ავტორი წერეს:
„ასევე გავიხსენოთ, რომ მოსეც იესოს პირველსახეს წარმოადგენდა (ებრაელები 11:26). კანონის 34:5,6-სა და იუდას მე-9 მუხლის თანახმად, როგორ მოექცა ღმერთი მოსეს სხეულს, მხოლოდ მან იცის. ამ პირველსახის შესაბამისად, იეჰოვა ღმერთმა თავისი ძის ხორციელი სხეულიც ისევე გააქრო. ამგვარად, კიდევ სხვა წინასწარმეტყველებაც შესრულდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქრისტეს სხეული «საფლავს არ იხილავდა», ანუ საფლავში არ გაიხრწნებოდა (ფსალმუნები 15:10; საქმეები 2:27-31; 13:37)“.
როგორ შეიძლება მოსეს სხეული, რომელიც კაცობრიობის გამოსასყიდად არ მოწოდებულა, შევადაროთ ქრისტეს სხეულს (?!), რომელმაც თავის თავში კაცობრიობა ცოდვისგან გამოისყიდა და თავისი აღმდგარი სხეული საჭმელად მოგვცა (იოანე. 6, 53-52). ეს ღმერთის ხორცია, რომელსაც ხრწნა არ უხილავს (საქმე. 2, 31). ავტორი წერილს კითხულობს და ამ ყველაფერს ვერ ხედავს.
„იეჰოვა ღმერთმა, თავისი ძალის მეშვეობით აღადგინა თავისი ძე მკვდრეთით და სულიერი სხეულით ზეცად აამაღლა. ეს «ქრისტეს თანამემკვიდრეებისათვის» შესაბამისი ჯილდოს მიღების მაგალითი გახდა (რომაელები 8:17). ღვთის სიტყვა ამბობს, რომ მათი აღდგომა ქრისტეს აღდგომის მსგავსი იქნება: «თუკი მასთან სიკვდილის მსგავსებით გავერთიანდით, მისი აღდგომის მსგავსებითაც გავერთიანდებით, რადგან ვიცით, რომ ჩვენი ძველი პიროვნება მასთან ერთად იქნება ბოძზე გაკრული, რათა ჩვენი ცოდვილი სხეული უმოქმედო გამხდარიყო და ცოდვის მონები აღარ ვყოფილიყავით» (რომაელები 6:5,6)“.
კი, მაგრამ ამის გამო ქრისტეს სხეული არ გამქრალა და არ გაუჩინარებულა, მან არსებობის ტროპოსი იცვალა, მაგრამ ხორცად დარჩა (ლუკა. 24, 39-43; საქმე. 2, 31), ისევე როგორც ცვენი სხეულები შეიცვლება, მაგრამ არ განადგურდება (1 კორ. 15, 51) და ზუსტად ქრისტეს ხორცის (და არა სულიერი სხეულის) ჭამას გვიდებს მცნებად (იოანე.6, 53-56).
„ასევე: «ითესება ხორციელი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. თუ ხორციელი სხეული არსებობს, არსებობს სულიერიც… როგორც მტვრისაგან შექმნილის ანარეკლი ვართ, ისევე ვიქნებით ზეციერის ანარეკლი. მაგრამ გეუბნებით, ძმებო, რომ ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს, ვერც ხრწნა დაინკვიდრებს უხრწნელობას. წმინდა საიდუმლოს გეუბნებით: ყველა არ დაიძინებს სიკვდილის ძილით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, უცბად, თვალის დახამხამებაში, უკანასკნელ საყვირზე, რადგან გაისმება საყვირის ხმა და მკვდრები უხრწნელად აღდგებიან, ჩვენ კი შევიცვლებით. ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი — უკვდავებით» (1კორინთელები 15:44, 49-53. შეადარეთ 2კორინთელები 5:6-10; ფილიპელები 3:20,21; ებრაელები 12:22-24).
ზუსტად ამიტომ არ არის გასაკვირი 2 კორინთელების 5:8-ში ჩაწერილი სიტყვები: «მხნედ ვართ და სიამოვნებას გვანიჭებს სხეულთან განშორება და უფალთან დასახლება». თუ ზეციური იმედის მქონე ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ თავისი სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ ისინი სამუდამოდ გამოვიდოდნენ თავისი სხეულებიდან, მაშინ ღვთის ძის აღდგომასთან მათი აღდგომის ანალოგია, თავად იესოს შემთხვევაშიც მიუთითებს «[ხორციელ]სხეულთან განშორებაზე»!“
ქრისტე არსად გასულა ხორციელი სხეულიდან, ის ამავე სხეულში აღდგომის შემდეგაც იყო (ლუკა. 24, 39-43; საქმე. 2, 31), 2 კორ. 5, 8 კი, ჯერ ერთი, ეხება უხეშ სხეულს, ანუ ცოდვილს სხეულს, ხოლო მეორე კი აქ საუბარია სიკვდილზე საერთო აღდგომამდე. აქ კონტექსტი თავისთავად ცხადია.
„ამასთანავე პავლეს იმ სიტყვებით ყველანაირი მანიპულაციის, რომლებიც ამბობენ, რომ «ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს, ვერც ხრწნა დაინკვიდრებს უხრწნელობას.» მისთვის საკუთარი ცრუ მნიშვნელობის მიცემის მიზნით, რომ ვითომდა მას მხედველობაში ჰქონდა არა პირდაპირი გაგებით ხორცი და სისხლი, არამედ ადამიანის დაცემული პიროვნების რომელიღაც სახეობა, გამოაშკარავება რთული არ არის და ასეთ კრიტიკოსებს მხოლოდ მოციქულის სიტყვების მთელ კონტექსტზე ყურადღების გამახვილება შეგვიძლია ვურჩიოთ. მოცემული თემის განხილვას პავლე შეკითხვით იწყებს «როგორ აღდგებიან მკვდრები? როგორ სხეულში მოვლენ?» (მუხლი 35). წამოწეული კითხვა უკვე თავისთავად ხდის ნათელს, თუ კონკრეტულად რაზე საუბრობს პავლე. საუბრობს იმაზე, თუ როგორ სხეულში აღდგებიან მკვდრები. და მოცემული განმარტების მთელ მანძილზე პავლე ბევრჯერ იმეორებს «ხორცს» და «სხეულს», რომლებსაც ხან ხორბლის მარცვალთან აკავშირებს, ხან ცხოველებთან და ხან ციურ მნათობებთან. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ხომ არავის მოუვა თავში იმის მტკიცება, რომ პავლე ამ შემთხვევებშიც მათ რომელიღაც «დაცემულ უსულო მდგომარეობას» გულისხმობდა! არა, რა თქმა უნდა! გასაგებია, რომ საუბარი შეეხებოდა გარეგან, პირდაპირი გაგებით — ამ მუხლებში მოხსენიებული ყველა სუბსტანციების ფიზიკურ იერს.
ამასთანავე «ხორცისა და სისხლის» სიტყვების შემდეგ მაშინვე (50-ე მუხლი) პავლე აღდგომისას ქრისტიანების გარეგანი იერის ცვლილებაზე საუბრობს (მუხლები 51-54). ეს კი საბოლოოდ ანგრევს ყოველგვარ იმ ზღაპრებს, რომლებიც თითქოსდა «დაცემული ადამიანის» თემას ეხება! მოცემულ მონაკვეთში პავლე ქრისტიანებისათვის აღდგომის იმედს განმარტავს და არა იმას, თუ როგორი მომავალი ელით ცოდვილებს! და ზუსტად ამიტომ საუბრობს «ქრისტესნის» მომავალ აღდგომაზე და იმაზე, თუ «როგორ სხეულში მოვლენ [ისინი]»!“
აქ ვხედავთ წერილის მუხლებით თამაშსა და მანიპულიაციას. როგორ შეიძლება ლუკა. 24, 39-43; საქმე. 2, 31; იოანე. 6, 53-56-ს უარყოფა და 1 კორ. 15, 50-ის თავისებურად გაგება? პავლე მოციქულის ამ სიტყვებზე უკვე ვისაუბრეთ, სადაც იგულისხმება ცოდვის ხრწნის ქვეშ მყოფი უხეში ადამიანური ბუნება და ბერძნული სიტყვებისა და ტერმინების ეტიმოლოგიური ახსნაც მოვიყვანეთ (კონტექსტიდან გამომდინარე); ჩვენს მიერ ზემოხსენებულ ლუკას, პეტრესა და თავად ქრისტეს სიტყვებში აღმდგარი სხეულის უარყოფა ავტორს ამხელს.
„ბოლო ჯამში, მოციქულების სიტყვებით ისეთი სპეკულაცია, როგორიცაა «ხორცი და სისხლის ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ» ამის გამოსწორება შესაძლებელია, თუ ბიბლიის ასეთი მკვლევარების ყურადღებას პავლეს მიერვე ნათქვამ სხვა სიტყვებზე გავამახვილებთ, სადაც პავლე მოციქულებს იმავე ფრაზით მოიხსენიებს – «ხორცითა და სისხლით» (გალატელები 1:15-19). ესე იგი ამ შემთხვევაშიც, უნდა დავასკვნათ, რომ აქაც «დაცემულ» ადამიანებზე მიდის საუბარი, რომლებიც არაფერ წმინდას არ აფასებენ? და ნუთუ ქრისტეს მოციქულები, როგორც «ხორცი და სისხლი» — «ღვთის ზეციერი სამეფოს» დამკვიდრების უღირსნი აღმოჩნდნენ? ნათელია, რომ ფრაზაში «ხორცი და სისხლი» პავლე პირდაპირი გაგებით ხორციელ ადამიანებს გულისხმობდა, როგორებსაც სინამდვილეში წარმოადგენდნენ ქრისტეს მოციქულები. მით უმეტეს, რომ პავლე საკუთარ თავზეც ამბობდა, რომ ის «ახლა ხორციელად… ცოცხლობდა»(გალატელები 2:20). ნათელია, რომ ზოგიერთი ოპონენტის სურვილი, რომ სასურველი სინამდვილედ წარმოაჩინოს, მხოლოდ მათ წინააღმდეგვე მუშაობს და გვაიძულებს, რომ მათ «განმარტებებს» ისე ვუყუროთ, როგორც პრიმიტიულ დილეტანტობას. სამწუხაროდ, ეს მართლაც ასეა…“
სამწუხაროდ, ავტორი თავად ასაღებს სასურველს სინამდვილედ — ის არც კონტექსტს სწავლობს, არც წერილის სიტყვებისა და ტერმინების ეტიმოლოგიას; მას არ სურს ანალიტიკურად შეადაროს ერთმანეთს წერილში მუხლების აზრთა სვლა, რადგან თუ ახალი აღთქმა ერთ ადგილას აღმდგარ სხეულზე/ხორცზე საუბრობს (ლუკა, იოანე, პეტრე), ეს არ ეწინააღმდეგება პავლე მოციქულს, რომელიც უხეშ ხორცზე საუბრობს, რომ ის სასუფეველს არ დაიმკვიდრებს, რადგან სასუფეველს დაიმკვიდრებს ხრწნის მიღმა ხორცი, ქრისტეს ხორცივით, რომელიც აღდგომის შემდეგაც დარჩა ხორცად, ოღონდ ხრწნის გარეშე, პეტრესა და ლუკას თანახმად. გალ. 1, 15-19-ში წმინდა პავლე იგივეს გულისხმობს, რასაც 1 კორ. 15, 50-ში — უხეშ, დაცემულ და ხრწნად ადამიანურ ბუნებას (ანუ სულისა და ხორცის არსებობის დაცემული ტროპოსი, რომელსაც ადამიანში განხეთქილება შეაქვს. აქედანვეა პიროვნული და ბუნებრივი ნებების წინააღმდეგობა, რაც პავლე მოციქულმა საკუთარ მაგალითზე კარგად აჩვენა რომ. 7, 8-25-ში), მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში პავლე მოციქულმა ადამიანური უძლურების დამარცხება შეძლო (ნებების წინააღმდეგობა), და „მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს“ (გალ. 1. 15–16).
„ამ თემის გასაგრძელებლად საჭიროა პავლეს, იაკობისა და იუდას სიტყვების მსგავსი გამოგონილი განმარტება გავაქარვოთ, რომლის დროსაც «სულიერი» ქრისტიანები «ხორციელ» და «სულიერ» ადამიანებს უპირისპირებენ ერთმანეთს იესოს «სულიერ—ხორციელი» აღდგომის ინტერპრეტაციისთვის (1კორინთელები 2:14; 3:1-4; იაკობი 3:15; იუდა 1:19). ამ მოსაზრების თანახმად, იესო ფიზიკური სხეულით აღდგა, თუმცა როგორც ღრმა სულიერი აღძვრების მქონე პიროვნება.
თუმცა განა ვინმეს აქვს იმის საფუძველი დაეჭვდეს, რომ ღვთის ძე თავისი მიწიერი სიცოცხლის დროსაც ღრმა სულიერი აღძვრების მქონე ღვთის მსახური იყო? მაშინ რა საჭირო იყო სხვების ყურადღების იმაზე გამახვილება, რომ იესო თავისი აღდგომის შემდეგაც ღვთისადმი ისეთივე ერთგული მსახური დარჩა? ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, რადგან არავის ეპარება ეჭვი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესოს თავისი ღვთისადმი ერთგულებაში! უკვე თავად აღდგომის ფაქტი წარმოადგენს ამის ნათელ მტკიცებულებას!
თუმცა, ზემოთ მოყვანილი მოსაზრების გასაბათილებლად დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო. ამისათვის, ამ მოსაზრების დამცველი ოპონენტები, უბრალოდ იმ ფაქტის წინაშე უნდა დავაყენოთ, რომ მათ მიერ მოყვანილ მუხლებში არც პავლე, არც იაკობი და არც იუდა საერთოდ არ იყენებენ სიტყვა «სხეულს». და ამიტომ, მათი სიტყვების იესოს ხორციელი აღდგომის მტკიცებულებად გამოყენება უბრალოდ შეუძლებელია! ნათელია, რომ ბიბლიის ეს მწერლები თავის წერილებში საუბრობდნენ არა აღმდგარი იესოს ან მომავალში აღდგენილი მისი ზეციერი იმედის მქონე მსახურების სხეულებრივ მდგომარეოვაზე, არამედ იმის აუცილებლობაზე, რომ ქრისტიანებს ახლანდელ სიცოცხლეში, სანამ დედამიწაზე იმყოფებიან, ჰქონდეთ სულიერი განწყობა! ამავდროულად მოციქული პავლე, როდესაც უშუალოდ მკვდრეთით აღდგენილების სხეულების თემას შეეხო («როგორ აღდგებიან მკვდრები? როგორ სხეულში მოვლენ?», 1კორინთელები 15:35), ამ საკითხის უბრალო და არაორაზროვან განმარტებას იძლევა, როდესაც ხსნის, რომ «ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს»! (1კორინთელები 15:50). იგივე პავლე ირეკლავს იმავე აზრს, როდესაც ამბობს, რომ «გათავისუფლება [სიკვდილის შემდეგ, სულიერი სხეულის მიღება] და ქრისტესთან ყოფნა სურს, რადგან ეს, რაღა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია». თუმცა ის გარკვეული დროით ჯერ კიდევ უნდა დარჩენილიყო «თავის ხორცში» თავისი მიწიერი მსახურების დასასრულებლად (ფილიპელები 1:21-24)“.
ამას ჩვენ ზემოთ ვუპასუხეთ. ვერც ერთი სხეული ვერ დაიშლება ბოლო ჟამს, არ გაიხრწნება, რადგან თავად კანონმდებელმა, ახალმა ადამმა, რომელმაც ახალ კაცობრიობას დაუდო სათავე თავის ხორცში ხრწნა არ იხილა (საქმე. 2, 31). ამით ყველაფერი ნათქვამია. ქრისტეს უხრწნელობაზე იგივე პავლე მოციქულიც ამბობს, რომლესაც ხშირად ახსენებს ავტორი. პავლე პეტრეს აზრსაც იმეორებს, რომ ქრისტეს ხრწნა არ უხილავ არც აღდგომისას და არც მის მერე (საქმე.13. 32-38).
„იესო თუ ადამიანური, ხორციელი სხეულით აღდგა, მაშინ გამოდის, რომ მისი მსახურებიც ასევე ხორციელი სხეულებით აღდგებიან, რადგან ისინი ხომ მისი მსგავსი აღდგომით უნდა გაერთიანდნენ მასთან! მაგრამ განა შეიძლება ასეთი რამის დაჯერება? განა ეს იმის სრულიად საპირისპიროს არ წარმოადგენს, რასაც ბიბლია ამბობს ზემოთ მოყვანილ მუხლებში? რაღა თქმა უნდა, რომ ასეთი თეორია სრულიად არაბიბლიურია!“
თუ ავტორს წერილის არ სწამს — ლუკა. 24, 39-43; საქმე. 2, 31; იოანე. 6, 53-56 — მაშინ ავტორს ვერაფრით დავეხმარებით. არაბიბლიური ზუსტად ავტორის ურწმუნოებაა — მას ქრისტეს ხორციელი აღდგომა არ სწამს, რაც მას ათენელ არეოპაგელებთან ერთ რიგში აყენებს.
„ამის საპირისპიროდ ბიბლია გვარწმუნებს, რომ ხორციელი სხეული უნდა მოკვდეს და მხოლოდ მაშინ შეძლებს იესოს თანამემკვიდრე ქრისტიანი, ახალი, სულიერი სხეულით ზეციური ჯილდოს მიღებას (1კორინთელები 15:35-44). საინტერესო ისაა, რომ თავად იესომაც დაგვანახა თავის მოყვანილ მაგალითში, რომ პირადად მისი ადამიანური სხეული უნდა შეცვლილიყო, როდესაც თქვა: «მოვიდა კაცის ძის განდიდების საათი. ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ ხორბლის მარცვალი მიწაში არ ჩავარდა და არ მოკვდა, ცალად დარჩება, მაგრამ თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს» (იოანე 12:23,24)“.
როგორ შეიძლება ჯილდოს მიღება იმ სხეულის/ხორცის გარეშე, რომელიც ამ ჯილდოსთვის ასევე იბრძოდა? როგორ შეიძლება სრული ნეტარება მივიღოთ ხორცის/სხეულის გარეშე, რომელშიც ადამიანის პიროვნება იტანჯებოდა, იბრძოდა და იღწვოდა ღვთის სიტყვის გამო, რომელიც მოციქულთა სახით იდევნებოდა და იცემებოდა? მაშ, როგორ შეიძლება სრულფასოვანი ჯილდოს მიღება სხეულის გარეშე? ეს იქნება ჯილდო კი არა, არამედ ადამიანის პიროვნების მოტყუება, რომელიც ხორცის მეშვეობით იღწვოდა ღვთისათვის. ზუსტად ამიტომ უჩვენებს აღმდგარი ქრისტე თავის სხეულს მოწაფეებს და საშუალებას აძლევს მათ, შეიცნონ ის ამ აღმდგარი სხეულით… ავტორი ძალიან შორს დგას ანთროპოლოგიის სწორი გაგებისგან ქრისტოლოგიის საკითხში…
„რა თქმა უნდა, გვესმის, რომ იეჰოვა ღმერთმა უამრავი სხვა გარდაცვლილებისთვის სხვა სახის მკვდრეთით აღდგომაც გაითვალისწინა. ბიბლია იმის შესახებ საუბრობს, რომ უამრავი ადამიანი ახალი სიცოცხლისათვის იქნება აღდგენილი, მაგრამ არა ზეცაში, არამედ სამოთხეში დედამიწაზე. და აღდგენილნი იქნებიან არა სულიერი სხეულებით, არამედ ფიზიკური, და შესაძლებლობა ექნებათ, რომ აღარასოდეს მოკვდნენ (იობი 33:24,25; ფსალმუნები 36:29; მათე 5:5). თუმცა იმ ქრისტიანებისათვის, რომლებსაც იგივე იმედი აქვთ, რაც პავლეს, რომ ზეცაში იქნებიან იესოსთან ერთად, ისეთი აღდგომაა გათვალისწინებული, როგორც თავად იესო აღდგა (რომაელები 6:5,6). ეს აღდგომა კი – სულიერ სხეულში მოხდება“.
„სხვა სახის“ აღდგომა მხოლოდ წარმართებს ან მათ მიმდევრებს შეიძლება ჰქონდეთ, რომელთაც ხორციელი აღდგომა არ სწამდატ და პავლეს დასცინეს. „სამოთხე დედამიწაზე“ ადამიანური ცხოვრების განვლილი ეტაპია, რომლის გავლაც ადამმა არ ისურვა (რაც ავტორს ავიწყდება) და ამიტომ მოვიდა ახალი ადამი, ანუ ქრისტე და ცათა სასუფეველი მოგვანიჭა, მასთან მარადიულ ნეტარებაში. რომ. 6, 5-6 პირდაპირ ამბობს აღდგომის შეერთებაზე, ხოლო ქრისტეს აღდგომის მსგავსება ხორციელი იყო (ლუკა.24, 39-43).
ეს კი ავტორის გამონათქვამი: „ბიბლია იმის შესახებ საუბრობს, რომ უამრავი ადამიანი ახალი სიცოცხლისათვის იქნება აღდგენილი, მაგრამ არა ზეცაში, არამედ სამოთხეში დედამიწაზე“ — ამ სიტყვებს შეიძლება მხოლოდ ახალი არაბიბლიური სწავლება და ფსევდოგანმარტება ვუწოდოთ… ავტორს ცათა სასუფევლის გარდა კიდევ რაღაც სამოთხე შემოაქვს, რომელიც ვინ იცის ვის უქადაგია…
„მსოფლიოში ცნობილი ჟურნალი «საგუშაგო კოშკის» ერთ—ერთ ნომერში, ჩვენს მიერ განხილული საკითხის დამატებითი განმარტებაა მოყვანილი. მასში შემდეგი აზრია მოყვანილი: «ქრისტეს მოსვლის შესახებ ბიბლია ამბობს: «აი, ის ღრუბლებით მოდის და დაინახავს მას ყოველი თვალი» (გამოცხადება 1:7). ადამიანები მას პირდაპირი გაგებით ვერ დაინახავენ. იესო ზეცად ამაღლდა და ახლა ის სულიერი პიროვნებაა, რომელიც «მკვიდრობს მიუწვდომელ სინათლეში, კაციშვილს არ უნახავს და ვერც ნახავს» (1ტიმოთე 6:16). ადამიანებმა რომ იესო დაინახონ, აუცილებელი არ არის, ის ფიზიკურ სხეულში მოევლინოს მათ, ისევე როგორც იეჰოვას არ დასჭირდა ამის გაკეთება, როცა მოსეს დროს ეგვიპტელებს ათი სასჯელი დაატეხა. მაშინ ადამიანებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ეს სასჯელი იეჰოვასგან მოდიოდა და ისინი იძულებულნი იყვნენ, მისი ძლიერება ეღიარებინათ (გამოსვლა 12:31). მსგავსად ამისა, როცა ქრისტე ღვთის განაჩენის აღსრულებას დაიწყებს, ბოროტები იძულებულნი იქნებიან, «დაინახონ» ანუ მიხვდნენ, რომ ღმერთი მათ იესოს მეშვეობით ასამართლებს. მათ ეცოდინებათ ეს, რადგან წინასწარ არიან გაფრთხილებულნი. ასე რომ, «დაინახავს მას [იესოს] ყოველი თვალი… და მის გამო მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას დედამიწის ყველა ტომი» (გამოცხადება 1:7)» [«საგუშაგო კოშკი» — 15 მარტი 2007წ. გვ.4,5]“.
თუ ქრისტე „ზეცად აღსვლის მომენტიდან სულად იქცა“, მაშ როგორ აჩვენა მან მოწაფეებს (ლუკა.24, 39-43) თავისი სხეული/ხორცი და თან ამ სხეულს ძვლებიც ჰქონდა? სულს ხომ არც სხეული, არც ძვლები აქვს. თუ „იესოს არ სჭირდება ადამიანის სახის მიღება იმისათვის, რომ ადამიანებმა მისი დანახვა შეძლონ“, მაშინ საერტოდ რაში სჭირდებოდა მას თავისი თავის ხორციელად მოვლენა და იმის თქმა, რომ მას ძვლებიც აქვს? ეს მას იმისთვის სჭირდებოდა, რომ მოწაფეებისთვის ეჩვენებინა და დაემტკიცებინა, რომ ის ხორციელად აღდგა და რომ ის სული არ არის; თან ქრისტე ამბობს, რომ მოწაფეებს შეუძლიათ შეეხონ მას და თავად დარწმუნდნენ, რომ ის სული არ არის და არც რაიმე სულიერი სხეული, არამედ ნამდვილი სხეული/ხორცი გააჩნია, მაგრამ უკვე არსებობის ტროპოსით განახლებული.