უცნობი: ამჟამად არ ვაპირებ შეკითხვების დასმას. წინა საუბრებში მე დავამტკიცე ჩემი ურწმუნოების სიმართლე და მინდოდა გამეგო შენი რწმენის საფუძველი. მაგრამ გამოხსნა? ეს ხომ სწავლებაა სამებაზე, ძე ღვთისას განხორციელებაზე, ღვთისმშობელზე, გოლგოთაზე, აღდგომაზე… რა უნდა გკითხო? ყოველივე ეს ისეთ უაზრობად , ისეთ „მითოლოგიად“ მეჩვენება, რომ ლაპარაკად არ ღირს. ეს ისეთივეა, რომ ვიმსჯელოთ ვენერას შობაზე, ან პრომეთეს ტყვეობაზე. შეიძლება ეჭვი შევიტანო ისეთ საკითხებში, სადაც მცირედი სინამდვილე მაინცაა, მაგრამ როცა საუბარია უაზრო ბოდვაზე, რა ეჭვები და შეკითხვები შეიძლება გაგიჩნდეს?
მოძღვარი: თუ ასე ფიქრობ, რატომ გინდა ჩემი მოსმენა?
უცნობი: ვაღიარებ, რომ შენ შეძელი სხვაგვარად მეფიქრა რწმენაზე და თუ გამოხსნაზე სწავლება აუცილებელი დაგვირგვინებაა იმისა, რაც თქვი ცოდვაზე, ტანჯვასა და სიკვდილზე, — როგორ უნდა დავინტერესდე ამ საკითხით? თუ გინდა დავარქვათ ამას ცნობისმოყვარეობა.
მოძღვარი: შესანიშნავია. შენი ცნობისმოყვარეობა ფუჭი არაა. მასში ჩანს ინსტინქტური სწრაფვა ჭეშმარიტებისაკენ.
უცნობი: შენ ყველაფერს შენს სასარგებლოდ განმარტავ. მინდა დაგარწმუნო, რომ წარმოდგენაც არ შემიძლია ოდესმე ჭეშმარიტებად მივიჩნიო ის, რაზეც მელაპარაკები.
მოძღვარი: მე ვთქვი, რომ ესაა ჭეშმარიტების შეცნობისკენ ინსტინქტური და არა შეგნებული სწრაფვა.
უცნობი: ჯერჯერობით მე არ მისწავლია საუბარი იმაზე, რაც ჩემს შეგნებაში არაა. გისმენ.
მოძღვარი: ახლა ვისაუბრებთ იმ უდიდეს საიდუმლოებებზე, რომლებიც ადამიანს ღმერთს შეამეცნებინებს და მოვლენებზე, რომელიც აღესრულებოდა ამ სამყაროში, მაგრამ სულ სხვა, არამიწიერი კანონების შესაბამისად, ამიტომაც მას რწმენა ვუწოდოთ. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ არა უცხო სიტყვების, რაღაცის მიღებას „სიტყვაზე“, არამედ უმაღლეს შემეცნებას, ბევრად უფრო სრულყოფილს, ვიდრე გონებითაა შემეცნებული, ჭეშმარიტების იმ ყოვლისმომცველ შეგრძენბას, რომელიც გონებისთვის შეუცნობელ ამ საიდუმლოს ყველაზე რეალურად, უეჭველად აქცევს. შენ ბევრჯერ გქონია შემთხვევა, რომ მსგავსი რამ განგეცადა. აი, უსმენ უცნობ ადამიანს. ყველაფერი, რასაც ამბობს დასაჯერებელია, მაგრამ გაუცნობიერებლად, გონებით, მთელი არსებით გრძნობ, რომ იტყუება და, პირიქით, უსმენ სხვას, ასევე უცნობს და იგივე გაუცნობიერებელი გრძნობა გაიძულებს ირწმუნო მისი თითოეული სიტყვა. როცა გიჩნდება ასეთი ნდობის გრძნობა, სრულიად გეჩვენება ერთის სიცრუის სიცრუის და მეორეის სიმართლის დამდასტურებელი ფაქტების მოყვანა. რა საჭიროა დამტკიცება, როცა გჯერა? ყველა დამაჯერებლმა მტკიცებულებამ ნაკლები მოგცეს, ვიდრე შენში არსებულმა ნდობამ. რაღაც მსგავსი, მაგრამ ბევრად სრულყოფილი და ყოვლისმომცველი უნდა ითქვას რწმენაზე რელიგიური თვალსაზრისით. შენ ამბობ: გამოხსნაზე საუბარი ნიშნავს საუბარს სამებაზე, ღვთის განხორციელებაზე, ღვთისმშობელზე, გოლგოთაზე, აღდგომაზე… დიახ, ასეა, მაგრამ რა მტკიცებულება სჭირდება ამას? ღმერთი ადამიანს უხსნის იმას, რაც გონების დაშვებას აღემატება, ჩვენ კი უსუსურ გონებას ვთხოვთ დაგვიმტკიცოს ღვთის მიერ ადამიანისათვის მიცემული გამოცხადების ჭეშმარიტება? არა, ჯობია ღვთისმოშიშებით და სასოებით მივიღოთ ეს გამოცხადება.
უცნობი: მგონი გავიწყდება, რომ ურწმუნოსთან საუბრობ.
მოძღვარი: არა, მშვენივრად მახსოვს , მაგრამ მე ველაპარაკები ადამიანს, რომელსაც არა აქვს დაკარგული ჭეშმარიტების შეგრძნების უნარი, ანუ ირწმუნებს, როცა მას ნახავს.
უცნობი: პილატეს მსგავსად გეკითხები: სად არის ჭეშმარიტება? ვფიქრობ, რომ ჩემი კითხვა უპასუხოდ დარჩება.
მოძღვარი: პილატეს კითხვა უპასუხოდ დარჩა იმიტომ, რომ მის წინაშე იდგა ის ჭეშმარიტება, რომელზეც თავად კითხულობდა და თუ ეს ჭეშმარიტება მას არ უნდოდა, ყველა პასუხი, ყველა მტკიცებულება ზედმეტი იქნებოდა მისთვის. შენი შეკითხვა ასევე უპასუხოდ დარჩება. მე შენ გიდასტურებ ჭეშმარიტებას და თუ მეკითხები — სად არის ის, დამიმტკიცე მისი არსებობა — ეს შეკითხვა, რა თქმა უნდა, უპასუხოდ დარჩება.
უცნობი: კეთილი. გეთანხმები. არ დამიმტკიცო, მმიჩვენე ჭეშმარიტება. ბოლოსდაბოლოს, რა მნიშვნელობა აქვს, რა გზით გავიგებ მას.
მოძღვარი: იმას, რაც ღმერთზე ვიცით, ადამიანი თვითონ ვერ გაიგებდა. ამასთანავე, ეს ცდონა აუცილებელია, რომ ადამიანმა ღმერთში იცხოვროს, შეგნებულად წავიდეს სრულყოფილეის გზაზე. ადამიანის შეგნებას შეეძლო მისულიყო ღვთის არსებობის შესახებ ფიქრამდე, მაგრამ ღვთის თვისებებს თავად ვერასოდეს გაარკვევდა, ვერ მიხვდებოდა მას ვერც ცხოვერბაზე დაკვირვებით, ვერც საკუთარ თავში ჩაღრმავებით. ამისგან მხოლოდ ფანტასტიკურ წარმოდგენებს მიიღებდა, რაც შორსაა ჭეშმარიტებისგან. ასეა ყველა რელიგიაში, გარდა ქრისტიანობისა, სადაც თავად ადამიანის სულსა და ბუნებაში მოცემული ბუნებრივი გამოცხადება ერწყმის პოეტურ და ფილოსოფიურ ფანტაზიას. მხოლოდ ღმერთს შეეძლო ხალხისთვის ეთქვა საკუთარ თავზე: „პირველთაგან იყო სიტყუაი და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა, დაღმერთი იყო სიტყუაი იგი. ესე პირველითგან ღვთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, დათვინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა, რაოდენი რაი იქმნა“ (ინ. 1, 1-3).
მხოლოდ ღმერთს შეეძლო ეთქვა ადამიანებისათვის: „რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაი, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის“ (ინ. 15, 26).
ამ სიტყვებით მტკიცდება მართლმადიდებლობის ძირითადი სამპიროვან და ერთარსება ღმეთზე. ყოვლადწმინდა სამების ეს საიდუმლო გაცხადდა მაცხოვრის ნათლისღებისას, როცა სამი იპოსტასი მოევლინა ადამიანებს: „იყო ნათლის-ღებასა მას ყოვლისა ერისასა და იესუცა ნათელ-იღო და ილოცვიდა; და განეხუნეს ცანი, და გარდამოსდა სული წმიდაი ხორციელითა ხილვითა, ვითარცა ტრედი, მის ზედა; და ხმაი იყო ზეცით და თქუა: შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენ სათნო-გიყავ“ (ლკ. 3, 21-22).
უცნობი: არა, არ შემიძლია! სანამ ფილოსოფოსობ, ანუ მიყვები, რას გვასწავლის რწმენა ცალკეული ფილოსოფიური ფორმულების მიხედვით, — ასე თუ ისე შემიძლია გისმინო, მაგრამ როცა შენი „ჭეშმარიტების“ დასამტკიცებლად სერიოზული სახით მიყვები ლეგენდებს და მითებს, მოთმინებას ვკარგავ. არ გყოფნის „მაცდუნო“ სისულელით, რომ სამი უდრის ერთს, კიდევ მეუბნები ზეციდან მოსულ ხმაზე, ერთ-ერთი ღმერთის მტრედად გადაქცევცაზე, მამა ღმერთის „ძეზე“, რომელიც წყალში დგას და ინათლება. და ყოველივე ამას ამბობს განათლებული ადამიანი, გონებადამჯდარი, მეოცე საუკუნეში, მეცნიერების აყვავების ხანაში. ვერაფერი გავიგე!
მოძღვარი: დამშვიდდი. „მეცნიერების აყვავების ხანაზე“ საკმაოდ ვილაპარაკეთ. ჯობია ამას არ დავუბრუნდეთ. ლაიელი, პასტერი, პიროგოვი, ტომსონი, ფლამარიონი, ლოჯი, ვიხროვი და სხვები საკმაოდ მოღვაწეობდნენ ამ აყვავებისათვის და ეს ხელს არ უშლიდათ მეოცე საუკუნეში ერწმუნათ ის, რასაც მე გეუბნები. შეწყვიტე ქარაფშუტა და არაკეთილსინდისიერი უღმერთო ფრაზებით ლაპარაკი. არაფერმა შეგიშალოს ხელი ჭეშმარიტების ძიებაში. დავუბრუნდეთ ამ ძიებას. ჩემს მიერ მითითებულ მოვლენას და საღვთო გამოცხადების ამ სიტყვებში ვიპოვით სწავლებას ღმერთის რაობაზე. რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს, — ბევრ რამეს, რაც აქ არ ითქვა, ადამიანის გონება ვერ დაიტევს, ისევე როგორც ვერ დაიტევს დროისა და სივრცის უსასრულობას, არსებობას მატერიალური საწყისის გარეშე, ნების თავისუფლების გაგებაში უმიზეზიბას, მაგრამ გაგების გარეშეც შეიძლება შეიმეცნო ჭეშმარიტება და უეჭველობა ამ გაუგებრობისა. რა გამოგვეცხადა ღმერთზე? ღმერთი ყოველთვის იყო. ეს არის ის, რასაც გამოვყავართ მარად ცვალებადი მოვლენების უსასრულო რიგიდან, არავისთვის საჭირო წრებრუნვის უაზრობიდან. ღმერთი თავად დაუსაბამოა და დასაბამს აძლევს კაცობრიობას დროში. ჩვენ გვამშვიდებს მისი თვისებების აბსოლუტურობა, რადგან თავის თავში შეიცავს მარადიულს, ადამიანის გონებაზე აღმატებულს. დასაბამის მქონე ცვალებადი ყოფიერების მიღმა ღმერთი არ არის ბრმა უპიროვნო ძალა ან რაღაც განყენებული, ცარიელი უსიცოცხლო აბსტრაქცია. გამოცხადებიდან გარკვეული რამ ვიცით მის მარადიულ სიცოცხლეზე. ღმერთი თავისი შედგენილობით აბსოლუტურად მარტივია, მაგრამ ამ აბსოლუტურ საწყისს აქვს განუყოფელი სამი სახე, სამი იპოსტასი, ამიტომაც ერთი სამი პირით არის ყოვლადწმინდა, ერთარსი და განუყოფელი სამება.
უცნობი: ვერ გავიგე. სამი პირი, რაც არ უნდა ვიგულისხმო მათში, — ხომ სირთულეა.
მოძღვარი: არა. იპოსტასები — ღმერთის სახეებია და არანაირ სირთულეს არ გამოხატავენ. წმინდა მამები ჩვენს ირგვლივ არსებულ ხილულ სამყაროში მიუთითებენ რამდენიმე მსგავსებაზე, რათა ჩავწვდეთ ამ საიდუმლოს. მზეს სამი სახე აქვს — ნივთიერი, როსგანაც შედგება, ანუ დისკო, ნათელი, რომელიც მის სხივებშია და სითბო, რომელიც ათბობს დედამიწას. ყოველივე ეს ერთი მზეა, მისი სამი „სახე“ ამ ერთობას გამოხატავს — დისკოს, ნათელს, სითბოს. შენ გიკვირს, როგორ შეიძლება რიცხვი „სამი“ ერთის ტოლი იყოს? ციფრებს მხოლოდ მატერიალურ სამყაროში მათი გამოხატულების თვალსაზრისით აქვს რაოდენობრივი ფუნქცია. შენი ერთიანი პიროვნებაც ხომ პირობითია და მიწიერი თვისებების თვალსაზრისით შედგება გონებისაგან, გრძნობებისა და ნებისაგან, მაგრამ თავად „არსებით ერთი ხარ“, შენი არსება სამ ნაწილად არ განიყოფა.
უცნობი: ჩემს პიროვნებაში ამ სამ საწყისს სხვადახვა ფუნქცია აქვს, მაგრამ ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ, არა აქვთ ის დამოუკიდებელი ცხოვრება, რომელსაც თქვენ უშვებთ სამების ცალკეულ პირთა არსებობაში.
მოძღვარი: ადამიანის გონების, გრძნობის და ნების ურთიერთდამოკიდებულება ისეთივეა, როგორც ღმერთის იპოსტასებისა. გონება თავის სფეროში მოქმედებს, გრძნობა — თავისაში, ნებაც — თავისაში, მაგრამ სამივე ერთი პიროვნების შემადგენელი ნაწილებია, რომელსაც ჩვენ ერთიანად, განუყოფელ „მედ“ წარმოვიდგენთ. პიროვნება დროშია შექმნილი, ამიტომაც ადამიანის პიროვნების გონება, გრძნობა და ნება შედარებით მსგავსებას ამჟღავნებენ სამ იპოსტასიან ღმერთთან. ეს შედარება იმიტომ კი არ გითხარი, რომ ღმერთზე იფიქრო, როგორც ადამიანურ პიროვნებაზე, არამედ იმიტომ, რომ არ თქვა ნივთიერ სამყაროში ასეთი ანალოგიის ძებნა უაზრობა არისო.
უცნობი: სწორედ ასე გაგიგე.
მოძღვარი: შესანიშნავია. მაშ გახსენი გული, ხელს ნუ შეუშლი ირწმუნოს ეს ჭეშმარიტება, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მოისმინე, რა ვიცით ღვთის გამოცხადებიდან.
უცნობი: შევეცდები სწორეს ასე მოგისმინო. რატომღაც შენი ნათქვამის უაზრობის მიღმა რაღაც სხვას ვგრძნობ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჭეშმარიტებაა, მარგამ იმაზე მეტია, ვიდრე ადრე ვფიქრობდი.
მოძღვარი: შენ ბუნდოვნად გრძნობ იმას, რაც მორწმუნეებისათვის, განსაკუთრებით კი წმინდანებისთვის უეჭველია. ამ გრძნობამ ათქმევინა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველს: „სამება, რომლის ბუნდოვან ჩრდილებს აღფრთოვანებაში მოვყავარ“.
ჩავუღრმავდეთ ჭეშმარიტებას. რა ვიცით წმინდა წერილდან ღმერთზე: „ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა“ (1 ინ. 4, 16). რას ამბობს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: „თუ ვინმე გვკითხავს, რას ვგრძნობთ და რას ვეთაყვანებით, პასუხი მზადაა — ჩვენ ვაღიარებთ სიყვარულს“.
რა ვიცით სიყვარულზე: ჩვენ ვიცით მის ზემოქმედებაზე და ამ ზემოქმედებისას თუმცა ვერ შევიმეცნებთ, მაგრამ მაინც ვგრძნობთ თავად მის არსს. ჩვენთვის სიყვარული სადაც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა მოქმედებდეს , ყოველთვის არის ღვთის ძალა, რომელიც უფალთან გვაერთებს. ამაზე საოცრად ლაპარაკობს წმ. ბასილი დიდი თავის თხზულებაში „ექუსთა დღეთა“: „მთელი სამყარო, სხვადსხვა ნაწილთაგან შემდგარი, ღმერთმა სიყვარულის დაურღვეველი კავშირით ერთიან ჰარმონიად შეკრა“.
ყოველივე ეს არ გაჩვენებს ღვთის არსს? განა ღმერტის თვისებები ამ არსს არ მიემართება? განა ღმერთი არ არის ყოვლისშემძლე, შეუცნობელი, უხილავი, მადლიანი, მართალი სიყვარული? განა ღმერთის ამ არსს არ გვაჩვენებს სამყაროს ყოფა და ერტიანობა?
უცნობი: შენი სიტყვეით, სიყვარული არის ღვთის პიროვნება? ვერ გავიგე.
მოძღვარი: როცა პირზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ ამ არსებას მთლიანად, მის ყველა თვისებას, შემადგენლობას, ყველაფერს, რაც მასშია და რითიც გამოიხატება. ღმერთი სიყვარულია. რას ვგულისხმობთ ამ სიტყვაში? ფილოსოფიური ენით ეს ასე აიხსნება: ნივთიერ სამყაროზე ვიცით ის, რასაც ჩვენი გრძნობებით აღვიქვამთ. ჩვენ არ ვიცით, რა არის ეს „ნივთი საკუთარ თავში“. სიყვარული — ესაა ღმერთი საკუთარ თავში. თუ მკითხავ, რა არის ღმერთი თავისი არსით, გიპასუხებ — სიყვარული. ეს სიტყვა მიუწვდომელია ჩვენი გონებისათვის. თუ მკითხავ, რა არის სიყვარული თავისი არსით, პასუხს ვერ მიიღებ. ისევე, როგორც ვერ მიიღებ პასუხს კითხვებზე ფიზიკური მოვლენების არსის შესახებ. იქაც ამა თუ იმ ძალის გამოვლინებას შეიგრძნობ და არა თავად ამ ძალის არსს. შეგიძლია შეისწავლო ელექტრობის ან მიზიდულობის გამოვლინება ან მოქმედება, მაგრამ შეუცნობელი დარჩება, რა არის ელექტრობა ან მიზიდულობა. აქაც ასეა. სიყვარულზე ბევრი რამ ვიცით. ჩვენთვის ცნობილია მისი თვისება, მოქმედება, გამოვლინება. ადამიანმა იცის ყველაფერი, რაც უნდა იცოდეს ღმერთზე მიწიერი ყოფის ჩარჩოებში, იცის, რომ ღმერთი სიყვარულია, იცის, როგორი თვისებები, ქმედებები და გამოვლინებები აქვს ამ სიყვარულს. ამიტომაც თუ გინდა ჩაწვდე ღვთის არსის საიდუმლოს, წაიკითხე წმინდა წერილში რა წერია სიყვარულზე: „სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხვინელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების, გინა თუ წინაწარმეტყუელებანი განქარდეს, ანუ თუ ენანი და-ვე-სცხრენ, გინა თუ მეცნიერებანი განქარდენ“ (1 კორ. 13, 4-8); „სიყუარული, რომელი იგი არს სიმტკიცე სრულებისაი“ (კოლ. 3, 14); „შიში არა არს სიყუარულსა თანა, არამედ სრულმან სიყუარულმან გაერ განდევნის შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვაი აქუს, ხოლო მოშიში იგი არა სრულ არს სიყუარულსა ზედა“ (1 ინ. 4, 18); „უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას, ღმერთი ჩუენ შორის ჰგიეს და სიყუარული მისი ჩუენ შორის აღსრულებულ არს“ (1 ინ. 4, 12); „რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარულისაი არს“ (1 ინ. 4, 8).
უცნობი: შენი ნათქვამიდან ჩემთვის ყველაზე გასაგები ისაა, რაც ახლა ილაპარაკე ღმერთზე, მაგრამ როგორ დავუკავშირო ეს სამპიროვან ერთარსს? სიყვარული ერთიანი საწყისია, ღვთის „სახეები“ კი ჩემს წარმოდგენაში როგორღაც განყოფენ მას.
მოძღვარი: არანაირად. ღვთის არსი ერთიანია. ეს სიყვარულია — იპოსტასები კი ერთი არსის სამი სახე. ჩვენ ვიცით, რომ მამა ღმერთი იყო ყოველთვის, ძე ღვთისა იშობა მისგან, სულიწმიდა ღმერთი — გამოდის მისგან.
უცნობი: ისევ გაუგებრობაში ვარ. მამა ღმერთი ყოველთვის იყო, ძე ღმერთი იშობა მამისაგან, სულიწმიდა გამოდის მისგან. „შობა“ და „გამოსვლა“ ხომ ახალ, მანამდე არარსებულ მდგომარეობას გულისხმობს. გამოდის, რომ მანამდე ყოველთვის იყო მამა ღმერთი, შემდეგ კი ძე ღმერთი და სულიწმიდა ღმერთი. თუ ისინი „შემდეგ“ იყვნენ, როგორ იქნებიან არსით ერთნი?
მოძღვარი: ისევ ვერ განთვისუფლდი ნივთიერი აზრებისაგან და მათგან გამომდინარე წარმოდგენებისაგან დროსა და სივრცეზე. მარადისობაში გადაიყვანე ჩვენი არსის ის „სამპიროვნება“, რომელზეც ვლაპარაკობდით. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ადამიანური ნება გონებისგან გამოდის, გრძნობა კი — მისი შეგნებიდან, განა იმას ნიშნავს, რომ დროის თვალსაზრისით ჯერ ნება იყო და მერე გრძნობა? ყოვლადწმიდა სამების პირთა ურთიერთობა დროსთან მიმართებაში არ განიხილება. ჩვენ უნდა გამოვიჩიოთ შინაგანი ძალისხმევა, უარი ვთქვათ საბოლოო წარმოდგენებზე, სულით ავმაღლდეთ მარადისობის ჭვრეტამდე და იქ, დროებითი ნივთიერი ყოფის მიღმა შევიცნობთ მარად არსებულ ღმერთს, მისგან შობილი ძის მარადისობას, მისგან გამომავალი სულიწმიდის მარადისობას. არ ყოფილა მომენტი, როცა არ იყო ძე და არ იყო სულიწმიდა. მათ არა აქვთ დასაწყისი დროში. ისინი ყოველთვის იყვნენ ისევე, როგორც მამა ღმერთი, რადგანაც ისინი არსით ერთნი არიან. ღმერთი ყოველთვის იყო ყოვლადწმიდა სამება. ყოველთვის იყო მამა ღმერთის, მისგან შობილი ძე და მისგან გამომავალი სულიწმიდა.
უცნობი: ჩემდა გასაკვირად, მიუხედავად შენი ნათქვამის ფანტასტიკურობისა და მტკიცებულებების არარსებობისა, მაინც უაზრობად არ მიმაჩნია ის. არ ვიცი, ასე იქნება თუ არა მაშინაც, როცა გამოხსნაზე ვისაუბრებთ. გამოხსნაზე სწავლება ხომ ღვთის სახეების განყოფას უკავშირდება!ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დავუშვა მაშინაც ღმერთის პირთა ერთიანობა.
მოძღვარი: ახლა ამ საკითხზე გადავიდეთ. გაიხსენე შენი შეკითხვა ცოდვასა და ტანჯვაზე. ღვთის მიერ შექმნილმა ადამიანმა, ღვთის მსგავმა და ხატმა საკუთარი ნებით აირჩია გზა, რომელიც არ მისდევს ღვთის ნებას. ამის შედეგი იყო ღვთისგან განდგომა და უღმერთო ცხოვრების დაწყება. წარმოიქმნა წარმოუდგენელი ქაოსი, გაჩმდა ბოროტება, ტანჯვა და სიკვდილი. ადამიანს შეეძლო თავად შეერთებოდა დაბრუნებოდა ღმერთს? არა. სიცოცხლის აუცილებელი პირობა იყო ღმერთთან ერთობა. ადამიანის თავისუფალი ნება საკმარისი იყო ამ ერთობის შესანარჩუნებლად, მაგრამ თავისი ძალით ღმერთის გარეშე არ შეიძლებოდა გამოსულიყო დაცემის მერე გაჩენილი ქაოსიდან და აღედგინა სამოთხოსეული ჰარმონია. ამ შეკითხვაში ადამიანთან ერთად უღმერთო არსებობას დაიწყებდა მთელი სამყარო. ასე რომ, მას მთელი სამყარო უნდა მოექცია ღმერთთან ერთობისაკენ. ეს კიდევ არ არის ყველაფერი. ქვეყანაზე გაჩნდა ბოროტება და დამიანს როგორადაც არ უნდა ეცადა თავად გამოესწორებინა თავისი ცხოვრება, ბოროტებას ვერ სძლევდა. თავად ადამიანს არ შეეძლო გაექრო ბოროტება. ასეთ პირობებში შეუძლებელი იყო აბსოლუტური ჰარმონიის და შესაბამისად, ღმერთთან ერთობის აღდგენა. ამასთანავე, არც ასეთ დაცემულ მდგომარეობაში დარჩებოდა ქვეყანა. ამის დაშვება ღვთაებრივ სიყვარულს არ შეეძლო. ამიტომ თავად ღმერთმა — სიყვარულმა ინება გაეკეთებინა ის, რაც ადამიანის ძალას აღემატებოდა. თავად ღმერთმა ინება აღედგინა ადამიანთან ერთობა, ამ ერთობით კი სამყარო შეეერთებინა ღმერთთან. ეს შეერთება ძალით, მიზეზიბრივი დამოკიდებულების მექანიკური გზით კი არ უნდა მომხდარიყო, არამედ ადამიანის თავისუფალი ნებით. მამა ღმერთმა — სრულყოფილმა გონებამ — ინება ეს გამოხსნა, ღმერთთან დაბრუნება მომხდარიყო მხოლოდშობილი ძის მეშვეობით. ყოვლადწმიდა სამების მესამე პირი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე უნდა განხორციელებულიყო და ეცხოვრა ადამიანთა შორის. ის ადამიანი უნდა გამხდარიყო, იმავდროულად, დარჩენილიყო ღმერთად. მასში უნდა ყოფილიყო ორი ბუნება და ორი ნება: ღვთაებრივი და ადამიანური. მას ყველაფერი ადამიანური უნდა ჰქონოდა გარდა ცოდვისა. ქვეყნად გამეფებულ ბოროტებს უნდა მოეკლა ღმერთკაცი. ეს ენითაუწერელი ბოროტმოქმედება ქრისტეს უნდა შეენდო ადამიანებისათვის და ამ შენდობით კვლავ აღევსო ქვეყანა თავისი სიყვარულით.მაცხოვრით ადამიანი კვლავ უერთდებოდა ღმერთს, მასში აღდგებოდა ერთობა, სიყვარულით და პატიებით მარცხდებოდა ადამის მიერ ჩადენილი ცოდვა. ამით აღსრულდებოდა ღვთაებრივი სიყვარულის და ღვთაებრივი სიმართლის მოთხოვნილება. აღდგებოდა აბსოლუტური ჰარმონია, მაცხოვრის აღდგომით შეიმუსრებოდა სიკვდილი. ისევე, როგორც მიწისგან იშვა პირველი ადამი, ახალი მიწისგან — დაცემული კაცობრიობისგან აღდგებოდა მეორე ადამი — ქრისტე. ყველა ადამიანს შეუძლია ღმერთს შეუერთდეს მკვდრეთით აღნდგარი იესოს რწმენით. ეს რწმენა აერთიანებს ადამიანს ქრისტეთან, ამასთანავე აღადგენს ღმერთთან დარღვეულ ერთობას. ადამიანი ქრისტეს რწმენით, მასთან ერთად ჯვარცმით ხდება გამომხსნელის მოწაფე, მასთან ერთად ნათლისღებით და ამაღლებით ხდება მარადიული ცხოვრების მემკვიდრე და თანამონაწილე. კვლავ ეხსნება სრულყოფილებისკენ მიმავალი გზა. ადამიანთან ერთად ღმერთს უერთდება ყოველი არსება. როგორც მოციქული ამბობს: „ყოველი დაბადებული თანა-კუნესის და თანა-ელმის მოაქამდე“ (რომ. 8, 22), მაგრამ „იჭჳ იგი დაბადებისაჲ გამოჩინებასა მას შვილთა ღმრთისათა მოელის, რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნებსით, არამედ მის მიერ, რომელმან-იგი დაამორჩილა, სასოებით. რამეთუ თჳთ იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა“ (რომ. 8, 19-21). ასე რომ, ქრისტეს რწმენა ათავისუფლებს ცოდვისაგან, ტანჯვისა და სიკვდილისაგან ადამიანს და მთელ სამყაროს. წაიკითხე წმინდა წერილი, განა ვერ გრძნობ მასში ღვთაებრივი გამოცხადების ძალას: „ვითარცა-იგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ“ (1 კორ. 15, 22); „ეგრეთცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად, ხოლო უკუანაჲსკნელი ადამ — სულად განმაცხოველებელად… პირველი იგი კაცი ქუეყანისაგან მიწისაჲ, ხოლო მეორე იგი კაცი უფალი ზეცით. ვითარცა-იგი მიწისაგანი, ეგრეთცა მიწისაგანნი, და ვითარცა იგი ზეცისაჲ, ეგრეთცა ზეცისაგანნი იგი. და ვითარცა იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისაჲ, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეცისაგანისაჲ“ (1 კორ. 15, 45, 47-49).
უცნობი: დიდებული სურათია. ვერაფერს ვიტვყი. მომიტევე, მაგრამ ამ სურათთან მივალ და გკითხავ არა როგორც მხატვარი, არამედ, როგორც უხეში უგნური: რა საღებავია, რით დაფარეთ ტილო?
მოძღვარი: აუცილებლად მკითხე.
უცნობი: დავიწყებ იმით, რითაც შენ დაამთავრე: „ქრისტეს რწმენა ათავისუფლებს ცოდვისაგან, ტანჯვისაგან, სიკვდილისაგან“. როგორ ათავისუფლებს, თუ დღეს ძველებურად ბოგინობს ბოროტებაც, ტანჯვაც, სიკვდილიც! შენ ამბობ, რომ გოლგოთაზე ქრისტემ გამოისყიდა ადამის პირველქმნილი ცოდვა და ამით მორწმუნეებს მისცა საშუალება გათავისუფლებულიყვნენ ცოდვისა და მისი შედეგებისგან — ტანჯვისა და სიკვდილისაგან. რეალურად სულ სხვა რამეს ვხედავთ. ყველა ადამიანი — მორწმუნეც და ურმწუნოც — აკეთებს საძაგლობას, იტანჯება მთელი ცხოვრება და კვდება. შენ ამბობ — სამყარო გამოხსნილი, მე კი ქრისტეს ჯვარცმის შემდეგაც იმავე ბოროტებას, ტანჯვას და სიკვდილს ვხედავ, რაც მანამდე იყო.
მოძღვარი: საწინააღმდეგო არ მითქვამს. ის, რაც ქრისტემ გააკეთა, გაკეთდა სამყაროს მარადიული არსებობისათვის. აღდგენილია ცხოვრების ჰარმონია მარადისობაში: ბოროტება ძლეულია, რადგანაც გაჩნდა წმინდანობის შესაძლებლობა. ტანჯვა მტკივნეული არაა, რადგანაც ადამიანს გაეხსნა გზა მარადიული ნეტარებისა, დაძლეულია სიკვდილი, რადგანაც აღდგა ქრისტე და გველოდება საყოველთაო აღდგომა. მიწიერი ცხოვების პროცესი ძველებურად გრძელდება, განა სხვაგვარად შესაძლებელია? მსოფლიოში ბოროტება ცხოვრობს, რადგან ხორციელი ხრწნილებითაა დაღდასმული. მიმდინარეობს პროცესი, რომელშიც თანდათანობით რწმენის გზით ადამიანები მიიღებენ იმას, რაც მათ ქრისტემ მისცა. ქრისტე — ცხონების გზაა. სიცოცხლის ეს გზა ყველასათვის ხსნილია, ვინც განუდგება ბოროტებაში ჩაფლულ ქვეყანას და ქრისტეში იცხოვრებს. ამაზე წმინდა წერილი წერს: „რაოდენ-ეგე ეზიარებით ვნებათა.
უცნობი: დავუშვათ, ასეა. დავუშვათ, გამოხსნა ნამდვილად მოხდა, ამასთანავე ცხოვრების პროცესი, ძველებურად გაგრძელდა. გამოხსნის შედეგი პროცესის დასასრულსაა გადატანილი, რადგანაც დროში მიმდინარე პროცესი აუცილებელია გამოხსნისათვის. ამის გაგება შეიძლება, მაგრამ რამდენ შეკითხვას და გაუგებრობას წარმოშობს გამოხსნაზე სწავლება! დავიწყოთ თავად გამოხსნის არსით ძე ღვთისა განხორციელდა და ადამიანთა შორის დაემკვიდრა. ადამიანებმა იგი მოკლეს, ანუ ჩაიდინეს ბოროტმოქმედება, ბევრად აღმატებული, ვიდრე ადამიეს მიერ სამოთხეში ცადენილი. იქ აკრძალული ხის ნაყოფი ჭამეს — დაარღვიეს ღვთის აღთქმა, აქ კი — თავად ღმერთი გააკრეს ჯვარზე. ამ კვლელობამ, ამ საშინელმა ბოროტმოქმედებამ სამყარო კი არ წარწყმიდა, არამედ, პირიქიტ, იხსნა იგი. რაღაც საშინელი შეუსაბამობაა. თუ ღმერთს უნდოდა ადამიანის შემორიგება, უმჯობესი არ იყო, უბრალოდ მიეტევებინა და არ დალოდებოდა, სანამ ყველაზე საზარელ ცოდვას ჩაიდენდა?
მოძღვარი: შენი შეკითხვები ადამიანური სიბრძნიდან გამოდინარეობს. ადამიანის სიბრძნეს არ შეუძლია პასუხი გასცეს მას. მართალი ხარ. თუ მიტევება საკმარისი იქნებოდა იმ ერთობის აღსადგენად, რაც ადამიანმა ცოდვით დაცემამდე დაკარგა, რა თქმა უნდა, საჭირო არ იყო ქრისტეს ჯვარცმა, მაგრამ იყო კი საკმარისი მიტევება? ღმერთმა ადამიანებს მიუტევა მაშინ, როცა დაუშვა სამყაროს გამოსახსნელად მსხვერპლშეწირვა, რადგანაც მხოლოდ მიტევების სურვილით შეიძლებოდა გაეკეთებინა ღმერთს ის, რაც ადამიანებისთვის გააკეთა. ეს მსხვერპლი იმისთვის იყო საჭირო, რომ მინიჭებულ მიტევებას ეხსნა კაცობრიობა. ადამიანური სიბრძნის შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ დანაწევრებულად აზროვნებს. ამ სიბრძნეს არ შეუძლია შეიმეცნოს უსასრულობა, ამდენად არ შეუძლია შეიმეცნოს განუყოფელობა. უნდა ამაღლდე სულიერი ჭვრეტით სამყაროს ღმერთთან ერთიანობის შეგრძნებამდე და გაიგო, რომ პირველქმნილი ცოდვით დაცემის შემდეგ სამყარო შეიცვალა. ცოდვის მიტევება გულისხმობს ადამიანებისთვის ღმერთის მიცემას, მაგრამ თავისუფალი ნების მქონე ადამიანის გამოხსნა იძულებით არ შეიძლებოდა. ამიტომ ეს მიტევება საკმარისი არ იყო. რაღაც ადამიანსაც უნდა გაეკეთებინა, რომ ერთობა აღდგენილიყო. ბუნებრივია, ადამიანს უნდა მისცემოდა დაცემული მდგომარეობიდან ახალ, ნეტარ სამოთხისეულ მდგომარეობაში გადასვლის შესაძლებლობა. ესეც უდიდესი საიდუმლოა, მაგრამ რწმენით შევიგრძნობთ მის ღვთაებრივ ჭეშმარიტებას. ღმერთთან ერთობის აღდგენა, ადამიანის გარდაქმნა, ცოდვის ყველა შედეგის აღმოფხვრა და ღვთის აბსოლუტურ სიმართლეში დარწმუნება ითხოვდა ისეთ მსხვერპლს, სიყვარულის ისეთ სრულყოფილ გამოვლინებას, ადამიანის ნების ისეთ შერწყმას ღვთის ნებასთან, რომლის გაღბა მხოლოდ ღმერთკაცს შეეძლო. გავიხსენოთ სწავლება ყოვლადწმიდა სამებაზე, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა შობილ ძეზე. რა უნდა იყოს აღმატებული საყვარელი ძის მსხვერპლშეწირვაზე? ეს აბსოლუტური მსხვერპლი გაღებულია. რა უნდა იყოს უფრო სრულყოფილად გამოხატული სიყვარული, ვიდრე მზადყოფნა საკუთარი თავის გაღბისა სამყაროს ცოდვათაგან გამოსახსნელად — ეს სიყვარული გამოხატულია გოლგოთის ნებაყოფლობითი სიკვდილით, სადაც ადამიანთა ცოდვათაგან გამოსახსნელად საკუთარი სიცოცხლე გაიღო იესო ქრისტემ, სადაც ლოცულობდა თავისი მკვლელებისათვის და მიუტევა ყველა მტერს. სად ჩანს უფრო მძლავრად ადამიანის ნებისა და ღვთის ნების ერთობა, ვიდრე ღმერთკაცის ნებაში? — ეს ნათლად გამოჩნდა განხორციელებული ძის ნებაში. ბოროტებით და ადამის ცოდვაზე აღმატებული ცოდვით არ მომხდარა გამოხსნა, ბოროტება მხოლოდ უკიდურესი ზღვარი იყო ამ დაცემისა, გამოხსნა მოხდა მსხვერპლშეწირვით, სიყვარულით და ღვთის ნებასთან შეერთებული ადამიანის ნებით.
ადამიანი გამოხსნის თანამონაწილე ხდება, თავისი რწმენით, რადგანაც რწმენა აქცევს მას ჯვრის, გოლგოთის და არგომის თანამონაწილედ.
უცნობი: კეთილი. შენ ამიხსენი გამოხსნის არსი, მაგრამ ჩემს გონებას ეს არ აკმაყოფილებს. ის კითხულობს: როგორ მოხდა ღმერთი ხორცშესხმა? როგორ შეიძლება ქალწულისაგან შობილიყო ღმერთკაცი? სად წავიდა ღმერთი ხორცშესხმის შედმეგ? ღმერთი განიყო, ნაწილი წმიდა სამებასი დარჩა, ნაწილი კი ქრისტეში გადმოვიდა? როგორ შეიძლებოდა ქრისტეში ორი ნება ყოფილიყო? როცა ქრისტე შეუერთდა მამა ღმერთსა და სულიწმიდა ღმერთს, მასთან ერთად მისი კაცობრივი ნებაც შევიდა სამებაში?
მოძღვარი: მთელი შენი გრძნობებით და აზროვნებით ნივთიერ სამყაროში რჩები, სადაც ფიზიკური კანონები მოქმედებენ. იმავდროულად გინდა გაიგო ის, რასაც ანგელოზებიც არ ჩაწვდნენ. როგორ შეიძლება ღმერთის ხორცშესხმა? როგორ იშვა დედაკაცისაგან ღმერთკაცი? ამ საიდუმლოს მხოლოდ განსკუთრებული შინაგანი გრძნობით შეიძლება ჩასწვდე.უნდა შეარჩიო სხვა ყოფიერების სფეროში. სული უნდა გაითავისუფლო ნივთიერი სამყაროს აღქმის მონობისაგან. როგორ არის მოწყობილი ხილული სამყარო? როგორ შეიძლება ადამიანის სული ხორცს შეუერთდეს? ცხოვრებაშიც, სამყაროს არსშიც, ადამიანის სულსიც იხილვება სხვა სამყარო, მაგრამ ამ შემთხვევაში ყოველივე ეს გადმოცემულია ჩვენი აღქმებისათვის გასაგებად, სამებაში კი ჩვენს წინ წარმოდგება ენით გამოუთქმელი დიდებულება, რომელიც ღვთისმოსაობით აღგვავსებს, მაგრამ რომელზეც ფიქრსაც ვერ გავბედავთ. შენ არსებითს ვერაფერს იტყვი, თუ როგორ ჩაისახება სიცოცხლე, მარგამ არ გიჭირს ამაზე ფიქრი, რადგანაც შეგიძლია გარეგნულად აღწერო შობის ბიოლოგიური პროცესი. ვერ იტყვი, როგორ უეთდება ადამიანის სხეულს სული, მაგრამ ვერ გრძნობ, რომ ეს საიდუმლოა, რადგან არ გინდა დაინახო ადამიანში სხვა არაფერი, გარდა მისი ფიზიკური ბუნებისა. სიცოცხლის შობა, სულის შეერთება სხეულთან გონებისათვის მიუწვდომელია, რადგანაც გადის ნივთიერი ყოფის საზღვრებიდან.მათ არ უარყოფ არა იმიტომ, რომ გესმის, არამედ იმტომ, რომ მუდამ შენს თვალწინაა. ნუ უარყოფ ღმერთის ხორცშესხმის საიდუმლოს, ნუ გაბედავ თქვა: როგორ შეეძლო დედაკაცს სვა ღმერთი, მხოლოდ იმიტომ, რომ ამის გაგება შენს გონებას არ შეუძლია. ბუნებრივი შობის ჭეშმარიტებაში გარწმუნებს ფაქტის უეჭველობა, მისი უარყოფა უაზრობა იქნებოდა. ირწმუნე ღმერთის ხორცშესხმის ჭეშმარიტებაც, — მის გაერშე უაზრო და გადაუწყვეტელი გახდება სამყაროს არსებობის ყველა ძირითადი საკითხი. შეიგრზენი სხვა, იმქვეყნიური ცხოვრება არა გონებით, არამედ მთელი არსებით, ნუ იკითხავ, როგორ ახდა საიდუმლო სიტყვები: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის“ (ლკ. 1, 35). ნუ ეცდები ცოდვებით დამძიმებული შეხვიდე წმიდათა წმიდაში, ღვთისმოსაობით ეცი თაყვანი ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს.
სულიერ ცხოვრებასთან სავსებით შეუთავსებელია შენი სხვა შეკითხვებიც: სად წავიდა ღმერთი ხორცშესხმის შემდეგ, როგორ იყო ქრისტეში ორი ნება და შევიდა თუ არა ქრისტეს ამაღლების შემდეგ ყოვლლადწმიდა სამებაში ადამიანური ნება. ყველა კითხვა გულისხმობს ნივთიერ თვისებებს, ზომას, რიცხვს, შემადგენლობას. შენ ჰგავხარ ადამიანს, რომელიც კითხულობს, რ ფერისაა ხმა, ან ფიქრობს, რომ არშინით უნდა გაზომოს ნივთის წონა. ყველაფერს აქვს თავისი თვისება, განსხვავებული თვისებების აქვს ხმას, სიმძიმეს, მიზიდულობას . როცხვიც სხვა რამეს ნიშნავს ნების ცნებასთან მიმართებაში და არ გულისხმობს ნივთის რაოდენობას. აქ ის მიგვითითებს იმაზე, რომ განხორციელებულ „ერთობას“, ანუ ძე ღვთისას მიწიერი გაგებით ჰქონდა არც რთული და არც შერწყმული ადამიანური საწყისი, თავისუფალი ადამიანური ნება. ეს აქცევდა განხორციელებულ სიტყვას ღმერთკაცად. ეს იყო გამოხსნის მთავარი პირობა. მხოლოდ ამ შეუცნობელი შეერთებით ხდებოდა შესაძლებელი მსხვერპლის გაღება ადამიანებისათვის, მხოლოდ ამით შეიძლებოდა კაცობრიობის გამოხსნა. სად წავიდა ადამიანური ნება? ადამიანური ნება არ იყო „შემადგენელი ნაწილი“ მატერიალური გაგებით, — ეს იყო ის, რამაც ყოვლადწმიდა სამების მეორე პირი აქცია ჩვენს უფლად — იესო ქრისტედ. ნათელია, რომ სიტყვა დარჩა ისეთად, როგორიც იყო და იმას, რაც მოხდა ღვთის განხორციელების შემდეგ, არ შეუცვლია ღვთის არსი, მხოლოდ ახლებურად გაცხადდა დედამიწაზე.
უცნობი: პირობითად ვუშვებ, რომ შენი ნათქვამი ჭეშმარიტებაა, მაგრამ ნუთუ ჭეშმარიტებად თვლი ქრისტეს აღდგომას? ნუთუ შენი შინაგანი ხმა არ აპროტესტებს რწმენას, როცა გასწავლიან, რომ ქრისე სამი დღე იწვა საფლავში, შემდეგ დადიოდა მიწაზე, საუბრობდა მოწაფეებთან, ჭამდა მათთან ერთად იმის დასამტკიცებლად, რომ არ იყო სული, ამავე დროს გადიოდა დაკეტილ კარებში. 40 დღის შემდეგ კი მოწაფეების თვალწინ ამაღლდა!
მოძღვარი: დიახ. მწამს. მწამს და ვაღიარებ, რომ ქრისტე მკვდრეთით აღდგა, 40 დღე ეცხადებოდა მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ცათა სასუფეველზე, შემდეგ კი მათ თვალწინზეცად ამაღლდა, ამ რწმენის გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს. „უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი“ (1 კორ. 15, 14).
რა გიშლის ხელს ამ ჭეშმარიტების აღიარებაში? მოვლენის უჩვეულობა? ადამიანები არ ცოცხლდებიან? ეს არ შეეფერება ბუნებრივ წესს? განა ჩვეულებრივ წესს ემორჩილება ღმერთკაცი, განხორციელებული ძე ღვთისა? როგორ უნდა იმსჯელო ერთადერთ ფაქტზე სხვა ფაქტებზე დაყრდნობით, რომლებიც სულ სხვა გარემოში და საფუძველზე არსებობს? თუ შენი გონება ოდნავ მაინც მიუახლოვდა სიკვდილის ჭეშმარიტ არსს, რატომ არ შეუძლია გაიგოს აღდგომა იმისა, ვინც ღვთაებრივის და კაცობრივის შეერთებით მოსპო სიკვდილის მიზეზი? რატომ იქნება მიუღებელი შენი გონებისათვის მკვდრეთით აღდგომა, თუ უარს იტყვი სიცოცხლის, როგორც ნივთიერის გაგებაზე, რომელიც მხოლოდ მოძრაობაშია? ან თუ შენთვის მატერიის შედგენილობა მხოლოდ „ატომთა კომბინაცია“ არ იქნება და აღიარებ მატერიალური სამყაროში სულიერ უხრწნელ საფუძველს?მცირედი ძალისხმევაც საკმარისია, რომ მიიღო აღდგომის ჭეშმარიტება. მაშინ შეიგრძნობ ძალას იმ საფუძველის შესაქმნელად, რომელზეც რწმენა დაემყარება. ეს, უპირველეს ყოვლისა, ემყარება წინასწარმეტყველებებზე. ბიბლიაში საუბარია მომავალ მაცხოვარზე. ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ისტორია, მოვლენების დაადგილების მითითებით ისეა გადმოცემული, თითქოს თვითმხილველი ლაპარაკობსო. გარდა ამისა, ამას მოწმობენ მისი მოწაფეები. ეს დამოწმებები ისეთი ძალითა და სიმართლითაა გადმოცემული, რომ ძნელია არ დაიჯერო. გარდა ამისა, სრულიად აუხსნელი და უაზრო იქნებოდა პირველ ქრისტიანთა ისტორიები, თუ დავუშვებდით, რომ მოციქულებს თავიანთი სწავლება რეალური ქმედებებით არ გაემყარებინათ. როგორ უნდა გავიგოთ ის ფაქტი, რომ ათასობით ადამიანი ხდებოდა ქრისტიანი, ღებულობდა მკვდრეთით აღმდგარ იესოს რწმენას, ანუ გონებისთვის სრულიად მიუღებელს, თუ მსმენელები მოციქულთა სიტყვებში ვერ გრძნობდნენ სიმართლეს? როგორ ავხსნათ მოწამეობა, ნებისმიერი ტანჯვისთვის მზადყოფნა, თუ ერთნი ტყუილს ამბობდნენ, სხვებს კი სჯეროდათ ამ უაზრო ტყუილის?
სხვა რომ არაფერი იყოს, მოწამეობის ერთი ეპოქაც საკმარისია აღდგომის ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად.
უცნობი: რატომ დუმხარ ახალ თეორიაზე, რომლის მიხედვითაც ქრისტე საერთოდ არ არსებობდა, ის მხოლოდ საუკუნეების მანძილზე ხალხის ფანტაზიის მიერ შექმნილი მითია/?
მოძღვარი: ახალი თეორია! ჯერ ერთი, ეს „ახალი თეორია“ სულ ცოტა საუკუნეს ითვლის. მეორეც, — როცა ის გაჩნდა, არა მხოლოდ თეოლოგებმა, არამედ ისტორიკოსებმა — ფილოლოგებმა და არქეოლოგებმა, მთელმა ევროპელმა მეცნიერებმა ერთსულოვნად უარყვეს იგი და არქივს ჩააბარეს. ამ „თეორიის“ მისაღებად უნდა გაენადგურებინათ ყველა ძეგლი, ყველა დოკუმენტი, მთელი ისტორია არა მხოლოდ ქრისტიანობის პირველი საუკუნეებისა, არამედ მთელი რომის იმპერიისა. არა თეოლოგებმა, არამედ ისტორიკოსებმა და ფილოლოგებმა — კაბინეტის ფუსფუსა სპეციალისტებმა, რომელიც ჩვენამდე მოღწეული ძეგლების ყოველ სიტყვას, ყოველ ასოს კრიტიკით სწავლობენ, ვერ შეძლეს ახალი აღთქმის წიგნების შექმნის თარიღი გადაეცილებინათ I საუკუნის ბოლოსთვის. მე ამ „ახალ თეორიაზე“ არ ვლაპარაკობ იმიტომ, რომ მისი არქივიდან ამოღებას და განხილვას არაფერი აქვს საერთო არც მეცნიერულ თეორიასთან , არც ღვთისმეტყველებასთან, არც ჭეშმარიტების დადგენის სხვა ფორმასთან. თანამედროვე ენით ამას შეიძლება ეწოდოს „აგიტაცია ქრისტეს წინააღმდეგ“. ჩვენი მიზანი ამ სილულელის რკვევა კი არაა, არამედ ჭეშმარიტების დადგენა, რადგანაც ამ ჭეშმარიტების გარეშე ჩვენს ცხოვრებას აზრი არა აქვს.
უცნობი: ასე იყოს. გისმენ.
მოძღვარი: გარდა ამ, ასე ვთქვათ, რწმენის გარეგნული საფუძვლებისა, არსებობს სხვა, შინაგანი ხასიათის მტკიცებულებები. ქრისტეს აღდგომა ასრულებს გამოსყიდვის აქტს და წყვეტს ბოროტების, ტანჯვის და სიკვდილის საკითხს. აღდგომა ბოროტებაზე ძლევა, ნეტარი მდგომარეობის დაბრუნება და სიკვდილის დამარცხებაა. ადამიანის ტანჯვა, ყოველი ხორციელი უცილობელი სიკვდილი, რომელიც ცხოვრობას უიმედო, გამოუვალ და უაზრო ქაოსად აქცევს, — აღდგომით იცვლება. გამოსყიდვის გზით მკვიდრდება ახალი, მარადიული არსებობა, მარადიული ცათა სასუფეველი. გაიხსენე წმიდა წერილის საოცარის სიტყვები: „ახალთა ცათა და ახალსა ქვეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს“ (2 პეტ. 3, 13); „მოიწიოს დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარჴდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ“ (2 პეტ. 3, 10); „მაშინღა აღსასრული, რაჟამს მოსცეს სუფევაჲ ღმერთსა და მამასა, რაჟამს განაქარვნეს ყოველნი მთავრობანი და ყოველნი ჴელმწიფებანი და ძალნი. რამეთუ ჯერ-არს მისა სუფევაჲ, ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა. უკუანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს — სიკუდილი… ხოლო რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი, რაჲთა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა… აჰა ესერა საიდუმლოსა გითხრობ თქუენ: ყოველთავე უკუე არა შევისუენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ მეყსა შინა წამსა თუალისა უკუანაჲსკნელითა მით საყჳრითა, რამეთუ საყჳრსა დაეცეს, და მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელნი, და ჩუენ განვახლდეთ. რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ, და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაჲ“ (1 კორ. 15, 24-26; 28; 51-53). „არღარა მოემშიოს მათ, არცაღა მოეწყუროს, არცაღა მოვიდეს მათ ზედა მზე, არცა ყოველივე სიცხე, რამეთუ კრავი იგი, რომელ არს შორის საყდრისა, ჰმწყსის მათ და უძღჳს წყაროთა მიმართ წყლისა ცხოველისათა, და აღჴოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა“ (გამოცხ. 7, 16-17).
უცნობი: კი, მაგრამ ჯოჯოხეთი? შენ ამბობ — ყველაფერი ახალია, ახალი ცა, ახალი მიწა, „ღმერთი ყველგანაა…“ სად არის მარადიული ტანჯვა, ტირილი და კბილთა ღრჭენა? მათ ცრემლებს არავინ მოწმენდს? ასე დარჩებიან უკუნითი უკუნისამდე? სადღაა ტანჯვაზე გამარჯვება? სადღაა შენი „აბსოლუტური გარანტია“?
მოძღვარი: დიახ! საშინელია მარადიულ ტანჯვაზე ფიქრი. აქაც მთავარი სირთულე მიწიერის მიმართ ჩვენი მიჯაჭვულობაა. სიტყვაში „წამება“ ჩვენ ვგულისხმობთ მიწიერი ტანჯვის მსგავს განცდას. „მარადიული სატანჯველი“ სულ სხვა რამეაუნდა გახსოვდეს, რომ ეს გარეგნული „სასჯელი“ კი არ არის, არამედ ცოდვის შემყვარებელი, ღვთის უარმყოფელი სული თანმდევი მდგომარეობა. ეს არ არის ჩენთვის ცნობილი ფიზიკური ტკივილი, ან სულიერი მწუხარება, ეს სულ სხვა მდგომარეობაა, რომელიც არის სულიერი სიკვდილი. ეს იმიტომ კი არ დაიშვება, რომ ღმერთი არ პატიობს, არამედ იმიტომ, რომ თავიანთი ნებით თავად განდგნენ ღმერთისაგან.
ღმერთმა ყველაფერი გააკეთა ადამიანების გამოსახსნელად, ყველაფერი მისცა მათ ამის მოსაპოვებლად, მაგრამ არ ზღუდავს მათ თავისუფალი ნებით, ადამიანებმა თავად უნდა იზრუნონ გადარჩენა. სიკვდილის შემდეგ სულისთვის ბრძოლა გრძელდება საშინელ სამსჯავრომდე, — ამას ეკლესიის ლოცვები აკეთებს. საშინელი სამსჯავროს შემდეგ კი საბოლოოდ განისაზღვრება ადამიანის სულის მდგომარეობა და სული, რომელიც ბოროტებას მიიღებს, როგორც საბოლოო მდგომარეობას, მიეცემა საშინელ, ჩვენთვის შეუცნობელ, მარადიულ სიკვდილს — ღმერთი ყველაფერსი იქნება. ყველაფერი მოქცეული იქნება ღვთის უხრწნელ მეუფებაში. რაც ღმერთთან არაა, იქნება მისი უარყოფა, არა სიცოცხლე, არამედ მარადიული სიკვდილი.
უცნობი: ძნელია ეს ადამიანური გონებით მიიღო.
მოძღვარი: დიახ, ძნელია. გამოცხადების უმაღლეს მწვერვალებს მივაღწიეთ. უკან მოიხედე და განვლილ გზას გადაავლე თვალი. წარმოიდგინე ყველაფერი, რაც ღვთაებრივი გამოცხადებით გაიგე. შეეცადე, გონებისთვის გონებისთვის შეუმეცნებელი ღვთაებრივი საიდუმლო განჭვრიტო. შემოსაზღვრული შეგნებით კი არა, უსაზღვრო გრძნობით შეიგრძენი ღმერთის არსებობა. მაშინ რწმენის თვალებით დაინახავ საიდუმლო, გონებისათვის მიუწვდომელ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა მამისაგან ძის შობას, მამისაგან სულიწმიდის გამომავლობას, ღვთის სიყვარულს, დაცემული კაცობრიობის გამოხსნის, ღმერთისა და კაცის შეერთების, ადამიანის ცათა სასუფეველში დამკვიდრების, ცოდვის მონობისაგან, ტანჯვისა და სიკვდილისაგან გამოხსნის სურვილს. შენ არა გონებით, არამედ გონებაზე ამაღლებით გაიგებ, როგორ აღსრულდა ეს დიადი საქმე: მამა ღმერთმა თავისი ძე გამოუშვა დედამიწაზე, რომ ადამიანთა ცოდვების გამო მსხვერპლად მიეტანა თავი და გოლგოთის მთაზე ღვთაებრივი სიყვარულის გამო აღსრულდა გამოსყოდვის საიდუმლო. ქრისტე აღდგა და კაცობრიობას ეუწყა სიკვდილზე გამარჯვების სიხარული. მიწიერმა ცხოვრებამ სხვა აზრი, სხვა უხილავი საფუძველი მიიღო, რადგან ეს მორწმუნეთათვის მარადიული ნეტარების გზაა.
ახლა შენ მიპასუხე. ვერ გრძნობ, რომ ეს „ფანტაზია“ უფრო შეესატყვისება შენს წარმოდგენებს ცხოვრების შეუცნობლობასა და სამყაროს დიდებულებაზე, ვიდრე ვიწრო, უხეში სწავლება „მატერიის მოძრაობაზე“? მითხარი, ნუთუ ვერ გრძნობ, თუ როგორ იპყრობს გონებისთვის შეუცნობელი ეს ღვთაებრივი გამოცხადება სამყაროს ცხოვრებას და უხილავად პოულობს გამოხმაურებას შენს სულში? ნუთუ ვერ გრძნობ, როგორ გვარდება გადაუწყვეტელი საკითხები, და ბოლოს, პოულობ შენი ცხოვრების გამართლებას და უმაღლეს აზრს?
უცნობი: დიახ, ვაღიარებ, რომ ასეა.
მოძღვარი: რასაც გეუბნები, ამას მორწმუნეები ცხოვრების ყოველ მომენტში გრძნობენ, მათ ირგვლივ და მათში ყველაფერი ამტკიცებს რწმენის ჭეშმარიტებას. შენ იტყვი — ეს გამოცდილებაა. დიახ, გამოცდილებაა. მოისმინე მორწმუნის აღსარება. ყველასგან ერთსა და იმავეს გაიგონებ. შენთვის ნათელი გახდება, რომ მათი შინაგანი ცხოვრება სულ სხვა სამყაროა. მორწმუნეები და ურწმუნოები მხოლოდ გარეგნულად გვანან ერთმანეთს, სინამდვილეში განსხვავებულნი არიან. შეუძლია ურწმუნო ადამიანს, ვისთვისაც სამყარო ნივთიერებათა უაზრო, უსულო მოძრაობაა, იგრძნოს ღვთის სიყვარული? „…უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან“ (ინ. 16, 22).
როგორ ახდა მაცხოვრის ეს სიტყვები! როგორ დიდ, წარუპარავ სიყვარულს ანიჭებს რწმენა! – „არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე თქუენდა“ (ინ. 14, 18). ჭეშმარიტად, ვერც ერთი მორწმუნე ვერ გრძნობს თავის მარტოობას. ღვთის მარადიული სიყვარულის გრძნობა ჩვენს გულშიც აღვივებს ქრისტეს, ღვთის შექმნილი სამყაროს, ადამიანის სიყვარულს. მიწიერ ტანჯვას ვითმენთ, როგორც გამომსყოდველ გოლგოთას, ცხოვრებაც სასიამოვნო და უსიამოვნო მოვლენების მონცავლეობა კი არ არის, არამედ ჯვრითსავალი გზა, რომლითაც ცათა სასუფეველს მივეახლებით. ჩვენი გულის თვალები ყოველთვის მარადიულობისკენაა მიმართული, ამიტომაც მიწიერს ჩვენთვის ფასი არა აქვს. ყოველივე ეს თავისუფალს გვხდის. სადაც უფლის სულია — იქ თავისუფლებაა. ჩვენი ყველაზე მთავარი გრძნობა, ურწმუნოსთვის მიუწვდომელი, ქრისტეს აღდგომაა. ეს შეიძლება შევადაროთ სიკვდილმისჯილის მოულოდნელი განთავისუფლებით გამოწვეულ განცდას. მისთვის სხვაგვარდ ანათებს ცა, სხვაგვარად ცემს მკერდი, სხვაგვარად ჭვრეტს ცხოვრებას. კაცობრიობა ცოდვაშია დანთქმული, ჩვენ კი ვზეიმობთ, რადგან ქრისტემ გაიმარჯვა ცოდვილ ქვეყანაზე, ცხოვრება წვალებაა, მაგრამ ჩვენ გვიხარია, რადგან ქრისტე აღდგა და ტანჯვა აღარ არსებობს. ჩვენ ვკვდებით, ხრწნილებას მივეცემით, მაგრამ ვდღესასწაულობთ, რადგან სიკვდილი დამღუპველია და წარმავალი ხრწნადი სიცოცხლის მიღმა იწყება მარადიული სიცოცხლე, ახალი ცა, ახალი განახლებული მიწა. ამიტომაც „…მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ; მგმობართა ჩუენთა ულოცავთ; ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა ნასხურ მოაქამდე“ (1 კორ. 4, 12-13). ამიტომაც მიდიოდნენ მოწამეები სიხარულით ენითაუწერელი წამებისაკენ და მოწამეობრივი გვირგვინი მათთვის გამარჯვების გვირგვინი იყო. მხოლოდ ჩვენ, მორწმუნეებმა ვიცით, რა არის ნამვდილი ბედნიერება, მხოლოდ ჩვენთვის ანათებს დღე მართებულად. მხოლოდ ჩვენს გულებში მკვიდრობს ნამდვილი სიხარული, რადგან მხოლოდ ჩვენ მოგვენიჭა თავისუფლება.
უცნობი: ეს რომ მივიღო რწმენაა საჭირო?
მოძღვარი: დიახ, რწმენა, ქრისტეში ცხოვრება, ღვთის მადლი და ის, რაც რწმენის, სიცოცხლის, მადლის წყაროა.
უცნობი: ვერ გავიგე.
მოძღვარი: საჭიროა ეკლესია.
უცნობი: ეკლესია? სრულიად წარმოდუგენელი სიტყვა წარმოთქვი. შენი სიტყვებიდან ჩანს, რომ ეკლესიის გარეშე არ შეიძლება არც რწმენა, არც ზნეობრივი ცხოვრება, არც
ღმერთთან ერთობა?
მოძღვარი: დიახ.
უცნობი: ამაზე დაწვრილებით უნდა მელაპარაკო.
მოძღვარი: კეთილი. შემდეგ შეხვედრაზე ეკლესიაზე ვისაუბრებთ.