ფარისევლები ამბობდნენ: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან ( იოან. 9, 16) რანაირად არის იგი ღმრთისგან? და ხშირად უბრუნდებოდნენ ამ აზრს, რათა მასში თავიანთი ვნებების გამართლება ეპოვათ. ახლაც ბევრი იქცევა ფარისეველთა მსგავსად. ასაღებენ რა თავს ღმრთის სარწმუნოების მკაცრ დამცველებად, ისინი საკუთარ ვნებებს იკმაყოფილებენ, იმის ნაცვლად რომ ყველას სიმდაბლით მოეპყრან.
მართლაც, ყოველივეს შემოქმედ ღმერთს, რომელიც მზეს ამოსვლას უბრძანებს, წვიმას გვიგზავნის და ყველა სიკეთეს უხვად გვიბოძებს, განა არ შეეძლო, ელვით განეგმირა ისინი, ვინც მას გმობდნენ? მაცხოვრის მსგავსად ჩვენც უნდა ვთხოვოთ, დავარიგოთ და შთავაგონოთ ადამიანებს სიმდაბლით, მრისხანების და სიფიცხის გარეშე. ღმრთის გმობა არ ამცირებს მის დიდებას და ამიტომ ასეთმა ქმედებამ შენში მრისხანება არ უნდა გამოიწვიოს. ვინც ღმერთს გმობს, ის საკუთარ თავს აყენებს იარებს. შენ უნდა ოხრავდე და ტიროდე მისთვის, რადგან ეს ავადმყოფობა სიბრალულს იმსახურებს. თანაც ამ სნეულებით დაავადებული ადამიანი სხვაგვარად ვერ განიკურნება თუ არა სიმდაბლით. სიმდაბლე კი ყოველგვარ ძალადობაზე ძლიერია.
ვნახოთ როგორი სიმდაბლით მიმართავს ღმერთი თავის შეურაცხმყოფელებს როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში. იქ ის ამბობს: ჩემო ერო, რა გაგიკეთე და რითი დაგაღონე? (მიქ.6,3) აქ კი: საულ, საულს, რაისა მდევნი მე ( საქმ. 9, 4)? პავლეც ასევე სიმდაბლით გვიბრძანებს მოწინააღმდეგეთა დარიგებას. ხოლო, როცა ქრისტესთან მისულმა მოწაფეებმა სთხოვეს, ნება მიეცა მათთვის ზეციდან ცეცხლის გარდამოხდომისა, მაცხოვარმა ძლიერ შერისხა ისინი და უთხრა: არა იცითა, რომლისა სულისანი ხართ თქუენ! (ლუკ. 9, 55). ამის მსგავსად ჩვენს შემთხვევაშიც მან მწიგნობრებს ის კი არ უთხრა; ჰოი, უკეთურნო და ცრუნო, ადამიანთა ხსნის მოძულენო და მტერნო! არამედ; რაისა თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? (მათ. 9, 40.) ასეთი სიმდაბლით არის საჭირო სწორედ ადამიანების ამ სნეულებისაგან განკურნება.
ვინც ადამიანური შიშის გამო გახდა უკეთესი, ის მალე ისევ დაუბრუნდა უწინდელ უკეთურებას, ამის გამო უფალმა არ ბრძანა სარეველების ამოძირკვა, რათა ცოდვილებისთვის სინანულის დრო მიეცა და მართლაც მრავალმა მათგანმა შეინანა ადრინდელი შეცოდებანი, მაგალითად: პავლემ, მეზვერემა და ავაზაკმა, რომლებიც ადრე სარეველები იყვნენ, შემდეგში კი მწიფე ხორბლად იქცნენ. თუმცა თესლში ასეთი ცვლილებები არ ხდება, მაგრამ ადამიანების ნება კი შეიძლება ძალზე იოლად და მოხერხებულად შეიცვალოს, რადგან იგი არაა შეკრული აუცილებლობის ბორკილებით და დაჯილდოებულია თავისუფლებით. ამგვარად, როცა ჭეშმარიტების მტერს დაინახავ, განკურნე იგი, იზრუნე, რათა სათნოებები დაიბრუნოს, მიეცი ამის მაგალითი საკუთარი ცხოვრებით, დაარიგე განუკიცხველად, დაიფარე, დაიცავი იგი და საუკეთესო მკურნალის მსგავსად ყოველი ღონე იხმარე მისი გამოსწორებისთვის.
ექიმებიც მხოლოდ ერთი ხერხით როდი კურნავენ ავადმყოფებს, არამედ როცა ნახავენ, რომ ჭრილობა ერთი წამლით არ იკურნება, მეორეს ხმარობენ, თუ საჭიროა, მესამესაც გამოიყენებენ. ზოგჯერ გაკვეთენ, ზოგჯერ კი სალბუნებს დაადებენ. ასევე შენც გახდი სულის მკურნალი და ისარგებლე კურნების ყოველგვარი ხერხით ქრისტეს მცნებების მიხედვით, რათა ჯილდო მიიღო არა მარტო საკუთარი თავის ხსნისთვის, ასევე იმისათვისაც, რომ სხვებსაც სარგებლობა მოუტანე. ყოველივე ღმრთის სიტყვის მიხედვით აკეთე და ამით შენც განდიდდები. ჩემს პატივმგებელს ამბობს უფალი, პატივს მივაგებ, ხოლო ჩემ მოძლენი დამცირდებიან (1 მეფ. 2, 30 )
ამგვარად, ყოველივე ღმრთის სადიდებლად ვაკეთოთ, რათა მემკვიდრენი გავხდეთ სანატრელი ხვედრისა, რომლის ღირსნიც გავხდეთ ჩვენ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარეობითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდებაი და ხელმწიფებაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.