«ვინ არს მოყუას ჩემდა?»
სჯულის მეცნიერი მივიდა იესოსთან და ჰკითხა: «რაი ვქმნე, რაითა ცხოვრებაი საუკუნოი დავიმკვიდრო?» უფალმა უპასუხა, ოღონდ კანონზე მიუთითა – პირველწყაროზე, რომელიც სჯულის მეცნიერს სხვა ყველაზე უკეთ უნდა სცოდნოდა. პირველად ხომ სწორედ სჯულით, ანუ კანონით ითქვა: «შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი» (ლუკა 10, 25-27).
მაგრამ სჯულის ცოდნა ერთი საქმეა და მისი აღსრულება – მეორე; ერთი საქმეა ღვთის მცნების მოსმენა და მეორე _ მისი ცხოვრებაში განხორციელება. ამიტომაც ეკითხება სჯულის მეცნიერი უფალს: «ვინ არს მოყუას ჩემდა?» ამ მცნებაში მისთვის ყველაფერი ნათელი ვერ არის: ეს მისთვის მეტისმეტად აბსტრაქტული იყო.
უფალიც მას იგავით პასუხობს – იმის შესახებ, თუ როგორ იგდეს ხელთ ყაჩაღებმა ერთი ადამიანი, სცემეს და დაჭრილი და დასისხლიანებული გზის პირას დააგდეს. ამ გზაზე ჩაიარეს მღვდელმა და ლევიტელმა, მაგრამ ორივემ ზურგი შეაქცია და თავი ისე მოაჩვენა, ვითომ ვერც შეამჩნია. მხოლოდ სამარიტელს შეებრალა ეს ბედკრული, ჭრილობები მობანა და შეუხვია, თავის სახედარზე შესვა, უახლოეს ქალაქამდე მიიყვანა, საავადმყოფოში მოათავსა და ექიმებსაც გადაუხადა. «ვინ უკუე ამათ სამთაგანი გგონიეს შენ მოყუას მისა?» _ ეკითხება მაცხოვარი. «რომელმან ყო წყალობაი მის თანა», _ უპასუხა სჯულის მეცნიერმა (ლუკა 10, 30-37).
მაშ ასე, უფალმა მოიხმო მაგალითი სამარიტელისა – ადამიანისა, რომელიც არ მიეკუთვნებოდა «ჭეშმარიტ სარწმუნოებას», ისრაელის ღვთივრჩეულ ხალხს. იუდეველები სამარიტელებს ზიზღით ეკიდებოდნენ, ხელით არ ეხებოდნენ და არ ესაუბრებოდნენ. ორ ერს შორის მრავალსაუკუნოვანი გადაულახავი ბარიერი არსებობდა. გაუცხოება იქამდე მიდიოდა, რომ იუდეველი წყურვილით სიკვდილს ამჯობინებდა, ვიდრე სამარიტელის ხელიდან ჭიქა წყლის აღებას. ასეთივე ზიზღით ეკიდებოდნენ იუდეველები ქანაანელებს, რომაელებსა და სხვა წარმართებს.
სხვა ერისა და სარწმუნოების ადამიანებისადმი ასეთი უკადრისობა მეტისმეტად უცხო იყო ქრისტესთვის. მთელი თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე ის შეგნებულად ლახავდა ადამიანების ხელით შექმნილ დაბრკოლებებსა და ბარიერებს. სწორედ ამიტომ მას ძალზე ხშირად იგავებითა და ქადაგებებით მოჰყავდა მაგალითად სამარიტელები, ქანაანელები, რომაელები _ ყველა ისინი, ვისაც მართლმორწმუნე იუდეველები მტრულად და ზიზღით ეკიდებოდნენ.
უფალი უჩვენებდა, რომ ადამიანური სიკეთის მაგალითები ყველა ერსა და სარწმუნოებაში გვხვდება, რომ სჯულსა და ღვთის მცნებებს სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანები აღასრულებენ. შესაძლოა, იცოდე სჯული და არ აღასრულებდე მას, და შესაძლებელია, არ იცოდე სჯული და აღასრულებდე მას. სწორედ ასევე, ჩვენს დროშიც შესაძლებელია, იყო მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი, მაგრამ ღვთის მცნებებით არ ცხოვრობდე, მაგრამ შეიძლება, სხვა სარწმუნოებას ეკუთვნოდე ან საერთოდ ურწმუნო იყო, მაგრამ ქრისტეს მცნებებს აღასრულებდე.
ბევრი ადამიანი, ვინც შორსაა ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან, დაუფიქრებლად აღასრულებს ღვთის მცნებებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ყოველი ადამიანისთვის ბუნებრივია. მართლმადიდებელი ქრისტიანები კი ამაყობენ იმით, რომ ღვთის რჩეულ ფარას მიეკუთვნებიან, ხშირად ამ ადამიანებს ზიზღით უყურებენ და ამბობენ: «ნუთუ შეიძლება ცხონდეს კათოლიკე, პროტესტანტი, მუსულმანი ან ათეისტი?» თითქოს ის ფაქტი, რომ ადამიანი სხვა ეროვნების, სარწმუნოების, ან საერთოდ ათეისტია, უკვე ხაზს უსვამს მთელ მის ცხოვრებას, აუფასურებს მის მიერ ქმნილ ყველა სიკეთეს.
ჩვენი უფალი ასეთი როდი იყო! მას შეეძლო, ძალზე სასტიკად ესაუბრა ფარისევლებთან და მწიგნობრებთან, რომლებმაც ზეპირად იცოდნენ წმიდა წერილი, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ მის აღსასრულებლად, რომლებიც ათასობით წვრილმან დანაწესსა და მითითებას ასრულებდნენ, რაც ცხოვრების გარეგნულ წესს შეეფერებოდა, მაგრამ არად მიაჩნდათ, როგორც უფალი ბრძანებდა _ «უმძიმესი სჯულისაი – სამართალი და წყალობაი და საწრმუნოებაი» (მათე 23, 23), ანუ სამართლიანობა და მოწყალება მოყვასისადმი და საქმით გამოხატული რწმენა. ფარისევლები და მწიგნობრები მხოლოდ ლაპარაკობდნენ თავიანთ ერთგულებასა და თავდადებაზე ჭეშმარიტი სარწმუნოებისადმი, ბევრი სამარიტელი და ქანაანელი კი საქმით ამტკიცებდა სიყვარულს ჭეშმარიტი ღვთისადმი.
მაგალითად მოვიყვან შემთხვევას ჩემი საკუთარი სამწყემსო პრაქტიკიდან (მსგავსი შემთხვევები, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი მომხდარა). მაშინ ლიტვის მივარდნილ პროვინციაში ვცხოვრობდი, ოთხი პატარა ღარიბი სამრევლოს წინამძღვარი ვიყავი, რომლებიც ერთმანეთისგან დიდი მანძილით იყო დაშორებული. ერთხელ პანაშვიდის გადახდა მთხოვეს რუსულ სასაფლაოზე, იქამდე მიღწევას ძალზე დიდი დრო სჭირდებოდა გამვლელი მანქანების გაყოლით (საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქ არ დაიდოდა). მეფსალმუნესთან ერთად გადავიხადე პანაშვიდი, რომელსაც ესწრებოდა ასზე მეტი ადამიანი, რომლებიც 30 ავტომობილით ჩამოვიდნენ.
პანაშვიდის დასრულების შემდეგ თავსხმა წვიმა დაიწყო. ვიკითხე, ვინმე უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე ხომ ვერ მიგვიყვანდა. ისინი, ერთმანეთის მიყოლებით, თავაზიანად ამბობდნენ უარს. მეუბნებოდნენ, რომ, სამწუხაროდ, ძალიან დაკავებულები იყვნენ, რომ რესტორანში სულის მოსახსენიებელი სუფრა ელოდათ, რომ საპირისპირო მხარეს მიდიოდნენ. მეფსალმუნესთან ერთად თავსხმა წვიმაში გავუყევი სოფლის გზას და არც კი ვიცოდი, რომელ მხარეს უნდა წავსულიყავი. სულ ცოტაოდენი გზა რომ გავიარეთ, უეცრად წამოგვეწია მანქანა და შემოგვთავაზეს წაყვანა, სადაც საჭირო იყო. მანქანაში ხანდაზმული ლიტველი წყვილი იჯდა, რომლებიც პანაშვიდს ესწრებოდნენ. ვკითხე, იყვნენ თუ არა მიწვეულნი რესტორანში სულის მოსახსენებელ სუფრაზე. მიგვიწვიეს, _ მიპასუხეს მათ, _ მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია მოვემსახუროთ მართლმადიდებელ მღვდელს, ვიდრე რესტორანში წავიდეთ~. ისინი ერთადერთი კათოლიკეები იყვნენ ასობით მართლმადიდებელს შორის. ვინ აღმოჩნდა იმ მომენტში ჩემი მოყვასი?
ის, რასაც ქრისტე ორი ათასი წლის წინ ამბობდა _ თავისი დროის ისტორიულ, რელიგიურ თუ ნაციონალურ კონტექსტში _ ჩვენი ეპოქისთვისაც აქტუალურია. ჩვენ შორის ცოტა როდია ფარისეველი და მწიგნობარი, რომლებიც ამაყობენ თავიანთი კუთვნილებით ჭეშმარიტი სარწმუნოებისადმი. მაგრამ არსებობენ «სამარიტელებიც და ქანაანელებიც», რომლებსაც, როგორც წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს, «მხოლოდ ქრისტიანის სახელი აკლიათ, მაშინ, როცა თავად რეალობა აქვთ.» დასაფიქრებელია: ვინ შევა პირველი ცათა სასუფეველში _ ის, ვინც ისე დარწმუნებულია საკუთარ ცხონებაში, რომ მზადაა, ყველა მარადიულ ტანჯვაში გაამწესოს, თუ ისინი, ვინც ჭეშმარიტ სარწმუნოებას არ ეკუთვნიან, მაგრამ ღვთის საქმეს აღასრულებენ _ იმ საქმეს, რომლის აღსრულებაც ჩვენ ძალზე ხშირად არ შეგვიძლია?
მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი), `ღვთის ადამიანური სახე, ქადაგებები~, მოსკოვი, 2001 წელი.
მოამზადა: ხათუნა რაქვიაშვილმა