აკრძალული და დევნილი, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების მიერ არარეკომენდებული ქრისტიანობა უცბად გადაიქცა უმრავლესობის რელიგიად, რომელსაც ხელისუფლება ელოლიავება. გუშინდელი წარმართები სხვადასხვა მიზეზით ქრისტიანები ხდებიან (ზოგიერთი გაუცნობიერებელი კონფორმიზმის, ზოგი კი კარიერისტული მოსაზრებების გამო რაღაც შინაგანი იმპულსების გამოისობით), მაგრამ, მართალია, მათ გარეგნულად მიიღეს ქრისტიანობა, უპირველესად, როგორც ქცევის სტილი და გარკვეული წესებისა და კანონების კომპლექტი, თუმცა ჯერ არ ძალუძთ ღმერთს გული გაუხსნან და მისკენ იარონ. მათ მიიღეს ქრისტიანობა არა როგორც რწმენა, არამედ სწორედ როგორც იდეოლოგია, რაღაც ახალი მსოფლმხედველობა, ცხოვრების ახალი სტილი და მორალი. ქრისტიანობის ,,პროპაგანდისათვის” ისინი მექანიკურად იმავე ,,მეთოდებს” იყენებენ, რომლებსაც ჯერ კიდევ გუშინ ხელისუფლება ეკლესიასთან საბრძოლველად იყენებდა. ამ მეთოდებს იმიტომ კი არ იყენებენ, რომ ეკლესიისათვის ბოროტის გაკეთება უნდათ, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ არც კი იციან სხვა მეთოდების არსებობის შესახებ.
მეორე, ისინი ყველას, ვინც მათ თუნდაც რაღაც წვრილმანებში არ ეთანხმება, მაშინვე ერეტიკოსად შერაცხავენ. ამასთან, როგორც ადრე ვწერდი, წეს-ჩვეულებებსა და ადგილობრივ ტრადიციას იღებენ როგორც დოგმატებს დ ამიტომ ყველაფერს, რაც ამ ტრადიციის ჩარჩოებში არ თავსდება, არამართლმადიდებლობად აცხადებენ. ერეტიკოსების რიცხვში თითქმის მექანიკურად ხვდებიან პატრიარქებიც კი კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ბულგარეთისა და სხვა, რადგან ისინი ახალი კალენდრით სარგებლობენ.
ამგვარად, მართლმადიდებლობა იესოს ჩვენს შორის მადლისმიერი მყოფობის რწმენიდან გადაიქცევა შეხედულებების ხისტ სისტემად. ამიტომ დღეს ჩვენი ამოცანა უპირველესად იმაში მდგომარეობს, რომ მართლმადიდებლობა ჩვენთვის იდეოლოგია კი არ იყოს, არამედ გულით აღქმული სიმართლე გახდეს. ეს იქნება ნამდვილი მართლმადიდებლობა გაბოროტების, სიძულვილისა და ძალადობის გარეშე, რომელიც არ ეცდება თავისი შეხედულებების სხვებისათვის თავს მოხვევას, არ დაიწყებს მტრების ძიებას, ტოტალიტარიზმის ეპოქაში ჩამოყალიბებული ნებისმიერი იდეოლოგიის მსგავსად.
მტრების ძებნა, მხილება და გაუვნებელყოფა დამახასიათებელია ისეთი საზოგადოებისათვის, რომელშიც გამეფებულია ან არცთუ დიდი ხნის წინ იყო გამეფებული ტოტალიტარული რეჟიმი. ამგვარი მტერი შეიძლება გახდეს ნებისმიერი, ვინც რაიმეთი მაინც განსხვავდება სხვებისაგან: სხვა ეროვნების ან სარწმუნოების ადამიანი, წითური, ,,სათვალეებიანი”, მორწმუნე ან პირიქით, ურწმუნო, ვინც იღიმება ან პირიქით, რატომღაც გაღიმება არ უნდა და ა.შ. მტრის ძიება, მასთან ბრძოლა ყოველთვის ერთ მუშტად კრავს, აერთიანებს ბრბოს, აერთიანებს მას ყველასათვის და თითოეულისათვის გასაგებ საფუძველზე: ,,დასცხეთ მაგას!”
როცა ტოტალიტარული ხელისუფლება მიდის და საზოგადოება თითქოსდა თავისუფლდება ათასგვარი ტიპის იდეოლოგიური უწყებების მეურვეობისაგან, ტოტალიტარულ რეჟიმში აღზრდილი ხალხის ქცევაში ეს რეფლექსი (,,დასცხეთ მაგას!”) რჩება. ისინი იწყებენ მტრების ძიებას უკვე არა ზევიდან მითითებით, არამედ საკუთარი სურვილით, რისთვისაც ჯგუფებად, ნებაყოფლობით საზოგადოებებად, რაზმებად, საძმოებად და ა.შ. ერთიანდებიან. ძირითადად ტოტალიტარული რეჟიმის დროსაც საზოგადოება ყოველთვის არ ეძებდა მტრებს ჯგუფურად, ბევრ შემთხვევაში ასეთი ძებნა იწყებოდა სტიქიურად, უბრალოდ იმ მიზეზით, რომ ხალხი უკვე ორიენტირებული იყო ამგვარ ძებნაზე.
ჩვენი აზრით, ქრისტიანობაც ორიენტირებულია მტერთან ბრძოლაზე, მაგრამ მტერთან, რომელიც თვით ჩემშია ჩაბუდებული. საკუთარ სიზარმაცესთან, უმოქმედობასა და პასიურობასთან, ჩემს გაბოროტებასთან, ეგოიზმსა და გულგატეხილობასთან. ასკეტური ლიტერატურა ქრისტიანობას განმარტავს სწორედ როგორც ბრძოლას ვნებებთან. შესაძლებელია, სწორედ ამგვარი ორიენტაციის გამო იჭრება მასში ადვილად მტრების, ერეტიკოსებისა და ა.შ. ძიების იდეოლოგია.
საქმე იმაშია, რომ ვნებებთან ბრძოლის მითითება ბიბლიაში არ არის. ახალი აღთქმაში წმინდა მოციქულები მოგვიწოდებენ არ ვებრძოლოთ მრისხანებას, გააფთრებას, გაბოროტებას და ა.შ. (იხ. კოლ. 3:8), არამედ ,,განვიშოროთ” (apotithemi) ანუ განვიძარცვოთ ისე, როგორც იხდიან ძველ ტანსაცმელს ანუ ,,თავიდან მოვიშოროთ“ (apekduomai) ყველა ეს მანკიერება. სწორედ ეს ორი სიტყვაა წმ. წერილში ძალიან ხშირად გამოყენებული, როდესაც საუბარია ვნებებსა და მანკიერებებზე, მაგრამ ვნებებთან ბრძოლის შესახებ მასში არაფერია ნათქვამი. უნდა ვიფიქროთ, რომ ქრისტიანულ ლიტერატურაში ყველაფერი, რაც შეეხება ჩვენში ჩაბუდებულ და გაბატონებულ ვნებებთან ბრძოლას, სტოიკური ლიტერატურიდან და უფრო გვიანდელი ხანის ანტიკური ფილოსოფიიდან მოხვდა.
წმ. მამები ქრისტიანის გზას ხედავენ არა ვნებებთან ბრძოლაში, არამედ სწორედ როგორც ძველი, დაპატარავებული ტანსაცმლის მოცილებაში. ქრისტიანიც ისევე უნდა გაიზარდოს თავის ცოდვებზე, სიზარმაცეზე, გაბოროტებაზე, ეგოიზმსა და ბოღმაზე, როგორც ბავშვი, რომელიც იზრდება და ტანსაცმელი უპატარავდება. ასეთი გაგება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან თუ მიგვაჩნია, რომ ბოროტება ტანსაცმლის მსგავსია, რომელიც შეიძლება გავიხადოთ, ე. ი. გვესმის, რომ ის რაღაც გარეგანია და არაორგანულია ჩვენი ,,მეს” სიღრმეებისათვის. ის არ ეხება პიროვნების სიღრმეებს, ისევე როგორც არ ეხება ჩვენს გულს ტანსაცმელი, რომელიც ალაქავებს არა სულს, არამედ კანს. ჭუჭყიანი კაბა აუცილებლად უნდა გავიხადოთ, ხოლო შინაგანი ორგანოების ავადმყოფობას უნდა ვებრძოლოთ, მის არსში ჩავწვდეთ, ჩავუფიქრდეთ, შევისწავლოთ, გავაანალიზოთ მისი განსაკუთრებულობები და მიმდინარეობა და ა.შ.
მოციქულები გვირჩევენ, რომ ცოდვა მოვიშოროთ, როგორც ტანსაცმელი ისე, რომ არ ჩავუღრმავდეთ მას და არ გავაანალიზოთ, უბრალოდ უარვყოთ ის და მორჩა. თვით იესოც ამასვე ამბობს: ,,უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცდუნებდეს შენ, აღმოიღე და განაგდე იგი” (მათე 6: 29). რა თქმა უნდა, მთაზე ქადაგებაში საუბარია არა სხეულის ნაწილების დაზიანებაზე, არამედ სწორედ იმაზე, რომ კი არ უნდა შევაყოვნოთ და განვიხილოთ ჩვენს გონებაში მოსული ცუდი აზრები, არამედ სასწრაფოდ განვაგდოთ ისინი. კი არ ვებრძოლოთ მათ, არამედ მომენტალურად, მკვეთრად და შეუქცევადად მოვიშოროთ.
თუ ჩვენ დავიწყებთ ცოდვის დაწვრილებით განხილვასა და გაანალიზებას, მაშინ გარდაუვლად ჩაგვითრევს და დაგვიპყრობს თვით ბრძოლის პროცესი. ჩვენ გადავიქცევით მებრძოლებად და ჩვენი ქრისტიანობაც უბრალოდ აქ დასრულდება. ცნობიერების სიღრმეებიდან ბრძოლას გადავიტანთ გარე სამყაროში და დავიწყებთ ბრძოლას ყველასთან, ვინც მოგვეჩვენება, რომ ისე არ ფიქრობს და არ მოქმედებს, როგორც საჭიროა.
მღვდელი გიორგი ჩისტიაკოვი
ნანა ბაღათურიას თარგმანი
წყარო:ჟურნალი არჩევანი 2006 №7-8