს სიტყვაა წყალი და სწორედ ეს სიტყვა გადმოგეცით. რატომღა გწყურია? აკი, მოისმინე, რომ „ეკლესიის ამოცანა სახარების ქადაგებაა და არა ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარება. ისიც ხომ მოისმინე, რომ „მოსმენა უხსნის გზას ხსნისაკენ ადამიანებს“ და არა ღმერთკაცთან შეერთება. აბა, ხომ აღარ გინდა წყალი? აი, წყლის ფორმულასაც დაგიტოვებ საჩუქრად, გამომართვი ეს ქაღალდი წარწერით: H2O. და გახსოვდეს, მუდამ გახსოვდეს, რომ ოდესღაც იყო წყალი დედამიწაზე! ჰო, სხვათა შორის, აქ რომ მართლმადიდებელმა მოძღვარმა გამოიაროს თავისი სასმისით, იცოდე, ღმერთი არ გაგიწყრეს და არავითარ შემთხვევაში არ მოსვა იმ სასმისიდან!“
ზიარებაში ქრისტეს პასქალურ, მკვდრეთით აღმდგარ სხეულს ვეზიარებით. ეს „სხაგვარი ყოფიერების დასაწყისია“. ჩვენში ახალი კოსმოსის ნაწილაკები იჭრებიან, იმ კოსმოსისა, რომელშიც უკვე აღარ არის სასიკვდილო შხამი, რომელშიც უკვე დამარცხებულია ენთროპია და ხრწნადობა. იჭრებიან, რათა შეასუსტონ ჩვენს პიროვნულ თავისუფლებაზე ცოდვის სიმძიმით არსებული წნეხი. ზიარებით ჩვენ კვლავ აღმოვჩნდებით ერთგვარად ედემის მდგომარეობაში: ცოდვის წარსული აღარ თრგუნავს ჩვენს პიროვნულ ნებას და თავისუფლების მდგომარეობაში მყოფნი ვაკეთებთ საკუთარ არჩევანს, აღარ განვიცდით რა ცოდვებით გამრუდებული ჩვენივე ბუნების ჩვევას-საკუთარი წარსულის ცოდვებით დამძიმებულ უძლიერეს წნეხს.
განკურნების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტემ საკუთარ თავში, საკუთარ ღვთაებრივ პიროვნებაში განკურნა განკაცებით მიღებული ადამიანური ბუნება და უკვე განკურნებული სახით გვაწვდის მას ზიარებით, რათა ადამიანური ბუნების კურნების მეშვეობით თითოეული ჩვენთაგანის პიროვნება განიკურნოს.
სადაც ცოცხლობს ხსენებული ახალი ადამიანური ბუნება, იქ არის სხეული ქრისტესი, იქ არის ეკლესია. სწორედ ქრისტეს სხეულად აღქმულ ეკლესიის ყოფიერებას უწოდებს პავლე მოციქული საიდუმლოს, დაფარულს უკუნისიდან და თაობათა დასაბამიდან, ხოლო აწ გაცხადებულს მის წმიდათათვის, საიდუმლოს-რომელი არს ქრისტე თქვენში (კოლასელთა მიმართ 1, 26-27).
სწორედ ამიტომ არ არსებობს გზა ხსნისა ქრისტეს ეკლესიის მიღმა. სადაც არ არის ზიარება-იქ არც ახალი აღთქმის ახლებური რეალობაა. იქ არ არის ზიარება საუკუნო სიცოცხლესთან. იქ ძველებურად „სიკვდილი და დრონი მეფობენ სამყაროში“…
ჩვენ, ქრისტიანები ვეპატიჟებით (მოვუწოდებთ): „მოდით და იგემეთ“… ჩვენ კი „სულსწრაფთ“ გვიწოდებენ. ჩვენ გვსურს, ქრისტეს უდიდესი ძღვენი გადავცეთ ხალხს და ამისათვის „სასტიკებად“ გვრაცხენ. ჩვენ ახალ აღთქმას ვამცნობთ და ამისათვის „ჩამორჩენილებად“ ვიწოდებით. ჩვენ მოვუწოდებთ, გაიაზრონ და გააცნობიერონ ღვთაებრივი გაცხადება და ამისათვის „შეშლილი ფანატიკოსების“ თიკუნით გვამკობენ.
ჩვენ ქრისტეში გადარჩენაზე ვსაუბრობთ და ამისათვის „უსამართლოებად’ მოგვიხსენებენ. „სამართლიანობა სადღაა? სამართლიანობის მოთხოვნა უნდა ყოფილიყო, რომ ადამის მთელი მოდგმა განწირული ყოფილიყო დასაღუპად, რამეთუ მთლიანად ეს მოდგმა… იმსახურებს ამას; და თუ უფალმა ღმერთმა საკუთარი არჩევანით, საკუთარი შეუცნობელი წყალობით ინება ჩვენი ხსნა და უმაღლესი ნეტარების ღირსგვყო, ვიღან უნდა გაბედოს უფლის ნებაში სამართლიანობის დარღვევის დანახვა?“( თ.თ. ზელინსკი. ქრისტიანობის მოწინააღმდეგენი, გვ 327) „წარმართებს აღაშფოთებდა მათი წილხვედრი ჯოჯოხეთის შესახებ ქადაგებანი. მსგავსი საუბრის გაგონებისთანავე კითხულობდნენ: „რისთვის? განა, რითი ვართ ჩვენ ასე ცუდნი და რითი გვჯობიხართ თქვენ?“ მათ ვერასგზით გაეგოთ, რომ ქრისტიანული სწავლება დაღუპულთ ცუდებად კი არა, უპირველესად უბედურებად სთვლის, ხოლო ქრისტიანთ-უკეთესებად კი არა, უპირველესად-შეწყალებულებად და მადლმიღებულებად“ (ბ.მ. მელიორანსკი. ლექციებიდან ძველი ქრისტიანული ეკლესიის ისტორიისა და სწავლების შესახებ. გვ 66).
ხსნა ეკლესიაში არის-მოდით. ეკლესიის მიღმა კი… ჯერ კიდევ მე-3 საუკუნეში ითქვა წმ. მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელის მიერ: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა“. და არაქრისტიანები ამას ეთანხმებოდნენ: მართლაც, ქრისტიანობის მიღმა მყოფთათვის ღმერთი მამა არ არის. ის არის „მეუფე“, „ერთიანი ენერგია“, „კარმა“, „ნირვანა“, „ღვთაებრივი პრინციპი“, „უსახებო ბრაჰმა“… და მხოლოდ ქრისტემ სთქვა: „მამაო… გამოუცხადე სახელი შენი კაცთა“ (იოანე 17, 5-6). მამა-ეს არის ახალი სახელი ღმრთისა. და ვუერთდებით მას ძეში-იესო ქრისტეს სხეულში, რომელიც არის ეკლესია. ამ სხეულში შევდივართ მისი უკვდავი სულით, რომელიც გამოდის მამისაგან, და არა კოსმოსისაგან, და ივანებს ძეში, და არა „ასტრალში“. ქრისტემ მხოლოდ ღმერთის „მამაო“-თი მიმართვის უფლება როდი მოგვცა; მან მოგვცა სული… რომელი სოფელსა ვერ ხელ-ეწიფების მოღებად (იოანე 14, 17).
სოფელი შემოსწყრა ამისათვის ქრისტესა და ქრისტეს მიმდევართ. ჯერ კიდევ ქრისტეს ამქვეყნიურ სიცოცხლეში შემოსწყრა. ორი ათასი წელი გავიდა მას აქეთ, რაც ევნო ქრისტე და ვერაფრით აპატია გაცხადება იმ მოწმობისა, რომ გზა ხსნისა მხოლოდ ერთია.
რის გამო აცვეს ჯვარს ქრისტე? ნუ, სახელდობრ, აი, ამის გამო: „ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა. მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს (იოანე 10,8-9).
აი, ქრისტეს ის სიტყვაც, რომლის გახსენება აგრერიგად არ უყვართ დღეს: „ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშჳდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყჳ თქუენ, არამედ განყოფად.“ (ლუკა 12, 51) (ვლადიმირ სოლოვიოვის კომენტარი „ის მოვიდა მიწაზე ჭეშმარიტების მოსატანად, ის კი, როგორ სიკეთე, უპირველეს ყოვლისა ჰყოფს”). „რა ჟამს მოვიდა ჭეშმარიტი სწავლება, აჩვენა, რომ არ არის ყველა მოსაზრება და სწავლება კარგი, არამედ ზოგიერთი ცუდია და ზოგი უკეთესი“,- ამბობს ასი წლის შემდგომ წმ. იუსტინე ფილოსოფოსი, რომელმაც ქრისტიანობამდე წარმართული მისტერიებისა და ფილოსოფიების ცდუნებები გამოიარა. იუსტინე ფილოსოფოსი წმიდა მოწამე იუსტინე მარტვილი გახდა. იგი აწამეს, ისევე როგორც მისი მასწავლებელი, წმიდა მოწამე პოლიკარპე, სმირნელი ეპისკოპოსი. აწამეს, რადგან პატივს არ მიაგებდა წარმართულ პრაქტიკებსა და დოქტრინებს.
წარმართული სამყარო, სამყარო „გამკეთილშობლებისა“ და „პროგრესისტებისა“, რომელთაც ვერ გააცნობიერეს ახალი აღთქმა, დღემდე მოითხოვენ ჩვენგან: „გვითხარით, რომ ჩვენთვისაც არის ხსნა“. დიახ, ხსნა თქვენთვისაც იქნება, თუ ქრისტესთან მოხვალთ, თუ სახარებას სრულად მიიღებთ, და არა ნაწილობრივ, თუ შეისმენთ მის მოწოდებას: შეინანეთ… მიიღეთ… ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა.
ავტორი: დიაკვანი ანდრია კურაევი