ვინ არის დიდების უფალი?

ვინ არის დიდების უფალი?

(ანტირეტიკიები ეგრეთ წოდებული „იეჰოვას მოწმეების“ წინააღმდეგ. აპოლოგია მეორე)

ჩვენი სტატიის თემაზე საუბრისას, უნდა ავღნიშნოთ, „მოწმეებისათვის“ ქრისტე იმ გაგებით არის უფალი, რომ ის ქრისტიანთა განდიდებული მეფე, მეუფე და მფლობელია [1]. მაგრამ ქრისტეს უფალს უწოდებდნენ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ რელიგიურ ტრადიციაში ცხოვრობდნენ. ამოსავალ წერტილად უნდა გვქონდეს ის, თუ რა აზრს დებდნენ ამ ტერმინში I საუკუნეში როგორც პალესტინელი, ისე ბერძნულენოვანი იუდეო-ქტისტიანები და უმეტეს წილად ბერძნები და ბერძნულენოვანი ქრისტიანები, რომლეთა მიმართაც იყო მიმართული მოციქულების ეპისტოლენი.

ამისათვის ახალი აღთქმის ტექსტებს უნდა მივმართოთ, რომელიც ქრიტეს უფლად წოდების აზრს ნათელქს ჰფენენ. უპირველეს ყოვლისა, ავღნიშნავთ, რომ პავლე მოციქული ტერმინს „უფალი“ ქრისტეს მიმართ რელიგიურ კონტექსტში იყენებს: „ერთი უფალი, ერთი რწმენა, ერთი ნათლობა“ (ეფ. 4, 5), რადგან ქრისტეს სახელით ინათლებოდნენ (საქმე. 2, 38), სწამდათ ქრისტესი (იოანე. 11, 25-27), რადგან ის უფალია  (1 კორ. 8, 6). იგივე მოციქული კორინთელებს, როგორც „ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ყველგან მხმობელთ (1 კორ. 1, 2) იხსენებს. გამოთქმა „სახელის მოწოდება“ სეპტუაგინტიდან არის აღებული და ლოცვით თაყვანისცემაზე უთითებს. ამავე ეპისტოლეში ქრისტეს ამგვარი მოხმობის მაგალითს ვხედავთ არამეულ ფრაზაში „მარანათა“, რაც ნიშნავს: „მოდი უფალო“ (1 კორ. 16, 22; შეად.  გამოცხ. 22, 20).

მაგრამ ცალკე განვიხილოთ 1 კორ. 8, 5-6, სადაც ნათქვამია: „რადგან თუკიღა არიან ეგრეთწოდებული ღმერთები მიწაზე თუ ცაში (როგორც არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი), ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი და ვისთვისაც ვართ ჩვენ, და ერთი უფალი, იესო ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი და ვის მიერაც ვართ ჩვენც

ამონარიდის პირველი ნაწილი გვეუბნება, რომ ძველ ხალხებში მრავალი რმერთის რწმენა იყო გავრცელებული. პავლე წარმართულ რელიგიურ პანთეონს „ღმერთებად ფა უფლებად“ იხსენებს, რომლებსაც ძველი ხალხი თაყვანს სცემდა. ტერმინი „უფალი“ (ბერძნ. κύριος) ახალი აღთქმის დაწერის დროინდელ წარმართულ რელიგიურ და საერო ტექსტებში გვხვდება. ამ ტერმინით წარმართული პანთეონის ქალღმერთებსა და ღმერთებს აღნიშნავენ. ღმერთ სერაპისისადმი მიძღვნილ მრავალ პაპირუსსა და წარწერაში  ამ ტერმინის გამოყენების მაგალითებს ვხედავთ: „ვმადლობ უფალ სერაპისს (τ κυρι), რომ ზღვაში საფრთხისგან მიხსნა“, — აპიონის წერილი მამისადმი (აპიონი ჩვ. წ. აღ. II საუკუნეში რომის ფლოტში მსახურობდა). კიდევ ერთი წერილი (ჩვ. წ. აღ. II საუკუნე) შვილისგან დედას: „ყოველდღე ვლოცულობ შენთვის უფალ სერაპისის მიმართ (τ κυρι)“. ამ ტექსტებიდან აშკარად ჩანს, რომ ტერმინი κυρι ნიშნავს ღვთაებას, რომელიც ლოცვებს პასუხობდა და ადამიანების დახმარებისათვის მადლიერებას იმსახურებდა (შეად. პინდარ ისტმ. 5.53; პლატონი, კანონები 12.13) [2].

ამ დეტალების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია პავლე მოციქულის საუბრის მეორე ნაწილის განმარტებისას, სადაც ის მამაზე, როგორც ერთადერთ ღმერთზე, იესოზე კი როგორც ერთადერთ უფალზე საუბრობს. „მოწმეებს“ კი მიაჩნიათ, რომ პავლე მოციქული ამ სიტყვებით ქრისტეს ღმერთისგან განასხვავებს. მაგრამ კონტექსტი გვიჩვენებს, რომ განსხვავება არა იესოსა და ღმერთს შორის კეთდება, არამედ მათსა და წარმართულ უფალ-ღმერთებს შორის. თუ „მოწმეების“ ლოგიკას გავყვებით, მაშინ 1 კორ. 8, 6 უნდა დავასკვნათ, რომ რახანც იესო ერთადერთი უფალია, მაშინ მამა ღმერთი უფალი არ არის. მაგრამ ეს ხომ სრულიად აბსურდული აზრია.

ამიტომ, როდესაც პროზელიტს ან იუდეველს ესმის სიტყვები — „ვერავინ უწოდებს უფალს  იესოს, თუ არა სულით წმიდით“ (1 კორ. 12, 3) ან „თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, — ცხონდები“ (რომ. 10, 9) — ისინი მას რელიგიური თვალსაზრისით ესმის, როგორც ზემოხსენებული წერილების ავტორს. დავამატებთ, რომ ღმერთებისა და იმპერატორების მიმართ ტერმინ κύριος გამოყენება ბევრ რამეს ნათელს ჰფენს [3]; პავლე მოციქული ახსენებს ამ ეპითეტს, რადგან ის წარმართულ სამყაროში ფართოდ იყო გავრცელებული და მისი ადრესატები, ანუ წარმართები, მას უკეთ გაუგებდნენ. შეგახსენებთ, რომ ანტიკურ სამყაროში და ახალი აღთქმის წერილობითი ფიქსაციის დროს რელიგიურად სცემდნენ თაყვანს, ხოლო ადრეული ქრისტიანები ასეთ თაყვანისცემაზე უარს ამბობდნენ. მკვლევარი ა. ჟებელევი რომის იმპერიის აღზევების ხანის ერთ დოკუმენტზე ამახვილებს ყურადღებას [4] — ამ დროს იმოპერატორი ოქტავიან ავგუსტუსი იყო (27 წ. ჩვ. წ. აღ.-მდე — 14 ჩვ. წ. აღ.), რომლის დროსაც იშვა ქრისტე (ლუკა. 2, 1). იმპერატორი ავგუსტუსი დასავლეთ მცირე აზიის ოთხი ქალაქის კავშირის მიმართ დეკრეტს გამოსცემს. ამ დეკრეტში იმპერატორი ღმერთად იწოდება: „ამ ღმერთის დაბადების დღე მთელი მსოფლიოსთვის მისგან გამოსული ხარების დასაწყისია“; იგივე გამოთქმებს ვხვდებით რომის იმპერატორ ვესპასიენსთან მიმართებაში (69-79 წწ. ჩვ. წ. აღ.): „θεὸς Καῖσαρ“ ან „κύριε Σεβαστέ“ [5]; იმპერატორ ადრიანეს მიმართ (117-138 წწ.): „ κύριος ἡμῶν καὶ θε] ἐνφανέστατος Αὐτοκράτωρ ̣ Καῖσαρ Τραϊανὸς Ἁδριανὸς“ [6]. შესაბამისად, ჭეშმარიტი უფლისა და  „ეგრეთ წოდებული უფლების“ ურთიერთდაპირისპირება ქრისტეს რელიგიურ თაყვანისცემაზე მიუთითებს.

გავარკვიეთ რა ტერმინ κύριος-ის მართებული და რაც მთავარია — კონტექსტუალური — გაგება, ჩვენთვის გასაგები ხდება, თუ ვის ეკუთვნის მარადიული დიდება მამასთან ერთად. ჩვენს დასკვნებს პავლე მოციქულის სიტყვები ადასტურებს: „რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს“ (1 კორ. 2, 8); ვინ არის პავლე მოციქულისთვის დიდების უფალი, თუ არა ქრისტე; პავლემ კარგად იცის ძველი აღთქმა, რადგან ის განათლებული ფარისეველია (საქმ. 23, 6) და ფსალმუნები მას ცალსახად ეიბნებიან: „ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი მტკიცე და ძლიერი, უფალი — ომში ძლევამოსილი“ (ფსალ. 20, 8). ტერმინი „დიდების უფალი“ მრავალჯერ გამოიყენება აპოკრიფულ ენოქის 1 წიგნში (რომლიდანაც იუდა მოციქულს მოჰყავს ამონარიდები (14, 15), ასევე სხვა ამონარიდები [7]) უზენაესის მიმართ: „ადიდებენ დიდების უფალს, მარადიულ მეფეს“ (1 ენ. 5, 41), „დაჯდება წმინდა და დიდებული, დიდების უფალი, მარადიული მეფე“ (1 ენ. 5, 28).

ახლა მივედით კითხვამდე: შეუძლია თუ არა მამას, სხვას მისცეს ის, რაც მხოლოდ მას ეკუთვნის? მისცემს თუ არა თავის დიდებას სხვას? არა, ამბობს ის: „არ მივცემ ჩემს დიდებას სხვას“ (ესაია. 42, 8). მაგრამ იესო ქრისტე ამბობს: „წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი“ (იოანე. 17, 11). თუ მამა ძეს თავის სახელს აძლევს, ე. ი. ის სხვა არ არის და ამას ქრისტეს მიერ მოცემული ნათლობის ფორმულა ნათლად მოწმობს: „დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით“ (მათე. 28, 19) — ამიტომაც სამი პირის ერთი სახელით ნათლავენ. წმ. იოანე ოქროპირი (+407) სამართლიანად შენიშნავს: „უკიდურესი კადნიერებაა, თუ იმას, რაც შეუდარებელ არსს ეკუთვნის უფრო დაბალ და მორჩილ არსს განვუკუთვნებთ“ [8]. თავის დიდებასა და ძალაუფლებას მამა მხოლოდ თავის ტოლთ გაუნაწილებს, ამიტომ ძის რელიგიურ თაყვანისცემა მამამდე ადის: „რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა“ (ფილიპ. 2, 10, 11). აქ პავლე მოციქულს ესაია 45, 23 მოჰყავს სეპტუაგინტიდან. იგივე ამონარიდი მას რომ. 14, 11-ში მოჰყავს: „ვინაიდან დაწერილია: მე ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, ჩემს წინაშე მოიყრება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს“ (რომ. 14, 11). ესაიასთანაც და პავლესთანაც ამონარიდი ღმერთის თაყვანისცემასა და რწმენას ეხება.

თუმცა ფილიპ. 2, 10, 11-ში ის ამონარიდს ქრისტეს მიმართ იყენებს. ანუ, პავლეს ან ძველი აღთქმა არ ესმის ან იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად აღიარებს. ცხადია, რომ პავლე მეორეს აღიარებს. არც პავლე და არც მოციქული იაკობი არ ცდებიან: „ძმანო ჩემნო, დაე, თქვენი რწმენისათვის, რომლითაც გწამთ ჩვენი დიდების უფალი (του̃ κυρίου) იესო ქრისტე, უცხო იყოს მიკერძოება“ (იაკობი. 2, 1). ის, რომ ღმერთი დიდებისა ეჩვენა მამას ჩვენსას აბრაამს“ (საქმე. 7, 2), ზუსტად იოანე მოციქულს შეესაბამება, რომლის სახარებაშიც ვკითხულობთ: „მე და მამა ერთი ვართ“ (იოანე. 10, 30), ზუსტად ამისათვის „ცდილობდნენ იუდეველები იესოს მოკვლას, ვინაიდან არა მარტო არღვევდა შაბათს, არამედ თავის მამად იტყოდა ღმერთს და მას უტოლებდა თავს“ (იოანე. 5, 18). აღსანიშნავია, რომ როგორც დიდება და სახელი ერთი აქვთ მამას და ძეს, ასევე მადლი და მშვიდობა ერთი აქვთ (რომ. 1, 7).

ძისა და მამის ღვთაებრიობის თანაბრობის შესახებ ახალი აღთქმის მრავალი მუხლი საუბრობს, რაზეც შესაბამის ადგილას ვიტყვით, აქ კი ზოგიერთ მათგანს მოვიყვანთ, დიდებასთან  მიმართებაში: „მოველოდეთ ნეტარი სასოებისა და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას“ (ტიტ. 2, 13), ანუ პავლე მოციქულის მიერ ნახსენები დიდება ერთია და არა ორი — ერთია დიდება მამისა და ძისა, ერთი და იგივე დიდება ეკუთვნის მამას და ძეს. მამისა და ძის ერთიანად მოქმედი დიდება ძეს მარადიულადაც აქვს და განკაცების შემდგომაც, რაზეც იოანე პირდაპირ ამბობს: „ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე (იოანე. 17, 5). ძე განკაცდა და ამიტომ მისი ხორცი, ჩვენი ერთარსი, მაგრამ ღვთის ენერგიით განმღრთობილი, ასევე უნდა განდიდებულიყო, რადგან ძის ხორცი, განეკუთვნებოდა რა ქმნილი ბუნების კატეგორიას, განდიდებას საჭიროებდა და აღდგომის შედეგად საბოლოოდ განიღმრთო კიდეც (შეად. იოან. 13, 32) და აღდგომის შემდეგ ამაღლებისას მოციქულებმა ქრისტესбროგორც ღმერთს (προσκυνήσαντες), სცეს თაყვანი (ლუკა. 24, 52).

ამგვარი განდიდებული სახით ქრისტე იოანეს გამოეცხადა (გამოცხ.1, 7-8; 10, 13-18 და სხვ.). ქრისტეს, როგორც კრავს, მამასთან ერთად ერთი და იგივე დიდება ეკუთვნის უკუნისამდე (გამოცხ. 5, 13) და არა მარტო დიდება, არამედ „ძალა უკუნისამდე“. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ კრავი: „არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე“ (გამოცხ.17, 14; 19, 11-16), რადგან ძე, როგორც მისი მამა, არის „ყოვლისმპყრობელი“ – „ὁ παντοκράτωρ“ (გამოცხ. 1, 8).

_____

[1] იხ. Сторожевая Башня за 1994 от 1 июня, стр. 28-31.

[2] იხ. Иисус и Евангелия, М.: Библейско-богословский институт св. ап. Андрея, 2003.

[3] იხ. A. Deissmann. Light from the Ancient East, P. 353–361.

[4] იხ. А.С.Жебелев. Евангелия канонические и апокрифические. М., 1919. С. 21-22.

[5] იხ. Emperors and the Divine – Rome and its influence. Published in 2016 by the Helsinki Collegium for Advanced Studies. P. 29.

[6] იხ. იქვე. გვ. 28.

[7] იხ. სტატია: «იუდა მოციქულის ეპისტოლე და იუდეველური აპოკრიფები» http://john-kazaryan.blogi.ch/geo/2017/07/22/iuda-mociqulis-epistole-da-iudeveluri/

[8] იხ. ტომი VIII, წიგნი 1, 6. სიტყვა 5.