ქრისტიანობა თუ ათეიზმი.

ქრისტიანობა თუ ათეიზმი.

იმ მოხსენების თემა, რომელიც მსურს დღეს გავაცნო ჩემს მსმენელებს, ასე ჟღერს: ‘ქრისტიანობა თუ ათეიზმი, მომხრენი და მოწინააღმდეგენი”. მოცემული მოხსენება მომზადებული იყო ათეისტებთან დისპუტისათვის, რომელიც არ შედგა, მოლაპარაკებებს ათეისტურ საზოგადოებასთან ნახევარ წელს ვაწარმოებდა და მაინც უშედეგოდ დასრულდა.

ახლა ამ ისტორიის წვრილმანებს აღარ ჩავუღრმავდები, ამაში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, ერთადერთი რამ მაოცებს მხოლოდ, ათეისტები ქრისტიანებს უცოდინარ ფანატიკოსებად რომ თვლიან, სახალხოდ მათთან კამათს რატომღა ერიდებიან.

მაგრამ მოდით გადავიდეთ საკითხზე, რომელიც მოხსენების თემად იქცა. შესაძლებელია ამ კითხვას ოდესმე პასუხიც გამოუჩნდეს რუსეთის ათეისტური საზოგადოების მხრიდან, თუკი ინტერნეტის გარდა ამის რაიმე საშუალება კიდევ არსებობს.

უამრავი ჩვენი თანამედროვის წინაშე დგას საკითხი: იყოს ათეისტი თუ ირწმუნოს ღმერთი? ჩემს მოხსენებაში მე შევეცდები არა იმდენად პასუხი გავცე ამ არჩევანთან დაკავშირებით აღმოცენებულ კითხვებს, რამდენადაც გამოვკვეთ თემებს, რომლის გარჩევაც უცილობლად მოუწევს ნებისმიერ ათეისტსა თუ რელიგიურ ადამიანს მათი მსოფლმხედველობითი თვითგამორკვევისას.

ძალიან ხშირად, როცა ქრისტიანობის კრიტიკებს ვეცნობი, ვხედავ, რომ მათი წარმოდგენები ჩვენზე რეალობას მოკლებულია. შეგვიძლია ვიპოვოთ უამრავი ქრისტიანი, რომლებიც ქრისტიანად წმინდა ნომინალურად ითვლებიან, პრაქტიკულად კი ძალიან დაშორებული არიან იმ ზნეობრივი იდეალიდან, რომლისკენაც ღმერთი ქრისტიანებს მოუწოდებს. ასევე არამცირეა ათეისტების რიცხვი, რომლებსაც დანაშაული ჩაუდენიათ, მაგრამ განა მართებულია, რამდენიმე მაგალითზე ვამტკიცოთ, რომ ყველა ქრისტიანი ამორალურია, ხოლო ყველა ათეისტი — დამნაშავე? ვიმედოვნებ, რომ არა. ჩვენ უნდა შეუპირისპიროთ ერთმანეთს იდეალები, რომლისკენაც ისწრაფვიან ადამიანები და არა ვუმტკიცოთ ყველას ის ფაქტი, რომ ყველა ადამიანი არ შეესაბამება იმ იდეალებს, რომელთა ერთგულებასაც ისინი ფორმალურად გვეფიცებიან. სისულელეა სკოლის მოსწავლის თხზულების საფუძველზე ვიმსჯელოთ რუსულ ლიტერატურაზე, ასევე სისულელეა, ვიმსჯელოთ ქრისტიანობაზე იმ ფოტოს საფუძველზე, სადაც ვინმე მღვდლის სამოსით ძვირადღირებული მანქანის ფონზეა გადაღებული.

ქრისტიანებს სჯერათ ღმერთის არსებობის, რომელიც საკუთარ თავს გამოცხადებებით ამცნობს, არსებობს ღვთიური გამოცხადების ორი სახე: ბუნებრივი და ზებუნებრივი გამოცხადება. კერძოდ ბუნებრივ გამოცხადებაში ღმერთი მიმართავს თითოეულ კონკრეტულ ადამიანს, ხშირად ასეთ გამოცხადებას სინდისს უწოდებენ. თავისი არსით, ბუნებრივი გამოცხადება — ეს მთელი სამყაროა, რომელიც ღვთიური შემოქმედებითი აქტის შედეგად ჩნდება და ამიტომაც შემოქმედის ბეჭედი აზის.
სამყაროს შესწავლისას მეცნიერი ქრისტიანები ამავე დროს ღმერთის შემოქმედებით ნებასაც წვდებიან. ცნობილი ფრანგი მეცნიერი და მიკრობიოლოგი ლუი პასტერი ასე წერდა ამის შესახებ:”რაც უფრო მეტად ვსწავლობ ბუნებას, მით უფრო მეტად მაოცებს შემოქმედის ნამოღვაწარი. მეცნიერება ადამიანს ღმერთთან აახლოებს”.(პასტერი, ციტ.Lamont 1995; იქვე იხ.Tiner 1990, 75).

ამაზევე წერს ცნობილი ფიზიკოსი მაქს ფლანკი:”რელიგიაც და ბუნებისმეტყველებაც საჭიროებენ ღვთის რწმენას, თანაც რელიგიისათვის ღმერთი ნებისმიერი განსჯის, ფიქრის წინ დგას, ხოლო ბუნებისმეტყველებისათვის — ბოლოში. ერთისათვის ის აღნიშნავს საფუძველს, მეორისათვის — ნებისმიერი მსოფლმხედველობითი პრინციპების მწვერვალს” (პლანკი მ. რელიგია და ბუნებისმეტყველება//ფილოსოფიის საკითხები;- №8 – 1990- გვ.35).

ღვთიური გამოცხადების უმაღლესი ფორმა — ეს ზებუნებრივი გამოცხადებაა, რომელიც მიეცა ხალხს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა პირით, მერე კი ქრისტეს სახარების სახით. ზოგადი გამოცხადება — თავისი არსით ქრისტეს ეკლესიის წმინდა გადმოცემაა, ხოლო ამ წმინდა გადმოცემის ნაწილია ბიბლია.

ქრისტიანობა ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილებაზეა დაფუძნებული. წმინდა გადმოცემები — ამ გამოცდილების კვიტესენციის არსია. მაგალითად, როდესაც ჩვენ ადამიანთან ვამყარებთ ურთიერთობას, მასთან ურთიერთობის ჩვენეული გამოცდილება აღიბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში, წერილებში, ფოტოგრაფიებზე, ვიდეოჩანაწერებში და ა.შ. ასევე წმინდა გადმოცემაც ასახავს ქრისტიანების ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილებას: ბიბლიაში, ხატებში, ლოცვით ტექსტებში, წმინდა მამათა წიგნებში, რომლებიც მსჯელობდნენ ღვთის გამოცხადების შესახებ. ყოველივე ეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რაც ქრისტიანის ცხოვრების არსია, ესაა ჯაჭვი — ღვთისშეცნობისა. ამავე დროს ღვთისშეცნობა ქრისტიანისათვის — ეს არა მშრალი ინტელექტუალური სიბრძნეა, არამედ ღმერთთან ერთიანობაა. ადამიანები, რომლებიც ბიბლიას კითხულობენ, მაგრამ არ ასრულებენ იმას, რაც იქ მითითებულია, ჰგვანან მზარეულს, რომელიც წამდაუწუმ კითხულობს კულინარიულ წიგნს , მაგრამ არასდროს ამზადებს იქ ჩაწერილ კერძებს და არც მიირთმევს მათ.

ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც მრავალი წელი მეგობრულ და მოსიყვარულე ოჯახში ცხოვრობენ, ერთმანეთს ემსგავსებიან. ასევე ნამდვილი ქრისტიანიც — ისაა, ვინც აღიზარდა ღვთის სიყვარულში, ამით იგი ღმერთს ემსგავსება და ამ სიყვარულს სხვა ადამიანებსაც უნაწილებს.
ქრისტიანებს ღვთის შეცნობაში ღმერთის რწმენა ეხმარება. ხშირად, როცა ვკითხულობ ნაშრომებს, რომლებიც ქრისტიანებს აკრიტიკებენ, ვხედავ “რწმენის” დაახლოებით შემდეგნაირ განსაზღვრას. რწმენა — ესაა რეალობისადმი არაკრიტიკული დამოკიდებულება, სინამდვილედ რაღაც მტკიცებულებების აღქმა, რომელზეც სერიოზული კვლევა არც კი ჩატარებულა მათი არშემდგარობიდან გამომდინარე, ხშირად “ბრმა რწმენაო”, ამასაც კი ამბობენ.

ქრისტიანობა ურყოფს “ბრმა რწმენას”, ეკლესიის სწავლება სავსებით მტკიცდება წმინდანთა გამოცდილებით. უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესია არ უარყოფს მეცნიერებას,როგორც ასეთს (თუნდაც საღვთისმეტყველოს, ასევე საეროს) და შედეგად, არ უარყოფს სამეცნიერო ექსპერიმენტს.

არის ასეთი სამეცნიერო ექსპერიმენტი თვით ეკლესიაშიც, თუმცა ის განსხვავდება საბუნებისმეტყველო სამეცნიერო ექსპერიმენტებისაგან. განსხვავდება თუნდაც იმით, რომ სულიერ ცდაში ადამიანი კვლევის სუბიექტია და არა ობიექტი; და სულიერი ქმედების მიზანს წარმოადგენს არა უბრალოდ ადამიანის სულიერი სამყაროს შეცნობა, არამედ მისი გარდაქმნა, ფერისცვალება, მისი გაკეთილშობილება და სულიერი ამაღლება იმ მაგალითზე, რასაც ქრისტიანი ღმერთში ხედავს. ქრისტიანები მოწოდებული არიან არა ბრმად მისდიონ რომელიმე ავტორიტეტს, არამედ, როგორც გვასწავლის წმინდა წერილი, “ყველაფერი გამოვცადოთ, ხოლო კარგი მივიღოთ” ( 1ეფ. 5:21). ასე რომ, ქრისტიანთა დადანაშაულება “ბრმა რწმენაში” სავსებით უსაფუძვლოა.

ქრისტიანობა არ უარყოფს გონებას, ის თვლის, რომ ღმერთმა არაფერი მისცა ადამიანს ტყუილუბრალოდ, მათ შორის გონებაც. მეტიც, ქრისტიანობა გონიერებისაკენ მოუწოდებს. მაგალითად, ბიბლიაში ამაზე ასეა ნათქვამი:”შვილო ჩემო! არ მოაშორო თვალი შენი მათ; შეინარჩუნე გონიერება და აზროვნების უნარი, და ისინი სიცოცხლედ იქცევიან სულთა შენთათვის და სამკაულად შენი ყელისათვის. მაშინ უშიშრად ივლი შენს გზაზე, და ფეხი შენი არ წაბორძიკდება” (სოლომონის იგავები. 3-21,23).
მოციქული პეტრე, მიმართავს რა ქრისტიანებს, ასწავლის:” (იყავით) მუდამ მზად , რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ”(1 პეტრე, 3-15). ასე რომ ,ქრისტიანს არა მხოლოდ უნდა სწამდეს ღმერთის, არამედ აუხსნას იმათ, ვინც შორსაა ქრისტიანობისაგან, რატომ თვლიან ისინი ღვთის რწმენას აუცილებლად. ამისათვის კი საჭიროა გონება და ღმერთთან ურთიერთობის პრაქტიკული გამოცდილება. ხოლო ბრმა რწმენა — ეს ცრურწმენაა. ცრურწმენა კი უცხოა ქრისტიანობისათვის.

ათეისტები აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ მათთვის მხოლოდ მეცნიერებაა მისაღები,რასაც საფუძვლად ექსპერიმენტი უდევს , რომ მეცნიერს არ სჭირდება რწმენა, მას ყოველივეს გადამოწმება შეუძლია ცდით. მაგრამ ასეა ეს სინამდვილეში?

რწმენა არა მხოლოდ ქრისტიანობაშია, არამედ მეცნიერებაშიც. თანაც რწმენა არა როგორც ქრისტიანულ გაგებაში- როგორც ღმერთთან ურთიერთობის განცდა, არამედ რაღაც იდეების ბრმად მიღება, რომელთა შემოწმება თუნდაც ცდების გზით შეუძლებელია!

მაგალითად, როგორ დავამტკიცოთ, რომ მეცნიერთა მიერ შესწავლილი სამყარო რეალურია ჩვენი აღქმისდა მიუხედავად?იქნებ ყველას მატრიცაზე გვძინავს? სამყაროს რეალობა — ეს ფაქტი არაა. ალბერტ ეინშტეინი წერდა:” გარესამყაროს არსებობის რწმენა, აღქმული სუბიექტის მიუხედავად, მთელი ბუნებისმეტყველების საფუძველია” (ეინშტეინი ა. სამეცნიერო შრომათა კრებული. ტ.4, მ., 1967, გვ.136).

კანტი კი ამატებს:” …შეუძლებელი არ აღიარო, რომ ფილოსოფიისა და ზოგადსაკაცობრიო გონებისათვის სკანდალია ირწმუნო საგნების არსებობა ჩვენს გარეშე..და თუკი შეუძლებელია ამ არსებობას რაიმე დამაკმაყოფილებელი მტკიცებულება დაუპირისპირო, თუკი ვინმე ეჭვს შეიტანდა მასში” (კანტი ი. თხზულებანი ექვს ტომად. ტ.3.მ., 1964, გვ.101).

თუკი უარვყოფთ მეცნიერთა რწმენას იმაში, რომ სამყარო რეალურია, მეცნიერება უბრალოდ გაქრება. იმიტომ რომ ვერ შეიცნობ იმას, რაც არარეალურია.
რა მოხდება, თუკი მეცნიერებიდან ამოვიღებთ რწმენას სამყაროს შეცნობის შესახებ? რადგანაც მტკიცებულება, რომ სამყარო შეცნობადია, მეცნიერული ფაქტი არ არის. ეს სწორედ რწმენის საკითხია. ამის შესახებ ალბერტ ეინშტეინი წერდა:”…იმის რწმენის გარეშე, რომ ჩვენი თეორიული მსჯელობებით შესაძლებელია რეალობის აღქმა, ჩვენი სამყაროს შინაგანი ჰარმონიის რწმენის გარეშე, ვერავითარი მეცნიერება ვერ იარსებებდა” (ეინშტეინი ა. სამეცნიერო ნაშრომების კრებული. ტ.4. მ., 1967, გვ.543).
შემდეგ ეინშტეინი აგრძელებს:’მთელი სამეცნიერო შრომის საფუძველია ის რწმენა, რომ სამყარო წარმოადგენს მოწესრიგებულ და შეცნობად არსს. და ეს რწმენა რელიგიურ რწმენაზეა დაფუძნებული. ჩემი რელიგიური გრძნობა — ეს პატივისცემით აღსავსე აღტაცებაა იმ წესრიგით, რომელიც სუფევს რეალობის იმ მცირე ნაწილში, ჩვენი სუსტი გონებისათვის რომაა მისაწვდომი” (ეინშტეინი ა.სამეცნიერო შრომების კრებული. ტ.4. მ., 1967, გვ.142).

შეიძლება თუ არა მეცნიერებიდან გამოვრიცხოთ რწმენა იმაზე, რომ სამყარო კანონზომიერია? სამყარო შეიძლება შეისწავლო მხოლოდ მაშინ, თუკი მასში კანონზომიერი წესრიგია, და არა ქაოსი. სამყაროს კანონზომიერების რწმენიდან გამომდინარეობს დასკვნები, რომ არსებობს ბუნების ობიექტური კანონები, რომელიც შეიძლება შეიცნო. და ბუნების ეს კანონები უნივერსალურია, უცვლელია, სივრცის და დროის მიღმაა.

გამოჩენილი ამერიკელი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, კიბერნეტიკისა და ხელოვნური ინტელექტის ფუძემდებელი ნორბერტ ვინერი წერდა:” რწმენის გარეშე, რომ ბუნება ექვემდებარება კანონებს, არ შეიძლება არსებობდეს მეცნიერება” (ვინერი ნ. კიბერნეტიკა და საზოგადოება. მ., 1958. გვ.158). როგორც ვხედავთ ფაქტია,რომ სამყაროს მეცნიერული აღქმის საფუძველი -რწმენაა!

საღვთო გამოცხადება გვასწავლის, რომ ადამიანი შექმნილია ხატად ღვთისა, რას ნიშნავს ეს? ადამიანში ღმერთის ძირითადი თვისებებია გონება, თავისუფალი ნება, სიყვარულის უნარი, შემოქმედებითი უნარი, მეფური ღირსება, ზნეობრივი გრძნობა (სინდისი), სულის უხილავობა, შეუცნობადობა და უკვდავება. ღვთიური გამოცხადებიდან ცხადი ხდება, რომ ყველა ადამიან ერთი ბუნება აქვს, რომ ყველანი ადამისა და ევას შთამომავლები ვართ, ანუ ყველა ადამიანი თანაბარია, ყოველ მათგანშია ღმერთის ხატის ნაწილი, ყველას ბუნება ერთია. აქედან დასკვნაც, რომ მონობა უცხოა ქრისტიანობისათვის, რომ ნებისმიერი იდეა ვინმეს რასობრივ უპირატესობაზე ქრისტიანობაში ვერავითარ საფუძველს ვერ ჰპოვებს. ნებისმიერი კერპთაყვანისმცემლური იდეა, რომ არსებობენ წმინდა სისხლის არიელები და არასრულფასოვანი ერები, უცხოა ქრისტიანობისათვის.

თუკი ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი, ე.ი. იგი ბუნების მონა არ არის, ის არ ცხოვრობს ინსტინქტებით, როგორც ცხოველი, რომელშიც არაა ღმერთის სახე, ადამიანი სულ სხვაა, ვიდრე, ვთქვათ, მაიმუნი. რაშია განსხვავება მათ შორის? ბიოლოგიაში ნამდვილად არა, სწორედ ადამიანისა და მაიმუნის სხეულის ბიოლოგია არც ისე დიდად განსხვავდება, რადგანაც სხეულები ღმერთმა ერთი და იმავე მასალისაგან შექმნა, ანუ “არაფრისგან”. განსხვავება იმაშია, რასაც ჩვენ პიროვნებას ვეძახით.

პიროვნება — ეს ყოველთვის საიდუმლოა, თუნდაც ადამიანი სრულად აღწერო,- მისი ხასიათის თვისებები, სიმპათიები და ანტიპათიები, მანკიერებანი და მისწრაფებები, მისი IQ-ს დონე, მაინც დარჩება რაღაც ამოუცნობი. ადამიანს შეუძლია ჩაიდინოს რაიმე ქმედება, ადამიანი მანქანა როდია, ადამიანი ბუნების მონა არაა. ცხოველები ინსტინქტებით ცხოვრებენ, ადამიანი ცხოველზე მაღლა დგას, მაშიც არის ინსტინქტები, მაგრამ რაც უფრო მეტად სულიერადაა განვითარებული ადამიანი, მით ახლოსაა იგი ღმერთთან, მით უფრო ნაკლებია მასზე ინსტინქტების ზეგავლენა. ადამიანს მიეცა ნების თავისუფლება, იმის მიერ, ვინც სრულიად თავისუფალია, ანუ ღმერთის მიერ.
შეუძლებელია გაიგო, თუ რა და ვინაა ადამიანი ქრისტიანობაში, თუკი ვერ გაიგებ რა არის ღმერთი, იმიტომ რომ ღვთის სახით ადამიანში ღმერთი აირეკლება.
საღმრთო გამოცხადებიან მომდინარეობს, რომ ღმერთი აბსოლუტურია და ამიტომაც მიუწვდომელია. ადამიანი შეზღუდულია და სწვდება ღმერთს მისი გამოვლინებებითა და საქმეებით.

ღმერთი შემოქმედია და ადამიანი შექმნილია მის მიერ. რა ლოგიკური დასკვნები გამომდინარეობს აქედან? თუკი ღმერთი შემოქმედია და ქმნის სამყაროს არა საკუთარი თავისაგან, როგორც ასწავლიან, მაგალითად, პანთეისტები, მაგრამ “არაფრისგან”, ე.ი.ს ამყარო შეცნობადია. და თუ სამყარო შეცნობადია, ე.ი. მეცნიერებას აქვს საფუძველი არსებობისათვის.

მაგალითად, ბევრი ინდუსისათვის სამყარო არის ილუზია. როგორ შეიძლება შეიცნო ილუზია?!ბევრი მუსულმანი თვლის, რომ ალაჰი ქმნის სამყაროს ყოველ წამში, ანუ ყოველ წამს სამყარო იგივე არაა, რაც იყო წინათ. და განა შესაძლებელია შეიცნო მსგავსი სამყარო? იქნებ შემდეგ წამში ალაჰი შეცვლის სამყაროს ყველა ფიზიკურ კანონს? ამიტომაც მეცნიერება განვითარდა იმ ქვეყნებში, სადაც ქრისტიანობა იყო მსოფლმხედველობის საფუძველი.
ღმერთი — შემოქმედია, ადამიანი მის ხატად შექმნილი, აქედან ლოგიკურად მომდინარეობს შემოქმედებითი საწყისი ადამიანში. ხელოვნება, მეცნიერება — არფერი იქნებოდა, თუკი ადამიანში არ იქნებოდა შემოქმედებითი საწყისი.

და თუ ღმერთი არაა, თუკი ადამიანი ბრმა სტიქიის შედეგია, საიდანღა გაჩნდა გონება, ნება ადამიანისა, მისი შემოქმედებითი საწყისი? სადაა ისინი ბრმა სტიქიაში, უგრძნობ მატერიაში?

ღვთიური გამოცხადებიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ღმერთი უცვლელია. და თუ ღმერთი არ იცვლება, განა შეიძლება შეიცვალოს მისი ღვთიური გამოცხადება, თუკი მან უკვე მისცა ის მთელი სისავსით?

ღმერთის უცვლელობიდან და მისი გამოცხადების სისავსიდან, რომელიც მან იესო ქრისტეს საშუალებით მისცა ხალხს, ლოგიკურად მომდინარეობს :”დოგმატის” ცნება.
ქრისტიანობის კრიტიკოსებს რომ ვკითხულობ, ბევრი თავდასხმა მხვდება ცნებაზე “დოგმატი”, “დოგმა”. ქრისტიანებს ეუბნებიან, თქვენ გაქვთ დოგმატური აზროვნება, მხედვე;ლობაში აქვთ რა ,რომ ქრისტიანები — ჯიუტი იდიოტები არიან, რომელთაც არ სურთ პროგრესულად განვითარდნენ და შეიცვალონ შეხედულებები ამა სოფლის მოდის საამებლად. მსურს აღვნიშნო , რომ ქრისტიანებზე ასეთ შეხედულებას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ეს რომ გაიგო, უნდა გაარკვიო, თუ რას გულისხმობენ ქრისტიანები დოგმატებში.

თვით “დოგმატის” ცნება უსასრულოა, იმიტომ, რომ აღწერს იმას, ვინც მარადიულია და უსასრულო. დოგმატები გამოხატულია “დოგმატურ ფორმულირებებში”, რაც გადმოცემულია ღვთის გამოცხადების ძირითადი დამრიგებლობითი ჭეშმარიტებების მოკლე განსაზღვრებებით. მაგალითად, თუკი მტკიცებულება იმისა, რომ არსებობს ღმერთი- შემოქმედი, ჭეშმარიტი იყო 2000 წლის წინ, ხოლო ღმერთი ამასთან მარადიულია და უცვლელი, იქნებ ეს მტკიცებულება ცრუ გახდა ჩვენს დროში?! არა მგონია, რადგანაც თუკი ღმერთი შემოქმედი იყო ორი ათასი წლის წინათ, ის ახლაც ასეთივეა. და ამ მტკიცებულებაში არ შეიძლება არსებობდეს არანაირი ევოლუცია და პროგრესი. ნორმალურ ადამიანს აქვს ორი ფეხი, ორი ხელი და ერთი თავი, თუ ჩვენ წავაწყდებით სხვა სიტუაციას, ნორმად ვერ ჩავთვლით, უფრო ადამიანურ პათოლოგიად აღვიქვამთ. ასე იყო ორი ათასი წლის წინ, ასეა ახლაც. ნებისმიერ ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი თავი ადამიანისათვის ნორმა არაა, იჯერებს სიცრუეს, ის კი, ვინც ეთანხმება, რომ ეს მტკიცებულება ჭეშმარიტია, ღიად ავლენს დოგმატურობას, ე.ი. საღ აზროვნებას და სწორად აფასებს რეალობას მის გარშემო.
თუკი ვისაუბრებთ დოგმატზე , მივმართავთ რა ლოგიკას, მაშინ დოგმატი — ეს ჭეშმარიტი მტკიცებულებაა, რომელსაც დრო ვერ ცვლის. ქრისტიანები — ძალიან დოგმატური ხალხია, იმიტომ რომ ქრისტიანობის საფუძველია საღი აზროვნება, და ჩვენ არ გვესმის, თუ რატომაა საჭირო დროის განმავლობაში ჭეშმარიტი მტკიცებულებების უარყოფა, ვინაიდან ჭეშმარიტების უარყოფა ეს ხომ სიცრუეა. ხოლო ქრისტიანებისათვის სიცრუის მამა სატანაა, და სიცრუეში სიცოცხლე ქრისტიანებს არ შეუძლიათ. თანაც ეჭვს იწვევს თვით თეზისი ადამიანისა და კაცობრიობის ევოლუციის შესახებ. მე არ ვლაპარაკობ ბიოლოგიაზე, არამედ ადამიანის შინაგან სამყაროზე. განა სამყაროდან გაქრა ბოროტება, ანდა შემცირდა? თუკი ეს არ გჯერათ, მოუყევით ამის შესახებ ოსვენციმის ტყვეებს, რომლებიც იქ მოხვდნენ არა ბნელი შუასაუკუნეების ეპოქაში. თუმცა პირადად მე არ მესმის , რატომ იყო შუასაუკუნეები ბნელი და რატომ ითვლება პროგრესულად დრო, როცა კაცობრიობამ შექმნა იარაღი, რომელსაც მისივე სრულად განადგურება შეუძლია?

შუა საუკუნეებშიც არსებობდნენ მდიდრები და ღარიბები, როგორც ახლა. მაშინაც მოღვაწეობდნენ გენიალური მხატვრები, პოეტები და მწერლები, ესეა ახლაც. მაშინ იყვნენ სულელები და ჭკვიანები, განათლებულნი და უვიცები, ავადმყოფები და ჯანმრთელები, ახლაც — იგივეა. რა თქმა უნდა, სამეცნიერო ცოდნასა და ტექნიკაში პროგრესია, მაგრამ ადამიანი ხომ იგივე დარჩა. რა კარგადაა ნათქვამი ბიბლიაში:”რაც იყო, ის იქნება; და რაც კეთდებოდა, ის გაკეთდება, და არაფერია ახალი მზის ქვეშ. არის რაღაც, რაზეც ამბობენ :”შეხედე, აი ეს სიახლეა”; მაგრამ (ეს) უკვე იყო საუკუნეების წინ, ჩვენს წინ რომ იყო. აღარაა ხსოვნა წარსულზე, და არც იმაზე, რაც იქნება, აღარ დარჩება ხსოვნა იმათში, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა” (ეკლ.1:9-11).

ამრიგად, გარდა იმისა, რომ ღმერთი უცვლელია, ის პიროვნებაცაა. რას ნიშნავს ეს?პიროვნება თავის თავს ავლენს იმ ძალებით, რაც გონიერი ბუნებისთვისაა დამახასიათებელი: ჭკუა, ნება და სასიცოცხლო ენერგია.როცა ქრისტიანი ამბობს, რომ ღმერთი პიროვნებაა, ის უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს, რომ ღმერთი უნიკალურია, ის შეიცნობს და შეგნებულად გამოავლენს თავის თავს. პიროვნული საწყისი გონივრულია, ის შეგნებულია, შეუძლია გაცნობიერებული აქტების ჩადენა. თუკი ღმერთი პიროვნებაა, ის გაცნობიერებულად მოქმედებს, ადამიანთანაც გაცნობიერებულად მოქმედებს. თუკი ღმერთი პიროვნებაა, არსებობს ღვთის გამოცხადების შესაძლებლობა. ღმერთი პიროვნება პატიობს ადამიანს შეცდომებს, ეხმარება მას შეიცნოს სამყარო და საკუთარი თავიც.

და თუ ღმერთი არ არის პიროვნება,ხოლო პრაქტიკული ცდა გვიჩვენებს, რომ ადამიანებს ძალუძთ თვითშემეცნება და საკუთარი ნების გონიერი გამოვლენა, მაშინ ადამიანი ფლობს რაღაც ისეთს, რაც არა აქვს ღმერთს, ეს კი უცნაურია, რადგანაც ამ შემთხვევაში ადამიანი ღმერთზე მაღლა დგება. გამოდის, რომ მას აქვს რაღაც, რაც არ გააჩნია ღმერთს. პიროვნული ღმერთის უარყოფა დამახასითებელია ოკულტისტებისათვის და ინდუიზმის მთელი რიგი მიმდინარეობებისათვის.

ღმერთი არს სიყვარული. რა არის სიყვარული? აი, როგორ პასუხობს ამ კითხვაზე ბიბლია:’ სიყვარული დიდხანს ითმენს, გულმოწყალეა, სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ამაყობს, არ სჩადის უკანონობას, არ ეძიებს თავისას, არ ღიზიანდება, არ ზრახვის ბოროტს, არ უხარია სიცრუე, არამედ ხარობს ჭეშმარიტებით; ყველაფერს ფარავს, ყველაფრის სჯერა, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს იტანს. სიყვარული არ დასრულდება, თუმცა წინასწარმეტყველებები დასრულდება, ენები დადუმდება, და ცოდნაც მოისპობა” (1კორ. 13:4-8).

სიყვარულში არაა შიში, წმინდა წერილი გვასწავლის :”სიყვარულში არაა შიში, მაგრამ სრულყოფილი სიყვარული განდევნის შიშს, რადგანაც შიშშია ტანჯვა, მშიშარა არასრულყოფილია სიყვარულში “(1 იოან. 4:18).

ხშირად ბიბლიაში ადამიანს უწოდებენ მონას ღვთისას, რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს იყო სიყვარულის მონა, ეს ყოველმა ადამიანმა იცის, ვისაც კი ცხოვრებაში ერთხელ ყვარებია და არა ნდომებია, ვისაც ჰყვარებია არაეგოისტურად და თავგანწირვით.

მოსიყვარულე ადამიანი შეყვარებულის გულისათვის მზადაა მისცეს ყველაფერი, მოსიყვარულე ადამიანი ზრუნავს საყვარელზე, იცავს მას, ითმენს საყვარლის არასრულყოფილებას. ღმერთი არს სიყვარული და ადამიანი — ღმერთის სიყვარულის მონაა, მაგრამ ეს არაა მონობა, რომელიც ეფუძნება ძალადობას. ადამიანი — მარიონეტი არაა, ადამიანი — სიყვარულის ობიექტია. ადამიანი არ თრგუნავს ადამიანის ნებას, რადგანაც ის სიყვარულია, ღმერთი აძლევს ადამიანს ათასგვარ ძღვენს, იმიტომ რომ ის- სიყვარულია. ღმერთი ითმენს ჩვენს სიგიჟეებს, იმიტომ რომ ის სიყვარულია. ღმერთმა მისცა ადამიანს ნების თავისუფლება, იმიტომ რომ ის სიყვარულია. წმინდა წერილში ნათქვამია:” მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც მოსიყვარულე შვილებმა” (ეფ.5:1). ღმერთის მიბაძვა, აი ქრისტიანული ცხოვრების მიზანი. ესაა დიადი იდეალი.რა თქმა უნდა, შემეკამათებიან: თქვენ ძალიან იდეალისტური სურათი დაგვიხატეთ და სადაა ის ხალხი, ღმერთს რომ ემსგავსა? ქრისტიანების უმრავლესობა ხომ შორსაა იმ იდეალისაგან, რომლისკენაც წმინდა წერილი მოუწოდებს. მე ვუპასუხებ: დიახ, ასეთი ხალხი ცოტაა, მაგრამ სჯობს იყო ადამიანი, ვისაც გააჩნია ასეთი იდეალი, და ისწრაფვის მისკენ, ვიდრე იყო ადამიანი, ვინც უარყოფს ასეთ იდეალს. მას, ვინც მიდის, აქვს შანსი მიაღწიოს, მან, ვინც ადგილზე დგას, უკვე წააგო.

ვოლტერმა ოდესღაც თქვა:’ღმერთი რომ არ ყოფილიყო, საჭირო გახდებოდა მისი გამოგონება”. და ამაში ის მართალია. რა მოსდის საზოგადოებას, რომელიც უარყოფს ღვთის მცნებებს: არა კაც კლა, პატივი ეც დედასა და მამასა შენსა, არა იცრუო და ა.შ. ვინაიდან თუ ღმერთი არ არსებობს, მაშ რატომღა არ მოკლას ადამიანმა მშობლები და არ დაიკავოს მათი ბინა, რატომღა არ მოიპაროს და არ გახდეს ოლიგარქი, რატომღა არ იცრუოს, თუკი ეს მისთვის სარფიანია? როგორც წერდა დოსტოევსკი :”ღმერთი არ არის, ესე იგი ყველაფერი ნებადართულია”.

მართალია, მოხსენების ფორმატმა საშუალება არ მომცა უფრო ღრმად გამეშუქებინა მოცემული თემა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ზოგადად ავხსენი, რომ არჩევანის პრობლემა: რწმენა თუ ათეიზმი არც ისე მარტივია, როგორც ზოგიერთ ათეისტს ჰგონია.

სანამ მოხსენებას დავასრულებდე, მინდა გავაჟღერო თეზისების რიგი, რაც პერსპექტივაში მინდოდა განმეხილა ათეისტური საზოგადოების წარმომადგენლებთან. პირველი, თუკი ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანი ბუნების მონაა, სხვანაირად არც შეიძლება იყოს. შეუძლებელია იყო ბუნების ნაწილი, რომელსაც არაფერი აქვს ადამიანის მისგან გამყოფი და თან თავისუფალი იყო მისგან. მაგრამ თუ ღმერთი არსებობს, მაშინ ადამიანი ცხოველი არაა (იმიტომ, რომ ის შექმნილია ხატად ღვთისად, ხოლო ღმერთი არ ემორჩილება ბუნებას), ის ბატონობს ბუნებაზე, თუკი ღმერთი არ არსებობს (ანუ არც ღვთის ხატია ადამიანში), მაშინ ბუნების მონობის გარდა ათეიზმი ვერაფერს შემოგვთავაზებს.

მეორე, თუკი ღმერთი არ არსებობს, მაშინ არ არსებობს ერთიანი ზნეობრივი სტანდარტი, იმიტომ რომ არ არსებობს ავტორიტეტი, რომელიც ამტკიცებს ამ სტანდარტებს, მაშინ სიტყვებს: არა იპარო, არა კაც კლა, პატივი ეც მამასა და დედასა შენსა და ა.შ. არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვთ. შესაძლებელია კი საზოგადოება იყოს მყარი, რომელსაც არ გააჩნია ერთიანი ზნეობრივი სტანდარტები?

მესამე, თუკი ღმერთი არ არსებობს, მაშინ ცხოვრება უსარგებლო საქმიანობად იქცევა. რა მნიშვნელობაა, თუკი არ არსებობს მარადიული სიცოცხლე, რამდენს ვიცოცხლებთ, გვეყოლება თუ არა შვილები, თუკი ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველა ადამიანი ადრე თუ გვიან მატლების საკვებად იქცევა და მეტი არაფერი.
მეოთხე, ცხოვრებისეული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მარტივი სისტემა უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე რთული, ტარაკანისა და ვირთხისათვის გადარჩენა გაცილებით იოლია, ვიდრე ადამიანის, აბა საიდან გაჩნდა იდეა, რომ ადამიანი რაღაც სახეობათა ევოლუციის მწვერვალია? იქნებ, ევოლუციის მწვერვალი ტარაკანი ან ვირთხაა?

მეხუთე, თუკი სახლს არ უვლი, ის ნელა და ჯიუტად ჯართის გროვად იქცევა. ამასაც ცხოვრებისეული გამოცდილება გვიჩვენებს. თუკი ეს ასეა, მართებული არ იქნება ვივარაუდოთ, რომ არის რაღაც გონიერი ძალა, რომელმაც შექმნა სამყარო და რომელიც იცავს ამ სამყაროს დანგრევისაგან.

მეექვსე, იდეა, რომ ღმერთი არ არსებობს, ლოგიკას ეწინააღმდეგება. ვამტკიცოთ, რომ ღმერთი არაა, შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, რომ ვინც ასეთ აზრს გამოთქვამს, აბსოლუტურ ცოდნას ფლობს.რადგანაც, რომ დაამტკიცო, რომ ღმერთი არ არსებობს, უნდა გამოიკვლიო მთელი არსებული სამყარო, თორემ რჩება ალბათობა, რომ ღმერთი მაინც არსებობს სამყაროს გამოუკვლევ ნაწილში. ბუნებაში არ არსებობს ისეთი აკადემიური მეცნიერება, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლოს.ამიტომაც, ან ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ ღმერთი არ არსებობს, ფლობს ყოვლისცოდნას, ანუ ღმერთის ატრიბუტს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღმერთი მაინც არსებობს. ანდა ადამიანი ცოდნად ასაღებს თავის რწმენას იმაში, რომ ღმერთი არ არსებობს. უცილობლად, ღმერთმა მისცა ადამიანს უფლება ერწმუნა, რომ ის არ არსებობს. თუმცა, ჩემი აზრით, ეს რწმენა ნაკლებად კონსტრუქციულია.

მეშვიდე, მტკიცებულება:” მეცნიერებამ დაამტკიცა — ღმერთი არ არსებობს” ანტიმეცნიერულია. რატომ? მეცნიერება განსაზღვრებით თავის ცოდნაში შეძღუდულია, ის შეისწავლის ფიზიკურ სამყაროს, ნებისმიერი ცოდნა, რომელიც საკუთარ აბსოლუტობას ამტკიცებს, წამიერად რელიგიად იქცევა. იმიტომ რომ ,სწორედ რელიგია საუბრობს მარადიულ კატეგორიებზე. სამეცნიერო ცოდნა ჭეშმარიტია მანამდე, სანამ მას არ გადახედავენ. ნიუტონის პერიოდის ფიზიკა ძალიან განსხვავდება პლანკის პერიოდის ფიზიკისაგან. რაღა იქნება შემდეგ, ვერც ერთი მეცნიერი ამას ვერ იტყვის. იმიტომ რომ ,რაც დღეს მეცნიერულ ფაქტად ითვლება, ხვალ შეიძლება გადაიხედოს მეცნიერთა მიერ.

მინდა ჩემი მოხსენება ჩარლზ დარვინის სიტყვებით დავასრულო:”რაც შეეხება საკითხის საღვთისმეტყველო მხარეს — ჩემთვის ეს ყოველთვის მტკივნეული იყო. დაბნეული ვარ. არ მქონდა მიზნად ათეისტური გაგებით მეწერა.

ამ საოცარი სამყაროსა და განსაკუთრებით ადამიანის ბუნების თვისებების შესწავლისას, ვერაფრით დავარქმევ მათ უხეში ძალის ქმედების შედეგს. უფრო მეტად მგონია, რომ ყველაფერი წარმოიმნა დადგენილი კანონების შესაბამისად, და მხოლოდ წვრილმანი დეტალები — კარგი თუ ცუდი — დარჩენილია იმისთვის, რასაც შემთხვევას ვეძახით” (დარვინი, 1993, 224).

ავტორი: ვასილი პიტანოვი