რატომ ებრძვიან ქრისტიანები ერესებს?

რატომ ებრძვიან ქრისტიანები ერესებს?

რელიგიური ძიებების მიმართ არაგულგრილი და ლიბერალურად განწყობილი ინტელიგენციის გარემოში გავრცელებული ერთერთი ყველაზე პოპურალური იდეის არსი არის რწმენა იმისა, რომ ყველა რელიგიას ერთსა და იმავე ღმერთისკენ მივყავართ და რელიგიებში ყველა განსხვავება მხოლოდ სიტყვებში და ასევე ერთსა და იმავე სულიერი რეალობისთვის პატივის მიგების გამოხატვის ფორმებშია.

ამ იდეიდან წარმოიშვება თეზისი: ქრისტიანების ნებისიერი მცდელობა, რათა სხვა რელიგიებთან დაკავშირებით თავის განსხვავებულობასა თუ სულიერ შეუთავსებლობაზე მიუთითოს, უმეცრების ნიშანია. ამგვარი მიდგომის შემთხვევაში ქრისტიანების ნებისმიერი მცდელობას: ებრძოლოს მწვალებლობებს (ერესებს) თავისი სარწმუნობრივი სწავლების (მოძღვრების) სიწმინდისთვის, რელიგიური ლიბერალები სხვაგვარად მოაზროვნეების მიმართ შეუწყნარებლობად და უმეცრების გამოვლინებად აცხადებენ. მაგრამ ნუთუ მართლა სულერთია რას ვირწმუნებთ? შევეცადოთ გავერკვეთ ამ საკითხებში, რისთვისაც გავეცნოთ სიტყვა „ერესის“ მნიშვნელობას ბერძნულ ენაში, გავიგოთ , რა მნიშვნელობით გამოიყენება ეს სიტყვა ახალ აღთქმაში, განვიხილოთ თანამედროვე სექტების მიერ აღორძინებული რამდენიმე ძველი მწვალებლობა (ერესი).

თუ გავხსნით ბერძნულ ლექსიკონს, სიტყვა „ერესის“ შესახებ შეგვიძლია წავიკითხოთ შემდეგი რამ: „Hairesis” – 1) აღება, დაპყრობა; 2) ა) არჩევანი (თანამდებობის ან საერთოდ რაღაცის არჩევანი); ბ) განწყობა რაიმესადმი; გ) გაბედულობა, გადაწყვეტილება; დ) ცხოვრების ან აზროვნების არჩეული სახე; ფილოსოფიური ან რელიგიური სექტა“ 1 ; დ ) რელიგიური მიმართულება (მოძრაობა); რელიგიური დაჯგუფება. 2) ცრუ რელიგიური მოძრაობა ან სწავლება (მოძღვრება)“ 2 . . . სიტყვა „ერეტიკოსი (მწვალებელი) შეიძლება ასე გადავთარმნოთ: “Hairetikocos” – 1) განხეთქილების გამომწვევი; 2) მწვალებელი (განხეთქილებაში მყოფი, ცალკე მდგომი)“ 3 . ლათინურ ენაში სიტყვა „ერესის (მწვალებლობის)“ მნიშვნელობა შემდეგია: „Hairesis” (ლათ. Secta –1) სწავლება, სისტემა, სკოლა, მიმართულება; 2)ერესი (მწვალებლობა); 3)საქმიანობა, პროფესია“ 4 . თუ გავითვალისწინებთ, რომ ლათინურ ენაში სიტყვები „ერესი“ და „სექტა“ სინონიმებია, სიტყვა „სექტის“ მნიშვნელობის ნახვასაც აზრი აქვს: „Secta“ – 1) გზა, წესი, მოქმედების, აზროვნების ან ცხოვრების სახე; 2) სწავლება, მიმართულება, სკოლა; 3) სექტა; 4)„ შაიკა“ 5. მართლმადიდებლობაში ერესი (მწვალებლობა) ნიშნავს ისეთ სწავლებას, რომელიც მართლმადიდებლურ სარწმუნოებრივ სწავლებას ეწინააღმდეგება 6. ერეტიკოსი (მწვალებელი) კი ისეთ ადამიანს ეწოდება „ . . .რომელიც მართალ სწავლებას არ მისდევს (ტიტ. 3, 10)“ 7 . როგორც ვხედავთ, სიტყვა „ერესს“ თავისი არსით მრავალი მნიშვნელობა გააჩნია. ქრისტიანობაში ის, ფაქტიურად, მხოლოდ ისეთი ცრუსწავლების მნიშვნელობით გამოიყენება, რომელიც ქრისტიანულ სარწმუნოებრივ სწავლებას ამახინჯებს. ახლა ვნახოთ, რა აზრობრივი მნიშვნელობით გამოიყენება სიტყვა „ერესი“ ახალ აღთქმაში.

ახალ აღთქმაში სიტყვა „ერესს“ მრავალი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, იგი გამოიყენება როგორც იუდაიზმის შიგნით არსებული მიმართულების („პარტიის“) გამოსახატავად (იხმარება ფარისევლებისა და სადუკეველების მიმართ): „ ხოლო მღვდელმთავარი და მასთან ერთად ყველა, რომლებიც სადუკეველთა ერესს (hairesis) მიეკუთვნებოდნენ, შურით აღივსნენ“. (საქ. 5,17); „მაშინ აღდგნენ ზოგიერთები ფარისეველთა ერესის (hairesis) მორწმუნეებიდან და ამბობდნენ, რომ (წარმართები) უნდა წინადაეცვითათ და ემცნოთ მათთვის, რათა მოსეს რჯული დაეცვათ“ (საქ. 15, 5); „ . . .მათ დიდი ხანია იციან ჩემს შესახებ, თუ დამოწმებას მოისურვებენ, რომ ვცხოვრობდი ფარისეველად ჩვენი სარწმუნოებრივი აღმსარებლობის (hairesis) სწავლების მკაცრი წესების მიხედვით.“ (საქ.26, 5). მეორედ, მოცემულ ტერმინს იუდეველები ქრისტეს სწავლებასთან დაკავშირებით იყენებდნენ: „ვპოვეთ ეს ადამიანი როგორც წყლული (საზოგადოების), მთელს მსოფლიოში მცხოვრებ იუდეველებს შორის შფოთის აღმძვრელი და ნაზორეველთა ერესის (hairesis) წარმომადგენელი.“ (საქ. 24,5); „მაგრამ იმაში გამოგიტყდები, რომ იმ სწავლების მიხედვით, რომელსაც ისინი ერესს(მწვალებლობას) (hairesis) უწოდებენ, მე, მართლაც, (ჩემი) მამების ღმერთს ვემსახურები და მწამს ყველაფრის, რაც რჯულსა და წინასწარმეტყველებებშია დაწერილი“ (საქ.24,14); „თუმცა ჩვენთვის სასურველია შენგან იმის გაგება, თუ როგორ აზროვნებ; რადგან ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ სწავლების (hairesis) შესახებ ყველგან კამათობენ.“ (საქ.28,22). მესამე მნიშველობა, რომელიც ქრისტიანობაში უპირატესია – ესაა ქრისტიანული სწავლების დამახინჯება: „რადგან თქვენს შორის აზრთა სხვადასხვაობაც (hairesis) უნდა იყოს, რათა თქვენს შორის გამოცდილნი განცხადდნენ.“ (1კორ. 11,19); „ერში ცრუწინასწარმეტყველებიც იყვნენ, ისევე როგორც თქვენც გეყოლებათ ცრუმოძღვრები, რომლებიც დამღუპველ ერესებს (მწვალებლობებს)(hairesis) შემოიტანენ, მათ გამომსყიდველს, იესოს, უარყოფენ და თავზე სწრაფ დაღუპვას მოიწევენ“ (2 პეტ. 2,1); „ . . . კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, დავა, შური, მრისხანება, ქიშპი, უთანხმოება, (ცთუნება), მწვალებლობები (hairesis).“(გალატ.5,20). წმინდა წერილში არის მითითებაც იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიქცეოდეთ ერეტიკოსების მიმართ: „მწვალებელს (Hairetikocon) ერთი და ორი შეგონების შემდეგ განეშორე.“ (ტიტ.3,10). მაშ ასე, ჩვენ ვხედავთ, რომ სიტყვა „ერესი (მწვალებლობა)“ ახალ აღთქმაში სამი მნიშვნელობით იხმარება: ა) იუდაიზმში რელიგიური მიმდინარეობის აღსანიშნავად, ბ) იუდეველები ასე უწოდებდნენ იესო ქრისტეს მოძღვრებას, და გ) ქრისტიანული სწავლების დამახინჯების მნიშვნელობით. ახლა კი ვნახოთ, მართლაც ასეთი უწყინარნი არინ მწვალებლობები და მართლაც არაფერი შეიცვლება ქრისტიანობაში, თუკი მათ მივიღებთ? დავიწყოთ არიანული ერესით.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თანამედროვე სექტანტების მიერ აღორძინებული ძველი მწვალებლობების8 დაწვრილებითი განხილვა წერილის მიზანს არ წარმოადგენს (მათ მხოლოდ საილუსტრაციო მასალის როლი ეკისრებათ იმ შედეგების სადემონსტრაციოდ, რომლებიც ქრისტიანების მიერ ამ ერესების მიღებას ლოგიკურად მოყვება), ამ ერესებს(მწვალებლობებს) გამოწვლილვით არ განვიხილავთ. მით უმეტეს, რომ ამ თემაზე მასალები ცოტა არ არის9.

არიანელობა10, რომელიც ერთ–ერთი უძველესი ერესია და ალექსანდრიაში 315–320 წლებში გამოჩნდა, „იეღოვას მოწმეებმა“ ააღორძინეს. არიოზის სწავლების ძირითადი დებულებები შემდეგია: 1) ლოგოსი შეიქმნა არაფრისგან მამის ნებით; 2) მას არსებობა სამყაროს და დროის შექმნამდე აქვს, მაგრამ მისი არსებობა არ არის მარადიული; აქედან გამომდინარე იგი ჭეშმარიტი ღმერთი კი არ არის, არამედ თავისი არსებით მამა–ღმერთისგან განსხვავებულია, ის ქმნილებაა; 3) ამის მიუხედავად, მას სხვა ქმნილების წინაშე უპირატესობა აქვს: ღმერთის შემდეგ იგი უმაღლეს ღირსებას ფლობს, ღმერთმა ყველაფერი მისი მეშვეობით შექმნა 11. არიანობის არსი ისაა, რომ იესო ქრისტე გამოცხადებულია ქმნილებად და არა ღმერთად, ანუ არიანელობაში მას სხვა ბუნება აქვს, ვიდრე ღმერთს. ჩვენმა მოარიანელო თანამედროვეებმა, მაგალითად, „იეღოვას მოწმეებმა“ ის მთავარანგელოზ მიქაელად გამოაცხადეს: „იესო ქრისტე, რომელიც, როგორც ეს ჩვენ წერილიდან გვესმის, მიქაელ მთავარანგელოზია.“12

ამ ერესს წმინდა მამებმა გამოჩენისთანავე აქტიური ბრძოლა დაუწყეს, ამას განსაკუთრებული გულმოდგინებით აღასრულებდნენ წმ. ათანასე დიდი, წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (IV საუკ.). ღირსი იოანე დამასკელი (VIII საუკ) არიანელობის შესახებ წერდა: „ . . . ძის შობასთან დაკავშირებით საუბარი დროის შუალედისა და კიდევ იმის შესახებ, რომ ძის არსებობა მამის შემდეგ დადგა, უკეთურებაა. რადგან ჩვენ ვამბობთ, რომ ძის შობა მისგანაა (მამისგანაა) ანუ მამის ბუნებისგანაა. და თუკი ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მამისგან შობილი ძე მამასთან დასაბამიდანვე არსებობდა, მაშინ მამის იპოსტასის გარდაქმნა შემოგვაქვს, ვინაიდან გამოდის: არ იყო რა მამა, მამად შემდგომში იქცა; რადგან ქმნილება თუმცა კი ამის შემდეგ წარმოიშვა, მაგრამ ღვთის არსისგან კი არ წარმოიშვა, არამედ არსებობაში მოყვანილ–იქნა არარსებობიდან მისი (ღვთის) ნებითა და ძალით და საღმრთო ბუნებას კი გარდაქმნა(ცვლილება) არ ეხება.“ 13პროფესორი ლოსკი არიანელობის შესახებ წერს: „არიოზი ღმერთს მამასთან აიგივებდა და ამით პოსტულირებდა, რომ ყველაფერი, რაც ღმერთი არაა, ქმნილია. აქედან გამომდინარე, ძეც, რადგანაც მამისგან განსხვავებულია, შექმნილია და პირთა შორის განსხვავებულობა ონტოლოგიურ დანაწევრულობადაა გადაქცეული. ამ ქმნილმა ძემ თავის მხრივ შექმნა სული (წმიდა) და სამება დაყვანილია ერთგვარ იერარქიამდე, სადაც ქვემორე ზედასთვის იარაღია, ანუ დაყვანილია ქმნილსა და შეუქმნელს შორის გამავალი, გადაულახავი ხაზით გახლეჩილ სამებამდე. შობა ქმნადაა გადაქცეული. ძე და სული (წმიდა), შვილიშვილი, ღმრთაებრივი მამისგან რადიკალურად განსხვავებული ქმნილი არსებები ყოფილან თურმე და ტრიადა მხოლოდ მონადის რღვევის შედეგად არსებობს.“ 14 მაგრამ თუკი იესო ქრისტე მამის ერთაარსი არაა, როგორღა შეიძლება, რომ ღმერთი იყოს? წმინდა წერილში მამა–ღმერთს არაერთხელ მიუმართავს ქრისტესთვის სიტყვებით „ძეო ჩემო“ (მთ. 3,17; 17,5; მრკ. 1,11) ნუთუ მაშინ, როცა იესო ქრისტეზე ამბობდა, რომ ის მისი ძეა, ღმერთი ცრუობდა? თუკი ქრისტე ღმერთი არ არის, მაშინ თომა მოციქულმა რატომ წამოიძახა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“(ინ. 20,28)? თუკი წმინდა წერილიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ღმერთმა თავის შესახებ მოსეს უთხრა: „ მე ვარ არსებული“ (გამოს. 3,14), მაშინ რაღას ნიშნავს იესო ქრისტეს მოწმობები თავის თავზე: „ მაშინ უთხრეს(იუდეველებმა) მას(იესოს): მაინც ვინ ხარ შენ? იესომ უთხრა მათ: დასაბამიდან არსებული, როგორც გეუბნებით თქვენ.“ (ინ.8,25)? იუდეველებს ქრისტეს მიერ მოყვანილი სიტყვების (მნიშვნელობა) მშვენივრად ესმოდათ: „ღმერთს თავის მამას უწოდებდა და თავს ღმერთს უტოლებდა.“ (ინ. 5,18). მოციქულებიც ამის შესახებ მოწმობდნენ: „ ის იყო რა ღვთის ხატი, მტაცებლობად არ თვლიდა ღვთის თანასწორად ყოფნას.“ (ფილიპ. 2,6) მოციქული იოანე ღვთისმეტყველი იესო ქრისტეს დაუფარავად უწოდებდა ღმერთს: „. . .სიტყვა იყო ღმერთი.“ (ინ. 1,1). და სიტყვაში იესო ქრისტეს გულისხმობდა: „ რადგან სიტყვა ხორციელ–იქმნა და ჩვენს შორის ბინადრობდა , აღვსილი მადლითა და ჭეშმარიტებითა; ჩვენ კი ვიხილეთ მისი დიდება, დიდებაა, როგორც მხოლოდშობილისა მამისაგან.“ (ინ. 1,14). ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება მამის ბუნების იგივეობრივია, სხვაგვარად ის ძე არ არის, ხოლო თუკი ეს ასე არ არის, მაშინ ღმერთი ცრუმოწმეა, მაგრამ „ღმერთი ადამიანი არ არის, რომ იცრუოს, და არც კაცის ძეა, რათა შეიცვალოს.“ (რიცხვ. 23,19). მოძღვრებას წმინდა სამების შესახებ მხოლოდ წმინდა წერილი განმარტავს. ქრისტიანული რწმენა ქრისტეს ღმრთაებრიობის შესახებ წმინდა წერილის მოწმობიდან გამომდინარეობს, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ან მივიღოთ ეს მოწმობა ან უარვყოთ იგი და შევწყვიტოთ ქრისტიანად ყოფნა. არიანელობა დაიგმო პირველ მსოფლიო კრებაზე ნიკეაში 325 წელს15 და ჩვენს დროში ღორძინდება მხოლოდ ქრისტიანობიგან შორს მდგომ ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა „ იეღოვას მოწმეები.“

შემდეგ ერესს, რომლის შესაძლო შედეგებსაც, ქრისტიანების მიერ მისი მიღების შემთხვევაში განვიხილავთ, ეწოდება მოდალიზმი ანუ საბელიანობა (საბელიოს პტოლეიმაიდელის ერესი16). მოდალიზმი წარმოიშვა მცირე აზიაში III საუკუნეში.თანამედროვეობაში მოდალიზმის კვალი შეიძლება აღმოვაჩინოთ უიტნეს ლის „ადგილობრივ ეკლესიაში“, ასევე „გაერთიანებულ ორმოცდაათიანელთა ე.წ. ეკლესიაში“17. რა არის ამ ერესის არსი? როგორც ვ.ნ. ლოსკი წერს: „ საბელიოსის მიხედვით, ღმერთი უპიროვნო არსია, რომელმაც თავი მსოფლიოს სხვადასხვა სახით გამოუცხადა. სამი პირი მხოლოდ მოქმედების სამი თანმიმდევრული მოდუსია, მსოფლიოში ერთი და იმავე მონადის სამი გამოვლინებაა, რომელიც საკუთარ თავში ყოველთვის მარტივია. სამყაროს შექმნის დროს ღმერთი მამის სახეს იღებს. ამგვარად, მამა ღვთაებრივი გამოვლინების პირველი ფაზის ასპექტია, რომელიც დაბადების წიგნთან და სამოთხის მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. მაგრამ ცოდვამ ურთიერთობა ღმერთსა და ადამიანს შორის შეცვალა; მამის ერა დამთავრდა და ღმერთმა სხვა სახე, ძის სახე მიიღო, რომლის სრული გამოვლინება ხორცშესხმას შეესაბამებოდა. ამაღლებასთან ერთად ღმრთეების ძის სახე (ხატება) განურჩეველ არსში განზავდა და წარმოიშვა ახალი სახე (ხატება): ხატება სული(წმიდი)სა. დაბოლოს, სამსჯავროზე როცა სამყარო განიღმრთობა, ყველაფერი კვლავ განუყოფელ მონადაში შევა.“18 საბელიოსი ფაქტიურად ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ერთი პირი – პირი მამა არსებობს, ხოლო ძე და სულიწმიდა მისი ემანაციები და ძალნი არიან. თანამედროვე მოდალისტებს თავიანთი სწავლების ამგვარი ილუსტრაციის მოყვანა უყვართ: ღმერთს შეუძლია თავი სამ მოდუსში წარმოაჩინოს, ისევე როგორც წყალი შეიძლება იყოს თხევად, აიროვან და მყარ მდგომარეობაში ისე, რომ წყლად ყოფნა არ შეწყვიტოს19.

რატომ უარყოფენ ქრისტიანები ყოვლადწმინდა სამების მოდალისტურ განმარტებას? იმიტომ რომ იგი წმინდა წერილს მთლიანად ეწინააღმდეგება. მაგალითად, ამგვარი სწავლების შესაბამისად იესო ქრისტეს ლოცვა გეთსიმანიის ბაღში მამისადმი, ცოტა არ იყოს, უცნაურად ჩანს: „და ცოტა გაიწია, მიწაზე დაიჩოქა და ლოცულობდა, რომ თუ შესაძლებელი იყო მას ეს სასმისი აცდენოდა; და ამბობდა: აბბა მამაო! შენთვის ყოველივე შესაძლებელია; ამაცილე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მინდა, არამედ როგორც შენ გინდა“ (მრკ. 14, 35–36)თუ მოდალიზმი ჭეშმარიტია, მაშინ ქრისტე გეთსიმანიის ბაღში საკუთარ თავთან ლოცულობს. წმინდა წერილში სხვა ადგილებიცაა, რომლებიც გაუგებარი ხდება მათი მოდალისტური გაგების შემთხვევაში, მაგალითად, იესო ქრისტეს ნათლისღება: „და ნათელ–იღო თუარა, იესო მაშინვე გამოვიდა წყლიდან და აი, განეხვნეს მას ცანი და იხილა (იოანემ) ღვთის სული, რომელიც მტრედივით ჩამოვიდა და მას გადმოდოიდა. და აი, ხმა ზეციდან, რომელიც ამბობდა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო–ვიჩინე.“ (მთ. 3,14) .თუკი მოდალიზმის შეხედულებების მიმდევრები გავხდებით, მაშინ იესო ქრისტე თავის თაზე გადმოვიდა და თავის თავზე მოწმობდა. იოანე მოციქული წერს: რადგან სამი მოწმობს ზეცაში: მამა, სიტყვა და სული წმიდა; და ეს სამი არის ერთი. . . თუკი ადამიანის მოწმობას ვიღებთ, ღვთის მოწმობა უფრო მეტია, რადგან ეს არის ღვთის მოწმობა, რომლითაც ღმერთმა თავის ძეზე დაამოწმა.“ (1 ინ. 5, 7–9). მაინც რატომ არ თქვა მოციქულმა, რომ ღმერთი თავის თავზე თვითონ მოწმობსო? წმინდა წერილის სხვა მომენტებიცაა, რომელიც მოდალიზმს უარჰყოფს. მაგალითად, მასში ნათქვამია, რომ მამა და ძე ერთმანეთს ესაუბრებიან: „ ასე რომ გადააფორეს ქვა (გამოქვაბულიდან), სადაც მიცვალებული იდვა. იესომ კი თვალები ზეცად აღაპყრო და თქვა: მამაო! გმადლობ შენ, რომ შეისმინე ჩემი. მე კი ვიცოდი, რომ შენ ყოველთვის შეიმენ ჩემსას. მაგრამ (ეს) აქ მდგომი ერისთვის ვთქვი, რათა ირწმუნონ, შენ მომავლინე მე.“ (ინ.11, 41–43) როგორ უნდა ელაპარაკა მამას ძესთან, თუკი ის ერთი პირია? იესო რომ სული წმიდისგან განსხვავებულია, წმინდა წერილის შემდეგი მუხლებიდან ჩანს: „ხოლო როცა მოვა ნუგეშინისმცემელი, რომელსაც მე მამისგან მოგივლენთ, სული ჭეშმარიტებისა, რომელიც მამისაგან გამოვა, ის დაამოწმებს ჩემს შესახებ.“ (ინ. 15,26). თუკი იესოა სულიწმიდა, მაშინ რატომღა ლაპარაკობს მასზე მომავალ დროში? და რატომ უწოდებს მას „სხვას“? „ მე შევთხოვ მამას და მოგცემთ სხვა ნუგეშინისმცემელს, და დაე იყოს თქვენთან უკუნისამდე.“ (ინ. 14,16). როგორც ვხედავთ, წმინდა წერილი და მოდალიზმი შეუთავსებელნი არიან და მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ამის შესახებ დიდი ხანია იციან. მოდალიზმის ერესი 261 წელს ალექსანდრიის კრებაზე დაიგმო, რომელიც განმანათლებელ დიონისე ალექსანდრიელის თავმჯდომარეობით მიმდინარეობდა და კვლავ დაიგმო ერთი წლის შემდეგაც, 262 წელს, რომის კრებაზე პაპი დიონისე რომაელის თავმჯდომარეობით.19

შემდეგი, თანამედროვე ერესია: ოკულტისტებსა და ნეოინდუიზმის მიმდევრებს შორის ძალიან პოპულარული დინამიზმი ანუ ადობციანობა. ეს ერესი მეორე საუკუნის ბოლოს წარმოიშვა21. რა არის დინამიზმის სწავლების არსი? „ ღმერთი, მათი თვალსაზრისით, კონკრეტული პიროვნებაა სრულყოფილი თვითშემეცნებით, ლოგოსი კი – ღვთის თვისება და ადამიანში გონების მსგავსად, არაიპოსტასური ცოდნა. ლოგოსი, მათი შეხედულებით, ერთი პირია მამა ღმერთთან ერთად და ლოგოსის არსებობა მამის გარეშე შეუძლებელია. მათ დინამისტები იმიტომ ეწოდებათ, რომ ლოგოსს ღვთაებრივ ძალას უწოდებდნენ, ბუნებრივია, არაიპოსტასურ, უპიროვნო ძალას. ეს ძალა იესოზე ისევე გარდამოვიდა, როგორც წიმასწარმეტყველებს მოეფინებოდა. . . მარიამმა ჩვენი თანასწორი, უბრალო ადამიანი შვა, რომელიც თავისუფალი ძალისხმევით წმინდად, მართლად იქცა და მასში. . . ლოგოსი განცხოველდა და ბინადრობდა, როგორც ტაძარში.22

დინამიზმის მოდიფიცირებული თეორიის თანამედროვე მომხრეები იესოში განასხვავებენ ადამიანს და ქრისტეს.23 მაგალითად, ოკულტიზმის ერთერთი კლასიკოსი ბლავატსკაია წერს: „ქრისტე ჭეშმარიტი ეზოთერული მხსნელია, ის ადამიანი კი არა, ღვთაებრივი პრინციპია თვითოეულ ადამიანურ არსებაში. ის, ვინც საკუთარ თავში ამქვეყნიური ვნებებით ჯვარცმული და მისი ცოდვიანი ხორცის „საფლავის“ სიღრმეში მდებარე სულის გამოღვიძებას ესწრაფვის, ვინც შინაგანი სანთიობოს კარიდან მატერიის ქვის გადაგორების ძალას ფლობს, მას საკუთარ თავში მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ჰყავს.“ 24

თანამედროვე დინამიზმის სწავლების თანახმად იესო იყო მართალი, რომელიც თავისი წმინდა ცხოვრების წყალობით გახდა ქრისტე, „ქრისტე“ ერთგვარად გარდამოვიდა მასზე. მაგრამ ამ სწავლებას ერთი სუსტი ადგილი აქვს: „ქრისტე“ ღმერთის არცერთი სახელი არ არის! „. . . ქრისტე ესაა ტიტული, რომელიც იესოს მისიის ხასიათზე მიუთითებს. ბერძნული სიტყვა „ქრისტე“ არამეული მეშიხის და ებრაული მეშიახის თარგმანია და აღნიშნავს „ცხებულს“(მესიას). ისრაელში მეფეების ტახტზე და მღვდლების სამსახურებლად დადგინება საზეიმო ზეთისცხებით ხდებოდა. (გამოს.29,7; 1მეფ.10,1 და ა.შ.). თავიდან „ცხებულებს“ მეფეებს უწოდებდნენ (შედ. 1 მეფ. 24,7). აქედან გამომდინარე წინასწარმეტყველები მეფის მოსვლას დავითის მოდგმიდან წინასწარმეტყველებდნენ ანუ „ცხებულის“ მოსვლას, რომელიც როგორც ერთდროულად მღვდელიც და მეფეც, აღასრულებს ყველაფერს იმას, რასაც ისრაელი მსოფლიოს ჭეშმარიტი მეფისგან ელოდება. ამგვარ მოლოდინზე მესიანური წინასწარმეტყველები მოწმობენ (იხ. ფს.109,131; ეს.9,5–6; 11, 1–2; იერ. 23,5–6; მიქ. 5,2; ზააქ.9, 9–11). . .“25. გარდა ამისა, „ქრისტე“იესოს თავზე, ვერანაირად გარდამოვიდოდა, ვინაიდან ეს რაიმე პიროვნება ან ძალა კი არ არის, არამედ უბრალოდ მსახურების სახელწოდებაა. ნეტარი თეოფილაქტე, ბულგარეთის მთავარეპისკოპოსი წერდა: „ ქრისტეს“ უწოდებდნენ მეფეებს და მღვდელმთავრებს, რომლებსაც წმინდა ზეთს სცხებდნენ რქიდან თავზე დასხმის მეშვეობით. უფალს ეწოდა ქრისტე, როგორც მეფეს, რადგან ცოდვის აღსახოცად გამეფდა და როგორც პირველმღვდელმთავარს, რადგან საკუთარი თავი ჩვენთვის მსხვერპლად შესწირა. ის კი ჭეშმარიტი ზეთით, სულიწმიდითაა ცხებული უპირატესად, რადგან სხვას ისე ვის ჰქონდა სულიწმიდა, როგორც უფალს? წმინდანებში სულიწმიდის მადლი სასწაულთმოქმედებდა, მაგრამ ქრისტეში სულიწმიდის მადლი კი არ მოქმედებდა, არამედ – თავად ქრისტე, რომელიც მის ერთარს მამასთან და სულიწმიდასთან ერთად იქმოდა სასწაულებს.“26

იესო რომ უბრალო წინასწარმეტყველი არ იყო, ამის შესახებ იოსებისადმი მიმართული ანგელოზის შემდეგი სიტყვებიც მოწმობენ: „. . . და შობს ძეს და უწოდებ მას იესოს, რადგან იგი იხსნის თავის ერს მათი ცოდვებისგან.“ (მთ. 1,21). ცოდვებისგან ხსნა და მათი მიტევება კი მხოლოდ ღმერთს შეუძლია: „. . . ვის შეუძლია ცოდვების მიტევება, თუარა მხოლოდ ღმერთს? . . . ამქვეყნედ ცოდვების მიტევების ძალაუფლება ძე კაცისას აქვს.“ (მრკ. 2,7–10). ძველი აღთქმის ვერცერთმა წინასწარმეტყველმა ამის გაკეთება ვერ შეძლო. ხოლო დინამიზმის ერესს თუ მივიღებთ, მაშინ რატომ უნდა იყოს ეს ასე? ქრისტე მათი წარმოდგენით წარსულში ადამიანებზე უკვე გარდამოდიოდა. ეს ადამიანები იყვნენ წინასწარმეტყველები. მაშ, მარტო ქრისტემ რატომ შეძლო და კვლავაც შეუძლია27 ცოდვების მიტევება, რაც არცერთ წინასწარმეტყველს არ მიეცა? თუკი ქრისტიანები დინამიზმის ერესს მიიღებენ, მათ, როგორც წინა შემთხვევებში, წმინდა წერილისადმი თავიანთი დამოკიდებულების კარდინალურად გადახედვა მოუწევთ. დინამიზმის ერესი 264–65 და 269 წლებში ანტიოქიის ორ კრებაზე დაიგმო.28

ახლა ვცადოთ გავარკვიოთ, არსებობს თუ არა კავშირი თეორიასა და პრაქტიკას შორის და როგორ გავლენას ახდენს სარწმუნოებრივი სწავლება სულიერ პრაქტიკაზე. ავტორს მიაჩნია, რომ არცერთი მკითხველისთვის საიდუმლო არ არის ის, რომ, მაგალითად მეცნიერებაში ნებისმიერ ექსპერიმენტს წინ უსწრებს თეორია და არა – პირიქით. მაგალითდ, არ შეიძლება თავიდან ავაწყოთ ტელევიზორი, შემდეგ კი მისი აწყობის ტექნოლოგია გავარჩიოთ. იდეა ყოველთვის წინ უსწრებს რეალიზაციას. ხოლო თუკი იდეა ყალბია, განა მიაღწევს მოსალოდნელ ეფექტს? რათქმაუნდა ეს საეჭვოა. რა მოხდება თუკი ადამიანი შეეცდება ორიენტირებას მოსკოვში რუკის მიხედვით წიგნიდან „ზურმუხტქალაქის ჯადოქარი“? ძნელი არ არის იმის ვარაუდი, რომ იგი მოსკოვში თითქმის ვერ გადაადგილდება, ვინაიდან თეორია (ამ შემთხვევაში ზღაპრული ქალაქის რუკა) რეალობას ანუ მოსკოვის გეოგრაფიას ადექვატურად ვერ ასახავს. მაგრამ რატომღაც ეს უბრალო ლოგიკა წყვეტს მუშაობას, როგორც კი რელიგიური ლიბერალები რელიგიის შესახებ ლაპარაკს იწყებენ. ისინი თავდაპირველად „ყველა რელიგიის სულიერი ერთიანობის“ იდეის შეუმცდარობას პოსტულირებენ. (ფაქტები ხომ ამ იდეის წინააღმდეგაა29), ამ იდეოლოგიური სათვალეებიდან ქრისტიანობის შეფასებას იწყებენ და ქრიტიანებისგან მოითხოვენ, რომ ისინიც თავის მხრივ, ამ პოზიციაზე დადგნენ (მაგრამ რა ვუყოთ სინდისის თავისუფლების უფლებას?). ამასთან თავიანთ პოზიციას დასაწყისშივე ობიექტურად თვლიან, ქრისტიანობას კი იდეოლოგიურად გაცვეთილად. მათ ფორმალური ლოგიკის ძირითადი მეთოდური პრინციპებიც კი ავიწყდებათ, მაგალითად, არაურთიერთგამომრიცხავობის პრინციპი, რომელიც ამბობს, რომ ორი ურთიერთგამომრიცხავი მტკიცება შეუძლებელია ერთდროულად ჭეშმარიტი იყოს30. მაგალითად, მონოთეიზმი (ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი) ამტკიცებენ, რომ ქმნილებასა და შემოქმედს სხვადასხვა ბუნება აქვთ, პანთეიზმი კი (ნეოინდუიზმი, ოკულტიზმი) ასწავლის, რომ მათ ერთნაირი ბუნება აქვთ. თუ ლოგიკის კანონებს დავიცავთ, ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებებია და ისინი ერთდროულად ჭეშმარიტნი ვერ იქნებიან.
მართლმადიდებელი ქრისტიანის სულიერი ცხოვრების ერთერთ საფუძველს საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა შეადგენს. ამ საიდუმლოებებში ქრისტიანი საღვთო მადლის მაცხოვნებელ ზემოქმედებას იღებს. ქრისტეს ეკლესიის მთავარ საიდუმლოებად შეიძლება დავასახელოთ ევქარისტია და სინანულის საიდუმლო.აისახება თუ არა სარწმუნოებრივი სწავლების ცვლილება ამ საიდუმლოებების შინაარსზე?
მაგალითად, მონოთეისტური სისტემის მიხედვით სინანულის საიდუმლო ბუნებრივად ჩანს. ღმერთი უცოდველია, ადამიანი ცოდვილია. ღმერთის ბუნება უცოდველია, ადამიანის ბუნება ცოდვის მიერაა დაზიანებული. ცოდვა არის დანაშაული ღმერთის წინაშე: მისგან განდგომა, რომელიც ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირს წყვეტს, მაგრამ ღმერთს შეუძლია შეუნდოს ადამიანს ეს დანაშაული მისი სინანულის შემთხვევაში: თუ გამოხატავს მზადყოფნას, რომ მიატოვოს ცოდვა. მაშინ კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის აღდგება და ადამიანის ბუნება ღმერთის ზეგავლენით ფერიცვალებას დაიწყებს. მაგრამ პანთეიზმის თვალსაზრისით სინანულის საიდუმლო უაზრობაა. ღმერთი უცოდველია, ადამიანიც თავისი ბუნებით ღმერთია და მაშ რაღა უნდა მოინანიოს და ვის წინაშე? პანტეიზმში ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირის გაწყვეტა შეუძლებელია, ამიტომ პანთეისტი არც ცოდვას ებრძვის და არც უმეცრებას, არამედ მედიტაციის მეშვეობით ცდილობს „გამოიღვიძოს“ და „თავისი ბუნება გაიხსენოს“.
სრულებით სხვადასხვგვარად ჩანს ქრისტეს ეკლესიის ერთერთი უმთვრესი საიდუმლო ევქარისტია31, იმისდა მიხედვით მას პანთეისტი აფასებს თუ მონოთეისტი. მონოთეიზმის თვალსაზრისით, ის ბუნებრივად გამოიყურება. ევქარისტიის საიდუმლოში ქრიატიანი ქრისტეს უერთდება, ვინაიდან ღვინო და პური, რომლებიც ამ საიდუმლოში გამოიყენება, უფლის ჭეშმარიტ სისხლად და ჭეშმარიტ ხორცად შეიცვლება (გარდაიქმნება, გადაიქცევა) მაგრამ პანთეიზმში ევქარისტია საჭირო არ არის! რაში სჭირდება ღმერთთან შეერთება იმას, ვინც ბუნებით ღმერთია? როგორც ვხედავთ, ცვლილებას სარწმუნოებრივ სწავლებაში სულიერ პრაქტიკაში სერიოზული ცვლილებები მოაქვს. კერძოდ, თუკი მართლმადიდებელი ქრისტიანები პანთეისტები გახდებიან, მათ მოუწევთ სრულებით გადახედონ დამოკიდებულებას ქრისტეს ეკლესიის მთავარი საიდუმლოს, ევქარისტიის მიმართ.
თუკი ისეთი ერესები, როგორებიცაა არიანელობა და დინამიზმი მართლები არიან, მაშინ თავისთავად, მართლმადიდებელ ქრისტიანებს მოუწევთ საიდუმლოებების მიმართ მათი დამოკიდებულების გადახედვა. იმიტომ რომ თუკი იესო ღმერთი არ არის, მაშინ მას ცოდვების მიტევება არ შეეძლო და ესე იგი სინანულის საიდუმლოც ყალბია. თუკი ის ღმერთი არ არის, მაშინ ევქარისტიაც უაზრობაა!
სამწუხაროდ, ზემოთჩამოთვლილი ერესები ერთადერთნი არ არიან, რომლებიც თნამედროვე მსოფლიოში არსებობენ. შეგახსენებთ კიდევ რამდენიმე მათგანს. შეიძლება ადამიტების სექტის გახსენება32, რომლებიც ნუდიზმის (ღვთისმსახურებას შიშვლები ატარებდნენ) და ჯგუფური სექსუალური ორგიების მომხრეები იყვნენ. მათგან არცთუ ცოტა რამ ისესხეს დავიდ ბერგის სექტის „ოჯახის“ („ღვთის შვილების“33) მიმდევრებმა, ეს სექტაც მისდევს ნუდიზმის, ჯგუფური სექსის, ასევე პედოფილიის პრაქტიკას. შეიძლება გავიხსენოთ გნოსიმაქები, რომლებიც V-VII საუკუნეებში ცხოვრობდნენ და მიაჩნდათ, რომ ქრისტიანის ცხოვრებაში მთავარი კეთილი საქმეების აღსრულებაა, ხოლო ნებისმიერ თეორეტიკულ ღვთისმეტყველებას უსარგებლოდ თვლიდნენ34. რა ხშირად უწევს ავტორს მსგავსი რაღაცეების მოსმენა თანამედროვე „გნოსიმაქებისგან“, რომლებსაც დაავიწყდათ, უფრო სწორედ კი, არც არასოდეს სცოდნიათ და არც იციან წმინდა წერილის შემდეგი სიტყვები: „ . . . მაშინ განსჯის უნარი დაგიცავს შენ, გონება დაგფარავს შენ, რათა გიხსნას შენ ბოროტი გზისგან, სიცრუისმეტყველი ადამიანისგან და მათგან, რომლებსაც მიუტოვებიათ პირდაპირი ბილიკები, რათა სიბნელის გზით იარონ.“ (იგავ.2, 11–13). მაგრამ ცოდნის გარეშე როგორ შეიძლება თავის დაცვა „სიცრუისმეტყველი ადამიანისგან“? როგორ უნდა განვასხვავოთ ქრისტიანობა მისი ფალსიფიკაციის მორიგი მცდელობისგან? ამისთვის მარტო საიდუმლოებებში მონაწილეობა არასაკმარისია.თუ გავიხსენებთ ისტორიას35, ერესიარქთაგან მრავალი საიდუმლოებებში მონაწილეობდა, სამღვდელო ხარისხიც კი ჰქონდა, მაგალითად, იგივე არიოზი მღვდელი იყო.სამწუხაროდ აღორძინებას განიცდიან ისეთი ერესები, რომლებსაც საფუძვლად აშკარად მაგიური (წარმართული) მსოფლაღქმა უდევთ. მაგალითად, რევოლუციამდე ძველმოწესეებში იყო მიმდინარეობა, რომელსაც „ანტიპასეული თანხმობა“ ეწოდებოდა, ან როგორც მათ კიდევ უწოდებდნენ „უფულონო“36. ამ სექტის მიმდევრები ფულის გამოყენებაზე უარს ამბობდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ მათზე სახელმწიფო გერბის სახით ანტიქრისტეს ბეჭედია. განა ეს ზოგიერთ „მართლმადიდებელ ქრისტიანს“ არ გვაგონებს, რომლებიც აქტიურად ებრძვიან ი.ნ.ნ.–ს და პასპორტებს, რომელშიც ვითომ სამი ექვსიანია? ავტორს თავად არაერთხელ მოუწია ამგვარი ადამიანების გამოსვლის მოსმენა რადიოთი და მათი გამოცემების წაკითხვა. ყველაფერი იწყება კეთილი სურვილით, რომ „დავუბრუნდეთ პირველი ქრისტიანების რწმენას“, „განვწმინდოთ სარწმუნოება“, „შევინარჩუნოთ ერთგულება“, ოღონდ ყოველთვის ერთი და იმავეთი: საეკლესიო იერარქიაში დაეჭვებით იწყება და ქრისტეს ეკლესიის ისეთნაირად რეფორმირების სურვილით მთავრდება, როგორც ეს მორიგ რეფორმატორს მოეპრიანება. იმის მაგივრად, რომ ქრისტეს ეკლესიამდე გაიზარდონ, ერეტიკოსები ცდილობენ ეკლესია საკუთარ თავს მოარგონ. შედეგად მორიგი სექტა ყალიბდება. ფაქტიურად ეს ადამიანები ეკლესიის განხეთქილებაზე მუშაობენ, როგორც სხვათაშორის, ამას ყველა დროისა და ერის ერეტიკოსები აკეთებდნენ, რითაც ადამიანები ქრისტესა და მისი ეკლესიიდან მორიგ სექტაში მიჰყავდათ.
რა შეიძლება ითქვას წერილის დასასრულს? ერესები ქრისტიანობაში მისი გამოჩენისთანავე არსებობდნენ. ქრისტიანები იმარხავენ თავის სარწმუნოებრივ მოძღვრებას და იცავენ მას ერესებისგან, რადგან მშვენივრად ესმით, რომ სწავლების შეცვლა ადამიანის სულიერი ცხოვრების მთელი წყობის შეცვლას გამოიწვევს და როგორც შედეგი, მას ქრისტემდე არ მიიყვანს. წმინდა წერილი ერესიარქთა ხვედრის შესახებ გვასწავლის: „. . . მათი სასჯელი დიდი ხანია განმზადებულია და მათი დაღუპვა არ თვლემს.“ (2პეტ. 2,3) რომელი ქრისტიანი მოისურვებს ერესიარქთა ხვედრის გაზიარებას? არცერთი. ამ შემთხვევაში რაღა დარჩენიათ ქრისტიანებს? მხოლოდ ერთი რამ: მისდიონ წმინდა წერილს, რომელიც გვასწავლის: „მაგრამანგელოზმაც კი რომ გახაროთ ციდან, ის, რაც ჩვენ არ გვიხარებია, შეჩვენებულ იყოს.“ (გალ. 1,8)

1. ვეისმანი. ა.დ. ბერძნულ–რუსული ლექსიკონი. მ. 1991 წ. გვ.32
2. ბარკლი მ. ნიუმანი.ახალი აღთქმის ბერძნულ–რუსული ლექსიკონი.
3. იქვე. გვ.15
4. დვორეცკი. ი. ხ.ლათინურ–რუსული ლექსიკონი. გვ.467.
5. იქვე.გვ.911
6. დეკან. გრიგოლ დიაჩენკოსრული საეკლესიო–სლავური ლექსიკონი. გვ.176
7.იქვე გვ.176.
8. არ შეიძლება ითქვა, რომ ეს ერესები ძველების სრულიად იგივეობრივია. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ ისინი მის არსს გადმოსცემენ, მაგრამ სხვა ფორმით.
9. მაგ.,იხ.: კარტაშევი ა.ვ. მსოფლიო კრებები. ბოლოტოვი ვ.ვ. ლექციები ძველი ეკლესიის ისტორიაში. ტ.4. მ. 1994 წ.
10. იხ. მართლმადიდებლური ენციკლოპედია გვ. 221–225
11. იხ. პოსნოვი მ.ე. ქრისტისნული ეკლესიის ისტორია
12. საგუშაგო კოშკი 15. 02.1979 გვ.31
13. ღირსი იოანე დამასკელი. ასი ერესის შესახებ.
14. ლოსკი ვ.ნ. დოგმატური ღვთისმეტყველება. (აღმოსავლეთის ეკლესიის მისტიკური ღვთიმეტყველების მიმოხილვა. გვ.210)
15. იხ.: კარტაშევი ა.ვ. მსოფლიო კრებები. ბოლოტოვი ვ.ვ. ლექციები ძველი ეკლესიის ისტორიაში. ტ.4. მ. 1994 წ.
16. არქიმანდრიტი ავლიპი (კასტალსკი–ბოროზდინი), არქიმანდრიტი ესაია (ბელოვი). დოგმატური ღვთისმეტყველება. წმ. სამების სერგის ლავრა. გვ.121
17 უიტნეს ლის მოდალიზმის შესახებ. იხ. როზეტ დ. უიტნეს ლი და სწავლება სამების შესახებ. აპოლოგეტიკური გამოკვლევების ცენტრი. http://www.apolresearch.org/
18. ლოსკი ვ.ნ. დოგმატური ღვთისმეტყველება. (აღმოსავლეთის ეკლესიის მისტიკური ღვთიმეტყველების მიმოხილვა. გვ.209)
19. გეისლერ ნორმანი ლ. ქრისტიანული აპოლოგეტიკის ენციკლოპედია. გვ. 932
20. მღვდელი ოლეგ დავიდენჯოვი. დოგმატური ღვთისმეტყველება. გვ.107
21. იქვე გვ.105.
22. მღვდელი ოლეგ დავიდენჯოვი. დოგმატური ღვთისმეტყველება. გვ.111
23. რონ როუდსი. ქრისტე ახალი ერის მოძრაობა. აპოლოგეტიკური გამოკვლევების ცენტრი http://www.ApolResearch.org
24. ბლავატსკაია ე. პ. სახარების ეზოთერული ხასიათი. http://www.theosophy.ru/lib/esoevang.htm
25 რინიკერი ფ. , მაიერი გ. ბროკჰაუზის ბიბლიური ენციკლოპედია. Paderborn: Christliche Verlagsbuchhandlandlung. С.389.
26. მთავარეპისკოპოსი თეოფილაქტე ბულგარელი. მათეს სახარების განმარტება. გვ.10
27. მაგალითად, სინანულის საიდუმლოში მღვდელი ევედრება ღმერთს, რომ მან მონანულს ცოდვები მიუტევოს, მაგრამ თავად მას თავისი ნებით მისი მიტევება არ შეუძლია. იხ.: შიმანსკი გ.ი. ლიტურგიკა: საიდუმლოებები და წესები. გვ.5
28. მღვდელი ოლეგ დავიდენკოვი. დოგმატური ღვთისმეტყველება. გვ.106
29. პიტანოვი ვ. იუ. მითი „რელიგიების ძმობის“ შესახებ, როგორც ტრადიციულ რელიგიებთან ბრძოლის მეთოდი. http://apologet.narod.ru/
30. ივლევი იუ. ვ. ლოგიკა. გვ. 33
31. იხ.: არქიმანდრიტი კვიპრიანე (კერნი). ევქარისტია.
32. პირველად ადამიტების იდეები მე–2 საუკუნეში ჩრდილოაფრიკელი გნოსტიკოსების გარემოში წარმოიშვა. ადამიტებმა ყველაზე უფრო ფართო გავრცელება ჰპოვეს XIII საუკუნეში ბოჰემოაში და პოლონეთში, ხოლო XIV საუკუნის ბოლოს და XV საუკუნის დასაწყისში ბულგარეთსა და ჩეხეთში. იხ.: ტაევსკი დ. ა. I – XXI საუკუნეების ქრისტიანული ერესები და სექტები. ლექსიკონი. 2003 წ. გვ.34
33. იხ.:დვორკინი ა.ლ. სექტათმცოდნეობა. ნიჟნი ნოვგოროდი. წმ. თავადის ალექსანდრე ნეველის საძმოს გამოცემა. გვ. 476–493
34. ტაევსკი დ. ა. I – XXI საუკუნეების ქრისტიანული ერესები და სექტები. ლექსიკონი გვ. 64
35. იხ.: კარტაშევი ა. ვ. მსოფლიო კრებები
36. ტაევსკი დ. ა. I – XXI საუკუნეების ქრისტიანული ერესები და სექტები. ლექსიკონი გვ. 39–40

ავტორი ვიტალი პიტანოვი