ისრაელში ძველი ტაძრის გათხრებისას, რომლის ასაკი 2800 წელს აღემატება, უჩვეულო ქვა აღმოაჩინეს, რომელიც ფორმით უნიტაზს გვაგონებს. აღმოჩენამ შესაძლოა ბიბლიური მეფე ეზეკიას ამბავი დაადასტუროს, მიაჩნიათ ისრაელის სიძველეების მართვის (IAA) არქეოლოგებს, იტყობინება Вести ру.
ეზეკია იუდეის ერთ-ერთი გამოჩენილი მეფე იყო, რომელმაც ჩვ.წ.აღ.-მდე VIII საუკუნეში გატარებული რელიგიური რეფორმით გაითქვა სახელი. ეზეკიამ, ტახტზე აღსაყდრებისთანავე, წარმართული კერპების რწმენის და მასთან დაკავშირებული ატრიბუტიკის (ღვთაებების და ცხოველების გამომსახველი ობიექტები, რომლებსაც ადამიანები ეთაყვანებოდნენ) აღმოფხვრა ბრძანა.
ქვის უნიტაზი, რომელსაც ცენტრში ხვრელის მქონე ქვის სკამის ფორმა აქვს, აღმოაჩინეს ძველ ქალაქ თელ-ლახიშში მონუმენტური ჭიშკრის ერთ-ერთ ოთახში, იერუსალიმიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 40 კმ-ში. ჭიშკარი ერთგვარ ტაძარს წარმოადგენდა, ხოლო მასში ტუალეტის დამონტაჟება სიწმინდის წაბილწვის სიმბოლურ აქტს ემსახურებოდა, მიაჩნიათ მეცნიერებს.
ბიბლიაში გვხვდება აღწერა, თუ როგორ ბილწავდნენ საკულტო ადგილებს ტუალეტების დადგმით. ასე მოიქცა მეფე იუია, რომელიც წარმართულ ღვთაება ბაალის თაყვანისცემას შეეწინააღმდეგა. „გამოიტანეს სვეტები ბაალის სახლიდან და დაწვეს, გატეხეს ბაალის კერპი და დაანგრიეს ბაალის სახლი და საპირფარეშ მოაწყვეს, როგორც არის დღემდე“ (მე-4 მეფ. 10; 26-27).
ისრაელის სიძველეების მართვის სპეციალისტების მონაცემებით მოცემული აღმოჩენა ტუალეტების დადგმით საკულტო ადგილის წაბილწვის პირველ მტკიცებულებას წარმოადგენს.
თელ-ლახიშის ეროვნულ პარკში ჭიშკარ-ტაძარი რამოდენიმე ათწლეულის წინ აღმოაჩინეს, მაგრამ ამჟამინდელმა სამუშაოებმა მასიური კონსტრუქციის თითქმის ყველა საიდუმლოება გახსნა. ოთხი მეტრის სიმაღლის ჭიშკარი ექვს ოთახს იტევს — სამ-სამს მათ შორის გამავალი მთავარი ქუჩის თითო მხრიდან.
პირველ ოთახში მეცნიერებმა საიდაყვეების მქონე სკამები აღმოაჩინეს. „ბიბლიური თხრობის თანახმად ჭიშკარი იყო ადგილი, სადაც „ყველაფერი იყო“: ქალაქის უხუცესები, მოსამართლეები, მეფეები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, და ყველა მათგანი ამ სკამებზე ისხდა“ — საუბრობს საარ განორი, IAA-ს მიერ წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოების ხელმძღვანელი.
არქეოლოგებმა, აგრეთვე, აღმოაჩინეს ჭურჭელი, ხორბლის სახაპავები, ტერაკოტის ლამპრები და ქოთნების ბეჭდიანი სახელურები. ბეჭედი მეფე ეზეკიას სამეფო ემბლემას ატარებდა, რომელზეც ეზეკიას მეფობის დროინდელი მაღალჩინოსნის სახელი იყო ამოტვიფრული.
„ერთ-ერთ ოთახის კუთხეში აღმოჩენილმა გასასვლელმა წმიდათა წმიდამდე მიგვიყვანა და ჩვენდა სასიხალუროდ ორი საკურთხეველი აღმოვაჩინეთ“ — გვიამბობს განორი. თუმცა ჩვენთვის ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რომელ ღვთაებებს სცემდნენ თაყვანს ამ ტაძარში, გასაგებია, რომ კულტი განადგურდა, რადგან საკურთხეველი განგებ იყო დამსხვრეული. გარდა ამისა, აქ უნიტაზი დადგეს, რათა უკეთ გაესვათ ხაზი ამ ადგილას კერპთაყვანისმცემლობის შეუძლებლობაზე.
არქეოლოგების თქმით, ეს არის პირველი აღმოჩენა, რომელმაც ბიბლიური მტკიცება დაადასტურა, რომ საკულტო წარმართულ ადგილებში მათ წასაბილწად ტუალეტებს დგავდნენ.
სხვათაშორის, ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ტუალეტით არავინ სარგებლობდა. არქეოლოგების აზრით, უნიტაზის დადგმა სიმბოლური აქტი იყო.
დავამატებთ, რომ ჭიშკარი სანქერიბმა, ასურეთის მეფემ, ჩადგა ჩვ.წ.აღ.-მდე 701 წელს აღმართა. გათხრებისას აღმოაჩინეს, ასევე, ისრის პირები, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ ადგილთან ახლოს ბრძოლები იმართებოდა (1).
იერუსალიმი, 30 სექტემბერი 2016 წ.
მთარგმნელი: ლერი ხომასურიძე