არ არის უსამართლობა ღმერთთან, იგი არ დატოვებს შეუსრულებელს იმას, რაც მან საკუთარ თავზე აიღო შესასრულებლად, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ჩვენ შევასრულებთ იმას, რაც ჩვენი შესასრულებელია. «ღირსი მაკარი ეგვიპტელი.» თუ გასაგებია, რომ აღსარება არ არის მღვდელთან საუბარი, არამედ მისვლა უფალთან, მაშინ თავად აღმსარებლის მიერ ეს აღქმული უნდა იქნას არა როგორც ნუგეშის და რჩევის მიღება მისგან,(თუნდაც ეს რჩევა კარგი და ბრძნული იყოს), არამედ უპირველეს ყოვლისა როგორც მიახლება ქრისტესთან პიროვნული სულიერი ღვაწლის მეშვეობით. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან ღმერთი გვშველის და შეგვეწევა ჩვენ,მაგრამ არა ჩვენს გარეშე.
ცხადია, რომ აღსარების საიდუმლო შეიძლება აღესრულოს სხვადასხვა სახით, გამომდინარე გარემოებიდან და ადამიანის მდგომარეობიდან. ადამიანი შეიძლება ინანიებდეს მღვდლის წინაშე, რომელსაც აქვს ოლარი და სხვა საჭირო საგნები ამ საიდუმლოსთვის (სახარება,ჯვარი და სხვ), მაგრამ ასევე საიდუმლო შესაძლებელია არ აღესრულოს ტაძარში (როგორც ეს ხდებოდა დევნის ჟამს) ოლარის, ჯვრისა და სახარების გარეშე. თავად აღსარების საიდუმლოსათვის მხოლოდ და მხოლოდ სინანულია საჭირო და სხვა არაფერი. თუნდაც გარეგნულად ყველა ადგილზე იყოს, ცოდვილიც, მღვდელიც, ოლარიც, სახარებაც და ჯვარიც და ცოდვილის თავზე იქნას გადაფარებული ოლარი და ყველა საჭირო ლოცვაც წაკითული იქნას, საიდუმლო შეიძლება არ აღესრულოს. (ანუ გარეგნული ფორმალურ-მექანიკური წესების დაცვა არ არის საკმრისი მისი სრულყოფილი აღსრულებისთვის).
როგორ აღესრულება აღსარების საიდუმლო? როგორც ჩვენ უკვე ავრნიშნეთ, ეს ერთ-ერთი საიდუმლოა შვიდ საიდუმლოთაგან, მასში ბევრი რამ გამოუთქმელი და აღუწერელია, არსებობს მხოლოდ განსაზღვრული ფორმა, რომელიც გვაძლევს საშუალებას გაცნობიერებულად მივიღოთ მასში მონაწილეობა. ვინდაიდან თუ ჩვენ არ შეგვიძლია ავღწეროთ თუ როგორ შექმნა ღმერთმა სიტყვით დედამიწა, ასევე აღუწერელია თუ როგორ ხდება აღსარების მეშვეობით გულის განახლება.
ხშირად ადამიანი საკუთარი თავისთვის გამოძებნის ხოლმე სინანულის კომპრომისულ ვარიანტს, რომელიც შეიძლება სიტყვებით აღიწეროს და მოხდეს მისი ზუსტი ფორმულირება, როგორც სინანულის საიდუმლოს შესაფერისი სახელმძღვანელოსი, რომელიც აგებულია კითხვა-პასუხის სისტემაზე. მონანული მიდის აღსარებაზე და ჩამოთვლის თავის ცოდვებს, მღვდელი მას პატიობს და ადამიანი თავისუფლდება ცოდვებისგან. ასეთ შემთხვევაში აღსარების საიდუმლო ჩვეულებრივ უბრალო მოვლენად იქცევა, რომელიც ადამიანების მხრიდან სხვადასხვა დროს აღესრულება. იწყება მარხვა, ადამიანი მიდის აღსარებაზე და ეზიარება ქრისტეს წმინდა სისხლს და ხორცს..მახრვა გადის, ადამიანი აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას შემდგომ მარხვამდე, შემდგომ ზიარებამდე და შემდგომ სინანულამდე. დიდად სამწუხაროა, რომ დღესდღეისობით ბევრი ადამიანის ცნობიერებაში აღსარების საიდუმლო აღიქმება როგორც ცალკე საჭიროება, რომელიც აღესრულება მაშინ, როდესაც ამის მოთხოვნილება უჩნდებათ.
აღსარება ჩვენში დაყვანილია ,,მრავალჯერადი გამოყენების საიდუმლო“-ს დონემდე, რის გამოც ცნობიერება ცოცხლობს აღსარებიდან აღსარებამდე. თუ ჩვენ არ გაგვიცნობიერებია, რომ აღსარება ეს არის ღვთისაკენ მავალი უწყვეტი გზა, ის ხდება წყვეტილი და მექანიკური. ანუ ადამიანი არ ცხოვრობს სინანულით, მაგრამ ხანდახან აბარებს აღსარებას და ნანობს. საერთოდ არ შეიძლება გამოვყოთ სინანულის საიდუმლო თავად იმ გზისგან, რომელსაც ადამიანი სინანულისკენ მიჰყავს. სად აღესრულება სინანულის საიდუმლო? აღსარების რომელ ეტაპზე ხდება იგი მამოძრავებელი ძალა?
ადამიანისთვის, რომელიც სინანულით ცხოვრობს, ყოველი აღსარება თავიდან და ახლებურად აღესრულება, ამის გაცნობიერება ყოველთვის არ ხდება, მაგრამ ეს ასეა.და ყოველ ჯერზე ეს მოითხოვს განსაკუთრებულ, პიროვნულ ღვაწლს. არა მხოლოდ ღვთის შეწევნას, არამედ ადამიანურ ღვაწლსა და ადამიანურ გადაწყვეტილებას ცოდვებთან ბრძოლაში.
ერთის მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ყველგანმყოფია და ყველაფრის მხილველი, მისთვის განცხადებულია ადამიანის მომავალი ჯერ კიდევ თავად ადამიანის დაბადებამდე, მაგრამ მეორეს მხრივ, ადამიანს მინიჭებული აქვს თავისუფალი არჩევანი, რომელსაც ადამიანი თავად განკარგავს და ღმერთი არანაირი სახით არ ზღუდავს მას თავის გადაწყვეტილებაში. ამის მაგალითს თავად უფალი გვაძლევს განკაცების სახით. იგი იბადება, როგორც ჩვილი, რომელსაც დედაღვთისა ხელებს და ფეხებს სახვევებით უხვევს. იგი დედამიწაზე მოდის ღმერთად და დასაწყისშივე დამოკიდებულია თავის ქმედებებზე. ანუ არ არის თავისუფალი. ეს სიტყვა შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ღვთის ნებას, მაგრამ ის კიდევ ერთხელ შემდგომში გამოჩნდება, როდესაც ჩვენ ვხედავთ ქრისტეს პილატეს წინაშე, ხელ-ფეხ შეკრულს, თავისუფლება წართმეულ და ბრბოთი გარშემორტყმულს. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი სრულიად თავისუფალია, როდესაც პეტრე ცდილობს გეთსემანიის ბაღში დაიცვას ქრისტე ჯარისკაცებისგან იგი(იესო) პასუხობს :,, ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც“(მათე:26,53) მას აქვს თავისუფლება და საშუალება დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ იგი შეგნებულად ბოჭავს თავის (საღვთო) ნებას, რათა ადამიანურმა (ნებამ) გაიმარჯვოს.
ამიტომ, თუ ყველა ადამიანი წინასწარ მზაობაშია ცხონებისთვის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ცხონდება. მაგრამ ამის აღსრულება მათთვის არის შესაძლებელი, ვინც ამისთვის იყენებს მის თავისუფალ ნებას და ვინც ცდილობს იწოდებოდეს „ძე ღვთისად“. ისინი ვინც უარს ამბობს ამ ყოველივეზე, შესაბამისად უარს ამბობს ცხონებაზე ანუ ღმერთთთან მარადიულ თანამყოფობაზე.
დეკანოზი ალექსი უმინსკი