ქრისტეს ეკლესიაში სული წმიდის მარადიული მყოფობის შესახებ

ქრისტეს ეკლესიაში სული წმიდის მარადიული მყოფობის შესახებ

(ანტირეტიკები ეგრეთ წოდებული „იეჰოვას მოწმეების“ წინააღმდეგ. აპოლოგია პირველი)

დღეს მართლმადიდებელ ქრისტიანებს თავისი ეკლესიის მისამართით ხშირად ესმით „იეჰოვას მოწმეების“ ორგანიზაციის მხრიდან საყვედური, რომ ეკლესიაში უძველესი დროიდან სული წმიდა აღარ მყოფობს, ან რომ სული წმიდამ ეკლესია სამოციქულო ხანის დასასრულსავე (ჩვ.წ.აღ. I საუკუნეში) დატოვა. აქედან მომდინარეობს ბრალდება, რომ მოციქულების შემდგომ ხანაში ეკლესიაში სული წმიდის ნაყოფი აღარ არის [1]. ასეთი ბრალდება არ შეესაბამება არც ახალაღთქმისეულ ბიბლიურ, არც სამოციქულო და მათი შემდგომი ხანის მამების მოწმობებს. ახალ აღთქმაში მრავალი მუხლი მიგვითითებს, რომ ეკლესიაში ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები ყოველთვის იქნებიან, რომლებთანაც სული წმიდა მარად იქნება, ეკლესიის დაარსებიდანვე. ქვემოთ მოგვყავს მოწმობები ქრისტეს ეკლესიაში სული წმიდის მარადიული მყოფობის შესახებ და შევნიშნავთ, რომ ქრისტეს ეკლესიის მისამართით ამგვარი ბრალდების წაყენებისას „იეჰოვას მოწმეები“: 1) ახალი აღთქმის მთელ რიგ მუხლებსა და ტექსტებს ყალბად წარმოაჩენენ, მეორეს მხრივ კი 2) თავისავე ბრალდებებს ეწინააღმდეგებიან, რადგან ამავე ტექსტებს ღვთისულიერად აღიარებენ.

უფალმა თავის მოწაფეებს, რომლებზეც ეკლესია დააფუძნა, მიმართა: „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ სძლევენ მას“ (მათე. 18, 16) და უთხრა: „თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი. ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე, — ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება“ (იოანე. 14, 15-17). ეს სიტყვები ნათქვამია როგორც მოციქულთა, ისევე მთელი შემდგომი ეკლესიის მიმართ, რომელზეც პავლემ თქვა, რომ ის  არის „ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი“ (1 ტიმ. 3, 15). ეკლესია მოციქულთა ურყევ საფუძველზეა დაფუძნებული, მისი თავი ქრისტეა და „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ სძლევენ მას“ (მათე. 18, 16). და ჩვენ ვიცით, რომ ქრისტეს სიტყვები „არ გადაივლიან“: „ცა და მიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან“ (მათე. 24, 35).  „ჭეშმარიტების სული“ იქ მკვიდრობს, სადაც  ჭეშმარიტების რწმენაა. იუდა მოციქული მოგვიწოდებს, რომ ამ რწმენისათვის ვიღვაწოთ, „რწმენისათვის, ერთხელ რომ მიეცა წმიდათ“ (იუდა. 1, 3). მოციქულის სიტყვებიდან გამომდინარე, ამ რწმენას აღდგენა არ დასჭირდება, რადგან ის „ერთხელ“ უკვე მიეცათ წმინდანებს, ანუ ქრისტეს ეკლესიის წევრებს და მისი (რწმენის) აღდგენა შემდგომში აღარავის დასჭირდება (ასეთი აზრი ახალ აღთმქაში წინასწარმეტყველების სახითაც კი არ გვხვდება), რადგან ეკლესია არის „ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი“; ზუსტად ამიტომ ამბობს იოანე მოციქული ჭეშმარიტებაზე, რომ იგი „მკვიდრობს ჩვენში და ჩვენშივე იქნება უკუნისამდე“ (2 იოანე. 1, 2). ეფესოს ეკლესიის მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული წერს, რომ სული წმიდა „არის ჩვენი მემკვიდრეობის წინდი საბოლოო გამოხსნამდე, როცა დავიმკვიდრებთ ჩვენს წილხვედრს მისი დიდების საქებრად“ (ეფეს. 1, 13–14), მისი, ანუ ქრისტესი. განა ეკლესიისთვის, „ჭეშმარიტების სვეტისა და საფუძველისთვის“, მიცემული წინდი შეიძლება გაუქმდეს? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ქრისტეს სიტყვები „არ გადაივლიან“, რადგან ის ეკლესიასთანაა „დღემუდამ ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე. ამინ“ (მათე. 28, 20). ახალი აღთქმის არც ერთი მუხლი მინიშნებასაც კი არ იძლევა იმის თაობაზე, რომ მოციქულთა შემდგომ ეპოქაში სული წმიდა ეკლესიას დატოვებს. ასეთი აზრი წმინდა წერილში არ არსებობს, მაგრამ ეკლესიის ცალკეული წევრების შესახებ კი ასეთი აზრი გვხვდება: „შემოიღებენ წარმწყმედ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და მალე თვითონვე წარიწყმედენ თავს. ბევრი გაჰყვება მათ თავაშვებულებას და მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა. ანგარებით აღძრულნი ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან, მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას“ (2 პეტრე. 2, 1-3) და ას. შ. ამგვარად, მოციქული ეკლესიას უფრთხილდება და წინასწარ აფრთხილებს მას მლიქვნელების, მომხვეჭელთა და ერეტიკოსთა მხრიდან თავდასხმების შესახებ, რომლებიც ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანების, საღვთო ეკლესიის წევრების საზოგადოებაში განხეთქილებას შემოტანენ (იხ. 2 პეტრე. 2, 1-22; 3). მოციქული თავის აზრს აგრძელებს და ეკლესიის წევრების მიერ (ეკლესიიდან გამოსული ერეტიკოსებისგან განსხვავებით) წუთისოფელში უბიწობისა და შეურყვნელობის შენარჩუნებაზე წერს: „ ამიტომ, საყვარელნო, რაკიღა ამას ელით, ეცადეთ მშვიდობით წარსდგეთ მის წინაშე, შეურყვნელნი და შეუბილწველნი. ჩვენი უფლის სულგრძელობა დასახეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ — პავლემაც მოგწერათ მისთვის ბოძებული სიბრძნით. ამასვე გწერთ ყველა წერილში, სადაც ზოგი რამ ისე ძნელი გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ მათ, რათა წარიწყმიდონ თავიანთი თავი“ (2 პეტრე. 3, 14-16). პეტრე მოციქულის ეს სიტყვები, რომლებშიც ის პავლე მოციქულსაც იმოწმებს ადამიანთა ორ კატეგორიაზე მიგვითითებს: ვინც ჭეშმარიტი რწმენის მლანძღველი იქნება და ვინც ჭეშმარიტ რწმენას შეინარჩუნებს. მაგრამ აქ არ ვხედავთ არავითარ მოსაზრებას ეკლესიის ერთგვარ მითიურ გაქრობაზე ან მასში სული წმიდის მოქმედების შეწყვეტაზე. ამ მითმა მხოლოდ „იეჰოვას მოწმეთა“ ორგანიზაციის წევრებში იჩინა თავი, რომლებსაც პეტრე მოციქულის სიტყვები შეიძლება მივუსადაგოთ: „ზოგი რამ ისე ძნელი გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ მათ, რათა წარიწყმიდონ თავიანთი თავი“. იქვე მოციქული ჭეშმარიტ მორწმუნეებს მიმართავს: „ხოლო თქვენ, საყვარელნო, რაკიღა წინასწარ იცით ეს, ფრთხილად იყავით, რათა არ ჩაგითრიოთ უკეთურთა ცთომილებამ და არ გიღალატოთ თქვენმა სიმტკიცემ. არამედ იზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლითა და შემეცნებით. დიდება მას აწ და მარადის. ამინ“ (2 პეტრე. 3, 17-18). წერილი თავის თავს არ ეწინააღმდეგება. თუ ეკლესია „ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველია“, ის ისტორიის აღსასრულამდე იქნება სამყაროში, რადგან ჭეშმარიტება „მკვიდრობს ჩვენში და ჩვენშივე იქნება უკუნისამდე“ (2 იოანე 1, 2).

მათე. 16, 18-ში ეკლესიისადმი ქრისტეს დაპირებას ვკითხულობთ, რომელიც სულთმოფენობის დღეს დაარსდა (ჩვ. წ. აღ. დაახ. 33 წელს), როდესაც მოციქულებზე სული წმიდა გარდამოვიდა. I საუკუნის ქრისტიანთა კრებული ადვილად ცნობადი, ხილული და ორგანიზებული იყო. „ჰადესის კარის“ სახე ებრაელებმა ძველი აღთქმისა და არაკანონიკური წერილებიდან კარგად იცოდნენ (იხ. ესაია. 38, 10;  იობი. 38, 17;  ფსალ. 9, 14 და სხვ.). „ბჭენი ჯოჯოხეთისანი“ (რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ) სიკვდილს აღნიშნავს. ის არ ემუქრება ეკლესიას, რომლისთვისაც ქრისტე მოკვდა (ეფეს. 5, 25) და რომელსაც ის მარად ინახავს (ეფეს. 5, 29). განა შეიძლება იმის დაშვება, რომ სატანა ქრისტეზე, ეკლესიის თავზე, ძლიერი აღმოჩნდება? ნუთუ ქრისტემ ვერ დაიცვა ეკლესია, რომელიც მისი სხეულია? (ეფეს.1, 22-23). რა თქმა უნდა, დაიცვა და ყოველთვის დაიცავს ეკლესიას, რადგან ჭეშმარიტია ღმერთი, რომ ეკლესია – „ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველია“ და „ყოვლის აღმვსები ყოვლით“ (ეფეს. 1, 23).

სული წმიდის ნიჭების შესახებ შეიძლება ითქვას შემდეგი: ჩვ.წ.აღ.-ის II საუკუნის პირველი ნახევარი იმით არის აღსანიშნავი, რომ ამ დროს ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ ქრისტიანები, რომლებმაც მოციქულთაგან სული წმიდის ნიჭები მიიღეს. ცნობილი ქრისტიანი აპოლოგეტები, წმ. ირინეოს ლიონელი (დაახ.130-202 წწ.) და წმ. იუსტინე მარტვილი (დაახ.100-165 წწ.) ქრისტიანობის მოწინააღმდეგეებთან (გნოსტიკოსებთან და იუდეველებთან) პოლემიკისას არგუმენტის სახით მოწმობენ, რომ მათ დროს სულის ნიჭები ქრისტიანულ ეკლესიაში ვლინდებოდა და ყველასთვის კარგად ცნობილი იყო: „ახლაც შეგიძლიათ შეიტყოთ ეს იქიდან, რაც თქვენს თვალწინ ხდება. ქრისტიანები მთელს მსოფლიოსა და თქვენს ქალაქში დემონებით შეპყრობილებს კურნავდნენ და კურნავენ ქრისტეს სახელის მოწოდებით, რომელიც პონტოელი პილატეს დროს ჯვარს ეცვა, მაშინ როდესაც, დემონებით შეპყრობილებს სხვა შემლოცველები ვერ შველიდნენ. ამგვარად, ქრისტეს სახელით ქრისტიანები დემონებს ამარცხებენ და ადამიანებიდან დევნიან“ (წმ. იუსტინე. აპოლოგია. 2, 6); „ზოგნი ყოველ დღე ქრისტეს ემოწაფებიან და ცდომილების გზას ტოვებენ და ყოველ მათგანს ნიჭი ღირსებისდაგვარად ეძლევა და ქრისტეს სახელით ნათლდებიან; ერთს გონების ნიჭი ეძლევა, მეორეს რჩევის, მესამეს ძალის; ერთნი კურნების ნიჭს იღებენ, მეორენი წინასწარმეტყველების, ერთნი სწავლების, მეორენი კი ღვთის შიშის“ (წმ. იუსტინე. საუბარი ტრიფონ იუდეველთან, 39); „ჩვენში დღემდეა წინასწარმეტყველების ნიჭი, საიდანაც უნდა გაიგოთ, რომ ჩვენში გადმოვიდა ის, რაც მანამდე თქვენს ხალხში არსებობდა“ (საუბარი ტრიფონ იუდეველთან, 82); „ჩვენში კაცსაც და ქალსაც ნახავ, რომლებსაც ღვთის სულის ნიჭი აქვთ“ (საუბარი ტრიფონ იუდეველთან, 88).

ძველი ქრისტიანული მწერლობა არც ერთ მინიშნებას არ შეიცავს იმაზე, რომ ქრისტიანთა შორის, ჩვ. წ. აღ. II საუკუნის დასაწყისში, დამღუპველი პროცესები დაიწყო, რომლებსაც არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. სწავლებაში მომხდარი გლობალური ცვლილებები ისტორიაში კვალს აუცილებლად დატოვებდა. პირიქით, II საუკუნის ცნობილი აპოლოგეტი წმ. ირინეოს ლიონელი წერდა, რომ მას ზუსტად ისევე სწამს, როგორც მანამდე მის მოძღვარს, წმ. მოწამე პოლიკარპე სმირნელს, სწამდა (გარდაიცვალა დაახ. 155-156 წლებში). ამ უკანასკნელს კი თავად მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ასწავლიდა: „პოლიკარპეს მოციქულები ასწავლიდნენ, ის მრავალს იცნობდა მათგან, ვისაც ჩვენი უფალი უხილავს; მოციქულებმა კი ის აზიაში სმირნის ეკლესიის ეპისკოპოსად დაადგინეს. მე პოლიკარპე ახალგაზრდობაში მინახავს. ის დიდხანს ცხოვრობდა და ცხოვრება ღრმა მოხუცებულობაში უდიდესი და უკეთილშობილესი მოწამეობით დაასრულა. პოლიკარპე ყოველთვის ასწავლიდა იმას, რაც მოციქულებისგან იცოდა, რასაც ეკლესია გადმოგვცემს და მხოლოდ იმას, რაც ჭეშმარიტია“ (წმ. ირინეოსი. ერესების წინააღმდეგ, III, 4). ამგვარად, ქრისტიანთა სწავლების მემკვიდრეობის ხაზი მოციქულებამდე მიდიოდა, რომელთაგან უკანასკნელი ჩვ.წ. აღ.-ით დაახლოებით 100 წელს გარდაიცვალა.

წმ. ირინეოსი ეკლესიაში სულის ნიჭებზე შემდეგს წერს: „ჩვენ ეკლესიაში მრავალი ძმისთვის მოგვისმენია, რომელთაც წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონდათ და სულის მიერ სხვადასხვა ენებზე ლაპარაკობდნენ და საერთო სიკეთისათვის ადამიანთა საიდუმლებებს ამჟღავნებდნენ და საღვთო საიდუმლოებებს განმარტავდნენ: ასეთ ადამიანებს მოციქული „სულიერ“ ადამიანებს უწოდებს. ისინი სულიერნი არიან სულის მიერ და არა ხორცის დამცირებითა და უარყოფით და არც იმიტომ, რომ მხოლოდ სულად იქცნენ“ (ერესების წინააღმდეგ, V, 6); „ამიტომ, მისი ჭეშმარიტი მოწაფეები, იღებენ რა მისგან მადლს, მისი სახელით სასწაულებს მოიმოქმედებენ სხვათა საკეთილდღეოდ იმისდა შესასაბამისად, თუ ვინ როგორი ნიჭი მიიღო. ერთნი ჭეშმარიტად და უეჭველად დემონებს განდევნიან და უწმინდური სულებისგან განთავისუფლებული ადამიანები ქრისტეს იწამებენ და ეკლესიაში მოდიან. ზოგი მომავალს ხედავს, ხილვისა და წინასწარმეტყველების ნიჭი გააჩნია. ზოგნი ხელს ადებენ ავადმყოფებს და კურნავენ მათ. მკვდრებიც კი აღდგებოდნენ და ჩვენთან იყვნენ საკმაოდ დიდ ხანს. კიდევ რა ვთქვა? შეუძლებელია ყველა იმ ნიჭის ჩამოთვლა, რომელიც მთელს მსოფლიოში მიმოფანტულმა ეკლესიამ ღმერთისგან იესო ქრისტეს სახელით მიიღო, რომელიც პონტოელი პილატეს დროს ჯვარს ეცვა. ეკლესია ამ ნიჭებს ყოველ დღე ავლენს, არავის აცდუნებს და ფულს არავისგან  ითხოვს“ (ერესების წინააღმდეგ, II, 32, 4-5).

„იეჰოვას მოწმეთა“ ორგანიზაციის ლოგიკას თუ გავყვებით ღვთის გმობამდე მივალთ: ქრისტემ და მისმა მამამ თავისი „მცირე ფარა“ ვერ დაიცვეს (!) და ამ ორგანიზაციის თანახმად მოციქულთა შემდგომი ხანის ეკლესია ღვთივსულიერი აღარ იყო; ქრისტემ და მისმა მამამ თავისი „მცირე ფარა“, თავისი დაპირების, მამის დაპირების მიუხედავად, ვერ დაიცვეს და მორწმუნეებს ცათა სასუფეველი ვერ უბოძეს (ლუკა. 12, 32). თანაც, ქრისტე თავის დაპირებას დროის კონექსტში არ ახსენებს, რადგან „ღვთის სიტყვა კი წარუვალია. სწორედ ესაა სიტყვა, თქვენ რომ გეხარათ.“ (1 პეტრე. 1, 25). იგივე ითქმის ეკლესიის შექმნაზე და „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ სძლევენ მას“ (მათე. 18, 16). მაგრამ, სამწუხაროდ, წერილის დამახინჯებას მიჩვეული ორგანიზაცია იგნორირებას უკეთებს ყოველივე იმას, რაც წუთისოფელში ღვთის სიტყვის მყოფობას ეხება. ქრისტესა და მისი მამის ასეთ უმწეობა და უძლურება ახალი აღთქმისა და ქრისტიანობის მთელი ისტორიის უკუღმართ გაგებას მოწმობს. ეს ღვთისმგმობელი აზრი ხსენებული ორგანიზაციის ღმერთსა და მის ეკლესიაზე არანაკლებ ღვთისმგმობელ აზრებამდე მიგვიყვანს. ამ მორწმუნეთა ერთობლიობას ალბათ ამიტომაც ეწოდება „ორგანიზაცია“ და არა ღვთის ეკლესია.

მოციქულთა შემდგომი ხანის ეკლესიის საღვთო ნიჭებზე ადრეული ეკლესიის მრავალი სხვა მამა და მწერალი საუბრობს, მაგრამ მათი მოწმობების მოყვანა სტატიის ფორმატს გაზრდის და ამიტომ, მხოლოდ ორი მამით შემოვიფარგლეთ. ადრეული, შუასაუკუნეებისა და შეუასაუკუნეების შემდგომი ხანის ეკლესია მრავალ მოწმობას ფლობს თავისი მოღვაწეების სახით, რომლებიც სული წმიდით იყვნენ აღსავსე, რასაც მრავალრიცხოვანი აგიოგრაფიული ნაწარმოები მოწმობს. ადრეული ქრისტიანობის ავტორთა, მითუმეტეს, მოციქულთა მოწაფეების, ცნობების უგულებელყოფა (ან მათი იგნორირება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ორგანიზაციისათვის არახელსაყრელია) ისტორიული წყაროებისადმი არაობიექტური მიდგომის ნიშანია, რაც საკითხის ტენდერციურ გაგებამდე და მის ცალმხრივ წარმოდგენას იწვევს. ეს სიმართლეს მოკლებული მიდგომაა, არა და, უფალი სიმართლისა და სიწმინდისკენ მოგვიწოდებს (ეფეს. 4, 24), რამეთუ ის თავად არის ჭეშმარიტება (იოანე. 14, 6).

 

 

[1] „მოწმეები“ ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთ ნომერში წერენ: „ცხადია, რომ მოციქულთა სიკვდილის შემდეგ სულის ნიჭები აღარ გადაეცემოდა და ამიტომ, ნიჭის მიმღებთა სიკვდილის შემდეგ ნიჭის შეწყდა“ („საგუშაგო კოშკი“. 09 1.5. გვ. 28 /რუს. ენ/).

 

მომზადებულია: წმ. ნინოს აპოლოგეტურ-მისიონერული ცენტრის მიერ