ალექსანდრე მენი — ბიბლიის სამყარო.

ალექსანდრე მენი — ბიბლიის სამყარო.

ბიბლიაში მთლად ყველაფერი არ ძევს ზედაპირზე. მსგავსად ხატისა, იგი ფლობს საგანგებო სახეობრივი სისტემით აღსავსე თავის პირობით ენას. და როგორც ცნობილია, რომ სამყაროსაკენ მიმართული ხატი მოითხოვს მხილველისაგან მომზადებას, ასევე ბიბლიის კითხვაც ითხოვს შინაგან შრომას, განსაკუთრებულ ბიბლიურ „კოსმოსში“ ჩაწვდომას…

საზღვარგარეთის ლიტერატურის სრულიად საკავშირო სახელმწიფო ბიბლიოთეკის წიგნთა კოლექციაში ინახება ფოლიანტი, დაბეჭდილი 1862 წელს ლაიპციგში. გამოცემა დაუკავშირდა რუსეთის ათასწლოვნობის ზეიმს და მისი ტირაჟის ძირითადი ნაწილი ჩატანილ იქნა პეტერბურგში. ტიტულზე აღნიშნულია: „CODEX BIBLIORUM SINAITICUS PETROPOLITANUS, Спасенный из мрака под покровительством Его Императорского Величества императора Александра II, Доставленный В Европу и изданный к Вяшему благу и славе xристианского учения трудами К.Т. მსუბუქად გაყვითლებული გვერდები დაფარულია მსხვილი ბერძნული ასოების მწკრივებით, სასვენი ნიშნების გარეშე, დაწერილობის ძველი ფორმის დაცვით, ჩანს, რომ გამომცემელმა გვარიანად იშრომა, რათა დედანის შესაბამისი სპეციალური ლიტერები დაემზადებინა.

ესაა სახელგანთქმული სინაჲს კოდექსის ფაქსიმილური გამოცემა, კოდექსისა,რომელიც ბიბლიის წიგნთა სრულ შედგენილობას შეიცავს და ერთერთ უძველეს რედაქციას წარმოადგენს. იგი შედგება ორი ნაწილისაგან: ძველი აღთქმისაგან, რომელიც დაწერილია ჩვენს წ.აღ.მდე და ახალი აღთქმისაგან,რომელიც შექმნილია ქრისტიანული ეკლესიის არსებობის პირველ ასწლეულში. ზუსტად ასეთი სრული სახით შევიდა ბიბლია სულიერი კულტურის ისტორიაში, როგორც „ცხოვრების წიგნი“.

K.T.- ესაა ინიციალები კონსტანტინ ტიშენდორფისა(1815-1874).ცნობილი გერმანელი მეცნიერის, ბიბლეისტის, პალეოგრაფის და ტექსტოლოგისა, რომლის მცდელობითაც რუსეთმა შეიძინა უძვირფასესი ხელნაწერი. მაგრამ ჩვენ უშედეგოდ დავიწყებდით იმის ძიებას, თუ სამამულო წიგნთსაცავებიდან,კერძოდ,რომელში ინახება თვითონ ორიგინალი. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მეცნიერება მას მეტად აღარ ფლობს. იმ წლებში, როცა საზღვარგარეთ თითქმის უკონტროლოდ გადიოდა კულტურის მრავალრიცხოვანი ძეგლი, განთქმული ტილოების, ხატებისა და ქანდაკების ბედი გაიზიარა აგრეთვე ტიშენდორფის მიერ მოპოვებულმა პერგამენტის კოდექსმა: 1933 წ. ბოლოს იგი მიეყიდა ბრიტანეთის მუზეუმს. ხელნაწერისათვის გადახდილ იქნა თანხა-100 000 ფუნტი სტერლინგი, ე.ი. ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი მაშინდელი კურსით. მცოდნენი ამბობდნენ, რომ არც ერთი წიგნი მანამდე არ შეფასებულა ასე ძვირად. ამას გარდა, ერთმა მსხვილმა ამერიკელმა ბუკინისტმა განაცხადა, რომ თავის მხრივ იგი სთავაზობდა ორჯერ მეტ თანხას. ბრიტანეთის მუზეუმის შენაძენს ბრიტანეთშიც და ამერიკაში აღფრთოვანებით შეხვდნენ. მუზეუმის დანახარჯების ასანაზღაურებლად მოეწყო ფულადი სახსრების შეგროვება… მაინც რას წარმოადგენს სინაჲს კოდექსი? სად იქნა აღმოჩენილი? და რატომ ფასობდა ასე?

ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების ხელნაწერი
მდუმარე უსიცოცხლო უდაბნო, მცხუნვარე მზე, კლდოვანი, მცენარეთა კვალის თითქმის არმქონე კალთები სინაჲს ქედისა. მის ძირში შეფარებულია წმ. ეკატერინეს ძველი მონასტერი, დაარსებული ჯერ კიდევ VI-ს-ში. სიმაგრის მაღალი კედლები იცავენ ამ პატარა განმარტოებულ სავანეს, რომელშიც სულ რაღაც 18 ბერი ცხოვრობს. მაგრამ ერთხელ,ეს იყო 1859 წლის 31 იანვარს,სინაჲს მდუმარება უეცრად დაირღვა. მონასტერს უახლოვდებოდა ქარავანი. ბერებმა, სხვათა შორის, იცოდნენ შესაძლო სტუმრობის შესახებ, და ძველ ციტადელზე გადმოფენილი იყო რუსეთის იმპერიის სამფეროვანი დროშა. ასე ესალმებოდნენ სტუმარს სავანის მცხოვრებნი… ტიშენდორფი მათთან ადრეც იყო: ისინი უფლებას აძლევდნენ მას დაეთვალიერებინა ხელნაწერთა უნიკალური კოლექცია. მაგრამ იმ დროს იგი მოვიდა როგორც „სიძველეებზე თავისუფალი მონადირე“,აღმოსავლეთში ხიფათისა და რისკის ქვეშ მოხეტიალე. ახლა მდგომარეობა შეიცვალა. ტიშენდორფი მოქმედებდა მართლმადიდებელი მეფის სახელითა და დავალებით. ჯერ კიდევ ახალგაზრდულ წლებში გერმანელმა მეცნიერმა ჩაიფიქრა „ახალი აღთქმის“ ბერძნული ტექსტის გამოცემა, რომელიც უძველეს მანუსკრიპტებს დაეყრდნობოდა. მან დაიწყო ამ მანუსკრიპტების მოძიება ევროპულ წიგნთსაცავებში, შემდეგ კი აღმოსავლეთშიც. მალე მიგნებებმა, გამოკვლევებმა და პუბლიკაციებმა ტიშენდორფს სახელი მოუპოვეს. წმ. ეკატერინეს მონასტერში მოხვედრა მისი სანუკვარი ოცნება იყო. მას დიდი ხნის წინ ჰქონდა გაგონილი იქაური ბიბლიოთეკის ხელნაწერების შესახებ. გადალახა რა მრავალი დაბრკოლება, ბოლოსდაბოლოს მიაღწია იქამდე 1844 წლის მაისში. იქ მას აღმოჩენა ელოდა. თვით ტიშენდორფის ცნობები და ისტორიკოსებიც მოვლენათა ზუსტ სურათს ვერ იძლევიან. არის უწყება, რომ ჯერ კიდევ იქამდე, სანამ გერმანელი პალეოგრაფი იპოვიდა განთქმულ კოდექსს, იგი ნახა და აღწერა რუსმა აღმოსავლეთმცოდნემ, არქიმანდრიტმა პორფირი უსპენსკიმ. მან დაადგინა, რომ მანუსკრიპტი ძალიან ძველია, და მიაკუთვნა იგი V ს-ს. ტიშენდორფმა კი შეძლო დაემტკიცებინა, რომ ხელნაწერი მთელი ასწლეულით ადრეულია.მისი ძირითადი მიზნისათვის ეს იყო არსებითი შენაძენი, რამდენადაც იმ დროში თითქმის არ არსებობდა ასე ძველი ნუსხა სრული ბიბლიური ტექსტისა. და მაინც, ბერები უცხოტომელს,და მით უმეტეს, სხვაგვარად მორწმუნეს უნდობლად მოეკიდნენ და არ ისურვეს კოდექსის გაყიდვა. ტიშენდორფი, თავის მხრივ, უკან დახევას არ აპირებდა. რუსი მინისტრის აბრაამ ნოროვის დახმარებით,რომელიც
აგრეთვე ბევრს მოგზაურობდა აღმოსავლეთში, შეძლო პეტერბურგს დაკავშირებოდა. მოლაპარაკებების შედეგი ბრწყინვალე იყო. წმ.ეკატერინეს მონასტრის მცხოვრებლები გადასცემდნენ წიგნს რუსეთის ხელისუფლებას ტიშენდორფის მეშვეობით. მანუსკრიპტიდან გაკეთდა ფაქსიმილური გამოცემა, გაიგზავნა რუსეთში და მიიღო სახელწოდება სინურ-პეტროპოლიტანური(პეტერბურგული). დანარჩენი მკითხველისათვის უკვე ცნობილია.

საუკუნეთა სიღრმეში

რატომ აძლევდნენ და აძლევენ ამ ხელნაწერს ასეთ მნიშვნელობას? საქმე ისაა, რომ ბიბლიური წიგნების ორიგინალები არ შემონახულან. ცნობილია, რომ ძველი აღთქმა დაწერილი იყო ძველებრაულ ენაზე მცირეოდენი არამეული ჩანართებით, რომელიც (არამეული-გ.კ.) უკანასკნელ საუკუნეებში ჩვ.წ.აღ-მდე ფართოდ იყო გავრცელებული მთელს მაშინდელ ახლო აღმოსავლეთში. III ს. ჩვ.წ.აღ-მდე დაიწყეს მისი თარგმნა ბერძნულ ენაზე.ამ თარგმანს უწოდებენ „სამოცდაათთა თარგმანს“, ანუ სეპტუაგინტას, რამდენადაც, თანახმად გადმოცემისა, მასზე მუშაობდა 70 მწიგნობარი იერუსალიმიდან. სწორედ სეპტუაგინტა დაედო საფუძვლად საეკლესიო სლავურ თარგმანს, კირილესა და მეთოდეს მიერ. ამ დროისათვის ბერძნული ვერსიიდან უკვე იყო გადატანილი წმიდა წიგნები კოპ ტურ და სირიულ, ლათინურ და ეთიოპურ , სომხურ და ქართულ ,გოთურ და სხვა ენებზე. ბიბლიის არსებობის საუკუნეთა მანძილზე, როცა ყველა წიგნი ხელით გადაიწერებოდა, ტექსტში უნებლიედ გაიპარა შეცდომები, უზუსტობები. ამიტომ ძველი თარგმანების შეჯამება-შეჯერება და უძველესი მანუსკრიპტების ანალიზი აუცილებელი იყო. ისინი ხელს უწყობდნენ დადგენილიყო თავდაპირველი წაკითხვა.აი, რატომ იყო სინაჲს ბიბლიის სრული ტექსტი ასე მნიშვნელოვანი. უკვე ტიშენდორფის შემდეგ იქნა აღმოჩენილი ბიბლიური წიგნების არცთუ ისე ცოტა ფრაგმენტი, და მათ შორის ტექსტები სეპტუაგინტადან, თითქმის თვით თარგმანის თანამედროვე. ხოლო რაც შეეხება უმეტესად ძველ ხელნაწერებს ძველებრაულ ენაზე, რომელიც ახლა მეცნიერებისთვისაა ცნობილი, ისინი შემოინახა ჩვ.წ.აღ-მდე II ს-იდან. მათი მოპოვება დაიწყეს მკვდარი ზღვის მღვიმეებში 1947 წლიდან. ახალი აღთქმა დაიწერა ბერძნულ ენაზე. ყველაზე ადრეული გადარჩენილი მისი ტექსტი-ესაა პაპირუსის მცირე ნაგლეჯი იოანეს სახარების რამდენიმე სტრიქონით. აღნოჩენილია ეგვიპტეში 1935წ. და ახლა ინახება მანჩესტერის რაჲლენდის სახელობის ბიბლიოთეკაში. ეს, მართალია, არ წარმოადგენს იოანეს ავტოგრაფს, მაგრამ დროში ის ახლო დგას I საუკუნის ორიგინალთან, რამდენადაც თარიღდება 120-130 წლებით. ამით არ მთავრდება ჩვენი სვლა საუკუნეთა სიღრმეში. ბერძნული სიტყვა „ბიბლია“შემთხვევით არ ნიშნავს „წიგნებს“ იგი მართლაცდა ჟანრობრივად მრავალგვარი ნაწარმოებების მთელს ბიბლიოთეკას წარმოადგენს. ისინი ერთთავად არ შექმნილა. თორმეტ ასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იქმნებოდა ძველი აღთქმა. ახალი აღთქმის წიგნები თუმცა დაიწერა რამდენადმე სწრაფად (რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში), მათაც მსგავსადვე ძველი აღთქმისა, ჰქონდათ თავისი წინა ისტორია, როდესაც მტკიცდებოდა ზეპირი მოთხრობები და კეთდებოდა პირველი ჩანაწერები. მუშაობა თავდაპირველი ტექსტის დაზუსტებაზე ჯერ კიდევ გრძელდება. იზრდება ახალი ხელნაწერების რიცხვი. მკვლევარები თავიანთ ნაშრომებში იყენებენ თანამედროვე მეთოდებს და აპარატურას.და ყველაფერი ეს მხოლოდ იმისთვისაა, რათა უფრო ღრმად შევაღწიოთ ამ კონტინენტზე, რომელიც იწოდება ბიბლიად.

იდუმალი წიგნი

ნ.ს.ლესკოვს მოთხრობაში „Однодум“ მოჰყავს ძველი რწმენა-წარმოდგენა, თითქოს ადამიანი, რომელიც ბიბლიას თავიდან ბოლომდე წაიკითხავს, ჭკუიდან გადაცდება. და კიდევ რამდენიმე უცნაური თქმულება შეითხზა ამ საიდუმლოებით მოცულ წიგნზე! მისით მკითხაობდნენ, მის მიხედვით ცდილობდნენ ომის დაწყების ან სამყაროს დასასრულის ვადების გამოთვლას. ასეც იყო, რომ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებში „შეიცნობდნენ“ მითითებებს პაპისტურ რომზე და მეფის რუსეთზე, ნაპოლეონსა თუ „ყვითელ საშიშროებაზე“.

სხვაგვარ, უფრო ფხიზელ მიდგომას ვპოვებთ ბიბლიურ მეცნიერებათა წარმომადგენლებთან,რომლებიც სწავლობენ წმ.წერილს ფილოლოგიის, ღვთისმეტყველების, ისტორიისა და ლიტერატურადმცოდნეობის თვალთახედვით. მათ კომენტარებს შეეძლოთ საკმაოდ ტევადი წიგნთსაცავები შეევსოთ, სადაც ყოველ ბიბლიურ სტრიქონზე მოვიდოდა განმარტებათა წიგნებით სავსე მთელი თაროები, მათ შორის არიან ისეთებიც , რომლებიც ბიბლიას განიხილავენ როგორც მხოლოდ ძველაღმოსავლური და ანტიკური დამწერლობის ძეგლს. ერთის მხრივ, იგი, უსათუოდ, რაღაც უფრო დიდია, ვიდრე მხოლოდ ძველი წარსულის გადმონაშთი,ან მხატვრული ნაწარმოები, მსგავსი გილგამეშის ეპოსისა, ან ვირგილიუსის „ენეიდისა“. წინააღმდეგ შემთხვევაში არ ეყოლებოდა ამდენი მგმობელი და ამდენი მხურვალე დამცველი.
საკმარისია, რომ უბრალოდ შევავლოთ თვალი ბიბლიის ძველრუსულ, ანდა დასავლურ ხელნაწერებს, რომ გასაგები გახდეს, თუ როგორი რუდუნებით იღვწოდნენ ადამიანები ამ წიგნისათვის. სინატიფით გამოყვანილი ჭედური ყდები, ხლართული ლამაზი მთავრული ასოები, კამარები თუ ილუსტრაციები, და ბოლოს, თვით ტექსტიასე გულდასმით და სიყვარულით გადაწერილი,გვიჩვენებენ, რომ ბიბლიას მიიჩნევდნენ,როგორც ძვირფას განძს. თუმცა, კარგადაა ცნობილი მისდამი სულ სხვა დამოკიდებულებაც. არც ისე იშვიათად ბიბლია მკაცრი კრიტიკის, თავდასხმებისა და თქვენ წარმოიდგინეთ, დაცინვა-გამასხარავების საგნადაც კი უქცევიათ. მის გარშემო ძველი და ახალი სამყაროს ქვეყნებში იდეათა დაძაბული ჭიდილი მიმდინარეობდა. ვოლტერი გამოთქვამდა იმედს, რომ მალე იგი მეძველმანეთა სიძველეთსაყრელზე ჰპოვებდა ადგილს. მას დასცინოდნენ ჰოლბახი და ტაქსილი, მას „ამხელდნენ“ ნაციზმის იდეოლოგები და შემტევი ანტირელიგიური პროპაგანდის მებრძოლები.
ბიბლია ისტორიაში ერთ-ერთი პირველი წიგნია, რომელიც მიზანმიმართულად ნადგურდებოდა. უკვე საუკუნენახევრით ადრე ჩვ.წ.აღ-მდე მის ნუსხებს ეძებდნენ და სწვავდნენ სელევკიდელი მეფის ანტიოქე ეპიფანეს ჯარისკაცები; ასევე მოქმედებდნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს გზირები 300 წელს ჩვ.წ.აღ-ით. მაგრამ იგივე წიგნი დიდებით იკვლევდა გზას ქვეყნებსა და მატერიკებზე. იგი პირველი გადაიტანეს უცხო ენაზე, და ახლა გამოდის 1800-ზე მეტ ენასა და დიალექტზე (ამასთან, მარტო ახალევროპული თარგმანების ასობით ვარიანტი მოითვლება).იგი იყო პირველი წიგნი, რომელიც საბეჭდი დაზგიდან გამოვიდა. ბიბლიის მრავალმილიონიანი ტირაჟი ძნელად თუ ექვემდებარება აღრიცხვას. ის ქვეყნდება ბუკლეტის, ბროშურის, მცირე ფორმატის, ტომების სახით, კომენტარებით თუ უამისოდ. არსებობს „ბრაჲლერის“ ბიბლია ბრმათათვის, შემოკლებული საბავშვო, სურათებიანი, ფირფიტასა და კასეტებზე ჩაწერილი და ა.შ.

უკვე დაახლოებით 200 წელია მუშაობენ მოხალისე ბიბლიური საზოგადოებები, რომლებიც ბეჭდავენ და ავრცელებენ წმ.წერილს (ასეთი საზოგადოება იყო რუსეთშიც XIX ს.).საცნაურია, რომ ყველაზე დიდი ტელეგრამა, რომელიც კი ოდესმე გადაცემულა, შედგებოდა სახარების ახალი თარგმანისაგან, მოუთმენლად მომლოდინე მკითხველისათვის.(სიტყვა ეხება ე.წ.რევიზიულ თარგმანს, რომლის ტექსტიც XIX ს.-ის ბოლოს გადაიცა ტელეგრაფით ინგლისიდან ამერიკაში). ასეთმა ბიბლიურმა თარგმანებმა, როგორიცაა სეპტუაგინტა, ვულგატა, კირილესა და მეთოდეს თარგმანები, ლუთერის, მეფე იაკობის დროინდელი ინგლისური ვერსია და სხვა; ენისა და ლიტერატურის განვითარებისათვის ძალზე შორს მიმავალი შედეგები იქონიეს.

ბიბლია და კულტურა

„რა წიგნია ეს წმინდა წერილი,-აღმოხდა თ.მ. დოსტოევსკის,-როგორი საოცრება და როგორი ძალაა,მასთან ერთად რომ ეძლევა ადამიანს! სამყაროს, ადამიანებისა და ადამიანურ თვისებათა როგორი ზუსტი ნაგებობაა, და დასახელებულია ყველაფერი და მითითებულია საუკუნოდ. და რამდენი საიდუმლოა გადაწყვეტილი და გაცხადებული…მაგრამ დოსტოევსკი, იტყვიან, ქრისტიანი იყოო და მისი ასეთი აღფრთოვანება დიახაც გასაგებია; მაგრამ მოგაგონებთ ი.ვ. გოეთეს სიტყვებს, გოეთესი, რომელიც თავის თავს „წარმართად“ თვლიდა:“დაე,-ამბობდა ის,-სულიერი კულტურა განუწყვეტლად წინ წავიდეს, დაე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები განუწყვეტლივ გაფართოვდნენ და გაღრმავდნენ, დაე,სულმა კაცობრიულმა უფრო და უფრო ფართო ჰორიზონტები მოიცვას,სიმაღლეებს ქრისტიანობის ზნეობრივი კულტურისას, რომელიც ჩვენ სახარებიდან გვასხივოსნებს, ვერასდროს შევწვდებით.“ აი,კიდევ რას წერს გერმანელი სოციალისტი, რომელშიც ძნელია რელიგიის აპოლოგეტი დავინა-
ხოთ:“ბიბლია ცხოვრებისეული სიბრძნისა და ამაღლებული გრძნობების საუნჯეა; არავითარი განყენებული წესი(ყოველ შემთხვევაში ისინი უკანა პლანზე საკმაოდ გადაწეულია), არავითარი ზნეთსწავლულება, მხოლოდ ცხადი მაგალითები ცოცხალი ადამიანებისა ყველა მათი სისუსტეებითა და სიცოცხლისუნარიანობით. მაგალითები ცოცხალი სინამდვილის სრულყოფილი გამოხატვით, რომელშიც თვით ზოგადი სწავლებანიც გულში ჩამწვდომად, ხატოვანი იგავების სახით გადმოედინებიან როგორც მადლიანი სულიერი წვიმის უწყვეტი ნაკადები.“ ბიბლია-ეს აელვარებული ხალიჩაა ლირიკული სიფაქიზით, აღმოსავლეთის ყველაზე ფანტასტიკური ოცნებები, ზეცისკენ ატყორცნილი ჰიმნი, შთაგონებანი, შეუღწეველი სიღრმეები წინასწარმეტყველური უწყებებისა და ექსტატური ხილვისა“.ეს კარლ ლიბკნეხტის სიტყვებია. გასაკვირი არაა, რომ ბიბლიის როლი უზარმაზარი გახდა არა მხოლოდ მსოფლმხედველობრივ სფეროში, არამედ ლიტერატურაში, ხელოვნებაში, მუსიკაში. ის გადაჰქონდათ მილტონსა და ლომონოსოვს, ბაჲრონსა და ლონგფელოს, ლევ ტოლსტოისა და თომას მანს, რილკესა და პასტერნაკს. ის შთააგონებდა ტაძართა მომხატველებს ,მინიატურისტებს, ხატმწერებს, მოზაიკის,ვიტრაჟების, ბარელიეფებისა და ქანდაკების ოსტატებს. საკმარისია შეხვიდეთ ერმიტაჟში ან სხვა სამხატვრო გალერეაში, რომ დაინახოთ ბიბლიურ სიუჟეტზე შექმნილი მრავალრიცხოვანი ქმნილებანი. თეოფანე გრეკი (ბერძენი), მიქელანჯელო, ელ გრეკო, რემბრანტი, ალექსანდრე ივანოვი, ნიკო-ლაჲ გე, სალვადორ დალი…ეს ჩამონათვალი შეიძლება ისევე უსასრულოდ გაგრძელდეს, როგორც, მუსიკოსებისა ბახის, ჰაიდნის, ჰენდელის, ა.რუბინშტეინის, სტრავინსკის, პენდერეცკის ჩათვლით. თავისი ისტორიის დასაწყისიდანვე ბიბლიას მიმართა კინე-მატოგრაფმა, დღეს კი იგი ტელეეკრანებიდანაც გვევლინება.

რამდენად მტკიცედ დამკვიდრდა იგი ხალხთა აზროვნებასა და ენობრივ ქსოვილში, ჩანს თუნდაც გავრცელებული ანდაზებიდან, სხარტულებიდან, ფრთოსანი თქმებიდან:“აკრძალული ხილი“, „ბაბილონის გოდოლი“, „ბალაამის ჭაკი“, „ოცდაათი ვერცხლი“…ყველაფერი ეს ბიბლიიდან არის აღებული. ბიბლიის გარეშე ბევრი რამ ლიტერატურაში, მხატვრობაში, აზროვნების ისტორიაში გაუგებარი დარჩება. საჭიროა კი ამის შემდეგ კვლავ გავიმეოროთ მტკიცება, რომ იგი უნდა იცოდეს ყოველმა კულტურულმა ადამიანმა,თუნდაც ათეისტმა ან აგნოსტიკოსმა? მაგრამ, ეცნობა რა მას არარელიგიური ადამიანი, უნდა გამოიჩინოს თვალსაწიერის სიფართოვე და ნებისყოფა. გვახსოვდეს, რომ ბიბლია-ეს რწმენის წიგნია, რომ იგი ცხოვრებას და ადამიანს განიხილავს sub specie aeternitatis, მარადისობის გადმოსახედიდან..

წიგნები თუ წიგნი?

გადაშალეთ ლიტერატურის ისტორიის ნებისმიერი სახელმძღვანელო, სადაც ცალკე ნაკვეთია ბიბლიაზე: ყველაზე უფრო ხშირად განისაზღვრება იგი როგორც პოეზიის, ლეგენდების, ფოლკლორის, ქრონიკების და დიდაქტიკური წერილების ნაკრები. ერთი შეხედვით ეს ასეც არის. მას ქმნიდნენ ადამიანთა მთელი თაობები, რომელთაც საუკუნეები აშორებდათ. ყველა მათგანი არცაა ცნობილი სახელებით, მაგრამ ყველა საკუთარი სტილით გამოირჩევა. ერთნი გამოთქვამენ ძუნწად, თითქმის მშრალად, მეორეთა სიტყვები მსგავსია გავარვარებული ლავისა. აქაა ვრცელი ჩამონათვალი წინაპრებისა(გენეალოგიები), აქვეა ფილიპიკები* შეძლებულთა ძალაუფლების წინააღმდეგ, ლოცვები, გადმოცემები. ბიბლია -ეს სიყვარულის მოზეიმე ხმაა ქებათაქებაში და მელანქოლიური რეფრენია ეკლეზიასტეში: „ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაოა“. თითქმის ლიტერატურის ყოველი გვარი და სახეობა, რომელიც კი ჩამოყალიბებულა უძველესი დროიდან, გვხვდება ბიბლიაში. და მაინც, ყველაფერი ეს სულაც არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ წმ. წერილი განვიხილოთ როგორც ზემორე მოხსენიებულ წიგნთა კოლექცია, ერთ თაროზე გვერდიგვერდ შემოდებული ან ერთი ყდის ქვეშ გაერთიანებული, მაგრამ შინაგანად ერთმანეთთან დაუკავშირებელი.

ყურადღებით წაკითხვისას შეიძლება იგრძნოთ, რომ ბიბლიისათვის დამახასიათებელია გარკვეული მთლიანობა, რომელიც არა მწყობრი არქიტექტონიკით, არამედ რაღაც სხვა გზით მიიღწევა. მთელი ასეთი ჭრელი ნარევი ბიბლიური პოეზიისა და პროზისა განიმსჭვალება ფაქიზი, მაგრამ მტკიცე დამაკავშირებელი ძაფით, რომელიც წიგნთა კრებულს გადააქცევს ერთ დიდ წიგნად. ამ დამაკავშირებელი ძაფის, ამ რთულად აღსაქმელი ჩონჩხედის როლს თამაშობს გამჭოლი თემები და სახეები, რომლებიც დროდადრო დაჟინებით მეორდებიან სრულიად განსხვავებულ კონტექსტში.

ასე, მაგალითად, ბიბლიაში მუდმივად არსებობს თემა „აღთქმისა“, ე.ი. კავშირისა ადამიანსა და ზემარედიულს შორის. იმ დროიდან, როცა ძველი მესაქონლეები აცნობიერებდნენ თავიანთ ზეცის მფარველობის ქვეშ ყოფნას, იმ დრომდე, როცა ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში, საიდუმლო სერობის ღამეს იესო ნაზარეველმა ახალი აღთქმა დადო კავშირად ზეცასა და მიწას შორის, გადაჭიმულია რგოლები ერთიანი უწყვეტი ჯაჭვისა. რუსი ფილოსოფოსი ვლადიმერ სოლოვიოვი მიუთითებდა აღთქმის ამ იდეის მნიშვნელობაზე, რომელიც ლაპარაკობს ადამიანის ისტორიულ და კოსმიურ მოწოდებაზე, ადამიანისა, რომლის დანიშნულებაა იყოს ქმედითი მონაწილე მსოფლიო პროცესებისა.

ახლა სხვა მაგალითი. ბიბლიაში უზენაესი ნება ყოველთვის გამოდის ინიციატორად ახალი მოძრაობისა, რომელიც კი ჩასახულა ისტორიულად. ეს ნება მოუწოდებს აბრაამს და მოსეს-ძველაღთქმისეული საზოგადოების მამამთავრებს: ზეციური მოწოდებით, და თქვენ წარმოიდგინეთ, თავისი სურვილის წინააღმდეგაც კი მიდიან საქადაგოდ წინასწარმეტყველები. იესოს მოწოდებას ემორჩილებიან მომავალი მოციქულები, რომელთაც ეთქვათ:“თქვენ კი არ ამომირჩიეთ მე, არამედ მე ამოგირჩიეთ“

მრისხანე და იდუმალ სიმბოლოებად წარმოდგებიან ორსავე აღთქმაში უდაბნო, სიკვდილის სამეფო. მის სივრცეებში მიმდინარეობს ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, გამოიცდება რწმენა ხალხისა, რომელსაც წინამძღვრობს მოსე; უდაბნოდან გამოჩნდება იოანე ნათლისმცემელი, რათა გამოაცხადოს ახალი ერის დასაწყისი; სანამ ხალხთან მივიდოდეს, უდაბნოში გადის ცდუნების გზას იესუ ქრისტე(ქრისტეს ხალხთან გამოჩენის მომენტი გამოსახულია კრამსკოის ცნობილ ტილოზე). და ბოლოს, აპოკალიფსისში ლაპარაკია მზით მოსილ დედაკაცზე, რომელიც დევნას უდაბნოში ემალება…
შეიძლება მოყვანა სხვა მრავალი მაგალითისაც, რომლებიც აჩვენებენ, თუ როგორ „მუშაობენ“ გამჭოლი თემები ბიბლიაში. მათ გამო წმ.წერილის შემადგენელი ელემენტები ისე კი არ წარმოჩნდებიან, თითქოს მდინარის დელტაში მეჩეჩზე მოხვედრილი გამონარიყი რამ, არამედ როგორც ერთ მთლიან ჩანაფიქრს დაქვემდებარებული ერთგვარი აგებულება.

ძველრუსული ტაძრების შემოქმედნი ეყრდნობოდნენ ბიზანტიურ კანონებს, მაგრამ საბოლოო ჯამში შექმნეს რაღაც სხვა, რაღაც ახალი. გოეთემ გამოიყენა ლეგენდა ჯადოქარზე, მაგრამ ეს არ ამცირებს მისი „ფაუსტის“ ორიგინალობას. ზუსტად ასევე, ბიბლიის შემდგენლებმა, მიმართეს რა წინამორბედ ლიტერატურას და გადმოცემებს, ამ მასალისგან შექმნეს თავისი საკუთარი „ბიბლიური სამყარო“

ქრისტიანობა, მიიღო რა მან ბიბლია როგორც გამოცხადება, თვლის მის ბუნებას როგორც ორის ერთიანობას, ღმერთკაცობრივს. მარადიულის ხმა გვესმის ბიბლიაში, გარდატყდება რა ცნობიერებისა და სიტყვის საშუალებით ცალკეულ ადამიანებში, რომელნიც გარკვეულ ეპოქებთან არიან დაკავშირებულნი, გამოირჩევიან ქმედითუნარიანობით, ბედით თუ ნიჭებით. ისინი, ცოცხალი სულიერი ტრადიციის წიაღში მყოფნი, წერდნენ და იძენდნენ თავიანთ ელფერს ამ ტრადიციის უზარმაზარი რეზერვუარიდან.

ზედმეტი არ იქნებოდა იმის შეხსენება, რომ ყოველთვის იპოვებოდნენ ისეთი მკითხველები, რომელნიც სხვადასხვა მიზნით ბოროტად იყენებდნენ ფრაზებს, ამოგლეჯილს ბიბლიური კონტექსტიდან, უგულებელჰყოფდნენ მის საერთო აზრს. სხვები ღვთისმოსაობის ყალბი გაგების გამო მიდრეკილნი იყვნენ ამ „წიგნთა წიგნიდან“ გამოეღოთ „ხუნვეიბინური საციტატეს“ მსგავსი რამ და მთელი ძალით ცდილობდნენ არიდებოდნენ „მახვილ კუთხეებს“. ასეთი მახვილი კუთხეები კი ბიბლიაში მრავლად არის. ბევრს, მაგალითად, შეაცბუნებს ის, რომ წინასწარმეტყველთა ამაღლებული სწავლების და სახარების გვერდით მასში თხრობაა ომებზე, სისასტიკეზე, ადამიანურ ვნებებსა და ზადზე. მათ ალბათ ერჩივნათ ჰქონოდათ შეზავებული, კეთილად „მოჭვილი“ ბიბლია. მაგრამ ასეთ შემთხვევაში მას თითქმის არ ექნებოდა დამოკიდებულება ნამდვილ ცხოვრებასთან მისი სატანჯველებითა და სიხარულით, სიყვარულითა და სიძულვილით, აღმასვლითა და დაცემებით. ვისაც ამ ყველაფრის ეშინია, მან ალბათ შექსპირსაც კილომეტრებზე უნდა შემოუაროს.

შეიძლება გაკვირვება გამოიწვიოს იმან, რომ ბიბლიაში არაა ერთიანი რელიგიურეთიკური კოდექსი. მაგრამ მისი მოჩვენებითი „პლურალიზმი“ განპირობებულია იმით, რომ აჩვენებს ადამიანური სულის ზრდას თანდათანობით გაცხადებული ყოფიერების უმაღლესი საიდუმლოს წინაშე. ამ ჩამოყალიბების ყოველი ეტაპი აირეკლავს გარკვეულ დონეს, რომელიც არასრულყოფილების ნიშნითაა აღბეჭდილი. და მხოლოდ სახარება მაღლდება მთელს წმ.წერილზე, რომელიც თითქოს მოკაშკაშე მწვერვალია მთაგრეხილებიდან ამომართული. მასზე ერთდება და მისით გაიგება ყველა ძირითადი გზა ორივე აღთქმისა.

თარგმნა გიორგი კილაძემ