«ცრუ რელიგიის» დასაწყისი სიხარულის უუნარობაა

«ცრუ რელიგიის» დასაწყისი  სიხარულის უუნარობაა

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შნემანი

1976 წლის 12 ოქტომბერი, სამშაბათი

«ცრუ რელიგიის» დასაწყისი სიხარულის უუნარობაა, უფრო სწორად, მასზე უარის თქმაა. სხვათა შორის, სიხარული იმიტომაა აბსოლუტურად მნიშვნელოვანი, რომ ის ღვთის მყოფობის შეგრძნების უეჭველი ნაყოფია. შეუძლებელია იცოდე, რომ ღმერთი არსებობს და არ გიხაროდეს. მხოლოდ მასთან მიმართებაშია სწორი, ჭეშმარიტი, ნაყოფიერი ღვთის შიშიც, სინანულიც და სიმდაბლეც. ამის გარეშე ყოველგვარი სიხარული იოლად გადაიქცევა «დემონურად» და დამახინჯებულად ყველაზე რელიგიური გამოცდილების სიღრმეში. შიშის რელიგია; ცრუ სიმდაბლის რელგია; დანაშაულის რელიგია: ეს ყოველივე საცდურები და «ხიბლია». მაგრამ რაოდენ ძლიერია ის არა მხოლოდ ერში, არამედ ეკლესიის შიგნითაც… და რატომღაც «რელიგიური» ადამიანების სიხარული მუდამ საეჭვოა. პირველი, მთავარი წყარო ყოველივესი: «იხაროს სულმან ჩემმან უფალში…»

ცოდვის შიში ცოდვისგან როდი გვიხსნის. უფალში სიხარულია მაცხოვნებელი. დანაშაულის გრძნობა, მორალიზმი არ «ათავისუფლებს» ამა სოფლის საცდურებისგან . სიხარული საფუძველია თავისუფლებისა, რომელში «მყოფობისთვისაც» ვართ მოწოდებულნი. სად, როგორ, როდის დამახინჯდა და აიმღვრა ქრისტიანობის ეს «ტონალობა» ან, უკეთ რომ ვთქვათ, სად, როგორ და რატომ დაიწყეს ქრისტიანებმა «დაყრუება» მის მიმართ? როდის, როგორ და რატომ მოხდა ისე, რომ ტანჯულთა გათავისუფლების ნაცვლად, ეკლესიამ მათი სადისტურად დაშინება დაიწყო?

აი, მოდიან და მოდიან რჩევისთვის (დღეს დილის 07.30 საათიდან, ახლა კი ათი საათია: აღსარება, საუბარი, საუბარი, საუბარი _ საბოლოოდ, ოთხი ადამიანი პრობლემებით, რომ აღარაფერი ვთქვათ სამომავლო შეხვედრის თხოვნებზე). რაღაც სისუსტე თუ ცრუ სირცხვილი გიშლის ხელს, თითოეულ მათგანს უთხრა: «არანაირი რჩევის მოცემა არ შემიძლია. მაქვს მხოლოდ სუსტი, მერყევი, მაგრამ ჩემთვის უეჭველი სიხარული. გსურთ?» არ სურთ. უნდათ საუბარი «პრობლემებზე» და ლაყბობა მათი «გადაჭრის» გზებზე. სამყაროში დემონს იმაზე დიდი გამარჯვება არ უგემნია, ვიდრე «რელიგიის ფსიქოლოგიზაციაა.» მტკიცებულება: ფსიქოლოგიაში რაც გნებავთ, ყველაფერია, ერთი რამაა მასში აბსოლუტურად შეუძლებელი, წარმოუდგენელი და მიუწვდომელი _ სიხარული.

* * *
1978 წლის 18 აპრილი, ორშაბათი.

ფანჯარაში გაზაფხულის აყვავებული ბორცვები და ხეები მოჩანს. ეს მარადიული სიხარულის თავად ცხოვრებასთან შეხებაა. შესაძლოა, იმით გაძლიერებული, რომ შაბათს გარკვეული დრო სხვა მართლმადიდებლური _ ბერძნული, უკრაინული, ტიხონის _ სემინარიების სტუდენტებთან გავატარე. ეს კაბა-ანაფორები, წვერი, მეტანიები _ რაც მეტახანს გრძელდება ეს რელიგიობანას თამაში, მით უფრო მეტად მეჯავრება. სიყალბე, ხელოვნურობა, თანაც შიშითა და დაურწმუნებლობით გაჯერებული… საბრალო ბიჭები. ქრისტიანობის ტრაგედია ის კი არ არის, რომ ქრისტე ცათა სასუფეველს ქადაგებდა, მაგრამ ეკლესია გაჩნდა, არა _ რამეთუ ის სწორედ იმიტომ «გაჩნდა», რომ ეუწყებინა და განეცხადებინა ცათა სასუფეველი, «ვიდრემდის იგი მოვიდოდის», არამედ ის, რომ ის გახდა თვითმიზანი, აღარ არის «განცხადება», ანუ მოსწყდა ცათა სასუფეველს და მისი საკრალურობა ესქატოლოგიური აღარ არის. კამათობენ «ჩამრთველებსა» და «მავთულებზე», მაგრამ არა იმქვეყნიურ სამყაროზე, რისთვისაც მართლაც რომ გაჩნდნენ…

ამ დღეებში ბ. ზაიცევის «ტურგენევის ცხოვრება» წავიკითხე. ამოუძირკვავი სიყვარული XIX საუკუნისადმი _ როგორც რუსული, ისე დასავლურისადმი. ვფიქრობ, ესაა ეპოქა, როცა, ერთის მხრივ, პირველად გამოანათა გამოცდილებამ, იდეამ, სისრულის სურვილმა (ქრისტიანობის ნაყოფი) და როცა, მეორეს მხრივ, ამ სისრულეს ყველა ნაკერზე ნაპრალები გაუჩნდა და დაშლა დაიწყო. ჩვენი საუკუნე უკვე სისრულეზე უარით ცხოვრობს, ყველა თავის მხარეს გარბის _ პატარა, შემოსასაზღვრულის და, ამიტომ «ნეგატიურისკენ», ცხოვრობს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რედუქციებით.

ჩვენი ეპოქის პათოსი _ ბოროტებასთან ბრძოლა _ სრული მოკლებულობაა იდეის ან იმ სიკეთის დანახვისა, რომლის სახელითაც ეს ბრძოლა მიმდინარეობს. ამრიგად, ეს ბრძოლა თვითმიზანი ხდება. თვითმიზნად ქცეული ბრძოლა კი უცილობლად თავად ხდება ბოროტება. სამყარო სავსეა ბოროტებასთან მებრძოლი ბოროტი ადამიანებით! როგორი დემონური კარიკატურაა ეს. ურწმუნოები _ ტურგენევი, ჩეხოვი _ კიდევ იცნობდნენ სიკეთეს, მის ნათელსა და ძალას. ახლა მორმუწნეებმაც კი და, შესაძლოა, ყველაზე მეტად სწორედ მათ, მხოლოდ ბოროტება იციან. არ ესმით, რომ ყველა სახის ტერორისტები, რომელთა შესახებაც ყოველდღიურად წერენ გაზეთებში, სწორედ ამ რწმენის, ამ გამოცხადებული ბრძოლის პროდუქტნი არიან _ მიზნითა და ცხოვრების შინაარსით და საერთოდ არ გააჩნიათ სიკეთის არანაირი დამაჯერებელი გამოცდილება. ამ თვალსაზრისით ტერორისტები თანმიმდევრულნი არიან. თუ ყველაფერი ბოროტებაა, მაშინ ყველაფერი უნდა დაინგრეს კიდეც… ესეც ასე…

ვწერ ამას (დილის 8 საათზე) და ფანჯრიდან ვხედავ სკოლაში მიმავალ პატარა, წრფელ, ქერა ბავშვებს. როგორ სამყაროში მოუწევთ მათ ცხოვრება? ნეტა მათაც აიძულებდნენ ტურგენევისა და ჩეხოვის წაკითხვას. მაგრამ არა, აღტაცებული მონოზვნები მათ ასწავლიან «ბოროტებასთან ბრძოლას» და მიუთითებენ მტერზე, რომელიც უნდა სძულდეთ. მაგრამ არავინ აზიარებს მათ სიკეთის ცოდნას, ლერმონტოვისეული ანგელოზის «ზეციურ ხმებს» მათ არავინ მოასმენინებს. ხმას, რომლის შესახებაც ლერმონტოვმა თქვა, რომ დარჩა «სიტყვების გარეშე, მაგრამ ცოცხალი.» ხმა, რომელიც ერთია, არსებითად, და აძლევს «სიღრმეს» ჩვენს «კლასიკოსებს…»

 

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი