იყავი ის, ვინც ხარ — ამით არასოდეს წააგებ

იყავი ის, ვინც ხარ — ამით არასოდეს წააგებ

თავს წმიდანებად ნუ წარმოვაჩენთ, როცა ასეთნი სულაც არ ვართ. წმიდა ადამიანი მაღალფარდოვანი კი არა, ძალზე უბრალო სიტყვებით საუბრობს. ის ერთ-ერთი მრავალთაგანია ამიტომაც გრძნობს თავს ყველასთან ერთად. გაიხსენეთ: იესო ქრისტე ხომ ცოდვილებთან ერთად ჭამდა და სვამდა. ამიტომაც მოდიოდნენ ისინი მასთან და გულს უხსნიდნენ. ჩვენ კი გახსნის გვეშინია.

ყველა თავისებურად მართალია

ამ ცხოვრებაში აბსოლუტური ჭეშმარიტება არცერთი საგნის შესახებ არ ვუწყით. როცა ამას მივხვდებით, დავწყნარდებით. მაგალითად ავიღოთ ცოლი და ქმარი: ისინი გამუდმებით ჩხუბობენ, და როცა ცოლს უსმენ (განსაკუთრებით, ის, ამავდროულად, ტირის კიდეც), ისე გამოდის, რომ სიმართლე მის მხარესაა. ხოლო თუ ქმარს მოუსმენ, მაშინ ისაა მართალი. აი, თუ ბავშვების მოსმენასაც გადაწყვეტ _ ისინი ხომ მთლად მართლები არიან.

როგორ გავიგოთ, ვინ არის საბოლოოდ მართალი? აბბა დოროთე გვასწავლის, რომ ამ ცხოვრებაში აბსოლუტურად მართალი ან მტყუანი არავინაა: ყველა თავისებურად მართალია. იმიტომ, რომ თითოეული პრობლემას თავისი კუთხიდან, თავისი მხრიდან უყურებს. მათი შვილები კი ოჯახური კონფლიქტის მსხვერპლნი არიან. ამ ცხოვრებაში არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომლის გამოც ჩხუბი და სამოსის შემოხევა ღირდეს. ამიტომ შემწყნარებელნი და თავმდაბალნი ვიყოთ და ამრიგად ძალზე წარვემატებით სულიერ ცხოვრებაში.

პატარა იგავს გიამბობთ: ერთ სოფელში, სადაც მხოლოდ ბრმები ცხოვრობდნენ, სპილო შევიდა. ამ მოვლენამ სოფლის ყველა მცხოვრები ააფორიაქა. მათგან ყველაზე უფროსმა სოფლის ხუთ ბრძენ მცხოვრებს უხმო და უთხრა: «წადით და შეიტყეთ, ვინ გვეწვია.»

ერთი მათგანი მიუახლოვდა, სპილოს ფეხში ხელი სტაცა და წამოიძახა: «მივხვდი! ეს მოსიარულე ბოძია!» მეორე სპილოს ფაშვის ქვეშ აღმოჩნდა, ხელით შეეხო მას და პირველს უთხრა: «რას ლაპარაკობ! ჩვენთან უზარმაზარი კასრი მოგორდა!» მესამემ სპილოს ყურებში სტაცა ხელი და ისინი უზარმაზარ ფოთლებად ჩათვალა; მეოთხემ მისი ხორთუმი მოსინჯა და თქვა: «ეს მილია, ამით მინდორს მოვრწყავთ!»

დაბრუნებულთაგან თითოეულმა უფროსობას ის მოახსენა, რასაც ჩასწვდა. ვინ იყო მართალი?

თითოეული მათგანი _ თავისებურად და, იმავდროულად _არცერთი მათგანი. ყველა შეეხო, ხელით მოსინჯა, თავისი მოსაზრება გამოთქვა, მაგრამ ჭეშმარიტება სულ სხვა იყო და მას ვერავინ მიხვდა.

 

თავს წმიდანად ნუ წარმოაჩენთ

 

ყურადღება მიაქციეთ _ მე ახლა ადამიანთა შორის ურთიერთობებზე ვსაუბრობ და არა რწმენის დოგმატებზე.

თუ ამას შევიგნებთ, სულიერ ცხოვრებაში ძალზე წარვემატებით. როდესაც შევიტყობთ, რომ ვინმე რაღაც ისეთს ამბობს, ვიტყვით: იყოს ასე, ეს ნიშნავს, რომ ამას თავისი მიზეზები აქვს, ადამიანი ასე გრძნობს. და ცხოვრების გზაზე მშვიდად გავაგრძელებთ სვლას. და თავს წმიდანებადაც ნუ წარმოვაჩენთ. ვაღიაროთ მარტივი ჭეშმარიტება: მეც ისეთივე ვარ, როგორიც ყველა, ჩემი შეცდომებითა და სისუსტეებით. არ გვინდა მოჩვენებითობა. ზოგიერთზე ხომ ისედაც ამბობენ: «თავი წმიდანად მოაქვს…»

ხოლო თუ რეალობას ვაღიარებთ ისეთად, როგორიც ის არის, მაშინ იოლი გასაგები იქნება: როგორც ზოგჯერ მე მინდება ჭამა, სმა, გემოთმოყვარეობა და ამის მსგავსი, ასევე სხვებსაც შესაძლოა, გაუჩნდეთ იგივე სურვილები. ყველა ადამიანები ვართ.

ერთხელ, ათონზე ყოფნისას, ერთმა იღუმენმა მითხრა, რომ მისი სულიერი მოძღვარი ყველას სჯობდა. «იცი, რატომ მიყვარს ის ასე ძალიან? იმიტომ კი არა, რომ მასთან ვამბობ აღსარებას. არამედ იმიტომ, რომ მას თავი წმიდანად არ მოაქვს.» ერთხელ, როცა ათენში ერთად ვიყავით, გვერდით მანქანით ძალიან ლამაზმა გოგონამ ჩაგვიარა. მაშინ ჩემმა მოძღვარმა, რომელიც წმიდანად მიმაჩნდა, თქვა: «ეს რა განსაცდელებია ათენში! რა ლამაზი გოგონაა!» «მამაო, ნუთუ შენც შეიძლება გაცდუნოს გოგონას სილამაზემ?» _ მივუგე მე. «ყველას ცდუნება შეიძლება და, მათ შორის, ჩემიც», _ მიპასუხა მან.

ამ მომენტში მოძღვარი ჩემს თვალში ძალიან ამაღლდა. რატომ? იმიტომ, რომ თავი არ მოუჩვენებია, თითქოს ჩემგან განსხვავებული, ამაღლებული, ზეციურის მკვიდრი იყო. მან თითქოს მითხრა: «შვილო ჩემო, მე შენთან ერთად სულიერი ბრძოლა მაქვს გაჩაღებული. მეც ზუსტად ისევე ვარ, როგორც შენ.» და მე ის ძალიან შემიყვარდა, რადგან დავინახე: ის თავის მოჩვენებას კი არ ცდილობდა, არამედ ნამდვილი, მართალი, ჭეშმარიტად თავმდაბალი ადამიანი იყო. იყავი ის, ვინც ხარ _ ამით არასოდეს წააგებ. მეც ადამიანი ვარ, მეც ვცდებოდი, მეც მიტაცებდა ათასი რამ. ვინ გაბედავს, თითით აჩვენოს ჩემზე, ან, უფლის სიტყვებით რომ ვთქვათ, «ქვა ისროლოს?» (იოანე 8, 7). ვინ არის ჩვენ შორის უცოდველი? განა შენც იგივეს არ აკეთებ, რასაც მე? მაგრამ ამის აღიარება იოლი როდია. ჩვენ ძალიან მკაცრი მსაჯულები ვართ, როცა საქმე სხვას ეხება, საკუთარი თავის განსჯა კი გვიჭირს.

ერთი ქალი 7 წელი დადიოდა ჩემთან აღსარებაზე. ამასთან ერთად, თავის უწინდელ ცოდვებზე თანდათან მიყვებოდა, ეს ერთბაშად არ გაუკეთებია. შვიდი წლის შემდეგ, როცა ყველაფერი მიამბო, ვკითხე:
_რატომ ყველაფერი ერთად არ მომიყევი? რატომ აკეთებდი ამას შვიდი წლის განმავლობაში?
_ვამოწმებდი, ხომ არ დაიწყებდით ჩემს მხილებას. ჯერ ერთი ცოდვა შევინანე _ ექსპერიმენტმა გამართლა. შემდეგ მეორე… და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე, მესამეზე გადავსულიყავი…

ეს ქალი შვიდი წელი მამოწმებდა, ვამხელდი და გავუბრაზდებოდი თუ არა. რაც უფრო მეტად რწმუნდებოდა იმაში, რომ მე მის საქციელს არ გავნსჯიდი, მით უფრო მეტად მიხსნიდა სულს.

 

რას იტყვის ხალხი

 

მაშ ასე, ნუ მოვაჩვენებთ თავს წმიდანებად, როცა ასეთნი არ ვართ. წმიდა ადამიანი მაღალფარდოვანი სიტყვებით კი არ საუბრობს, არამედ უბრალოდ. ის ერთ-ერთი მრავალთაგანია ამიტომაც გრძნობს თავს ყველასთან ერთად. გაიხსენეთ: იესო ქრისტე ხომ ცოდვილებთან ერთად ჭამდა და სვამდა. ამიტომაც მოდიოდნენ ისინი მასთან და გულს უხსნიდნენ. ჩვენ კი გახსნის გვეშინია. ცოლს ქმრისა ეშინია, ქმარს _ ცოლისა და ერთმანეთს სულს არ უხსნიან.

«ეს რომ ჩემს მეორე ნახევარს მოვუყვე, ის (ცოლი ან ქმარი) მაინც ვერ გაიგებს და თავისებურად განმარტავს», _ ფიქრობს თითოეული მათგანი. იმიტომ, რომ ირგვლივ მხოლოდ ცრუ სახებებს ვხედავთ. ამიტომ, თუ ვეცდებით, ვიყოთ ისეთი, როგორნიც ვართ და შემწყნარებლურად მოვეკიდოთ სხვების შეცდომებს, ეს უდიდესი პროგრესი იქნება სულიერ ცხოვრებაში. მაშინ მეორე ადამიანიც შეძლებს მოგიახლოვდეს, გაიხსნას შენ წინაშე, შენ გვერდით თავს მშვიდად გრძნობდეს.
სულიერი წარმატების კიდევ ერთი ნიშანია, როდესაც ადამიანს არ აღელვებს, თუ რას ფიქრობენ გარშემო მყოფნი. როცა მისთვის სულერთია, რას იტყვიან მასზე. ვფიქრობ, ჩვენთვის, ეკლესიური ადამიანებისთვის ეს მთავარი პრობლემაა. რას იფიქრებენ სხვები ჩემზე? ეს ხომ ტანჯვაა და მეტი არაფერი. სავარაუდოდ, ეკლესიაში მოსვლის შემდეგ უკვე აღარ ვფიქრობთ იმაზე, თუ რას იტყვის ჩვენ შესახებ სამყარო და ვიწყებთ ფიქრს იმაზე, რას იტყვის ჩვენზე ღმერთი. მაგრამ არა: დღისით თუ ღამით თავს ვიტანჯავთ ფიქრებით, თუ რა აზრის არიან ჩვენზე ირგვლივ მყოფნი. ეს ერთადერთია, რაც გვაღელვებს. როცა ამაზე ფიქრი დავიწყე, უბრალოდ, თავზარდაცემული დავრჩი.

ერთხელ ჩემთან აღსარებაზე მოვიდა მამაკაცი სერიოზული პირადი პრობლემით. როცა პირველად ამის შესახებ მშობლებს უამბო, პირველი, რაც მათგან მოისმინა, იყო: «როგორ არ გრცხვენია! მთელ ჩვენს ოჯახს არცხვენ! როგორ შევხედოთ ხალხს თვალებში!» ამის მეტი მისთვის არაფერი უთქვამთ.

_მამაო, _ მითხრა მან, _ ვნანობ, რომ საერთოდ ვუამბე მათ ამის შესახებ. ისედაც მიჭირდა მათთვის ამის გაზიარება, ძლივს გავბედე, თუმცა კი ყოველთვის მეუბნებოდნენ: «ყველაფერი გვითხარი და გაგვიზიარე, ჩვენ ხომ შენი ოჯახი ვართ და გვიყვარხარ, ამდენი წელია, ეკლესიაში ვართ…» მეგონა, ისინი მართლაც წარემატნენ სულიერი თვალსაზრისით. მაგრამ პირიქით აღმოჩნდა. ოცდათორმეტი წელი რომ შემისრულდა, გამუდმებით მეუბნებოდნენ: «რატომ არ ქორწინდები? ცოლი რატომ არ მოგყავს? შენ გამო ყველა დაგვცინებს.» ნუთუ მხოლოდ ეს ისწავლა მამაჩემმა ამდენი წელი ეკლესიაში ყოფნის შემდეგ?
ნუთუ მხოლოდ და მხოლოდ იმით ვცხოვრობთ, თუ რას იტყვიან სხვა ადამიანები ჩვენზე? ასეთ შემთხვევაში ეს ძალზე უკან «გვხევს». წმიდანებს კი საერთოდ არ აინტერესებთ ირგვლივ მყოფთა მოსაზრება, ამიტომაც მიიჩნევა მოღვაწეობის უმაღლეს საფეხურად სალოსობა. სალოსები საგანგებოდ აჩვენებდნენ თავს შეშლილებად, რათა ქრისტეს სახელით დაეძლიათ საკუთარ თავში გარშემო მყოფთა მოსაზრებებზე დამოკიდებულება.

ჩვენ კი გამუდმებით ვფიქრობთ: «რას იტყვის ხალხი ჩვენზე?» რაც უნდათ, ის თქვან…

 

სალოსები საგანგებოდ დადიოდნენ შიშვლები, ფეხშიშველები და დაუბანლები, რომ მათთვის ყველას დაეცინა. თავი დაანებე სამყაროში მყოფ ადამიანებს. მათ შენთან მაინც არაფერი ესაქმებათ, არც უყვარხარ, მხოლოდ განგსჯიან. მხოლოდ საკუთარ თავს და სულს მივაქციოთ ყურადღება. ვეცადოთ, განვამტკიცოთ ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან. სწორედ ეს დაგვეხმარება, სულიერ ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიოთ.

 

ავტორი: არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)

მოამზადა: ხათუნა რაქვიაშვილმა