„როცა რაიმე ბრალისათვის დასჯილი განუდგება სამღვდელო დასს, თავს არ მოუხრის კანონს, თავის თავს თვითონ ასამართლებს და ძალით მიიკუთვნებს პატივსა და მღვდლობას — ეს არის თვითნებური შეკრება, კიდეშესაკრებლობა.“ წმ. ბასილი დიდი, I კანონი.
ბოლნისისა და დმანისის ყოფილი ეპისკოპოსის, ქრისტეფორე წამალაიძის კანონიკური სტატუსის შესახებ საკითხი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ 1995-2009 წლებში რამდენჯერმე იქნა განხილული. 1995 წლის 31 ივლისს მრევლისა და სამღდველოების საჩივრის საფუძველზე, წმინდა სინოდმა ეპისკოპოსი ქრისტეფორე რუის-ურბნისის ეპარქიის მმართველობიდან გაათავისუფლა და ბოლნისისა და დმანისის ეპარქიის მმართველად დაადგინა, იმავე წლის 17 სექტემბერს კი, რამდენიმე მიზეზით დროებით განაყენა მღვდელმოქმედებიდან (შეუჩერა მღვდელმოქმედება). ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კიდევ ექვსჯერ იმსჯელა მღვდელმოქმედება შეჩერებული ეპისკოპოსის კანონიკური სტატუსის შესახებ და დღეისათვის, საბოლოო გადაწყვეტილებით (2009 წ.), ის კვლავ განყენებულია მღვდელმოქმედებიდან. ქვემოთ, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოვადგენთ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძესთან დაკავშირებულ სინოდალურ განჩინებებს (ამონარიდებს):
- 1995 წლის 31 ივლისი.
წმინდა სინოდის ამ სხდომაზე განხილულ იქნა რუისისა და ურბნისის ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის საჩივარი მმართველი მღვდელმთავრის დარღვევათა შესახებ.
წმინდა სინოდის ოქმი (ამონარიდი): „IV. წმ. სინოდმა განიხილა ურბნისისა და რუისის სამღვდელოებისა და მრევლის საჩივარი მმართველი ეპისკოპოსის, ქრისტეფორეს (წამალაიძე) დარღვევათა შესახებ.
წმ. სინოდმა განაჩინა:
1. ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) მიეცეს უკანასკნელი გაფრთხილება, რათა მისი მოქმედებანი არ იყოს დამაბრკოლებელი მართლმადიდებელი მრევლისთვის.
2. ეპისკოპოსი ქრისტეფორე განთავისუფლდეს ურბნისისა და რუისის ეპარქიიდან და გადაყვანილ იქნას ბოლნისისა და დმანისის ეპარქიის მმართველად.“ (ჟურნალი: „მადლი“. #8. 1995 წ.)
მოცემული ოქმის ტექსტში ვერ ვხვდებით ამ დარღვევათა ჩამონათვალს, ან სხვა რაიმე სახის კონკრეტიზაციას, თუმცა, გაკეთებული დათქმიდან — „მიეცეს უკანასკნელი გაფრთხილება“, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წმინდა სინოდმა ამ გადაწყვეტილებამდე რამდენჯერმე უკვე განიხილა ეპისკოპოს ქრისტეფორეს საკითხი და შენიშვნაც რამდენჯერმე (სულ მცირე ერთჯერ მაინც) მისცა. კანონიკური სამართალი ამ შენიშვნებს, ანუ მხილებას უკვე სასჯელებად განიხილავს (შდრ: IV მსოფლიო კრების მე-19 კანონი). შესაბამისად, ეპისკოპოს ქრისტეფორეს მიმართ წმინდა სინოდის მიერ მიღებული ეს დადგენილება უკვე წარმოადგენს მის მიმართ განსაზღვრულ საეკლესიო სასჯელს, რაც აუცილებლად გულისხმობს კანონიკურ დარღვევას, ან ცოდვას. ამასთან, მხილება, როგორც საეკლესიო სასჯელი, ყველაზე მსუბუქი ხასიათისაა და წინუსწრებს ყველა სხვა სასჯელს.
ამ დადგენილების მიღებიდან რამდენიმე თვეში წმინდა სინოდმა კიდევ ერთხელ განიხილა ეპისკოპოს ქრისტეფორეს საკითხი.
- 1995 წლის 17 სექტემბერი.
ამჯერად მიღებული გადაწყვეტილებით ეპისკოპოს ქრისტეფორეს შეეფარდა უფრო მკაცრი სასჯელი — მღვდელმოქმედებიდან განყენება.
წმინდა სინოდის ოქმი (ამონარიდი): „2. წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების სისტემატური დარღვევისა, წმინდა სინოდის მიერ გამოცხადებული უკანასკნელი გაფრთხილების უგულვებელყოფისათვის, ეპარქიის უნებართვოდ მიტოვებისა და საქართველოდან უცხოეთში თვითნებურად გამგზავრებისათვის ბოლნისისა და დმანისის ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე) გამოყვანილ იქნას წმინდა სინოდის შემადგენლობიდან, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობიდან და აეკრძალოს მღვდელმოქმედება. თუ ეპისკოპოსი ქრისტეფორე არ მოინანიებს საეკლესიო კანონების დარღვევებს, მის მიმართ მიღებული იქნება მკაცრი კანონიკური ზომები და იგი სრულიად განიკვეთება სამღვდელო ხარისხიდან.“ (ჟურნალი „მადლი“. #9. 1995 წ.)
მოცემული სინოდალური განჩინების თანახმად, ეპისკოპოს ქრისტეფორეს აეკრძალა მღვდელმოქმედება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ მის უფლებრივ შეზღუდვას აღასრულოს მღვდელმოქმედება, არამედ იმასაც, რომ მის მიერ შესრულებული მღვდელმოქმედება მოკლებულია მადლმოსილებას და კანონიკურად შესრულებულად არ ითვლება. მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის მიხედვით სასულიერო პირი (იქნება ის ეპისკოპოსი, ხუცესი თუ დიაკონი) საეკლესიო საიდუმლოებებისა და წესების აღსრულების მადლმოსილებას ფლობს არა საკუთრივ, დამოუკიდებლად, არამედ მთელს ეკლესიასთან ერთობაში, კავშირში. შესაბამისად, ეკლესიასთან მისი კავშირის შეწყვეტა (ამ შემთხვევაში მღვდელმოქმედების აკრძალვა) ამ სამღვდელო მადლმოსილების განხორციელებისთვის (შდრ: Bishop Gregory Grabbe. მოციქულთა მე-5 კანონის კომენტარი). უფრო მეტი სიცხადისთვის შეიძლება ითქვას, რომ მღვდელმოქმედების აღსრულებისათვის საჭირო მადლმოსილება, მღვდლობის მადლი, სასულიერო პირს ეკლესიის მიერ ქიროტონიით (ხელთდასხმით) მიეცემა და ასევე ეკლესიის მიერ შეიძლება შეუჩერდეს, ან სრულიად ჩამოერთვას (მღვდლობიდან სრული განკვეთის შემთხვევაში). სწორედ აქედან გამომდინარე, მსგავსი სასჯელით დასჯილი პირის მიერ შესრულებული საეკლესიო საიდუმლოები კარგავს მადლმოსილებას. გარდა აღნიშნულისა, დასჯილ სასულიერო პირს ერთმევა იერარქიული უფლებები, საეკლესიო მმართველობაში მონაწილეობის უფლება („გამოყვანილ იქნას წმინდა სინოდის შემადგენლობიდან, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობიდან“) და ქადაგება-დამოძღვრის უფლებაც კი.
რაც შეეხება თავად ეპისკოპოს ქრისტეფორეს დასჯის საფუძვლებს, წმინდა სინოდის განჩინებაში ყურადღებას იპყრობს შემდეგი: „ეპარქიის უნებართვოდ მიტოვება და საქართველოდან უცხოეთში თვითნებურად გამგზავრება“. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი უმძიმეს ცოდვად მიიჩნევს სასულიერო პირის მიერ მისთვის მინდობილი მრევლის მიმართ უზრუნველობას. ეპისკოპოსის შემთხვევაში კი ეს ცოდვა უფრო მძიმდება, რადგან ამ დროს ზრუნვას მოკლებულია არა მხოლოდ მრევლი, არამედ სასულიერო პირებიც, ანუ მთლიანად ეკლესია (ეპარქია). „დიდი სჯულის კანონში“ შემავალი მრავალი კანონი სწორედ მღვდელმოქმედების აკრძალვით (პირველ ეტაპზე) და მღვდლობიდან განკვეთით (შეუნანებლობისა და გამოუსწორებლობის შემთხვევაში) სჯის მსგავსი ბრალდებით გასამართლებულ სასულიერო პირებს (შდრ: მოციქულთა მე-15, 58-ე კანონები; ანტიოქიის ადგილობრივი კრების მე-3, მე-17 კანონები და სხვ.).
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის ზემოთ მოყვანილი განჩინების ბოლოს გაკეთებული დათქმა, რომ, თუ ეპისკოპოსი ქრისტეფორე არ შეინანებს, იგი სრულიად განიკვეთება სამღვდელო ხარისხიდან; ასევე ის ფაქტი, რომ წმინდა სინოდის მიერ მოგვიანებით რამდენჯერმე იქნა განხილული მისთვის მღვდელმოქმედების უფლების დაბრუნების საკითხი, მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს მღვდელმოქმედებიდან დროებით განყენებასთან. ეს წარმოადგენს ერთგვარ გარდამავალ მდგომარეობას, რომელიც დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება (განსხვავებით, მაგალითად, სამუდამო განყენების ან განკვეთისაგან, რომელიც შესაძლოა აღარც კი შეიცვალოს რაიმე სხვა სასჯელით) და რომელიც ან დასჯილი პირის კანონიკურ (მღვდელმოქმედების) უფლებებში აღდგენით უნდა სარულდეს, ან მას უფრო მკაცრი სასჯელი უნდა დაეკისროს, მაგალითად: სამღვდელო ხარისხიდან სრულიად განკვეთა, რაც ჩვენს შემთხვევაში წინასწარვეა განსაზღვრული, როგორც მომდევნო სასჯელი.
რამდენიმე წლის შემდეგ წმინდა სინოდმა განიხილა ეპისკოპოს ქრისტეფორეს წერილობითი მიმართვა.
- 1998 წლის 8 ოქტომბერი.
წმინდა სინოდის ოქმი (ამონარიდი): „5. წმინდა სინოდმა მოისმინა მღვდელმოქმედებიდან დაყენებული და წმინდა სინოდის წევრობიდან განთავისუფლებული ეპისკოპოსის, ქრისტეფორე წამალაიძის წერილი.
წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების სისტემატური დარღვევის, წმინდა სინოდის მიერ გამოცხადებული უკანასკნელი გაფრთხილების უგულვებელყოფის, ეპარქიის უნებართვოდ მიტოვებისა და საქართველოდან უცხოეთში თვითნებურად გამგზავრებისათვის ბოლნისისა და დმანისის ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე), 1995 წლის 17 სექტემბრის წმინდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, გამოყვანილ იქნა წმინდა სინოდის შემადგენლობიდან, განთავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან, აეკლრძალა მღვდელმოქმედება და მიეცა გაფრთხილება, რომ თუ არ მოინანიებდა ჩადენილ დარღვევებს, მის მიმართ მიღებული იქნებოდა მკაცრი კანონიკური ზომები და სრულიად განიკვეთებოდა სამღვდელო ხარისხიდან.
მიუხედავად ზემოთქმულისა, ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ, ნაცვლად სინანულისა, მიატოვა საქართველო და უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა საზღვარგარეთ.
წმინდა სინოდმა განაჩინა:
შეიქმნას სინოდალური კომისია, რომელიც შეისწავლის ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძის საქმიანობას უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში და თავის დასკვნას წარუდგენს წმინდა სინოდს.“ (ჟურნალი „მადლი“. #14-15. 1998 წ.)
როგორც მოცემული ტექსტიდან ირკვევა, ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ არ გაითვალისწინა წმინდა სინოდის წინა დადგენილება და მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, გააგრძელა საეკლესიო კანონების დარღვევა, რითაც კიდევ უფრო დაამძიმა საკუთარი ბრალი. ორი თვის შემდეგ წმინდა სინოდმა ახალი დადგენილებით შექმნა სინოდალური კომისია ხუთი მღვდელმთავრის შემადგენლობით.
- 1998 წლის 24 დეკემბერი.
წმინდა სინოდის ოქმი (ამონარიდი): „4. წმინდა სინოდმა განიხილა მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოსის ქრისტეფორეს (წამალაიძე) ბოლო წერილი, რომელშიც იგი კვლავ ითხოვს ხარისხში აღდგენას.
ამასთან დაკავშირებით სინოდმა განაჩინა:
შეიქმნას ქრისტეფორე წამალაიძის საქმის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: მარგვეთის მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე) — თავმჯდომარე, ურბნისისა და რუისის მთავარეპისკოპოსი — იობი (აქიაშვილი), ალავერდის მთავარეპისკოპოსი — დავითი (მახარაძე), ჭიათურის მთავარეპისკოპოსი — აბრაამი (გარმელია), ხონის ეპისკოპოსი — საბა (გიგიბერია).“ (ჟურნალი „მადლი“. #1-2. 1999 წ.)
ამ კომისიამ შექმნისთანავე დაიწყო ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძის საქმის შესწავლა. მოამზადა შესაბამისი კითხვები, რომელზე პასუხის გაცემაც მოსთხოვა ეპისკოპოს ქრისტეფორეს. სამწუხაროდ, გაცემული პასუხები არ აღმოჩნდა კომისიისთვის დამაკმაყოფილებელი, რათა ჩადენილი დარღვევებიდან გამორიცხულიყო მისი ბრალი ან წარმოჩენილიყო სინანული, რაც საფუძველი გახდებოდა იმისთვის, რომ მღვდელმოქმედებიდან დროებით განყენებულ ეპისკოპოსს კვლავ აღდგენოდა მღვდელმოქმედების უფლება. წმინდა სინოდმა მოისმინა კომისიის მოხსენება აღნიშნულთან დაკავშირებით და ეპისკოპოს ქრისტეფორეს მიმართ დადგენილი სასჯელი ძალაში დატოვა.
- 2000 წლის 14 დეკემბერი.
წმინდა სინოდის ოქმი (ამონარიდი):
„IV. წმინდა სინოდმა განიხილა მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) წერილი კათოლიკოს-პატრიარქისა და წმ. სინოდისადმი და მისი პასუხები სინოდის მიერ დანიშნული კომისიის თავმჯდომარის, აწ გარდაცვლილი მიტროპოლიტ კონსტანტინესაგან (მელიქიძე) მისთვის დასმულ კითხვებზე.
ვინაიდან პასუხები სრულიად შეუსაბამოდ და არადამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული, წმ. სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე) დარჩეს მღვდელმოქმედების აკრძალვაში და, თანახმად დიდი სჯულის კანონისა, მიეცეს საბოლოო გაფრთხილება, რომ თუ იგი არ შეწყვეტს მღვდელმოქმედებას, სრულიად განიკვეთება სამღვდელო ხარისხიდან.“ (ჟურნალი „მადლი“. #1-2. 2000 წ.)
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მოცემული დადგენილება ცხადყოფს, რომ წმინდა სინოდმა ამომწურავად განიხილა ეპისკოპოს ქრისტეფორეს საკითხი, იგი საბოლოოდ ცნო დამნაშავედ ჩადენილ უკანონობაში და ერთადერთ გზად სინანული განუსაზღვრა.
სინოდალური დადგენილების ტექსტიდან ირკვევა ახალი გარემოება, როგორც ჩანს ეპისკოპოსი ქრისტეფორე არ დაემორჩილა საქართველოს ეკლესიას და მისგან დამოუკიდებლად დაიწყო მღვდელმსახურება, რისი უფლებაც არ ქონია — „თანახმად დიდი სჯულის კანონისა, მიეცეს საბოლოო გაფრთხილება, რომ თუ იგი არ შეწყვეტს მღვდელმოქმედებას, სრულიად განიკვეთება სამღვდელო ხარისხიდან.“
მსგავსი ხასიათის კანონიკურ დარღვევაზე საუბრობს წმინდა ბასილი დიდი თავის პირველ კანონიკურ ეპისტოლეში იკონიის ეპისკოპოს ამფილოქეს მიმართ, სხვაგვარად ამ ტექსტს წმ. ბასილი დიდის პირველ კანონად ვიცნობთ. ტექსტში ვკითხულობთ:
„(…) კიდეშესაკრებელობა (თვითნებური თავშეყრა) კი არის, როცა დაუმორჩილებელ ეპისკოპოსს ამ მღვდელს აყოლილი ერი კრებას იწვევს, როცა რაიმე ბრალისათვის დასჯილი განუდგება სამღვდელო დასს, თავს არ მოუხრის კანონს, თავის თავს თვითონ ასამართლებს და ძალით მიიკუთვნებს პატივსა და მღვდლობას. ასევე თუ გამოიყოფა ვინმე, დატოვებს კათოლიკე ეკლესიას და მოაწყობს თვითნებურ შეკრებას — ეს არის თვითნებური შეკრება, კიდეშესაკრებლობა.“
ცხადია, კიდეშესაკრებელობა არ არის არც ერესი და არც სქიზმა, რაც ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს წყვეტას ეკლესიასთან, თუმცა თავისი არსით თვითნებური შეკრება სწორედ სქიზმის წინასახეა და ამდენად, მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. ამის გათვალისწინებით, მონანული, რომელიც დატოვებს მსგავს კრებულს და დაბრუნდება მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, მხოლოდ სინანულის საფუძველზე მიიღება, მათ შორის, სასულიერო პირებს შეუნარჩუნდებათ სამღვდელო ხარისხი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, რამდენიმე გზის მხილებისა და შეგონების შემდეგ ისინი სრულიად განიკვეთებიან ეკლესიიდან.
როგორც აღვნიშნეთ, წმინდა სინოდის უკანასკნელი დადგენილებით ხაზგასმული იქნა ახალი გარემოება, რომელიც არა მხოლოდ ეპისკოპოს ქრისტეფორეს ეხება, არამედ ცალსახად მიუთითებს ეკლესიის მხრიდან დასჯილი ეპისკოპოსის მიერ შეცდომაში შეყვანილ მრევლისთვის ზრუნვაზე. გარდა ამისა, დასჯილი სასულიერო პირის მიერ აკრძალული საქმიანობის განხორციელება (ამ შემთხვევაში, მღვდელმოქმედება) პირდაპირ წარმოადგენს მისთვის უფრო მძიმე სასჯელის შეფარდების საფუძველს (ამ შემთხვევაში, მღვდლობიდან განკვეთა).
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმაც სწორედ ამ მიზნებით მიიღო მომდევნო დადგენილება.
- 2003 წლის 18 აგვისტო.
წმინდა სინოდის ოქმი (ამონარიდი):
„წმინდა სინოდმა განიხილა მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) მიმართვა სინოდისადმი.
მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოსი ქრისტეფორე ასრულებს ცრუ მღვდელმსახურებას და შეცდომაში შეყავს მორწმუნე მრევლი; მისი მღვდელმოქმედება არაკანონიკურია.
წმინდა სინოდმა განაჩინა: მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოსი ქრისტეფორე გაიგზავნოს შიომღვიმის მონასტერში მოსანანიებლად. მონანიების შემთხვევაში, მის შესახებ იმსჯელებს წმინდა სინოდი შემდეგ სხდომაზე.“ (ჟურნალი „საპატრიარქოს უწყებანი“. #33. 2003 წ.)
ამ დადგენილებით, წმინდა სინოდმა კიდევ ერთხელ და ახლა უკვე პირდაპირ განაცხადა, რომ მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოსის ქრისტეფორეს მიერ შესრულებული ნებისმიერი საეკლესიო საიდუმლოება, ან წესი არის ცრუ და არაკანონიკური, რითაც ის არა მარტო თავად არღვევს საეკლესიო კანონებს, არამედ მასზე მინდობილი მორწმუნე მრევლიც შეცდომაში შეყავს. ეს უკანასკნელი დარღვევა კი თავისი არსით გაცილებით აღემატება პირველს, რადგან თუკი პირველ შემთხვევაში სასულიერო პირი საკუთარი არაკანონიკური მოქმედებით მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებს, მეორე შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა იმ მრევლის დაბრკოლებისა და მოტყუებისთვისაც ეკისრება, რომელიც მასზე გულწრფელი რწმენით არის მინდობილი. შესაბამისად, მივდივართ დასკვნამდე, რომ მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოსი არათუ სინანულისკენ და ეკლესიასთან შერიგებისკენ ისწრაფვის, არამედ თავის ყველა ნაბიჯში ის უფრო და უფრო შორდება ეკლესიის წიაღს. ჩვენ, რა თქმა უნდა, უფლება არ გვაქვს მას კიდევ უფრო მძიმე ბრალდება წავუყენოთ (ერესის ან სქიზმის), მაგრამ არც იმაში შევცდებით, თუკი ვიტყვით, რომ საკუთარი ანტიეკლესიური მოღვაწეობით და ეკლესიის მიერ მისთვის განსაზღვრული სასჯელის შეუსრულებლობით ეპისკოპოსი ქრისტეფორე სწორედ უფრო დიდი განყოფისკენ მიილტვის.
სწორედ ამიტომ წმინდა სინოდი არ დასჯერდა მისთვის განსაზღვრული სინანულის მის მიერ დამოუკიდებლად შესრულების მოთხოვნას და ახალი დადგენილებით ის შიომღვიმის მონასტერში განაწესა, სადაც ის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდა. ეს გულისხმობს, რომ ეპისკოპოსი ქრისტეფორე ვალდებული იყო გამგზავრებულიყო შიომღვიმის მონასტერში და მონასტრის ზედამხედველობით ეცხოვრა გარკვეული პერიოდი, რაც, თავისთავად, გამორიცხავდა მის მიერ მონასტრის გარეთ რაიმე სახის მოღვაწეობას. სამწუხაროდ, წმინდა სინოდის ეს მოთხოვნაც უგულვებელყოფილი იქნა და საჭირო გახდა ეკლესიას კიდევ ერთხელ მოეწოდებინა მისთვის სინანულისკენ და კვლავ შიომღვიმის მონასტერში გაეგზავნა.
- 2006 წლის 21 დეკემბერი.
წმინდა სინოდის ოქმი (ამონარიდი):
„წმინდა სინოდმა მოისმინა მღვდელმოქმედება აკრძალული ქრისტეფორე წამალაიძის წერილი და ამჟამად შეუძლებლად მიიჩნია მისი სამღვდელმთავრო ხარისხში აღდგენა. წმინდა სინოდი განაწესებს მას შიომღვიმის მონასტერში და მოუწოდებს სინანულისკენ.“
(ჟურნალი „მადლი“. #1-2. 2007 წ.)
სინოდის ამ დადგენილებაში ყურადღებას იქცევს ერთი დათქმა, კარძოდ: სამღვდელმთავრო ხარისხში აღდგენა, რაც კანონიკური სამართლის თანახმად აუცილებლად გულისხმობს სამღვდელმთავრო ხარისხის, ამ შემთხვევაში ეპისკოპოსობის, ჩამორთმევას, დამცრობას (დაქვეითებას). მხოლოდ ამ ტექსტის წაკითხვის შემთხვევაში მართებული იქნებოდა გვეფიქრა, რომ ქრისტეფორე წამალაიძე ჩამომცრობილია ეპისკოპოსობიდან, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს ეკლესიას არ მიუღია, გარდა ამისა მომდევნო წმინდა სინოდის ოქმი მას ისევ ეპისკოპოსად მოიხსენიებს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს დათქმა ან შეცდომაა, ან არასწორი მნიშვნელობითაა გამოყენებული.
ბოლო პერიოდში მდგომარეობა, ერთი შეხედვით, შეიცვალა. წმინდა სინოდმა უკანასკნელად ეპისკოპოს ქრისტეფორეს შესახებ 2009 წელს იმსჯელა და როგორც განჩინების ტექსტიდან ირკვევა, ამჯერად ეპისკოპოს ქრისტეფორეს წმინდა სინოდისთვის საკუთარი დარღვევების აღიარებით და შენდობის თხოვნით მიუმართავს.
- 2009 წლის 22 დეკემბერი.
წმინდა სინოდის ოქმი (ამონარიდი):
„წმინდა სინოდმა მოისმინა წინადადება ეპისკოპოს ქრისტეფორესთვის (წამალაიძე) მღვდელმოქმედების აღდგენის შესახებ. თავის მხრივ, მეუფე ქრისტეფორემ შენდობა ითხოვა საეკლესიო დარღვევებისა და შეცდომების გამო.
წმინდა სინოდმა განაჩინა: ეპისკოპოსი ქრისტეფორე გაიგზავნოს გამოსაცდელი ვადით ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში და შემდეგ მოხდეს მისი საკითხის განხილვა.“
(ჟურნალი „საპატრიარქოს უწყებანი“. #48. 2009 წ.)
სინოდალური განჩინების ტექსტი ეპისკოპოს ქრისტეფორეს მხრიდან ცოდვების აღიარებისა და სინანულის შესახებ იუწყება, თუმცა რეალური მდგომარეობა აბსოლუტურად განსხვავებულია. საქართველოს ეკლესიის არაერთგზისი მოწოდების მიუხედავად, ეპისკოპოს ქრისტეფორეს არ შეესრულებინა მღვდელმოქმედება, ის დღემდე არ წყვეტს საეკლესიო საიდუმლოებების (ნათლობა, ევქარისტია, ხელთდასხმა და ა.შ.) შესრულებას, რითაც საქმით წინაღუდგება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი, კერძოდ: 1999 წელს საქართველო მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოაქვეყნა მასთან განხეთქილებაში, სქიზმაში მყოფი ეკლესიებისა და დაჯგუფებების სია („საპატრიარქოს უწყებანი“, 612.XI, № 44), რომელსაც 2000 წლიდან დაემატა ე.წ. „სხვენის მართლმადიდებელი ეკლესია“. ეს სახელწოდება ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძის თვითნებურ კრებულს იმის გამო ეწოდა, რომ პირველად 2000 წელს ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ ღვთისმსახურება (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აკრძალვის მიუხედავად) საკუთარი სახლის სხვენში მოწყობილ სამლოცველოში აღასრულა. შესაბამისად, საპატრიარქოს მიერ განისაჯა და დაიგმო არა მხოლოდ თვითონ ეპისკოპოსი ქრისტეფორე, არამედ ის კრებულიც, რომელიც მის გარშემოა თავმოყრილი. თუმცა, „სხვენის“ კრებულის მდგომარეობა არ არის სქიზმის კლასიკური გამოხატულება, რადგან ამ კრებულს არ აქვს რაიმე დამოუკიდებელი და განსხვავებული სწავლება-მოძღვრებები, ის მხოლოდ ერთი დასჯილი ეპისკოპოსის ერთგვარი „პროტესტის“ და დაუმორჩილებლობის ნაყოფია. თავის მხრივ ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ ეპისკოპოსი ქრისტეფორე არა მარტო თავად აღასრულებს მღვდელმოქმედებას, რისი უფლებაც არ აქვს, არამედ მის მიერ „ხელთდასხმული სასულიერო პირებიც“, რომელბიც „ხელთდამსხმელის“ მსგავსად, ასევე ცრუ მღვდელმსახურები არიან და მათ მიერ შესრულებული საეკლესიო საიდუმლოებებიც არაკანონიკურია.
სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პრობლემა მიდრეკილია განვითარებისა და გაღრმავებისკენ, რაც დაღუპვას უქადის არა მხოლოდ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს და მის „ხელთდასხმულ სასულიერო პირებს“, არამედ მათდამი გულწრფელი რწმენით მინდობილ ადამიანებსაც.
ავტორი: არჩილ მეტრეველი