— რაც შეეხება ჭეშმარიტი და ცდომილი სწავლებების, ანუ მართლმადიდებლობისა და ერესის ურთიერთმიმართებას, ეს საკითხი ქრისტიანული მოძღვრების ყოფითი ისტორიის დასაბამიდანვე დღის წესრიგში იდგა მახარებლებთან და მოციქულებთან, იმიტომ, რომ მახარებელ-მოციქულნი ის პიროვნებები იყვნენ, რომლებიც უშუალოდ მოღვაწეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში და ურთიერთობა ჰქონდათ წარმართულ სამყაროსთან. მათ წინაშე ერესის პრობლემა ძალიან ცხოვლად იდგა. ეკლესიის მამები დაუღალავ მოღვაწეობას ეწეოდნენ ამ პრობლემის მხრივ მრევლისათვის მართებული განმარტების მისაწოდებლად.
პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საეკლესიო მოძღვართა შრომებში ხსენებული საკითხი სიღრმისეულად, აბსოლუტურად ამომწურავადაა დამუშავებული, ჩამოყალიბებული და გადმოცემული, რასაც მხოლოდ შესწავლა-გათვალისწინება უნდა და არა იმგვარი პოზის მიღება, თითქოს ახლა ვიწყებდეთ პრობლემების გარკვევას. ჟურნალ ”გზა სამეუფოს” სახელწოდებაც ამ მოძღვრების პირდაპირი გამოხატულებაა. სამეუფო გზა ანუ შარაგზა (თვითონ სიტყვა ”შარაგზაც”, ”შარაც” მრავლისმეტყველია, ვინაიდან, ეს სიტყვა სამეფო გზას, მთავარ გზას ნიშნავს) არის ის გზა, რომელიც არც ერთ უკიდურესობას არ მიელტვის, არსაითკენ არ იხრება და პირდაპირ მიემართება ცხონებისაკენ, სასუფევლისკენ, გადარჩენისკენ. ასეთ გზას ძველ აღთქმაში, ახალ აღთქმასა და ეკლესიის მამებთან ”სამეუფო გზა” ეწოდება, ანუ ესაა ის ცენტრალური გზა, რომელსაც ცხონებისაკენ მივყავართ და რომლისგანაც არ უნდა გადავუხვიოთ არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, მხოლოდ შუალედური მდგომარეობა უნდა გვეჭიროს, რადგან ”უკიდურესობანი შემაცდენელია” (წმ. გრიგოლ ნოსელი). აი, ეს არის გზა სამეუფო. ამ გზას ასაჩინოებს დიდი ბასილი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმიდა იოანე ოქრონექტარი (ოქროპირი) და, საზოგადოდ, უკლებლივ ყველა გამოჩენილი საეკლესიო მოძღვარი. მათ შორის ”ფილოსოფოსთა ფილოსოფოსად” და ”ნექტარად” წოდებული დიდი კლიმენტი ალექსანდრიელი.
რაც შეეხება ეკლესიის დამოკიდებულებას ერეტიკული სწავლებებისადმი, ამის შესახებ მამათა მიერ ჩამოყალიბებულია დებულება, რაც საუკუნოვანი სწავლებაა და აბსოლუტურად ურყევია. ეკლესიური ხედვა და უმყარესი პოზიცია ერესთან მიმართებაში აუცილებლად ორი პუნქტისაგან შედგება, ე.ი. ეს დებულება არ არის ერთპუნქტოვანი. ფაქტობრივად სახეზეა ორი დებულება, რომლებიც ერთ მთლიანობად უნდა გავაცნობიეროთ და ორივე დებულების მთლიანობაში უნდა ვჭვრეტდეთ ნებისმიერ სხვა მოძღვრებას. საკუთრივ სიტყვა ”ერესი” არის ბერძნული სიტყვა ”ჰაირესის”, რომელსაც მრავალი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, რაც ამჯერად საყურადღებოა, ”არჩევანი”. მართლაც, ზმნა ”ჰაიერო” ნიშნავს — ”მე ვირჩევ”, მაგრამ არჩევანის შეტანა დოგმატში ყოვლად შეუძლებელია. არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ”მე მიმაჩნია”, ”მე ვირჩევ ეს ასე იყოს”. დოგმატი არის გამოცხადებითი სწავლება და მორწმუნემ იგი ისე უნდა მიიღოს, როგორც არის. მოძღვარს შეუძლია განმარტოს დოგმატი, მაგრამ თავისი არჩევანისამებრ მისი შეცვლისა და გადაკეთების უფლება არა აქვს. ამიტომ შეიძინა ამ ”არჩევანმა”, ”პიროვნულმა თვალსაზრისმა” ანუ ბერძნულად ”ერესმა” მცდარი მოძღვრების შინაარსი. როგორც კი ჩვენ დოგმატს არჩევითი ფორმით მივუდგებით, უკვე ცდომილებაში ვართ. სწორედ ამით განსხვავდება ერთმანეთისაგან დოგმატი და ადამიანური აზრი, ანუ თვალსაზრისი. თვალსაზრისი ის არის, რომელიც შემიძლია მივიღო და შემიძლია — არა. შეიძლება გარკვეული მოვლენების მიმართ განსხვავებული თვალსაზრისებიც ვნახოთ ეკლესიის მამათა შორის, მაგრამ დოგმატურ საკითხებში მათ შორის აბსოლუტური ერთსულოვნებაა. დოგმატში არჩევნისა და პირადი თვალსაზრისის შეტანა ყოვლად დაუშვებელია, ამიტომ ვინც კი დოგმატის შესაცვლელად კადნიერდებოდა, ერეტიკსოად ირაცხებოდა.
ზოგადად როცა სიტყვა ”ერესი” დამკვიდრდა ანტიერეტიკულ საეკლესიო ლიტერატურაში, მან ორი გააზრება მიიღო: ერთი ფართო და მეორე კერძოობითი.
ფართო მნიშვნელობით ერესია ნებისმიერი მოძღვრება, რაც კი არამართლმადიდებლურია, იქნება ეს საკუთრივ, გარეგნულად, სახელწოდებითად ქრისტიანული, მაგრამ არამართლმადიდებლური აღმსარებლობანი, თუ ეს იქნება საზოგადოდ, გარეგნულადაც, სახელწოდებითაც არაქრისტიანული მოძღვრებანი: ანტიკური ფილოსოფია, სხვადასხვა რელიგიები — ბუდისტური, იუდაისტური, ისლამური და ნებისმიერი სხვა. მართლაც, თუ ერესი გადახვევაა, სამეუფო გზიდან აცდენაა, მართლმადიდებლისთვის ყველა სხვა მოძღვრება ამ გზას აცდენილია, ანუ ყველა ერესია. არ შეიძლება, რომ არსებობდეს ერთმანეთისგან განსხვავებული ორი მოძღვრება და ორივე მათგანი ჭემარიტი იყოს. არსობრივი ჭეშმარიტება ყოველთვის ერთია, ამიტომ ნებისმიერი მოძღვრება, რომელიც მართლმადიდებლობას რაიმეთი დოგმატურად, ანუ ცენტრალური სწავლებით უპირისპირდება, ეკლესიის რჯუდლებით ერესია, რა ეპოქაში და რა სივრცეშიც არ უნდა ვლინდებოდეს იგი. ეს არის ზოგადი მნიშვნელობა ერესისა, რაც კარგად დასტურდება წმიდა იპოლიტე რომაელის ათწიგნედ შრომაში სათაურით ”ყველა ერესის წინააღდმეგ”. ხსენებულმა მამამ III საუკუნის პირველ ნახევარში ერთ-ერთი უადრესი მონუმენტური ანტიერეტიკული შრომა დაწერა, თუმცა ამ წმიდანს ჰყავდა ორი დიდი წინამორბედი: წმიდა იუსტინე მარტვილი, ფილოსოფოსი, რომელმაც II საუკუნის შუა წლებში პირველმა შეადგინა ანალოგიური ტიპის ნაშრომი, რასაც ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა, დაკარგულადაც არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან გაბნეულია მთელ შემდგომ საეკლესიო ლიტერატურაში, სადაც გვიანდელ ავტორთა მიერ ხშირად არის იგი დამოწმებული. მეორე დიდი წინამორბედი გახლავთ წმიდა ირინეოს ლიონელი, რომელმაც II საუკუნის მიწურულსა და III ს-ის დამდეგს დაწერა ცნობილი ხუთწიგნედი ”მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა”. აი, ამ ორ ნაშრომს ეფუძნება ძირითადად იპოლიტე რომაელის ათწიგნედი, რომლის პირველ წიგნსც ასეთი სახელწოდება აქვს: ”ნასიბრძნისმეტყველებანი”. საგულისხმოა, რომ ამ ნაშრომში, სადაც მიმოხილულია ერესის ისტორია და სხვადასხვა ერეტიკული მოძღვრებებია წარმოდგენილი, ერესთა შორის თანაბრად არის შეტანილი როგორც, ვთქვათ, პლატონური მოძღვრება, ასევე საკუთრივ ეკლესიის გარშემო აღმოცენებული ცრუქრისტიანული სწავლებები, სხვადასხვა ქრისტიანული აღმსარებლობანი. ასე რომ, ერესის ზოგადი გაგებით, მართლმადიდებელი მოძღვარი თანაბრად ერეტიკულად რაცხს ანტიკური ფილოსოფიისა და, ვთქვათ, ბუდისტური რელიგიის თუ მონოფიზიტური აღსმარებლობის წარმომადგენელს.
რაც შეეხება ”ერესის” კერძოობით მნიშვნელობას, ამ მხრივ აღნიშნული ტერმინი მოიცავს საკუთრივ ზემოხსენებულ ცრუქრისტიანულ სწავლებებს.
ერესი განვრცობის თვალსაზრისით ზოგჯერ უდიდესი ყოფითი დიაპაზონის მქონეა. როგორ უყურებს მართლმადიდებლობა ამ ყოველივეს, აბსოლუტურად მოიკვეთს იგი ერეტიკოსის მთელ მოძღვრებას, თუ არის რაღაც, რითაც ეკლესია მთლად ბოლომდე არ განიშორებს კაცობრიობის ამ ცდომილ ნაწილს? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საეკლესიო მართლმჭვრეტელობა ერთი დებულების ორ ქვედებულებას, ორ განჩინებას გვთავაზობს, რომლებიც აუცილებლად ერთ მთლიანობად უნდა გვქონდეს შესისხლხორცებული. საკმარისია მხოლოდ ერთი განჩინებით ვიხელმძღვანელოთ (მეორისგან მოწყვეტილად), რომ ჩვენ თვითონვე ვვარდებით ერესში. პირველი დებულება გახლავთ შემდეგი: მართლმადიდებლობა აბსოლუტურად უშეღავათოდ, ყოველგვარი კომპრომისის და იკონომიის გარეშე ყოვლითურთ განიშორებს და ერეტიკულად რაცხს ნებისმიერ მოძღვრებას, როგორც ასეთს, ანუ ნებისმიერ მოძღვრებას, როგორც სისტემას, როგორც მთლიანობას, ეს კი იმიტომ, რომ მართლმადიდებლური მოძღვრება თავადვე ერთი განუყოფელი მთლიანობაა გამოთქმითად ცალკეული სწავლებებისა, ცალკეული დოგმატებისა, ანუ მართლმადიდებლობა როგორც უცვალებელი მოძღვრება, წარმოადგენს მყარ სისტემას. შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნავდით, შეუძლებელია არსებობდეს კიდევ სხვა სისტემა, მართლმადიდებლობისგან განსხვავებული და ისიც ჭეშმარიტი. ამიტომ თუ მე მართლმადიდებლობა მწამს ჭეშმარიტ მოძღვრებად, როგორც სისტემა, როგორც სწავლებითი მთლიანობა და სტრუქტურა, შეუძლებელია, რომ ამის პარალელურად რომელიმე სხვა მოძღვრება, როგორც მთლიანობა, ასევე ჭეშმარიტებად მწამდეს. მაგალითად, შეუძლებელია, მართლმადიდებლობაც გწამდეს ჭეშმარიტად და ბუდიზმიც. გამომდინარე აქედან, აშკარაა, რომ ნებისმიერ მოძღვრებას, როგორც სისტემას, როგორც მთლიანობას, აბსოლუტურად უშეღავათოდ განიშორებს, განაგდებს და ანათემირებულ ჰყოფს ეკლესია, მწვალებლურად რაცხს და მოიკვეთს მას.
ესაა პირველი განჩინება. ზოგჯერ ამ განჩინებას მცდარად იმარჯვებენ იმის დადასტურების მიზნით, თითქოს მართლმადიდებლობა აბსოლუტურად ყველაფერს უპირისპირდება, ყველაფერს გმობს, მაგრამ ეს ასე არაა. პირველ ქვე-დებულებას აუცილებლად მოსდევს მეორეც, მასთან თანაბარძალოვანი. მათ შორის პირველ-მეორეობა ღირსების ნიშნით არ არის გამოხატული, შეგვეძლო მეორით დაგვეწყო: უბრალოდ, სისტემური სახით ასე სჯობს: ჯერ რას უარყოფს და მერე რას არ უარყოფს ეკლესია.
მეორე დებულება ასე ჟღერს:
ყოვლადუშეღავათოდ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ეკლესია ყოვლითურთ შეიწყნარებს და იწონებს, თუ რამ ამა თუ იმ მოძღვრებაში მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან თანხვედრაა. და რატომ? იმიტომ, რომ, ეკლესიური სწავლებით, თუ რომელიმე მოძღვრებაში რაიმე კეთილი, ღირსეული სწავლებაა, არ შეიძლება, იგი იმ ერეტიკული მოძღვრების წარმომავლობისა იყოს, რადგან ერესი ანუ არსობრივი ცთომილება ჭეშმარიტ აზრს ვერასოდეს შობს. ნებისმიერი კეთილი აზრი, მართებული სწავლება აუცილებლად ღვთისგან მომდინარეობს იმიტომ, რომ უკეთურებისგან მართებულობა ვერასოდეს წარმოიშვება. შესაბამისად, როდესაც უარვყოფთ რომელიმე სხვა მოძღვრებას, როგორც სისტემას, თუ, ამავე დროს, უარვყავით რაიმე ღირსეული ამ მოძღვრებაში, ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვდივართ უარმყოფელები ღვთისგან მომდინარე სიკეთისა და, ცხადია, ისეთსავე ცდომილებაში ვიმყოფებით, როგორც იმ შემთხვევაში ვიქნებოდით, ის მოძღვრებები მთლიანად რომ მიგვეღო და გაგვეზიარებინა. მართლაც, როცა გვესმის, ვთქვათ, იმავე პლატონისგან, რომ ღმერთი ყოველივეზე აღმატებულია, მიუწვდომელია კაცობრივი ბუნებისთვის და რომ ადამიანური მოღვაწეობის ჭემშარიტი მიზანი არის ღვთისადმი მიმსგავსება, ეს თავისთავად ძალიან ღირსეული სწავლებაა და, ტერმინოლოგიურად, თანხვედრია საეკლესიო მოძღვრებასთან ღვთისადმი მიმსგავსების შესახებ. ჩვენ არ შეგვიძლია იგი რაიმე უკეთურებად ჩავთვალოთ, პირიქით, უნდა გამოვარჩიოთ იგი, როგორც სარეველასგან იფქლი ანუ ხორბალი. პლატონისათვის თავისი მოძღვრების ყველა ელემენტი, რა თქმა უნდა, სწორი სწავლება, ჭეშმარიტება იყო, მაგრამ თუ რა იყო სინამდვილეში ჭეშმარიტი და არაჭეშმარიტი მის სწავლებაში, ამას მხოლოდ ის დაადგენს, ვისაც ჭეშმარიტების ჩირაღდანი უპყრია ხელთ. ამიტომ მივიჩნევთ, რომ მართლმადიდებელი მოღვაწე, როგორც ჭეშმარიტების წიაღში მყოფი, გაცილებით უკეთ ჭვრეტს ამა თუ იმ მოძღვრებაში რა არის მართებული და რა არა, ვიდრე თვით იმ მოძღვრების რომელიმე წარმომადგენელი. ეს იმიტომ, რომ, კვლავ გავიმეორებთ, ამა თუ იმ მოძღვრების წარმომადგენელს თავის მოძღვრებაში ყველაფერი მართებული ჰგონია, მაგრამ მამათაებრ მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, რომელსაც ხელთ აქვს ჭეშმაირტების განმრჩეველი ჩირაღდანი და მანათობელი შუქურა, ამ შუქურის სინათლეზე ყველაფერი გამჭვირვალეა. ამიტომ შეუძლია მას განარჩიოს, პლატონის მოძღვრებაში რა არის შავი და რა ნათელი წეტილი. რის საფუძველზე? აქ არსებობს ძალიან მყარი კრიტერიუმი და საზომი: რაც კი ამა თუ იმ მოძღვრებაში თანმხვედრია მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან, ეს ყველაფერი არსობრივად მართლმადიდებელი მოძღვრების ნაწილია, მისი ელემენტია და, უბრალოდ, აღმოჩენილია მისთვის შეუფერებელ გარემოში, ისე როგორც სარეველაში იფქლის მარცვალი. არა მხოლოდ სწავლებებში, არამედ თვით ცხოვრებისეულ ქმედებებშიც კი ასეა: რაც კი რამ კარგი მოქმედებაა, როგორც მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, ყოველივე ეს სულიწმიდის მოქმედების გამოვლინებაა. ჩვენ გამოვაქვეყნეთ წმ. მაქსიმეს ეს სწავლება (”სულიწმიდის რამდენსახოვანი მოქმედებანია ცნობილი კაცობრიობის ისტორიაში”) ჩვენი ახალქართული თარგმანით და კომენტარებით, რასაც პარალელურად ძველი ქართული გელათური თარგმანიც დავურთეთ. ამ თხზულებაში წმიდანი სულიწმიდის მოქმედების სამგვარობას ასაჩინოებს. და გვმოძღვრავს, რომ თვით მომთაბარე ველურ ტომებშიც კი თუკი რამ კეთილი ტრადიცია, ჩვევა არსებობს, მაგალითად უფროსისადმი პატივისცემა, დაჩაგრულისადმი ხელის გაწოდება და სხვა, ესეც სულიწმიდისეული ანუ მართლმადიდებლურია. რა თქმა უნდა, ამგვარი რამ უფრო მეტად ითქმის ცალკეული ღირსეული სწავლებების მიმართ.
ამრიგად, თუ პირველი განჩინება ისაა, რომ მართლმადიდებლობა ნებისმიერ მოძღვრებას, როგორც სისტემას უარყოფს უშეღავათოდ, ამავე დროს, მეორე განჩინებისამებრ, იგივე მართლმადიდებლობა ყოვლად უდანაკარგოდ მოიძიებს და შემოკრებს ნებისმიერ ღირსეულ მონაცემს, რაც არ უნდა უცხო გარემოში იყოს ის ”დატყვევებული”. მართალია, ასეთი ძიების დროს ძალიან დიდია საფრთხე იმისა, რომ ეს პიროვნება, ეს ქრისტიანი თვით მისივე თანამოძმეებმა, მართლმადიდებლებმა (უკეთ, ოდენ სიტყვით მართლმადიდებლებმა) ერეტიკოსად მიიჩნიონ. ამ საფრთხეს უდიდესი ახოვანებით ხვდებოდნენ მართლმადიდებლობის კორიფეები, უკლებლივ ყველა, დაწყებული პირველი საუკუნიდან დღემდე. მაგალითად, წმიდა იუსტინე მარტვილი, სხვათა შორის, სწორედ პლატონთან დაკავშირებით ამბობს, რომ პლატონის სწავლება ქრისტიანობისგან მთლად უცხო კი არაა, არამედ პირიქით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანად მსგავსი არააო. სოკრატეზე კი ასეთ რამეს ამბობს: ”სოკრატემ ნაწილობრივ შეიცნო ქრისტე”. მეოთხე საუკუნეში წმიდა ბასილი დიდს ამ კუთხით აურაცხელი დებულება აქვს გამოთქმული. წარმართ ლიბანიოსზე ასეთ რამეს გვამცნობს იგი (მოვიტანთ წმ. ეფრემ მცირის თარგმანს): ”სულიერნი სიტყვანი მიწიერმან ლიბანი აღწერა, რომელმაც ხოლოდ მიჰმადლა სული სიტყუათა”. ამაზე სპეციალური ბროშურაც გამოვაქვეყნეთ — ”ზოგი სარწმუნოებრივ-დოგმატური საკითხის შესახებ” (თბ. 1995). ჩვენ შეგვიძლია შევჩერდეთ ასევე ისეთ უდიდეს დოგმატიკოსზე, როგორიცაა წმიდა კირილე ალექსანდრიელი, ჭეშმარიტად ნიმუში და მწვერვალი დოგმატიკისა V ს-ში, რომელიც ყოვლად უშეღავათოდ ებრძოდა ნესტორს. მას აქვს შესანიშნავი ნაშრომი ივლიანე განდგომილის წინააღმდეგ, სადაც, მართლია, ივლიანეს და ივლიანესგან აღსარებულ წარმართულ მოძღვრებას ყოვლითურთ განაქიქებს, მაგრამ იქვე, თუ რამ თანხვედრია ქრისტიანულ მოძღვრებასთან, ყოვლად უდანაკარგოდ გამოყოფს და დიდ ღირსებას განუკუთვნებს. ამასთან, მას დამოწმებული აქვს არა მხოლოდ ფილოსოფოსთა, არამედ პოეტების — ევრიპიდეს, სოფოკლეს, კანონმდებლების, რიტორების ის სწავლებები, რაც ქრისტიანობას უკავშირდება. რიტორიკის ფუძემდებელი დემოსთენე, ცალკეული გამონათქვამების მიხედვით, ძალიან ღირსეულ მოღვაწედაა შეფასებული ისეთი დიდი მოძღვრის მიერ, როგორიცაა მეუდაბნოე მამა წმ. ისიდორე პელუსიელი (IV-V). ანდა ცნობილი ფილონ ალექსანდრიელი გავიხსენოთ. ეს იუდეველი ღვთისმეტყველი, იუდაისტური ღვთისმეტყველების ყველაზე დიდი წარმომადგენელი, სარწმუნოებითად აბსოლუტურად გაუცხოებული მართლმადიდებლობისგან, წმ. ისიდორე პელუსიელის სწავლებით, მეორე ჰიპოსტასის განმჭვრეტი გახდა და ამით იგი მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას დაუკავშირდა (შდრ. ისიდორე ასკვნის: ”ამრიგად, ფილონიც უკავშირდება მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას”).
ამრიგად, ზემოხსენებული ორი დებულება მთლიანობაში უნდა გვქოდნეს შეთვისებული, რაც ნიშნავს, რომ არც სხვისი მოძღვრება უნდა ვაღიაროთ როგორც ჭეშმარიტება (რადგან ეს უკვე ლიბერალიზმია და მართლმადიდებლური მოძღვრების უარყოფაა), მაგრამ, ამავე დროს, არც ღირსეული მარცვალი უნდა უკუვაგდოთ, რა ცთომილ მოძღვრებაშიც არ უნდა იყოს იგი გაბნეული, რადგან ამგვარი მარცვლის უარყოფით ჩვენ იმავე ღვთის მარცვალს უარვყოფთ და უდიდეს კადნიერებაში ვვარდებით. როცა იოანე დამასკელმა VIII საუკუნეში შეადგინა მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით ფუნდამენტური, სარწმუნოებრივ-დოგმატური ნაშრომი, წინ წარუმძღვარა ფილოსოფიური განმარტებანი — ”თავნი საფილოსოფონი”, რომლის შესავალში ამბობს, რომ ეს ყველაფერი, რაც ამ თავებშია, წარმართ ბრძენთაგან შემომიკრებიაო, რადგან მისწავლიაო, რომ რაც კი რამ კეთილია, ”გარდამომავალ არს მამისაგან ნათელთაისა” (შდრ. ”პირველად წარმოვადგენ ელინ ბრძენთა საუკეთესო სწავლებებს, ვიცი რა, რომ თუკი რამ კარგია, ზემოდან ღვთის მიერ არის მონიჭებული”). ვფიქრობთ, დიდი მამის ამ სიტყვებით ყველაფერია ნათქვამი.
ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ედიშერ ჭელიძე
ესაუბრა ნათია თარაშვილი
გაზეთი ”საპატრიარქოს უწყებანი”, № 33, 2005 წ.