შეიძლება თუ არა ჩემს ნათესავ ბაპტისტზე ვილოცო და როგორ?

შეიძლება თუ არა ჩემს ნათესავ ბაპტისტზე ვილოცო და როგორ?

ცნობილი რუსი ლიტურგისტი, წმინდა ეპისკოპოსი–აღმსარებელი ათანასე (სახაროვი) არამართლმადიდებელ ქრისტიანებზე ლოცვასთან დაკავშირებით წერდა: „ რაც შეეხება თქვენი გარდაცვლილი მშობლების მოხსენიებას, მე ვფიქრობ, რომ შვილები ყოველთვის უნდა ლოცულობდნენ თავიანთ მშობლებზე, როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, თუნდაც ღვთის პირიდან გადავარდნილები, მგმობელები და სარწმუნოების მდევნელები. მე მწამს, რომ წმ. დიდმოწამე ბარბარე ლოცულობს თავის მკვლელ მამაზე, თქვენი მშობლები კი ქრისტიანები იყვნენ. თუკი ღვთის სიტყვის მიხედვით „ ყოველსა ენასა შინა ღვთის მოშიში და მლოცველი უფლისთვის სათნო არს“, მაშინ მით უმეტეს სამებით დიდებული ერთი ღმერთის მორწმუნენი და ხორციელად მოსული ქრისტეს აღმსარებელნი. . .

თუკი ღირსი მაკარი ეგვიპტელის ლოცვას წარმართებისთვის ერთგვარი შვება მოჰქონდა, მართლმადიდებელი შვილების ლოცვა მით უმეტეს მოუტანს შვებას მათ არამართლმადიდებელ მშობლებს.

კეთილმსახური დედოფალი თეოდორას თხოვნით ეკლესიის მამები გაძლიერებულ ლოცვებს აღავლენდნენ მის ქმარზე, გააფთრებულ ხატმებრძოლსა და მართლმადიდებლობის მდევნელ თეოფილეზე და მიიღეს გამოცხადება, რომ მათი ლოცვითა და თეოდორას რწმენით თეოფილეს ცოდვათა მიტევება მიემადლა.

ასე რომ, არამართლმადიდებელზე ლოცვა შეიძლება და აუცილებელიცაა. მაგრამ, რათქმაუნდა, ლოცვა არამართლმადიდებელზე რამდენადმე სხვაგვარი უნდა იყოს. ასე მაგალითად, წესის აგების კანონის დასაწყისში არის ლოცვა, რომ უფალმა გარდაცვლილი მორწმუნე მარადიული სიკეთის მიღების ღირსი გახადოს, ამის თქმა ჩვენ მხოლოდ მართლმადიდებელზე შეგვიძლია. ამიტომ ჯერ კიდევ რევოლუციამდე წმინდა სინოდის მიერ ნებადართული იქნა გარდაცვლილ არამართმადიდებლებზე პანაშვიდის განსაკუთრებული წესი აღსრულებულიყო. ამ წესის დაბეჭდვა 1917 წელს დაიწყო, მაგრამ გამოცემა ვერ მოხერხდა. 1934 -1935 წელს მიტროპოლიტმა სერგიმ ეპარქიებში გააგზავნა მის მიერ შედგენილი პანაშვიდის წესი არამართლმადიდებლებზე.

უფრო მეტიც, წმ. ათანასე თვლიდა რომ პანაშვიდზე მოსახსენებელის მიცემისას არამართლმადიდებლების სახელები შეიძლება მართმადიდებლებს შორის ჩაისვას,ხოლო თუ ეს სახელები უცხოური წარმოშობისაა, იმისათვის რომ მრევლი არ დაბრკოლდეს ისინი მართლმადებლურს უნდა მივამსგავსოთ (მაგ. ანცეას ნაცვლად ანდრეა და ა. შ.) ის წერდა- „უფალი, რომელმაც იცის ვიზეც ვლოცულობთ, მას თქვენი თხოვნით შეეწევა“. თუმცა კი პროსკომედიაზე (კვეთაში) მოხსენებასთან დაკავშირებით ასე განსაჯა: „ადრე მე არამართლმადიდებლებს პროსკომედიაზე ვიხსენიებდი, ახლა კი მივედი რწმენამდე, რომ სჯობს ეს არ გავაკეთო.“ (წმ. ეპისკოპოს ათანასეს (სახაროვის) წერილების კრებული. ). М. 2001. გვ. 273)

მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტიც არსებობს, თითქმის ყოველ ღვთისმსახურებაზე და ლიტურგიაზეც კი აღესრულება ლოცვა მთავრობასა და მხედრობაზე, მაგრამ განა მთავრობასა და მხედრობაში ყველა მართლამდიდებელი და მონათლულია? თუნდაც მხოლოდ რევოლუციის შემდგომ საბჭოთა ხელისუფლების მიერ ეკლესიის დევნის ჟამი გაიხსენეთ!

მაგრამ ვისზე ლოცულობდა თავად უფალი ჯვარზე თავისი სისხლიანი მსხვერპლშეწირვის აღსრულების ჟამს: „ უფალო, მიუტევე, რამეთუ არა უწყიან, რას სჩადიან.“ (ლუკ. 23,34) განა ეს, მცნება არ არის ქრისტიანებისთვის?

ასე რომ, ყველასთვის ლოცვა შეიძლება და აუცილებელია სახლშიც და ტაძარშიც. რაც შეეხება პროსკომედიაზე მოხსენიებას, ეს უკვე მოძღვარმა გადაწყვიტოს.

ა.ი.ოსიპოვის წიგნიდან „სიკვდილის შემდგომი ცხოვრება“