ყოველივე რაც ხდება და რასაც ვაკეთებთ – ჩვენი მუხლმოდრეკანი, სანთლები, მღვიძარება, ლოცვა, მარხვა, განმარტოება… ყველაფერს, რასაც კი ვაკეთებთ ჩვენს სიცოცხლეში, რა მიზანი აქვს, რატომ ვაკეთებთ ყოველივე ამას? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ პასუხზეა დამოკიდებული ჩვენი სწორი სულიერი ცხოვრება. ერთ მაგალითს მოვიტან. ერთ-ერთ საბავშვო ბანაკში, ისეთში, რომლებსაც ახლა ხშირად აწყობენ, ვეკითხები ბავშვებს, თუ რა არის ღმერთის უპირველესი მცნება. ყველა ბავშვმა სხვადასხვა მცნება დაასახელა: არა იპარო, არა იცრუო, არ განიკითხო სხვა ადამიანი, პატივი სცე მშობლებს, გიყვარდეს მოყვასი. თუმცა, ვერც ერთი ბავშვი ვერ მიხვდა, რომ არც ერთი ამ მცნებათაგანი არ არის ღმერთის უპირველესი მცნება. მათ მიიჩნიეს, რომ უპირველესი მცნებაა გიყვარდეს მოყვასი შენი. როდესაც ბავშვებს ავუხსენი, რომ არც ერთი ამ მცნბებიდან არ იყო უპირველესი, ერთ-ერთი ბავშვი მეუბნება, რომ იცოდა და სხაპასხუპით მომაყარა დავივარცხნოთ და ჩავიცვათ ადგომისთანავე.(ამ ფაქტმა საყოველთაო სიცილი გამოიწვია), რა თქმა უნდა, არც ეს არის ღმერთის უპირველესი მცნება.
ღმერთის უპირველესი და ერთადერთი მცნება, რომლიდანაც გამომდინარეობს ყველა დანარჩენი როგორც მისი შედეგი, არის გიყვარდეს ღმერთი შენი მთელი გულით. უფალი იესო ქრისტე გვეუბნება უპირველესი მცნებაა გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. მეორე მცნება, რომელიც პირველის მსგავსია და მისგან გამომდინარეობს, თუმცა, ამავდროულად პირველი მოიცავს მას, არის გიყვარდეს მოყვასი შენი. ყველა დანარჩენი კი ამ ორი მცნების შედეგია: თუკი გიყვარს მოყვასი შენი მას არ მოპარავ, არ მოატყუებ, არ განიკითხავ, არა ცილს წამებ, არ გსურს მისი ნივთები, არა გული გითქუმის ცოლისათვის მისისა, არცა სახლისათვის მისისა, არ განსჯი მას. ყოველივე ეს პირველი მცნების შედეგია. „გიყვარდეს მოყვასი შენი“, ეს მცნებაც პირველი მცნების შედეგია: თუკი გიყვარს უფალი, შეუძლებელია არ გიყვარდეს მოყვასი შენი. ადამიანს, ვისაც უყვარს ღმერთი, მას ასევე გააჩნია მოყვასის სიყვარული, როგორც უფლის სიყვარულის ფიზიკური შედეგი.
მაშასადამე, უფლის უპირველესი და ერთადერთი მცნებაა შევიყვაროთ თავად ჩვენი ღმერთი მთელი გულით. ამიტომაც, ყოველივე, რასაც ჩვენ ეკლესიაში ვაკეთებთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. სწორედ ამის გამო ვიდრეკთ მუხლს, ამის გამო ვმარხულობთ, ამის გამო ვლოცულობთ, ამის გამო ვაბარებთ აღსარებას, ამის გამო ვანთებთ სანთლებს და ვკითხულობთ წმიდანთა ცხოვრებას. იმისა გამო ვაკეთებთ ამ ყოველივეს, რომ გვიყვარდეს უფალი იესო ქრისტე.
ახლა კი გადავიდეთ იმაზე, თუ რა არის შეცდომა. საუბედუროდ, შეცდომა არის ის, რომ ყოველივე ამას იმის გამო არ ვაკეთებთ, რომ კარგ და უკეთეს ადამიანებად ვიქცეთ. სწორედ ეს არის დიდი ტყუილი, ის საფეხური, რომელზეც ყოველი ჩვენთაგანი წაიბორძიკებს. რადგან, თუკი ეკლესიას მიზნად ექნებოდა დასახული, რომ ჩვენი თავი უკეთეს ადამიანებად ექცია, მაშინ არ იქნებოდა იმის საფუძველი, რომ ჩვენ ღმერთთან პირადი კავშირი გვქონოდა, არც იმის საჭიროება იქნებოდა, რომ ღმერთი ამქვეყნად განკაცებულიყო. როგორ ფიქრობთ, რატომ არ შეგვწევს იმის ძალა, რომ წმიდანებს გავუგოთ? ან უფრო მარტივ მაგალითს მოვიტან, რატომ არ გვესმის იმ ადამიანებისა, რომლებსაც ღმერთი უყვართ? განა ასე არ ვამბობთ, ოხ, რა აუცილებელია, რომ ასე მოვიქცეთ, იმისათვის, რომ გადავრჩეთ და ღმერთთან ახლოს ვიყოთ ან განა რა აუცილებელია განვმარტოვდეთ მთებში?! რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი. თუმცა კი, უნდა გავიაზროთ, რომ უფალთან კავშირი მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის კი არ არის, როგორც ვამბობთ, რომ გადავრჩეთ, არამედ ეს სიყვარულის კავშირია, კავშირია სიყვარულთან.
მხოლოდ ამის გააზრების შემდეგ შეგვიძლია გავუგოთ წმიდანებს, თუ რა მიზეზით გააკეთეს ყოველივე ის, რაც ლოგიკის მეშვეობით ვერ აიხსნება. რადგან სიყვარული ლოგიკას აღემატება. მაგალითად ავიღოთ შეყვარებული წყვილი ანდა ცოლ-ქმარი, რომელთა ზოგიერთი ქცევა ლოგიკაზე არ არის დამყარებული. შეიძლება, შეყვარებულმა გითხრას ან შენ უთხრა მას, რომ ამქვეყნად ყველაზე ლამაზი გოგონაა, რადგან მის თვალში ის სწორედ ასეთია. ჩვენ კი მას სხვაგვარად ვხედავთ. ანდა, თუკი ვინმეს ვკითხავთ, თუ ვინ არის მისთვის საუკეთესო მამაკაცი, აგვიწერს მას, ვინც უყვარს, საუკეთესო სიტყვებით, ვერ ხედავს მის ნაკლს, შეცდომებსა და ვერაფერს უარყოფითს. ეს იმიტომ, რომ სიყვარული ყოველივე ამ უარყოფითს აღემატება. სიყვარული არ ემორჩილება ლოგიკას, ის ლოგიკაზე აღმატებულია. სწორედ ამგვარადვეა უფლის მიმართ სიყვარული. იგი აღემატება ადამიანთა ლოგიკას. ამის გამო, ძალა არ შეგვწევს იმისათვის, რომ ლოგიკური კრიტერიუმებით განვსაჯოთ ის ადამიანები, რომლებსაც უყვართ ღმერთი. ისინი თავიანთი საკუთარი ლოგიკით მოქმედებენ და არა ადამიანთა ლოგიკით, რადგან მათი ლოგიკა სიყვარულის ლოგიკაა.
მაშასადამე ეკლესია ჩვენ გვასწავლის არა იმას, თუ როგორ ვიქცეთ კარგ ადამიანებად (ეს ხომ საბავშვო ბაღის საქმეა), არამედ ეკლესია ჩვენ ქრისტეს სიყვარულს გვასწავლის. გვასწავლის, რომ გვიყვარდეს უფალი იესო ქრისტეს პიროვნება. ეკლესია ავითარებს ადამიანის პირად კავშირს ქრისტესთან, არა ქრისტეს სწავლებასთან, არა სახარებასთან. სახარება ჩვენ იმაში გვეხმარება, რომ ქრისტეს სიყვარულამდე მივაღწიოთ. მაშინ კი, როცა ქრისტეს სიყვარულს მივაღწევთ, აღარ გვჭირდება სახარება, არაფერი აღარ გვჭირდება. რჩება მხოლოდ ადამიანის კავშირი ღმერთთან. სწორედ ამით განსხვავდება ეკლესია სარწმუნოებისაგან. სარწმუნოება შენს მიზანს გასწავლის, როგორც იყვნენ მაგალითად კერპთაყვანისმცემლები. ერთ მაგალითს მოვიტან: მოსალოცად წავედით, ვილოცეთ, შესაწირი შევწირეთ, ავანთეთ სანთლები, კანდელები, პარაკლისი გადავიხადეთ, სახელები მოვიხსენიეთ, ყველაფერი წესისამებრ გავაკეთეთ. ეს ჩვენი სარწმუნოებრივი მოვალეობა იყო, თუმცაღა, ჩვენი გულები სრულიად არ შეცვლილა. და მიუხედავად ჩვენი მიზნისა, ჩვენ ისეთებივე დავრჩით, როგორებიც მანამდე ვიყავით: მზად იმისათვის, რომ დავჩაგროთ ერთი ან მეორე, მზად იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ ერთმანეთს, მზად იმისათვის, რომ რისხვა გამოვხატოთ ისევე, როგორც უწინ.
არ იცვლება ჩვენი გული. ვერ ვამყარებთ კავშირს ქრისტესთან, რადგან უბრალოდ მივყვებით ჩვენ სარწმუნოებრივ მოვალეობას. და რომ იცოდეთ, ასეთი ადამიანები, „რელიგიური ადამიანები“ (ცრუ მორწმუნე ადამიანები), ყველაზე საშიშნი არიან ეკლესიის წიაღში. ღმერთმა დაგვიფაროს ამგვარი „რელიგიური“ ადამიანებისაგან. ერთხელ, როდესაც საღმრთო ლიტურგიას ვასრულებდი და ვამბობდი: უფალო დაიფარე ღმრთისმოშიშნი, ერთ-ერთმა მთაწმიდელმა ბერმა თქვა: უფალო დაგვიფარე ჩვენ ღმრთისმოშიში ადამიანებისგან, ანუ ღმერთმა დაგვიფაროსო ცრუ მორწმუნე, „რელიგიური ადამიანებისგან“. მაშასადამე, ცრუ მორწმუნე ადამიანი ნიშნავს პიროვნებას, რომელიც გზასაა აცდენილი და რომელსაც არასდროს ჰქონია პიროვნული კავშირი ღმერთთან. იგი მხოლოდ და მხოლოდ ასრულებს თავის მოვალეობას ღმრთის წინაშე, მაგრამ არანაირი სერიოზული კავშირი მასთან არ ჰქონია. სწორედ ამიტომაც უფალი ასეთ ადამიანზე არაფერს ამბობს. და მეც ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, გაგანდობთ, რომ არ მინახავს ეკლესიის იმაზე დიდი მტერი, რომელიც მასზე უფრო უარესი იქნებოდეს.
მაშინ როცა „ცრუ რელიგიური“ ადამიანის შვილებს ეკლესიაში დაუდგათ ისეთი ჟამი, როდესაც მონაზვნებად ან მღვდლებად უნდა გამოცდილიყვნენ, ეს ადამიანები დემონებზე უარესნი გახდნენ. ისინი ყოველივეს წინ აღუდგნენ და ადამიანის ყველაზე უარეს მტრებად იქცნენ. მახსოვს, მშობლებს ქადაგებებზე მოჰყავდათ თავიანთი შვილები, ხოლო მაშინ როცა მათი შვილი თუნდაც ერთ ნაბიჯს გადადგამდა წინ, მშობლები იწამსვე ყველაზე უარეს ადამიანებად გადაიქცეოდნენ და ყველაზე უარეს სიტყვებს ამბობდნენ. მე მათ ვეუბნებოდი: – განა თავად არ მოიყვანე ბავშვი ქადაგებაზე თუ მე მოვიყვანე? ერთხელ, ვხედავდი რა, რომ ბავშვს დიდი ინტერესი ჰქონდა ეკლესიის მიმართ, მამამისს ვუთხარი, რომ აღარ მოეყვანა თავისი ქალიშვილი ქადაგებაზე, რადგან იგი მონაზვნად აღიკვეცებოდა, რასაც მე დამაბრალებდა. მითხრა, რას მეუბნებით, იგი ხომ ჩვენი ერთადერთი ქალიშვილია, მასზე ამოგვდისო მზე და მთვარე. შვიდი წელია, რაც ეს ქალიშვილი მონაზვნადაა აღკვეცილი, ხოლო მამამისი დღესაც კი არ მელაპარაკება.
ასეთი ცრუ მორწმუნენი ის ადამიანები არიან, რომლებსაც არასდროს გაუცდენიათ ქადაგება, ყოველთვის პირველნი იდგნენ ქადაგებებზე, ღამისთევისას, წირვებსა და ყოველივეში, მაგრამ როდესაც მათ ეკლესიაში თავიანთი შვილები მოიყვანეს და დადგა დრო, როცა მათ შვილებს საკუთარი გზის თავისუფლად არჩევის შესაძლებლობა მიეცათ, მაშინ ამგვარი ადამიანები სრულიად სხვა, საწინააღმდეგო ბანაკში აღმოჩნდნენ და აჩვენეს, რომ ქრისტეს მათ გულებში მათთან არასოდეს უსაუბრია. ისინი უბრალოდ ცრუ რელიგიური ადამიანები იყვნენ. სწორედ ამის გამო, ცრუ მორწმუნე ადამიანები ეკლესიაში ყველაზე უფრო რთულ კატეგორიას წარმოადგენენ. და იცით რატომ? ეს ადამიანები ვერასდროს ვერ განიკურნებიან, რადგან ფიქრობენ, რომ ისინი ღმერთთან არიან ახლოს. მაშინ როდესაც ცოდვილებმა, მაგალითად, ხელიდან წასულებმა, იციან, რომ ისინი ცოდვილნი არიან. ამიტომაც თქვა ქრისტემ, რომ მებაჟენი და მრუშები ზეციურ სასუფეველში დაიმკვიდრებენ ადგილს, ხოლო თქვენ კი ფარისევლებო, რომლებიც ცრუ მორწმუნენი ხართ, ვერასდროს აღმოჩნდებით ღმრთის სასუფეველში. უფლის სიტყვას არასდროს შეუცვლია მათი გული, უბრალოდ ისმენდნენ სარწმუნოებრივი ფორმალურობის სახით, შეფასებით.
მაშ მოდით, ყველა ჩვენთაგანმა ყურადღება მივაქციოთ ჩვენ საკუთარ თავს, იმისათვის, რომ გავიაზროთ, რომ ეკლესია არის საავადმყოფო, სადაც ჩვენ ვიკურნებით. ეკლესია გვასწავლის ქრისტეს სიყვარულს. ქრისტეს სიყვარული კი ის ცეცხლია, რომელიც ჩვენს გულებში ინთება. მოდით, გამოვიკვლიოთ ჩვენ-ჩვენი თავები ვიმყოფებით თუ არა ღმერთის სიყვარულში? თუკი, ჩვენ თავში ვხედავთ ყველა ბოროტებას, ანგარებასა და ეშმაკობას, მაშინ უნდა დავმწუხრდეთ, რადგან შეუძლებელია ქრისტე ჩვენს გულებში იყოს, ჩვენ კი აღსავსენი ვიყოთ ძმრით. განა შესაძლებელია, ლოცულობდე და იმავდროულად სავსე იყო სხვა ადამიანის მიმართ ცუდი ზრახვებით, კითხულობდე სახარებას და არ იღებდე შენს ძმას. განა შესაძლებელია ამდენი წელი იყო ეკლესიაში, იყო მონაზონი, ღმრთისმსახური ან სხვა ვინმე, თუმცა არ იცოდე სულიერი ცხოვრების ანბანის პირველი ასო – „ანი“, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა სიყვარული. ეს იმას ნიშნავს, რომ არაფერიც არ გიქმნია, სრულიად არაფერი. ქრისტემ არ მიიღო ის ქალწულები, რომლებსაც ბევრი ღირსება გააჩნდათ, თუმცა არ ჰქონდათ მთავარი – სიყვარული. ამით იმის თქმა უნდოდა, რომ შეიძლება გქონდეთ მრავალი გარეგნული ღირსება – დარჩეთ ქალწულნი, უმანკონი ან გააკეთოთ სხვა უამრავი რამ, მაგრამ ვერ მიაღწიოთ იმის არსს, რასაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. და თუკი ამას ვერ შეასრულებთ, მაშინ რად გინდათ სხვა დანარჩენი?
რა მნიშვნელობა აქვს იმას მე დღეს შევჭამ ზეთს თუ არ შევჭამ? შეიძლება არ შევჭამო ზეთი, მაგრამ გათენებიდან დაღამებამდე „ვჭამო“ ჩემი ძმა. ათონის წმიდა მთაზე ამბობდნენ, ნუ კითხულობ ვჭამ თუ არა თევზს. შეჭამე თევზი, ოღონდ მეთევზეს ნუ შეჭამ ანდა ჭამე ზეთი, ოღონდ ზეთის გამომხდელს ნუ შეჭამ! განა, ენით ვინმეს შეჭმა უფრო უარესი არ არის, ვიდრე ერთი კოვზი ზეთის ჭამა? თუმცა, მაინც იქ ვდგავართ, ვჭამთ ზეთს თუ არ ვჭამთ ანდა ვჭამთ თევზს თუ არა? შეიძლება ერთმანეთს ვეჩხუბოთ ან ერთმანეთი დავხოცოთ, მხოლოდ იმის გამო, რომ მანამდე ვინმემ კოვზი რაიმე სხვა საჭმელში ამოურია. გესმით ხომ, თუ რა სასაცილოა ყოველივე ეს? და ჩვენ დაგვცინიან, როგორც დემონები, ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც ეკლესიისგან შორს ცხოვრობენ. და როდესაც ისინი ჩვენთან ახლოს მოდიან, ნაცვლად იმისა რომ იხილონ ეკლესიური, ქრისტეს ნათლით განათლებული, მოსიყვარულე, მოწიფული, გაწონასწორებული და სრულყოფილი, შინაგანი ჰარმონიულობით სავსე ადამიანები, საუბედუროდ, ჩვენ ყველა ამ ნაკლულოვანებით აღსავსეს გვხედავენ და ამბობენ, რომ მირჩევნია საერთოდ არ ვიარო ეკლესიაში, ვიდრე მათთნაირი გავხდე.
შენ, ვინც ეკლესიაში მიდიხარ, რა გინდა ეკლესიაში? როგორც გუშინ, წახვედი სალოცავად, ნახე მამები, წახვედი ათონის წმიდა მთაზე, ყველაფერი ეს მხოლოდ წასვლითა და მოსვლით შემოიფარგლება. ყოველივე ამით, განა კი სახე იცვალა ჩვენმა გულმა? განა კი გავხდით უფრო თავმდაბალი ადამიანები, განა კი ვიქეცით უფრო მოსიყვარულე, უფრო უწყინარ ადამიანებად ჩვენს სახლებში, ჩვენს მონასტრებში ან იქ, სადაც ვმუშაობთ? სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა. თუკი, ამ ყოველივეს ვერ შევძლებთ, მაშინ ის მაინც მოვახერხოთ, რომ სინანულის გზით თავმდაბალნი გავხდეთ. და თუკი ამას მივაღწევთ, მაშინ მრავალი ცრემლის ღირსნი გავხდებით, რადგან საუბედუროდ დრო გადის და იკარგება, ჩვენ კი დროს ვითვლით. ბერი პაისი, როდესაც მას ეკითხებოდნენ: – მოძღვარო, რამდენი წელია, რაც ათონის წმიდა მთაზე იმყოფები? ასე ამბობდა: -აქ იმავე წელს მოვედი, როცა მეზობლის ჯორი მოიყვანეს. მოძღვრის მეზობელს ჰყავდა ერთი ჯორი, ათონის მთაზე ყოველ კელიას ერთი ჯორი ჰყავდა, რათა თავიანთი ნივთების ზიდვა შესძლებოდათ. ეს ცხოველი დიდხანს ცოცხლობს, მას არ ყიდულობ ყოველ წელს, რადგან საკმაოდ დიდი ფასი აქვს. ანუ სულიერ მოძღვარს იმის თქმა სურდა, რომ იმ დროს, როდესაც ის ათონის მთაზე მოსულა, მეზობელმა თავისი ჯორი იყიდაო. ჩვენ ერთი ხანი დავყავითო ათონის მთაზე, მაგრამ ის საწყალი ჯორი ისევ ჯორად დარჩა, მე კი ისევ იგივედ დავრჩიო, რაც იმას ნიშნავს, რომ არ შევცვლილვარო. ჩვენ მღვდლები და მონაზვნები ხშირად ვამბობთ: – ორმოცი წელია, რაც მონასტერში ვარ,- მაგრამ წლები ხომ შენი სიმძიმეა. ღმერთი ამას გეტყვის: – ორმოცი წელია, რაც აქ ხარ, მაგრამ მაინც ვერ მოახერხე რაიმეს მიღწევა?! ორმოცმა წელმა განვლო, შენ კი კვლავ განსჯი, კვლავ ეწინააღმდეგები, კვლავ თავს იცავ და ჯერ კიდევ არა ხარ მორჩილი? ორმოცი წელი გქონდა, შენ კიდევ მაინც ვერ ისწავლე მონასტრული და ქრისტიანული ცხოვრების უპირველესი რამ, მისი ანბანის პირველი ასო – „ანი“. მაშინ, რას გიშველიან წლები? რას მოგცემს ორმოცდაათწლოვანი აღსარების ჩაბარების გამოცდილება, თუკი, ხვალ იმას ვერ შეძლებ, რომ ვინმეს მშვენიერი მანერით გასცე პასუხი. ყოველივე ეს ჩვენი სიმძიმეა, ტვირთია.
როდესაც ყოველივე ამას ვამბობ, უპირველეს ყოვლისა, ჩემ თავს ვგულისხმობ, რადგან ჩემი ნათქვამი ჩემზეც ვრცელდება. ეს ყველაფერი საკუთარი გამოცდილებით ვიცი და სწორედ ამიტომაც გეუბნებით. ნუ იფიქრებთ, რომ ამას მხოლოდ თითოეულ თქვენგანზე ვამბობ და ჩემ თავს კი არ ვგულისხმობ. არა, ამ ყველაფერს, უპირველეს ყოვლისა, ჩემ თავზე ვამბობ.
მაშასადამე, ყოველივეს ამას იმიტომ ვამბობთ, რომ შევეცადოთ თავმდაბალნი ვიყოთ და პირი მაგრად მოვკუმოთ. ჩვენში გამუდმებით თავს იჩენს ხოლმე ისეთი მოქმედებები, რომლებიც, საუბედუროდ, სასაცილო მდგომარეობაში გვაყენებს და უფლის წინაშე უგუნურებად წარმოგვაჩენს. და თუკი, თავს დავიმდაბლებთ, მაშინ ადამიანს სინანულის გზით რეალურად შეუძლია ნელ-ნელა დაიწყოს საკუთარი თავის სრულყოფა. ის, ვინც თავის საქციელს არ ამართლებს, სინანულში იმყოფება. ხოლო ის, ვინც ამართლებს თავის თავს, ასეთი ადამიანი არც არასდროს ნანობს და ვერც ვერასდროს გაიაზრებს, თუ რა არის სინანული. იგი ყოველთვის, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად ამართლებს თავის საქციელს. მაშ, მოდით ჩავუღრმავდეთ ჩვენ ჩვენ თავებს, როგორც მოციქული ამბობს, ძმებო გამოსცადეთ თქვენი თავები, რათა გაიგოთ არის თუ არა ღმრთის სიყვარული თქვენში.
ყოველივე ეს იმისათვის ხდება, რომ ღმერთმა ჩვენი ყოფიერება განკურნოს. ჩვენი კავშირი ეკლესიასთან იმისათვისაა, რომ მან ჩვენ განგვკურნოს, რათა ცოდვებისა და ცდუნებებისაგან განკურნებულ ადამიანებად ვიქცეთ. მრავალი ადამიანი კითხულობს, თუ რა ხდება და როგორ ვგრძნობთ ამის შემდეგ თავს? ისევე, როდესაც ჩვენ თავს კარგი ექიმის – ღმერთის ხელებს მივანდობთ. როდესაც ჩვენ იმედით აღსავსენი სხვადასხვა შემთხვევისა თუ სიძნელის დროს ჩვენ თავს უფალს მივანდობთ, ღმერთმა იცის, თუ რა სჭირდება თითოეულ ჩვენთაგანს და იმ გზას გვიჩვენებს, რომელიც ნელ-ნელა, ჟამთა სვლასთან ერთად, ადამიანს სრულყოფილად აქცევს. საკმარისია მხოლოდ, რომ ჩვენ თავს ღმრთისადმი იმედი მივცეთ, ისევე როგორც ჩვენ თავს ექიმის მიმართ ვაძლევთ იმედს. ანდა მაგალითად, როდესაც გემით ვმოგზაურობთ, ვსხედვართ წყნარად, გემს კი მიჰყავს ჩვენი თავი და არც იმაზე ვღელავთ, თუ სად მივდივართ და არც იმაზე, თუ როდის მივაღწევთ დანიშნულების ადგილს. რადგან ვიცით, რომ ის, ვინც მართავს გემს, იცის მისი მართვა, იცის გზაც და ფრთხილობს კიდეც.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ზოგიერთი თქვენგანის თხოვნიდან გამომდინარე მსურს ყურადღების გამახვილება, არის დროის საკითხი. ხედავთ, რომ ამ დღეების განმავლობაში, რომლებიც გემზე გავატარეთ, არ გვქონდა გარე გამოწვევები, არ შეგვხვედრია ისეთი რამ, რაც ჩვენ გვიზიდავს და ყურადღებას იქცევს, მაგალითად როგორიც გვაქვს ჩვენ-ჩვენ სახლებში ტელევიზორი. ხომ ხედავთ რამდენი დრო გვქონდა, ვისაუბრეთ ერთმანეთში. თქვენც, ვინც დაქორწინებულნი ხართ, იმის დრო გქონდათ, რომ მეუღლეებთან და თქვენ ბავშვებთან გესაუბრათ. ბავშვებმა თამაშსა და ლაპარაკში მშვენივრად გაირთეს თავი. ჩვენს განკარგულებაში გვქონდა ბევრი დრო და ერთმანეთთან ურთიერთობა დავამყარეთ, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. სახლში ყველაზე სამწუხაროა ის, რომ ოჯახის წევრებს ტელევიზორის წინ მოუყრიათ თავი და ერთიმეორეს არ ესაუბრებიან. დრო გადის, ადამიანებს კი ერთმანეთთან ურთიერთობა არა აქვთ. თუმცა, ყველაზე უარესი კი არის ის, თუ რას ვუყურებთ ტელევიზორში. სწორედ აქ ხდება ჩვენი საკუთარი შვილებისა და ჩვენი სულების გარყვნა. ამ დღეებში მომიხდა ტელევიზორის ყურება ღია ადგილას, სადაც სუფრას შლიდნენ, ჩართული იყო თავისთვის, თუმცა არავინ უყურებდა. დამაინტერესა, თუ რას აჩვენებდნენ. არ ვიცი რა ფილმი იყო, მაგრამ გამუდმებით ვიღაცეები ვიღაცეებს დასდევდნენ. დევნა, იარაღი, მანქანები, აფეთქებები, ერთი მეორის გინება. როდესაც ყოველივე ამას თქვენი ბავშვები, მცირეწლოვანი ბავშვები, უყურებენ, სადაც მხოლოდ ძალადობაა, ეს ძალიან ცუდია. ეს მოხუცებზეც კი ცუდად მოქმედებს. ნუ იტყვით, რომ ეს ასე არ არის. ვუსმენ აღსარებებს და ძალიან კარგად ვიცი, რომ მოხუცებული, ასაკოვანი, სერიოზული ადამიანებიც იღუპებიან ტელევიზორის ყურებით. არ ვსაუბრობ ყველაფერზე, ვსაუბრობ მხოლოდ იმ ძალადობაზე, რასაც ტელევიზორი დემონსტრირებას უკეთებს. ძალიან ცუდია, როცა უყურებ პაწაწინა ბავშვებს, რომლებიც დიდებს ბაძავენ და თავიანთ ბავშვობას ანადგურებენ. მინახავს ზოგჯერ, როდესაც სხვადასხვა ღონისძიებებზე წავსულვარ, თუ როგორ ცეკვავენ ბავშვები. ხედავ 10-12 წლის გოგონებს ან ბიჭუნებს, რომლებიც ისეთ მოძრაობებს აკეთებენ ცეკვისას, როგორსაც დიდი ქალები. ისინი სრულიად გაძარცვულნი არიან. ხედავთ, თუ როგორ იღუპებიან ეს ბავშვები, რომლებიც იმ დიდ ადამიანებს ბაძავენ, რომელთაც ტელევიზორში უყურებენ?!
დამღუპველია ასევე ის ქმედებები, რომლითაც ერთობიან. ამას არ ვამბობ მხოლოდ და მხოლოდ სულიერი თვალსაზრისიდან გამომდინარე, არამედ სხვა უამრავი, როგორც ფსიქოლოგიური, ისე საზოგადოებრივი და ოჯახური თვალთახედვიდან გამომდინარე. რაც შეგიძლიათ შორს დაიჭირეთ თავი ყოველივე ამისგან. დაეხმარეთ თქვენს შვილებს, რომ არ განცვიფრდნენ ტელევიზორით, რადგან ისინი უნებლიეთ უარყოფითი სურათებით ივსებიან. თქვენც ამასვე გირჩევდით. თუკი, შენს შვილს ნებას არ რთავ უყუროს რაიმე ცუდ ფილმს ტელევიზორში, ხოლო თავად უფროსი კი უყურებ, მაშინ ამას რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს? ხშირად აწერია ფილმს, რომ მისი ყურება თორმეტ წლამდე არ შეიძლება. თუმცა ზოგჯერ, სწორედ ეს ფაქტი იწვევს ბავშვის ინტერესს და მას ყველა უყურებს. რახან აწერია, რომ თორმეტ წლამდე მისი ყურება არ შეიძლება, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც ისეთს შეიცავს, რაც ბავშვის ცნობისმოყვარეობას მით უფრო აძლიერებს.
მიმაჩნია, რომ დაცემა, რაც ადამიანთა სულიერ სამყაროს ემუქრება, უზარმაზარია, რადგან, როგორც ის სათნო და მშვენიერი სახებანი, რომლებიც ადამიანებს სულიერ ცხოვრებაში ძალიან ეხმარებიან, არსებობენ ასევე მათი საპირისპირო ბოროტი სახებანი, რომლებიც მშვენიერი ადამიანის სულიერ სამყაროში იმდენ ბოროტებას ქმნიან და მას ისეთ ბოროტ საქმეებს ასწავლიან, რომ ფაქტიურად ზარალი დაუთვლელია. არც კი ვიცით, როდესმე განიკურნება იგი თუ არა. თუკი, ჩავუღრმავდებით მოვლენებს, მართლაც გავაცნობიერებთ, რომ ტელევიზორმა უზარმაზარი პრობლემები წარმოშვა ადამიანის ფსიქიკაში. განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. თუმცა, არ არის მხოლოდ ეს. ვხედავთ, რომ ერთ ბოროტებას მეორე მოაქვს, ის მთლიანი ჯაჭვია. რადგანაც ანადგურებს ურთიერთობას, კლავს დროს, ანადგურებს ადამიანთა სულის უმწიკვლობას. უკვე ამის შემდეგ კი ადამიანი იღლება, იგი გათანგულია და არანაირი განწყობა არ გააჩნია იმისათვის, რომ რაიმე გააკეთოს. მისი სული ისეთი სურათებით აივსო, რომლებმაც დაღალეს. თუმცა, როდესაც თავის თავს ეკითხება, თუ რატომაა დაღლილი, ამის გაცნობიერება არ შეუძლია.
შეეცადეთ, რომ ამგვარი ექსპერიმენტი ჩაატაროთ. გაწყვიტეთ ან შეამცირეთ ამგვარი ქმედებები და ნახავთ, თუ როგორ დაისვენებთ, რამდენი დრო გაჩნდება თქვენს განკარგულებაში, რომელიც უფრო მეტად ნაყოფიერს გახდის ნებისმიერ სხვა საქმიანობას. ეს ყოველივე რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ჩვენს სულიერ ცხოვრებასთან. რადგან ადამიანის სულიერი ცხოვრება მისი ყოველი ქმედებიდან გამომდინარეობს.
რასაკვირველია, არ გეუბნებით, რომ საერთოდ არ უყუროთ ტელევიზორს, ამას არ ვგულისხმობდი. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყოველი ის ნივთი, რაც ჩვენ ცხოვრებას გვიადვილებს, სინამდვილეში მას გვიძნელებს. როგორც ეს დაგვემართა ტექნოლოგიური განვითარების შემთხვევაში. ხო, რა თქმა უნდა, ის გვიადვილებს რაღაც-რაღაცეებს. ახლა ხომ ათასობით ასეთი სიადვილე გვაქვს, თუმცა, საბოლოოდ, ამ დიდმა სიადვილემ ჩვენ ერთ დიდ სიძნელეში მოგვამწყვრია. დავკარგეთ, როგორც საკუთარი თავი, ისე ცხოვრების მშვენიერება, და ბოლოს კი, სამყაროც განადგურების პირას მივიყვანეთ. ახლა კი სხვა ახალ მეცნიერებებსა და ახალ აღმოჩენებს ვეძებთ, რათა ვნახოთ შევძლებთ თუ არა იმის გადარჩენას, რაც დაგვრჩენია.
რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, რაც ხდება, ჩვენი დაცემის ტრაგედია და ჩვენი პიროვნულობის გათელვა, ადამიანთა გადმოსახედიდან მართლაც ძალიან რთულია. ხოლო, თუკი ადამიანი ღმრთისკენ ისწრაფის, ადამიანთაგან შეუძლებელი, ღმრთისაგან შესაძლებელ არს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანისთვის რაც შეუძლებელია, შესაძლებელია უფლისთვის. ადამიანი უფლის სასწაულს ჩვენს დღეშიც ხედავს და ყოველი ამ გამოწვევის მიუხედავად, რაც ჩვენს გარშემო ხდება, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც უყვართ ღმერთი. ეკლებიდან ვარდები იშლება და რეალურად ადამიანის ხსნის დიდი სასწაული სრულდება. მიუხედავად ჩვენი ადამიანური სისუსტეებისა, პრობლემებისა, სიძნელეებისა, ეკლესიისა, ოჯახისა, საზოგადოებისა და ყოველივე იმისა, რაც, სამწუხაროდ, ყოველ ადამიანს ანადგურებს.
ახლა კი გამომდინარე ყოველივე ზემოთქმულისა, კვლავ იმ თემას ვუბრუნდებით, რაზეც საუბარი დავიწყეთ და აღვნიშნავ, რომ საბოლოოდ, ყოველი პრობლემიდან გამოსავალი და ყოველი პრობლემის პასუხი არის ის, რომ ადამიანს უნდა უყვარდეს ღმერთი. ხოლო, როდესაც ადამიანს უყვარს უფალი, ის მას განკურნავს, აღადგენს. ადამიანი მკვდარიც რომ იყოს ან თუნდაც, განრღვეული, ღმერთი მას აღადგენს. იმისათვის კი, რომ ეს მოხდეს, საკმარისია ადამიანმა მოიშოროს ყოველივე გამოუსადეგარი და გულში ღმრთის სიყვარული დაივანოს. ადამიანმა უფლის სიყვარულზე და მის გარშემო უნდა ააგოს თავისი სიცოცხლე, თავისი ქორწინება, თავისი ოჯახი და თავისი გზა. ხოლო, თუკი ყოველივე ამას ის რეალურად მოახერხებს, მაშინ ადამიანი სიცოცხლით დატკბება, სიცოცხლე მისთვის სამოთხედ იქცევა. სამოთხეც ხომ სხვა არაფერია, თუ არა უფლის სიყვარული. ჯოჯოხეთი კი უფლის სიყვარულის არარსებობაა.
ჩვენი მოგზაურობის დასასრულს ვისურვებდი, რომ უფლის სიყვარული მუდამ თან გვდევდეს და ნუ დაგვავიწყდება, რომ ყოველივეს, რასაც ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის მიზეზით ვაკეთებთ. ნუ ვიქცევით ცრუ მორწმუნე ადამიანებად, არამედ ვიყოთ ადამიანები, რომლებსაც უყვართ ღმერთი, რათა ვიყოთ ისეთი სრულყოფილნი, როგორიც ჩვენი უფალი იესო ქრისტეა. დასასრულს მადლობას გიხდით, რადგან ჩვენთან ერთად იმოგზაურეთ. მართლაც მშვენივრად ჩაიარა ყოველივემ, არ გვქონია დიდი სიძნელეები, მხოლოდ და მხოლოდ ყოველდღიური პატარ-პატარა პრობლემები რომლებიც არაფერია. უპირველეს ყოვლისა, მადლობა გადავუხადოთ ღმერთს მფარველობისთვის, რადგან მან ყოველივე ბოროტებისგან გვიხსნა. თქვენთან არს ღმერთი!