დისპუტი «იეჰოვას მოწმეებთან»

დისპუტი «იეჰოვას მოწმეებთან»

გუშინ, სამსახურიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, შევამჩნიე ორი ქალბატონი (იქნებოდნენ 50 წლის), რომლებიც მრავალსართულიანი კორპუსის ბინადრებს დომოფონით უკავშირდებოდნენ. ისინი ბინადრებს“ გახსენების საღამოზე“ ეპატიჟებოდნენ. მე მათკენ გავემართე, რომ რამოდენიმე კითხვა დამესვა. თან ვკითხე, იეჰოვას მოწმეები ხომ არ ბრძანდებოდნენ (შემდეგში — იმ). ერთ-ერთმა ნეტარი ღიმილით მიპასუხა — კი, ჩვენ იეჰოვას მოწმეები ვართო.  ვკითხე, სად იწვევდნენ ადამიანებს და რაში მდგომარეობდა ამ „დღესასწაულის“ აზრი? ჩვენმა საუბარმა ორმოც წუთამდე გასტანა. სამწუხაროდ, ქალბატონებისთვის სახელი არ მიკითხავს. ქვემოთ ჩვენი დიალოგი მომყავს. შევეცდები, რომ ყველა გამოთქმა მაქსიმალურად ზუსტად გადმოვცე:

მე: სწორად მესმის, რომ იეჰოვას მოწმეები საპასექო კრავს ქრისტეს პირველსახედ აღიქვამენ?

იმ: კი, ასეა. კრავი, რომელსაც ებრაელები მე -14 ნისანს ჭამდნენ, ქრისტეს მსხვერპლზე მიუთითებდა, ამიტომ ის სუფთა და უნაკლო უნდა ყოფილიყო.

მე: კარგი. გახსოვთ, საპასექო კრავი ვის უნდა ეჭამა? — ყველა ისრაელელს: არა მარტო მღვდლებს და ლევიტელებს, არამედ მთელს ერს, წინდაცვეთილი პროზელიტების ჩათვლით. თუ მეშლება შემისწორეთ, მაგრამ მგონი ებრაელები და პროზელიტები იეჰოვას მოწმეთა, უფრო ზუსტად, მათი უდიდესი ნაწილის პირველსახეა.

იმ: დიახ, სწორს ბრძანებთ. ზუსტად ასეა.

 

მე: მაგრამ, რამდენადაც ვიცი, იეჰოვას მოწმეთა უმეტესი ნაწილი პურს და ღვინოს, რომელიც ახალი აღთქმით კრავის ისმბოლოა, არ იხმევენ. ანუ, პირველსახე არ აღესრულება.

იმ: რატომ? ქრისტემ ახალი აღთქმა ადამიანთა მცირე ჯგუფს დაუდო, მათი რიცხვი შეზღუდულია. მხოლოდ მათ აქვთ „სიმბოლოთაგან ხმევის“ უფლება.

მე: სადმე წერია ბიბლიაში ამის შესახებ?

იმ: აი: „აიღო პურიც, ღმერთს მადლობა გადაუხადა, დაამტვრია, მისცა მათ და თქვა: „ეს ჩემს სხეულს ნიშნავს, რომელიც თქვენთვის უნდა იქნეს გაღებული. ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“.ვახშმის შემდეგ ისევე მოიქცა, როცა სასმისი აიღო, და თქვა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე, რომელიც თქვენთვის უნდა დაიღვაროს“. (ლუკა, 22. 19, 20; აქთ).

მე: ვერ მივხვდი. სად წერია აქ, რომ შეთანხმება ყველა მორწმუნესთან არ იდება?

იმ: იცით რაშია საქმე? — აი, ჩემთან იეჰოვას აღთქმა არ დაუდია. აღთქმა მხოლოდ ქრისტეს თანამმართველებისათვის დაიდო. მასთან ერთად მხოლოდ ცხებულნი იმეფებენ.

მე: ცხებულნი ვინ არიან?

იმ: ცხებულნი არიან, რომელთაც იეჰოვამ თავისი წმინდა სული სცხო, ამიტომ მათ შეუძლიათ სიმბოლოთაგან მიღება/ხმევა.

მე: როდესაც მოციქულები საიდუმლო სერობაზე „სიმბოლოთაგან მიიღებდნენ“, ისინი უკვე ცხებულნი იყვნენ?

იმ: რა თქმა უნდა!

მე: დარწმუნებული ხართ? აბა, სულთმოფენობაზე რაღას იტყვით?

იმ: აა, ჰო, რა თქმა უნდა, ისინი სულთმოფენობის დღეს გახდნენ ცხებულნი.

მე: ე. ი. გამოდის, რომ ისინი სერობაში მონაწილეობდნენ მანამ, სანამ ცხებულნი გახდებოდნენ?

იმ: ასე გამოდის…

მე: და თქვენ ასე რატომ არ იქცევით?

იმ: იეჰოვას ჩემთან ახალი აღთქმა და მეფობის აღთქმა არ დაუდია.

მე: ანუ, თქვენ ნებაყოფლობით გამორიცხავთ თქვენს თავს ღმერთთან ურთიერთობისგან, რადგანაც უარს ამბობთ აღთქმაზე? განა შეიძლება ღვთის ერის ნაწილი იყო და ამავე დროს უფალთან შეთანხმებაში არ იყო? ეს ხომ უაზრობაა!

იმ: მე ვერ წავუყენებ მას მოთხოვნებს.

მე: სწორია, მაგრამ ეს არც არის საჭირო, რადგან  ყველას თავის ტრაპეზზე ის თავად იწვევს: “აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის — ჩემთან”(გამოცხ. 3, 20).

იმ: კი, მაგრამ „სხვა კრავებიც“ ხომ არიან. მათზე თავად ქრისტე ამბობდა. ჩვენ მათი რიცხვიდან ვართ.

მე: და კონკრეტულად რა თქვა ქრისტემ „სხვა კრავებზე“? ნუთუ იოანე. 10, 16-ში პირდაპირ წერია, რომ მათთან აღთქმა არ დადებულა?

იმ: არა, ასე არ არის.

მე: ანუ, ეს მხოლოდ თქვენებური გაგებაა, თქვენი პირადი ინტერპრეტაცია?

იმ: ჩვენ გვწამს, რომ ცხებულთა რიცხვი შეზღუდულია. მათი რიცხვი მხოლოდ 144 ათასია.

მე: კარგი. ოღონდ, მოდით ჯერ „სხვა კრავებში“ გავერკვიოთ. როდესაც ახალ აღთქმას ვკითხულობ, სრულიად ბუნებრივად მესმის ქრისტეს სიტყვები. სხვა ფარის კრავები წარმართები არიან, რომლებიც იწამებენ და ღმერთთან მივლენ.

იმ: გეთანხმებით. ჩვენც წარმართებიდან ვართ, აბა, ებრაელები ხომ არ ვართ.

მე: და ისრაელში იეჰოვას მოწმეები არ არიან? განა წარმოშობით ებრაელები ,ისინი „სხვა კრავებს“ არ განეკუთვნებიან?

იმ: (ქალბატონები შეჩერდნენ და დაბნეული სახეებით გააგრძელეს საუბარი)… ნებისმიერ მთავრობაში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. ღვთის ზეციურ მმართველობაშიც ასეა. ის უსაზღვრო არ არის და გამოცხადების წიგნში წერია, რომ ქრისტეს მხოლოდ 144 000 თანამმართველი ეყოლება.

მე: მშვენიერია! მაგრამ, მე არ მესმის, ადამიანური ანალოგიები ზეციურ სასუფეველთან რა კავშირშია?

იმ: რა არის აქ გაუგებარი? იეჰოვა ჩვენთვის გასაგები სიმბოლოებით გვასწავლის.

მე: ძალიან კარგი! თქვენს ანალოგიებს თუ გავყვებით, აბსურდულ დასკვნებამდე მივალთ. აი, მაგ. ნებისმიერი ადამიანური ხელისუფლება, ყოველთვის შელახავს ვინმეს უფლებებს. ნებისმიერი ხელისუფლება დიქტატურის ფორმას წარმოადგენს.

იმ: ღვთის ხელისუფლებაში  მსგავსი არაფერი არ არის!

მე: ახლა არ თქვით, რომ ღვთის ხელისუფლებაში ყველაფერი ისევეა, როგორც მიწიერშიო? და თუ ასე არ არის, მაშინ იქნებ არც ასეთი პარალელების გავლებაა საჭირო?

იმ: იცით? გამოცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ცხებულთა რიცხვი მხოლოდ 144 ათასია.

მე: პირდაპირ ასე წერია: სიონის მთაზე ზუსტად 144 ათასი დგას?

იმ: არა, მაგრამ ეს ხომ ისედაც გასაგებია!

მე: ვისთვის არის გასაგები? აი, მე პირადად სულ არ მესმის. საერთოდ თუ გახსოვთ, საიდან მოდის ეს ციფრი — 144 000?

იმ: დიახ. ისრაელის ყოველი ტომიდან 12 ათასი. მაგრამ, ეს ტომები სიმბოლურია.

მე: შესანიშნავია! ანუ, თქვენ ამბობთ, რომ სიმბოლური რიცხვების შეჯამებით მიღებული რიცხვი პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ?! ეს ხომ აბსურდია! ელემენტარულ ლოგიკაში არ ჯდება!

იმ: რატომ? ჩვენთვის ყველაფერი გასაგებია. მერე რა, რომ 12 ათასიანი ტომები სიმბოლურია? მთავარია, რომ 144 000 ზუსტი რიცხვია!

მე: თუ ეს რიცხვი ზუსტია, მაშინ მისი არსიც ზუსტად უნდა გაიგოთ: 12 ჯგუფი, რომლებშიც ისრაელის ყოველი ტომიდან 12 000 შედის. 144 000 ზუსტად არ მესმის, იმიტომ რომ 12 ტომი სიმბოლურია.

იმ: კარგი და ვინ არიან ისინი, თქვენი აზრით?

მე: მე მგონია, რომ ეს არის მართალი, წმინდა ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ღმერთთან ძალიან ახლოს იყვნენ. თან  ნათქვამია, რომ მათ ქალწულობა შეინარჩუნეს.

იმ: მათი ქალწულება ასე არ უნდა გაიგოთ! ეს სიმბოლურად უნდა გესმოდეთ! ისინი ქალწულები იმიტომ არიან, რომ ყალბი რელიგიით არ წაბილწულან.

მე: მაპატიეთ, მაგრამ თქვენი ახსნა რატომ უნდა მივიღო? ეს ტექსტში სადმე ჩანს? ან როგორ არიან ისინი „ქალწულები“, თუ იეჰოვას მოწმეობამდე მრავალი თქვენი ცხებული ყალბ რელიგიაში იყო? ხომ გესმით, რომ ეს უკვე ქალწულობა აღარ არის.

იმ: (ქალბატონები ასეთ არგუმენტს არ ელოდნენ და დაიბნენ)… მთელს წერილში ქალწულების სახე ისრაელია, როგორც იეჰოვას მეუღლის სახე.

მე: საინტერესოა, მაგრამ მეუღლე ქალწული ვერ იქნება. თქვენ რაღაც გეშლებათ.

იმ: (ისევ დაიბნენ) კარგი- და პეტრე მოციქული? მას ხომ ცოლი ჰყავდა? მაგრამ ის 144 ათასთაგანია. განა ქორწინება ცოდვაა?

მე: მე ეს არ მიგულისხმია. მე უბრალოდ თქვენთვის იმის შეხსენება მინდოდა, რომ იესო ქრისტესა და პავლე მოციქულის თანახმად უქორწინებლობა ღვთისმსახურების ყველაზე რთული და ამაღლებული გზაა: „ე მინდა, უზრუნველნი იყოთ; უცოლო უფლისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს უფალს. ცოლიანი კი ქვეყნისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს ცოლს. განსხვავებაა გათხოვილსა და გაუთხოვარს შორისაც: გაუთხოვარი უფლისას ზრუნავს, რათა სულითაც და ხორცითაც წმიდა იყოს; გათხოვილი კი ქვეყნისას ზრუნავს, რათა აამოს ქმარს“ (1 კორ. 7, 32-34).

იმ: თქვენ ზეცაში მოხვედრა გინდათ?

მე: და რა არის ამაში ცუდი? მე იქ მინდა ყოფნა, სადაც უფალი მომიწოდებს. მე მწამს, რომ მას ჩვენთვის საუკეთესო სურს და სად იქნება ეს, ამას პრინციპულად დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

იმ: მე კი მინდა, რომ ამ ქვეყნად მარადიულ სამოთხეში ვიცხოვრო,  გესმით? ზეცაში რა უნდა აკეთოთ?

მე: გახსოვთ სიტყვები: „რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ“ (1 კორ. 2, 9).

იმ: აი, ჩვენმა ცხებულებმა კი იციან, რას გააკეთებენ ზეცაში.

მე: მოხარული ვარ მათ გამო — მათ ისიც კი იციან, რაც პავლე მოციქულმა არ იცოდა.

იმ: სამოთხე სად უნდა ყოფილიყო?

მე: თავდაპირველად ედემში, დედამიწაზე.

იმ: ხომ ხედვათ, სამოთხე დედამიწაზე იქნება და ჩვენ იქ ვიცხოვრებთ.

მე: მაპატიეთ, მაგრამ ახალ აღთქმაში სამოთხეზე სხვა რამეს ვკითხულობთ. არ გახსოვთ სიტყვები? „ვიცი ერთი კაცი ქრისტეში, რომელიც ამ თოთხმეტი წლის წინათ (არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის) ატაცებულ იქნა მესამე ცამდე;  რომ ატაცებულ იქნა სამოთხეში, სადაც ისმინა ენითუთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმის ნებაც არა აქვს კაცს“ (2 კორ. 12, 2-4). მაშ, სად არის სამოთხე, პავლე მოციქულის თანახმად?

იმ: ეს სულიერი სამოთხეა.

მე: რა სულიერი სამოთხე? სად წაიკითხეთ ბიბლიაში სულიერი სამოთხის შესახებ? მოციქული ხომ გარკვევით ამბობს, რომ ზეცაზე იყო აღტაცებული და  სამოთხეში აღმოჩნდა. რატომ ეძებთ ტექსტში იმას, რაც იქ არ არის? (შემდეგ, ერთმა ქალმა მეორეს სთხოვა ამოეღო წიგნი, სახელწოდებით „მსჯელობა“, რაზეც ვუთხარი) — მე მეგონა, იეჰოვას მოწმეები მხოლოდ ბიბლიას კითხულობენ.

იმ: ასეც არის.

მე: და ეს წიგნი რად გინდათ?

იმ: ყველა მუხლს რა დაიმახსოვრებს, აქ კი მათი ჩამონათვალია.

მე:კი, მაგრამ მუხლების გარდა სხვა ბევრ ტექსტსაც ვხედავ.

იმ: რა შარს გვდებთ?

მე: არა, უბრალოდ მინდა გავიგო, რას კითხულობთ ბიბლიის გარდა. ე. ი. ბიბლია არ არის თქვენთვის საკმარისი?

იმ: ბიბლია რთული წგინია. „ერთგული მონა“ მის გაგებაში გვეხმარება.

მე: ანუ, ბიბლია რომ სწორად გავიგოთ, „ერთგული მონა“ გვჭირდება?

იმ: დიახ. ცხებულებს იეჰოვასგან სული აქვთ მიცემული და ისინი ბიბლიაში დაწერილს განგვიმარტავენ.

მე: საიდან იციან ცხებულებმა, რომ მათ იეჰოვას სული აქვთ?

იმ: ჩვენს შორის ეს არავინ იცის. ისინი თავად გრძნობენ ამას.

მე: როგორ? ხილვები აქვთ, ხმები ესმით თუ გამოცხადებას ხედავენ?

იმ: არაფერი მაგდაგვარი. მათ ეს უბრალოდ იციან.

მე: და თქვენც „უბრალოდ“ დაიჯერეთ, რომ ისინი ცხებულნი არიან, თან მათ არც პირადად იცნობთ და შეიძლება არც არასდროს ნახოთ?

იმ: ჩვენ ეს არც გვჭირდება. ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ ისინი ცხებულნი არიან.

მე: ორმოცდაათიანელები და ქარიზმატები იგივეს ამბობენ, რომ მათ სული აქვთ. მათი რატომ არ გჯერათ? არათანმიმდევრული მიდგომა გაქვთ.

იმ: ბიბლია თავის თავს თვითონ ხსნის.

მე: კონკრეტულად რას გულისხმობთ?

იმ: მე ვგულისხმობ, რომ მუხლები ერთმანეთს თავად ხსნიან. წერილის სხვადასხვა ადგილები ერთმანეთის კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

მე: თუ ყველაფერი ასე მარტივია, რატომ არსებობს ბიბლიის სხვადასხვა გაგება?

იმ: იმიტომ, რომ იეჰოვას მოწმეებივით არ სწავლობენ ბიბლიას. ჩვენ ბიბლიას ძირფესვიანად ვსწავლობთ და ადამიანურ ტრადიციებს არ მივდევთ.

მე: მაპატიეთ, მაგრამ ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე ვერ დაგეთანხმებით. მე ბევრ ქრისტიანს ვიცნობ, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან, მაგრამ ბიბლიას სერიოზულად სწავლობენ. მაგ. ადვენტისტები, ბაპტისტები, ევანგელისტები და მრავალი სხვა.

იმ: ახლა არ მითხრათ, მართლმადიდებლებიც ბიბლიას სწავლობენო.

მე: თქვენ წარმოიდგინეთ, სწავლობენ. თუ გსურთ გაჩვენებთ ადგილს, სადაც მართლმადიდებლები წმინდა წერილს შეისწავლიან.

იმ: (უკმაყოფილო სახით) ნუ, მე არ ვიცი რას შეისწავლიან…

მე: პეტრე მოციქულის სიტყვები გაიხსენეთ: წერილში „…ზოგი რამ ისე ძნელი გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ მათ, რათა წარიწყმიდონ თავიანთი თავი“ (2 პეტრესი. 3, 16).

იმ: ამიტომაც გვყავს „ერთგული და კეთილგონიერი მონა“, რომელსაც ვენდობით.

მე: ეს კი გავიგე, მაგრამ ამ ნდობის მიზეზი ვერ გავიგე.

იმ: იცით? მე ყველა ჩემს კითხვაზე პასუხი მხოლოდ იეჰოვას მოწმეებისგან მივიღე.

მე: თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ და ასეთი სიტყვები ბევრი ქრისტიანისგან მსმენია, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები.

იმ: მე სრულად დაკმაყოფილებული ვარ. მე სხვა არაფერი მჭირდება. აქ ვიპოვე ყველაფერი, რაც მჭირდებოდა.

მე: მაპატიეთ, მაგრამ ესეც ბევრჯერ მსმენია. დამეთანხმეთ, რომ ჩვენი შთაბეჭდილებები არც თუ საუკეთესო საზომია.

იმ: (ერთ-ერთ უკვე ძალიან გაღიზიანდა) თქვენ მნიშვნელოვან საქმეში გვიშლით ხელს. ჩვენ ადამიანებს გახსენებაზე ვიწვევთ, თქვენ კი დროს გვართმევთ!

მე: მე მეგონა, რომ თქვენი საქმე ქადაგებაა.

იმ: დიახ, და ამიტომ გახსენებაზე თქვენც გიწვევთ.

მე: რისთვის მიწვევთ? რომ კრავზე უარი მათქმევინოთ?

იმ: ჩვენ იქ ვიკრიბებით, რათა ღმერთს გამოსყიდვისთვის მადლობა ვუთხრათ.

მე: დიდი მადლობა, მაგრამ მადლიერების გამოსახატავად ამ ღონისძიებაზე დასწრება სულაც არ არის აუცილებელი. მე ვიცი ადგილები, სადაც ყველა მორწმუნეს შეუძლია კრავის სისხლი და ხორცი იხმიოს, რომელიც ჩვენთვის მოკვდა, თავისკენ გვიხმობს და კლასებად არ გვყოფს.

იმ: (დაუფარავი გაღიზიანებით, რომელმაც თავაზიანი ღიმილი დიდი ხანია შეცვალა) კარგად იყავით!

 

  1. S. დასკვნა, რომელიც ამ საუბრიდან გამოვიტანე: ამ ქალბატონების რწმენა და თავისი რელიგიისადმი ნდობა არა საღვთისმეტყველო არგუმენტებს, არამედ ფსიქოლოგიურ ასპექტებს ეფუძნება: მე სრულად დაკმაყოფილებული ვარ. მე სხვა არაფერი მჭირდება. აქ ვიპოვე ყველაფერი, რაც მჭირდებოდა. ცნობილია, რომ ქალის რელიგიურობა მეტწილად ემოციებს ეფუძნება. სამწუხაროდ, არც განხილული შემთხვევაა გამონაკლისი.

 

ავტორი: არტიომ გრიგორიანი