ზღაპრები დასაცავია… «მართლმადიდებლებისგან».

ზღაპრები დასაცავია… «მართლმადიდებლებისგან».

დაცვა სჭირდებათ, თანაც ძალიან. თუ ადრე ყველაფერს მართლმადიდებლურს სჭირდებოდა დაცვა ათეისტური დაცინვისგან, ახლა სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვალა: საერო კულტურის დაცვა გვიხდება მართლმადიდებლური ფარისევლობისგან. ტყუილად როდია ნათქვამი: როგორც კი ქრისტიანთა დევნა მთავრდება, ზოგიერთი ქრისტიანი თავად იწყებს ჟანდარმის თანამდებობაზე ოცნებას.


მართლმადიდებელი `პედაგოგებისთვის~ ერთ-ერთი მტერი გახდა თანამედროვე დასავლური ზღაპარი. `ჰარი პოტერის~ ავტორს, ჯ, როულინგს უამრავი ტალახი ესროლეს, ოკულტიზმსა და სატანიზმს აბრალებდნენ. სხვათა შორის, მართლმადიდებელი მამხილებლები ამ სათვალიანი ბიჭისა და მისი `დედის~, ინგლისელი მწერლის სიძულვილით კანკალებდნენ. ინტერნეტი სავსეა მრისხანე `ანტიპოტერული~ სტატიებით, რომლებიც განთავსებულია განყოფილებაში: `სექტები, სატანიზმი, ჯადოქრობა…~!

რასაკვირველია, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი შეხედულება და მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ მართლმადიდებელ პედაგოგსა და ფსიქოლოგს უფლება არ აქვს, მოიტყუოს, შეცვალოს ტექსტები, გამოიგონოს `საიდუმლო განცხადებები, რომლებიც მხოლოდ რჩეულთათვისაა გასაგები,~ რითიც, თითქოსდა, როულინგის ტექსტებია სავსე. მთავარი უბედურება იცით, რა არის? საკუთარი უგუნურება და სიძულვილი ყველაფერი `არამართლმადიდებლურის~ მიმართ «ჭეშმარიტებისთვის მებრძოლთა» სამართლიან მრისხანებად საღდება. ასეთები არიან ახალი «ათანასე დიდები», რომლებიც მუსრავენ საძაგელ «არიოზს» ინგლისიდან. დიაკონი ანდრია კურაევი, ფაქტიურად, ერთადერთია, ვინც ზღაპრები დაიცვა თავის პოლემიკურ წიგნში `ჰარი პოტერი ეკლესიაში: ანათემასა და ღიმილს შორის~, სადაც ზედმიწევნით გამოააშკარავა მართლმადიდებელ ფარისეველთა გამოხდომის მთელი სიცრუე. აღნიშნული პრობლემით დაინტერესებულ პირებს ამ წიგნის წაკითხვას ვურჩევდით.

მეორე მტერი, მხცოვანი «ოკულტისტი», ჯ. რ. რ. ტოლკინი და მისი წიგნებია; განსაკუთრებით ცნობილი ტრილოგია — `ბეჭდების მბრძანებელი~. მართლმადიდებელთა შორის გინებაც კი გაჩნდა: ტოლკინუტობა. რასაკვირველია, გინება იოლი და სასიამოვნოა, განსაკუთრებით, თუ თავად ტოლკინი არ წაგიკითხავს და მისი დიადი წიგნების არსზე არ დაფიქრებულხარ. ვფიქრობ, ღირს `ოკულტისტ~ ტოლკინთან მერბძოლებს შევახსენოთ, რომ ის ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, ძველ ლიტერატურასა და მითოლოგიას იცნობდა, მართლმორწმუნე და ძალზე მოშურნე კათოლიკე გახლდათ. სწორედ ტოლკინმა მოაქცია ქრისტიანობაზე თავისი საუკეთესო მეგობარი, კლაივ ს. ლუისი, საყოველთაოდ ცნობილი `ნარნისის ქრონიკებითა~ და `ბალამუტის წერილებით~. წუთით დაფიქრდით: ნუთუ ქრისტიანობის დიდი აპოლოგეტის, `ანონიმი მართლმადიდებლის,~ ლუისის მასწავლებელი ტოლკინი ოკულტურ წიგნებს დაწერდა?! იქნებ პრობლემა მასში კი არა, ჩვენს გაუნათლებლობაშია?

`მოშურნეთა~ შეცდომა ისაა, რომ ისინი გაგებას, მიზეზსა და საშუალებას ერთმანთში ურევენ. მაგიებსა და იდუმალ ცოდნაზე დაფუძნებული `პოტერელებისა~ და `ტოლკინელების~ არსებობას არანაირი კავშირი არ აქვს როულინგისა და ტოლკინის წიგნების ჩანაფიქრებთან. მახსოვს, ზოგიერთი ცდილობდა, იოანე კრონშტადტელისთვის დაებრალებინა და დაეყვედრებინა, რომ მის გამო (!) გაჩნდა `იოანელების~ სექტა. ის ფაქტი, რომ ზოგს ზღაპრისა და მისი სიმბოლიკის მნიშვნელობა არ ესმის, სულაც არ ანიშნაბვს, რომ ზღაპრებზე უარი უნდა ვთქვათ.

ქრისტიანული ზღაპარი ის კი არ არის, სადაც ყოველ გვერდზე ქრისტეს, ლოცვას ან მღვდელს ახსენებენ – ეს ლიტერატურის ურთულესი ჟანრია, სადაც ღვთის მყოფობის უფაქიზესი ატმოსფერო იქმნება, მაგრამ, შესაძლოა, სიტყვა – ღმერთი _ ერთხელაც არ ახსენო (ის არც უნდა გამოიყენო, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად გახდება ზღაპრული გაგება არარეალურზე, ანუ ~ღმერთს~ ზღაპარში გამონაგონივით აღიქვამენ). ზღაპრებში წმიდა ქრისტიანული გაგებები (ამ შემთხვევაში მხედველობაში მყავს როულინგი და ტოლკინი) ავტორთა კეთილგონიერებაზე მიანიშნებს და არა ავგანზრახულობაზე. ამ ზღაპრების სიუჟეტების განვითარება აგებულია ქრისტიანული ზნეობრივი კრიტერიუმებით, სწორედ ისევე, როგორც ჩვენი სულიერი ცხოვრება. ჩვეულებრივი გმირები (ხშირად პატარები და სუსტები: პატარა ჰარი თავის მეგობრებთან ერთად, ჰობიტები – ფროდო და სემი) ებრძვიან დიდ და მძლავრ ბოროტებას და ამარცხებენ; ისინი იმარჯვებენ არა თავიანთი მაგიის ძალით, არამედ დაძაბული ბრძოლით, საკუთარ თავში არსებულ ბოროტებასთან დაძაბული ბრძოლით, თავგანწირული სიყვარულით, დაჟინებულობით თითქმის არარეალური მიზნის მისაღწევად (სამყაროში არსებული ბოროტების დასაძლევად!). სამყაროში არსებული მთელი სიკეთე, ყველა კეთილი არსება მათ ეხმარება. თითქოს გამოუვალი მდგომარეობები იქმნება, ბოროტება დროებით ბატონობს სიკეთეზე. ღმერთი არ ჩანს, მაგრამ ჩანს (რასაკვირველია, თუ მის დანახვას ვეცდებით!) საღვთო ჩანაფიქრი. საბოლოოდ კი აღმოჩნდება, რომ ამ მძლავრ ბოროტებას მხოლოდ გამჭვირვალე ძალაუფლება აქვს და საკმარისია, არ შეუშინდე და მტკიცედ დაუპირისპირდე მას, რომ ბოროტება თავის უძლურ მძვინვარებაში ლღვება და ქრება. როულინგისა და ტოლკინის ზღაპრები თითქმის სულიერი ბრძოლაა ჩვენი სულისა ბოროტებასთან, იმის შესახებ, რომ `დემონი ებრძვის ღმერთს, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია.~

როცა ჩვენი პედაგოგები და ფისიქოლოგები იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ ამ ზღაპრებში გამოყენებული სიმბოლოები ერთმნიშვნელოვნად ოკულტური და ცუდია, და ავტორებს საგანგებოდ შემოჰყავთ, რათა მკითხველი თავიანთ კატეგორიებში აზროვნებას მიაჩვიონ, რომ ამ სიმბოლოებმა მკითხველის სულზე გავლენა მოიპოვონ. ასეთ დროს ძალზე მტკივა გული, რომ ჩვენი პატარების აღმზრდელებს კულტუროლოგიისა და პედაგოგიკის ელემენტარული საფუძვლები არ ესმით.
როულინგის წიგნებში გამოყენებულ სიმბოლოებს (როგორიცაა გველი, ობობა, ჩიტი ფენიქსი, მახვილი, სარკე, ლაბირინთი, ყვავილები და სხვა) ოკულტურს იმის საფუძველზე უწოდებენ, რომ ასეთი სიმბოლოების გამოყენება უყვართ მაგიაში (ლევიჩევა ე. `ჰარი პოტერის~ მეტაფიზიკა; გამოკვლევა; წწწ.ვოსკრეს.რუ; 2003 წლის 8 მარტი). მაპატიეთ, მაგრამ მაშინ არც ბიბლია განსხვავდება არაფრით კაბალისგან, მასში ხომ მრავალი სიმბოლოა, რომლებიც სატანიზმსა და ჯადოქრობაში გამოიყენება! მხოლოდ ზოგიერთი სიმბოლო-პარალელი განვიხილოთ: გველი-მაცდუნებელი და სპილენძის გველი, და — `იყავით ბრძენნი, ვითარცა გველნი~; არსებობს ცხონების მტრის მიერ დაგებული ბადე და არსებობს მეთქვზე-მოციქულების ბადე; არის მახვილი – ძალაუფლებისა და მკვლელობის სიმბოლო და ქრისტე ბრძანებს: `არა მივედ მოფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა~ (მათე 10, 34); არის ლომი-დემონი, `მბრდღვინავი, ვინმეს გადაყლაპვის მძებნელი~ და არის ლომი – მარკოზ მახარებლის სიმბოლო (და თავად ქრისტესი ლუისის `ნარნიის ქრონიკებში~); არის შავი ფერი წყვდიადის ძალებისა და არის შავი სამოსი მონოზვნობისა. სახელების სიმბოლიკაშიც კი, რომლის მოხმობაც ასე უყვართ მოშურნეებს: თითქოსდა, მაგიური ნუმეროლოგიით, ჰარი პოტერის სახელის რიცხვი – 11, `ოკულტური ციფრია~ _ იგივე ლომისა! გარდა ამისა, არის კიდევ სატანური ციფრი 13 და 13 გუმბათი ტაძრებზე (ქრისტე და 12 მოციქული).

აი, საიდან მოდის ჩვენში საიდენტიფიკაციო ნომრებისა და ისტერიული გამონათქვამების იდეოლოგია: გზაჯვარედინზე არ იაროთ; ნუ ჩაიცვამთ ფეხსაცმელს, რომლის ძირზეც ხაზები გადაჯვარედინებულია! ჩვენმა მეუფემ, მიტროპოლიტმა გერმანემ საეპარქიო სხდომაზე მოყვა ანეგდოტი ერთი მეტისმეტად ღვთისმოსავი ბერის შესახებ, რომელმაც თავისი შარვალი ჩაკერა, რადგან უკანა მხარეს ნაკერები ჯვარედინად იყო გავლებული და მას `ჯვრის შეურაცხყოფა~ არ სურდა! გადმობრუნებული ჯვარი ხომ საერთოდ საშინელებაა – შეიძლება გული წაგივიდეს! (მოსკოვის წმიდა ანდრიას მონასტრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის XV საუკუნის ტაძარში კი ჯვრის ზედა ნაწილი ქვედაზე უფრო გრძელია…

ნუ აიღებთ საგადასახადო ნომრებს, არ წაიკითხოთ წიგნები _ ხომ შეიძლება, მასში 666-ე გვერდი იყო! ზოგიერთ ბიბლიას უკვე ამ გვერდის გარეშე ბეჭდავენ…
სიმბოლოები შთააგონებს ისტერიულებს თავისთავად შიშს, როგორც შებილწულ არსებას, რომელსაც ჩვენთვის ზიანის მოყენება შეუძლია.
ორიოდე სიტყვით სახელების სიმბოლიკასაც შევეხოთ. თუ ბიბლიას ყურადღებით შევხედავთ, შესაძლოა, საინტერესო დაკვირვებები აღმოვაჩინოთ: არის იუდა ისკარიოტელი და არის იუდა იაკობისა; არის იუდა, ერთ-ერთი პატრიარქთაგანი, რომლის შთამომავალიც თავად ქრისტეა. არის ისო ნავესი, არის უფალი იესო ქრისტე და იყო კიდევ იესო, მღვდელმთავარი, რომელმაც თავისი ძმა მოკლა. რაზე მიგვანიშნებს ეს?

ბევრ რამეზე. იმაზე, რომ სიმბოლო, სახელი – ცარიელი ჭურჭელია, რომელიც იღებს ნებისმიერ შემადგენლობას, რასაც კი მასში ავტორი ჩაასხამს. მაგრამ! რაოდენ ადვილია, ამ ჭურჭლიდან გადმოასხა ავტორის მიერ ჩასხმული და ამ სიმბოლოს საკუთარი გაგეგბით აავსო ის! როგორც პოეტი ამბობს: `რა არის სილამაზე და რატომ აღმერთებენ მას ადამიანები? ის ცარიელი ჭურჭელია, ამ ჭურჭელში აკიაფებული ცეცხლია~ (ნ. ზაბოლოცკი, `ულამაზო გოგონა~).

ეს შესანიშნავად ესმოდათ IV საუკუნის დიდ მამებს, რომლებმაც ბრწყინვალე საღვთისმეტყველო განათლება მიიღეს წარმართულ სკოლებში და შემდეგ ეს ფილოსოფოსები და მათი კატეგორიული აპარატი აიძულეს, ეკლესიის სასარგებლოდ, ერესისა და იმავე წარმართობის წინააღმდეგ საბრძოლველად ემუშავათ.
თანამედროვე ფილოსოფოსებიც (დელიოზი, დერიდა) განმარტავენ, რომ ტექსტი თავისთავად არ არსებობს, ის არსებობს მხოლოდ ინტერპრეტაციაში, მკითხველთან ურთიერთობაში, თითოეული მკითხველი ტექსტში ხედავს იმ სიმბოლოებს, რომლის დანახვაც სურს. არსებობს ასეთი გამონათქვამი: `თვითმხილველივით იტყუება.~ დიახ, ზოგიერთს როულინგსა და ტოლკინში სურს სატანისტების დანახვა (ზოგს იმიტომ, რომ თავად სურს სატანიზმში თანამონაწილეობა, სხვებს, სატანიზმთან ჩვენი `მებრძოლების~ მსგავსად, ყველგან ელანდება მტრები, რომლებიც მოსდგომიან ციხე-სიმაგრეს, სახლწოდებით `მართლმადიდებლური პედაგოგიკა და აღზრდა~, რომლებიც კბილებს აღრჭიალებენ და ცდილობენ ჩვენი უმწიკვლო ბავშვების წართმევას და მათ ჩაგდებას `ცეცხლოვანი მთის~ ყელში; მაგრამ სხვები რატომღაც ცდილობენ, ამ ზღაპრებში სიკეთე დაინახონ. სურვილის შემთხვევაში ხომ შეგვიძლია, სახარებაც დავადანაშაულოთ ათასობით სექტის გაჩენაში, ჯვაროსნულ ლაშქრობებში, ინკვიზიციასა და სხვა მსგავსში. `წიგნი სარკეა. თუ მასში მაიმუნი ჩაიხედავს, მისგან მოციქულის სახე ვერ გამოიხედავს (ლიხტენბერგი, ფილოსოფიური აფორისტიკა, მოსკოვი, 1996, გვ. 508).

საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ჩვენ მიერ როულინგისა და ტოლკინის ზღაპრების წაკითხვა გაცილებით ბევრს მეტყველებს ჩვენს სულზე და არა ამ წიგნების გავლენაზე მართლმადიდებელ ბავშვებზე. აი, მართლმადიდებელი ფსიქოლოგები (ი. მედვედევა, ტ. შიშოვა, `ჰარი პოტერი~: სდექ! (მართლმადიდებლური გაზეთი უბრალო ადამიანებისთვის, ვლადიმირის ოლქის ქ. ალექსანდროვი, 2002 წ. #6 (36), ყრმა ჯადოქრის შესახებ წიგნის მხოლოდ გადაფურცვლითაც კი ამ ინგლისურ ზღაპარში სატანური ბოროტება დაინახეს. ღვთისმეტყველმა და ფილოსოფმა, დიაკონმა ანდრეი კურაევმა კი ამ ზღაპრებში ნათელი ნაპერწკლები დაინახა. მართლმადიდებელმა მღვდელმა კი ათრთოლებული გულით წაიკითხა ეს ზღაპრები პატარა ბიჭსა და მის მეგობრებზე, ორ ჯუჯა-ჰობიტზე, და შვებით ამოისუნთქებდა ხოლმე, როდესაც სიკეთე და სიყვარული წყვდიადის მეუფებას რაღაც გაუგებარი მანქანებით ამარცხებდა. ამ წიგნების წაკითხვისას მართლაც გამიჩნდა რეალური შეგრძნება ღვთის მყოფობისა და ნათლისა. ამ ზღაპრების მთელი `მაგია~ და `სისასტიკე~ მხიარული ბიჭუნას მოთხუპნული სახე და გატეხილი მუხლებია, რომელმაც ქუჩური `ბრძოლიდან~ შემოირბინა. ვის როგორ, მაგრამ მე ასეთი ბიჭუნები ბევრად უფრო მეტად მომწონს, ვიდრე გადაქლესილი, `გამოკვებილი და აღზრდილი~. ჩვენც გვიყვარს ბიჭუნა და გვესმის, რომ დაბეჟილობები თუ ნაჭდევები და დახეული პერანგი – აუცილებელი ატრიბუტია ბედნიერი ბიჭური ცხოვრებისა; მაშასადამე, `ბავშვობაში წასაკითხი წიგნები სწორად შეგირჩევია.~ მაგრამ თუ ბიჭუნას ნაცვლად მხოლოდ ტალახსა და დახეულ სამოსს ვხედავთ, და ყვირილით ვესხმით თავს `საქმის გასარჩევად~ დედიკოებსა და მამიკოებს (მაგალითად, როულინგი და ტოლკინი) იმ ხულიგნებისა, რომლებსაც დღეს ჩვენი უძვირფასესი მართლმადიდებელი ბიჭუნა ეჩხუბა, `მაშასადამე, ამ ცხოვრებისა ვერაფერი გაგიგია~ (ვ. ვისოცკი).

საერთოდაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: წაკითხულიდან ყველა იმას იგებს, რაც უკვე `გულისგულში დაუუნჯებია.~ შესაძლებელია, სახარების წაკითხვითაც გახდე ათეისტი და უგუნური, ლევ ტოლსტოის მსგავსად. მე, მაგალითად, ღმერთთან მისვლაში ძალზე დამეხმარა საბავშვო (პიონერულ-უღმერთო) წიგნები, ყრმობაში კი დიდი შფოტისთავები და მეამბოხეები: ნიცშე, კამიუ, სარტრი, კაფკა.

ეკლესიასა და ღმერთს განაშორებენ უმსგავსობა და სისულელე ისეთი წიგნებისა, როგორიცაა: `რა უნდა იცოდეს ყველა მართლმადიდებელმა ბიჭმა (ან გოგონამ)~, სადაც ასეულობით გვერდზე დედა და მამა `მეცნიერულად~, `სულიერად~ და `მართლმადიდებლურ-პედაგოგიურად~ უხსნიან შვილს, საიდან ჩნდებიან ბავშვები…

ღმერთს უყვარს გმირები და არა თავსაფრიანი უმსგავი უგუნურები. უფლისთვის ახლობელია ღმერთთან მებრძოლი იაკობი და სავლე-მდევნელი.
ნუ დავსჯით ზღაპარსა და მეზღაპრეს, ისინი დამნაშავენი როდი არიან იმაში, რომ ჩვენ მეტისმეტად გავიზარდეთ. ჩვენ გაკრიტიკებას მივეჩვიეთ და ვისწავლეთ და თანაგრძნობა და თანალმობა გადაგვავიწყდა. ასეც ხდება ხოლმე, მაგრამ ყველაფერს, ჩვენთვის გაუგებარს ნუ ვუწოდებთ `სატანიზმს~, მშრალსა და გამოფიტულს კი — `მართლმადიდებლურს.~ ძვირფასო პედაგოგებო, ჩვენი სტატიებიც ხომ სარკეა…

 

ავტორი — მღვდელი ალექსი პრუჟნიკოვი