სახარებაში მითითებული არ არის იესო ქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღი. წელიწადის დროც კი არ არის აღნიშნული, და იქიდან გამომდინარე, რომ სახარებისეულ თხრობაში საუბარია მწყემსებზე, რომლებიც ღამეულ ფარას მწყემსავდნენ, შესაძლოა იფიქრო კიდეც, რომ ეს მოვლენა ზაფხულში უნდა მომხდარიყო. ბუნებრივია, წამოიჭრება კითხვა: საიდან მოდის და სად გაჩნდა ტრადიცია, ქრისტეს შობის თარიღად 25 დეკემბრის აღიარებისა? ეს კითხვა ამაო ცნობისმოყვარეობა როდია! მასზე პასუხის გაცემით, ნაწილობრივ, ეგებ ქრისტიანული რწმენის არსსაც ჩავსწვდეთ, უფრო ზუსტად, ჩავსწვდეთ ქრისტიანთა დამოკიდებულებას გარეშე, ქრისტეს ჯერ კიდევ არმცნობი, მის მიმართ ურწმუნოებით გამსჭვალული ქვეყნიერების მიმართ.
IV საუკუნის დასაწყისში რომის იმპერატორი კონსტანტინე, თავდაპირველად თავადაც მზის თაყვანისმცემელი, ქრისტეს რწმენაზე მოექცა. მთავრდებოდა ქრისტიანთა დევნის ხანა. ქრისტიანულ ეკლესიას თავისი ცხოვრების ღიად და დაუბრკოლებლად წარმართვის, ტაძრების აგებისა და, რაც მთავარია, საკუთარი რწმენის თავისუფლად ქადაგების შესაძლებლობა მიეცა. ისტორიკოსთა გამოთვლებით, კონსტანტინეს მოქცევისას ქრისტიანები იმპერიის მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენდნენ. ამასთან ეს ფენა თითქმის მთლიანად ქალაქის მოსახლეობას წარმოადგენდა… სოფლის მკვიდრნი, მიწადმოქმედნი ქრისტიანობას, შეიძლება ითქვას, არც კი იცნობდნენ. გაჩნდა საჭიროება იმისა, რომ ქრისტეს, როგორც მხსნელის შესახებ ქადაგება მოსახლეობის დარჩენილი 90 პროცენტისთვისაც ყოფილიყო ცნობილი. ისინიც უნდა ზიარებოდნენ ახალ სარწმუნოებას. ამისთვის კი წარმართობა უნდა დაემარცხებინათ არა გარეგნული, ძალადობრივი მეთოდებით, არამედ შიგნიდან. ქრისტიანობის მარტოოდენ უპირატესობა კი არა, მისი უნივერსალურობა და ხსნის მომტანი ჭეშმარიტებაც უნდა წარმოჩენილიყო.
ქრისტიანობის ქადაგების მთავარ მეთოდად თვით წარმართობის გამოყენება, მისი ერთგვარი „სუბლიმაცია“ — გაწმენდა და ქრისტიანული შინაარსით აღვსება იქცა. როგორც აღვნიშნეთ, დეკემბერში წარმართები მზის დაბადებას ზეიმობდნენ. და სწორედ ამ დროს დაიწყეს ქრისტიანებმაც იესო ქრისტეს შობის აღნიშვნა, ნამდვილი, სულიერი მზის დაბადების, სამყაროში სულიერი სინათლის შემოსვლის აღნიშვნა… ჩვენ ამ დღესასწაულის მთავარ საგალობელში დღესაც ვისმენთ: „შობამან შენმან, ქრისტე, ღმერთო ჩვენო, ამოუბრწყინა სოფელს ნათელი გონებისა… გვასწავა ჩვენ თაყვანისცემა შენი, მზისა ჭეშმაირიტებისა…“ როგორც ვხედავთ, ქრისტიანობამ მიიღო წარმართთათვის, მთელი ქრისტიანობამდელი კულტურისათვის ჩვეული თემა მზის, როგორც სინათლის, სიცოცხლის დასაბამისა და იგი ქრისტეს მიმართ თავისი რწმენის გამოხატულებად აქცია. „თქვენ გწამთ მზე, — თითქოს უთხრა ეკლესიამ მსოფლიოს, — მაგრამ ეს ბუნებრივი, ფიზიკური მზეა, სიმბოლო, ანარეკლი, იარაღი სხვა — უმაღლესი, სულიერი, ღვთაებრივი მზისა და ამ სულიერ მზეშია ცხოვრება, ნათელი, გამარჯვება… თქვენ ადიდებთ ფიზიკური მზის დაბადებას, ჩვენ კი მოგიხმობთ ქვეყნად ღვთაებრივი მზის მოვლინების სადიდებლად. მოგიხმობთ, რომ ფიზიკურიდან, ხილულიდან აღამაღლოთ გონება სულიერისა და უხილავისაკენ“.
ამრიგად, ქრისტეს შობის დღესასწაული თითქოს იმის აღსრულება გახდა, რასაც წარმართობა ზეიმობდა, მოვლენის, რომელმაც განამართლა და განასრულა ყოველი ადამიანის იმედი, მოლოდინი, რწმენა. ყველაფერს, რასაც ადამიანი მზის თაყვანისცემაში გულისხმობდა — რწმენას, რომ სამყარო საზრისის მქონე, სინათლის მატარებელი, გონიერი და ღვთაებრივია, ქრისტიანობამ თითქოს სახელი დაარქვა — ქრისტე. ასე გაჩნდა ქრისტეს შობის დღესასწაული, როგორც ადამიანის მთელი სასოებისა და წინათგრძნობის დაგვირგვინება, კაცობრიობაში საზრისისა და სიკეთის ძიების ამოუწურავი წყურვილი და, იმავდროულად, როგორც ახალი რელიგიური ეპოქის დასაწყისი. ეს დღესასწაული არა ბუნებისა და მისი ბრმა ძალების გაღმერთებაა, არამედ იმის თაყვანისცემის ნიშანი, ვინც ზებუნებრივია, თუმცა ბუნებაშია არეკლილი… ვინც თავადაა სიცოცხლის წყარო, მისი შინაარსი და მიზანი. ასე იქნა შიგნიდან დაძლეული წარმართობა, ანუ შემოქმედის კი არა, ქმნილების თაყვანისცემა. ასე, ქრისტესგან „გონების ნათლის“ მიღებით გათავისუფლდა ადამიანი ამა სოფლისა და ბუნების ბორკილთაგან.