იეჰოვას მოწმეები vs პავლე მოციქული

იეჰოვას მოწმეები vs პავლე მოციქული

იეჰოვას მოწმეებთან საუბრისას მაოცებს მათი იმის გაუცნობიერებლობა, თუ რაოდენ შეუთავსებელია მათი ქადაგებების შინაარსი სამოციქულო ხარებასთან. ერთმა აქტიურმა იეჰოვას მოწმე ქალბატონმა განმიცხადა, რომ ვინაიდან კიდით კიდემდე „იეჰოვას მოწმეები“ ქადაგებენ იეჰოვას სახელს, მხოლოდ ისინი წარმოადგენენ ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რომლებიც ასრულებენ ქრისტეს მცნებას-იარეთ და ყველას უქადაგეთ. ამავდროულად ჩემ არგუმენტებს იმაზე, რომ ახალ აღთქმაში არ არის და არც ყოფილა ტეტრაგრამა იჰვჰ (), მასზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ამას გარდა, არც ქრისტე და არც მისი მოციქულები აქცენტს არ აკეთებდნენ გამოცხადებული ტეტრაგრამის წარმოთქმასა და მის ლოცვაში გამოყენებაზე. ამაზე მოწმეებს ძირითადად ერთი პასუხი აქვთ, რადგან მოციქულები იუდეველებს უქადაგებდნენ, ამის აუცილებლობა არ არსებობდა(ო). მაგრამ ვინაიდან ქადაგება ყველა ეროვნების ადამიანებისკენ იყო მიმართული, რომლებსაც თავის ღმერთები ჰყავთ, საჭირო გახდა ჭეშმარიტი ღმერთის სახელის განცხადება, რათა იგი (ღმერთი) სხვა ყველა დანარჩენებისგან გამორჩეული ყოფილიყო.

მინდა ყურადღება გავამახვილო წმ. პავლეს არეოპაგის წარმართ ათენელებისადმი მიმართულ სამისიონერო ქადაგებაზე. აქ, მოციქულისთვის თითქოს და საუკეთესო პირობები იყო შექმნილი იმისთვის, რომ წარმართებთან ჭეშმარიტ ღმერთ-იეჰოვაზე ესაუბრა. ცრუმორწმუნე ბერძნებმა, რათა მათთვის ჯერ კიდევ უცნობი ღმერთები არ განერისხებინათ, „უცხო ღმერთისათვის“ მსხვერპლშესაწირიც კი აღმართეს. უდიდესმა მოციქულმა ეს მოხერხებულად გამოიყენა თავის ქადაგების დასაწყებად: „23. ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით.
24. ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს.
25. და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.
26. ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი.
27. რათა ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო, თუმცა შორს როდია თვითეული ჩვენგანისაგან.
28. ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ.
29. ამრიგად, რაკი ღვთის მოდგმა ვართ, ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ღმერთი ოქრო-ვერცხლს ჰგავდეს, ან კიდევ კაცის ხელოვნებით თუ შთაგონებით ნაქანდაკარ ქვას.
30. ასე რომ, ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრონი და ახლა ყველგან უბრძანებს ყველა კაცს, რომ მოინანიონ.
31. ვინაიდან დაადგინა დღე, როცა სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას მისგანვე წინასწარ არჩეული კაცის მიერ, ვისითაც მისცა რწმენა ყველას იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი.“ (მოც. საქმენი 17:23-31)
ძნელი შესამჩნები არ გახლავთ, რომ წმ. პავლეს თვითმიზანს არ წარმოადგენდა დაენახვებინა წარმართებისთვის, რომ ღმერთს საკუთარი სახელი აქვს და რომლის წარმოთქმის გარეშეც მასთან მიახლება შეუძლებელია.
იეჰოვას მოწმეების ლოგიკიდან გამომდინარე გამოდის, რომ წმ. პავლეს ქადაგებამ მარცხი განიცადა, რადგან მან მთავარი არ გააკეთა! ბერძნებისთვის გაურკვეველი დარჩა, რომ ღმერთს საკუთარი სახელი გააჩნია, რომელიც კურთხეულ უნდა იყოს. ამას გარდა, გასაკვირია, რომ წმ. პავლემ არ ისაუბრა“ბოლო ჟამის“ ნიშნებზე და ასევე მიწიერ სამოთხეში მარადიული სიციცხლის მომხიბვლელ იმედზე. სამაგიეროდ წმ. პავლე მათ ღმერთზე-როგორც ასეთზე და ქრისტეს აღდგომაზე ესაუბრა. ანუ იმაზე, რაზეც „იეჰოვას მოწმეები“ თითქმის არ ლაპარაკობენ.

გრიგორი სვეტლოვი