იოანე კაზარიანი
(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)
ხატთაყვანისცემის პირველ აპოლოგიაში ჩვენ ვსაუბრობდით წმინდა გამოსახულებებისა და ჯვრის თაყვანისცემის ტრადიციაზე (1), რომელიც სავსებით მისაღები იყო ძველი ეკლესიისთვის. მეორე აპოლოგია დაეთმო ღვთის სახელისა და ღვთის ხატების სწორ გაგებას ლოგოსის განკაცებისა და მისი ქვეყნად მოვლინების კონტექსტში (2), საიდანაც გამომდინარეობს, რომ განკაცებული ღმერთი ადამიანური ბუნებისთვის ხელშესახები და ხილვადი ხდება. ამ მხრივ უნდა ითქვას, რომ ჩვენ სამყაროს სახელდების მეშვეობით შევიმეცნებთ და შემეცნება არის გარკვეული სახის შექმნა, ამა თუ იმ პროცესზე, ფენომენზე, მოვლენაზე წარმოდგენა. ჩვენ ხატების, ანარეკლების, ჩვენი კულტურის მიერ ყველგან განთავსებული სარკეების სამყაროში ვცხოვრობთ; ეს კაცობრიობისთვის სრულიად ბუნებირვი პროცესია. ლოგოსის განკაცებამ კაცობრიობას ღმერთის (გარკვეულ წილად) შემეცნების შესაძლებლობა მისცა; ადამიანი არა მხოლოდ ლოგოსის მიწიერი ცხოვრების მოწმეა, არამედ იგი ღვთისმხილველი გახდა — ეს უპრეცედენტო შესაძლებლობაა, რომელიც ასე სურდათ ძველი აღთქმის მართლებს (მათე. 13, 17).
ჩვენ ხშირად გვესმის და ვხედავთ, რომ როდესაც ნეოპროტესტანტები ხატების თაყვანისცემას აპროტესტებენ, თავის არგუმენტაციას ადრეული შუასაუკუნეების (VIII-IX ს.) ბიზანტიელი ხატმებრძოლების მაგალითებით ამყარებენ. მაგრამ ეს საკუთარი ხატმებრძოლური შეხედულებების აპოლოგეტიკის საკმაოდ მცდარი ილეთია. რატომ? რადგან ადრეული შუასაუკუნეების ხატმებრძოლები ნეოპროტესტანტებისგან განსხვავებით ღრმა დოგმატური ცნობიერების ადამიანები იყვნენ. ბიზანტიელი ხატმებრძოლების შეხედულებები, პირველ რიგში, ქრისტოლოგიურ ნიადაგზე იყო დაფუძნებული. პირველ აპოლოგიაში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ პირველი ტალღის მონოფიზიტები ხატებს თაყვანს არ სცემდნენ. ეს იყო კლასიკური მონოფიზიტობა, რომელიც ხატებს უარყოფდა თავისთვის სრულიად გასაგები ქრისტოლოგიური მიზეზებით. მონოფიზიტები ქრისტეს ერთი ბუნებით შეიმეცნებდნენ და ქალკედონის კრებას (451 წ.) ეწინააღმდეგებოდნენ, რომელმაც ქრისტეს ორი ბუნებით შემეცნების დოგმატი და შესაბამისად, სამომავლოდ, (ეკლესიის მიერ) ხატების თაყვანისცემაც დაადგინა, რის გამოც მონოფიზიტები როგორც ქალკედონის დოგმატის, ისე ხატთაყვანისცემის დოგმატის ოპოზიციაში აღმოჩნდნენ. VII მსოფლიო კრების დოგმატის (787 წ.) განსაზღვრება ლოგოსის განკაცებასა და მის სამყაროში მოვლინებას ეფუძნება. იმპერიას დიდი ძალისხმევა დასჭირდა მონოფიზიტობის დასაძლევად მისი წარმოქმნიდან ორასი წლის შემდეგ (VI მსოფლიო კრება, 681 წ.). მაგრამ მონოფიზიტობის იდეოლოგია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ეკლესიისა და სახელმწიფოს მრავალ წარმომადგენელში, განსაკუთრებით, აღმოსავლური წარმომავლობის ბიზანტიელებში (სირიელები, სომხები, ისავრიელები, რომელთა შორის მონოფიზიტობა ყველაზე მეტად იყო გავრცელებული; მაგრამ იმავე დროს ბიზანტიაში მართლმადიდებელი სირიელების და სომხების რაოდენობა არანაკლები იყო). თუმცა ვერავინ ბედავდა უშუალოდ ქალკედონის კრების დოგმატის საკითხის წამოწევას, რადგან ბიზანტიაში ამ დოგმატს უმეტესობა ემხრობოდა. ქალკედონიტობა, შეიძლება ითქვას, სახელმწიფო პოლიტიკას წარმოადგენდა, განსაკუთრებით, იმპერიის საგარეო პოლიტიკაში. მაგრამ ხატებთან დაკავშირებით სხვაგვარი ვითარება იყო. ზოგიერთი მართლმადიდებელი ხატთაყვანისმცემლის წეს–ჩვეულებრივმა უკიდურესობებმა ხატმებრძოლობის მოძრაობის ტალღას საბაბი მისცა, განსაკუთრებით, ბიზანტიური საზოგადოების იმ ფენებში, სადაც აღმოსავლური წარმოშობის პირები ჭარბობდნენ. ხატმებრძოლური მოძრაობის ისტორიას ორი გენერაცია გააჩნია: 1) იმპერატორ ლეო ისავრიელის დროს (717-741 წწ.), 2) იმპერატორ ლეო სომეხის დროს (813-820 წწ.), რომელიც აღადგინა ხატმებრძოლური პოლიტიკა. ყველაფერი იმპერატორ ლეო ისავრიელით დაიწყო, მაგრამ წერტილი, დოგმატური თვალსაზრისით, მისმა ვაჟმა — კონსტანტინე კოპრონიმოსმა დასვა (718-775 წწ.), რომელმაც 754 წელს კონსტანტინოპოლში ადგილობრივი კრება მოიწვია. კონსტანტინე კრების კამერტონი იყო და მისი მონოფიზიტური შეხედულებები კარგად ჩანდა მისი საღვთისმეტყველო ნაწარმოებიდან „კითხვები“. მოცემულ ნაწარმოებში იმპერატორი ცალსახად აცხადებს, რომ ქრისტე ორი ბუნებისგან (εκ) შედგება, მაგრამ ის არ არის ორ ბუნებაში (εν) (რაც ქალკედონური დოგმატის ქვაკუთხედია). კონსტანტინე ფორმალურად ქალკედონის დოგმატს ემხრობოდა, მაგრამ ამავე დროს ამბობდა, რომ ორი ბუნების შეერთების შემდეგ ქრისტეში „განუყოფელი რეალობა“ გაჩნდა და ამიტომ ის, ვინც მხოლოდ ხორცის ხატს ქმნის, ხატს საკუთარ სახეს ანიჭებს, რასაც ღვთაებაში „ოთხების“ წარმოქმნისკენ მივყავართ. „რადგანაც აღუწერელია ლოგოსი, მისი ხორციც აღუწერელია“, ხორცის გამოსახვისას მასთან ლოგოსიც „თანაგამოისახება“. ანუ, იმპერატორს უნდოდა ეთქვა, რომ ლოგოსის გამოსახვისას, ხატმწერი „უბრალო ადამიანის სახეს“ გამოსახავს, ანუ ქრისტეს „მხოლოდ ქმნილებად“ აქცევს (3). ამგვარად, სახეზეა კონსტანტინე კოპრონიმოსის, 754 წლის კრების ორგანიზატორის, მონოფიზიტური გამოვლინება.
ხატის გარშემო აღნიშნული დავა ქრისტიანული ღვთივშემეცნების სიღრმეებს ეხებოდა, ეს დავა ეხებოდა საკითხს, თუ როგორ შეერთდა ლოგოსში ადამიანური და საღვთო ბუნებები. ნიკეაში გამართულმა 787 წლის კრებამ აჩვენა, რომ ხატმებრძოლების არგუმენტაციას ქრისტეზე ცრუ წარმოდგენამდე (ლოგოსის განკაცების რეალობა და სინამდვილე კნინდებოდა), მწვალებლობამდე, მივყავართ. უნდა აღინიშნოს, რომ სანამ ხატების თაყვანისცემის საკითხი არ იყო მჭიდროდ დაკავშირებული ლოგოსის განკაცების საკითხთან, ეკლესია ხატებისადმი სხვადასხვა დამოკიდებულებას უშვებდა. აუცილებელია გვახსოვდეს და ვითვალისწინებდეთ აღნიშნულ საეკლესიო-ისტორიულ რეალობას. ეკლესია არ კრძალავდა ქადაგებასა და ლოცვაში ხატის გამოყენებას მათთვის, ვინც ამაში სულიერ სარგებელს პოულობდა და არ აძალებდა ხატების გამოყენებას იმ ქრისტიანებს, რომელნიც შიშობდნენ, რომ ხალხში წარმართული შეხედულებები ჯერ საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ წმინდა ამბების მხატვრული გადმოცემა მიეღოთ.
თუმცა, დღეს ნეოპროტესტანტები ქრისტოლოგიური კუთხით ბევრად ახლოს არიან მართლმადიდებლობასთან — ისინი ქრისტეში ადამიანურ ბუნებას აღიარებენ, მაშინ როდესაც მონოფიზიტები მას – უარყოფენ. ამიტომ ჩვენი და ნეოპროტესტანტების დავა ხატების შესახებ უფრო მსუბუქია (ვიდრე ადრე შუასუკუნეების ხატმებრძოლებთან დავა, რომლებიც პრობლემას მწვალებლური ქრისტოლოგიის შემოღებით ამწვავებდნენ, რადგან ლოგოსის განკაცების არსს ეხებოდნენ) — ეს არის დავა წერილის ამა თუ იმ ტექსტების (ამგვარი დავა ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში გარდაუვალია) და საეკლესიო წესების გაგების შესახებ. ეკლესია ამის გამო არ გადასცემს ანათემას წმ. ეპიფანე კვიპრელს, რომელიც IV საუკუნეში, VII მსოფლიო კრებამდე (787 წ.) ოთხი საუკუნით ადრე უარყოფდა ხატთაყვანისცემას, რადგან ეკლესიას ესმოდა, რომ ეს წმ. ეპიფანეს კერძო პოზიცია იყო იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც იმ პერიოდში კეტილმსახურების სახედ აღიქმებოდა (ფუნდამენტალურ ღვთისმეტყველებაში წმ. ეპიფანე მართლმადიდებელი იყო). წმ. ეპიფანეს პროტესტს არ ჰქონდა დოგმატური საფუძველი, ის არ ეხებოდა ქრისტოლოგიას. ამიტომ ჩვენ ნეოპროტესტანტებთან გვაქვს დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ ხატთაყვანისცემის საკითხში ურთიერთგაგებას მივაღწიოთ. მთავარია, რომ ხატების კრიტიკას ნეოპროტესტანტი თავის შეხედულებებს არა ზოგიერთი უმეცარი მართლმადიდებლის უკიდურესობებზე დაკვირვებაზე აფუძნებდეს, არამედ ხატთაყვანისცემის ისტორია ყურადღებით შეისწავლოს (რასაც ობიექტურობა მოითხოვს ხატთაყვანისცემის, ან ნებისმიერი სხვა სწავლების, კრიტიკოსისგან) და თავისი მტკიცებები ადეკვატურად ჩამოყალიბებულ არგუმენტებზე დააფუძნოს; არ შეეხოს ადრეული შუა საუკუნეების ხატმებრძოლების შეხედულებებსა და არგუმენტებს, რომლებთანაც ნეოპროტესტანტებს, ქრისტოლოგიური კუთხით, შეხების წერტილები (უმეტეს წილად) – არ გააჩნიათ. ჩვენ ნეოპროტესტანებთან გვყოფს არა ხატების, არამედ ევქარისტიის, ეკლესიის გაგების საკითხები, რადგან აღნიშნული საკითხების სწორად გაგებისა და ამ მთავარში (უპირველესყოვლისა) ერთიანობისკენ სწრაფვის მეშვეობით ჩვენ საშუალება გვექნება ქრისტეს ერთ-ერთ მთავარ სურვილსა და ცნებას მივაღწიოთ: „რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე — შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი“ (იოანე, 17, 21-22).
- იხ. ჩვენი სტატია http://www.faith.ge/?p=1315
- იხ. ჩვენი სტატია http://www.faith.ge/?p=1355
- აღნიშნული თაობაზე კარგად წერს ა. ი. სიდოროვი. ევსები კესარიელის წერილი კონსტანციისადმი (ხატმებრძოლობის იდეური წყაროების საკითხისათვის)//ბიზანტიური თანამედროვე. 1991. ტ. 51. გვ. 63-65 (რუს. ენ.).