მთავარეპისკოპოსი ლაზარე პუჰალო ამერიკისა და კანადისავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იერერქია.დიუდნეის (კანადა) ნიუ ოსტროგის მონასტრის წინამძღვარი.
გნოსტიკური დუალიზმი
ეს არის გნოსტიკური დუალიზმის ჩვენ მიერ შერჩეული პირველი ასპექტი. მნიშვნელოვანი სახეცვლილი ფორმით ის საზვერეების მითის აუცილებელი შემადგენელი ელემენტია, რომლითაც ადამიანის სულის განსჯის სფეროში სატანა ღმერთთანაა გათანაბრებული.
გნოსტიკური დუალიზმის მეორე ელემენტი, რომელიც გვაინტერესებს, არის სულისა და სხეულის დაპირისპირება. ის მიიჩნევს, რომ სული, როგორც სხეულისაგან განძარცული, სრულიად დამოუკიდებლად არსებობს, თუმცა ,,სიფრიფანა“ ხილული ფორმით. გნოსტიკოსებს მატერიის (მათ შორის, ადამიანის სხეულის) შესახებ ორი კონცეფცია ჰქონდათ. ისინი ამბობდნენ, რომ მატერია ან არსებითად და მარადიულად ბოროტია, ან დემიურგის ,,საღვთო ემანაციას“ ათავსებდნენ ღვთაებასა და მატერიას შორის. დემიურგმა, რომელსაც ხრწნადი ბუნება ჰქონდა, შექმნა მატერიალური სამყარო. გნოსტიკურ სისტემაშიც თვით ადამიანიც დუალისტური ქმნილებაა, რომელიც შედგება საღვთო წარმოშობის სულისა და მატერიალური სხეულისაგან, რომელსაც ხან ,,ხაფანგს,“ ხანაც ,,საპყრობილეს,“ ხან ,,სიმძიმეს — რის გამოც სული მიწას ეჯაჭვება“ — და ,,აღმოუფხვრელ ბოროტებასაც“ კი უწოდებენ. გნოსტიკური თუ პლატონური დუალიზმის ყველა ფორმაში თვალსაჩინოა ანტიკურ-ელინური მითი სულის შესახებ, რომელიც ამოდის დედამიწაზე თავისი ზეციური სამყოფელიდან და დატყვევებულია მატერიალური სხეულის სიბნელეში. სული მარადიულად ისწრაფვის სხეულიდან თავის დასაღწევად და ნამდვილ სამყოფელში დასაბრუნებლად. დემიურგი ყველა საშუალებით ეწინააღმდეგება სულის ასტრალური სფეროების გავლით თავდაპირველ ზეციურ სამყოფელში დაბრუნებას. გნოსტიკურ და ქალდეურ კოსმოლოგიაში ასტრალურ სფეროებს შორის საზღვრებია, რომლებიც ასტროლოგიური პლანეტების ორბიტებს შეესაბამებიან. თითოეულ სფეროს აქვს საბაჟო სახლი, რომელსაც სასტიკი არქონი (დემონი) იცავს. ის დემიურგს ემსახურება და ცდილობს მოძებნოს ვერაგული საშუალება, რომ ხელი შეუშალოს გაქცეული სულის საბაჟო კარიბჭეში გასვლას მომდევნო ასტრალურ პლანეტაზე გასასვლელად.ყველა გნოსტიკურ სწავლებაში ერთადერთი გამოხსნა სიკვდილია, როდესაც სული თავისუფლდება სხეულისაგან. ამიტომაცაა გნოსტიციზმი ასეთი პოპულარული ფსევდო-მისტიკური გამოცდილებების დროს.
მითი სიკვდილის შემდეგ სულის სახიფათო მოგზაურობის შესახებ
მანდეური გნოსტიციზმი ასწავლის, რომ ადამიანის სული დატყვევებულია სხეულში და სიკვდილი, თუმცა ის საშინელი და მტანჯველია, ანთავისუფლებს სულს ფიზიკური სხეულისაგან. მიუხედავად ,,განთავისუფლებისა,“ სიკვდილის შემდეგ სული იწყებს ხანგრძლივ და სახიფათო მოგზაურობას ასტრალურ სივრცეებში. გნოსტიკოსების რწმენით, სულმა უნდა გაიაროს შვიდ ,,საზვერეში,“ რომელთაგან თითოეული შეესაბამება ბაბილონის თითო ,,ასტრალურ სივრცეს“ ანუ პლანეტურ სფეროს და ხანდახან მერვე სივრცეცაა, რომელსაც დემონ რუხას სახელი ჰქვია. თითოეულ საზვერეში ბოროტი დემონი აჩერებს სულს და ხელს უშლის მას ავიდეს ,,ნათლის სფეროში.“ თითოეულ კარიბჭესთან განსაცდელი და ბოროტი დემონები არიან ჩასაფრებული. თუკი მათ საკმარისი სამხილი აქვთ სულის წინააღმდეგ, ან თუ სულმა არ იცის საჭირო პაროლი, ან მაგიური ფორმულა, მათ შეუძლიათ მისი ჯოჯოხეთში ჩაგდება. თუნდაც სული ერთგული მანდეელი იყოს და მაგიური ფორმულაც იცოდეს, მაინც უნდა გაიაროს ეს განსაცდელი, რომელშიც მისი კეთილი საქმეები სასწორით აიწონება. მთელი ცხოვრების განმავლობაში განსაკუთრებული ასკეტიზმია საჭირო, რათა სულმა შეძლოს საზვერეების გავლა. მორწმუნე მანდეელის თანამგზავრია ,,დამხმარე სული,“ ,,მცველი ანგელოზი,“ რომელიც სულის მეგზურიც იქნება და ადვოკატიც. (საზვერეების შესახებ მითის მთელის სქემა გადმოცემულია ნეგ ჰამადის ცნობილ გნოსტიკურ კოდექსში.)
ე. წ. ,,ბერი ბასილის ცხოვრება“ სინამდვილეში საშუალება იყო მისი ავტორ გრიგოლ თრაკიელისათვის, ჩაეწერა თავისი ფანტასტიკური ჰალუცინაციები ანუ ,,ხილვები.“ ამ ხილვების ტექსტი, ბერი ბასილის ცხოვრების სახელით შენიღბული, დაიწერა მეათე საუკუნის შუახანებში. დოკუმენტის სრული ტექსტი გვხვდება სხვადასხვა საუკუნის ბერძნულ ხელნაწერებში, რომლებიც მთელი მსოფლიოს ბიბლიოთეკებშია გაბნეული. XVII საუკუნეში ბერძნული ტექსტი ,,ბერი ბასილის ცხოვრებისა“ გამოქვეყნდა ლათინურ Acta Sanctorum-ში (მარტი, ტ. 3) მაგრამ მასში გამოტოვებულია გრიგოლის (ვითომდა) ხილვა თეოდორას სულისა და სამყაროს აღსასრულის შესახებ. ამასთანავე, ის ძალიან შემოკლებულია. თუმცა 1890-იან წლებში ეს გამოტოვებული ადგილები გამოაქვეყნა პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიამ ჟურნალში ,,Сборник отделения русского языка и словенности“ (Т. 46, 53). ამისათვის გამოიყენეს ბერძნული სინოდალური კრებულის ხელნაწერი №249, რადგან ის შეიცავს არსებულთაგან ყველაზე უფრო სრულ ტექსტს. (შემდგომ ჩვენ მოვიტანთ ციტატებს ამ ხელნაწერიდან — მთარგმნ.). ამ ხელნაწერში ხილვა თეოდორას შესახებ მოიცავს 47 გვერდს, ხოლო სამყაროს აღსასრულის ტაობაზე — 204 გვერდს. ხელნაწერი მთავრდება 378-ე გვერდზე, ასე რომ ბასილი ,,ახლის“ ამბის სამი მეოთხედი გრიგოლის ხილვებისაგან შედგება.
წმინდა ცხოვრების სრული ბერძნული კრებული არ შეიცავს ბასილის ცხოვრებას. ეს ამბავი უარყვეს ბიზანტიაში და არც ბასილის არსებობა და ,,წმინდანობა“ ცნო ბერძნულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მისი ბიოგრაფიის უარყოფის უპირველესი მიზეზი გრიგოლ თრაკიელის დაუსრულებელი ხილვების საეჭვო ხასიათი (რაც ასევე ლოგიკურ ეჭვს ბადებს მისი შერაცხადობის შესახებ) და უცნაური მოქმედებები და სიტყვებია, რომლებსაც ის ბასილს მიაწერს. ბერძნულ ხელნაწერში უამრავი ხილვა და ,,გამოცხადებაა“ აღწერილი, მაგრამ ისინი ისეთი ჩახლართული და აბსურდულია, რომ უფრო კლასიკურ შიზოფრენიულ ჰალუცინაციებს ჰგავს და ვერ მივიჩნევსთ ჭეშმარიტად. ის, რომ ეს ხილვები ხელნაწერების სახით მოვიდა ჩვენამდე, არ ნიშნავს მათ ჭეშმარიტებას. XX საუკუნის დასაწყისში ბერმა პახუმ ქიოსელმა თავის ნაწერში ერთ-ერთ წყაროდ დაასახელა გრიგოლ თრაკიელის ხილვა თეოდორას სულის შესახებ. საეკლესიო ხელისუფლებამ მას მიუთითა, რომ ეკლესია არ აღიარებს ამ ხილვის ჭეშმარიტებას, რის შემდეგაც პახუმმა შეწყვიტა მისი ხსენება.
XV საუკუნეში გრიგოლის მიერ დაწერილი ,,ბასილის ცხოვრება“ სლავურად ითარგმნა და შევიდა მიტროპოლიტ მაკარის მიერ გამოცემულ ,,თთვენში.“ ამას ეფუძნება დიმიტრი როსტოველის სლავური ვერსია, რაც შემდეგ მოთავსდა წმინდა ცხოვრებაში, ამის შედეგად რუსეთში ბასილი ცნობილია როგორც წმ. ბასილი ახალი და ხილვა თეოდორას სულის შესახებ ჭეშმარიტებადაა მიჩნეული. ხილვა სამყაროს აღსასრულის შესახებ არ შემორჩა (საბედნიეროდ) შემოკლებული ფორმითაც კი. ის, უბრალოდ, ძალიან ფანტასტიკური და შეცდომებით სავსე აღმოჩნდა რუსი ჰაგიოგრაფებისათვის რუსულ (და დიმიტრი როსტოველის სლავურ) ვერსიაში ხილვა თეოდორას სულის შესახებ ბერძნულ ორიგინალთან შედარებით მნიშვნელოვანწილად გადაკეთდა. ამით სცადეს, ტექსტი ნაკლებ საეჭვო, ნაკლებად მანიქევლური გაეხადათ. ასე რომ რუსული ვერსია სრულიად არ შეესაბამება ტექსტის თავდაპირველ ვერსიას. მაგალითად, თუმცა გრიგოლ თრაკიელს სურს დაგვარწმუნოს, რომ ნამდვილად ექსტაზში იყო და ყველა ხილვა ,,გონისმიერად“ ნახა, რუსულ ვერსიაში წერია, რომ ეს იყო ,,ხილვა ძილში“ ანუ სიზმარი. მთელი ისტორია, თუ როგორ ნახა მან თეოდორა, რუსულ ვერსიაში გამოტოვებულია. მასში საზვერეების დეტალები ძალიან შემოკლებულია და თეოდორას ბევრი ცოდვის შესახებ საუბარს დუმილით უვლის გვერდს. იქ, სადაც ბერძნულ ორიგინალში წერია, რომ თეოდორას სიამაყის ცოდვის ნასახიც ჰქონდა (ასევე დიდებისმოყვარეების და ბევრი სხვა), რუსული ვერსია ამბობს, რომ ამ ცოდვებისათვის ,,ჩვენ გადავიხადეთ ძალიან ცოტა რაოდენობა იმისა, რაც წმ. ბასილმა მოგვცა და მე განვთავისუფლდიო,“ რაც ნიშნავს, რომ მას ჰქონდა მცირე ცოდვები (მაგრამ არაფერი სერიოზული!). თუმცა რუსული ვერსია ცხადად ამბობს, რომ მას არადროს მოუნანიებია სიძვის ცოდვები, რუსული ვერსია აქარწყლებს ამ აზრს: ,,რადგან მას არასოდეს გულწრფელად და სრულად არ მოუნანიებია თავისი სულიერი მოძღვრის წინაშე ადრინდელი ცოდვები და ბევრი მათგანი დამალა მისგან.“ მთელი ხილვა ზეცისა, წმინდანებისა და ცოდვილებისა ჯოჯოხეთში გამოტოვებულია. შემდეგ, როდესაც გრიგოლი მიყავთ ბასილთან, რომელიც სასადილო მაგიდასთან ზის ,,სხვა სამყაროში,“ თუმცა ბესილი ჯერ ცოცხალია, რუსული ვერსიის კომპილატორებმა გადააკეთეს ეს ადგილი (ალბათ, იმიტომ რომ მიხვდნენ ამ იდეის აშკარა მწვალებლობასა და ცდომილებას) და შეცვალეს ახალი ხილვით, რომელიც, სავარაუდოდ, გრიგოლმა ბასილის სიკვდილის შემდეგ ნახა. ამ და სხვა ხილვების თავდაპირველი ტექსტი რუსი მკითხველისათვის ხელმისაწვდომი რომ ყოფილიყო, საეჭვოა, რომ ბევრს ის სერიოზულად მიეღო და მას ისე დაგმობდნენ, როგორც ბიზანტიურ ეკლესიაში.
გრიგოლ თრაკიელის ნოვატორული კონცეფცია ,,გონისმიერის“ (ნოეტიკურის) შესახებ
,,ნოეტიკური“ ბერძნულად ნიშნავს იმას, რაც განეკუთვნება ინტელექტს ან გონებას, νουσ სული გონისმიერად ჭვრეტს ღმერთის დიდებას, მაგრამ მას არ შეუძლია გონისმიერად სადმე სხვაგან იყოს. რასაც გრიგოლი აქ გონისმიერს უწოდებს, სულაც არ არის გონისმიერი, არამედ რაღაც ძალიან უცნაურია, რასაც ჩვენ ვხვდებით მესალიანურ და ბოგომილურ სწავლებებში. ის ამბობს, რომ იმყოფება თავისი სხეულის გარეთ, მაგრამ მაინც აქვს რაღაც არამატერიალური სხეული, რომელსაც, ჩანს, არა მარტო სხეულის ნაწილები აქვს, არამედ ასევე ბუნებრივი, ფიზიკური შეგრძნებებიც. შემდეგ ნათქვამია, რომ თითქოს ის არის ცეცხლის ასლის ან მზის სხივის მსგავსი; მას აქვს ხელები რომ იგრძნოს, მაგრამ საგრძნობი არაფერია! მისი აღწერა გვაგონებს გნოსტიკურ ფაბულებსა და ე. წ. ,,ასტრალურ სხეულს“ რომელზედაც თანამედროვე ოკულისტები საუბრობენ და რომელიც აშკარად დემონური ხიბლია. უფრო მეტიც, ჩანს, რომ თეოდორას იმავე სახის სხეული უნდა ჰქონდეს, სრულებით ფიზიკური, მაგრამ არამატერიალური. შემდეგ უნდა ვივარაუდოთ, რომ ბერ ბასილსაც ასეთივე სხეული უნდა ჰქონდეს, რადგან ისიც რაღაცნაირად ,,სტუმრადაა თავის სულიერ შვილებთან.“ თუკი თეოდორას, რომელიც მკვდარია, ისევ ისეთივე სახის სხეული აქვს, როგორიც სიცოცხლეში, თუმცა ეს იგივე სხეული არ არის, მაგრამ აშკარად ფიზიკურია (თუმცა არამატერიალური), მაშინ შეიძლება ვიკითხოთ, თუ რაში სჭირდება მას საყოველთაო აღდგომის დროს თავისი ფიზიკური სხეულის კვლავ მიღება, განა თავს უკეთესად ,,გონისმიერ“ სხეულში არ იგრძნობდა? და თუკი მას აქვს რაღაც სახის სხეული, მაშინ ის თუმცა მკვდარია, რატომ არ არის სრული ადამიანი? და თუკი სრული ადამიანია, მაშინ რაღა მნიშვნელობა აქვს ქრისტეს მიერ მთელი კაცობრიობისათვის აღდგომის მინიჭებას? მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური სწავლების მიხედვით, ადამიანს მხოლოდ ერთი სხეული აქვს და არა ორი, და თავისი სხეულის გარეშე ის სრულყოფილი არ არის. წმ. იუსტინე ფილოსოფოსი წერს: ,,რა არის ადამიანი თუ არა გონიერი ცხოველი, რომელიც სულისა და სხეულისაგან შედგება? არის სული თავისთავად ადამიანი? არა; არამედ ადამიანის სულია. შეიძლებოდა სხეულისათვის გვეწოდებინა ადამიანი? არა, არამედ მას ეწოდება ადამიანის სხეული. მაშ, თუ ცალკე არც ერთი მათგანი ადამიანი არ არის, არამედ მხოლოდ ორივე ერთად, ღმერთმა სიცოცხლისა და აღდგომისაკენ მოუწოდა არა ნაწილს, არამედ მთლიანს, სულსაც და სხეულსაც“ (აღდგომის შესახებ, პარაგრ. 8).
მწვალებლური დოგმატი ადამიანის ბუნების შესახებ გრიგოლ თრაკიელისა და ბასილი ,,ახლის“სწავლებაში
როდესაც გრიგოლი თეოდორას ხვდება, ეკითხება არა მისი მდგომარეობის შესახებ, რისი გაგებაც, როგორც თვითონ ამბობს, მას სურდა, არამედ: ,,მომიყევი, როგორ გავხდი ამ ქვეყნიდან და როგორ გაიარე ჰაერის მცველ ბოროტ სულებს შორის?“ (folio. 71 r.). აქ იწყება თეოდორას სულის შესახებ ცნობილი მოთხრობა.
თეოდორა ყვება, თუ როგორ იწვა სასიკვდილო სარეცელზე და როგორ შემოერტყა გარს მახინჯი დემონების ბრბო, რომელთა შესახედაობა და ყვირილი შემაძრწუნებელი იყო. შემდეგ ორი სიმპათიური ახალგაზრდა გამოჩნდა, რომელთაც სერისხეს დემონები (f. 73 r).
ამასობაში სხვა არსება გამოჩნდა, ,,რომლის გარეგნობა ხან მოღრიალე ლომის მსგავსი იყო, ხანაც ბარბაროსისა, რომ რომელსაც ხელში ეჭირა მახვილი, ნამგალი, ხერხი, შამფური, საჭრისი, ცული და წამების სხვა საზარელი იარაღები, რითაც მას სიკვდილი მოაქვს ყველა ადამიანისათვის“ (f. 74 r). ამ არსებამ ნელ-ნელა დაიწყო თეოდორას სხეულის დანაწევრება, მოაჭრა ოცივე თითი და ფეხის ფრჩხილები, შემდეგ ყველა საზღვარი და ენით აუწერელ ტკივილს აყენებდა, მერე მოაჭრა თავი და ბოლოს დაალევინა რარაც საშინლად მწარე სასმელი (თუმცა მისი თავი უკვე დაცილებული სხეულისაგან და ამ სასმელს დიდად ვერ უნდა ემოქმედა), რომლითაც სული გამოიდევნა სხეულისაგან (f. 74 v).
საინტერესოა, ეს სასტიკი არსება ეშმაკია თუ ანგელოზი. თუმცა ეკლასიის მამების ნაწერებში ცხადადაა ნათქვამი, რომ სიკვდილის ანგელოზი ღმერთის ანგელოზია, მისი ბრძანებების შემსრულებელი და არა მტანჯველი, როგორც ამ მოჩვენებაშია აღწერილი. წმ. ანდრია კრიტელი წერს: ,,მანათობელი ანგელოზები, სამეფო სკიპტრის მატარებლები, დიდებული შესახედავნი, მოდიან ზეციდან, მგალობელი დასები თეთრებში შემოსილნი, ღომელთა ფიგურები სინათლის მსგავსია, მისი სუნთქვა ცეცხლოვანია, გარს შემოეხვევიან სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარესა და სულის გასვლის მომლოდინეს, განა ჩვენ არ გამოვხატავთ მათდამი მოწიწებას?“ (ჰომილია ადამიანის სიცოცხლესა და გარდაცვალებაზე, PG 97: 1284 D).
წმ. ანდრეა კრიტელისათვის სიკვდილის ჟამი დიდებული და წმინდაა, როდესაც ანგელოზები მოდიან ღმერთის ბრძანებების შესასრულებლად. გრიგოლისათვის კი წამების საშინელი და საზიზღარი სპექტაკლია, თუმცა მოთხრობის მიხედვით, თეოდორა კეთილმორწმუნე ქრისტიანი იყო.
წმ. თეოფანე დაყუდებული უარყოფს ამ მწვალებლურ შეხედულებას და აკრიტიკებს ეპისკოპოს ეგნატე ბრიანჩანინოვს ნაშრომისათვის ,,ჰომილია სიკვდილის შესახებ“ (ან ,,სიტყვა სიკვდილის შესახებ), რომ მან ნაშრომში გამოიყენა ბასილი ახლის მონათხრობი ისე, თითქოს ის რეალობა იყოს. წმ. თეოფანე წერს: წარმოიდგინეთ ამ ამბის ყველა ასპექტი და გულწრფელად დასვით კითხვა — შეიძლება თუ არა ადამიანმა სინამდვილეში იფიქროს, რომ ეს ყველაფერი რეალობაა? (,,ადამიანების სულები და ანგელოზები არ არიან სხეულები, არამედ სულები ეპისკოპოს ეგნატე ბრიანჩანინოვის ,,ჰომილია სიკვდილის შესახებ“ წინააღმდეგ“ გვ. 90-92).
ჩანს, რომ გრიგოლ თრაკიელი ბოგომილური (ანუ მანიქევლური) ტერმინებით საუბრობს.
წმინდა იოანე კასიანეც ,,აბბა სერენიუსთან პირველ საუბარში“ ადასრუტებს ამას: ,,შეუძლებელია დემონებმაც შეიტყონ აზრები, რომლებიც ჯერ არ გამოსულა სულის შინაგანი სიღრმეებიდან, ისიც არ იციან, იღებს თუ არა იგი მათ მიერ შეთავაზებულ აზრებს, ხვდებიან მხოლოდ ადამიანის გარეგნული მოძრაობებიდან და ნიშნებიდან (პარაგრაფი 15).
მხოლოდ ღმერთმა იცის, რა ხდება ადამიანის გულში, როგორც წმინდა წერილშია: ,,მე ვარ, რომელი განვიკითხავ გულსა და თირკუმელთა“ (გამოცხ. 2. 23); ,,რამეთუ ცხოველ არს სიტყუაი ღმერთისაი და ძლიერ და უმკუეთელს უფროის ყოვლისა მახვილისა ორპირისა და მისწუდების იგი ვიდრე განსაყოფელამდე სამშვინველისა და სულისა და, ნაწევართა და ტვინთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა“ (ებრ. 4: 12). მაცხოვარმა გვასწავლა არ დავკმაყოფილდეთ გარეგნულად მართალი საქმეების ქმნითა და ცოდვებისაგან მხოლოდ თავშეკავებული საუბრებით, არამედ უნდა ვისწრაფოთ გულის სრულყოფილი სიწმინდის მისაღწევად ამიტომაც კიცხავს ფარისევლებს: ,,ვაი თქუენდა მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაითა და ყოვლითა არაწმიდებითა“ (მათე 23:27).
აქედან ცხადია, რომ დემონებმა არ იციან ჩვენი ცოდვები, რომლებიც გარეგნულად არ ჩანს და შეუძლიათ მხოლოდ ივარაუდონ მათ შესახებ. ეს ფაქტიც კი საკმარისია იმისათვის, რომ თეოდორას თხრობა საეჭვოდ მივიჩნიოთ.
მწვალებლური სწავლება საქმეებისა და გამოხსნის შესახებ
თეოდორა ამბობს, რომ სხეულის დატოვების შემდეგ დემონებმა სცადეს წარეტაცათ მისი სული ანგელოზებისათის და მერე შედგა რაღაც სასამართლოს მაგვარი. ,,ზეციურმა ანგელოზებმა გამოიძიეს ჩემი ყველა კეთილი საქმე“ (f. 75 r) ,,და მათი დახარისხებისას ჩემი ჩველი ცოდვები მათი საშუალებით გააბათილეს, გამოისყიდეს ერთი მეორით. სანამ ისინი ამით იყვნენ დაკავებულები, შავმა დემონებმა ძლიერად შეუტიეს ნათლის ანგელოზებს, რომ ჩემი თავი მათი ხელიდან გამოეგლიჯათ და ჩავეყვანეთ ჯოჯოხეთის სიღრმეებში“ (f. 76 v).
ბოროტი და კეთილი საქმეების აწონვისა და ერთის მეორით გამოსყიდვის ეს პროცედურა ძალიან უცნაურია და ქრისტიანულ ზნეობაში უცხო ელემენტი შემოაქვს. კეთილი საქმეები არ არის ფული, რითაც შეგვიძლია ზეციურ სასუფეველში შესვლის ნებართვა ვიყიდოთ, ან ის, რაც შეიძლება ღმერთს წარვუდგინოთ და უფალი კი, როგორც კრედიტორი, ვალდებული იქნება გამოხსნა მოგვცეს. ,,ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი; რომელი თანა-გეუდვა ყოფად, ვყავთ“ (ლუკა 17;10). კეთილი საქმეები მხოლოდ კეთილი რწმენის მაჩვენებელია, როგორც იაკობ მოციქული წერს: ,,გიჩუენო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოებანი ჩემი“ და ,,სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთაისა მკუდარ არს“ (2: 28, 20); მაგრამ, როგორც პავლე მოციქული მრავალგზის წერს: რწმენაა ის, რითაც ჩვენ გავმართლდებით ,,და უწყით, რამეთუ არა განმართლდების კაცი საქმეთაგან სჯულისათა, გარნა სარწმუნოებითა ქრისტესითა და იესო ქრისტეს მიმართ გურწმენა, რაითა განვმართლდეთ სარწმუნოებითა ქტრისტესითა და არა საქმეთაგან სჯულისათა, გარნა სარწმუნოებითა იესო ქრისტესითა და იესო ქრისტეს მიმართ გურწმენა, რაითა განვმართლდეთ სარწმუნოებითა ქრისტესითა და არა საქმეთაგან სჯულისათა; რამეთუ საქმეთაგან სჯულისათა არა განმართლდების ყოველი ხორციელი.“ (გალატ. 2;16). ცხადია, ადამიანი ცხონდება არა კეთილი საქმეების რაოდენობით, არამედ ღმერთის მიერ, რომელიც მას სწამს. თუმცა თუ ვიფიქრებთ, რომ ჩვენი კეთილი საქმეების რაოდენობა დაფარავს ჩვენს ბოროტ საქმეებს (ცოდვებს), მაშინ ქრისტეს ჩვენს გამოხსნაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. წმ. მარკოზ მოღვაწე თავის ნაშრომში ,,მათ შესახებ, ვინც ფიქრობს, რომ თავიანთი საქმეებით გამართლდებიან“ წერს:
,,როდესაც წმინდა წერილში ვკითხულობთ, რომ ღმერთი მიაგებს ყველა ადამიანს თავისი საქმეების მიხედვით, ნუ წარმოიდგენთ, რომ თავისთავად საქმეები იმსახურებენ ან ჯოჯოხეთს, ან სასუფეველს. ქრისტე მიაგებს თითოეულ ადამიანს იმის მიხედვით, ეს საქმეები ქრისტეს რწმენითაა გაკეთებული თუ მის გარეშე; ქრისტე არ არის საქმის მომრიგებელი, რომელიც ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებს, არამედ ჩვენი შემოქმედი და გამომხსნლი ღმერთია“ (პარაგრაფი 22).
შემდეგ ის აგრძელებს:
,,რაც არ უნდა დიდი იყოს ჩვენი სათნო მოქმედებები, ისინი კი არ გამოისყიდიან, არამედ გმობენ ჩვენს წარსულ დაუდევრობას“ (პარაგრაფი 44).
მაშ, როგორ შეუძლიათ კეთილ საქმეებს ცოდვების ,,გამოსყიდვა,“ როგორც ამას გრიგოლი აცხადებს?
თუნდაც ყველა სათნოებას აღვასრულებდეთ და ურიცხვ კეთილ საქმეებს ვიმოქმედოთ, მაინც ,,უხმარი მონები“ ვართ და ვისწრაფვით ღმერთის შვილობისა და განღმრთობის მისაღწევად.
ამის მაგავსად, უნდა ვთქვათ, რომ ადამიანი თავისი ბოროტი საქმეებისათვის კი არა, რწმენის ნაკლებობის გამო ისჯება, რისი შედეგიც ღმერთის შვილობის ვერ მიღებაა. ,,რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თავისი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაითა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი… რომელსა ჰრქმენეს მისი, არა დაისაჯოს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა მხოლოდ-შობილისა“ (იოანე 3: 16, 18). მაგრამ თუ სამსჯავროზე ჩვენი კეთილი და ბოროტი საქმეები მკაცრად უნდა აწონონ, მაშინ ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდება. ფსალმუნში წერია: ,,უკეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინ-მე დაუთმოს? რამეთუ შენ მიერ არს ლხინებაი“ (ფსალ. 129: 3-4).
ღმერთის სამართალი არ იზომება ან იწონება სასწორით; მხოლოდ ადამიანური სამართალია ამგვარი. წმ. ისააკ ასური წერს: ,,ნუ უწოდებ ღმერთს სამართლიანს, რადგან მისი სამართლიანობა არ ცხადდება შენთან დაკავშირებით… რადგან თუმცა შენი ვალი ღმერთისადმი უდიდესია, ის მაინც არ არის შენდამი უზომოდ მომთხოვნი, და იმ მცირე საქმეებისათვის, რასაც შენ აკეთებ, დიდად გაჯილდოვებს… მაშინ სად არის ღმერთის სამართალი — ჩვენ ცოდვილები ვართ, ის კი ჩვენთვის მოკვდა? მაგრამ თუკი ამაში ასეთ მოწყალებას იჩენს, შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ყოველთვის მოწყალე იქნება“ (ჰომილია 60).
,,ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4: 8) და წყალობა; ის არ სჯის ადამიანს ადამიანური სამართლის მიხედვით, არამედ აცხოვნებს მას ღვთაებრივი მოწყალებით. ,,რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თვისი სოფლად, რაითა დასაჯოს სოფელი, არამედ რაითა აცხოვნოს სოფელი მის მიერ.“ (იოანე 3: 17). სწორედ ადამიანები ისჯიან თავს იმით, რომ არ იღებენ იმას, რასაც ღმერთი აძლევს. მაგრამ თუ ჩვენ, როგორც გრიგოლს, გვჯერა, რომ საღმრთო სამართლით ვისჯებით, რომელიც ჩვენგან მოითხოვს ,,თვალი თალის წილ და კბილი კბილის წილ,“ მაშინ ღმერთი შურისმაძიებელი გამოდის, რომელიც სამართლიანოების გამო აღარ არის ყოვლადმოწყალე. ეს კი ქრისტიანობისათვის სრულიად უცხოა.
გრიგოლ თრაკიელისა და ბასილის მწვალებლური სწავლება საქმეებისა და დამსახურებების შესახებ
კვლავ დავუბრუნდეთ თხრობას. თეოდორა და მისი ,,მეგზური სულები“ (მეგზური სული: წარმართულ მითოლოგიაში ისინი წინ უძღოდნენ გარდაცვლილის სულს ასტრალური სივრცეების გასასვლელებსა და ლაბირინთებში. ზოგიერთ მითოლოგიაში მიიჩნევდნენ, რომ მეგზური სულები განდევნიდნენ უარყოფით სულებს. ამ ტერმინს აქ იმიტომ ვიყენებთ, რომ გრიგოლ თრაკიელის და/ან ბასილის მიერ წარმოდგენილი სწავლება აშკარად წარმართულია და სრულიებით არაა ქრისტიანული. ასე რომ თხრობაში აღწერილ ანგელოზებს სხვას ვერაფერს ვუწოდებთ თუ არა ,,მეგზურ სულებს.“ მანდეანურ გნოსტიციზმში თეოდორას ,,ანგელოზებს“ ეწოდებათ ,,დამხმარე სულები“) ედავებიან და ევაჭრებიან დემონებს. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კეთილი და ბოროტი საქმეების სასწორით აწონვას და მისი კეთილი საქმეების ბოროტი საქმეებით გადაწონვის პროცესს. სანამ დენონები უპირატესობას მოიპოვებენ, ბერი ბასილის, თუნცა ის ჯერ ცოცხალია, გამოჩენა მეყვსეულად ცვლის სიტუაციას და მთელი ეს აწონვები და გაზომვები წყდება. ბასილი ანგელოზებს ეუბნება: ,,ეს სული მე მეკუთვნის, რადგან ბევრს მემსახურა და დიდი დახმარება გამიწია სიბერის წლებში. ამიტომ შევევედრე უფალს მისთვის და მან თავისი სიკეთით მე მომაკუთვნა ის.“ უბიდან ამოიღო წმინდა ოქროთი სავსე ალისფერი საფულე, მისცა ის ორ ანგელოზს და უთხრა: ,,აიღეთ და ამით გამოისყიდეთ ეს სული, როდესაც გაივლის საჰაერო ტელონიაში (საბაჟო ან საგადასახადო ჯიხურებში), ქრისტეს მადლით ჩემი სული საკმარისზე მეტად მდიდარია [უცნაურია ამის თქმა ანგელოზებისათვის!]. ეს ოქრო საკუთარი შრომითა და ოფლით მოვიპოვე და ვაძლევ მას თეოდორას, რათა გაანთავისუფლოთ ბოროტი სულებისაგან, რომლებიც მალე ვალების გადახდას მოსთხოვენ“ (f.76 v). როდესაც ეს დემონებმა დაინახეს, შეეშინდათ და ღმუილით გაიქცნენ.
ბასილის სიტყვები უცნაური დოგმატებითაა სავსე. პირველ რიგში, აზრი, რომ ადამიანი შეიძლება ფლობდეს საკმარისზე მეტ სიმართლეს ისე, რომ მისგან ზედმეტიც დარჩეს, სათნოების ბუნების საწინააღმდეგოა, როგორც ეს უკვე ვნახეთ. წმ. მარკოზ მოღვაწე წერს: ,,თუ ჩვენ ვალდებული ვართ ყოველდღიურად ყოველგვარი კეთილი საქმე გავაკეთოთ, რისი უნარიც კი ჩვენს ბუნებას შესწევს, რაღა დაგვრჩება ღმერთისათვის მისაცემი ჩვენი წარსული ცოდვებისთვის?“ მაგრამ თუ არაფერი დაგვრჩა ჩვენი წარსული ცოდვებისთვის, რა შეიძლება რომელიმე ადამიანს ვინმეს ცოდვებისათვის ჰქონდეს? საღვთო წერილში წერია: ,,არა მისცეს ღმერთსა სახსარი თვისა თვისისაი. და სასყიდელ სახსრად სულისა თვისისა“ (ფს. 48:8). აქედან გამომდინარე, ბასილის ტრაბახი, უბრალოდ აბსურდია. რაც შეეხება იმას, რომ მისი პიროვნული, სულიერი სიმდიდრე (თუკი მას აქვს ასეთი) დაეხმარება თეოდორას სულს, ამის შესახებ წმ. იოანე ოქროპირი წერს:
,,ჩვენი ცხოვრების იმედებს ვერ დავამყარებთ მამებზე, ბაბუებსა და ბაბუების მამებზე, ვერც მეგობრებზე, ნათესავებსა და მეზობლებზე. ,,ძმამან ვერ იხსნას, იხსნესა კაცმან?“ (ფსალ. 48:7)… ვერც სხვა ადამიანების სათნოება გვიშველის“ (PG 48: 1005)
ვნახოთ, რა წერია ტექსტში: მრისხანების საზვერესთან თეოდორა ეუბნება ანგელოზებს: ,,ამასთან დაკავშირებითაც დამიცავით და მიეცით მათ (ე. ი. დემონებს) ის, რაც საჭიროა, არა ჩემი კეთილი საქმეებიდან, რადგან ისინი უკვე დახარჯულია (მეხუთე საზვერესთან), არამედ იმ საღმრთო საჩუქრებთან, რომლებიც ჩვენმა მართალმა მამა ბასილმა მომცა (f. 81 v) ლოთობის საზვერესთან: ,,და როდესაც მისცეს მათ, რაც საჭირო იყო ჩემი ბატონისა და ჩვენი წმინდა მამა ბასილის მიერ უხვად ნაბოძებიდან, ჩემმა გამყოლებმა და შემწეებმა გამოისყიდეს ჩემი ცოდვები“ (f. 81 v) და ა. შ.
აქ საკმაოდ ცხადადაა წარმოდგენილი ლათინთა დოგმატი საკმარისზე მეტი დამსახურებების შესახებ.
წმ. მარკოზ მოღვაწე წერს: ,,ჩვენი ვალია ყველა მცნების შესრულება, ხოლო შვილება კი ეძლევა ადამიანს ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლის მეშვეობით,“ რამეთუ ,,ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათვის (1 კორ. 15-3) და ვინც მას კეთილად ემსახურება, ის თავისუფლებას აძლევს“ (პარაგრაფი 4).
თუმცა გრიგოლ თრაკიელი უკუაგდებს ქრისტეს მიერ ჩვენი გამოხსნის დოგმატს და მას ადამიანური სამართლიანობის პრინციპებზე ამყარებს.
დავუბრუნდეთ ბასილის ოქროს საკითხს. ტერმინი ,,ტელონიონ“ ბერძნულად ნიშნავს ადგილს, სადაც გადასახადებს ან ბაჟს კრეფენ; სახარებაში მათე მეზვერე იჯდა სწორედ ასეთ ადგილას, როდესაც მაცხოვარმა მოუწოდა (მარკოზი 2:14) გადასახადების ამკრები ემსახურებოდა მთავრობას ან გზის მეპატრონეს, ვისთვისაც კრებდა ბაჟს. რადგან დემონები კრებენ ბასილის ოქროს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ისინი ან ღმერთს ემსახურებიან და აპირებენ ოქროს მისთვის მიცემას ან ის, რომ ზეცისკენ მიმავალი გზა სატანას ეკუთვნის, რომლის მსახურებიც დემონები არიან. რადგან ვიცით, რომ პირველი ვარიანტი, შეუძლებელია, რადგან დემონები ღმერთის წინააღმდეგ არიან აჯანყებული და ყველა საშუალებით ებრძვიან მას, მაშინ მეორე ვარიანტი უნდა მოვიღოთ, თუკი გვინდა თეოდორას მონათხრობისა და გრიგოლის ჰალუცინაციების დაჯერება. მაგრამ ეს მანიქევლური სწავლებაა, იმავეს ასწავლიდნენ მესალიანები და ბოგომილები. ფაქტობრივად ეს სწავლება მწვალებლურთან ერთად მკრეხელურიცაა.
გავიხსენოთ, რომ ბასილმა თავიდანვე თქვა: ,,ეს სული მე მომაკუთვნეს“ (f. 76 v). შეჩერდით და დაფიქრდით: თუ ასეა, მაშინ რა მიზანს ემსახურებოდა თეოდორას გავლა ,,საზვერეებში?“ თუ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო, განა დანარჩენი აბსურდის თეატრი არ არის? და თუ აბსურდი არ არის, მაშინ ვისთვის არის ეს საჭირო?
წინააღმდეგობრივი აზრები და მწვალებლური სწავლება ,,საზვერეების“ აღწერაში
ჩადენილი უსამართლობების საზვერეს გავლის შემდეგ ანგელოზები უსხნიან თეოდორას სულს, თუ საიდან იციან დემონებმა ადამიანის მიერ ჩადენილი ყველა ბოროტი საქმის შესახებ და როგორია საზვერეების მოქმედების პრინციპი. საინტერესოა, მაგრამ გასაკვირი არაა, რომ ისინი მანდეანულ გნოსტიციზმში მიღებულ იგავს იმეორებენ. ეს იგავი გრიგოლ თრაკიელის თხრობაშიცაა: ,,განა არ იცით, რომ ყველა ქრისტიან ნათლობისას, ეძლევა მფარველი ანგელოზი, რაითა დაიცვას ის და ყოველგვარი კეთილი საქმის გაკეთებისაკენ წარმართოს. ანგელოზი იწერს მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში ჩადენილ კეთილ საქმეებს, მაგრამ ამასთან ერთად, საღმრთო დაშვებით, მას მოჰყვება ბოროტი ანგელოზიც, რომელიც იწერს მის მიერ ჩადენილ ყველა ცუდ საქმეს? ბოროტი ანგელოზი დეტალურად მოახსენებს მის ყველა ბოროტი საქმის შესახებ თეორიული საზვერის კარიბჭის მცველს და იმათ, რომლებიც ჩასაფრებულია, რომ დააკავოს ყოველი გარდაცვლილი ადამიანის სული, შეუძლიათ ჩაიყვანონ ის ცეცხლის უფსკრულში და ჯოჯოხეთის სიღრმეში, სადაც ადგილს მიუჩენენ სულს, რომელსაც სათანადოდ არ მოუნანიებია ცოდვები. მფარველი ანგელოზის დახმარებით ადამიანს შეუძლია კეთილი საქმეების კეთება,რომელიც გადაწონის ბრალმდებლების მიერ წარდგენილ ცოდვებს და ამგვარად, სული შეიძლება დაუძვრეს მათ ხელიდან. მაგრამ, თუკი კეთილი საქმეების რაოდენობა ვერ გადაწონის ბოროტ საქმეებს, კარიბჭის მცველები წაათრევენ სულს, უმოწყალოდ სცემენ, შეკრავენ და, როგორც ნათქვამი იყო, ჩააგდებენ ჯოჯოხეთის უფსკრულის სიბნელეში, საშინელი და დაუნდობელი სამსჯავროს დადგომამდე. ამგვარად იციან მათ ადამიანის მიერ მიწიერი ცხოვრების დროს ჩადენილი ყველა ცოდვის შესახებ“ (f. 87 r — 88 r). (,,მეგზური ანგელოზების“ მითი ჩვენამდე მოდის სპარსული ზოროასტრიზმისაგან მანიქევლური და მანდეური გნოსტიციზმის გავლით).
გამოხსნის შესახებ ამ ამბიციაში მოტანილი მწვალებლური სწავლების კონცეფციების განცილვა საჭიროც კი არის. ეს აშკარად გამოხსნის დოგმატია კეთილი საქმეებითა და დამსახურებებით. სწავლება სულის შესახებ, რომელიც ,,ცეცხლოვან უფსკრულში“ მიდის, აგრეთვე მწვალებლურია.
ამ ზღაპრული მონათხრობის არაქრისტიანულ ბუნებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ის, უბრალოდ, მტკნარი სისულელეა. უფრო მეტიც, როგორც აღვნიშნეთ, შეუძლებლია დემონებმა იცოდნენ ადამიანის ყველა ცოდვის შესახებ, თუკი არ დავიჯერებთ იმას, რომ გულში ჩადენილი ცოვები არ არის ცოდვები, თუმცა მაცხოვარი (მათე 5:28). წმინდა მამების ზემოთ მოყვანილი ციტატებიდან აბსოლუტურად ნათელია, რომ დემონებმა არ შეიძლება იცოდნენ, რა ხდება ადამიანის გონებისა და გულში, ვერ შეაღწევენ მის სულში.
როდესაც თეოდორას სული, სავარაუდოდ, გადალახავს მითიურ ტელონიას ანუ ,,საზვერეებს,“ ჩვენ მოწმე ვხდებით იმისა, თუ როგორ კამათობენ ანგელოზები და დემონები მის თითოეულ ცოდაზე. მაგალითად, როგორც მხევალი, თავისმა ბატონმა ის ცოლად შერთო ვიღაც კაცს, საეკლესიო ჯვრისწერის გარეშე და ჩანს, თეოდორას მისგან შვილებიც ყავდა. მაგრამ ის ასევე ,,ცოდვით დაეცა სხვა ახალგაზრდა კაცთან, ვინც მსახურობდა მისი ბატონის სახლში“ (f. 94 r). მრუშობის საზვერეში დემონები აცხადებდნენ, რომ ეს იყო მრუშობა, რადგან ის უკვე დაქორწინებული იყო, მაგრამ ანგელოზებმა თქვეს, რომ რადგან ჯვრისწერა არ შემდგარა, ეს იყო სიძვა და არ ეკუთვნოდა იმ საზვერეს. ჩანს, რომ ანგელოზები ცდილობდნენ ეს ცოდვები ჩაეთვალათ სიძვად და არა მრუშობად, რადგან მათ თვალში სიძვა ნაკლებად სერიოზული ცოდვაა. თუმცა გაუგებარია, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს ჯოჯოხეთში მრუშობის საზვერედან ჩააგდებენ თუ სიძბის საზვერედან; აქ ჩანს, რომ ყველა ცოდვას ერთი წონა აქვს, თუმცა ასეთი შეხედულება საღვთო წერილს ეწინააღმდეგება: ,,უკეთუ ვინმე იხილოს ძმაი თვისი, რომელი ცოდვიდეს ცოდვასა არა სასიკუდინესა, ითხოვოს და მოსცეს მას ცხორებაი, რომელნი-იგი ცოდვიდენ არა სასიკუდინედ, ყოველივე სიცრუე ცოდვა არს და არს და არს ცოდვაი არა სასიკუდინე“ (1 იოანე 5:16, 17). გრიგოლის აზრით, თუნდაც რომ ყოფილიყო განსხვავება ცოდვებს შორის, საზვერეების სისტემა ამაზე მინიშნებასაც კი არ გვაძლევს. საინტერესოა, რამდენ ხანს უნდებოდნენ დემონები და ანგელოზები ვაჭრობას თითოეულ ცოდვაზე, თუნდაც ყველაზე წვრილმანზე. ცხადია, ამას უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა, ვიდრე ერთი ცოდვის ჩასადენადაა საჭირო. ასე რომ ამ პროცესში ძალიან დიდი დრო უნდა გასულიყო, თუკი იქ დროის აღრიცხვა ხდება. თუმცა, რადგან თეოდორას სული უკვე ბასილს ეკუთვნოდა მისი საკმარისზე მეტი დამსახურებების გამო, საერთოდ რატომ უნდა გაემართათ ანგელოზების მთელი ეს დავიდარაბა?
თეოდორას სულს სიძნელეები ხვდება მრისხანების, ცილისწამების, უგუნური მრავალსიტყვაობის საზვერეების გადალახვისას, რაშიც შედის უხამსი სიმღერები, რომლებსაც თვითონაც მღეროდა და სხვებსაც ასწავლიდა, თავშეუკავებელი საქციელი, თავშეუკევებელი სიცილი, უზრდელი მანერები, სიმთვრალე, ნაყროვანება და მრუშობა, თუმცა ნათქვამია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, მას სხვა ცოდვები არ ჩაუდენია. ეს თავისთავად გასაოცარია, მაგრამ უფრო გამაოგნებელია იმის აღმოჩენა, რომ მას არ ჩაუდენია შემდეგი ცოდვები: ბოროტი აზრები, სიამაყე, დიდებისმოყვარება, ვერცხლისმოყვარეობა, გულბოღმიანობა, პარვა და მრავალი სხვა. თეოდორა აცხადებს, რომ გულბოღმიანობის ვერც ერთი ცოდვა ვერ უპოვეს, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ თხრობაშიც კი იგი ბოღმას ატარებს. ცდილობს თავი გაიმართლოს ჩადენილი მრუშობის გამო იმით, რომ ახალგაზრდა კაცმა შეაცდინა, ანუ ცუდი გაუკეთა მას და ღმერთს ადანაშაულებს, რომ არ ასწავლა საზვერეების შესახებ. მაგრამ სხვა საზვერეებიდან ვხედავთ, რომ ის მღედოდა უხამს სიმღერებს, უზრდელად იქცეოდა, თვრებოდა, ვნებიანად ცეკვავდა და ასე შემდეგ. ის ბოროტი კაცის მსხვერპლი კი არ იყო, არამედ თვითონაც სიამოვნებდა, რასაც სჩადიოდა. მასასადამე, მას უნდა ჰქონოდა იმდენი სიმდაბლე, რომ საკუთარი თავი დაედანაშაულებინა და არა სხვები. უფრო მეტიც, მას არასოდეს მოუნანიებია მრუშობის ცოდვა (f. 96 v) და ამის ერთადერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო მისი სიამაყე და ამაო დიდებისმოყვარეობა, თუმცა მასზე ნათქვამია, რომ ამ მხრივ სავსებით უცოდველი იყო. ფაქტობრივად საეჭვოა, რომ ოდესმე ცხოვრობდა ისეთი წმინდა ადამიანი, როგორც თეოდორა იყო, გარდა მაცხოვრისა, რა თქმა უნდა, რადგან მას არასოდეს ჩაუდენია სიამაყისა და ამაო დიდებისმოყვარეობის ერთი ცოდვაც კი. წარმოიდგინეთ, ადამიანი ამაოების სიყვარულის გარეშე. განსაკუთრებით კი ის, ვისი ცხოვრებაც ასეთი საეჭვო იყო მრავალი სხვა თვალსაზრისით! მართლაც. ამაოების სიყვარულს ვერც ერთი ადამიანი ვერ გაექცევა. წმ. იოანე კიბისაღმწერელი წერს: ,,ამაო დიდებისმოყვარეობის სხივი ეფინება ადამიანის ყოველგვარ საქმიანობას… როდესაც ვსაუბრობ, დამარცხებული ვარ და როდესაც ჩუმად ვარ, მაშინაც დამარცხებული ვარ მისით“ (სათნოებათა კიბე, 22:5)
რაც შეეხება სიამაყეს, ის ადამიანის მთავარი ავადმყოფობაა, რომელიც მოკალათებულია გულის სიღრმეში. მისგან წარმოიშობა ყველა ცოდვა და ისაა მიზეზი ადამიანის დაცემისა. უდიდესი წმინდანებიც კი ძლიერად ებრძოდნენ ამ ვნებას, ჩვენ კი სრულიად ჩაძირულები ვართ მასში. წმ. იოანე კიბისაღმწერელი წერს: ,,როდესაც ცოდვით ვეცემით, ესე იგი, ჩვენში სიამაყეს უკვე აქვს დადგმული, რადგან დაცემა სიამაყის ნიშანია“ (23:4).
არსებობს კი ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში არასოდეს დაცემულა? ჩვენ უკვე ვიცით თეოდორას შესახებ. მაგრამ იგი ამბობს: ,,ვისზე და როგორ შემეძლო მდომებოდა ამაყი ვყოფილიყავი მე, დაბადებიდან მხევალი ქალი?“
უცნაურია, რომ აქ არ არის ღვთის გმობის, რაც ყველაზე სერიოზული ცოდვაა, და მკრეხელობის საზვერეები, თუმცა პავლე მოციქული წერს: ,,რომელმან ტაძარი ღმრთისაი განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისაი წმიდა არს, რომელ-ეგე ხართ თქუენ“ (1 კორ. 3:17)
მხოლოდ ამ დაკვირვებებიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გრიგოლის მონათხრობი საზვერეების შესახებ მიუღებელია. მან, უბრალოდ, ან შეთხზა ის, ან წარტაცებული იყო რაღაც დემონური ხილვით, უფრო საფიქრებელია, რომ მეორე ვერსიაა მართალი, რადგან მან ეს ყველაფერი გნოსტიკურ სტილში, ,,სხეულს გარეთ გასულ მდგომარეობაში“ იხილა. წმ. ისააკ ასური წერს: ,,რასაც კი ინტელექტი შეგრძნებით ხედავს, ესმის ან აღიქვამს სულიერ სფეროში, მას არ შეუძლია ეს გამოხატოს სხეულში დაბრუნების შემდეგ. მას უბრალოდ ახსოვს, რომ მან ნახა ეს ყველაფერი, მაგრამ რაც ნახა, არ იცის როგორ გამოხატოს ნათლად. ეს არის იმ ცრუ ,,გამოცხადებების“ ბრალი, რომლებიც შეთხზეს მწვალებობების ფუძემდებლებმა დემონური ფანტაზიების ზეგავლენით. ისინი აღწერენ ღვთიურ სამყოფელებს ზეცაში, ღვთიური დასების ურიცხვ სიმრავლეს და მათ სხვადასხვაგვარ საქმიანობას. მაგრამ ეს ყველაფერი ინტელექტის აჩრდილებია, რომლებიც თავდაჯერებულობითაა გაბრუებული და დემონების მოქმედებით ჭკუიდანაა გადაყვანილი“ (ეპისტოლე აბბა სიმეონისადმი).
თუმცა ყველაფერი რაც გრიგოლმა ნახა, ,,გონისმიერი“ იყო, ის არაფრით განსხვავდება ჩვენს ირგვლივ არსებულისაგან. წმ. ისააკი ძალიან ცხადად გვეუბნება, რომ იქ არაფერია ისეთი, რომელსაც შეიძლება რაიმე მსგავსება ჰქონდეს დედამიწაზე არსებულთან და პავლე მოციქულიც იმავეს ამბობს: ,,რამეთუ მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქუმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად“ (2 კორ. 12:4). და კვლავ: ,,არამედ ვითარცა წერილ არს: რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა“ (1 კორ. 2: 9).
სანამ თეოდორას ამბავს გავაგრძელებდეთ, უნდა შევნიშნოთ, რას ეუბნებიან მას ანგელოზები: ,,ადამიანებმა რომ იცოდნენ ეს ყველაფერი (ანუ საზვერეების შესახებ), მათ უდიდესი მისწრაფება ექნებოდათ განთავისუფლებულიყვნენ ამგვარი საშინელებისაგან, თუმცა ზოგიერთი მათგანი მართლაც თავისუფლდება და დაუბრკოლებლად გადის ყველა საზვერეს, ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა და ათასიდან ან ათი ათასიდან ერთი თუ ახერხებს. მაგრამ რადგან ადამიანებმა არ იციან საზვერეების შესახებ, დაუდევრად ცხოვრობენ“ (f. 85 v). თეოდორაც ამბობს, რომ ის არ იმრუშებდა, თუკი ეცოდინებოდა საზვერეების შესახებ. გარდა იმისა, რომ ამ ციტატას ეჭვი შეაქვს სწავლებაში ღმერთის შესახებ, რომელიც განგებ არ აძლევს ადამიანს საზვერეების შესახებ ცოდნას, გრიგოლს აქ ისეთი აზრიც შემოაქვს, რაც აშკარად მცდარია და მაცხოვარმა თვითონაც დაგმო. ლაზარესა და მდიდრის იგავში მდიდარი სთხოვს აბრაამს, გაგზავნოს ლაზარე მის ძმებთან იმის სათქმელად, თუ რატომ იტანჯება, ,,რაითა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველსასა.“ აბრაამი პასუხობს: ,,ჰქონან მოსე და წინასწარმტყუელნი, მათი ისმინონ.“ როდესაც მდიდარი შეეპასუხება, რომ ,,უკეთუ ვინმე მკუდრეთით აღდგეს და მივიდეს, მათ შეინანონ,“ აბრაამი პასუხობს: ,,უკეთუ მოსესი და წინასწარმეტყუელთაი არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრქმენეს მათ“ (ლუკა 16:28-31). ამ იგავით მაცხოვარი გმობს ,,განსაკუთრებულ გამოცხადებებს“ ისეთი რამეების შესახებ, რაც საღვთო წერილში არ არის განცხადებული. მაგრამ გრიგოლი ფიქრობს, რომ მისი განსაკუთრებული გამოცხადებები სხვებს აცხოვნებს, რაც მაცხოვრის სიტყვებს ეწინააღმდეგება.
თეოდორას სული, ბოლოს და ბოლოს, გადალახავს საზვერეებს და გაივლის ,,ზეცის კარიბჭეში.“ იქ ის ჯერ მიჰყავთ წმ. სამების თაყვანსაცემად და შემდეგ იქაურობას ათვალიერებინებენ. აქ, თეოდორას ამბავი, სხვა გნოსტიკური ხილვების მსგავსად, მატერიალისტურადაა აღწერილი. მართლაც თხრობის ეს ნაწილი თითქმის ზუსტად მიჰყვება ერთ მესალიანურ დოკუმენტს, რომელიც შეცდომით მიაწერს წმ. მაკარი ეგვიპტელს. გრიგოლ თრაკიელი აცხადებს, რომ თეოდორა შემდეგ ჯოჯოხეთში წაიყვანეს და მისი სიკვდილიდან ორმოცი დღის გასვლის შემდეგ მისი სული ბასილის სახლში მიიყვანეს. ეს თავისთავად მწვალებლური სწავლებაა, რომელიც ისე აშკარად დაგმო წმ. მარკოზ ეფესელმა, გასაკვირია, რომ საზვერეების მწვალებლობისა და ამ აშკარად მანიქეველური ,,ცხოვრების“ მომხრეებმა არ იციან ამის შესახებ: ,,მაგრამ თუკი, როგორც ნათქვამი იყო, არავინ არ შესულა არც სასუფეველში და არც ჯოჯოხეთში (,,არავინ“ უნდა გულისხმობდეს თეოდორასაც), მაშინ საიდან გავიგეთ ჩვენ მდიდრისა და ლაზარეს შესახებ, რომ მდიდარი იყო ცეცხლსა და ტანჯვაში და ესაუბრებოდა აბრაამს? უფალმა ლაზარეს შესახებ ყველაფერი იგავურად თქვა. ლაზარეს იგავი არ განხორციელებულა სინამდვილეში, რადგან ცოდვილები, რომლებიც ჯოჯოხეთში არიან, ვერ დაინახავენ მართლებს სასუფეველში, ვერც თავის გვერდით მყოფს დაინახავს რომელიმე მათგანი, რადგან ბნელში იქნება.
მათეს სახარებაში უფალი წინასწარ აღწერს მომავალ სამსჯავროს და ამბობს: ,,მოვედით…, დაიმკვიდრეთ…“ აქედან ცხადია, რომ მათ ჯერ არ დაუმკვიდრებიათ ,,მათთვის გამზადებული სასუფეველი;“ ,,გამზადებული,“ — ამბობს ის და არა ,,უკვე მოცემული.“ მაგრამ ცოდვილებს ეუბნება, ,,განმეშორენით“… აქედან ცხადია, რომ ისინი ჯერ არ განშორებულან მარადიულ ცეცხლში, რომელიც ,,გამზადებულია“ არა მათთვის, არამედ ,,ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის.“ აქაც ის ამბობს ,,გამზადებული, რადგან (ამ ცეცხლს) ჯერ არ შთაუნთქავს დაწყევლილი დემონები და ისინი აქამდეც და იმ დღემდეც ყველგან იხეტიალებენ და აღასრულებენ თავიანთ საქმეებს მათში, რომლებიც ემორჩილებიან? სწორედ ამის შესახებ შეჰღაღადებენ ისინი უფალს, ,,იმისათვის მოხვედი რომ გდაგვტანჯო…“ აქედან ცხადია, რომ მათი ტანჯვის დრო ჯერ არ მოსულა. თუკი ბოროტ დემონებს ჯერ არ მიუღიათ სათანადო მისაგებელი და თავისუფლად დახეტიალობენ სადაც სურთ, როგორ ვირწმუნიოთ, რომ სულები, რომლებიც ცოდვებში გარდაიცვალნენ, მაშინვე წავლენ ცეცხლსა და იმ სატანჯველში, რომლებიც სხვებისათვისაა (ანუ დემონებისათვის) გამზადებული? მაშინ რა საჭირო იქნებოდა სამსჯავრო ან თუნდაც საყოველთაო აღდგომა და მსაჯულის (კვლავ) მოსვლა დედამიწაზე, თუკი ყოველი ადამიანი სამსჯავროს დღის დადგომამდე მიიღებს, რაც ეკუთვნის? სახარებაში ქალწულების შესახებ იგავში წერია, რომ ქალწულების სულები, რომლებიც გავიდნენ სიძის მისაგებებლად, ,,დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს, „რაც ნიშნავს, რომ ისინი გარდაიცვალნენ, მაგრამ არ შესულან სიძის ქორწილში მანამ, სანამ სიძე მოვა ზეციდან. ის აღვიძებს ყველა ქალწულს და მათი ნაწილი შეჰყავს თავისთან, ხოლო დანარჩენებისათვის კარს დაახშობს. ეს მოხდება მხოლოდ სამსჯავროს დღეს, რადგან უფალი ამბობს: ,,მაშინ ცათა სასუფეველი მსგავსი იქნება ათი ქალწულისა.
პავლე მოციქულიც წერს: ,,რამეთუ ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაითა მოიღოს კაცად-კაცადმან ხორცთა ამათგან, რაიცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი“ (2 კორ. 5, 10). ანუ, სანამ გარდაცვლილების სულები კვლავ სხეულებს მიიღებენ და ყველა ერთად ქრისტეს საყდრის წინაშე შეიკრიბება, მანამ ვერავინ მიიღებს იმ საქმეების საზღაურს, რაც ხორვში ყოფნის დროს გააკეთა.“ (V. Patrologia Orientalis XV 424).
გაუგებარია, საიდან იცოდა თეოდორამ, რომ ორმოცი დღე გავიდა, როდესაც იქ სადაც თვითონ იმყოფებოდა, მისი თქმით, დღეა დაუღამებელი (f. 70 v). ყოველ შემთხვევაში, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მიწიერ დროს ,,გონებრივის“ სფეროში, რადგან დრო მატერიალური ობიექტების მოძრაობის საზომია? ამ ადგილას თხრობა უბრუნდება გრიგოლს და თეოდორას ,,სულს“ მიჰყავს იგი ბასილის სახლში, სადაც ის ამაღლებულ ტახტზე (თუმცა ჯერ კიდევ ცოცხალია და დედამიწაზე ცხოვრობს) ზის მაგიდასთან, თავის გარდაცვლილ სულიერ შვილებთან ერთად და დღესასწაულობს. გრიგოლი იჩოქებს მის ფეხებთან და ბასილი ეუბნება: ,,კეთილი იყოს შენი მობრძანება,“ ეხება მას (თუმც თვითონ გრიგოლს არ შეუძლია თავის თავს შეეხოს) და ავალებს თეოდორას სულს გრიგოლს დაათვალიერებინოს სახლი და ბაღები (f. 110 r — 111 r). შემდეგ გრიგოლი თითქოს ,,გონზე მოდის“ და განიხილავს ამ გამაოგნებელ და გასაოცარ ხილვას (f. 113 v).
ეს ყველაფერი უკიდურესად უცნაურია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რაც წმ. მარკოზ ეფესელმა ასე ხატოვნად გამოთქვა: ,,ჩვენ ვპასუხობთ, რომ ზეცა არ არის ფიზიკური ადგილი, სადაც ანგელოზები ცხოვრობენ ისე, როგორც ჩვენ, არამედ გონისმიერი ადგილია, რომელიც სცდება აღქმის სფეროს, თუკი ამას საერთოდ უნდა ეწოდონ ადგილი; მაგრამ უფრო ზუსტად მას უნდა ეწოდოს ,,ღმერთის ადგილი“ (ibid.).
ყველაფერ ამის შემდეგ უნდა დავსვათ კიდევ ერთი კითხვა: თუკი არსებობს საზღვრები, როგორც მათ გრიგოლი აღწერს, რა არის მათი დანიშნულება? ღმერთს ხომ არაფერი შეუქმნია დანიშნულების გარეშე. საზვერების დანიშნულება, როგორც თეოდორას სულს აუხსნეს ანგელოზებმა, არის ის, რომ ზეცაში აღსვლაში ხელი შეუშალოს ისეთ სულს, რომლის ცოდვები გადასწონის მის კეთილ საქმეებს; შემდეგ დემონები კლანჭებს ჩაავლებენ და ჯოჯოხეთში ჩააგდებენ საშინელ და დაუნდობელ სამსჯავრომდე. ფაქტობრივად ეს ჩახლართული და მტანჯველი სისტემა ღმერთს მხოლოდ იმიტომ მოუფიქრებია, რომ განესაზღვრა, თუ სად უნდა იყვნენ სულები მის მეორედ მოსვლამდე: სული არსებობას აგრძელებს ან ზეცაში, ან დემონებს ჯოჯოხეთში მიჰყავთ. მეორე მოსვლის შემდეგ მათი განსჯა ხელახლა მოხდება, სხეულებთან ერთად (იქნებ ყველა წმინდა მამა ცდებოდა და მხოლოდ გრიგოლ თრაკიელია მართალი?). პირველი პრობლემა რომელიც აქ ჩნდება (გარდა იმათი, რომლებიც უკვე განვიხილეთ კეთილი და ბოროტი საქმეების აწონვასა და ადამიანურ სამართალთან დაკავშირებით), არის ის, ჩვენ უკვე დავადგინეთ — დემონებს არა აქვთ ძალა მიეკარონ ადამიანის სულს სიკვდილის შემდეგ. წმ. იოანე ოქროპირი წერს: ,,მოდით, გავექცეთ დემონს, რომელმაც ვერაფერში ვერ დაგვარწმუნა და, თუნდაც რაიმე მართალი თქვას, ზურგი ვაქციოთ. რადგან გამომხსნელ დოგმატებს დემონებისაგან კი ვერ ვისწავლით, არამედ საღმრთო წერილისაგან. რათა დავრწმუნდეთ, რომ სული, რომელიც სხეულს განეშორება, ბოროტის ხელში არ ვარდება, ვნახოთ, რას წერს პავლე მოციქული: ის ვინც კვდება, თავისუფლდება ცოდვისაგან ანუ მეტად აღარ სცოდავს. რადგან სული სხეულშია, ბოროტი მასზე ვერ ძალადობს, მაშინ ცხადია, როდესაც სხეულს განეშორება, მაშინაც კი ვერ გააკეთებს ამას! ის ამბობს, ,,რომ გლახაკი მოკვდა და წაიყვანეს ანგელოზებმა“ არა მხოლოდ მართლების სულები, არამედ იმათი სულებიც, რომლებიც ბოროტებაში ცხოვრობდნენ და მიჰყავთ იმავე მიმართულებით… ,,უგუნურო, ამას რამესა მიგიღონ სული შენი შენგან.“ ნახე, როგორ ამბობს გლახაკის შემთხვევაში: ,,წაიყვანეს ანგელოზებმა,“ აქ კი ,,მიგიღონ სული შენი შენგან?“ ერთი ანგელოზებმა გააცილეს — როგორც გამარჯვებული, მეორე კი წაიყვანეს — როგორც შეკრული“ (PG 48:984).
აქედან გამომდინარე საეჭვოა, რომ დემონებს ჰქონდეთ რაიმე ძალაუფლება ადამიანის სულზე მისი სიკვდილის შემდეგ. სად წავლენ გარდაცვლილი ქრისტიანების სულები, ღმერთის გამოუცნობი გადაწყვეტილებაა და დემონები არ მონაწილეობენ ამაში, როგორც პავლე მოციქული წერს: ,,შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხვისა მონასა? თვისისა უფლისა ჰსდგეს გინა თუ დაეცეს, ჰსდგეს სამე, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი დადგინებად მისდა“ (რომ. 14:4). წმ. ირინეოსიც წერს: ,,სულები მიდიან უხილავ ადგილას, რომელიც მათ ღმერთმა განუკუთვნა და იქ იმყოფებიან საყოველთაო აღდგომის მოლოდინში, როდესაც კვლავ მიიღებენ თავიანთ სხეულებს და მთლიანობაში ანუ სხეულებრივადაც აღდგებიან, როგორც უფალი აღდგა, და ამგვარად წარსდგებიან ღმერთის პირის წინაშე“ (ერესების წინააღმდეგ, წიგნი V, პარ. 31).
ღმერთი ასეთ საკითხებს თავისი ყოვლისმცოდნეობით განსაზღვრავს და მის ბრძანებებს აღასრულებენ ანგელოზები და არა მისი მტრები.
დავუბრუნდეთ საზვერეების დანიშნულების საკითხს. ცხადია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ღმერთია სულების განმსჯელი და როგორც წმ. დიონისე არეოპაგელი წერს, ის თითეოეულ სულს იმ ადგილს განუკუთვნებს, რომელიც მისთვის საუკეთესოა. ასევე ვიცით, რომ ,,რამეთუ არა უხმდა, რაითა წამოს ვინმე კაცისა მისთვის, რამეთუ მან თვით იცოდა, რაი იყო კაცისა მის თანა.“ რადგან მხოლოდ ის არის ყოვლისმცოდნე. ის არავის სჯის. მაშასადამე, ღმერთს არ სჭირდება საზვერეები. შეიძლება ისინი იყოს ანგელოზებისათვის? მაგრამ ,,ანუ არა ყოველნივე არიან მოხარკე სულებ, მსახურად მოვლინებულ მათთვის, რომელთა-იგი დამკვიდრებად არს ცხოვრებაი?“ (ებრ. 1:14). ცხადია, საზვერეები ანგელოზებისთვისაც არ არის. იქნებ ადამიანებისათვისაა? იქნებ მათთვის მოაქვს სარგებლობა მათი საქმეების ასეთ უმოწყალო გამოძიებას. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ სული ადამიანი არ არის, და მაშასადამე, მხოლოდ სულმა შეიძლება ამგვარად სარგებლობა მიიღოს. მაგრამ როგორ მიიღებს სარგებლობას? იქნებ სინდისის ქენჯნა და სინანული აღეძვრება? ,,ჯოჯოხეთში არ არის აღსარება და სინანული,“ — წერს წმ. იოანე დამასკელი (PG 96:1084 B). შეიძლება ვინმე შეგვეპასუხოს: ,,კი ბატონო, ეს ჯოჯოხეთში, მაგრამ საზვერეები ხომ ჯოჯოხეთამდეა.“ ჯერ ერთი, რა სიკეთეს მოიტანს სულის სულის სინანული, როდესაც ის არ ეკუთვნის მთლიან ადამიანს, სხეულსა და სულს, რომელმაც ჩაიდინა ცოდვები? წმ. ტიტე ბოსტრელი (IV ს.) წერს: ,,სული ვერ დატკბება ვერაფრით, ვერც ფლობს ვერაფერს ან გააკეთებს რაიმეს, ან დაიტანჯება რაიმეთი, თუ ის სხეულთან რაიმეთი არ არის იმგვარად, როგორც თავდაპირველად შეიქმნა“ (PG 96: 500 C).
თუმცა გრიგოლ თრაკიელი ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ღმერთი უშვებს საზვერეების არსებობას მხოლოდ იმისათვის, რომ ასიამოვნოს დემონებს და შესარულოს ადამიანური სამართლიანობის აუცილებელი მოთხოვნები და ამით ასაბუთებს, თუ რატომ უნდა გაევლო თეოდორას სულს საზვერეებში, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ცხონებული იყო, ამან დააკმაყოფილა დემონები (თუმცა ბერი ბასილის უდიდესი დამსახურებების გამო დემონებმა მიზანს ვერ მიაღწიეს). აქ დემონები წარმოდგენილი არიან როგორც ადამიანის ცოდვების კანონიერი მფლობელები და ეს ცოდვები ადამიანებმა მათგან უნდა გამოისყიდონ. ეს მკრეხელობაა, რადგან დავით წინასწარმეტყველი წერს: ,,შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვყავ“ (ფსალ. 50:4); გრიგოლი დემონებს ღმერთის ადგილზე აყენებს. ის ჩვენში ნერგავს დემონების წინაშე უდიდეს შიშსაც; თუმცა წმინდა მამები საწინააღმდეგოს ჩაგვაგონებენ: ,,მაგრამ თუკი დემოენებს ძალაუფლება არ ჰქონდათ ღორებზეც კი, რამდენად ნაკლებად ექნებათ მათ ძალაუფლება ადამიანზე, რომელიც ღმერთის ხატადაა შექმნილი. ასე რომ ჩვენ უნდა გვეშინოდეს მხოლოდ ღმერთისა და გვძულდეს დემონები და არ გვეშინოდეს მათი“ (წმ. ანტონი დიდის ცხოვრება, პარაგრაფები 29, 30). თუ ჩვენ ასევე გავითვალისწინებთ, რომ გრიგოლს სხვა მრავალი უცნაური ხილვაც ჰქონდა, საზვერეების იდეის წარმომავლობა წარმართული და არაქრისტიანულია, რომ მხოლოდ გნოსტიკურმა ლიტერატურამ შემოინახა ინფორმაცია საზვერეებზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზემოთ თქმულის გათვალიაწინებით, გრიგოლის ხილვა დემონებისაგან იყო ჩაგონებული ადამიანების შეცდომაში შესაყვანად.
შემოკლებული თარგმანი წიგნიდან ,,ბერი ბასილი ,,ახლისა“ და ,,თეოდორას მითი.“ ერთიგნოსტიკური დოკუმენტის შესწავლა.
Synaxis Press, Dewdney, B.C., Canada, 1994.