ეკლესიის საზღვრების საკითხისთვის

ეკლესიის საზღვრების საკითხისთვის

ა. ზაიცევი

`მოყვასისთვის მუქარას მასთან გასაუბრება სჯობს…~

არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) ბროშურაზე — `რა თანხმობაა ქრისტესა და… პროფესორ ა. ი. ოსიპოვს შორის~

ორი აღთქმის ქრონოლოგიური თანაარსებობის საკითხთან დაკავშირებით წმიდა მამათა სწავლების კონტექსტში წყდება საკითხიც ცხონების სხვადასხვა გზების შესახებ. ეკლესიის – ქრისტეს სხეულის _ მიღმა ცხონება შეუძლებელია. მაგრამ თავად ეკლესიაში მისვლა, წმიდა მამათა სწავლებით, ორი გზითაა შესაძლებელი. პირველი გზა _ მასთან შეერთება მიწიერი ცხოვრების პირობებში ღვთის სიტყვის `მოსმენის~ (რომ. 10, 17), რწმენისა და ნათლისღების მეშვეობით. მეორე გზაა _ ეკლესიაში შეაბიჯო უკვე გარდაცვალების შემდეგ _ ჯოჯოხეთში ნათლისღების მეშვეობით _ ძველი აღთქმის მართალთა მსგავსად. მაგრამ ეს ცხადი გამოსავალი არქიმანდრიტ რაფაელს მოდერნისტულ გამონაგონად მიაჩნია. საკითხს ეკლესიისადამი კუთვნილებისა და მისი საზღვრების შესახებ ის საკუთარი გამარტივებული `მართლმადიდებლობის სქემის~ საფუძველზე~ წყვეტს.

კვიპრიანე კართაგანელის შემდეგ, მღვდელმოწამე ილარიონ ტროიცკი კატეგორიულად ამტკიცებს, რომ მართლმადიდებლური (ისტორიული) ეკლესიის მიღმა ცხონება შეუძლებელია [73].

მაინც მსურს დავაზუსტო წყარო, რომელმაც უფლება მისცა არქიმანდრიტ რაფაელს ესოდენ გადაწყვეტილი დასკვნა გამოეტანა. რამდენადაც ცნობილია, მღვდელმოწამე ილარიონი (ტროიცკი) ასე კატეგორიულად არ ამტკიცებს ისტორიული ეკლესიის მიღმა ცხონების ან ვერცხონების შესაძლებლობების შესახებ. ამასთან ერთად, საეკლესიო ისტორიის მიუკერძოებელი გაცნობა გვარწმუნებს, რომ მის სხვადასხვა პერიოდებში, რომლებსაც შეიძლება საეკლესიო-კანონიკური შფოთის პერიოდები ვუწოდოთ, `ისტორიული ეკლესიის~ საზღვრების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ერთ-ერთი დამახასიათებელი მაგალითი _ რამდენიმე ათწლეული გრძელდებოდა არიანული განხეთქილებები, როცა განსაზღვრა საკითხისა – კანონიკური თვალსაზრისით ვინ მიეკუთვნება ეკლესიას და ვინ _ არა _ უკიდურესად რთული იყო. ისტორიული ეკლესია ფაქტიურად მრავალ გადარჩეულ სათემოდ გადაიქცა. ბევრ შემთხვევაში ზოგიერთი არიანელი ეპისკოპოსი ნიკეის კრების გადაწყვეტილებას იღებდა და მას თავისებურად განმარტავდა, ზოგიერთი მართლმადიდებელი კი, რომლებსაც აცბუნებდათ გნოსტიკოსებისა და პავლე სამოსატის მიერ კომპრომენტირებული ტერმინი _ `ერთარსი~ [74] _ არა. მართლმადიდებელ წმიდანებს – კირილე იერუსლიმელს, მელეტი ანტიოქიელს, ბასილი დიდს _ არიანელმა ეპისკოპოსმა დაასხა ხელი. ბევრი აღმოსავლელი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი განიკითხავდა წმიდა ბასილი დიდს და კანონიკურ ურთიერთობასაც კი წყვეტდნენ მასთან იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ძალზე შემწყნარებელი იყო `ომიუსიანელთა~ მიმართ და მათთან ევქარისტიულ ურთიერთობას განაგრძობდა. და ასე შემდეგ და ამის მსგავსად.

ასე რომ, დაე, არქიმანდრიტი რაფაელი ზედმიწევნით გაეცნოს არიანული შფოთის ისტორიას და ეცადოს, `ხაზი გაავლოს~ ეკლესიის კანონიკურ საზღვრებზე (IV საუკუნის მაინც). არა მგონია, ასე მოხდეს.

მეორე მაგალითი: ცნობილია, რომ ქრისტიანობის ისტორიის პირველი ათასწლეულის მანძილზე მართლმადიდებელი დასავლეთი და მართლმადიდებელი აღმოსავლეთი დაახლოებით 200 წლის განმავლობაში საეკლესიო-კანონიკურ განხეთქილებაში იყვნენ. ისმის კითხვა: კერძოდ სად იყო ამ ხნის განმავლობაში `ისტორიული ეკლესია~, რომლის მიღმაც, არქიმანდრიტ რაფაელის აზრით, ცხონება შეუძლებელია. და რატომ მივაგებთ პატივს დასავლეთისა და აღმოსავლეთის წმიდანებს [74], რომლებსაც `გაუმართლათ~, რომ ცხოვრობდნენ და ცხონდებოდნენ სწორედ ასეთი განხეთქილებების ჟამს? ნუთუ ამ პერიოდში ერთ-ერთი ამ მხარეთაგანი `ცარიელი~ ბარძიმიდან ეზიარებოდა?

და კიდევ: კერძოდ სად იყო `ისტორიული ეკლესია~ რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს შორის კანონიკური ურთიერთობის შეჩერებისას გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა ხანებში? ვინ აღმოჩნდა ამ დროს `მაშველი ხომალდის~ ბორტს მიღმა _ ათონის ბერები (კონსტანტინეპოლის საპატრიარქო) თუ რუსული მონასტრების მცხოვრებნი (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია)? ამ განხეთქილების ჟამს რომელი ეკლესიის ლიტურგია იყო `მკვდარი ფორმა~?

შეძლებს კი არქიმანდრიტი რაფაელი დამოწმებას, რომ მთავარეპისკოპოსი იოანე (მაქსიმოვიჩი) ეკლესიიდან განვარდა ერისკაცად, მღვდელმონოზონი სერაფიმე (როუზი) კი მონათლულიც კი არ იყო – ორივე მათგანი ხომ კანონიკურ (განხეთქილებაში მყოფ) საზღვარგარეთის სინოდს მიეკუთვნებოდა?
და ბოლოს, როგორ აგვიხსნის იმ ფაქტს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია პატივს მიაგებს თავის ერთ-ერთ უდიდეს წმიდა მამას, ისააკ ასურს, რომელიც `ისტორიულ ეკლესიას~ საეროდ არ მიეკუთვნებოდა _ ის დაიბადა, ცხოვრობდა და გარდაიცვალა ე. წ. აღმოსავლეთის ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, რომელსაც მაშინ (VII საუკუნის დასასრული და VIII საუკუნის დასაწყისი) არანაირი კავშირი არ ჰქონდა ბიზანტიასთან, საეკლესიო ერთობა არ ჰქონდა არც რომთან, არც კონსტანტინეპოლთან, არც იერუსალიმთან, არც ანტიოქიასთან და არც ალექსანდრიასთან და ფორმალურად ნესტორიანული იყო?
რა კომენტარს გააკეთებდა არქიმანდრიტი რაფაელი საეკლესიო გარდამოცემის პირდაპირ დამოწმებაზე გარდაცვალების შემდგომი ნათლისღების და ჯოჯოხეთის მეშვეობით ცხონების შესაძლებლობის შესახებ, ანუ `ისტორიული ეკლესიის~ გვერდის ავლით?

მაგალითად, გრიგოლ დიოლოღოსის ცხოვრებაში არის თხრობა იმის შესახებ, თუ როგორ ნათელ-იღო იმპერატორ ტრაიანეს სულმა ჯოჯოხეთში წმიდანის ცრემლებით. სიცოცხლეში ტრაიანე ერთხელ გამოექომაგა ქვრივს. წმიდა გრიგოლმა შეიტყო ამის შესახებ, უდიდესი სიბრალულით აღივსო და მისთვის ლოცულობდა მანამ, სანამ ზეგარდამო დამოწმება არ მიიღო იმაზე, რომ უფალმა მისი ლოცვა შეისმინა. `დაე, ნურავინ გაოცდება, როცა ვამბობთ, რომ ის (ტრაიანე) ნათელღებული იყო, რამეთუ ნათლისღების გარეშე ვერავინ იხილავს ღმერთს, ნათლისღების მესამე სახეობა კი ცრემლით ნათლისღებაა~. [76]
`მართალია, ეს იშვიათი შემთხვევაა, _ განმარტავს წმიდა სერაფიმე (როუზი), _ მაგრამ ეს იმედს აძლევს მათ, ვისი ახლობლებიც ურწმუნოებაში გარდაიცვალნენ.~ [77]

წმიდა მარკოზ ეფესელი ეყრდნობა ამ ფაქტს, როგორც უეჭველ საეკლესიო დამოწმებას:`ზოგიერთი წმიდანის ვედრება, რომლებიც ლოცულობენ არა მხოლოდ მორწმუნეთათვის, არამედ ცოდვილთათვისაც, უფალმა შეისმინა და გამოიხსნეს ისინი მარადიული ტანჯვისგან, როგორც, მაგალითად, პირველმოწამე თეკლამ თალკონილა და ღვთაებრივმა გრიგოლ დიოლოღოსმა, როგორც გადმოგვცემენ, _ მეფე ტრაიანე~. [78]

ამავე სახის ავტორიტეტულ დამოწმებას ჯოჯოხეთის გავლით ცხონების შესაძლებლობის შესახებ შეიძლება მივაკუთვნოთ თხრობაც დიდმოწამე უარის ცხოვრებიდან იმის შესახებ, რომ მას თავისი ლოცვით ჯოჯოხეთიდან უნათლავი ადამიანები ამოჰყავდა. იგივე თხრობა გვხვდება მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიკულ გარდამოცემაში _ წმიდა უარის მსხურებაში, რომელიც `თვენი~-შია განთავსებული. უფრო მეტიც _ წმიდა უარის დაუჯდომელი შეიცავს მთელ რიგ თხოვნებს, სადაც მას ევედრებიან იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამა სოფლიდან ისე გავიდნენ, რომ ქრისტესი არ სწამდათ.

ყველა ეს ფაქტი ძნელად თუ ჩაიწერება ხელოვნურ ეკლესიოლოგიურ სქემაში, რომელსაც არქიმანდრიტი რაფაელი მისდევს. არც საეკლესიო ისტორია და არც კანონიკური პრაქტიკა, არც წმიდა მამათა ღვთისმეტყველება არ გვაძლევს საფუძველს იმისთვის, რომ თანასწორობის ნიშანი დავაყენოთ ორ მტკიცებულებას შორის: 1. `ეკლესიის მიღმა ცხონება არ არსებობს~ და 2. `ისტორიული ეკლესიის კანონიკური საზღვრების მიღმა ცხონება არ არსებობს~. პროტესტანტული სწავლების უარყოფისას, რომელიც ეკლესიას ჰყოფს ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სუბიექტად _ `უხილავი ზეციური სული~ და `მიწიერი ისტორიული სხეული~ და რომელიც ამის გამო შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც ეკლესიოლოგიური ნესტორიანელობა, არ შეიძლება გადავარდეთ მეორე უკიდურესობაში _ ეკლესიოლოგიურ მონოფიზიტობაში _ და გავაიგივოთ, ავურიოთ პირველი (`უხილავი სული~) მეორეში (`ისტორიული სხეული~). მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია, არქიმანდრიტ რაფაელის კანონიერი ფორმალიზმის საპირისპიროდ, უშვებს, რომ ეკლესია-ორგანიზმი და ეკლესია-ორგანიზაცია თუმცა კი განუყოფელია მიწიერ ისტორიაში, მაგრამ, ამის მიუხედავად, ერთმანეთს არ ერწყმის და ერთმანეთში არ ირევა. კანონიური ეკლესია-ორგანიზაციის წევრი შესაძლოა, არ იყოს ზეციური ეკლესია-ორგანიზმის წევრი _ როგორც ჩანს, ეს არქიმანდრიტ რაფაელში ეჭვს არ იწვევს. მაგრამ ასევე ნამდვილია საპირისპირო არდამთხვევა: ზეციური ეკლესია-ორგანიზმის წევრი შესაძლოა, თავის მიწიერ ცხოვრებაში არ იყოს კანონიკური ეკლესია-ორგანიზაციის წევრი. ღირსი ისააკ ასურის მაგალითი საკმარისია იმისთვის, რომ არქიმანდრიტ რაფაელის მიერ მხარდაჭერილი ეკლესიოლოგიური სქემა გამოგონილად ჩავთვალოთ, მსგავსი პრეცენდენტები კი მრავლადაა.

ამრიგად, ა. ი. ოსიპოვის სოტერიოლოგიური კონცეფცია, არქიმანდრიტ რაფაელის მოსაზრებისგან განსხვავებით, წმიდა მამათა მართლმადიდებლურ სწავლებას გამოხატავს. ა. ი. ოსიპოვი აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესიის ჭეშმარიტებას, არ განიხილავს ფორმალურ კუთვნილებას მისადმი, როგორც ცათა სასუფეველში `შესასვლელ ბილეთს~. სწორედ ასევე, სხვა რელიგიებისა და, მითუმეტეს, არარელიგიური მსოფლმხედველობების სიცრუეზე მინიშნებისას, ის არ მიიჩნევს, რომ მათი ყველა წარმომადგენელი `ავტომატურად~ განწირულია დასაღუპავად.

იმისთვის, რომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად არ ვისაუბროთ, თავად ა. ი. ოსიპოვის ციტატა მოვიხმოთ (შეგახსენებთ, არქიმანდრიტ რაფაელს ეს არცერთხელ არ გაუკეთებია!):`ჭეშმარიტება ინტოლერანტულია, ის სიცრუეს ვერ ეგუება. თითოეული ჩვენგანისთვის აუცილებელია, სავსებით მტკიცედ იცოდეს, სადაა ჭეშმარიტება და სად _ სიცრუე. ქრისტეა ჭეშმარიტება. მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით და ქრისტეშია შესაძლებელი ცხონება. მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი გზა ქრისტესკენ, ცხონებისკენ. ყველა დანარჩენი ქრისტიანული კონფესია და, მითუმეტეს, სხვა რელიგიები, დიდი და მცირე გადახვევებია ამ ჭეშმარიტი გზიდან. ზოგიერთ რელიგიაში ეს გადახვევა ისეთ დონეს აღწევს, რომ მათ მიერ შემოთავაზებული ცხოვრების გზა ხდება საბოლოო განდგომა ქრისტესგან, მისი პრინციპული უარყოფა, მაშასადამე, ცხონების უარყოფა. ამიტომ არა მხოლოდ უბრალოდ, შეგვიძლია, არამედ ვალდებულნიც ვართ, დავამოწმოთ მართლმადიდებლობის ეს ჭეშმარიტება და სხვა რელიგიური ტრადიციების სიცრუე.

მაგრამ, ამასთან ერთად, არ უნდა დავივიწყოთ, რომ მართლმადიდებლობა სულაც არ არის იგივე, რაც ჩვენ თავად _ მართლმადიდებლები. მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი გზაა. მივდევთ კი ყოველთვის ამ გზას? იგივე შეიძლება ითქვას სხვა რელიგიის წარმომადგენლებზეც. მაგალითად, ინდუიზმი, უეჭველია, სიცრუის გზაა _ ამპარტავნებისა და თვითგაღმერთების გზაა. მაგრამ განა ყველა ინდუსი მიუყვება ამპრტავნების გზას? ხელმძღვანელობს კი ის თავის ცხოვრებაში მხოლოდ ინდუიზმის დამღუპველი დოგმებით თუ მისდევს თავისი სინდისის ხმას _ ღვთის ამ ნაპერწკალს თითოეულ ადამიანში?

მაშ ასე, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, ვალდებულნიც კი ვართ, განვსაზღვროთ და განვსაჯოთ ესა თუ ის რელიგია _ სიცრუის ხარისხზე, მის მიერ შემოთავაზებული გზის დამღუპველობაზე. მაგრამ თუ საუბარია კონკრეტულ ადამიანებზე, ეს ღვთის სამსჯავროს უნდა მივანდოთ, რამეთუ ბრძანებს მოციქული: `გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს~ (1 კორ. 5, 13). [79]

შედარებისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ღირსი ნექტარიოს ოპტინელის მოსაზრება, რომელიც მიჩნევდა, რომ `უბრალო ინდუსი, რომელსაც ზეციური მამის სწამს და შეძლებისდაგვარად აღასრულებს მის ნებას, _ ცხონდება. მაგრამ ის, ვინც უწყის ქრისტიანობის შესახებ და ინდუსის გზას მიჰყვება _ ვერა~. [80]
ამ მიმართებით გასათვალისწინებელია ყოვლადწმიდა სამების სერგის ლავრის სასულიერო კრების მოსაზრება, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოითქვა თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე კათოლიკური ექსპანსიის გამო: `ჩვენ თავს ვერ მივცემთ იმის განსჯის უფლებას, ცხონდებიან თუ ვერა რომაულ-კათოლიკები, ან რა ზომით მოქმედებს მადლი კათოლიკურ ეკლესიაში. ასეთი სამსჯავრო და ხედვა მხოლოდ უფალს ეკუთვნის~. [81]

მაგრამ არქიმანდრიტი რაფაელი ღვთის სამსჯავროსთვის ადგილის დათმობაზე უარს აცხადებს. ის კადნიერდება, წარმოთქვას თავისი საკუთარი სამსჯავრო _ მისი აზრით, ყველა არამართლმადიდებელი, ანუ კაცთა მოდგმის აბსოლუტური უმრავლესობა [82] უცილობლად დაიღუპება, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთა უმნიშვნელო რაოდენობა გადარჩება (სავარაუდოდ, თვითონ და მისი თანამოაზრენი). ის ცხონების მცირეოდენ იმედსაც კი არ უტოვებს არავის იმ მილიარდობით ადამიანიდან, რომლებიც ობიექტური მიზეზების გამო ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ მართლმადიდებლობის, მიწიერი ეკლესიის მიღმა.

როგორც ჩანს, ასე ესმის არქიმანდრიტ რაფაელს ქრისტიანული სწავლება ღმერთ-სიყვარულზე, რომელმაც, ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, წინასწარ უწყის, რომ მის გონიერ ქმნილებათა 99 % განწირულია მარადიული ტანჯვისთვის და, ამის მიუხედავად, მაინც უბოძა მათ სიცოცხლე.

 

[73] არქიმანდრიტი რაფაელი, `რა თანხმობა…~ გვ. 17
[74] ტერმინი _ `ერთარსი~ განსაჯეს და უარყვეს 269 წლის ანტიოქიის კრებაზე პავლე სამოსატელის წინააღმდეგ.
[75] მათ რიცხვს მიეკუთვნებიან, მაგალითად, სლავი ხალხების განმანათლებელნი _ კირილე და მეთოდე, ამ უკანასკნელს კონსტანტინეპოლსა და რომს შორის ერთ-ერთი ასეთი განხეთქილების დროს ეპისკოპოსის ხარისხში დაასხა ხელი… რომის პაპმა.
[76] ციტ.: მღვდელმონოზონი სერაფიმე (როუზი), სული გარდაცვალების შემდეგ, მოსკოვი, 1993, გვ. 173.
[77] იქვე, გვ. 173.
[78] ციტ.: არქიმანდრიტი ამბროსი (პოგოდინი), წმიდა მარკოზ ეფესელი და ფლორენტიის უნია, მოსკოვი, 1995, გვ. 61.
[79] ციტირებულია ა. ი. ოსიპოვის ლექციის აუდიოჩანაწერიდან მოსკოვის სასულიერო აკადემიაში.
[80] ციტ.: მიტროპოლიტი ბენიამინი (ფედჩენკოვი), ღვთის ადამიანები (ჩემი სულიერი შეხვედრები), მოსკოვი, 1997, გვ. 147.
[81] ყოვლადწმიდა სამების სერგის ლავრის სულიერი კრების მიმართვა კათოლიკური ექსპანსიის თაობაზე // ვოლოგოდის საეპარქიო გაზეთი “Благовестник”. № 1-3, 2002. გვ. 4.
[82] დღეს სამყაროში ნომინალური მართლმადიდებელი მხოლოდ 170 მილიონია დედამიწის საერთო მოსახლეობის 6 მილიარდზე მეტი ციფრიდან.