„იეჰოვას მოწმეთა“ უცოდინარი ღმერთის შესახებ

„იეჰოვას მოწმეთა“ უცოდინარი ღმერთის შესახებ

ღმერთის შესახებ სწავლება ყველა რელიგიის ქვაკუთხედია. ამ სწავლების სიღრმე მრავალს გვეუბნება რელიგიური ჯგუფის ღვთისმეტყველებაზე, რადგან ის, ვინც ღმერთზე არასწორად ფიქრობს, მის ღვთიურ გამოცხადებას ვერ ჩაწვდება.

გარდა იმისა, იეჰოვას მოწმეთა წარმოდგენებში ღმერთს ფორმა და სხეული გააჩნია და რომელიღაც ადგილას მკვიდრობს, მან, თურმე, შეიძლება მომავალიც არ იცოდეს. ქრისტიანისთვის ასეთი მტკიცება აბსურდულად ჟღერს, მაგრამ „მოწმეებს“ ზუსტად ასე სჯერათ:

თუმცა კი იეჰოვას შეუძლია ყველაფერი წინასწარ იცოდეს, მან, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, წინასწარ არ სცოდნოდა, როგორ მოიქცევიან ადამი და ევა. ამიტომ, საქმე იმაში კი არ არის, შეუძლია თუ არა იეჰოვას მომავლის ცოდნა, არამედ იმაში, სურს თუ არა მას ამის ცოდნა. მეტიც, ძნელი წარმოსადგენია, რომ იეჰოვა, სიყვარულის ღმერთი, ამ ჯანყს, რომელსაც მძიმე შედეგები მოყვა, განგებ და უმოწყალოდ დაუშვებდა (მათე. 7:11; 1 იოანესი. 4:8). მაშასადამე, იეჰოვა არჩევითად სარგებლობს თავისი ყოვლისმცოდნეობით. მეტყველებს თუ არა ეს მის არასრულყოფილებაზე? არა. მოსემ იეჰოვას „სიმტკიცე“ უწოდა და დაამატა: „სრულყოფილია მისი საქმე“. იეჰოვას ადამიანის ცოდვის შედეგებს ვერ დავაბრალით“ (საგუშაგო კოშკი. 2006 წლის 1 ივნისი, გვ. 25).

ამ სტატიის რამოდენიმე აზრი ეგრევე იპყრობს ყურადღებას. ჯერ ერთი, მომავლის ხედვა ღვთის არსის უნარია თუ მისი განუყოფელი თვისება? ყველა თანხმდება, რომ ღმერთი, თავისი არსით, მარადისობაშია, ჩვენ კი დროში ვართ. ამგვარად, ლოგიკურია, რომ მისთვის „გუშინ“ და „ხვალ“ არ არსებობს. მის წინაშე მხოლოდ მარადიული „ახლა“ არის. ამიტომ, მისთვის არ დგას იმის საკითხი, თუ როგორ მოიქცევა ზეგ ესა თუ ის ადამიანი. მას ეს ახლა იცის. ე. ი. კითხვა „სურს თუ არა იეჰოვას მომავლის ხედვა?“შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: „სურს თუ არა იეჰოვას იყოს ღმერთი?“ ცხადია, რომ ღმერთს არ შეიძლება არ უნდოდეს იყოს ის, ვინც არის. როგორ სშიძლება მას არ უნდოდეს თავისი თავი იყოს? მეორე. თუ ღმერთი ადამიანის დაცემას წინასწარ ვერ ხედავდა, როგორ ავხსნათ წერილის ის ტექსტები, რომლებშიც ნათქვამია, რომ გოლგოთას მსხვერპლი სამყაროს შექმნამდე შეიწირა (1 პეტ. 1:20; გამოცხ. 13:8; ეფეს. 1:4)? მესამე. გაუგებარია, რომ როდესაც სტატიის ავტორი ამბობს, რომ „ძნელი წარმოსადგენია, რომ იეჰოვა, სიყვარულის ღმერთი, ამ ჯანყს, რომელსაც მზიმე შედეგები მოყვა, განგებ და უმოწყალოდ დაუშვებდა“ რატომ ურევს ის წინასწარ ხედვისა და წინასწარ განგების ცნებებს? ეს სხვადასხვა რამ არის! ცოდნა და განსაზღვრა არ არის ერთი და იგივე. ტრადიციული ქრისტიანული ფორმულა ასე ჟღერს: ღმერთი ყველაფერს ხედავს წინასწარ, მაგრამ ყველაფერს წინასწარ არ განსაზღვრავს. ღმერთმა იცოდა, როგორ მოიქცეოდა ადამი, მაგრამ ეს ადამს თავისუფალ ნებას არ ართმევდა. ღმერთს ადამისთვის ცოდვის ჩადენა არ განუსაზღვრია.

გაისმის კითხვა: განა ღმერთი აბრაამს არ ეუბნებოდა: „ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ —  მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის (დაბ. 22. 12)? კი, ეუბნებოდა, მაგრამ, მოდით პრინციპული მომენტი გავიხსენოთ: შეუძლებელია, რომ ღმერთმა რაიმე არ იცოდეს, რადგან ის მარადისობაშო მყოფობს და ამიტომ „ყველაფერი უწყის“ (1 იოან 3:20). ღმერთის ყოვლისმცოდნეობა მშვენივრად ესმოდათ მეორე ტაძრის ეპოქის იუდეველებს: „მარადიულო ღმერთო, რომელმაც დაფარული უწყი და ყველაფერი იცი, სანამ მოხდება“ (დან. 13:42, LXX), „მან ყველაფერი იცოდა შექმნამდე და მის შემდეგაც“ (ზირ. 23:29, LXX).

მაშასადამე, თუ ღმერთმა ყველაფერი იცის, აბრაამის რწმენის შესახებ სიტყვები მთლად პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. აი, როგორ მსჯელობდა ამის შესახებ ეკლესიის ერთ-ერთი მამა, ილარიონ პიქტაველი: „არ უნდა გვეეჭვებოდეს, რომ ღვთიური ცოდნა საჭირო მომენტში იხსნება და არ ექვემდებარება ცვლილებებს, რადგან იმასთან დაკავშირებით, რაც ღმერთმა იცის, ამ ცოდნის გამოვლინებისთვის საჭირო მომენტზე უნდა ვისაუბროთ და არა მის შეძენაზე. ამას ჩვენ აბრაამისთვის თქმული სიტყვებიდან ვიგებთ — „ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ —  მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის“. ამგვარად, ახლა ღმერთმა ეს იცის. თუმც, ახლა რაიმეს ცოდნა მანამდე (ამ რაღაცის) არ ცოდნის ნიშანია. მაგრამ ღმერთი აბრაამის ღვთისმოშიშობის არ მცოდნე ვერ იქნებოდა (რადგან აბრაამზე ნათქვამია: „იწამა ღმერთი აბრაამმა და ეს მას სიმართლედ ჩაეთვალა“). ღმერთმა ეს რომ ახლა გაიგო იმ მომენტზე უთითებს, როდესაც აბრაამმა მოწმობა მიიღო და არა მომენტზე, როდესაც ღმერთი, თითქოსდა, მიხვდა. აბრაამმა თავისი მზადყოფნით, შვილი მსხვერპლად შეეწირა, აჩვენა მისი ღვთისადმი სიყვარული. ღმერთმა ეს იცოდა, როდესაც მას ელაპარაკა. წარმოუდგენელია, რომ ღმერთმა ეს მანამდე არ იცოდა, ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ეს მან მაშინაც იცოდა, როდესაც ლაპარაკობდა. ძველ აღთქმაში ღვთის ცოდნის მრავალი მაგალითია და მათგან ჩვენ მხოლოდ ერთი ავიღეთ, რათა გასაგები იყოს, რომ ღმერთმა განა არ ცოდნის მიზეზით არ უწყის, არამედ შესაფერისი მომენტის გამო“ (ტრაქტატი „სამების შესახებ“).

ილარიონის სიტყვების სამართლიანობა იმით მტკიცდება, რომ წერილში ღმერთზე ხშირად არის საუბარი ანტროპომორფული სახით. ბიბლიის ენაზე ღმერთი „ნანობს“, „ხედავს“; მას აქვს „ყურნი“, მას შეუძლია მსხვერპლშეწირვის „ყნოსვა“, „სახის მიბრუნება“, „ქერუბიმებზე ამხედრება“ და „ფრენა“. მეტყველების ამავე კატეგორიას განეკუთვნება ღმერთის „უცოდინრობა“.

შემდეგი არგუმენტი უკავშირდება გამოთქმას „სამყაროს დაფუძნება“, რომელიც „იეჰოვას მოწმეთა“ გამოცემებში გაგებულია, როგორც არასრულყოფილი ადამიანების — ადამის და ევას — სახით სამყაროს შექმნას. აქედან გამომდინარე, მათ მსხვერპლი ესმით არა როგორც მარადიული, არამედ ცოდვილ სამყაროს შექმნის დროინდელი. რას ეფუძნება ასეთი ინტერპრეტაცია? საგუშაგო კოშკის საზოგადოება განმარტავს: „სიტყვით „დაფუძნება“ ითარგმნება ბერზნული სიტყვა, რომელიც პირდაპირი გაგებით „თესლის ჩაგდებას“ ნიშნავს. მოხდა თუ არა „თესლის ჩაგდება“, ანუ შთამომავლობის ჩასახვა, ადამის და ევას ცოდვით დაცემამდე? არა. ადამმა და ევამ შვილები შვეს მას მერე, რაც ღვთის ნებას გადავიდნენ“ (დაბ. 4:1) (საგუშაგო კოშკი. 2006 წლის 1 ივნისი, გვ. 23). ასეთი ფილოლოგიური არგუმენტი სერიოზული ვერ იქნება. მრავლობითობა ბიბლიაში პირდაპირი გაგებით არ გამოიყენება. მაგალითად, ერთ-ერთ ჟურნალში წერია: „ებრაულ წერილში სულგრძელობის ცნება ძველ ებრაული სიტყვებით გამოიხატება, რომლებიც პირდაპირ ითარგმნება, როგორც „გრძელი ნესტოები“ (საგუშაგო კოშკი. 2006 წლის 1 ნოემბერი, გვ. 8). მაშინ, ამ ლოგიკით ადამიანის სულგრძელობაც გრძელი ნესტოებით უნდა წარმოვიდგინოთ? ებრ. 4:3-თან შედარებით ცხადდება, რომ „სამყაროს ჩასახვა“ შესაქმის ექვს დღეს აღნიშნავს: „ჩვენ კი, რომელთაც რწმენა გამოვავლინეთ, ამ მშვიდობაში შევდივართ, როგრც მან გვითხრა: „ამიტომ დავიფიცე ჩემს მრისხანებაში: ვერ შევლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში“, თუმცა კი მისი საქმენი სამყაროს საფუძვლებიდან მოყოლებული დასრულებული იყო. ერთ ადგილას მეშვიდე დღეზე ის ასე ამბობს: მეშვიდე დღეს ღმერთმა თავის საქმეთაგან განისვენა“ (ებრ. 4:34, „ახალი სამყაროს“ თარგმანი). ცხადია, რომ ღმერტმა თავისი საქმენი დაასრულა და შესაქმის მეექვსე დღის მერე დაისვენა. ზუსტად ეს იყო „სამყაროს დაფუძნება“.

ამ დასკვნებს არ ეწინააღმდეგება ქრისტეს სიტყვები ლუკას სახარებიდან: „რათა მოეკითხოს ამ მოდგმას სამყაროს შექმნიდან დათხეული ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, აბელის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ზაქარიასი, რომელიც მოკლულ იქნა საკურთხეველსა და ტაძარს შორის. დიახ, გეუბნებით თქვენ, მოეკითხება ამ მოდგმას“ (ლუკა. 11: 50-51). „იეჰოვას მოწმეებს“ მიაჩნიათ, თითქოს ეს მუხლი ამტკიცებს, რომ „სამყაროს შექმნა“ აბელის დროს განეკუთვნება. მაგრამ აქ მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ აბელის სისხლი ნამდვილად პირველი იყო, რომელიც სამყაროს შექმნის შემდეგ დაიღვარა.

ავტორი: არტემ გრიგორიანი

წყარო:https://stavroskrest.ru/content/o-neznayucshem-boge-%C2%ABsvidetelej-iegovy%C2%BB?fbclid=IwAR2uianvStH5BbyEBWmmI6gGSy8kk9GbFMjz9zXEouF6dQZBzlRfS-u8Y9Q