როდესაც ქრისტიანები იპათიას კლავდნენ ან კონსტანტინოპოლში წიგნებს წვავდნენ, ეს იყო არა ეკლესიის ბრძოლა წარმართობის წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ უკულტურობის გამარჯვება კულტურაზე. ბრბოსათვის ქრისტიანობა მხოლოდ საბაბი და გარეგნული მიზეზი იყო. მისი სიძულვილი მიმართული იყო მხოლოდ კულტურის, კულტურულობისა და მეცნიერების წინააღმდეგ, გარეგნულად შემოსილი იყო ქრისტიანული ღვთისმოსაობის შესამოსელით, მაგრამ ამით ის ქრისტიანული არ გამხდარა.
იმ მომენტში, როდესაც ცოდვის განგდება, ძველი ტანსაცმლის მსგავსად თავიდან მოშორება, იცვლება ცოდვასთან ბრძოლით, თავიდან ყველაფერი შესანიშნავად, სწრაფად და ეფექტურად გამოგვდის: ასკეტური მოღვაწეობის მეშვეობით ვიწყებთ საკუთარი თავის გარდაქმნას და დროის საკმაოდ მცირე პერიოდში ძალიან ბევრს ვაღწევთ. შემდეგ ვიღლებით და აქ შეუმჩნევლად ხდება ჩანაცვლება — უკვე ვიწყებთ ბრძოლას არა იმ მტრის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენშია, არამედ იმასთან, რომელიც გარეთაა. აი, რატომ არ აკურთხეს ბრძოლის გზა მოციქულებმა, ის ქრისტიანისათვის ჩიხია. სწორედ ამ ჩიხში მოექცა ალექსანდრიის ბრბო. ის ბაძავდა დიდ თებაიდელ ასკეტებს და ბრძოლის გზით წავიდა, მაგრამ მტრების ძიებაში მალევე ასცდა გზას. მდიდრებთან ბრძოლა ყოველთვის ცოტათი სახიფათოა, რადგან მათ ხელში ძალაუფლებაა და ამასთან ბრბოს სიმდიდრის მიმართ, ჩვეულებრივ, პატივისცემის თითქმის ბიოლოგიური გრძნობა აქვს, რადგან მდიდარი ხალხისაგან ყოველთვის არის რაღაც გამორჩენის მიღების იმედი. აი, მეცნიერები კი, სულ სხვა საქმეა. ბრბოს ისინი ყოველთვის სძულდა. II საუკუნის ელინისტური ალექსანდრიის წარმართული ბრბო მეცნიერების მიმართ არა ნაკლებ მტრულად იყო განწყობილი, ვიდრე ის ვითომდა ქრისტიანი ბრბო, რომელმაც იპათია დაგლიჯა. მისი სიკვდილი უკულტურობის ზეიმი იყო. უკულტურობის ასეთივე ზეიმი იყო კოცონი, რომელზეც სულიერი შინაარსის წიგნებს წვავდნენ და რომლებიც XX საუკუნის 20-იან წლებში მთელი რუსეთის მასშტაბით, დახურული სემინარიებისა და სასულიერო სასწავლებლების ეზოებში გიზგიზებდა. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება და დამახსოვრება, რომ ამ აუტოდაფეების ორგანიზატორები შეპყრობილნი იყვნენ არა იმდენად რელიგიასთან ბრძოლის იდეით, არამედ ამით გამოხატავდნენ თავიანთ სიძულვილს კულტურისადმი, განათლებისადმი და განათლებული ადამიანებისადმი. მტკივნეულია, როდესაც ასეთი სიძულვილით შეპყრობილი არიან წარმართები, როგორებიც იყვნენ ბოლშევიკები 20-იან წლებში ან ევრიპიდეზე მოხითხითე, წითელლოყება ათენელი ყმაწვილკაცები (გახსოვთ გუმილოვი?) ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში. მაგრამ ათასჯერ უფრო მტკივნეულია, როდესაც ასეთივე სიძულვილით ვართ ანთებულნი ჩვენ, ქრისტიანები. ვამტვრევთ ტელევიზორს, ვწვავთ ნიკოლოზ რერიხის წიგნებს, ვგმობთ მათ, რომლებიც უკრავენ ბახს და შოპენს, ვაცხადებთ, რომ არ გვჭირდება მხატვრული ლიტერატურა და ა.შ.
მაგრამ იპათია სწორედ ხალხმა დაგლიჯა! არა ქრისტიანულმა სახელმწიფომ, არამედ ხალხმა, რომელიც თავის თავს ეკლესიად მიიჩნევდა. აქ ჩვენ კვლავ ვეჯახებით ფენომენს, რომლის შესახებაც მონაზონი მარიამი საუბრობდა: გუშინდელი წარმართი, რომელიც საკუთარ თავს, მეგობრებსა და თანამოაზრეებს ეკლესიად თვლის, არა ეკლესიის ნაწილად, არამედ მთლიანად ეკლესიად, გადაწყვეტს იმოქმედოს და იყენებს იმ მეთოდებს, პრინციპებსა და საშუალებებს, რომლებიც სახელმწიფო ხელისუფლებისთვისაა დამახასიათებელი. ეს, ალბათ, იმიტომ ხდება, რომ ადამიანს, რომელიც გაზრდილია ისეთ პირობებში, როგორშიც სახელმწიფო იყო გაღმერთებული (გაღმერთებული იყო სწორედ სსრკ და რომის იმპერია!), უჩნდება ეკლესიისადმი ისეთივე დამოკიდებულება, როგორიც სახელმწიფოს მიმართ ჰქონდა.
გაზეთი ,,Русская мысль”, ¹4119, 1996
მღვდელი გიორგი ჩისტიაკოვი
ნანა ბაღათურიას თარგმანი