„რეფორმაციის ნამდვილი გზა“

„რეფორმაციის ნამდვილი გზა“

წმ. ნინოს სახელობის აპოლოგეტურ-მისიონერული ცენტრის პასუხი ქ-ნ ნატალია ჩიქოვანის სტატიას — «რეფორმაციის გზა»

„მეც გეუბნები შენ: შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი.“ (მათ.16:18)

პროტესტანტიზმს ეკლესიის საყოველთაო განდგომილების თეორიის ჰიპოთეზის დასაბუთების მცდელობა ახასითებს, რომელიც უფლის სიტყვას ეწინააღმდეგება და არც ეკლესიის ისტორიით და არც წმინდა წერილით არ დასტურდება. ქალბატონი ნატალია ჩიქოვანი თავის სტატიაში- „რეფორმაციის გზა“,მკითხველს ეკლესიის განდგომილების ისტორიას სთავაზობს, რომელმაც მისი აზრით მრავალი არაქრისტიანული და უფრო მეტიც, წარმართული ელემენტების დამკვიდრება გამოიწვია ქრისტეს სხეულში- ეკლესიაში. ეკლესიის ისტორიის შავ-ბნელ ფერებში წარმოჩენა პროტესტანტიზმის, ნეოპროტესტანტიზმისა და ფსევდოპროტესტანტიზმის საღვთისმეტყველო ხელწერაა. ამ მცირე სტატიაში ქალბატონი ნატალია ჩიქოვანის სტატიის ანალიზს და კრიტიკას გთავაზობთ. ცხადია მოცულობით მცირე სტატიის პირობებში სათიათაოდ ყველა საკითხს ვერ განვიხილავთ, მაგრამ წარმოგიდგენთ მართლმადიდებელის მთავარ პასუხს-ეკლესიოლოგიურ არგუმენტს.

ეკლესია 313 წლამდე 313 წლამდე ეკლესიის მოღვაწეობას ქალბატონი ნატალია ჩიქოვანი დადებით და ნათელ ფერებში წარუდგენს მკითხველს იმ კუთხით, რომ თითქოს ამ დროს გარდა დევნებისა არაფერი არ ებრძოდა ეკლესიას და არც ერეტიკოსები, განდგომილი და უზნეო ადამიანები არსებობდნენ ეკლესიის წიაღში. აქ ხაზი უნდა გავუსვათ იმასც, რომ მოძღვრებითი და ზნეობრივი პრობლემები ეკლესის წინაშე მოციქულების დროშიც იდგა, მაგრამ ეკლესია ამ წინააღმდეგობას უფლის შეწევნით უმკლავდებოდა. ყველა ქრისტიანისთვის ცნობილია, რომ ქრისტეს ერთი მოწაფე- იუდა ისკარიოტელი უფლის გამყიდველი გახდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მოციქული ასეთია. ჯერ კიდევ მოციქულების სიცოცხლეშივე წამოიჭრა დავა იუდეველ ქრისტიანებსა და წარმართობიდან მოქცეულ ქრისტიანებს შორის (საქმ.15), რომელიც იერუსალიმის კრებამ მოაგვარა, თუმცა ბევრი იუდეველი ქრისტიანი მაინც ცდილობდა იუდეველური ადათ-წესები მოეხვია თავს არაიუდეველი ქრისტიანებისთვის. პავლე მოციქული ამ საკითხს მრავალჯერ ეხება თავის ეპისტოლეებში, განსაკუთრებით გალატელთა მიმართ წერილში. ზოგი იუდეველი ქრისტიანი იუდაიზმშიც კი დაბრუნდა. ახლა რაც შეეხება ზნეობრივ საკითხს: ახალ აღთქმაში ჩანს, რომ ვიღაცას მამის ცოლი ყავდა ცოლად(1კორ.5:1), ასევე ბევრი იყვნენ ვნებებით სავსე ქრისტიანებიც (1კორ.3:3-4) დიოტრეფე არ ღებულობდა მოციქულ იოანეს და მის მიერ წარგზავნილ ხალხს და ბოროტ ხმებს უყრიდა მათ (3იოან.1:9-10), ჯიბრით მქადაგებელი ქრისტიანებიც იყვნენ (ფილიპ.1:15). იოანეს სიცოცხლეშივე იყო გნოსტიციზმი და გნოსტიკოსები, რომლებიც მიიჩნევდნენ რომ მატერია ბოროტებაა და შესაბამისად უარყოფდნენ ქრისტეს რეალურ გნკაცებას (2იოან.1:7). ამ ერესს ებრძოდა პოლიკარპე სმირნელი (იოანე მოციქულის მოწაფე და სმირნას ეპისკოპოსი), ირინეოს ლეონელი(პოლიკარპეს მოწაფე) და სხვ. ეკლესიას მოციქულების დროში, შემდგომაც და ყველა პერიოდში ქონდა პრობლემები და ექნება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, მაგრამ უფალი ამბობს რომ „..ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი(მათ.16:18).“ უფლის ეს სიტყვა- მტკიცებულება ეხება ეკლესიის დედამიწაზე არსებობის ყველა პერიოდს და არასდროს დადგება დრო, რომ ჯოჯოხეთის ბჭენი შეძლებენ ქრისტეს სხეულის დაძლევას.

ეკლესია და წმ. წერილი ქალბატონი ნ. ჩიქოვანი ბრძანებს:„თუ პირველი 300 წელი ეკლესია ზემოქმედებდა კაცობრიობაზე, მე-4 საუკუნეში ქვეყნიერებამ დაიწყო ზემოქმედება ეკლესიაზე, რამაც გამოიწვია პოლიტიკის, ქვეყნიერების და წარმართობის განზავება ქრისტიანობასთან.“ უკვე აღვნიშნეთ, რომ ეკლესიას 313 წლამდეც ქონდა, როგორც შიდა, ასევე გარე გამოწვევები და მან ეს დასძლია. ისტორიის ყველა პერიოდში ადამიანზე გავლენას ახდენს, იმ დროისთვის დამახასიათებელი მსოფლმხედველობა, ფილოსოფია, პოლიტიკური გარემოება, სოციალური პირობები. ეკლსიაც თავისი დროის საზოგადოების ნაწილია, მაგრამ ის ყველა დროში არის „…ჭეშმარიტების სვეტი დ ასაფუძველი (1ტიმ.3:15) და „მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი (მათ.16:18).“ მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში არ არიან უცოდველი ადამიანები, ეკლესია ქრისტეს სხეულია, ცოცხალი ორგანიზმია და ზუსტად ამიტომ ეკლესიას ვერ დაძლევს „ჯოჯოხეთის ბჭენი“, პოლიტიკური ზეგავლენა, ფილსოფია და სხვა მიზეზი თუ ვითარება.

ქალბატონი ნ.ჩიქოვანის აზრით მე-4 საუკუნის შემდეგ ქრისტიანობისა და წარმართობის განზავება ხდება. გამოდის რომ ეკლესიას სძლია მე-4 საუკუნის გარემოებამ, ეს კი უფლის სიტყვას ეწინააღმდეგება. პავლე მოციქული წერს: „ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს(1ტიმ.4:1)“. აშკარაა რომ რწმენისგან განდგებიან ზოგიერთები და არა მთლიანად ეკლესია. ეკლესიაში ყოველთვის იყვნენ და არიან მედროვეები, ანგარების მქონე და კარიერისტი ადამიანები, მაგრამ ისინი ასეთი ცხოვრების წესით თავიანთ თავს თვითონ აშორებენ ეკლესიას და არა ეკლესიას უფალს. თუ ეკლესია დაძლია ჯოჯოხეთის ბჭემ, მაშინ ჭეშმარიტებაზე საუბარი შეუძლებელია, რადგან არ გვეცოდინება სად არის ჭეშმარიტება.

ცნობილია, რომ პროტესტანტების ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი და საღვთისმეტყველო თეზისი არის „Sola scriptura“ — მხოლოდ წმ. წერილი. ამ თეზისთან მიმართებაში პირველ რიგში აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეკლესიამ გამოარჩია ახალი აღთქმის 27 წიგნი, მრავალი აპოკრიფული და ფსევდოეპიგრაფიული(ცრუ ავტორის ეპიგრაფის მქონე წიგნები) წიგნებისგან. თუ მეოთხე საუკუნეში ეკლესია წარმართული ელემენტებით იყო გაჯერებული, მაშინ ის ღვთის სულით ვერ იქნებოდა მართული და ვერ დაადგენდა ახალი აღთქმის კანონს, რომლითაც დღეს ყველა პროტესტანტიც სარგებლობს. ან ეკლესია არ იყო განდგომილებაში და სწორად დაადგინა ახალი აღთქმის კანონი, ან განდგომილებაში იყო და ახალი აღთქმის 27 წიგნის კანონიკურად დადგენა მცდარია. ახალი აღთქმის კანონის დადგენის დრო ზუსტად მე-4 საუკუნით თარიღდება( ლაოდეკიის ადგილობრივი საეკლესიო კრება 360 წ, სხვა ვერსიით 340 წ; რომის კრება 382წ; გიპონის ადგილობრივი საეკლესიო კრება 393წ; კართაგენის ადგილობრივი საეკლესიო კრება 397წ.)

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქალბატონი ნ.ჩიქოვანის მოსაზრების თანახმად ამ პერიოდში ეკლესია წარმართულია. ახალი აღთქმა, როგორც სულიერი წიგნი ეკლესიის პროდუქტია და არავითარ შემთხვევაში ეკლესია არ არის ახალი აღთქმის პროდუქტი, რადგანაც ახალი აღთქმის საბოლოო კანონი ეკლესიამ წმ. სულის ხელმძღვანელობით განახორციელა. როგორც იაკობ მოციქული ამბობს :„განა მოედინება ერთი წყაროსთვალიდან ტკბილი და მწარე? ჩემო ძმებო, განა შეუძლია ლეღვის ხეს ზეთისხილი მოისხას, ანდა ვაზს — ლეღვი? ასევე ერთი წყაროდან არ შეიძლება მოედინებოდეს მლაშე და ტკბილი წყალი(იაკობ.3:11-12).“ გავაგრძელებ იაკობ მოციქულის ლოგიკით: განა შეიძლება ჯოჯოხეთის ბჭეემა დაძლიოს ეკლესია (მათ.16:18)?, განა შეიძლება „ჭეშმარიტების სვეტი და სფუძველი (1ტიმ.3:15)“, „ქრისტეს სხეული (ეფეს.1:23)’’ იყოს დაძლეული ბოროტი ძალების მიერ? — შეუძლებელია.

ახლა უშუალოდ „Sola scriptura“-ზე, ანუ „მხოლოდ წმ. წერილის“-ზე. სინამდვილეში მხოლოდ წმინდა წერილით არცერთი ქრისტიანული მიმდინარეობა არ სარგებლობს. ყველას წმ. წერილის საკუთარი განმარტება აქვს, იმიტომ რომ წმ. წერილი განმარტებას საჭიროებს, რადგან „…წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება (2პეტრ.1:20)“,შემდეგ პეტრე მოციქული განაგრძობს: „ვინაიდან წინასწრმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას (2პეტრ.1:21)“. პეტრე ასევე წერს პავლეს ეპისტოლეებში რთულად გასაგები საკითხების შესახებ: „და ჩვენი უფლის სულგრძელობა მიიჩნიეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ პავლემაც მოგწერათ მისთვის მინიჭებული სიბრძნით, როგორც ლაპარაკობს იგი ამის შესახებ ყველა წერილშიც, რომლებშიც ზოგი რამ ისე ძნელად გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი, სხვა წერილების მსგავსად, ამახინჯებენ საკუთარი თავის დასაღუპად(2პეტრ.3:15-16). პროტეტსტანტულ თეოლოგიას ერთი საერთო საფუძველი აქვს “Sola scriptura”(მხოლოდ წმ.წერილი), მაგრამ ზუსტად ეს არის მიზეზი უამრავი კონფესიის წარმოშობისა პროტესტანტებში,  რომლებიც თითქოსდა „მხოლოდ ბიბლიით“ უპირისპირდებიან ერთმანეთს, მაგრამ ვერ თანხმდებიან. “Sola scriptura”, უფრო განხეთქილებას ქმნის, ვიდრე ერთობას, რადგანაც პროტესტანტიზმმა წმინდა წერილი წმინდა გარდამოცემას ჩამოაშორა, ამოგლიჯა გარდამოცემიდან და დავისა და განხეთქილიების საგნად და საშუალებად აქცია. რა თქმა უნდა მარტინ ლუთერი გულწრფელი იყო, მაგრამ ის გულწრფელად შეცდა. წმინდა გარდამოცემიდან ამოგლეჯილი წმინდა წერილი გაუგებარი გახდა და პროტესტანტიზმში ურთიერთგამომრიცხავ განმარტებას დაექვემდებარა. ამრიგად პროტესტანტებმა შექმნეს საკუთარი კონფესიისთვის დამახასიათებელი გარდამოცემა, რომელიც ბიბლიის განმარტების სახით რადიკალურ ინდივიდუალიზმში გადაიზარდა. ”ეს მე უფალმა გამომიცხადა” — იტყვის პროტესტანტი და მისი “გამოცხადება” ახალი მიმდინარეობის დაფუძნების საფუძველი ხდება. ეს დაყოფა რომელმაც 10 000 და ზოგის აზრით 22 000 დენომინაციას მიაღწია , შეუჩერებელი პროცესია. საჭიროა პროტესტანტიზმის დღევანდელ ზნეობრივ და მორალურ სწავლებაზე ითქვას რამოდენიმე სიტყვა. ლუთერანული კონფესიის ერთ-ერთმა გაერთიანებამ ოფიციალურად აღიარა ერთსქესიანი ქორწინება, როგორც ქრისტიანობისთვის (მათთვის) მიღებული ნორმა. აქ კანონზომიერება მოითხოვს დავსვათ კითხვა: როგორ მივიდა ლუთერანული კონფესია მხოლოდ წმინდა წერილის საფუძველზე ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებამდე? — ცხადია თვითნებურად, რადგანაც პროტესტანტებმა წმ. წერილი წმ. გარდამოცემისგან გამოაცალკევეს. ცნობილია, რომ მარტინ ლუთერი იაკობის ეპისტოლეს, „ჩალის ეპისტოლეს“ უწოდებდა. ის უარყოფდა ებრაელთა მიმართ წერილს, იაკობისა და იუდას ეპისტოლეს და გამოცხადების წიგნსაც. სამწუხაროდ მარტინ ლუთერი ახალი აღთქმის წიგნთა ახლი კანონის დადგენის თვითნებური ინიციატორი იყო. პროტესტანტებს შორის დაპირისპირება ლუთერის ცხოვრებაშივე მოხდა, როდესაც რადიკალური რეფორმაციის შტო და მაგისტრული რეფორმაციის მხარეები ვერ შეთანხმდნენ. იყო თეოლოგიური და პოლიტიკური დაპირისპირება. დღეს საბედნიეროდ ეს დაპირისპირება მხოლოდ თეოლოგიურ ხასიათს ატარებს. პროტესტანტებისთვის მხოლოდ წმ.წერილი არის ავტორიტეტი, მაგრამ ისინი ვერ თანხმდებიან, რაც ადასტურებს იმას, რომ არსებობს ბიბლიის განმარტების- „ინტერპრეტაციის კონფლიქტი“.

პროტესტანტების და ნეოპროტესტანტების რიგებში მთელი პოლემიკა, განხეთქილება, უთანხმოება, დაყოფა, დანაწევრება წმ. წერილის ტექსტების სხადასხვაგვარად განმარტებას ეფუძნება. „მე ასე მესმის“, „მე ეს ღმერთმა გამიხსნა“, — ამრიგად ბიბლიის ტექსტის შინაარსის ჭეშმარიტი მნიშვნელობის დადგენის კრიტერიუმი პროტესტანტისთვის საკუთარი, პირადი მოსაზრებაა, ან რომელიმე პროტესტანტი პროფესორის, პასტორის, მქადაგებლის განმარტება. არ არსებობს ეკლესიის კრებსითობა, არ არის ეკლესიოლოგია, რადგან პროტესტანტებისთვის “…ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი(1ტიმ.3:15) ეკლესია კი არ არის, არამედ მხოლოდ წმ. წერილი. აქ არის დაშვებული მთავარი შეცდომა, რადგან წმ. წერილი ეკლესიაზე მაღლაა დაყენებული, რაც თვით წმ. წერილსაც ეწინააღმდეგება. მაგრამ ჭეშმარიტების სვეტად და საფუძვლად ყოფნის თვისება ეკლესიას თვით უფალმა მიანიჭა, წმინდა წერილი განმარტებულია ქრისტეს სხეულის მიერ კრებსითად და ეს არის ერთადერთი კრიტერიუმი, რომ ქრისტიანმა სწორად გაიგოს წმ. წერილი, ეკლესიის სწავლება, მოძღრება, სულიერი ცხოვრების საფუძვლები და პრინციპები და არ ჩავარდეს რადიკალურ ინდივიდუალიზმში -„მე ასე მესმის“, „მე ეს ღმერთმა გამიხსნა, გამიცხადა“.

ქრისტეს ცოცხალი ორგანიზმი არის „ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი“. მთელი ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ პროტესტანტები და ნეოპროტესტანტები არ იმყოფებიან ამ ცოცხალ ორგანიზმში, არ აქვთ სამოციქულო მემკვიდრეობა, როგორც ჰიროტონია (საეპისკოპო, სამღვდლო ხელდასხმა), ასევე წმ. გარდამოცემა. რეფორმაცის მთავარი თვალსაჩინო ნაყოფი პროტესტანტებს შორის არსებული განხეთქილებაა და ამის შედეგად მიღებული დაყოფა მრავლ ათას კონფესიებად. არცერთ პროტესტანტულ მიმდინარეობას არ შეუძლია ილაპარაკოს საკუთრ კონფესიაზე როგორც 16 საუკუნემდე არსებულ სარწმუნოებაზე.თუ 313წლიდან მე-16-ე საუკუნემდე სულიერი სიბნელე იყო და ეკლესია არ არსებობდა, ხოლო რაც არსებობდა იყო პოლიტიზირებული და წარმართული, რომელიც ქრისტესა და მოციქულთა მოძღრებას ამახინჯებდა, მაშინ რა გარანტია არსებობს იმისა, რომ მათ არ შეცვალეს და არ დაამახინჯეს წმ.წერილი თავისი წარმართული სწავლების შესაბამისად? — ამ შემთხვევაში ქრისტიანებს არანაირი გარანტია გააჩნიათ.მაგრამ სიმართლე ის არის, რომ უფლის ეკლესია „ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი(1ტიმ.3:15)“ იყო, არის და იქნება, რადგან ის ქრისტეს ცოცხალი ორგანიზმია და არა იდეოლოგიის გარშემო შემოკრებილი ადამიანების გაერთიანება და ერთობა. თვით უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა „..ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიასდა მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი (მათ.16:18).“

 

ავტორი: ლაშა ბართია