გამოსყიდვა

გამოსყიდვა

ახალ აღთქმაში ქრისტე წოდებულია ‘გამოსყიდვად~ ადამიანთა ცოდვებისათვის (მათე 20, 28; 1 კორ. 1,30). ‘გამოსყიდვა~ (ბერძ. lytrosis) ნიშნავს გამოსასყიდს ანუ ფულის თანხას, რომლითაც მონას თავისუფლება ეძლევა, ხოლო სიკვდილმისჯილს სიცოცხლე ადამიანი ცოდვით დაცემის შემდეგ ცოდვის მონობაში აღმოჩნდა (იოანე 8, 24 და სხვა ადგილები) და საჭიროა გამოსასყიდი, რათა იგი ამ მონობისგან გათავისუფლდეს.

ადრექრისტიანული ეკლესიის ღვთისმეტყველები სვამდნენ შეკითხვას: ვის გადაუხადა ქრისტემ ადამიანების ეს გამოსასყიდი? ზოგიერთი ვარაუდობდა, რომ გამოსასყიდი მან გადაუხადა ეშმაკს, ვის მონობაშიც ადამიანი იმყოფებოდა. მაგალითად, ორიგენე ამტკიცებდა, რომ ძე ღვთისამ თავისი სული მამა-ღმერთს მიაბარა, ხოლო სამშვინველი ეშმაკს მისცა ადამიანების გამოსასყიდად: ‘ვის მისცა გამომსყიდველმა თავისი სამშვინველი მრავალთა გამოსასყიდად? არა ღმერთს, არამედ… ეშმაკს… როგორც გამოსასყიდი, ჩვენთვის მიცემულია ძე ღვთისას სამშვინველი, და არა მისი სული, რამეთუ ის მან მანამდე მიაბარა მამას შემდეგი სიტყვებით: მამაო ხელთა შენთა შევშვედრებ სულსა ჩემსა,* ასევე, არც თავისი სხეული მიუცია, რადგან ამის შესახებ არაფერია ნათქვამი წმინდა წერილში~. გამოსყიდვის ამგვარი გააზრებისთვის ორიგენეს საყვედურობდა წმინდა მღვდელთმთავარი გრიგოლ ღვთისმეტყველი: ‘თუკი დიდი და ყოვლადქებული სისხლი ღმრთისა, მღვდელთმთავრისა და მსხვერპლისა გაღებულია ეშმაკისთვის მისაცემად, როგორც [ადამიანის] გამოსყიდვის საფასური, მაშინ რაოდენ შეურაცხმყოფელია ეს! ავაზაკი იღებს არა მხოლოდ გამოსასყიდს ღმერთისგან, არამედ თვით ღმერთს!

წმინდა მღვდელთმთავარი გრიგოლ ნოსელი გამოსყიდვას განმარტავს, როგორც ‘მოტყუებას და ‘ეშმაკთან გარიგებას~: ქრისტე, იმისათვის, რომ ადამიანი გამოისყიდოს, მას საკუთარ სხეულს სთავაზობს, ‘მალავს~ რა მის ქვეშ ღვთაებრიობას; ეშმაკი ეძგერა მას, როგორც სატყუარას, მაგრამ სატყუარასთან ერთად ყლაპავს ‘ანკესსაც~, ანუ ღვთაებრიობას, და იღუპება. კითხვაზე, ხომ არ არის ‘მოტყუება~ ღვთაებრიობისათვის შეუფერებელი უზნეობა, წმინდა გრიგოლი პასუხობს, რომ ეშმაკი თვითონ არის მატყუარა და ამიტომ სავსებით სამართლიანი იქნებოდა ღმერთის მხრიდან, თუ ისიც მოატყუებდა მას: ‘ეშმაკმა გამოიგონა ტყუილი ბუნების გასახრწნელად, ხოლო სამართლიანი, კეთილი და ყოვლადბრძენი ღმერთი [ეშმაკის მიერ] გამოგონილი ტყუილით სარგებლობს, რათა გახრწნილი გამოიხსნას, რითაც კეთილქმედებას იჩენს არა მხოლოდ დაღუპული ადმიანის მიმართ, არამედ თვით ჩვენი დაღუპვის გამომწვევი მიზეზის ეშმაკის მიმართაც… ამიტომ თვით მოწინააღმდეგეს, თუკი ის აღიქვამდა კეთილქმედებას, აღარ მოეჩვენებოდა აღსრულებული უსამართლობად~ .

ზოგიერთი სხვა მამაც ასევე აღნიშნავს, რომ ეშმაკი ‘მოტყუვდა~, მაგრამ ისინი იმდენად შორს არ მიდიან, რომ ამტკიცონ, ის ღმერთმა მოატყუაო. მაგალითად, ნათლისღებისთვის განსამზადებელ სიტყვაში, რომელიც წმინდა იოანე ოქროპირს მიეწერება (იკითხება პასქალიის ცისკარზე), ნათქვამია, რომ ჯოჯოხეთი ‘გამასხარავებულ~ იქნა ქრისტეს აღდგომით და იმით ‘წამოეგო~, რომ ხილულ ადამიანში ვერ შენიშნა უხილავი ღმერთი: ‘ჯოჯოხეთი რა შეგემთხვა, იტყვის, ქუეშე შენსა განჰმწარდა. განჰმწარდა, რამეთუ განქარდა. განჰმწარდა, რამეთუ მოიკიცხა,… მიიხუნა ხორცნი, და ღმერთი იხილვა, შეიწყნარა ქუეყანამან, და მიეგებნენ ცანი, მიიღო ხილული და დასცა უხილავი~. სხვა განმარტებით, ქრისტემ გამოსასყიდი გადაუხადა არა ეშმაკს, რამეთუ მას არა აქვს ადამიანზე ხელმწიფება, არამედ მამა-ღმერთს.

დასავლელი ღვთისმეტყველი ანსელმ კენტერბერიელი XI საუკუნეში წერდა, რომ ადამიანის ცოდვით დაცემამ გამოიწვია საღვთო სიმართლის განრისხება, რომელიც მოითხოვდა დაკმაყოფილებას (ლათ. სატისფაცტიო), მაგრამ რაკი არანაირი ადამიანური მსხვერპლი საკმარისი არ იყო, რათა ის დაეკმაყოფილებინა, ამიტომ ძე ღვთისა თვითონ სწირავს მას გამოსასყიდს. ქრისტეს სიკვდილმა დააკმაყოფილა, დააცხრო ღვთის რისხვა, და ადამიანს დაუბრუნდა მადლი, რომლის მისაღებადაც მას სჭირდება გარკვეული დამსახურება რწმენა და კეთილი საქმენი. მაგრამ, კვლავ, რადგან ადამიანს არა აქვს ასეთი დამსახურება, მას შეუძლია, მოიპოვოს ეს ქრისტესგან, რომელსაც საჭიროზე მეტი დამსახურება აქვს, ასევე წმინდა მამებისაგან, რომლებმაც თავიანთ ცხოვრებაში იმაზე მეტი სიკეთე გააკეთეს, ვიდრე ეს მათი პირადი ცხონებისათვის იყო აუცილებელი; მათ ამიტომ აქვთ, ასე ვთქვათ, ზედმეტი, რომელიც შეუძლიათ სხვას გაუყონ. ლათინურ სქოლასტიკურ ღვთისმეტყველებაში შობილი ეს თეორია, იურიდიული ხასიათისაა და ასახავს შუასაკუნეების დროინდელ წარმოდგენას პატივის შესახებ, რომელიც დაკმაყოფილებას (‘სატისფაქციას~) მოითხოვდა.

ასეთი შეხედულების ფონზე ქრისტეს სიკვდილი ცოდვას კი არ აუქმებს, არამედ ადამიანს მხოლოდ ცოდვის პასუხისმგებლობისაგან იხსნის. თუმცა, უნდა აღვნიშონთ, რომ ‘სატისფაქციის~ თეორიამ შემოაღწია რუსულ აკადემიურ ღვთისმეტყველებაშიც, რომელიც მე-8 მე-15 საუკუნეებში ლათინური სქოლასტიკის* გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ასე მაგალითად, ‘ვრცელ მართლმადიდებლურ კატეხიზმოში~ წერია: ‘ჩვენთვის ქრისტეს ნებაყოფლობითი ტანჯვა და ჯვარზე სიკვდილი, არის რა განუსაზღვრელი ფასისა და ღირსების, როგორც უცოდველისა და ღმერთკაცისა, არის აგრეთვე სრული დაკმაყოფილებაც საღვთო მართლმსაჯულებისა, რომლის მიერაც ჩვენ ცოდვისთვის სიკვდილი მოგვესაჯა, და უზომო დამსახურება, რაც მას უფლებას აძლევს, ჩვენ, ცოდვილებს, მართლმსაჯულების შეურაცხყოფის გარეშე გვიბოძოს ცოდვების მიტევება და მადლი ცოდვებზე გასამარჯვებლად

იურიდიული ტერმინების სიუხვე (ფასი, დამსახურება, დაკმაყოფილება, შეურაცხყოფა, მართლმსაჯულება, უფლება) იმას მოწმობს, რომ მსგავსი შეხედულება უფრო ახლოა შუასაკუნოვან სქოლასტიკასთან, ვიდრე აღმოსავლური ეკლესიის მამების აზროვნებასთან. აღმოსავლეთის ეკლესიის რეაქცია დასავლურ სწავლებაზე გამოსყიდვის შესახებ, როგორც სატისფაქციაზე, საგანგებოდ დააფიქსირა 1157 წლის კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ, რომლის მონაწილეებმაც დაგმეს მწვალებლობა ‘ლათინურად მოაზროვნე~ სოტირიხოს პანტევგენისა და შეთანხმდნენ, რომ ქრისტემ გამომსყიდველი მსხვერპლი შესწირა წმიდა სამებას და არა ოდენ მამა-ღმერთს: ‘ქრისტემ ნებაყოფლობით გაიღო თავისი თავი მსხვერპლად, გაიღო თავისი თავი კაცობრივად, და თავად მიიღო მსხვერპლი როგორც ღმერთმა მამასა და სულიწმიდასთან ერთად… ღმერთკაცმა სიტყვამ… შესწირა მაცხონებელი მსხვერპლი მამას, თავის თავს, როგორც ღმერთს, და სულიწმიდას, რომელთა მიერაც ადამიანი მოწოდებულია არარსებობიდან არსებობისაკენ და რომლებიც მან შეურაცხყო, გარდახდა რა მცნებას და რომლებთანაც მოხდა მისი შერიგება ქრისტეს ვნებებით~.

იმის შესახებ, რომ ქრისტე ერთდროულად სწირავს და იღებს მსხვერპლს, აღინიშნება სამღვდელო ლოცვაში, რომელიც იკითხ-ება იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდის ლიტურგიაზე: «რამეთუ შენ ხარ შემწირველი და შეწირული, და შემწყნარებელი და მიმცემელი, ქრისტე ღმერთო ჩუენო~. წმინდა მღვდელთმთავარ კირილე იერუსალიმელის ერთ-ერთ ქადაგებაში ნათქვამია: ‘ვხედავ ჩვილს, რომელიც კანონიერ მსხვერპლს სწირავს მიწაზე, მაგრამ მასვე ვხედავ ყველასგან მსხერპლის მიმღებს ზეცაში… თვითონ ის არის ძღვენი, თვითონ არის მღვდელთმთავარი, თვითონ სამსხვერპლო, თვითონ განსაწმენდელი, თვითონ შემწირველი, თვითონ არს შეწირულიც, როგორც მსხვერპლი მშვიდობისა. თავად არის ცეცხლი არსებული, თავადვე მსხვერპლი ყოვლადდასაწველი, თავად არის ხე ცხოვრებისა და ცნობადისა, თავადვე არის სულიწმიდის მახვილი, თავადვე არის მწყემსი, თავადვე არის მღვდელი, თავადვეა რჯული, თავადვეა ამ რჯულის აღმსრულებელიც~ .

ბევრი ადრექრისტიანული პერიოდის ავტორი საერთოდ გაურბის ‘გამოსასყიდის~ თემას მისი პირდაპირი მნიშვნელობით. ისინი გამოსყიდვაში მოიაზრებენ კაცობრიობის ღმერთთან შერიგებას და მის შვილობას, რაც არის ადამიანის მიმართ ღვთის მიერ გამოვლენილი სიყვარული. ეს შეხედულება დასტურებდება იოანე ღვთისმეტყველის სიტყვებით: ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. (იოანე 3, 16). არა მამა-ღმერთის მრისხანება, არამედ მისი სიყვარული წარმოადგენს ძის ჯვარცმით გაღებულ მსხვერპლს. ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის აზრით, ქრისტე მის მიერ გამოსყიდულ კაცობრიობას საბოლოოდ ათავისუფლებს ეშმაკის ხელმწიფებისგან და ძღვნად სწირავს ღმერთს. რაკი ადამიანი, დაბადებიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლომდე ემონება ეშმაკს, ამიტომ უფალი ყველა ასაკობრივ საფეხურს გაივლის, რათა ადამიანის განვითარების უკლებლივ ყველა ეტაპზე დაამარცხოს ეშმაკი: ქრისტე ‘განხორციელდა და იშვა… განწმინდა ჩასახვა და შობა და იზრდებოდა რა, აკურთხა ყოველი ასაკი… იქმნა მონად, მიიღო მონის სახე და ჩვენ, მონებს, კვლავ დაგვიბრუნა უფლისმიერი ღირსება და გვყო უფლად და მპყრობელად თვით ეშმაკისა, რომელიც მანამდე ჩვენი ტირანი იყო… იყო რა ჯვარცმული, იქმნა წყევლად… და თავისი სიკვდილით სიკვდილი მოაკვდინა, აღდგა და გაანადგურა მთელი ძალა და ენერგია მტრისა, რომელსაც ჩვენზე ხელმწიფება ჰქონდა სიკვდილითა და ცოდვით.

განხორციელებულ ქრისტეს სურდა, ყველაფერში ჩვენი მსგავსი ყოფილიყო. ამიტომ მან განვლო არა მხოლოდ ყველა ასაკი, არამედ ყველა შესაძლო ტანჯვაც, თვით ღმერთისგან დატევებაც კი, რაც ადამიანის სულისთვის ყველაზე უდიდესი სატანჯველია. მაცხოვრის ჯვარზე ღაღადისი: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე? (მათე 27, 46) არის მისი გოლგოთაზე განცდილი ვნების კულმინაცია, მაგრამ ამ წუთის უდიდესი საიდუმლო ისაა, რომ ქრისტეს ღვთაებრიობა წამითაც კი არ განშორებია ადამიანურობას ღმერთი არ ტოვებდა მას, თუმცა ის, ამავე დროს, ვითარცა ადამიანი, გრძნობს ღვთისგან მიტოვებულობას… და მაშინაც კი, როდესაც ქრისტე საფლავად დაიდო, მისი სული კი ჯოჯოხეთად შთავიდა, ღმრთეება არ განშორებია კაცებას: ‘საფლავად ხორცითა, ხოლო ჯოჯოხეთს სულითა, ვითარცა ღმერთი, და სამოთხეს ავაზაკისა თანა, და საყდარსა, მამისა და სულისა თანა, განუშორებელ იყავ, ქრისტე, რომელი ყოველსავე აღავსებ, გარეშემოუწერელო უფალო~ (ქრისტეს აღდგომის დღესასწაულის ტროპარი).

ქრისტე ერთდროულად იმყოფება ჯოჯოხეთშიც, სამოთხეშიც, მიწაზეც, ზეცაშიც, ადამიანებთანაც, და მამასთან და სულიწმიდასთანაც, ყოველივეს აღავსებს თავისი თავით, თუმცა თვითონ ‘აღუწერელია~, ანუ არაფრითაა შემოსაზღვრული. ქრისტეს მიერ აღესრულება ღმერთის ადამიანთან ერთობა. ‘ხედავ თუ არა საიდუმლოებათა სიღრმეს, წერს ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. შეიცანი თუ არა უსაზღვრო სიდიადე ესოდენ უხვად ბოძებული პატივისა?.. ქრისტეს ჩვენთან ისეთივე ერთობა ექნება მადლისმიერ, როგორიც მას თვითონ აქვს მამასთან ბუნებითად… იმ დიდებას, რომელიც მამამ ძეს მისცა, ძე ჩვენც გვაძლევს მადლით… გახდა რა ერთხელ ჩვენი ნათესავი ხორცისმიერ და გვყო თავისი ღვთაებრიობის თანაზიარი, მან ამით თავის ნათესავებად გვყო… ჩვენ ქრისტესთან ისეთივე ერთობა გვაქვს… როგორიც აქვს ქმარს თავის ცოლთან ან ცოლს-ქმართან.

ქრისტეს მიერ აღესრულება ადამიანის განახლება და აღორძინება. ქრისტეს გამომსყიდველობითი ღვაწლი აღსრულებულია არა ადამიანთა აბსტრაქტული ‘მასისათვის~, არამედ ყოველი კონკრეტული ადამიანისთვის. როგორც იგივე სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, ‘ღმერთმა ქვეყნად წარმოგზავნა ძე თავისი მხოლოდშობილი შენთვის და შენი ცხონებისათვის იმიტომ, რომ წინასწარ გცნო და განგსაზღვრა მის ძმად და თანამემკვიდრედ. ქრისტეში აღწევს გამართლებას, დასასრულსა და აბსოლუტურ აზრს ადამიანის მთელი ისტორია, მისი ცოდვით დაცემისა და სამოთხიდან გამოძევების ჩათვლით. ცათა სასუფეველი, რომელსაც ქრისტე მორწმუნეებს ანიჭებს, გაცილებით მეტია, ვიდრე პირველქმნილი სამოთხე; ეს არის უხრწნელი, შეუგინებელი და დაუჭნობელი სამკვედრებელი, პეტრე მოციქულის სიტყვებით (1 პეტ. 1, 4). ეს არის ‘მესამე ცა~, რომლის შესახებაც პავლე მოციქულმა ვერაფერი თქვა, რადგან იქ ისმოდა უთქმელნი სიტყუანი, რომლებიც ყოველგვარ ადამიანურ სიტყვას აღემატება (2 კორ. 12, 2-4).

ქრისტეს განკაცება და მისი გამომსყიდველობითი ღვაწლი ადამიანისათვის უფრო დიდი მნიშვნელობისაა, ვიდრე თვით ადამიანის შექმნა. განკაცების მომენტიდან ჩვენი ისტორია თითქოსდა თავიდან იწყება; ადამიანი კვლავ პირისპირ რჩება ესოდენ ახლობელი ღმერთის წინაშე, შეიძლება უფრო ახლობელისაც კი, ვიდრე ის ადამიანისთვის მისი არსებობის პირველ წუთებში იყო. ქრისტეს ადამიანი შეჰყავს ‘ახალ სამოთხეში~ ეკლესიაში, სადაც ის მეუფებს და ადამიანიც მეუფებს მასთან ერთად. ვისზე ვრცელდება ქრისტეს გამომსყიდველობითი მსხვერპლის მოქმედება? სახარებისეული სიტყვა პასუხობს: ყველაზე, ვინც ქრისტე იწამა (რომელსა ჰრწმენეს და ნათელ იღოს მარკოზი 16, 16). ქრისტეს რწმენა ჩვენ გვყოფს ღმერთის შვილებად, ღმერთისგან შობილებად (იოანე 1, 12, 13). რწმენის, ნათლისღებისა და ეკლესიური ცხოვრების გზით ჩვენ ვხდებით თანამემკვიდრენი საღვთო სასუფევლისა, ვთავისუფლდებით ცოდვით დაცემის ყველა შედეგისაგან, აღვდგებით ქრისტესთან ერთად და ვეზიარებით მარადიულ ცხოვრებას. ქრისტეთი მიიღწევა ადამიანის არსებობის მიზანი თანაზიარება ღმერთთან, შეერთება ღმერთთან, განღმრთობა. ‘ძე ღვთისა ხდება ძე კაცისა, რათა ძე კაცისა გახდეს ძე ღვთისა~, ამბობს მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი. უფრო მეტი ლაკონურობით გამოთქვამს იმავე აზრს წმინდა მღვდელთმთავარი ათანასე დიდი: ‘იგი განკაცდა, რათა ჩვენ განვღმრთობილიყავით. ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამბობს: ‘განღმრთობის იმედის მტკიცე და სარწმუნო საფუძველი ადამიანური ბუნებისთვის არის განკაცებული ღმერთი, რომელიც ისეთივე ზომით ჰყოფს ადამიანს ღმერთად, რა ზომითაც თავად ღმერთი იქმნა ადამიანად. რამეთუ ცხადია, რომ უცოდველ ადამიანად ქმნულს, შეუძლია განაღმრთოს (ადამიანური) ბუნებაც ღმრთეებად გარდაქცევის გარეშე, აღამაღლოს რა ისეთივე ზომით თავის თავამდე, რა ზომითაც თვითონ დაიმდაბლა თავი ადამიანის გამო~. ღირსი მაქსიმე ღმერთს უწოდებს ‘ადამიანის ცხონების მოსურნეს და ადამიანების განღმრთობას მოწყურებულს. ადამიანისადმი თავისი უსაზღვრო სიყვარულით ქრისტე ავიდა გოლგოთაზე და განიცადა ჯვარცმით სიკვდილი, რამაც ადამიანი ღმერთთან შეარიგა და შეაერთა.

ავტორი: მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი