ეკლესიაში ყველა რომ ქრისტიანი იყოს, სამყაროში წარმართები აღარ იარსებებდნენ

ეკლესიაში ყველა რომ ქრისტიანი იყოს, სამყაროში წარმართები აღარ იარსებებდნენ

 -ამჟამად ეკლესია სერიოზული ძალისხმევით ცდილობს დაეხმაროს სრულიად ალბანურ საზოგადოებას. მგონი, თქვენ ერთხელ მოიხმეთ ციტატა წმიდა იოანე ოქროპირის ერთ-ერთი ქადაგებიდან, სადაც ის ამბობს — „ეკლესიაში ყველა რომ ქრისტიანი იყოს, სამყაროში წარმართები აღარ იარსებებდნენ“. ეს ირიბი კი არა, პირდაპირი შენიშვნაა.

-დიახ, ის მართალი იყო. მაჰათმა განდი ამბობდა: „მე მოვექცეოდი ქრისტიანობაზე, სიცოცხლეში ერთი ქრისტიანი მაინც რომ მენახა და შემხვედროდა.“ ერთხელ ერთ წმიდანს ჰკითხეს: „რატომ ვრცელდებოდა ქრისტიანობა ასე სწრაფად პირველ საუკუნეებში, ახლა კი — აღარ?“ მან მიუგო: პირველ საუკუნეებში ქრისტიანობას ქადაგებდნენ ქრისტიანები.“

ეს რომ მართლაც გვესმოდეს, სხვის ნაკლოვანებებს ასე იოლად ვერ შევამჩნევდით. ცნობილი “ Mea culpa ” (ჩემი დანაშაული) ქრისტიანული სარწმუნოების სწავლების საფუძველია. ღირსი სერაფიმე საროველი ამბობდა: „მოიპოვე სული სიმშვიდისა და შენ ირგვლივ ათასები ცხონდებიან.“ ჩვენ არ შეგვიძლია ათასობით ადამიანის გადარჩენა, მაგრამ საკუთარი თავისა _ ნამდვილად ძალგვიძს. ეს უმნიშვნელოვანესი რამაა და ადამიანებს ეხმარება, ჰუმანიზმი დაინახონ სხვა სამყაროში — იქ, სადაც ის სიძულვილს კი არა, სიყვარულს სჩუქნის.

ქრისტიან ფანატიკოსებთან ურთიერთობის ჩემეული გამოცდილებიდან ვიცი, რომ მათ უმრავლესობას თავად აკლია რწმენა. მათ ეჭვი ეპარებათ და ცდილობენ, ჩაახშონ მათ ირგვლივ გაჩენილი ნებისმიერი ყოყმანი. მეტნაკლებად სასტიკი მართლმადიდებლების ნაწილი, რომლებსაც შევხვედრივარ, იყვნენ ყოფილი კომუნისტური ქვეყნებიდან — ისინი იყვნენ საიდუმლო პოლიციის ყოფილი წევრები და ამის მსგავსი. მათ, უბრალოდ, სიძულვილის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ.

სამწუხაროდ, მათი ბუნება უარყოფითია, რადგან ამ სიძულვილზეა აგებული. ისინი ამბობენ: „მე ამის და ამის წინააღმდეგი ვარ.“ ისინი არ საუბრობენ იმაზე, თუ რა არის ნამდვილი ქრისტიანობა. მათ სჭირდებათ მტერი, რომელსაც მიზანში ამოიღებენ. ამას მათი განკითხვისა და განსჯისთვის კი არ ვამბობ, უბრალოდ, ეს ტრაგედიაა.

შესაძლოა, ეს ადამიანური ბუნების ყველა საფეხურზე ხდება, მაგრამ უბრალოდ, აქ ეს ცხადია. ბევრ ადამიანს როდი შეუძლია ამ საკითხის გადაწყვეტა და თქმა: „მე ქრისტიანი ვარ.“ მხოლოდ იმ პირობით, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანობის ნაწილი ხართ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ქრისტიანი ხართ. მხოლოდ უფალს აქვს უფლება, ჭეშმარიტ ქრისტიანობაზე ისაუბროს. მაგრამ ყველა, ვინც მას შეუერთდება, გადმოიღებს მის ბუნებას.

-ეს ზოგჯერ შესამჩნევია რუსეთსა და სერბეთში უკიდურესი ნაციონალისტების აღმავლობისას. ეს ხალხი მართლმადიდებლობას ხშირად ტრანსპარანტივით იყენებს, მაგრამ, იმავდროულად, აკლია ქრისტიანული სული, რაც შიშს იწვევს, რადგან უბრალო ხალხი ხშირად გაურკვევლობაში ვარდება და ფიქრობს: „ამ ჯგუფს მხარი უნდა დავუჭირო, რადგან ისინი მართლმადიდებლები არიან.“

-დიახ, ასეთი ბოროტად გამოყენება მუდამ არსებობდა. ეს ადამიანები პარაზიტებივით ეკიდებიან სხვის რელიგიურ გრძნობებზე, რადგან იციან, რამხელა ძალა აქვს რელიგიას და მისი თავისი მიზნებისთვის გამოყენება სურთ. მაგალითად, იუგოსლავიაში, იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც კოსოვოს, სერბეთის, მაკედონიის, ბოსნიის ოლქებში ცხოვრობენ, ათეისტები არიან. ამიტომ ე. წ. რელიგიური ომი აქ, უბრალოდ, არ არსებობს. მე ვიპოვე სიტყვათშეხამება: „ათეისტების რელიგიური ომი“, რადგან ამ ომში მონაწილე ყველა ხალხი ათეისტია. მე მათ პირადად ვიცნობ. რასაკვირველია, ისინი ადამიანური არსებები არიან, მაგრამ რელიგიას იყენებენ, კი არ სწამთ. ამისგან გათავისუფლება ძალზე ძნელია. მართლმადიდებელმა ეკლესიამ ალბანეთში ძალზე მკვეთრად გამოხატა თავისი დამოკიდებულება რელიგიის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. ვფიქრობ, ამ საკითხში ყველაზე ძლიერი ხმა ეკუთვნის ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის, რომლის დევიზიც ასეთია: „რელიგიის სურნელოვან ზეთს ნურასოდეს გამოიყენებენ კონფლიქტების გასაღვივებლად, არამედ მხოლოდ გულების დასარბილებლად  და ჭრილობების მოსაშუშებლად.“

-კოსოვოში დასავლეთის პრესას გარეგნული ნიშნებისა სჯეროდა. მათთვის ეს მუდამ იყო  კონფლიქტი მართლმადიდებელ სერბებსა და მუსულმან ალბანელებს შორის.

-ასე ფიქრი უფრო მოხერხებულია. ნამდვილი მიზეზების გამორკვევა ძალზე რთული და ძნელია. მათ სწრაფი განმარტება სჭირდებოდათ.

-თქვენ ფიქრობთ, რომ ომი კოსოვოში უფრო კულტურულ და ტერიტორიულ ნიადაგზე გაჩაღდა, ვიდრე რელიგიურზე?

-ეს ეთნიკური ომი იყო. როცა ერთი ან მეორე მხარე ამსხვრევდა ან ოცნებებს, ან ეკლესიებს, ეს რელიგიური მიზეზით როდი ხდებოდა. ისინი ნაციონალური სიმბოლოები იყო.

-ეს მახსენებს მრავალწლიან ძალადობას ჩრდილოეთ ირლანდიაში. იქ სავსებით ცხადია, რომ რელიგიისთვის მართლმორწმუნე კათოლიკეები და პროტესტანტები როდი იბრძვიან.

-დიახ, როგორც იმ ანეგდოტშია… ირლანდიელს ეკითხებიან: „თქვენ კათოლიკე ხართ თუ პროტესტანტი?“ „ათეისტი ვარ“, — პასუხობს ირლანდიელი. „კარგი, მაგრამ ათეისტი-კათოლიკე თუ ათეისტი-პროტესტანტი?“ (იცინის).

ამიტომ ეკლესიის წინასწარმეტყველური როლი ძალზე მნიშვნელოვანია. წინასწარმეტყველური როლი ნიშნავს, რომ, როგორც თავად უფალმა ბრძანა, ჩვენ ყველა ჯვარზე ვართ. სახარებაში არის ძალზე ძვირფასი ფრაზა, რომელსაც ხშირად ვიმეორებ: „ამას ბრძანებს უფალი“. ძალზე ხშირად ადამიანებს ამის გაგონება არ სურთ. მათ სურთ, გრძნობდნენ, რომ „უფრო მაღლა დგანან“, ამიტომაც მისდევენ ცრუწინასწარმეტყველებს, ნამდვილ წინასწარმეტყველებს კი კლავენ. თუ გამუდმებით წარმოვთქვამთ სიტყვებს: „ამას ბრძანებს უფალი“, ეს ჩვენგან  ღვაწლს მოითხოვს, რაც არ გვიყვარს, ჯვარს გავურბივართ, ამიტომაც არ წარმოვთქვამთ ამას. ვამბობთ იმას, რისი მოსმენაც გარშემო მყოფებს სურთ. ეს მუდამ ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა იყო ეკლესიაში. ჩვენ უნდა აღვასრულოთ ეკლესიის წინასწარმეტყველური როლი და უფლის სახელით ვსაუბრობდეთ, მის სიტყვებს ვიმეორებდეთ.

-არის ერთი რამ, რამაც პირველად მაგრძნობინა ალბანური ეკლესიის აღორძინება, როცა კოსოვოს კონფლიქტის დროს დასავლეთში იზრდებოდა განწყობა მართლმადიდებელი სერბების მიერ კოსოვოელი მუსულმანების შევიწროების წინააღმდეგ. მაგრამ შემდეგ იშვიათად ჩნდებოდა სტატიები იმის შესახებ, რომ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავშესაფარს აძლევდა ასეულ ათასობით მუსულმან დევნილს კოსოვოდან. ამან დაამსხვრია ცრურწმენები. შესაძლოა, ალბანეთი პირველი ქვეყანაა თანამედროვე სამყაროში, სადაც მართლმადიდებელი ეკლესია დახმარების ხელს უწვდის არა მხოლოდ თავის ღარიბ და უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს, არამედ თავის „მტრებსაც“. თქვენ რას ურჩევდით ახლადმოქცეულ ქრისტიანებს ქრისტიანულ ცხოვრებასთან დაკავშირებით? დასავლეთში არსებობს მიდრეკილება სარწმუნოების მიმართ მგზნებარე დამოკიდებულებისადმი, ვკითხულობთ სხვადასხვა წმიდა მამის თხზულებებს ან წმიდანთა ცხოვრებებს, მაგალითად, ღირსი სერაფიმე საროველის ცხოვრებას. მაგრამ ხშირად მართლმადიდებლობა რაღაცნაირად პირადია და არ აღელვებს ჩვენს მეზობლებს, ქალაქს, ქვეყანას. უკიდურეს შემთხევაში არა ისე, როგორც აქ ახდენს გავლენას საქმეებზე მართლმადიდებელი ეკლესია.

-ჯერ ერთი, ჩვენ, ქრისტიანებს, მტრები არ უნდა გვყავდეს, რამეთუ შეუძლებელია, ერთდროულად ქრისტიანიც იყო და მტრებიც გყავდეს.

მეორეც, ხშირად ვხუმრობ (და ეს ხუმრობაა), რომ ღირსი სერაფიმე საროველის შესახებ კითხვა უფრო ზიანის მომტანია, ვიდრე სარგებელის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თანამედროვე მართლმადიდებლებს ცრუ წარმოდგენა აქვთ ღირს სერაფიმეზე. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ თითოეული ჩვენგანი ქმნის გარკვეულ მსგავსებას ცრუ-მართლმადიდებლური „მე“-სი, რომელსაც ჩვენთან საერთო არაფერი აქვს. მაგალითად, ერთ ხელში  სკვნილი გვიკავია, მეორე ხელს კი ჩავჭიდებთ შეყვარეულ გოგონას და ვსაუბრობთ ღირს სერაფიმე საროველზე. ამას არაფერი აქვს საერთო სერაფიმე საროველთან.

ადამიანებს არ ესმით ღირსი სერაფიმესი, მხოლოდ მის სიტყვებს ხედავენ. მათ მოსწონთ იმის კითხვა, რომ ღირსი მამა ნათლით იყო მოსილი, მაგრამ არ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორია ათასი დღე-ღამის განმავლობაში ქვაზე დგომა. ეს პიროვნების ცრუ გაიგივებაა. ჩვენ ვაიგივებთ საკუთარ თავს რაღაცასთან, რაც სინამდვილეში არ არსებობს, შემდეგ კი ირგვლივ მყოფებს ვკიცხავთ ჩვენი შეხედულების სიმაღლიდან, მაგრამ გვავიწყდება, რომ მათზე უარესნი ვართ. ჩვენ თავის გადარჩენასა და ცხონებას არ ვცდილობთ.

ცნობილი რაბი ზუსია ამბობდა: „უფალი არ განმსჯის იმის გამო, რომ მოსე არ ვიყავი. ის იმისთვის განმსჯის, რომ ზუსია არ ვყოფილვარ.“ ამ ადამიანებს არ განსჯიან იმისთვის, რომ სერაფიმე საროველის მსგავსნი არ იყვნენ. ისინი იმისთვის განიკითხებიან, რომ არ იყვნენ ნამდვილები, თითოეული საკუთარი თავისთვის ეძიებს უსაფრთხო ადგილს დედამიწაზე, მაგრამ ის მხოლოდ იმქვეყნად არსებობს. კონსტანტინეპოლის ქორას მონასტერი აგებული იყო ქრისტეს ერთ-ერთ სახელზე: „ყოველთა ცხოველთა მიწისთვის“. ეს მიწა არსებობს, მაგრამ ის ცრუ სულიერება როდია, რომელსაც საკუთარ წარმოდგენაში ვქმნით.

არა ინდივიდუმები, არამედ პიროვნებები

 

-ხშირად ციტირებენ თქვენს ფრაზას იმის შესახებ, რომ „ეკლესია იმისთვის კი არ არსებობს, რომ ინდივიდუუმები შექმნას, არამედ პიროვნებების შესაქმნელად. ინდივიდუუმები განცალკევებულ მდგომარეობაში არიან“. კიდევ, როცა გკითხეს, თუ რით ხელმძღვანელობს ეკლესია, როცა ახალგაზრდა ალბანელებს ინგლისურის გაკვეთილებს სთავაზობს, თქვენ თქვით: „არ ვცდილობთ, ჩვენი პროექტების საშუალებით ჩვენს სარწმუნოებაზე მოვაქციოთ. ჩვენ ვცდილობთ, ახალგაზრდებს გარკვეული შესაძლებლობებისა და გზების დანახვაში დავეხმაროთ. ჩვენი ამოცანაა, გავუფრთხილდეთ მათ თავისუფლებას, რათა თავიანთი საკუთარი გზის არჩევა შეძლონ.“ ეს ორი აზრი ერთმანეთს კარგად ეხმაურება — თავისუფლება და ინდივიდუუმი.

-დიახ, სწორედ ამიტომაა ჩვენთვის აუცილებელი ერთიანობა, რამეთუ სხვადასხვანაირნი ვართ. ერთიანობის ხელოვნური სისტემები: კომუნიზმი, სოციალიზმი, ფაშიზმი — პიროვნებას ანგრევენ. ისინი ცდილობენ, ადამიანები ერთნაირები გახადონ და ძალადობენ, რომ ისინი ერთნაირად მოიქცნენ. ახლა დოვლათიან ევროპაში რაღაც კიდევ უფრო სახიფათო ხდება. ეს შიგნიდან მომდინარე ერთსახოვნებაა. ადამიანებს ნებაყოფლობით სურთ, ერთსახოვანნი იყვნენ. ხშირად, სანამ ამ ქვეყნების მცხოვრებ ადამიანს რაიმეს ჰკითხავ, უკვე წინასწარ იცი, რას გიპასუხებს. ისინი ერთნაირ შენიშვნებს იძლევიან, ერთნაირი პოზიციები და უკმაყოფილება აქვთ. ეს ანგრევს პიროვნებას.

ჩვენ ვსაუბრობთ პიროვნების თვისებებზე ინდივიდუუმის ურთიერთქმედებაში ირგვლივ მყოფებთან და არა განცალკევებით, იზოლაციაში. თავისთვის ქრისტიანი ვერავინ იქნება. Onos Christianos , nomos Christianos — ეს ცნობილი ფრაზაა. მხოლოდ თავისუფლებასა და სიყვარულს შეუძლია შეანარჩუნოს წონასწორობა საზოგადოებასა და ინდივიდუუმს შორის.  ფრანგი პოლიტიკოსი ასტრიდ ბრიანი ამბობდა ლუვრის ცნობილ სურათზე, სადაც  განსხეულებული სათნოებები — მადლიერება და სიკეთე ერთმანეთს ეხვევიან: „საბრალონი! ისინი ისე იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს“. იგივე ხდება თავისუფლებისა და სიყვარულის შემთხვევაშიც.  მაგრამ თანამედროვე ცხოვრების კრიტიკაში არ მსურს, შევიდე ისე შორს, როგორც კიერკეგორი, რომელიც ამბობდა: „უკანასკნელი ქრისტიანი ჯვარზე აღესრულა.“ უფალი ბრძანებს, რომ ვიწრო ბილიკს უნდა გავყვეთ, ეს კი არცთუ ისე იოლია.

 

იოანე პელუში — კორჩეს მიტროპოლიტი (ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია).

მოამზადა: ხათუნა რაქვიაშვილმა