«როგორც მაშინ მოვიდა ქრისტე კესარიაში, დაე ასევე მოვიდეს იგი ქრისტიანულ ქვეყნებში იმათთან, ვინც თავის თავს მართლმადიდებელ ქრისტიანს უწოდებს, იქ, სადაც მისი სარწმუნოება მეუფებს და მისი სახარება იქადაგება და კიდევ ერთხელ იკითხოს: «თქვენ ვინ გგონიე მე ყოფად?» მე მას ვუპასუხებდი: იესოვ ჩემო, ადამიანებმა არ იციან, ვინ ხარ. «არა ცნეს, არცა გულისხმა-ყვეს და ბნელსა შინა ვლენან» (ფს. 81, 5). ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორეს, როგორც ცდომილი და დაბნელებული გონება უკარნახებთ. » ეპისკოპისი ილია მინიატისი
მე ეს უნდა ვთქვა და თანაც ცრემლით. ორ ზედაწერილს ვხედავ ღვთაებისას, რომელსაც ადამიანები აქ, დედამიწაზე, თაყვანს სცემენ. ერთს იუდეაში, ებრაელთა შორის, მეორეს ათენში ბერძენთა შორის. პირველი ამბობს: «განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი» (ფს. 75, 1) და მეორე «უცნაური (უცნობი) ღმერთი» (საქ. 17, 23). ეს ნიშნავს: იუდეაში ღმერთი ცნობილია, ათენში არა. ებრაელებმა იციან, რომელ ღმერთს სცენ თაყვანი, ათენელებმა არა. ამ ორი ზედაწერილიდან რომელი ამოვტვიფროთ ქრისტიანულ ტაძრებზე? მე ვამბობ მეორე: «უცნაური ღმერთი», რამეთუ ქრისტიანები ეთაყვანებიან ღმერთს, რომელიც არ უწყიან. ქრისტიანებს სწამთ ღმერთი, მაგრამ არ იციან, რომ იგი ღმერთია ზეცაში და რომ ერთ ბუნებაში სამი იპოსტასი აქვს, რომ ის ღმერთკაცია მიწაზე და ორი ბუნება და ერთი იპოსტასი აქვს. «უცნაური ღმერთი!» ქრისტიანებს სწამთ ერთი ღმერთი იესო ქრისტე, მაგრამ არც მისი ცხოვრების სასწაულები იციან, არც მისი სწავლების ჭეშმარიტებანი, არც მისი წმიდა ვნების დამსახურება და არც მისი დიდება. «უცნაური ღმერთი!» ქრისტიანებს სახარება აქვთ, მაგრამ არც მისი მცნებები იციან, არც დოგმატები. საეკლესიო დღესასწაულებს აღნიშნავენ, მაგრამ არც მათი მიზანი ესმით. ოჰ! ქრისტიანული დღესასწაულები იმ სახით, როგორითაც ისინი დღეს იმართება, არაფრით განსხვავდება ელინური (წარმართული) ზეიმებისაგან. ქრისტიანები მარხვას იცავენ, მაგრამ თავს იკავებენ. იკრძალვიან საჭმლისა და სასმელისაგან, მაგრამ ვნებებისაგან არა. ლოთობა და ღრეობა მარხვასთან და თავშეკავებასთან ერთად ზეიმობს. ქრისტიანები საიდუმლოებებს ეზიარებიან, მაგრამ მათი ძალა არ ესმით. აქვთ რწმენა, მაგრამ არა აქვთ ცოდნარწმენის შესახებ. სწამთ, მაგრამ არ უწყიან ვინ… «უცნაურიღმერთი». «არა ცნეს, არცა გულისხმა-ყვეს და ბნელსა შინა ვლენან!»
ასე რომ, თანამედროვე ქრისტიანთა რწმენა მეტად უსუსურია სარწმუნოების შეცნობაში, რამეთუ არ უწყიან, რა სწამთ. ნეტავ ეს რწმენა კიდევ უფრო უსუსური არ ყოფილიყო საქმეებში, რადგან ისინი სარწმუნოებით არ მოქმედებენ; ჩვენი სარწმუნოების შემეცნება რომ გვქონდეს, რათა სწორად ვირწმუნოთ, მაგრამ ცოდნა საქმეს არ დავურთოთ, ეს ყველაფერი უსარგებლო იქნება. «რაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას: სარწმუნოებაჲ მაქუს და საქმენი არა ჰქონდენ?» (იაკ. 2, 14)ნიკოლაიტელებისა და სიმონ მოგვის მოწაფეთა ძველი ერესი იმაში მდგომარეობს, რომ თითქოსდა მხოლოდ რწმენას საქმეების გარეშე შეუძლია აცხონოს ადამიანი, რომ საქმე არ არის სული სარწმუნოებისა, მაგრამ ხომ ამბობს იაკობ მოციქული: «რამეთუ ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთა მკუდარ არს» (იაკ. 2, 26). მკვდარი რწმენა ვერანაირად ვერ გვაცხოვნებს. სარწმუნოებას, რომელსაც ნათლობისას ვიღებთ, კიდევაც რომ ვუწოდოთ ღვთისმეტყველური, ის მაინც დასაწყისია რწმენისა, ერთგვარი თესლი, რომელიც უნდა აღმოცენდეს, რათა მსხმოიარე ხედ იქცეს და ეკლესიის მიწიერ სამოთხეში ადგილი დაიმკვიდროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის, როგორც უსარგებლო და უნაყოფო, იცვლება და იწვება. ნათლობისეული სარწმუნოება ჩვილს ქრისტიანს ხდის, მაგრამ როცა ეს ქრისტიანი ასაკში შედის, მარტოოდენ ამ რწმენით ის მხოლოდ სახელითაა ქრისტიანი დასაწყისი გაგრძელებას საჭიროებს, თესლი ნაყოფს, რწმენა საქმეს. ამის გარეშე სარწმუნოება მკვდარია, ის მხოლოდ გვამია სარწმუნოებისა და ჩვენ ვცდებით, როცა ასეთი სარწმუნოებით ვიმედოვნებთ ნეტარი ცხოვრების მიღწევას.
ეპისკოპოსი ილია მინიატისი